მაჰათმა განდი - ჩემი ავტობიოგრაფია, ანუ ჭეშმარიტების ძიების გზა

წინათქმა

ოთხი თუ ხუთი წლის წინ ჩემი უახლოესი თანამშრომლების თხოვნით დავთანხმდი, ავტობიოგრაფია დამეწერა. დავიწყე კიდეც, მაგრამ პირველი გვერდიც კი არ მქონდა დასრულებული, როცა ბომბეიში ამბოხებამ იფეთქა და წერა შევწყვიტე. 

ამას მოჰყვა მოვლენათა რიგი, რაც იერავდაში ჩემი დაპატიმრებით დასრულდა. ვექილმა ჯერამდასმა, ჩემმა ერთ-ერთმა თანასაკნელმა, მთხოვა, ყველაფერი განზე გადამედო და ავტობიოგრაფიის წერა დამემთავრებინა. მაგრამ მე უკვე დასახული მქონდა სამოქმედო პროგრამა და მის შესრულებამდე არაფერზე ფიქრი არ შემეძლო.

იერავდაში პატიმრობის სრული ვადა რომ მომეხადა და ციხიდან ერთი წლით ადრე არ გამოვსულიყავი, უეჭველად მოვასწრებდი იმ საქმის დასრულებასაც და ავტობიოგრაფიის დაწერასაც. ახლა სვამი ანანდმა გამიმეორა იგივე და რაკი სამხრეტ აფრიკის სატიაგრაჰას შესახებ წიგნი უკვე დამთავრებული მქონდა, მომხიბლა ჟურნალ  „ნავაჯივანისთვის“ ავტოგრაფიის დაწერის პერსპექტივამ. სვამის უნდოდა, ავტობიოგრაფია ცალე წიგნად გამომეცა, მაგრამ თავისუფალი დრო არ მქონდა. კვირაში თითო თავზე მეტის დაწერა არ შემეძლო. „ნავაკივანისთვის“ მაინც უნდა დამეწერა რამე და რატომ არ შეიძლებოდა, ეს ჩემი ავტობიოგრაფია ყოფილიყო?! სვამი დამეთანხმა და მეც ბეჯითად შევუდექი საქმეს.

ერთმა ჩემმა ღვთისმოსავმა მეგობარმა ჩემი „დუმილის დღეს“ თავისი ეჭვი გამიზიარა: „ასეთი ავანტიურისკენ რამ გიბიძგათ? - მკითხა მან, - ავტობიოგრაფიის წერა დასავლური სამყაროსთვისაა დამახასიათებელი. აღმოსავლეთში ამის გამკეთებელი არავინ მეგულება დასავლური გავლენით ნაკარნახევი თითო-ოროლა შემთხვევის გარდა, მერედა, რაზე უნდა წეროთ? დავუშვათ, ხვალ უარის თქმა მოგიხდათ იმ პრინციპებზე, რომელთაც დღეს ქადაგებთ, ან მომავალში შეგეცვალათ გეგმები, მაშინ ხომ არ მოხდება ისე, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს თქვენი ავტორიტეტული სიტყვით ხელმძღვანელობდნენ, მოტყუებულნი აღმოჩნდებიან! იქნებ ჯობდეს, საერთოდ არ დაწეროთ არაფერი ავტობიოგრაფიის მსგავსი, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც?!“

მისმა ამ მოსაზრებამ დამაფიქრა, მაგრამ მე ნამდვილი ავტობიოგრაფიის დაწერას არც ვაპირებ, უბრალოდ მინდა, გიამბოთ იმ გზაზე, რომელიც ჭეშმარიტების ძიებისას გავიარა. ხოლო ვინაიდან ჩემი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ჭეშმარიტების ძიება, ჩემი მონათხრობიც ბუნებრივად ავტობიოგრაფიის სახეს მიიღებს და მეც არაფერი მექნება საწინააღმდეგო, თუ წიგნის ყოველი გვერდი მხოლოდ ჭეშმარიტების ძიების შესახებ საუბარს დაეთმობა. მე მჯერა, ან ყოველ შემთხვევაში მინდა დავიჯერო, რომ ჩემი ძიების თანმიმდევრული აღწერა უსარგებლო არ იქნება მკითხველისთვის. პოლიტიკურ სარბიელზე ჩემი ცდების შესახებ საყოველთაოდ არის ცნობილი არა მხოლოდ ინდოეთში, არამედ მსოფლიოს „ცივილიზებულ“ ნაწილშიც. ჩემთვის ამას დიდი ღირებულება არ გააჩნია; ხოლო ამ ცდების შედეგად მოხვეჭილი წოდება „მაჰათმა“ (დიადი სული) კიდევ უფრო ნაკლებად ღირებული მგონია. ამ წოდებას ხშირად მოუყენებია ჩემთვის დიდი ტკივილი, სიამე კი - არასოდეს.
მაგრამ იმ ძიებაზე სულიერ სფეროში, რომელიც მხოლოდ ჩემთვისაა ცნობილი და რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწეობის ძალას მაძლევდა, ნამდვილად მსურს, რომ გიამბოთ.

