Saturday, August 24, 2013

თუკიდიდე - პელოპონესის ომის ისტორია


წიგნი - I

თუ ისევ ჰომეროსს დავეყრდნობით, ძველ ლაშქრობათა შორის ტროაზე ლაშქრობა ითვლება ყველაზე ყველაზე მნიშვნელოვნად, მაგრამ ის ჩამოუვარდება დღევანდელ ომებს. პოეტმა ალბათ შეალამაზა და გააზვიადა მოვლენები, მაგრამ ასეც რომ იყოს, ეს ლაშქრობა მაინც უმნიშვნელოდ გამოიყურება.

ძველი ლაშქრობები უმნიშვნელო იყო სახსრების სიმწირის გამო, მათ შორის ყველაზე ცნობილიც კი აღარ გამოიყურება ისე ბრწყინვალედ, როგორც ეს პოეტების გადმოცემაშია.

ადამიანებს ხომ სჩვევიათ, შემოწმების გარეშე ირწმუნონ უფროსი თაობისგან მოსმენილი ამბები წარსულზე, თუნდაც ეს მათ სამშობლოს ეხებოდეს.

მართალია, ადამიანები, ჩვეულებრივ, მიმდინარე ომს აღიქვამენ უმნიშვნელოვანესად, მაგრამ მისი დამთავრების შემდეგ მათ უფრო ძველი ომები აოცებთ.

ჩემი ნაშრომი შექმნილია სამარადჟამოდ და არა წუთიერი ტკბობისათვის.

იმ პირობებში, როცა ადამიანებს მტერთან ბრძოლაში მხოლოდ გამარჯვება ადარდებთ, ნებისმიერ დამხმარეს მეგობრად მიიჩნევენ, ადრე რომც მტერი ყოფილიყო, და ნებისმიერ ხელისშემშლელს, თუნდაც ძველ მეგობარს - მტრად. წუთიერი ინტერესით შეპყრობილი ახლობლობას არას დაგიდევს.

ხალხის ნამდვილი მჩაგვრელი დამპყრობელი კი არაა, ისაა, ვისაც შეუძლია ბოლო მოუღოს მონობას, მაგრამ ამას არ აკეთებს.

ჩვენ ის კი არ უნდა გვაინტერესებდეს, ვართ თუ არა ძალადობის მსხვერპლი, არამედ როგორ დავიცვათ თავი მისგან.

მეგობარს შეცდომებს საყვედურობენ, მტერს კი ბრალს სდებენ დანაშაულში.

ხელოვნებაშიც და პოლიტიკაშიც ახალმა უნდა შეცვალოს ძველი. როდესაც ყველაფერი კარგადაა, არსებული წესების შეცვლა არ არის საჭირო. ახალ ვითარებაში კი ცვლილებებს უამრავი რამ მოითხოვს.

სამართლიანობის სახელით ჯერ არავის უთქვამს საკუთარი ძალაუფლების გაზრდაზე უარი. მხოლოდ ქების ღირსია ის, ვინც შედარებით სამართლიანად მართავს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი თავისი ბუნებით ესწრაფვის სხვაზე ბატონობას.

ვინც უხეშ ძალას იყენებს, მას სასამართლო არ სჭირდება.

ქვეშევრდომი მთავრობით ყოველთვის უკმაყოფილოა.

არქიდამოსმა, ლაკედემონელთა მეფემ თქვა: „საერთოდ ომს იარაღი კი არა, ფული იგებს, განსაკუთრებით ხმელეთისა და კუნძულის მკვიდრთ შორის ომს“; „დისციპლინა, ღირსების გრძნობა და სიმამაცე ერთმანეთთან, სიბრძნე კი კანონის მორჩილებასთან არის გადაჯაჭვული. ჩვენ პატივს ვცემთ მოწინააღმდეგეს და მის გეგმებს, ომში კი მისი სეცდომის იმედით კი არა, ჩვენი ძალის იმედად ვართ“.

თავდაცვის ერთიანი სისტემის გარეშე მოკავშირეები ხომ ვერ იქნებიან თანასწორნი გადაწყვეტილების მიღებისას.

