მაქს ფრიში - ვიქნები თუნდაც განტენბაინი

მეინახენი ენამჭევრობდნენ, უფრო სწორად, ეს გახლდათ ლაყბობა საკმაოდ მაღალ დონეზე.

ეტყობა, კაცი ისე ვერ იცოცხლებს ამ ქვეყანაზე, თავის გამოცდილებას რაიმე ისტორია თუ არ მოარგო, და ხანდახან მეჩვენება, ვიღაც სხვასა აქვს მეთქი მორგებული ზუსტად ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილების შესატყვისი ისტორია.

რა სიჩუმეა თუ არ ეწევი!

სიჩუმეა, სიჩუმე როგორც პომპეიში.

ტანსაცმელი მხოლოდ ვიტრინაში ჩანს სხვანაირი.

ისტორიებს ტანსაცმელივით ვიზომავ ტანზე!

როცა რამე მოხდება, ყოველთვის მიკვირს, ეს მარტო ფიქრი რომ არ ყოფილა და ისე სახტად ვრჩები, თითქოს სინამდვილეს გამოეცნოს ჩემი ფიქრები, ან პირიქით, მცდარად გაეგოს რამე.

თავიდან კაცი ყოველთვის აჭარბებს ხოლმე.

ბრმა ვერავის განსჯის.

განტენბაინს სუფრასთან დასვამენ და სუფრულ საუბარში გაანათლებენ, ბატონებს რისი დანახვა სურთ და რისი არა. მას ისე წარმოუდგენენ ქვეყანას, როგორც გაზეთებში ხატავენ ხოლმე და რაკი განტენბაინი თავს მოიკატუნებს, ასეც მჯერაო, კარიერაც განაღდებული ექნება. ნიჭისა და უნარის ნაკლებობა ნუ შეაშინებს. ქვეყანას სწორედ განტენბაინისთანა ხალხი სჭირდება, ასეთები არასდროს ამბობენ იმას, რასაც ხედავენ. ზემდგომნი მის ღვაწლს დააფასებენ და ამ დაფასების მატერიალურ გამოვლენასაც არ დასჭირდება დიდხანს ლოდინი.

ქორწინებაც ხომ გაყიდული დამოუკიდებლობაა და მეტი არაფერი.

რაღაც უნდა თქვას, მაგრამ მხოლოდ ის იცის, რომ სათქმელი არაფერი აქვს.

ადამიანი მაინც კვლავ და კვლავ ახელს თვალებს.

საოცარია, ეტყობა ჩვენს მეხსიერებას ყველაზე იოლად ნამდვილად ჩადენილი საქმეები ავიწყდება.

თუკი წიგნი ომის წინააღმდეგ არ არის მიმართული, თუკი უკეთესი საზოგადოების შექმნისაკენ არ მოგვიწოდებს და ასე შემდეგ, იგი უაზროა და უმაქნისი, უპასუხისმგებლოა, მოსაწყენი, მისი წაკითხვა არ ღირს, იგი მიუღებელია საზოგადოებისათვის, ”მე”-ს ირგვლივ შეთხზულმა ამბებმა თითქოს თავისი დრო მოჭამა, მაგრამ ცხოვრება ხომ მაინც ცალკეულ ”მე”-ში აღსრულდება, ცალკეულ ”მე”-ში გარდატყდება და სხვაგან არსად?

არსებობს დემონი, რომელიც მხოლოდ თავის თამაშს ითმენს, სხვისას კი არა, იგი ჩვენს თამაშს ისაკუთრებს, ხოლო ჩვენ სისხლი ვართ და სიცოცხლე, სიცოცხლე კი როლი არ გახლავთ, ჩვენ ხორცი გახლავართ, რომელიც კვდება და სული ვართ, რომელიც ბრმაა უკუნითი უკუნისამდე.

ხელები შარვლის ჯიბეებში ეწყო. საკუთარი ხელების ეშინოდა, რადგან ხელები აღარ უგონებდნენ.

ბრმას თვალში ნაცარს ვერ შეაყრი.

საზოგადოება, დაწყებული საჩუქრის მომლოდინე პერსონალით და დამთავრებული სახელმწიფოთი, უწინდებურად მამაკაცს უშვერს ხელს.

განმეორება იმის ნიშანია, რომ ლილა მტკიცედ ვერ დგას თავის აზრზე და შველა სჭირდება.

კათოლიკეებს საიდუმლოსაგან თავის დასახსნელად აღსარება მოუგონიათ - დიდებული წესია. ცოდვილი მუხლს მოიყრის და ისე დაარღვევს დუმილს, ადამიანებს არ გაენდობა, შემდეგ წამოდგება, ხალხში გაერევა, კვლავ თავის როლში შევა და აღარ მოუვლის უგუნური სურვილი, ვინმეს გადაუშალოს გული.

