Wednesday, July 24, 2013

სომერსეტ მოემი - ადამიანისაგან ყველაფერია მოსალოდნელი


ადამიანი ისევე აღარ ეკუთვნის თავის თავს, როგორც ხომალდზე მიჯაჭვული მონა. 

ადამიანი ხალხში ყოფნისას ცდილობს სხვაგვარად მოგაჩვენოს თავი, ისეთად, როგორიც, მისი აზრით, უფრო მოეწონება საზოგადოებას. მის ნამდვილ სახეს მხოლოდ იმ წვრილმანი საქმეებით შეიცნობთ, რომლებიც შეუგნებლად ჩაიდინა; და კიდევ - სახის გამომეტყველების უნებლიე შეცვლით. ხანდახან ადამიანები ისე სრულყოფილად ატარებენ არჩეულ ნიღაბს, რომ დროთა განმავლობაში ეს ნიღაბი მათ ნამდვილ სახედ იქცევა.

ადამიანისაგან ყველაფერია მოსალოდნელი.

გაპრანჭულმა და თავდაჯერებულმა ქალებმა არც გემოვნებით ჩაცმა იციან და ვერც ლაპარაკითა და ქცევით მიიპყრობენ ყურადღებას.

დიდ სიბრძნეს არ აფრქვევდა, მაგრამ მისი დაუნდობელი სარკაზმი ხშირად აღწევდა მიზანს და, გარდა ამისა, ყოველთვის იმას ამბობდა, რაც გულში ედო. შტრეკლენდს არაფრად მიაჩნდა ადამიანის დაგესვლა და ხშირად ერთობოდა კიდეც ამით.

ერთი და იმავე ადამიანის გულში შესანიშნავად თავსდება წვრილმანობა და სულგრძელობა, სიბოროტე და გულმოწყალება, სიძულვილი და სიყვარული.

ეტყობა, საკუთარი ცხოვრების რომანტიკა რომ იგრძნო, ცოტათი მსახიობი უნდა იყო, ცოტა გვერდზე უნდა გადგე და სხვისი თვალით, ყურადღებით დააკვირდე შენს მოქმედებას.

ზოგი ადამიანი იქ არ იბადება, სადაც უნდა დაიბადოს. ბედმა ზოგი სად დაასახლა და ზოგი სად, მაგრამ ისინი ნიადაგ უცნობი სამშობლოს ნატვრაში არიან. ასეთი ადამიანები თავს უცხოელებად გრძნობენ საკუთარ სამშობლოში და ბავშვობიდანვე ნაცნობი დაბურული ხეივნები და ხალხით სავსე ქუჩები ისეთ სადგურებად ეჩვენებათ, სადაც ცოტა ხნით უნდა შეჩერდე და მერე შენი გზა გააგრძელო. ისინი მთელ ცხოვრებას სამშობლოში ატარებენ ნათესავებსა და ახლობლებს შორის, მაგრამ მაინც უცხოეთში გრძნობენ თავს და სულ ასაფრენად არიან გამზადებული.

ზოგი წურბელასავით ჩაეჭიდება მეგობრის უბედურებას.

იგი იმ მოჭიდავეს ჰგავდა, რომელსაც ტანზე ქონი უსვია და, როგორც არ უნდა ეცადო, მაინც გაგისხლტდება ხელიდან.

კაცი, რომელიც მხოლოდ თავისთვის მოინდომებს ცხოვრებას, კაცი, რომელიც არავის დახმარებას არ მოისურვებს, წინასწარ განწირულია დასაღუპავად.

მხატვარს არავითარი საფუძველი არა აქვს, ზემოდან უცქიროს სხვა ადამიანებს. იგი შტერია თუ წარმოუდგენია, რომ მის ცოდნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, და კრეტინია, თუ არ შესწევს უნარი მივიდეს თვითეულ ადამიანთან, როგორც თანასწორთან. (ირემი იმიტომ დადის ტყეში ლამაზად, რომ მან არ იცის რომ ლამაზად დადის!).