კორინთელები: „გონიერი ხალხი, სანამ მათ არ შეაწუხებენ, მშვიდობას არჩევს. ღირსეული კი, თუ მისი უფლებები დაირღვევა იომებს, რათა გამარჯვებულმა მშვიდობა აღიდგინოს. ის არ ესწრაფვის სამხედრო წარმატებებს, მაგრამ არც თავს დაიჩაგრავს მშვიდობის შესანარჩუნებლად. ვინც ომს გაურბის მშვიდი ცხოვრების ხათრით, პირველი დაკარგავს მოსვენებას, ხოლო ვინც სამხედრო წარმატებით ამაყობს, უგუნურმა სიმამაცემ შეიძლება შეაცდინოს. მართალია, ზოგჯერ უგუნური გეგმა ამართლებს, საუკეთესო ჩანაფიქრს კი მარცხისკენ მივყავართ. ყველაფერს ვერ გათვლი“; „ნუ შეგეშინდებათ ომის, იგი ჩვენ მტკიცე მშვიდობას მოგვიტანს“.

წიგნი - II



ლაკედემონელთა მეფე არქიდამოსი მიმართავს ცალკეული რაზმების თავკაცებს - „ ... ომში ყველაფერს წინასწარ ვერ გათვლი და თავდასხმა ყოველთვის მოულოდნელია. ხშირად უფრო სუსტი, მაგრამ უფრო ფრთხილი იგერიებს ძლიერ მეტოქეს, რომელიც ქედმაღლობის გამო კარგად არ მოემზადება ბრძოლისათვის“; „ნებისმიერი განრისხდება, როდესაც თავისი თვალით დაინახავს მისთვის მიყენებულ ზარალს. მრისხანება კი ცუდი მრჩეველია“.

ჭირმა ათენში უკანონობა წარმოშვა. რასაც ადრე მალულად თუ ჩაიდენდა კაცი, ახლა ამას აშკარად და უტიფრად კადრულობდა. უცებ შეიცვალა ყველაფერი: მდიდარი კვდებოდა და უქონელი ეუფლებოდა მის ქონებას. რადგან სიცოცხლე და სიმდიდრე გარდამავალ ღირებულებად იქცა, ყველა წუთიერ სიამოვნებას ესწრაფოდა. ამაღლებული მიზნისთვის თავის გაწირვა აღარავის სურდა, რადგან არ იცოდა, მოესწრებოდა თუ არა ნანატრ მომავალს. განცხრომა უპირველეს და უმშვენიერეს საქმედ იქცა. აღარ აკავებდა კაცს ბოროტებისაგან აღარც ღმერთების და აღარც კანონის შიში, რადგან ყველა ერთნაირად იხოცებოდა და არავინ იცოდა, იცოცხლებდა თუ არა კანონიერ სასჯელამდე. უფრო მძიმე განაჩენი ხომ უკვე გამოტანილი იყო და მის აღსრულებამდე ყველას უნდოდა სიცოცხლით დამტკბარიყო.

გამოუცდელობა სიმხდალის გასამართლებლად ვერ გამოდგება.


წიგნი - III


„ ...ნუ შევცვლით ჩვენს გადაწყვეტილებას და ნუ დავნებდებით დიდი სახელმწიფოსთვის სამ ყველაზე მავნებელ სისუსტეს - სიბრალულს, მჭერმეტყველებით გატაცებასა და დიდსულოვნებას. სიბრალული არ უნდა გამოიჩინო იმის მიმართ, ვინც სავარაუდოდ გიმტრობს; მჭერმეტყველმა თავისი ხელოვნება ქვეყნისთვის ნაკლებ მნიშვნელოვან საქმეში უნდა გამოიჩინოს, ხოლო დიდსულოვნება გამართლებულია მათ მიმართ, ვინც ამას დააფასებს“ - კლეონი

„ ...სახელმწიფომ არც უნდა განადიდოს მისი დამსახურება, ვინც კეთილ რჩევას იძლევა, და არც დაამციროს; ასევე ის, ვის რჩევასაც არ მიიღებს, არ უნდა დაისაჯოს. მაშინ არც ერთი ორატორი არ შეეცდება საკუთარი რწმენის საწინააღმდეგოდ ხალხის კეთილგანწყობილების მოპოვებას“; „ადამიანს ყოველთვის აქვსს წარმატების იმედი, თუნაც სასიკვდილო ხიფათის ფასად“; „ადამიანი შეპყრობილია ბრმა ვნებებით, ამას ემატება გატაცება და იმედი. ეს უხილავი ძალები უფრო ძლიერად მოქმედებს ადამიანზე, ვიდრე საზარელი სასჯელის ხილვა“; „სისულელე იქნებოდა გვეფიქრა, რომ მკაცრი კანონებით ადამიანებს ხელს ავაღებინებთ იმაზე, რაც მათ ბუნებით მოსდგამთ“- დიოდოტოსი

ცხადია, სიკეთეს სიკეთით უნდა უპასუხო, მაგრამ სირცხვილია, თუ სამართლიანობის დაცვისთვის ისეთი საქმით მიუზღავთ, რომელიც უსამართლობას ამკვიდრებს.

