Saturday, December 1, 2012

კნუტ ჰამსუნი - მოგზაურობა ზღაპრულ მხარეში


ღამით აუტანლად ცხელოდა.

მოუსვენრად მეძინა. მეღვიძებოდა, შუბლზე ოფლს ვიწმენდდი, ვბორგავდი, სულს ვიბერავდი და ისევ ვიძინებდი.

...სასტუმროში ჯერ კიდევ ყველას ეძინა. ვესტიბულში ჩასულს შვეიცარი შემეფეთა თვალების ფშვნეტით. ის ერთ-ერთი იმ ახალგაზრდათაგანია, რომლებიც აღმოსავლეთის სასტუმროებში გხვდებიან. ისეთი არნახული სისწრაფით ლაპარაკობს ფრანგულად, როგორსაც ადრე არასდროს შევხვედრივარ.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ადრეა, ადამიანები ან სახლების კართან სხედან და საუბრობენ, ან კიდევ ქუჩებში დასეირნობენ. კავკასიელებს არასდროს სძინავთ!

ზუსტად სასტუმროს წინ დიდი პარკია. მისკენ მივემართები, ვკვეთ და მოპირდაპირე მხარეს გადავდივარ. მხვდებიან ევროპულ ქურთუკებსა და ქუდებში გამოწყობილი კაცები და ოფიცრები ჩერქეზულ ფორმებში. ქალები თითქმის არ ჩანან. მთელი პარკი მოვიარე და სასტუმროში დავბრუნდი.

ჯერ-ჯერობით არავის გაღვიძებია. შემოსვლისთანავე შვეიცარმა ჩემთან საუბარი განაგრძო. მისგან თავის დასაღწევად პირველივე შემხვედრი კარი გამოვაღე და სამკითხველოში აღმოვჩნდი. მაგიდაზე ვედეკერის - რუსეთისა და კავკასიის გზამკვლევი ვიპოვნე. ტიფლისელთა აღწერაზე გადავშალე და კითხვა დავიწყე.

ჩემი სასტუმრო "ლონდონი" ვარსკვლავითაა აღნიშნული. ქალაქში ას სამოცი ათასი მაცხოვრებელია, რომელთაგან, თითქოს, კაცები ქალებზე მეტნი არიან. ტიფლისში სამოცდაათამდე ენაზე საუბრობენ.

1903