უმბერტო ეკო - დუჩეს თვალები

არცთუ დიდი ხნის წინ, კიდევ ერთი დაბადების დღე ვიზეიმე. მოსალოცად მოსულ ახლობლებთან ერთად გავიხსენე ჩემი ამქვეყნად მოვლინების დღე. მიუხედავად არაჩვეულებრივი მეხსიერებისა, საკუთარი ცხოვრების ეს ღირსშესანიშნავი მომენტი, რაღა თქმა უნდა, არ მახსოვს და მისი აღდგენა მხოლოდ მშობლების მონათხრობით შემიძლია.

როგორც ირკვევა, ექიმმა, მას შემდეგ, რაც დედის წიაღიდან თავის დაღწევაში დამეხმარა და ყველა საჭირო სამედიცნო პროცედურაც ჩაატარა, მშობელს მიმგვარა, რათა მას თავისი თვალით ეხილა ამდენი ტანჯვის შედეგი. მიმგვარა და უთხრა: "შეხედეთ, როგორი თვალები აქვს, თქვენი ახალშობილი ძალიან ჰგავს დუჩეს". ჩემი მშობლები არც ფაშისტები იყვნენ და არც ანტიფაშისტები, ისევე, როგორც წვრილბურჟუაზიული ფენის იტალიელთა უმრავლესობა. მათთვის დიქტატურა მეტეოროლოგიური მოვლენასავით იყო: თუ წვიმს, ქოლგა თან უნდა იქონიო. მაგრამ როდესაც ჩემმა დედ-მამამ მოისმინა, რომ მათ პირმშოს დუჩეს თვალები გამოჰყვა, თქმა არ უნდა, ძალიან ესიამოვნათ.

წლებთან ერთად, სულ უფრო სკეპტიკოსი გავხდი და დღეს იმ აზრისკენ ვიხრები, რომ ის კეთილი გინეკოლოგი ამ ფრაზას ყველა ახალგაზრდა წყვილს ეუბნებოდა. საკუთარ თავს სარკეში რომ ვათვალიერებ, დათვ გრიზლისთან მეტ მსგავსებას ვპოულობ, ვიდრე დუჩესთან, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, მშობლები ბედნიერები იყვნენ, დუჩესთან ჩემი მსგავსება რომ შეიტყვეს.

თავს ვეკითხები, რას ეტყოდა ის ფარისეველი ექიმი დღევანდელ ახალგაზრდებს, იმას, რომ ბავშვი ბერლუსკონის ჩამოჰგავს? ასეთ შემთხვევაში, დედა უთუოდ დეპრესიაში ჩავარდებოდა. ჩემი ვარაუდით, არცერთ თანამედროვე გულისხმიერი ექიმი არ მოჰყვება იტალიის ცნობილი პოლიტიკური ფიგურების გახსენებას და არ ეტყვის ახალშობილის მშობლებს, რომ მათი ჩვილი ფასინოსავით ფერხორციანი ან სკიფანივით სიმპათიურია, ლარუსასავით ლამაზია, ან ბოსივით ჭკვიანური გამოხედვა აქვს, ან - პროდივით ქორფაა.

საღად მოაზროვნე ნებისმიერი გინეკოლოგი, ჩვენი ეპოქის ახალშობილს უთუოდ რომელიმე სატელევიზიო პერსონაჟს შეადარებდა და იტყოდა, რომ ჩვილს ჟურნალისტ ბრუნო ვესპის გამჭოლი მზერა ან პოპულარული ტელეწამყვანის - პაოლო ბონისის ღრმა აზროვანი გამოხედვა აქვს, ღიმილი მსახიობ კრისტინა დე სიკას მიუგავს. დიახ, სწორედ ასე ეტყოდა, დედისთვის რომ ესიამოვნებინა და არავითარ შემთხვევაში არ მოჰყვებოდა მტკიცებას, რომ მისი შვილი ბიოდივით ლამაზი, ფანტოცივით კეთილაღნაგი ან, გოგონას დაბადების შემთხვევაში, კონსოლატასავით სექსუალურია.

ყოველი ეპოქა თავის მითებს აჩენს. მე რომ დავიბადე, იმ წლებში მითოლოგიური პერსონაჟები სახელმწიფოს მაღალჩინოსნები, პოლიტიკოსები იყვნენ, დღევანდელი მითოსის გმირები კი ე.წ. ტელესახეები არიან.

