ორჰან ფამუქი - მდუმარე სახლი

გაძვალტყავებული გალეული ხელი დაღლილი ობობასავით მძიმედ მოატარა ატმებზე.

ზოგჯერ, ზამთრის გრძელ ღამეებში, როცა ხმის გამცემი მომენატრება, მათთან ყოფნა მომინდება ხოლმე, მაგრამ ნაცნობი სიტყვებით მხვდებიან...

ის კი არ მაწუხებს ჯუჯა რომ ვარ, ადამიანების სისასტიკე მტანჯავს.

ჟალუზები მივხურე, ჩავრაზე. სამყარო იქ, გარეთ დარჩეს!

ყველაფერი, რაც დროს ითხოვს, მომჭირნეობით უნდა დაიხარჯოს.

საათის გვერდით ოდეკოლონის ბოთლია, მის გვერდით - გაზეთი, გაზეთთან - ცხვირსახოცი. ჩემი მზერა მათ გადაუვლის, მათ ზედაპირს იმ იმედით შეეხება, იქნებ რამე მითხრან, რამე გამახსენონო, მაგრამ უკვე იმდენჯერ გამახსენეს, რომ სათქმელი აღარაფერი დარჩენიათ. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ოდეკოლონის ბოთლი, გაზეთი, ცხვირსახოცი, გასაღები და საათია.

ჩემო ფიქრებო, ფრთხილად! არ მიეკედლოთ რომელიმე ამ წამს! წამოფრინდით და გადით! გავიდეთ დროისა და ოთახის გარეთ!

თუ გვეცოდინება მთელი საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებები, ალაჰი მოკვდება და ჩვენც...

ადამიანი ცხოვრებაში გასაკეთებელ დიდ საქმეებზე მაშინ ფიქრობს, როცა მარტოა.

თუ არა მარტოობისა და უქმად ყოფნის საათები, ვერასოდეს მივიდოდი ჩემთვის ესოდენ საჭირო აზრამდე.

ახლა ჩვენში ბევრი აღარ შეგხვდებათ, ვისაც ცოტა მელანი გაელოკოს და მაინც შერჩენოდეს თავმდაბლობა.

თუ ლიცეუმის დიპლომი ასეთი მნიშვნელოვანია, დღე და ღამეს გავასწორებ, თვალს არ მოვხუჭავ, იმდენს ვიმუშავებ, დილით ჩემ დანახვაზე დედას გული ეტკინოს. მაგრამ ვიცი, ცხოვრებაში უფრო ფასეული რამეებიც არსებობს.

აუტანელია ბავშვის ცნობისმოყვარეობა.

ვეძებთ მთელი რიგი მოვლენების მიზეზებს, მერე იმ მოვლენებს სხვა მოვლენებით ვხსნით, მაგრამ იმ სხვა მოვლენების ასახსნელად დრო აღარ გვრჩება - სიცოცხლე ხელში გვადნება.

კაცი ყველაფერს უნდა აკვირდებოდეს, მხოლოდ ასე შეიძლება ცოდნის სრულყოფა, ჩვენი გონების აღზრდა.

ამბობდა, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. როცა ადამიანები ამას გაიგებენ, მათ ტვინებში ალაჰის ადგილი აღარ დარჩებაო.

რაც პლასტმასის ბოთლიდან გადმოედინება, იმან შეიძლება თქვენ გაცოცხლოთ და არა - მე. ხმამაღლა არ მითქვამს. მაინც ვერ გაიგებდნენ. მინდოდა მეთქვა, პლასტმასა თქვენი მკვდრადშობილი დამპალი სულია - მეთქი, - გაიცინებდნენ. ყველაფერზე იცინიან.

ყველა სიავე ფულის გამოა.

კაცმა უნდა მიიღოს, რაც დიდმა ადამიანებმა მასზე ადრე აღმოაჩინეს. თუ არა და - ყველაფერი დაუმთავრებელი დარჩება.

მე ვერ დავჯერდები რიგითი, მარტივი ადამიანის ხვედრს, ვერ დავემსგავსები იმ ბრიყვებს, წლობით უქმად რომ ყრიან და სუქდებიან, აქაოდა ერთხელ ასგვერდიანი წიგნით ჭეშმარიტების ერთი პაწაწინა კუნჭული გამოაჩინეს სინამდვილის თვალუწვდენელ მინდორზე.

მე მე უნდა ვიყო. სხვა ვინმედ არ უნდა ვჩანდე.

იმის შიშით, უსულგულო ბრიყვებმა არ დამცინონ - მეთქი, არასოდეს ვიტყვი უარს იმაზე, რაც მინდა. მე თავისუფალი ადამიანი ვარ.

ერთდაერთი გზა სიტყვაზე გადის. ამ გზის საპოვნელად მთავარია, შევცვალოთ ჩვენი ტვინის სტრუქტურა. თუ გვინდა ცხოვრება ისეთად დავინახოთ, როგორიც არის, ჩვენი ცხოვრება უნდა შევცვალოთ.

