მიშელ უელბეკი - ელემენტარული ნაწილაკები

სიხარული ღრმა და ყოვლისმომცველი განცდაა, ცნობიერებით განცდილი აღმაფრთოვანებელი სისავსის შეგრძნებაა... სიმთვრალე, მონუსხვა ან კიდევ, ექსტაზია.

ადამიანის ცხოვრება შეგიძლია გრძლად მოყვე ან ორი სიტყვაში ჩაატიო, ნება შენია! მეტაფიზიკური, ანუ ტრაგიკული არჩევანი, რომელიც, საბოლოო ჯამში, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებით შემოიფარგლება, ბუნებრივია, სიმარტივისა და უკიდურესი სიმოკლის გამო სხვებზე მეტად ფასობს.

ხანმოკლეა ბავშვობის მარადისობა, ის კი ბაიბურშიც არ არის.

წმინდა ზნეობა ერთადერთი და საყოველთაოა. დროის დინებას მასზე ხელი არ მიუწვდება, ვერც ვერას აკლებს და ვერც ვერას მატებს. ის არავითარ ისტორიულ, ეკონომიკურ, სოციოლოგიურ თუ კულტურულ ფაქტორს არ ემორჩილება; ის არაფერზე არ არის დამოკიდებული; არაფრით განსაზღვრული, თვით არის განმსაზღვრელი ყოვლისა; სრულიად უპირობო, თვით არის ყოველ პირობითობათა დამდგენი. სხვა სიტყვებით, ის აბსოლუტურია.

სისასტიკე გადამდებია.

სიყმაწვილეში ფეხის შედგმა და სისასტიკისა და სიმხეცის ამოფრქვევა ერთია.

წესის მიხედვით, ცხოველთა ერთობა მორჩილების გარკვეულ სისტემას ემყარება, რომელსაც მის წევრთა განსხვავებული სიძლიერე განაპირობებს. ამ სისტემას მკაცრი იერარქია განაპირობებს: ხროვის ყველაზე ღონიერ მამრს ”მხეცი ალფა” ეწოდება; მას ღონით მეორე ”მხეცი ბეტა” მოყვება და ასე გრძელდება, სულ ბოლო, იერარქიაში ყველაზე უძლურ ”მხეც ომეგამდე”. იერარქიაში რიგითობას ბრძოლის რიტუალი ადგენს; დაბალი ხარისხის ცხოველები, საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათზე ძლიერ ცხოველებს ბრძოლაში იწვევენ, რადგან იციან, გამარჯვების შემთხვევაში, დამარცხებულის ადგილს დაისაკუთრებენ. ერთი საფეხურით აღმასვლას გარკვეული პრივილეგიები ახლავს : პირველობა ჭამაში და ხროვის მდედრების დაუფლებაში. მაგრამ ყველაზე სუსტ ცხოველს შეუძლია ბრძოლას თავი აარიდოს და საკუთარი ქცევით ძლიერს მორჩილება გამოუცხადოს (იჩოქებს და გავას მეტოქეს უშვერს).

სილამაზე, რომელიც გაცილებით მეტია, ვინემ ესოდენ ნაჩვევი და თავისთავად მომხიბვლელი ყმაწვილური სინორჩე, ზებუნებრივ ეფექტს იწვევს და უცილობელი ტრაგიკული ბედის მომასწავებელია. ქალიშვილების არაჩვეულებრივი სილამაზის ერთი მთავარი უბედურება სწორედ ეს გახლავთ: მხოლოდ მრავლისმომსწრე, ნამუსგარეცხილი და თავხედი მუსუსი თუ შებედავს სიტყვას ლამაზმანს.

როდესაც რაღაც მიზნისკენ ისწრაფვი, მოგონებებისთვის ცოტა დრო გრჩება.

წარსულს რომ გადახედავ, იქნებ ცდები, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, თითქოს ყველაფერი წინდაწინვე იყო განსაზღვრული.

”ისინი, ვინც რევოლუციურ ეპოქებში, ესოდენ საოცარი ამპარტავნობით იჩემებენ თანამედროვე ანარქიული ვნებების გაღვივების იაფასიან დამსახურებას, ვერც კი ამჩნევენ, რომ ამ სავალალო და მოჩვენებით წარმატებას საზოგადოებრივი მოვლენების მიერ სტიქიურად გამოწვეულ განწყობას უნდა უმადლოდნენ” - ოგიუსტ კონტი.