მემარცხენეთა საყოველთაოდ ცნობილი კულტურული ჩამორჩენილობის გათვალისწინებით, ბერლუსკონის მტკიცება იმის შესახებ, რომ დღეს გაზეთებს აღარავინ კითხულობს და მხოლოდ ტელევიზორს უყურებენ, მისი გამომწვევად სულელური გამოხდომების კიდევ ერთ გამოვლინებად იქნა აღქმული. მაგრამ სინამდვილეში ასე როდია. ბერლუსკონის სიტყვები ქედმაღლობას უფრო ადასტურებენენ, ვიდრე სიბრიყვეს. იტალიის ყველა გაზეთის ტირაჟი რომ შევკრიბოთ, ტელემაყურებელთა რაოდენობასთან შედარებით, მართლაც სასაცილო ციფრს მივიღებთ. ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იტალიის დღევანდელი მთავრობის კრიტიკით იტალიური პრესის მხოლოდ ერთი ნაწილი გამოდის, ხოლო ყველა ტელევიზია - რაი თუ მედიასეტი - ხელისუფლების აზრს ახმოვანებენ, არანაირი ეჭვი აღარ დაგვრჩება, რომ ბერლუსკონი მართალია: პრობლემა მხოლოდ ტელევიზიების კონტროლია, გაზეთებს კი შეუძლიათ, რაც უნდათ, ის ილაპარაკონ.

ასეთია ფაქტები, იმის მიუხედავად, ჩვენ მოგვწონს თუ არა. (კატა მოგიკვდა? ესეიგი, მკვდარაია, მოგწონს შენ ეს ამბავი თუ არა).

ყველა ეს წინაპირობა იმისთვის დამჭირდა, დასკვნა რომ გამომეტანა: თუკი ჩვენს დროში მაინც შეიძლება დიქტატურა აღმოცენდეს, ის პოლიტიკური კი არა, ინფორმაციული დიქტატურა იქნება. აგერ უკვე ორმოცდაათ წელზე მეტია, მხოლოდ ის გვესმის, რომ თანამედროვე სამყაროში - რამდენიმე განვითარებადი ქვეყნის გამოკლებით – სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად, აუცილებელი არაა ტანკების გამოყენება, საკმარისია, ხელში ჩაიგდო რადიო-ტელევიზია. ერთი უკანასკნელთაგანი, ვინც ამის შესახებ არაფერი იცის, ბუშია, რომელიც განვითარებადი ქვეყნის მეთაურის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც შეცდომით მაღალგანვითარებული სახელმწიფოს პრეზიდენტი გახდა. ამგვარად, თეორემა ინფორმაციული დიქტატურას შესახებ, დამტკიცებულია.

ამიტომ შეცდომაა მტკიცება, რომ "ბერლუსკონის რეჟიმზე ლაპარაკი არ შეიძლება: თითქოს სიტყვა "რეჟიმი", ფაშისტურ ეპოქას გვახსენებს, ქვეყანაში დღევანდელი სიტუაცია კი მაშინდელისგან, მუსოლინის ოცწლიანი მმართველობის ხანისგან, განსხვავდება. რეჟიმი მმართველობის ისეთი ფორმაა, რომელიც სულაც არ არის აუცილებელი ფაშისტური იყოს. ფაშიზმის დროს ბავშვებს (უფროსებსაც) აიძულებდნენ სამხედრო ფორმა ეტარებინათ, ფაშიზმის ეპოქაში არ არსებობდა პრესის თავისუფლება, დისიდენტებს კი საკონცენტრაციო ბანაკებში აგზავნიდნენ. ბერლუსკონის ინფორმაციული რეჟიმი არც ამდენად უხეში და ძველმოდურია. მას შესანიშნავად ესმის, რომ კონსესუსი მასობრივი ინფორმაციის ყველაზე უფრო პოპულარული საშუალებების კონტროლით მიიღწევა. დანარჩენი კი - არაფერი მოხდება, ნება დართო გაზეტებს არ გეთანხმებოდნენ (იქამდე, სანამ მათი ყიდვა შეუძლებელი იქნება) რატომ უნდა დაუწყო დევნა ისეთ ცნობილ ჟურნალისტს, როგორიც ბიჯია? იმიტომ ხომ არა, რომ გმირად გადააქციო? საკმარისია არ დაუშვა ტელევიზიით მისი გამოსვლა.

