იოსებ ლავრეცკი - ერნესტო ჩე გევარა

საუბარში ამ სიტყვის (ჩე) ხშირი ხმარებისთვის შეარქვეს კუბელმა მეგობრებმა ერნესტო გევარას მეტსახელი ”ჩე”. ბატისტას დამარცხების შემდეგ, ერნესტო კუბის ეროვნული ბანკის დირექტორად დანიშნეს; ახალგამოშვებულ ბანკნოტებზე ხელს აწერდა უბრალოდ - ”ჩე”.

”ჩემთვის - ”ჩე” ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. სხვანაირად არც შეიძლება, უამისოდ ჩემი სახელი და გვარი რაღაც მცირეა, რაღაც პირადი და უმნიშვნელოა” - ერნესტო გევარა

”ჩემი შვილის ძარღვებში ირლანდიელ მეამბოხეთა, ესპანელ დამპყრობელთა და არგენტინელ პატრიოტთა სისხლი ჩქეფდა. როგორც ჩანს, მას მემკვიდრეობით დაჰყვა მოუსვენარ წინაპართა ზოგიერთი თვისება. მის ხასიათში იყო რაღაც ისეთი, რაც შორეული ხეტიალის, საშიში თავგადასავლებისა და ახალი იდეებისაკენ იზიდავდა” - დონ ერნესტო გევარა ლინჩი

”ჩეს ვეუბნები - იცი რა, მოდი აქ (პერუ, მაჩუ - პიქჩუ) დავრჩეთ, მე ინკური წარმოშობის მდიდარ ინდიელზე დავქორწინდები, თავს პერუს იმპერატორად გამოვაცხადებ, შენ კი პრემიერ-მინისტრად დაგნიშნავ და ჩვენ მოვახდენთ სოციალურ რევოლუციას. ჩემ მიპასუხა: გაგიჟდი ძმაო, გასროლის გარეშე რევოლუცია ვის მოუხდენია!” - ალბერტო გრანადო

ჩეს ბევრჯერ უთქვამს, რომ რევოლუციონერი, სახელმწიფო მოღვაწე ბერივით უნდა ცხოვრობდესო.

”დამარცხებული არასდროს დავბრუნდები. დამარცხებას სიკვდილი მიჯობს - ეს ლამაზი სიტყვები არ გახლდათ, ასეთი იყო მისი (ჩე) მრწამსი” - ალბერტო გრანადო.

”პირველი რევოლუციური ნათლობა გვატემალაში მივიღე” - ჩე

”მას ეზიზღებოდა იმპერიალიზმი, არა მარტო უაღრესად განვითარებული პოლიტიკური შეგნების გამო, არამედ იმიტომაც, რომ გვატემალაში ყოფნისას თავად იყო მოწმე იმპერიალიზმის დანაშაულებრივი აგრესიისა - როდესაც დაქიარებულმა სამხედრო ძალებმა ცეცხლითა და მახვილით ჩააქრეს რევოლუცია ამ ქვეყანაში” - ფიდელ კასტრო

”ფიდელი კომუნისტი არაა... კომუნისტობას უპირველესად მე მომაწერენ” - ჩე

”მე დავტოვე გვატემალა, უფრო სწორად, გამოვიქეცი... აი, მაშინ მივხვდი უმთავრესს: იმისათვის, რომ რევოლუციონერი გახდა - რევოლუციაა საჭირო. არაფერს არ ნიშნავს იზოლირებული, ინდივიდუალური მოქმედება, მაღალი იდეალები, ამ იდეალებისთვის ბრძოლა და თავგანწირვა, განცალკევებული ბრძოლა მთავრობისა და სოციალური უკუღმართობის წინააღმდეგ, ერთგულთა გმირობა და ვაჟკაცობა. იმისათვის, რომ რევოლუცია მოახდინო, საჭიროა ის, რაც კუბაშია: მთელი ხალხის მობილიზება, ხალხისა, რომელსაც შეუძლია ისარგებლოს იარაღითა და ბრძოლაში მიღებული საყოველთაო გამოცდილებით” - ჩე