თუკი ჩემი ძიება ჭეშმარიტად სულიერი ხასიათისაა, მაშინ თავის საქებიც არაფერია და ჩემი თხრობა კიდევ უფრო თავმდაბალს გამხდის. რაც უფრო მეტად ვაკვირდები განვლილ ცხოვრებას, მით უფრო ცხადად ვაცნობიერებ საკუთარ შეზღუდულობას.

ის, რის მიღწევასაც ვესწრაფვი, რისთვისაც ვიღწვი და დავშვერი ამ ოცდაათი წლის მანძილზე, საკუთარი თავის შეცნობის, უფლის პირისპირ ხილვის, მოქშალის1 მიღების სურვილია. მთელი სიცოცხლე, საქმე თუ სულისთქმა ამ მიზნისკენ სწრაფვას მივუძღვენი. ყველაფერი, რასაც ვამბობ, ვწერ თუ ვაკეთებ, ყველა წამოწყება პოლიტიკურ სარბიელზე, ამავე მიზანს ემსახურება. მაგრამ, რადგან ყოველთვის მჯეროდა, რომ, რაც ერთს ხელეწიფება, თანაბრად ხელეწიფება ყველას, ამ ჩემს ძიებას ფარულად კი არ ვახორციელებ, არამედ - ყველას დასანახავად; და, არა მგონია, ამან რაიმე სახით დააკნინოს ჩემი ექსპერიმენტების სულიერი ღირებულება. არსებობს რაღაც, რაც მხოლოდ შენთვის და შენი შემოქმედისთვისაა ცნობილი და რისი გამხელაც არ შეიძლება. ძიებანი, რომელთა შესახებაც მინდა გიამბოთ, სხვა სახისაა. ისინი სულიერი, უფრო სწორად, ზნეობრივი ხასიათისაა, ვინაიდან სწორედ ზნეობრიობაა რელიგიის არსი.

ჩემს თავგადასავალში რელიგიის მხილოდ იმ საკითხებს შევეხები, რომლებიც ერთნაირად არის გასაგები ბავშვისთვისაც და მოხუცისთვისაც. და თუ თხრობა აუღელვებლად და მორჩილად შევძელი, მაშინ ბევრი სხვა ჭეშმარიტებისთვის დამაშვრალიც აღმოაჩენს მასში საგზალს რთულ გზაზე თან წასაღებად. ოღონდ არ იფიქროთ, თითქოს ჩემს ძიებას სრულყოფილების რაიმე ხარისხს მივაწერდე. იმაზე მეტს ვერაფერს დავიჩემებ, რასაც რიგითი მეცნიერი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ცდებს უაღრესი კეთილსინდისიერებით, გააზრებულად და ზედმიწევნითი სიზუზსტით აყენებს, არასოდეს ამტკიცებს, რომ მისი დასკვნები ამომწურავია.