განსხვავება ფაშისტურსა და საინფორმაციო რეჟიმებს შორის, მხოლოდ იმით გამოიხატება, რომ ფაშიზმის დროს ადამიანებმა იცოდნენ: არც რადიო, არც გაზეთები არაფეს გადმოსცემდნენ, მთავრობის დადგენილებების გარდა, ლონდონის რადიოს მოსმენა კი აკრძალული იყო, ამისთვის შეიძლებოდა თავი ციხეში ამოგეყო. სწორედ ამიტომ, ფაშიზმის ეპოქაში ხალხი არ ენდობოდა არც გაზეთებს და არც რადიოს, საიდუმლოდ უსმენდნენ ლონდონის რადიოს და იჯერებდნენ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც მათთან ჩურჩულით, ჭორის სახით აღწევდა.

საინფორმაციო რეჟიმის დროს, როდესაც ოპოზიციურ პრესაზე ხელი მოსახლეობის დაახლოებით ათ პროცენტს მიუწვდება, დანარჩენი ნაწილი ინფორმაციას ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელევიზიისგან იღებს, ერთი მხრივ, ვრცელდება რწმენა, რომ კამათი დაშვებულია (ხელისუფლების მოწინააღმდეგე გაზეთები იბეჭდება, ამის დასტურია ბერლუსკონის ჩივილი ასეთ პუბლიკაციებზე, ასე, რომ თავისუფლება არსებობს), მეორე მხრივ, არსებობს სატელევიზიო სიახლეების რეალური ეფექტი ( თუ საინფორმაციო გამოშვებიდან შევიტყობთ, რომ რომელიღაც თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა, ეს უთუოდ სიმართლეა, ისევე, როგორც სიმართლედ გვეჩვენება წყლის ზედაპირზე მცურავი დაღუპულთა სანდლები.

აზრად არ მოგვდის, რომ ეს ფეხსაცმელი შეიძლება, სხვა, უფრო ადრინდელი კატასტროფის მსხვერპლთ ეკუთვნოდეთ და ძველი სიუჟეტის კადრები ტელევიზიამ, ტექსტან შესაბამისად, თვალსაჩინო მასალადგამოიყენა). ყველა ახალი ამბავი ჩვენამდე ტელევიზიით მოდის, ადამიანებსაც მხოლოდ ის სჯერათ, რასაც ტელევიზორში ნახულობენ.

არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებულმა ტელევიზიამ ცენზურა შემოიღოს. რასაკვირველია, ხელისუფლების ერთგული მსახურნი ვერ უძლებენ ცენზურის ამოქმედების ცდუნებას, ასე მოხდა სულ ცოტა ხნის წინათ, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ სატელევიზიო პროგრამაში მთავრობის მეთაურის ღიად ლანძღვა სრულიად შეუძლებელია (ასეტთბსავიწყდებათ, რომ დემოკრატიული რეჟიმის პირობებში დაშვებული და აუცილებელიცაა ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლის კრიტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მმართველობის დიქტატორულ ფორმას მივიღებთ). მაგრამ აქ ლაპარაკია ყველაზე უფრო შესამჩნევ შემთხვევებთან, რომლებისთვისაც სასაცილო შეიძლება გვეწოდებინა, სატირალი რომ არ ყოფილიყო. პრობლემა ისაა, რომ შესაძლებელია ისეთი პოზიტიური საინფორმაიო რეჟიმის შექმნა, როცა მოგვეჩვენება, თითქოს ყვლაფრის ლაპარაკი დაშვებულია.

ამისათვის საკმარისია იმის ცოდნა, როგორ მივაწოდოთ ინფორმაცია. არცერთი ტელეარხი არ საუბრობს იმაზე, რას ფიქრობს ოპოზიციის ლიდერი ფასინო ამა თუ იმ კანონის შესახებ, რადგან მაყურებელი იფიქრებდა, რომ მისგან რაღაცას მალავენ, რადგან ოპოზიცია სადღაც უნდა იყოს. პირიქით, საინფორმაციო რეჟიმის პირობებში ტელევიზია იყენებს რიტორიკულ ფიგურებს, რომელსაც "დათმობა" ეწოდება. მოვიტანთ მაგალითს. არსებობს დაახლოებით ორმოცდაათი დადებითი და ორმოცდაათი უარყოფითი არგუმენტი საიმისოდ, უნდა შევიძინოთ თუ არა ძაღლი. დადებითი არგუმენტები შეიძლება ასე შევაჯამოთ: ძაღლი ადამიანის მეგობარია, მან შეიძლება დააფრთხოს ქურდები, ძაღლები ძალიან უყვართ ბავშვებს და ა.შ.