როგორ ვერ იაზრა, რომ ყველაფერი ამერიკული, რამდენიმე წელიწადში ევროპასაც აუცილებლად გადმოწვდებოდა. ამას ვინ სულელი უარყოფს?!

ინდივიდუალური არსებობა და მისგან გამომდინარე თავისუფლების განცდა დემოკრატიის ქვაკუთხედია. დემოკრატიულ საზოგადოებაში, პიროვნებათა შორის ურთიერთობების მოწესრიგება კონტრაქტის კლასიკური ფორმით ხდება. ნებისმიერი კონტრაქტი, რომელიც ერთ-ერთი ხელმომწერის უფლებებს ლახავს, ან არ შეიცავს დამატებით მუხლებს კონტრაქტის შესაძლო დარღვევების პირობებზე, ძალადაკარგულად ითვლება.

”ჩადენილი საქმეები არ ანებებენ თავიანთი ღმერთისკენ მიქცევას, რადგან ბოზობის სულია მათ წიაღში და უფალს ვერ ცნობენ”- წიგნი ოსიასი, 5,4

თანამედროვე, თუნდაც სრულიად ჯანმრთელ ევროპელს, სიკვდილის აზრი მუდამ თან სდევს, ხოლო როდესაც მომავლის გეგმებთან და სურვილებთან განშორების დრო დგება, შიში მთელ ტვინს იმონებს. ასაკის მატებასთან ერთად, ეს კულისებიდან მომდინარე ხმა სულ უფრო მკაფიო ხდება და თანდათანობით მთელ არსებას ავსებს. მოგუდულ ბუბუნს ჰგავს, რომელსაც, შიგადაშიგ, ხრჭიალი ერთვის. იყო დრო, როდესაც ეს ხმა ადამიანებს ზეციურ საუფლოს შეახსენებდა, დღეს კი, დასასრულის მომასწავებელია. აი, ასე...

ნებისმიერი დამრეცი ზედაპირიდან წყალი ქვემოთ იღვრება. ადამიანის ქცევა და თითოეული ქმედება წინასწარ განსაზღვრულია; მას არც ისე ბევრი არჩევანი ეძლევა და მაშინაც კი, როდესაც ამის შესაძლებლობა მიეცემა, ყველანაერად ცდილობს, ნაჩვევ გზას არ გადაუხვიოს.

საყოველთაო ბარბაროსობის პირობებში ადამიანებს ზოგჯერ (იშვიათად) ძალუძთ, შექმნან სიყვარულით გამთბარი და გასხივოსნებული პატარა ნაკრძალი, შემოზღუდული არე, სადაც ურთიერთგაგება და სიყვარული იბატონებს.

სექსუალური სწრაფვა, უპირველეს ყოვლისა, ნორჩ სხეულს აღაგზნებს და ის, რომ ცდუნებათა სივრცეს სულ მეტი და მეტი ქორფა გოგონები ავსებენ, ჩვეულებრივ მოვლენად, ან, თუ გნებავთ, ნორმასთან დაბრუნებად უნდა მივიჩნიოთ, მსგავსად იმისა, როდესაც მოულოდნელი საბირჟო ციებ-ცხელების დაცემას ფასების ძველ დონეზე დაშვება მოყვება.

სამყარო, რომელიც მხოლოდ სიყმაწვილეს მიაგებს პატივს, ადამიანებს თანდათანობით ნთქავს.

სიტყვა ადამიანებს აახლოებს, თუმცა დაშორებაც ძალუძს.


სექსუალურ თავისუფლებას, რომელიც, სინამდვილეში სხვა არაფერი იყო, თუ არა ინდივიდუალიზმის ისტორიული განვითარების ახალი საფეხური, ვიღაც-ვიღაცეები კოლექტიურ ოცნებად სახავდნენ. როგორც თვით ცნება ”ერთობლივი მეურნეობა” მიანიშნებს, ცოლქმრული წყვილი და ოჯახი, ლიბერალურ საზოგადოებას პირველყოფილი კომუნიზმის კუნძულად შემორჩა. სექსუალურმა თავისუფლებამ ინდივიდისა და ბაზრის გამყოფ ამ შუალედურ ერთობასაც მოუთავა ხელი. ნგრევის პროცესი დღესაც გრძელდება.