მშვიდობისა და კეთილდღეობის დროს სახელმწიფოც და კერძო პირიც თავის ქმედებებში ხელმძღვანელობს საუკეთესო სურვილებით, რადგანაც მათი თავისუფლება არ არის შეზღუდული. ომი კი ძალადობას ასწავლის. ის ცვლის ცხოვრების ჩვეულ ნირს და ადამიანებს შესაბამის სურვილებსა და განწყობას უქმნის.

ადამანის ბუნება ხომ ყოველთვის მზადაა კანონის დასარღვევად.

წიგნი - IV

როდესაც არჩევანი არ გაქვს, არ არის ფიქრის დრო. საჭიროა სისწრაფე და რისკი.

ლაკედემონელთა ელჩების მიმართვა ათენელებისადმი - „ ... ბედის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ სამფლობელოები, მოიპოვოთ პატივისცემა და სახელი, თუ არ გაიმეორებთ იმ ხალხის შეცდომას, ვისაც მოულოდნელად გაუმართლა. ასეთი ხალხი ხომ ყოველთვის მეტზე ოცნებობს, რადგან ბედნიერება მათთვის მოულოდნელია. მათ კი, ვისაც ბედის უკუღმართობა განუცდია, ნაკლები საფუძველი აქვს, ენდოს მიღწეულს.  ...ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მტრობა შეიძლება დასრულდეს, თუ დამარცხებულს თავს არ მოახვევენ უსამართლო მშვიდობას. მშვიდობა ბევრად უფრო მტკიცე იქნება, თუ გამარჯვებული სამართლიანად და კეთილშობილურად მოექცევა მტერს. მაშინ მტერი აღარ იფიქრებს შურისძიებაზე. თავის მხრივ, გამოიჩენს კეთილშობილებას და ეცდება მშვიდობის დაცვას“.

„ ...არავის დაუწყია ომი ისე, რომ არ სცოდნოდა, რა უბედურება მოაქვს მას და არც ამის შიშს გაუჩერებია ვინმე, თუ ომი გამორჩენას ჰპირდება. ზოგი გადაჭარბებით აფასებს გამორჩენას ხიფათთან შედარებით, სხვა კი მზად არის ხიფათში ჩაიგდოს თავი, ოღონ დღეს არაფერი დათმოს. მაგრამ, ერთნიც და მეორენიც ცდებიან“; „როდესაც ერთმანეთს ვებრძვით და ჩვენს ქვეყანაში სხვას ვეძახით, ამით ჩვენ ვსუსტდებით და სხვას ვუხსნით გზას ბატონობისთვის“ - სირაკუზელი ჰერმოკრატესი

 „ ...ერთი ჯგუფის ბატონობაზე დამყარებული თავისუფლება უცხოელთა ბატონობაზე უარესია“ ; „პატივცემული ადამიანისთვის სხვისი ქონების მოტყუებით და ფარულად დაუფლება უფრო სამარცხვინოა, ვიდრე ძალადობით და აშკარად. უკანასკნელ შემთხვევაში ის ბედის წყალობას - ძლიერის უფლებას ემყარება, პირველში კი სულმდაბლობას“ - ბრასიდასის წარმოთქმული სიტყვა ლაკედემონელთა სახალხო კრებაზე

„უნარი, წინ აღუდგე მეზობელს, თავისუფლების საწინდარია“ - მთავარსარდალი პაგონიდასი

წიგნი - VI

„უგუნურებაა თავს დაესხა ქვეყანას, რომელზე ბატონობასაც ვერ შეინარჩუნებ გამარჯვების შემთხვევაშიც კი“  - ნიკიასი

„გამორჩეული ადამიანები სიცოცხლეში სძულთ, სიკვდილის შემდეგ კი ადიდებენ“ -  ალკიბიადესი

წიგნი - VII

„ქვეყანა ხომ ხალხია და არა კედლები და ცარიელი ხომალდები“ - ნიკიასი

წიგნი - VIII

როგორც დემოკრატიას სჩვევია, შიში აიძულებდა ათენელებს დაეცვათ მკაცრი წესრიგი.

თითოეულს პირველობა უნდა, რაც საერთოდ ღუპავს კიდეც დემოკრატიიდან წარმოშობილ ოლიგარქიულ რეჟიმს.

თუკიდიდე - ისტორია 
ადაპტირებული თარგმანი - ლევან გორდეზიანისა 
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2007 წ.