ჯეკ კერუაკი - გზაზე

იცოდა, გაიძვერობა რომ არა, ზედ არავინ შეხედავდა.

აზრზე ხარ, რამდენი რამის გაკეთება და რამდენი რამის დაწერა შეიძლება?!

მხოლოდ გიჟებს ვთვლი ადამიანებად, ვისაც სიგიჟემდე უნდა, იცხოვროს, ვინც შეშლილივით გელაპარაკება, ვისაც გაგიჟებით უნდა, შეამჩნიონ და თან ყველაფერს დახარბებულია, ყველაფერი ერთბაშად უნდა, რომ მიიღოს. ისინი არასოდეს ამთქნარებენ მოწყენილობისაგან და არც გაცვეთილი ფრაზებით ლაპარაკობენ. მხოლოდ იწვიან, იწვიან, იწვიან რომაული ყვითელი სანთლებივით და მერე ფეთქდებიან, რათა ვარსკვლავებს ობობას ქსელისმაგვარი შუქი მოაფრქვიონ.

ხომ იცით, ავტოსტოპის ყველაზე დიდი უბედურება იძულებით ლაპარაკია. უამრავ ხალხთან გიხდება მუსაიფი, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იფიქრონ - ეს რა შეცდომა დავუშვი, ეს რამ ჩამასმევინაო. გინდა-არ გინდა, მათი გამრთობი ხდები, რაც ძალიან დამღლელი რამაა, მით უმეტეს, თუ ღამის გასათევად სასტუმროში გაჩერებას არ აპირებ და შეუსვენებლად უნდა იარო.

ცხოვრება წმინდა რამ არის, მისი ყოველი წუთი ძვირფასია.

ესეც შენი ამერიკა. ყველა იმას აკეთებს, რაც მიაჩნია, რომ ვალდებულია, გააკეთოს.

გული მეტკინა - სასურველი გოგო ყოველთვის რატომღაც საპირისპირო მხარეს მიდიოდა ხოლმე.

ჩაბნელებულ ცას ავხედე და ღმერთს შევევედრე, გადმომხედე, ღმერთო, მომეცი შანსი, იმ პატარა ადამიანებს, ვინც მიყვარს, რამეში გამოვადგე-მეთქი. ზემოდან ყურებაც არ მომაქციეს. უნდა იცოდე, ვის რა სთხოვო.

თორმეტი ნაბიჯი რომ გადავდგით, ორივე მოვტრიალდით, სიყვარული ხომ დუელია და ბოლოჯერ შევხედეთ ერთმანეთს.

ისეთი დაკავებული იყო იმხანად, რომ სინდისის ქენჯნისთვის ვერ იცლიდა.

პრობლემები, როგორც შენ ამბობ, განზოგადებული სიტყვაა იმისა, რაშიც ღმერთი არსებობს. მთავარია, არაფერზე დამოკიდებული არ იყო.

ერთხელ მამიდამ თქვა, ამქვეყნად მშვიდობა იქამდე არ დაისადგურებს, ვიდრე მამაკაცები ქალებს მუხლმოდრეკილები პატიებას არ სთხოვენო.

სიმშვიდე მოულოდნელად დაისადგურებს, ვერც გაიგებ, როგორ მოვა.

სიკვდილი გვეწევა ყველას საიქიომდე. ერთადერთი, რაც გწყურია, რისკენაც მთელი ცხოვრება მივილტვით, რისთვისაც ვოხრავთ, ვკვნესით და ყველანაირ ტკბილ თუ გულისამრევ საქციელს ჩავდივართ - ეს ის დაკარგული დიდი ნეტარებაა, რომელიც გვახსოვს, რომელიც ალბათ ჯერ კიდევ დედის მუცელში განვიცადეთ და რომელიც შეიძლება განმეორდეს (ძალიან კი არ გვინდა, რომ ეს დავუშვათ) მხოლოდ სიკვდილში. მაგრამ, ვის უნდა სიკვდილი?

ციხე ის ადგილია, სადაც შენს თავს სიცოცხლის უფლებას ჰპირდები.