”ნახევრად მშივრები ვიყავით, პატოხოს არაფერი გააჩნდა, მე კი სულ რამდენიმე პესო მქონდა. ვიყიდე ფოტოაპარატი და დავიწყეთ სურათების გადაღება. სურათებს ერთ-ერთი მექსიკელის ლაბორატორიაში ვბეჭდავდით. ფეხით შემოვივლიდით ხოლმე ამ უზარმაზარ ქალაქს, რომ როგორმე ჩვენი ფოტოსურათები გაგვესაღებინა; თითქმის ძალით შევაჩეჩებდით ხოლმე მყიდველს და რამდენიმე თვე ამით ვირჩენდით თავს. თანდათან ჩვენი საქმეებიც გამოსწორდა” - ჩე

”ფიდელ კასტრო ერთ-ერთ ცივ საღამოს, მექსიკაში გავიცანი. მახსოვს, ჩვენი პირველი საუბარი საერთაშორისო პოლიტიკას შეეხებოდა. დილამდე ვსაუბრობდით. ასე გავხდი მომავალი ექსპედიციის მონაწილე” - ჩე

”მაშინ მას ჩემზე მეტად ჩამოყალიბებული რევოლუციური იდეები ჰქონდა. თეორიისა და იდეოლოგიის მხრივ იგი ჩემზე განვითარებული იყო. ჩემთან შედარებით იგი უფრო მოწინავე რევოლუციონერი იყო” - ფიდელ კასტრო

”მე მგონია, იგი სხვებს არ ჰგავს. ყოველ შემთხვევაში, ის სხვებზე უკეთესად საუბრობს და რაც მთავარია, ფიქრობს” - რაულ კასტრო

”ფიდელთან მთელი ღამე ვსაუბრობდი. დილით მე უკვე მომავალ ექსპედიციაში ჩამრიცხეს ექიმად. კაცმა რომ თქვას, ლათინურ ამერიკაში ხეტიალისა და გვატემალის ამბების შემდეგ ბევრი არ იყო საჭირო, რომ კვლავ იარაღი ამეღო ხელში და საბრძოლველად წავსულიყავი, მაგრამ ფიდელმა ჩემზე არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება მოახდინა. მას ყველაზე რთული საკითხების გადაწყვეტა შეეძლო. ღრმად სწამდა, რომ ბრძოლას დაიწყებდა, დაიწყებდა და გამარჯვებით დააგვირგვინებდა. მე გადამედო მისი ოპტიმიზმი. საჭირო იყო საქმისათვის ხელის მოკიდება, კონკრეტული ზომების მიღება. ერთი სიტყვით, საჭირო იყო ბრძოლა. მონანიების დრო აღარ იყო - საჭირო იყო მხოლოდ მოქმედება” - ჩე

”ჩვენ ყოველთვის გვწამდა ფიდელის” - ჩე

”გლეხებისაგან ყურადღებასა და პატივისცემას ყველა ვგრძნობდით - სიხარულით გვხვდებოდნენ და საიმედოდ გვმალავდნენ სახლებში. ყველაზე მეტად ხალხის ფიდელს სჯეროდა. მან ბელადის და ორგანიზატორის უჩვეულო ტალანტი გამოამჟღავნა. სადმე, ტყეში ვსახავდით გაბედულ გეგმებს. ვოცნებობდით ბრძოლებზე, დიდ საბრძოლო ოპერაციებზე, გამარჯვებაზე. ეს იყო ბედნიერი დრო. სხვა სიამეთა შორის, ჩემს ცხოვრებაში პირველად ვტკბებოდი სიგარებით, რომლებსაც იმიტომ ვეწეოდი, რომ კოღოების მოსაბეზრებელი თავდასხმებისაგან თავი დამეცვა. პირველად მაშინ შევიგრძენი კუბური სიგარის არომატი. არ ვიცი, სიგარისაგან ვიყავი გაბრუებული, თუ ჩვენი გაბედული გეგმებისაგან : თავს სამოდ ვგრძნობდი” - ჩე

”ვერ წარმომიდგენია, როგორ შეეძლო სიარული (ჩე), ასთმა თითქმის ახრჩობდა, მაგრამ იგი ჩვენთან ერთად დადიოდა მთებში ყველა საბრძოლო და სამგზავრო ნივთებით აღჭურვილი: მართლაც რკინის ნებისყოფა ჰქონდა, მაგრამ უფრო მტკიცე იყო მისი თავდადება იდეალებისადმი - ეს გრძნობა იყო მისი ამოუწურავი ენერგიის წყარო” - კაპიტანი ანტონიო

