Thursday, June 6, 2013

ორჰან ფამუქი - სახალხო მოედნის მოგონებები


გასულ კვირას, სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და ქუჩებში პოლიციის წინააღმდეგ მებრძოლი, ცრემლსადენი გაზებით დახუთული მამაცი ადამიანების უკეთ გასაგებად, მინდა ერთი ამბავი მოგიყვეთ, რომელიც პირადად გადამხდა. 

ჩემს მემუარულ წიგნში “სტამბოლი”, მოყოლილი მაქვს თუ როგორ ცხოვრობდა ჩემი ოჯახი ფამუქების კორპუსში, ნიშანთაშში.  ჩვენი ბინის წინ 50 წლის წაბლის ხე იდგა, რომელიც საბედნიეროდ კვლავაც იქ დგას. 1957 წელს, მუნიციპალიტეტმა ქუჩის გაფართოების მიზნით მისი მოჭრა გადაწყვიტა. თავხედი ბიუროკრატები და ავტორიტარი ჩინოვნიკები სამეზობლოს წინააღმდეგობას ყურადღებას არ აქცევდნენ. როდესაც ხის მოჭრის დრო დადგა, ჩვენმა ოჯახმა მთელი დღე-ღამე ქუჩაში გაატარა, სადაც რიგრიგობით ვდარაჯობდით წაბლის ხეს. ამ გზით ჩვენ არა მხოლოდ ხე გადავარჩინეთ მოჭრას, არამედ მთელი ეს ამბები სასიამოვნო მოგონებად დაგვრჩა, დღემდე სიამოვნებით ვიხსენებთ და ყველას გვაერთიანებს.

დღეს, ტაქსიმის მოედანი ის სტამბოლის წაბლის ხეა. 60 წელია სტამბოლში ვცხოვრობ და ვერ წარმომიდგენია, რომ არსებობს თუნდაც ერთი მცხოვრები, რომელსაც ტაქსიმთან რაიმე მოგონება არ აკავშირებს. 1930-იან წლებში, ძველ სამხედრო ბარაკებში, რომლის ადგილასაც მთავრობამ სავაჭრო ცენტრის გახსნა გადაწყვიტა, პატარა საფეხბურთო მოედანი იყო, სადაც ოფიციალურ მატჩებს მასპინძლობდნენ ხოლმე. ცნობილი კლუბი Taksim Gazino, რომელიც 40-იანი და 50-იანი წლების ღამის ცხოვრების მთავარი ცენტრი იყო, გეზის პარკის კუთხეში იდგა. მოგვიანებით, შენობები დაანგრიეს, ხეები კი გაჩეხეს, მათ ადგილას ახალი ხეები დარგეს, პარკის გასწვრივ კი მაღაზიები და სტამბოლის ყველაზე ცნობილი არტ-სალონები გახსნენს. 

60-იანებში, ვოცნებობდი მხატვარი გავმხდარიყავი და ჩემი ნახატები ამ გალერეებში გამომეფინა. 70-იანებში კი სკვერი მემარცხენე სავაჭრო კავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შრომის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ადგილი გახდა. ერთი პერიოდი მათ შეკრებებში მეც ვმონაწილეობდი (1977 წელს, აქ მომხდარი პროვოცირებული ძალადობისა და ქაოსის დროს 42 ადამიანი დაიღუპა). 

ახალგაზრდობაში ინტერესითა და სიამოვნებით ვაკვირდებოდი ხოლმე პოლიტიკური პარტიების – მათ შორის მემარცხნეების, მემარჯვენეების, ნაციონალისტების, კონსერვატორების, სოციალისტებისა და სოციალ-დემოკრატების – მიერ ტაქსიმზე ჩატარებულ მსვლელობებს.

წელს, მთავრობამ სკვერში შრომის დღის აღნიშვნა აკრძალა. ყველამ იცოდა, რომ ქალაქის ცენტრის ერთადერთ გამწვანებულ ადგილას ბარაკების აღებასა და მათ ადგილას სავაჭრო ცენტრის გახსნას აპირებდნენ. ხალხთან შეუთანხმებლად, ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოედნისა და პარკის, რომელთანაც მილიონობით სტამბოლელს მოგონებები აკავშირებს, ერდოღანის ადმინისტრაციის პირველი სასიკვდილო შეცდომა იყო. ასეთი არამგრძნობიარე დამოკიდებულება მთავრობის ავტორიტარიზმისაკენ სწრაფვაზე მეტყველებს. (ადამიანის უფლბების მხრივ ასეთი ცუდი მდგომარეობა ათწლეულის განმავლობაში ჯერაც არ ყოფილა თურქეთში.) მაგრამ ამავდროულად იმედით ვივსები, როდესაც ვხედავ, რომ ადამიანები არ აპირებენ ტაქსიმის მოედანზე დემონსტრაციის ჩატარების უფლებაზე, ბრძოლის გარეშე, თქვან უარი – ანდა თქვან უარი თავიანთ მოგონებებზე.

გამოქვეყნდა The New Yorker-ში
თარგმნა ლაშა ქავთარაძემ