საწინაღმდეგო არგუმენტები ასე გამოიყურება: ყოველდღიურად აუცილებელია ძაღლის სეირნობა, ცხოველის კვება და ვეტერინართან მის ტარება დიდ ხარჯებს ითხოვს, ცხოველი პრობლემებს გვიქმნის სამოგზაურად ან დასასვენებლად წასვლის დროს. და ა.შ. დავუშვათ, რომ ჩვენ გვინდა აზრი გამოვთქვათ ძაღლის შეძენის სასარგებლოდ, დათმობების ხერხი ასეთი იქნება: ძაღლები მართლაც ითხოვენ ფინანსურ დანახარჯს, იქცევიან ზედმეტ ტვირთად და ართულებენ სამოგზაუროდ წასვლას (აქ ჩვენ, საკუთარი პირდაპირობით, მოწინააღმდეგეთა სიმპათიას დავიმსახურებთ), მაგრამ არც იმის დავიწყება ღირს, რომ ისინი ყოველთვის შესანიშნავ კომპანიას გაგიწევენ, მათზე გიჟდებიან ბავშვები, ძაღლები აშინებენ ქურდებს და ა.შ. ეს ძაღლის შეძენის სასარგებლოდ ძალიან დამაჯერებელი დასტური იქნებოდა. ადამიანის ოთხფეხა მეგობრის საწინააღმდეგო გამოსვლაში, თქვენ შეგეძლოთ გეღიარებინათ, რომ ძაღლები მართლაც კარგი კომპანიონები არიან, ბავშვები მათზე გიჟდებიან, შეუძლიათ ხელი შეუშალონ ქურდებს და აქვე, დაგემატებინათ საწინააღმდეგო არგუმენტები: და მაინც, ისინი ზედმეტი ტვირთია, მოითხოვენ დამატებით დანახარჯებს და პრობლემებს გვიქმნიან სადმე გამგზავრების დროს. ეს უკვე საიმისოდს იქნება დამაჯერებელი არგუმენტი, რომ ძაღლია არ შევიძინოთ.

სწორედ ასე მოქმედებს ტელევიზია. რომელიმე კანონის განხილვისას, თავდაპირველად ცხადდება რაში მდგომარეობს ეს კანონი, შემდეგ სიტყვა ეძლევა ოპოზიციას, რათა გამოთქვას თავისი ყველა საწინაარმდეგო არგუმენტი. მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდებიან მთავრობის მომხრეები დადებით არგუმენტებით. განხილვის შედეგი თავისთავად იგულისხმება: ყოველთვის ისაა მართალი, ვისაც საბოლოო სიტყვა ეკუთვნის. თუ ყურადღებით ადევნებთ თვალს სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვებებს, დარწმუნდებით, რომ ამა თუ იმ საკითხის განხილვის დროს, მთავრობის მომხრეები არასოდეს გამოდიან პირველები, ყოველთვის პირიქით ხდება, ბოლო სიტყვა მათ რჩებათ.

საინფორმაციო რეჟიმში არ არსებობს ოპოზიციონერთა ციხეში ჩაყრის აუცილებლობა. საკმარისია, აიძულო ისინი გაჩუმდნენ, ამასთან არა ცენზურის მეშვეობით, არამედ იმ უბრალო ხერხით, რომ ყოველთვის პირველად მისცე აზრის გამოთქმის საშუალება და არასოდეს აცალო უპასუხონ მთავრობის მომხრეთა გამოთქმულ აზრს.

მაშ, როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, როდესაც საინფორმაცო რეჟიმის პირობებში ვცხოვრობთ, კარგად გვესმის, - რაიმეს გაკეთება რომ შევძლოთ, საჭიროა ხელი მიგიწვდებოდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, ისინი კი, მოცემულ შემთხვევაში, კონტროლდება.

იქამდე, სანამ ოპოზიცია, იტალიაში, ვერ შეძლებს იპოვოს ამ პრობლემის გადაჭრის გზა და განაგრძობს შიდაწინააღმდეგობებში ხლართვას, ბერლუსკონი გამარჯვებული იქნება, იმისდა მიუხედავად, მოგვწონს ჩვენ ეს ამბავი თუ არა.