ყმაწვილობისას, მიშელს სჯეროდა, რომ ტანჯვა კიდევ უფრო აკეთილშობილებდა ადამიანის არსებობას. ახლა,
ისღა დარჩენოდა, რომ საკუთარი შეცდომა ეღიარებინა: ადამიანს მეტ ღირსებას მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზია შესძენს.

მყარ საყრდენებს მოკლებული ადამიანი საგნებსა და მოვლენებში იფანტება, ღობე-ყორეს ედება და მისგან დიდს არაფერს აღარ უნდა ელოდე.

ქალის სიმარტოვე სულ სხვაა. კაცები მთხლე ღვინოს ეტანებიან, იძინებენ და პირი უყართ. მერე იღვიძებენ და თავიდან იწყებენ. სიკვდილიც არ იგვიანებს. ქალები დამაწყნარებელ წამლებს სვამენ, იოგას მისდევენ, ფსიქოლოგებთან დადიან, ღრმა სიბერეს მიატანენ და იტანჯებიან. მახინჯი და დამჭკნარი სხეულით ვაჭრობენ; მათი უბედურების თავი და თავიც ეს არის, მაგრამ არა და არ ეშვებიან, უსიყვარულოდ სიცოცხლე ვერ წარმოუდგენიათ; სიკვდილამდე ამ ილუზიის ტყვეობაში რჩებიან. სიყვარულის რა მოგახსენო, მაგრამ სექსი ნებისმიერ ასაკში შეიძლება... მამაკაცები ასეთები არიან; ვერაფერს გააწყობ.

”როდესაც აუცილებელი ხდება ქვაკუთხედი დოქტრინის შეცვლა ან განახლება, დასაღუპად განწირული თაობები, რომელთა წიაღშიც უნდა განხორციელდეს ეს სახეცვლა, მას მყისვე გაუუცხოვდება, ან მტრად მოეკიდება” - ოგიუსტ კონტი

შუა ზაფხულში, რატომღაც, სიღარიბე ისეთი დამთრგუნველი არ გეჩვენება.

მეტაფიზიკურ მუტაციას, რომელმაც დასაბამი მისცა მატერიალიზმსა და თანამედროვე მეცნიერებას, ორი მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვა: რაციონალიზმი და ინდივიდუალიზმი. ჰაქსლის შეცდომაც ის არის, რომ მან ზუსტად ვერ გათვალა ამ ორი მოვლენის ძალთა თანაფარდობა. განსაკუთრებით საცნაურია, რომ მან სათანადოდ ვერ შეაფასა ინდივიდუალიზმის საყოველთაო განვრცობა, რომელიც სიკვდილის სულ უფრო მზარდ გაცნობიერებას მოჰყვა.

თანამედროვე მეცნიერების მიერ განხორციელებულ მეტაფიზიკურ მუტაციას თან მოაქვს ინდივიდუალიზმი, ამპარტავნება, სიძულვილი და სურვილი. სურვილი კი, სიამოვნებისაგან განსხვავებით, ტანჯვისა და უბედურების თავი და თავი. ამას ყველა ფილოსოფოსი, არა მხოლოდ ბუდისტი თუ ქრისტიანი, არამედ, ამ სახელის ტარების ღირსი ნებისმიერი მოაზროვნე აღიარებს და ქადაგებს.

რევოლუცია და ომი ერთნაერად ანადგურებს იმას, რაც კი საუკეთესო შექმნილა წარსულში და ესწრაფვის ყოველივე მიწასთან გაასწოროს, რათა მერე, ყამირზე, ხელახლა შენებას მიჰყოს ხელი.

სიცრუე მაშინ ამართლებს, თუკი სინამდვილის შესაცვლელადაა მოგონილი, მაგრამ ხელი თუ მოგეცარა, მხოლოდ სიცრუე, გაწბილება და სირცხვილი შეგრჩება.

