Monday, August 26, 2013

უილიამ შექსპირი - მე ადამიანი ვარ და ამიტომ მოსვენება არ შემფერის


...ვინ მოათავსებს ერთად სიწყნარეს და სიცხარეს, ერთგულებასა და გულგრილობას? ვერვინ.

ბედნიერი ვართ იმითი, რომ მეტისმეტად ბედნიერნი არა ვართ და ბედს მაღლა ქოჩრის წვერზე არ ვაზივართ.

ვინც პატივსა გვცემს და ვუყვარვართ, ხშირად გვაწუხებს და სიყვარულის ბრალი არის ეს შეწუხება, რისთვისაც უნდათ შემწუხებელთ მადლს გადვუხდიდეთ.

ვინც სხვას ურჩევს ავაზაკურის და მოსისხლო საქმის ჩადენას, მასვე ის რჩევა სატანჯავად დაუბრუნდება, მართლმსაჯულებას ჩვენს ტუჩებთან მოაქვს უკან ფიალა ჩვენგნივ საწამლავით შემზადებული.

თეატრის აზრი, უწინაც ეს ყოფილა და დღესაც ის არი, რომ ბუნებას სარკედ გაუხდეს, სათნოებას მისი სახის მეტყველება აჩვენოს, ბიწიერებას მისი უმსგავსოება, დროებასა და ხალხს მათი ვითარება და ნაკვალევი. თუ ეს დანიშნულება ვერ შეასრულა, ან თუ გადაამეტა, იქნება რეგვენი გააცინოს, მაგრამ გაგებულს ადამიანს კი შეაწუხებს და ერთის გაგებულის შეხედულება უნდა გერჩიოს მთელი თეატრისას.

თუ მასპინძელი არ უწილადებს სტუმართ თავის სიამოვნებას, მაშინ ნადიმი ფასით ნაყიდს დაემსგავსება. პურის ჭამისთვის შინ ჯდომა სჯობს. თავაზიანი სიტყვა, ზრდილობა ლაზათია მასპინძლის სუფრის და უიმისოდ მეჯლისიც კი მოსაწყენია.

იქ, სადაც მოსამართლე მზაკვარია და მტაცებელი, ქურდს სრული უფლება აქვს ქურდობისა.

მე ადამიანი ვარ და ამიტომ მოსვენება არ შემფერის.

რა არის სახელი? უმნიშვნელო ხმა, რომელსაც გესვრიან ხშირად დაუმსახურებლადაც, ანდა წაგართმევენ დაუშავებლად!

რაც საჭიროა ჩვენთვის, არ ვიცით! ხოლო რაც ვიცით, როდი გვჭირია.

სანამ ცოცხალ არს ამა ქვეყნად ადამიანი, ვერ იტყვის რომე: “ჩემთა ჭირთა ბოლო ეს არი“.

ფარ-ხმალი დედაკაცის ცრემლია.

ყური ყველას მიაწვდინე, სიტყვა-იშვიათს, რჩევა სიამოვნებით მოისმინე, დარიგებას კი იაფად ნუ გასცემ.