ორჰან ფამუქი - უმანკოების მუზეუმი

რა ვიცოდი, თურმე ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი წამი რომ ყოფილა. რომ მცოდნოდა კიდეც, შევძლებდი ამ ბედნიერების შენარჩუნებას და ჩემი ცხოვრების სხვაგვარად წარმართვას? მაშინ რომ მივმხვდარიყავი, ეს ადამინის სისოცხლეში ყველაზე სანუკვარი გაელვებაა-მეთქი, შევეცდებოდი კი, იღბალს ჩავბღაუჭებოდი და ხელი არ გამეშვა?

ღმერთს ვერავინ მოატყუებს.

სიცოცხლის ქვაკუდთხედი სიყვარულია, სიყვარულის საფუძველი კი ღმერთის სიყვარულია.

ქვეყანა მაშინაა მშვენიერი, როცა მას, ვინც ძალიან გიყვარს, უანგაროდ მივუძღვნით ჩვენთვის უძვირფასეს რამეს.

ადამიანი მხოლოდ იმასთან ცრუობს, ვისი დაკარგვისაც ძალიან ეშინია.

სიყვარულში პირველად ის გამომიტყდა, ამიტომ ჩემს საპასუხო სასიყვარულო სიტყვებში უკვე შეიგრძნობოდა თანაგრძნობის, პატივისცემისა და ცოტა იმიტაციის მსგავსი რამ.

ჩვენი კოცნა და მოფერება ბუნებრივი იყო და მხოლოდ „იმ წუთის“ ძალას ემორჩილებოდა.

ძალიან ძნელი მისახვედრია, ესა თუ ის გაელვება ცხოვრებაში რომ საუკეთესოა. ხშირად ამბობენ კიდეც, ეს საოცარი მომენტი ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო იყოო. ზოგჯერ ხმამაღლა თქმა ერიდებიან და მარტო გაიფიქრებენ ხოლმე. მაგრამ გულის სიღრმეში ყოველ მათგანს მაინც სწამს, რომ მომავალში კიდევ უფრო ლამაზი და ბედნიერი წუთები ექნება. განსაკუთრებით ახალგაზრდებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება, მომავალი აწმყოზე უარესი იყოს. ეს ალბათ იმიტომ, რომ, თუკი ადამიანი ისეთი ბედნიერია, რომ ნეტარების დაფასება შეუძლია, თავისი ოპტიმიზმი იმის საფუძველსაც მისცემს, მომავალში ყველაფერი უფრო უკეთესად იქნებაო, იფიქროს.

ცხოვრების ბოლოს უკვე შეგიძლიათ, წარსულს გადახედოთ ჩემსავით და ცხოვრებაში საუკეთესო წამი აირჩიოთ.

ცხოვრების საუკეთესო მომენტის გახსენება უდიდეს ტკივილსაც მოგვანიჭებს, რადგან კიდევ ერთხელ შევეჯახებით რეალობას, რომ ის წარსულს ჩაბარდა და აღარასდროს განმეორდება. ამ დიდი იარის მოსაშუშებლად, საჭიროა დავეპატრონოთ ნივთს, რომელიც სანუკვარ გაელვებას გაგვახსენებს.
ბედნიერი წუთებიდან შემორჩენილი სხვადასხვა საგანი იმ მომენტის ფერებს, შეხებისა და მზერის სიამოვნებას გაცილებით ერგულად გვინახავს, ვიდრე თავად ის, ვინც ეს ბედნიერება განიცადა.

ბევრჯერ მიფიქრია, სიგარეტისადმი დამოკიდებულებას იმდენად ნიკოტინი არ განაპირობებს, რამდენადაც ის, რომ ადამიანს მოწევისას ექმნება შეგრძნება, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებს ამ ამაო წუთისოფელში.

იმ დღეებში უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, მაგრამ ამას ვერ ვამჩნევდი. ახლა უკვე, ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ამის გაუცნობიერებლობა საუკეთესო გზა იყო ბედნიერების დასაცავად.

ზოგჯერ სექსი აქვთ, მაგრამ გახმაურებისა ისე ეშინიათ, რომ სიამოვნებასაც ვერ იღებენ.

ხალხი ამა თუ იმ ყალბ ნივთს იმიტომ კი არ იწუნებს, ნამდვილი არ არისო, არამედ იმიტომ, რომ ეშინიათ, ვინმემ არ გაუგოს, იაფად რომ იყიდეს. ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, თავად ნივთს კი არა, მის მარკას რომ ანიჭებენ მნიშვნელობას. ანუ ზოგიერთები უფრო იმაზე ფიქრობენ, სხვები მათზე რას იტყვიან.

ტკივილი ისე გამიძლიერდა და ერთიანად მომიცვა, რომ ოფისიდან ყველას წასვლის შემდეგ თავი პატარა ხომალდით კოსმოსში გაგზავნილი ძაღლივით ეულად ვიგრძენი.

ნამდვილი სიყვარული სწორედ იქ გნესტრავს ყველაზე მწარედ, სადაც სუსტი ადგილი გაქვს და შემდეგ მთელ სხეულს ედება.

თუკი ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ჩემსავითაა შეყვარებული, კარგად იცის, რომ მცდარი ლოგიკისა და ქმედებების ბოლო აუცილებლად იმედგაცრუებაა.

იმის მაგივრად, რომ ჩემი საყვარელი ქალის სურვილები და აზრები გამეგო, მხოლოდ მასზე ოცნებით ვკმაყოფილდებოდი.

ბედნიერება უბრალოდ საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნაა.

ფუსუნის ნახვის სურვილი ისე მიბნელებდა გონებას, რომ ჩემი თავისთვის არც კი დამისვამს ლოგიკური შეკითხვა, ფული რატომ მიმსუბუქებდა სირცხვილს.

თარიქ ბეი დუმდა და ამ სიჩუმით გვაგრძნობინებდა, რომ ჩენ გვერდით იყო.

თუკი თავიდანვე არ თქვი სათქმელი, მერე პირის გაღება შეიძლება წლების განმავლობაში ვერც შეძლო.

ხშირად ადამიანი ისეთად არ გვაჩვენებს თავს, როგორიც სინამდვილეშია.

ადამიანების უმეტესობა სამწუხაროდ მალევე ივიწყებს, თუ რა ურთიერთობა აკავშირებდა წლების განმავლობაში ამა თუ იმ ნივთთნ.

ნამდვილია მუზეუმი, თუკი იქ „დრო“ „ადგილად“ იქცევა.

მინდა ყველამ იცოდეს, რომ უბედნიერესი ცხოვრება გავიარე.


თურქულიდან თარგმნა ეკატერინე ახვლედიანმა
გამომცემლობა „დიოგენე“, 2011წ.