რა გულუხვად ფლანგავს ცივილიზებული ადამიანი თავისი ხანმოკლე სიცოცხლის წუთებს ათასგვარ მოსაწყენ საქმიანობაში.

როგორ შეიძლება ანგარიში გაუწიო ბრბოს აზრს, როცა ცალკეული ადამიანის აზრი ჩალად არ გიღირს.

როცა კაცი მოულოდნელად იცვლის ცხოვრების წესს, ამხანაგები მაშინვე ცუდსა და სამარცხვინოზე აიღებენ გეშსა და გუმანს.

საზოგადოებას მხოლოდ იმ ადამიანის დამორჩილება შეუძლია, ვისაც სინდისი აქვს.

სინდისი იმიტომ დაუყენეს დარაჯად ადამიანს, რომ წესებს არ გადაუხვიოს. ეს წესები საზოგადოებამ საკუთარი თავის დასაცავად გამოიგონა. სინდისი ყოველი ადამიანის გულში მოკალათებული პოლიცსმენია. იგი თვალყურს ადევნებს, რომ კანონი არავინ დაარღვიოს. სინდისი ჯაშუშია, რომელიც ჩვენი მეობის მთავარ ციხე- სიმაგრეში ჩასაფრებულია. ადამიანს ისე ძალიან უნდა ხალხმა საქციელი მოუწონოს, ისე ძალიან ეშინია საზოგადოების სამსჯავროსი, რომ თვითონვე უღებს თავის უბოროტეს მტერს ციხე-სიმაგრის კარს. იგი აიძულებს ადამიანს, რომ საზოგადოების ინტერესები საკუთარზე მაღლა დააყენოს.

უამრავი ოჯახის მიერ განვლილი გზა ხეებით დაჩრდილულ ნაკადულს მაგონებს, აბიბინებულ მდელოზე რომ მირაკრაკებს და ბოლოს უკიდეგანო ზღვა ჩაიხვევს გულში, მაგრამ ეს ზღვა ისეთი მშვიდი და მდუმარეა, ისეთი გულგრილი, რომ უნებურად რაღაც გაურკვეველი სევდა შემოგაწვება გულზე.

ქვეყანა სავსეა უცნაური ადამიანებით, რომლებიც უცნაურად იქცევიან.

ყოველი ჩვენთაგანი მარტოდმარტოა ამქვეყნად: ირგვლივ ყრუ გალავანი აქვს შემოვლებული და სხვას მხოლოდ ნიშნებით აგებინებს სათქმელს, მაგრამ ეს ნიშნები ყველას ერთნაირად არ ესმის, ასე რომ, მათ ბუნდოვნად, გაურკვევლად მიაქვთ თავიანთი აზრი მეორე ადამიანამდე. მთელი სიცოცხლის მანძილზე მონდომებით ვცდილობთ გავუნაწილოთ გულის საუნჯე მოძმეს, მაგრამ მათ არ ძალუძთ ამ საუნჯის მიღება და ამიტომ ყოველთვის მარტო ვრჩებით საკუთარ თავთან; გვერდზე მიჰყვები ამხანაგს, მაგრამ ეული ხარ; საუბრობთ, მაგრამ ერთმანეთისა არა გესმით რა. ჩვენ თითქოს ყარიბები ვართ და თითქმის ვერ ვახერხებთ ამ უცხო ქვეყნის ენაზე საუბარს; უამრავი ლამაზი და ბრძნული აზრი გვიტრიალებს თავში, მაგრამ ვერ გამოვთქვამთ და იძულებული ვართ “მოკლე სასაუბრო წიგნიდან“ ამოკითხული წინადადებებით დავკმაყოფილდეთ. ტვინი ლამის აგვიდუღოს ამდენმა ერთიმეორეზე უკეთესმა აზრმა, მაგრამ თქმით მხოლოდ დაახლოებით ასეთი ფრაზის თქმა შეგვიძლია: “მებაღის დეიდას დარჩა თავისი ქოლგა ოთახში“.

ხალხს მალე ბეზრდება სხვისი უბედურების მოსმენა.