ადამიანი მუდამ ცდილობს ჭირის შემსუბუქებას და, რადგან აღსარება ნაკლებ მტკივნეული ეჩვენება, გუდას პირს უხსნის. მერე ჩუმდება, ბედს ნებდება და მარტო რჩება.

მომაკვდავს ყველაფერი ეპატიება. როდესაც იცი, რომ მოკვდავი ხარ და სიკვდილს ელოდები, ბუნებრივია, ამქვეყნიურ სიამტკბილობას მკაცრი თვალით აფასებ.

ჩვენი უბედურება მწვერვალს მაშინ აღწევს, როდესაც სიბნელეში ბედნიერების ნაპერწკალი აკიაფდება.
სიამოვნებებისა და ტკივილების რაციონალური გაანგარიშება, რომლის დრო, ადრე თუ გვიან, ყველას დაგვიდგება, გარკვეულ ასაკში თვითმკვლელობისკენ გვიბიძგებს.

ბავშვები იძულებულნი არიან, აიტანონ უფროსების მიერ მათთვის შექმნილი სამყარო და ცდილობენ, რაც შეიძლება უკეთ შეეგუონ მას. დრო გავა და თვითვე ააშენებენ ზუსტად ისეთივე სამყაროს.

უფრო თბილი და სრულყოფილი ურთიერთობების იმედი არასოდეს იწურება, რადგან ადამიანური ურთიერთობები ვიწრო, გაქვავებულ ჩარჩოებს ვერ ეგუება. ამრიგად, გაცილებით ”ავთენტიკური და სიღრმისეული” ურთიერთკავშირების იმედი მუდამ რჩება; წლები, ათწლეულები გადის და მოულოდნელი და ულმობელი შემთხვევა (სიკვდილი, ან უკურნებელი სენი) აშკარად დაგანახებს, რომ გვიანაა, ”ავთენტიკური და სიღრმისეული” კავშირები, რომლის იმედს ამდენი ხანი ელოლიავებოდი, ისეთივე ილუზია ყოფილა, როგორც ყველა დანარჩენი.

რელიგიის ავკარგიანობას მისგან ნაქადაგები ზნეობა განსაზღვრავს.

რელიგიები, პირველ ყოვლისა, სამყაროს ახსნა-განმარტების მცდელობაა, მაგრამ ნებისმიერი მსგავსი მცდელობა განწირულია, თუკი ის რაციონალური ჭეშმარიტების მოთხოვნას არად დაგიდევს. მათემატიკური დასაბუთება და მეცნიერული ძალისხმევა ადამიანური ცნობიერების საბოლოო და უმაღლესი მონაპოვარია.

სამყარო იმ ცოდნის ჯამის ტოლია, რომელიც ჩვენ მის შესახებ გაგვაჩნია.

ადამიანს ტირილი უნდა აცადო, ხშირად, ესეც საშველია.

დე, ბინადარნი აღმოსავლეთისანი,
დე, ბინადარნი დასავლეთისანი,
დე, ბინადარნი ჩრდილოეთისანი,
იყვნენ მარადის ბედნიერნი
და არ უმუხთლონ ერთურთს.

ამას მხოლოდ ადამიანებს ნუ დავაბრალებთ. ჯიბრისა და ბრძოლის, ამაოებისა და ძალადობის ულმობელ სამყაროში მოუხდათ ცხოვრება. სხვანაირად ვერც წარმოედგინათ. მეორე მხრივ, სამყაროს გამოსასწორებლად თითიც არ გაუნძრევიათ, საქმის სასიკეთოდ თავიც არ შეუწუხებიათ.

ცხოვრება მუდრეგი რამაა; ადამიანი ვერასდროს შეურიგდება სიკვდილს, გინდ საკუთარს, გინდ სხვისას.

არსებობენ ადამიანები, არსებობენ აზრები. აზრები სივრცეს არ იკავებენ. ადამიანები სივრცის მხოლოდ მცირე ნაწილს ავსებენ. ჩვენ მათ ვხედავთ. სახეები თვალის ბროლზე იხატებიან, ლორწოვან გარსს კვეთენ და ბადურაზე ირეკლებიან.