ჩემი გამოცდილება ვერ მიკარნახებს რა მოხდება მომავალში, იგი მხოლოდ ანელებს ცნობისმოყვარეობასა და მოლოდინს.

სიცოცხლის მიმართ გამოთქმული ყოველი საყვედური მცდარია ხოლმე.

თქვენს ”ახლას” ”ახლა” არ ეთქმის, იგი ”მუდამს” ნიშნავს.

მერე რა, რომ წვიმს, სადღაც დედამიწის ზურგზე ხომ ანათებს მზე, ელბაზე, ენგადინში ან მალიორკაზე.

ეჭვი, საფუძვლიანი იქნება ის, თუ უსაფუძვლო, იშვიათად დაძლეულია უსიტყვო და ღირსეული თავშეკავებით.

ჩვენი გულახდილობა, როგორც ასეთი, მეტწილად ხომ სიცრუეზე აგებული მაქინაციაა და სხვა საიდუმლოებათა დასაფარავადაა მოგონილი.

სიყვარულში საკუთრება არ არსებობს.

კაცი რომ საკუთარი ცოლის გამო იტანჯება, ის თვითონაა ყველაფერში დამნაშავე.

კაცს იმორჩილებს თავისივე სიძულვილი ქალის მიმართ. ამაში საკუთარ თავსაც რომ არ უტყდებიან, იმიტომ არიან იძულებულნი ქალი გააღმერთონ და თვალზე საკუთარი ნებით გადაიკრან ლიბრი, ხოლო სინამდვილეში რომ მწარე დარტყმას აგემებთ, მაშინ სხვასთან გარბიან, თითქოს ის სხვაც ქალი არ იყოს და თავის ოცნებას მაინც ვერ ელევიან.

ქალი იძულებულია მამაკაცის პატივმოყვარეობის გამო იპირფეროს და ითამაშოს ნეტარებისაგან მოთენთილის როლი, მაშინაც კი, როცა ვერაფერს გრძნობს. მამაკაცმა არასოდეს არ იცის მტკიცედ, რას განიცდის სინამდვილეში ქალი. მამაკაცი გასცემს თავს, ქალი კი არა. ეს მამაკაცს უნდოს ხდის... ქალი ადამიანია მანამდე, სანამ შეიყვარებენ, თუმცა ხანდახან მას შემდეგაც შერჩბა ხოლმე ადამიანობა.

ადამიანს რომ არავინ შეეკამათება, მაშინ საკუთარ თავს უწყებს ხოლმე კამათს.

საზოგადოებაში ყოველთვის გამოერევა ვინმე, ვისაც ხმის ამოღებას არ ანებებენ.

არ არსებობს დედამიწის ზურგზე ადამიანი, ურომლისოდაც ამქვეყნად არ გაიძლებოდეს.

შეიძლება ადამიანის მიმართ იმის მიხედვით გამიჩნდეს შიში, სიყვარული თუ პატივისცემა, როგორც ისინი საუბრობენ ჩემს წარმოდგენაში, როცა მათთან არა ვარ.

ღალატი მწყურია. მინდა ვიცოდე, რომ ვარსებობ. ის, რაც არ მღალატობს, ეჭვს მიღვიძებს, რომ მხოლოდ ჩემს წარმოდგენაში ცოცხლობს, მე კი მინდა ჩემს წარმოდგენას დავუსხლტე და ამქვეყნად ვიარსებო. სულითა და გულით მინდა მიღალატონ.

ეჭვიანობა ჭეშმარიტი ტკივილია იმის გამო, რომ ჩვენში ჩასახლებული არსება ამავე დროს ჩვენ გარეთ იმყოფება.

ქვეყნის მმართველ წრეებს სათავეში მაინც უნდა ედგნენ ისეთი პიროვნებები, რომელთა პირადი წესიერება სხვა ყველაფერს დაფარავს, თორემ მმართველობა დიქტატურას დაემსგავსება.

მამაკაცმა არასოდეს იცის, ქალი რომ მიატოვებს, სხვასთან როგორი იქნება. ამის გამოცნობა მამაკაცს უბრალოდ არ შეუძლია.

ჩემი ფიქრები გემს ადევნებულ თოლიებს ჰგვანან, ისინი მისდევენ და მისდევენ გემს, უეცრად გზიდან გადაუხვევენ და ღია ზღვაში გაინავარდებენ, შემდეგ კვლავ უკან ბრუნდებიან, წინ გვისწრებენ.

ადამიანი ბევრ რამეს ამბობს ხოლმე, რაც იმ წუთში სწორია.