Saturday, February 16, 2013

ხოსე ორტეგა ი გასეტი - მასების ამბოხი

"ქალაქებს არ ქმნიან კედლები..." - თუკიდიდე 

... ისტორიაში ბერძნები და ლათინები ჩნდებიან როგორც ქალაქების ("პოლის"-ების) მკვიდრნი. საიდუმლოდ რჩება, თუ რამ გამოიწვია მთლიანად სოფლური, არაგამოხატული ცივილიზაციიდან ქალაქურ ცივილიზაციაზე გადასვლა – ქალაქი ხომ იყო სრულიად ახალი ხილი, რომელიც აღმოაცენა ორი ნახევარკუნძულის (ეგეოსისა და პირინეის) მიწამ: საზოგადო მოედანი, და მის გარშემო სამყაროსაგან გამოყოფილი, ზღუდემოვლებული ქალაქი. ქალაქის შექმნა ჰგავს ცნობილ რეცეპტს: აიღე გრძელი ნახვრეტი, მჭიდროდ შემოავლე მავთული და მიიღებ ლულას; იმიტომ, რომ ქალაქი, ანუ პოლისი იწყება სიცარიელიდან – ფორუმიდან, აგორადან, ყველა დანარჩენი კი მხოლოდ საშუალებაა შემოსაზღვრო მისი კონტური.

პოლისი თავდაპირველად არის არა სახლების ერთობლიობა, არამედ საზოგადო კრებების ადგილი, სივრცე, რომელიც გამოყოფილია საზოგადო (სამოქალაქო) საქმეებისათვის. ქალაქი არ იგება ქოხის ან სახლის პრინციპით – რომ მხოლოდ დაგიფაროს წვიმისა და ავდრისაგან, რომ მოგცეს საშუალება გააგრძელო გვარი, რომ დაკავდე კერძო, საოჯახო საქმეებით, არამედ იმისათვის, რომ გადაწყვიტო საზოგადო საკითები. ეს ნიშნავს, რომ გაჩნდა ახალი სივრცე, უფრო მეტად ახალი, ვიდრე ეინშტეინის სივრცე. მანამდე არსებობდა ერთიანი სივრცე – დედამიწა, და ეს თავის დაღს, ბეჭედს ასვამდა მის მცხოვრებლებს. გლეხი – მცენარესავითაა. დღესაც კი, მისი არსებობა და ყველაფერი რასაც ის ფიქრობს, გრძნობს, სურს ა.შ. ატარებს მცენარეული სიცოცხლის ნიშნებს, და ამ სიცოცხლისთვის დამახასიათებელ თავდავიწყებულ ძილს.

ამ თვალსაზრისით, დიდი აზიური და აფრიკული ცივილიზაციები უზარმაზარი ანტროფომორფული ჯუნგლები იყვნენ. მაგრამ ბერძენ-რომაელებმა გადაწყვიტეს გამიჯნულიყვნენ მიწას, "ბუნებას", გეობოტანიკური კოსმოსს. როგორ უნდა გაეკეთებინათ ეს? როგორ გაემიჯნოს ადამიანი მიწას? სად გაიქცეს, როცა მიწა ეს მთელი სამყაროა, თუ იგი უსაზღვროა? ძალიან მარტივად: შემოვზღუდოთ მიწის ერთი ნაკუწი კედლებით, რომლებიც დაუპირისპირებენ შემოსაზღვრულ სივრცეს უსაზღვროსა და უფორმოს. აი თქვენ მიიღეთ მოედანი! ეს არ არის სახლის პრინციპით ზემოდან გადახურული სივრცე, თავშესაფარის ფუნქციით, ბუნებრივი გამოქვაბულის მსგავსი, არამედ ბუნების მარტივი და სრული უარყოფა.

მიწის ნაგლეჯი სასაზღვრო კედლების წყალობით წყდება დანარჩენ მიწას, განეყენება მისგან და უპირისპირებს მას თავის თავს. პატარა მეამბოხე მიწა, რომელიც მოწყდა უსაზღვროს და იცავს თავის დამოუკიდებლობას – ეს არის გაუქმებული ბუნება და სწორედ ამის გამო ის სრულიად თავისებური, ახალი სახის სივრცეა რომელშიც ადამიანი გათავისფულებულია თავისი მიკრულობისაგან, ერთობისაგან ცხოველებთან და მცენარეებთან, ტოვებს მათ გარეთ და დგება, მკვიდრდება თავის განსაკუთრებულ, სუფთად ადამიანურ ნიადაგზე. ეს არის სამოქალაქო ნიადაგი. ამის გამოა, რომ სოკრატე, დიდი ქალაქელი, ნაღდი სამნახადი მოქალაქე, ამბობს ამ სიტყვებს: "მე არაფერი მაქვს საერთო მინდვრის ბალახებთან და ხეებთან, არამედ ჩემი საერთო არის ადამიანებთან ქალაქში". შეიძლება მსგავსი რამ ეთქვა ინდოელს ანდა სპარსელს, ჩინელს ანდა ეგვიპტელს? მანამდელ მცენარეულ განფენას შეენაცვლა სამოქალაქო ერთობლიობა ქალაქში. ქალაქი – ეს ზე-სახლია, ეს სახლის გადალახვაა, ახალი და უფრო რთული სტრუქტურის შექმნაა ვიდრე ოჯახური "ოიკოსი" (სახლი). ქალაქი ესაა რესპუბლიკა, "პოლიტეია" (მოქალაქეობა), რომელიც შედგება არა ქალებისა და კაცებისაგან, არამედ მოქალაქეებისაგან....