ეს ქვეყანა აკრძალული ნაყოფივით არის, მოწყვიტე და შეჭმა ვერ გაგიბედავთ. გეშინიათ. ტყუილებისა გჯერათ და იმიტომ გეშინიათ.

ხშირად, როცა ორი კაცი ჩუმად ზის, მათი სიჩუმე ბევრად უფრო მრავლისმთქმელია, ვიდრე საუბარი.

ვიცი, ყელამდე ცოდვაში ხართ ჩაფლული და ეს არ განაღვლებთ. ის უფრო გაწუხებთ, სხვამ რომ შეძლო და უცოდველი დარჩა.

რა უცნაური რამ არის სიყვარული! თითქოს აწმყოში არც კი ვცხოვრობ. ერთი მხრივ, მომავალზე ფიქრი არ მშორდება, მეორე მხრივ, იმდენჯერ ვიხსენებ მის ყოველ სიტყვას, ყოველ საქციელს, იმდენს ვფიქრობ მომხდარზე, რომ წარსულშიც ვცხოვრობ. ისიც კი არ ვიცი, ნაძირალები რას არქმევენ სიყვარულს. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს! გათავდეს ღამეები, ატკრეცილი ლოყებისა და არეული ფიქრის დასაურვებლად ბალიშის გრილი კუნჭულის ძებნაში რომ ვათენებ.

ადამიანი შეიძლება მდიდრად დაიბადოს, ან - ღარიბად. ეს ბედისწერის ამბავია და ვერაფერს გააწყობ, ცხოვრების ბოლომდე დამღას გასვამს.

რა იქნება მერე. ეს ინტერესი, ცნობისმოყვარეობაა, ადამიანს სიკვდილისგან რომ იფარავს.

ასე მგონია, ჩემში ორსახოვან, ყალბ არსებას ვმალავ. ადამიანს საკუთარი თავის შეცნობა მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე შეუძლია. იმის იქით კი გზა აღარ არის. სწორედ აქ იწყება ფუჭსიტყვაობა.
ვიცი: ვერასოდეს დავივიწყებ საკუთარ თავს, ყოველთვის ისე ვიცხოვრებ, როგორც ორი ადამიანი.

თუ არც ალაჰია, არც სამოთხე და არც ჯოჯოხეთი, მაშინ სიკვდილის შემდეგ მხოლოდ ის რაღაც ყოფილა, რასაც „არარსებობას“ ვარქმევთ - სრული „არარსებობა“.

აღმოსავლეთსა და დასავლეთს ტანსაცმელი, მანქანები, სახლები, ავეჯი, წინასწარმეტყველებები, მთვრობები და ფაბრიკები როდი ჰყოფს. ესენი ოდენ შედეგია. ჩვენ ერთმანეთისგან პატარა, მარტივი ჭეშმარიტება გამოგვარჩევს. მათ გაიგეს იმ უძირო ჭის არსებობა, სიკვდილიც შეიცნეს და „არარსებობაც“. ჩვენ კი ამ საშინელ ჭეშმარიტებაზე არაფერი ვიცით.

სანამ თუნდაც პატარა ჭუჭრუტანიდან შემოსული სინათლე არსებობს, სანამ მთელ დუნიაზე წყვდიადი არ ჩამოწოლილა, საშიში არაფერია.

ნუ გეშინია, მოწყვიტე სამოთხის ხეზე ვაშლი. მაშინ შეიძლება ტკივილით იგრიხებოდე, მაგრამ მაინც თავისუფალი იყო. როცა ყველა თავისუფალი იქნება, ჭეშმარიტ სამოთხეს ამქვეყნად ააშენებ.

ხმაური ერთბაშად მიწყდა, თითქოს დანით გადაჭრესო.

მგონია, ცხოვრება ძალზედ საინტერესო რამ არის, ხოლო ჩვენ ფუჭი, უცნაური და გაუგებარი რაღაც გვგონია და ველოდებით. ის კი თვისი გზით მიდის, ადგილს იცვლის. რატომ? არავინ იცის.
ფიქრობ შენს ცხოვრებაზე, მომავალზე, შეცდომებზე, რომელთაც ახსნა არ ეძებნება და ერთბაშად ხედავ: მგზავრობა დასრულებულია.

ადამიანს უნდა შეეძლოს თავიდან დაიწყოს ცხოვრება.

გაივლის ხანი და აქ, ჩემს საწოლში ვიფიქრებ: როცა დასრულდება ეტლით ერთჯერადი მოგზაურობა, რომელსაც ცხოვრებას ვუწოდებთ, თვიდან  ვეღარ დაიწყებ. მაგრამ თუ ხელში წიგნი გიჭირავს და კითხულობ, რა გინდ გაუგებარი და აბდაუბდაც უნდა იყოს იგი, როცა დაამთავრებ, შეგიძლია, ხელახლა დაუბრუნდე ყველაფერს, რაც გაუგებარი დაგრჩა, შეგიძლია გადაშალო და თავიდან წაიკითხო.