”როგორ ჰგავს მთელი სამყარო კუბას! ყველგან ერთი და იგივე ამბები ხდება. პატრიოტებს, შეიარაღებულნი არიან ისინი თუ არა, აჯანყდნენ თუ არ აჯანყებულან, ყველგან ებრძვიან, ყველგან ანადგურებენ და ჯალათები იმარჯვებენ ”ხანგრძლივი და წარმატებული ბრძოლის შემდეგ” - ჩე

”კიდევ ერთხელ მოგილოცავ. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ - შენი (ფიდელი) დამსახურება მუდამ იქნება ის, რომ შენ დაამტკიცე შეიარაღებული ბრძოლის შესაძლებლობა, ბრძოლისა, რომელიც ხალხის მხარდაჭერით სარგებლობს. ახლა კი შენ დაადექი უფრო შესანიშნავ გზას, რომელიც მასების შეიარაღებული ბრძოლის შედეგად გამარჯვებამდე მიგიყვანს” - ჩე

”რევოლუცია ჩვენ იმპერიალიზმთან სასიკვდილო შეტაკებით უნდა მოვახდინოთ. ჭეშმარიტი რევოლუციის შენიღბვა არ შეიძლება” - ჩე

ლათინურ ამერიკაში, სადაც უნდა ვიმყოფებოდე, თავს უცხოელად არ ვთვლი. გვატემალაში გვატემალელი ვიყავი, მექსიკაში - მექსიკელი, პერუში - პერუელი,როგორც ახლა კუბაში კუბელი, მაგრამ აქაც და ყველგან არგენტინელი ვარ, რადგანაც არ შემიძლია დავივიწყო მატესა და ასადოს გემო. ასეთია ჩემი ხასიათის თავისებურება” - ჩე

- თქვენ კომუნისტი ხართ?
- თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ის, რასაც ვაკეთებთ ხალხის კეთილდღეობისათვის, კომუნიზმის გამოვლინებაა, მაშინ შეგიძლიათ კომუნისტად ჩამთვალოთ. თუ თქვენ მეკითხებით, ვეკუთვნი თუ არა სახალხო სოციალისტურ პარტიას, გიპასუხებთ: არა!
- რისთვის ჩამოხვედით კუბაში?
- მინდოდა მონაწილეობა მიმეღო ამერიკის კონტინენტის თუნდაც ერთი მტკაველი მიწის განთავისუფლებაში.

”აბსოლუტური საიდუმლოება პარტიზანული მოძრაობის პირველი და ძირითადი პირობაა” - ჩე

”მე კუბელი ვარ, მე არგენტინელიც ვარ და თუ არ შემომიწყრებიან ლათინური ამერიკის ფრიად პატივცემული ვაჟბატონები, არავისზე ნაკლები პატრიოტი არა ვარ ლათინური ამერიკის. მზად ვარ ნებისმიერ დროს, როცა კი საჭირო იქნება თავი გავწირო ლათინური ამერიკის რომელიც გნებავთ იმ ქვეყნის განთავისუფლებისათვის. ამისათვის სამაგიეროდ არაფერს მოვითხოვ, არც ვინმეს ექსპლუატაციას, არც სახელსა და ჯილდოს” - ჩეს გამოსვლა გაეროს XIX ასამბლეაზე, 1964 წელი, ნიუ იორკი.

”რევოლუციის დროს, თუ ჭეშმარიტი რევოლუციაა, ან იმარჯვებენ, ან იღუპებიან. ამ გზაზე ბევრი მეგობარი დავტოვეთ” - ჩე

”დასაწყისში საკმარისია 30 ან 50 კაცი. ასეთი რაზმით ლათინური ამერიკის ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება შეიარაღებული ბრძოლის დაწყება” - ჩე

”ჩემი დამარცხება არ იგულისხმებს იმას, რომ გამარჯვება არ შეიძლებოდა. ბევრი დაიღუპა ევერესტზე ლაშქრობის დროს, მაგრამ ბოლოს ის მაინც დაიპყრეს” - ჩე