მაქს ფრიში - Homo Faber



ხალხი ღლის ადამიანს.

ადამიანების დაყოფა გაბატონებულ და დაბლა მდგომ რასებად, როგორც ამას პატივცემული ჰიტლერი სჩადიოდა, რა თქმა უნდა სისულელეა, მაგრამ აზიელები მაინც აზიელები არიანო...

უცებ ზანგის ქალმა ისე გულიანად გადაიხარხარა, რომ მკერდი პუდინგივით აუთახთახდა. მისმა უშველებელმა პირმა, ხუჭუჭა თმამ, უზარმაზართეთრონებიანმა შავმა თვალებმა აფრიკის გადიდებული სურათი მომაგონა.

რომანები ჩალის ფასად არ მიღირს, სიზმრებზეც ამ აზრის გახლავართ.

პროპელერი გაშეშებული ჯვარივით კიდია მოწმენდილ ცაზე.

როცა ერთხელ შეუძლებელი რამ ხდება, უცნაური და ზებუნებრივი არაფერია, როგორც ეს უმეცარ ადამიანებს უნდათ, რომ იყოს. როცა ვლაპარაკობთ შესაძლებელზე, მაშინ ხომ თავისთავად ვგულისხმობთ შეუძლებელსაც, როგორც შესაძლებლის ზღვარს. და როცა ეს შეუძლებელი მოგვევლინება, არავითარი საფუძველი არა გვაქვს შევძრწუნდეთ ან გავოცდეთ, ან მისტიფიკაციათ მივიჩნიოთ ის, რაც მოხდა.

დიდად ვაფასებ ჭადრაკს. საათობით შეგიძლია ხმა არ ამოიღო. არც სხვისი ლაპარაკის მოსმენაა აუცილებელი. უყურებ დაფას და უზრდელობად სულაც არ ითვლება, თუ შენი პარტნიორის ახლო გაცნობის სურვილს არ გამოამჟღავნებ და მთელი გულისყური თამაშზე გექნება გადატანილი.

წარღვნამდელი ცხოველები გადაშენდნენ, ხელახლა რატომ უნდა გამოვიგონო ისინი? ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ვერც გაქვავებულ ანგელოზებს ვხედავ და ვერც დემონებს, ვხედავ იმას, რაც არის: ვხედავ ეროზიის ჩვეულებრივ ფორმებს, ვხედავ ქვიშაზე გაწოლილ საკუთარ ჩრდილს, მაგრამ მოჩვენებებს კი არა. რა საჭიროა ქალური მგრძნობიარობა? მე ვერც წარღვნას ვხედავ, ვხედავ მხოლოდ მთვარით განათებულ ქვიშას.

მხოლოდ იმისათვის, რომ მღელვარება განვიცადო, სისულელეებს ვერ გამოვიგონებ.

აივის, როგორც ყველა ქალს, მხოლოდ ის აინტერესებს, რას განვიცდი მე. თუ აღარაფერს განვიცდი, ყოველ შემთხვევაში, რას ვფიქრობ.

ადამიანები დიდი ახირებულები არიან.

ინდუსტრიალიზაცია მომაკვდავი რასის უკანასკნელი სახეობაა, მათთვის ცხოვრების დონე ცხოვრების აზრის მაგივრობას სწევს.

პირველყოფილი საზოგადეობა სიკვდილის დაძლევას ცდილობდა, როცა ადამიანის სხეულს აქანდაკებდა, ჩვენ კი იმით ვებრძვით სიკვდილს, რომ ადამიანის შემცვლელებს ვქმნით. ტექნიკა მისტიკის ნაცვლად!

ხომ შეიძლება რაღაც მხოლოდ იმიტომ მოგწონდეს, რომ სადღაც ერთხელ უკვე გინახავს.

ასე ვიცი, საკუთარი თავი შემზიზღდება, თუ შევამჩნევ, რომ სხვას ტვირთად ვაწვები.

იმას რა სჯობია, მარტო რომ გაიღვიძებ და სიტყვის თქმა არ მჭირდება. არსებობს სადმე ისეთი ქალი, რომელიც მიხვდება ამას?

სინაზე საღამოს შესაწყნარებელია, მაგრამ სინაზე დილით ნერვებს მიშლის ხოლმე.

დილით გრძნობის გამომჟღავნებას ვერც ერთი მამაკაცი ვერ იტანს, ამას სჯობია, შენი ხელით რეცხო ჭურჭელი!

მასწავლებლის ცოლი იმავე ზაფხულს გარდაიცვალა და მეც ისე დამავიწყდა იგი, როგორც წყურვილის მოსაკლავად სადმე დალეული წყალი გავიწყდება კაცს.

მხოლოდ გონებაშეზღუდულ ადამიანს არ შეუძლია ხელოვნების ქმნილების აღქმა!

ვერ ვიტან, როცა მკარნახობენ, რა უნდა შევიგრძნო.

თვითმკვლელობა მე საქმედ არ მიმაჩნია, ეს ხომ არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ამქვეყნად არსებობდი.

ჩვენ არ ძალგვიძს ცხოვრება მკლავებში მოვიმწყვდიოთ.

მამაკაცს ურჩევნია, ქალი მისთვის გამოცანა იყოს და თვითონვე დატკბეს საკუთარი დაბნეულობით.

სანამ ღმერთი მარტო მამაკაცია და არა წყვილი, ქალის ცხოვრება, ჰანას თქმით, ისეთივე საცოდავი დარჩება, როგორიც დღეს არის.

მე რომ მკითხო, იმაზე კარგი არაფერია, როცა ადამიანი თავის ჭკუაზე ცხოვრობს.

ვლაპარაკობდი, რადგან დუმილი, ჩემი აზრით, უფრო აუტანელია.

ჩემი აზრით, რაღაც მომავალი ყოველთვის არსებობს, სამყარო ხომ არ გაჩერდება, ცხოვრება წინ მიდის შეუჩერებლად.

ჩემი შეცდომა ის არის, რომ ჩვენ, ტექნიკოსები, ვცდილობთ სიკვდილი უგულებელვყოთ. სიტყვასიტყვით: შენ ცხოვრებას უყურებ არა როგორც ერთ მთლიან ფორმას, არამედ როგორც შესაკრებთა ჯამს, ამიტომ უგულებელყოფ სიკვდილსაც და დროსაც. ცხოვრება არის დროის ფარგლებში მოქცეული ფორმა.

ჩვენ არ ძალგვიძს ასაკის უგულებელყოფა, თუნდაც საკუთარი შვილები შევირთოთ ცოლად.

ადამიანმა ყოველთვის იცის, როგორ გამოიყურება, უფრო სწორად, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს.

ამქვეყნად ყოფნა სინათლეში ყოფნას ნიშნავს.

იყო მარადიული, ნიშნავს, არსებობდე ამქვეყნად.