Thursday, July 25, 2013

ვაჟა ფშაველა - ავსა და კარგსა კაცისას როდი ივიწყებს სოფელი


ადრე ნუ ჰკარგავ იმედსა, მალევ ნუ დაწვრილმანდებით; ქედს ნუ მოიხრით მონურად, მალევ ნუ დაიჩაგრებით. აღსდგება ქრისტე, ნუ სტირით, შემოიკრიბეთ მხნეობა! რად მალე გული გაგიტყდათ და დაგიმჩატდათ მხნეობა?! დაგვატკბობს ერთხელ ჩვენაცა თავისუფლების დღეობა. სისხლ გულით ნადენს, ცრემლს-თვალით შესცვლის ლხინი და ღრეობა!..

ავსა და კარგსა კაცისას როდი ივიწყებს სოფელი.

ბებერი აზრი, ბებერი ჩვეულება, ბებერი გრძნობა ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრია და ძალიან დიდხანს ცოცხლობენ.. ან რა დაშავდება ვითომ იმით, რომ სტუმარს ღვინო, ან არაყი არ დავალევინოთ?! არაფერი, სრულიად არაფერი, პირიქით, დიდი სიკეთეც არი, როგორც მასპინძლისა, ისე სტუმრისათვის. გარდა იმისა ზედმეტ ხარჯსა და ტანჯვას ასცდება ორივე, - გაიგებენ ერთი მეორის სიტყვას, შაეძლებათ დარბაისლური მსჯელობა, დალაგებული მასლაათი. მთვრალი კაცი კი ნახევრად გიჟია.

განუვითარებელი, გაუზრდელი ხალხი, როგორიც უნდა დემოკრატიული მმართველობა დაარსდეს, მაინც მმართველთა სათამაშო ბურთი და სათლელი დუმა იქნება. საიმედო პოლიტიკური მოქმედებისათვის მხოლოდ მომზადებული, თვალა- ხილებული ხალხია.

გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება.

ერი მუდამ ცოცხალია და არ მოკვდება, ვიდრე მისი ყოფა-ცხოვრების პირობები მაცხოვრებლის თვისებანი არიან.

ვაჟკაცობა ის არის, კაცმა მტერი მოკეთედ გაიხადოს, თორემ მოკეთე რომ გადაიმტეროს, ეგ რა ბიჭობაა.

თუ ქვეყანა და საქვეყნო საქმე დაიღუპა, მაშინ დიდი, პატარა, მდიდარი და ღარიბი ერთ ხიდზე გაივლის, ყველა დაღუპულია.

ლამაზ ქალს ლამაზი აზრის ტარება აქცევს ღმერთადა.

ლამაზად შვილის აღმზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა.

მთასა თუ ველს, ქვასა თუ ლოდს, ცხოველსა თუ მცენარეს აქვს თავისი სიმბოლიური ფიქრი და წუხილი და შენ, ადამიანო, რა დაგემართა, რატომ დაკარგე სინდის-ნამუსი.

ნუ იტყვით ვაჟკაცის აუგს ენითა ქარიანითა.

სარწმუნოება მე მესმის, როგორც შედეგი ადამიანის გონებრივის, სულიერის განვითარებისა და არა იმათი შუაზე გადალეწა-გადამტვრევისა და დასახიჩრებისა.

ქვეყნიერების გასაცნობად კაცსა აქვს ხუთი გრძნობა (იარაღი - მხედველობა (თვალები), სმენა (ყურები), ყნოსვა (ცხვირი), შეხება (მთელი ტანი) და გემოვნება (ენა). ბედნიერია ის კაცი, ვისაც ყველა ეს გრძნობა მთელი აქვს და უბედურია, ვისაც რომელიმე ამ უმთავრესთაგანი აკლია, მაგ. თვალი.

ღმერთი რომ კაცს გაუწყრება, პირველად ჭკუა-გონებას წაართმევსო და თუ კაცის დაჯილდოება უნდა, ბუნების ენას ასწავლისო.

ღმერთო, შეაყვარე ქართველს ქართველი და საქართველო, რადგან ამ უკანასკნელს არა დაუშავებია რა. ყოველი საქვეყნო მოღვაწე, ყოველი ქვეყნისათვის თავდადებული ადამიანი ყოფილა და არის გაზაფხულის მსგავსის სულისა. მხოლოდ მათ განუცდიათ გაზაფხული სულისა. ...გაზაფხული ერის სულისა უმშვენიერეს სურათს დაგვიყენებდა ერის სულისას.

შვილის სიკეთე მშობელს შეჰშურდეს, ნამდვილს მშობელსა ეს ეკადრება?

შვილის მომავალი უსათუოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ დედამ რა შთაბეჭდილებით ასაზრდოვა შვილის ნორჩი, მაგრამ ღრმად აღმბეჭდი გული და გონება. ამიტომ საჭიროა ყოველი დედა იყოს განათლებული, განვითარებული, რათა შინ ოჯახში და გარეთ საზოგადოებაში სთესდეს თესლს კეთილისა. დიაღ, ესმოდეს დედაკაცს, შვილი როგორ აღზარდოს შინ, ოჯახში, და გარედ საზოგადოებაში რა აზრები გაავრცელოს, რას ემსახუროს, ვინაიდან მას შეუძლიან დაამხოს ერი და კიდეც აღადგინოს.