კმაყოფილები ვიყავით, გეგონება, რაღაც დაბნეულობები და სისულელეები უკან მოვიტოვეთ და ახლა დროის ყველაზე ღირსეულ ფუნქციას ვასრულებდით - ვმოძრაობდით. დიახ, ავმოძრავდით!

იმდენად ადვილი ყოფილა სიცოცხლიდან სიკვდილში გადასვლა და შემდეგ სიკვდილიდან სიცოცხლეში დაბრუნება, რომ აქამდე არც ერთხელ არ მიგრძვნია.

ვგრძნობდი, რომ ის, რასაც თეთრი სამყარო მთავაზობდა, არ იყო საკმარისი სრულყოფილი ექსტაზისთვის: არც ცხოვრების, არც სიხარულის, არც სიბნელის, არც მუსიკის, არც ღამისთვის.

სამყაროს ისეთს იღებდა, როგორიც იყო, გადაუმუშავებელს.

უკვე აღარაფერზე დარდობდა (როგორც ყოველთვის), მაგრამ ახლა პრინციპულად ყველაფერზე დარდობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის ყველაფერი სულერთი იყო, ის მსოფლიოს ეკუთვნოდა და ამას აღარაფერი ეშველებოდა.

საწყალი, საწყალი დინი - თავად ეშმაკიც კი ასე არ დაცემულა იდიოტიზმამდე.

მუსიკოსმა უნდა შეძლოს, გზა გაუხსნას სხვების ფიქრებს.

ჯერ კიდევ დიდი გზა გვქონდა გასავლელი. მერე რა, გზა ხომ ცხოვრებაა.

დასავლეთის ამ ნაწილში ვარსკვლავები რომაული სანთლებივით დიდია და მარტოხელა, როგორც დჰარმის უფლისწული, რომელსაც წინაპრების მიწა არ ერგო, დიდი დათვის თანავარსკვლავედის წერტილებს შორის მოგზაურობს და ეძებს იმას, რაც დაკარგა. ვარსკვლავები ნელა ატრიალებენ ღამეს და შემდეგ, მზის ამოსვლამდე, დასავლეთ კანზასისკენ მიწა წითლად შეიღებება და დენვერის თავზე ჩიტები ჟღურტულს იწყებენ.

ძალიან ნაზი, ტკბილი, ზღაპრული სოლო იყო - ხრინწიანი ხმა ღამეში, ისეთივე მარტოსული, როგორც ამერიკა.

არაფრის მთქმელი, დიდი, შავი თვალებით დამაკვირდა, სინანულით, რომელიც უკვე თაობებს სისხლში ჰქონდათ გამჯდარი, რომ არ გააკეთა ის, რის გაკეთებაც წარმოუდგენლად უნდოდა - რაც არ უნდა ყოფილიყო, და ყველამ კარგად იცის, რაც იგულისხმება.

ჯობია, ადამიანების სამყაროში დარჩე ანონიმურად, ვიდრე სამოთხეში მოიხვეჭო სახელი. ან კიდევ, რა არის სამოთხე? ან მიწა რა არის? ყველაფერი ჩვენი გამოგონილია.

სადაც არ უნდა ვცხოვრობდე, ჩემი ჩემოდანი ყოველთვის საწოლის ქვემოდანაა გამოჩრილი და ყოველთვის მზად ვარ წასასვლელად, ან იმისთვის, რომ გამომაგდონ.

მაღალი მთებიდან ჩამოვიდნენ, ხელი რომ გაეშვირათ იმისკენ, რაც, მათი აზრით, ცივილიზაციას შეეძლო მათთვის შეეთავაზებინა და არც კი დაესიზმრებოდათ, რომ ცივილიზაცია საბრალო, დამსხვრეული ილუზიებია. არც ის იცოდნენ, რომ არსებობს ბომბი, რომელსაც შეუძლია, ყველა ჩვენი ხიდი და გზა მიწასთან გაასწოროს და რომ, შეიძლება ჩვენც გავღარიბდეთ და მათსავით გავიშვიროთ ხელი.

გამომცემლობა „დიოგენე“, 2012 წ.