მე ღრმა თვითდაკვირვების გზა გამოვიარე; დაუსრულებლად ვიკვლევდი და ვაანალიზებდი ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. და მაინც შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ ჩემი დასკვნები საბოლოო ან შეუმცდარია. თუმცა არის ერთი რამ, რაც შემიძლია დაბეჯითებით განვაცხადო: ჩემი დასკვნები სავსებით მართებული მეჩვენება და არსებული მომენტისთვის ამომწურავიც. ასე რომ არ ვფიქრობდე, ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით არასოდეს ვიმოქმედებდი. თუმცა, ფრთხილად ვზომავდი ყოველ ნაბიჯს და მხოლოდ მას შემდეგ ვიწყებდი მოქმედებას, როცა გადავწყვეტდი, მისაღებია ის, თუ - უკუსაგდები. და რადგან ჩემი მოღვაწეობა მთლიანად ეთანხმება ჩემს გონებასა და გულს, მიმაჩნია, რომ მტკიცედ უნდა ვუერთგულო თავდაპირველ დასკვნებს.

მე რომ მხოლოდ აკადემიური პრინციპების განხილვას ვისახავდე მიზნად, ავტობიოგრაფიის დაწერას აზრად ნამდვილად არ გავივლებდი. მაგრამ, რადგან ჩემი მიზანია, სრულად აღვწერო ის, თუ როგორ ვიყენებდი ამ პრინციპებს ცხოვრებაში, წიგნის თავები, რომელთა წერასაც შევუდექი, გავაერთიანე სახელწოდებით „ჩემი ავტობიოგრაფია, ანუ ჭეშმარიტების ძიების გზა“.

რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება ჩემი ძიება არაძალადობის, ცელიბატისა და ქცევის სხვა პრინციპების სფეროში, რომელთაც საყოველთაოდ აღიარებული თვალსაზრისით, ჭეშმარიტებასთან პირდაპირი კავშირი არა აქვს. მაგრამ ჭეშმარიტება ჩემთვის ის უზენაესი პრინციპია, რომელიც ყველა სხვა პრინციპს მოიცავს. ჭეშმარიტება ჭეშმარიტების მხოლოდ სიტყვით აღიარებას კი არ ნიშნავს, არამედ გონებითაც;  არა მარტო ჩვენს მიერ აღქმულ ფარდობით ჭეშმარიტებას, არამედ - აბსოლუტურს, მარადიულ პრინციპს, ანუ ღმერთს. არსებობს ღმერთის უთვალავი დეფინიცია, ვინაიდან უთვალავია მისი გამოვლინება. ამაზე ფიქრისას გაოცება და ძრწოლა მიპყრობს და წამიერად თავს რეტი მესხმის, მაგრამ მე ვეთაყვანები უფალს, მხოლოდ და მხოლოდ როგორც ჭეშმარიტებას. მისთვის ჯერ არ მიმიგნია, მაგრამ დავეძებ. მზადა ვარ, ამ ძიებას ჩემთვის ყველაზე უსათუთესიც კი შევწირო მსხვერპლად; საკუთარ სიცოცხლესაც კი უყოყმანოდ გავიღებ, თუ ეს საჭირო გახდება. მაგრამ, თუკი მე ჯერ ვერ შევიცანი აბსოლუტური ჭეშმარიტება, მაშინ იმ ფარდობით ჭეშმარიტებას უნდა მივდიო, რომელსაც ვეზიარე. ჯერჯერობით ის უნდა იყოს ჩემი გზამკვლევი, ჩემი ფარი და აბჯარი. მართალია, ეს გზა ვიწროა და ძნელად სავალი, თანაც ბასრი, ვითარცა დანის პირი, მაგრამ ჩემთვის ის უმოკლესი და უმარტივესია. თავად ჰიმალაებივით ვეებერთელა ჩემი შეცდომებიც კი არად მეჩვენება, რადგან მტკიცედ ვადგავარ ამ გზას. სწორედ ამ ბილიკმა მიხსნა მრავალი განსაცდელისაგან და მეც ვაგრძელებდი სვლას შინაგანი სხივით განათებული. ხშირად, გზაზე მავალს, წამით თვალი შემივლია აბსოლუტური ჭეშმარიტებისთვის, ზენაარისთვის, და ყოველდღიურად მიღრმავდებოდა რწმენა, რომ მხოლოდ იგია რეალური და სხვა ყოველივე - არარეალური. დაე ისინი, ვისაც სწადიათ, გაიგონ, რამ განმიმტკიცა რწმენა, გახდნენ ჩემი ძიების თანაზიარნი და, თუ შეძლებენ, ჩემი რწმენაც გაიზიარონ. თანდათან კიდევ ერთ რამეში ვრწმუნდები: იმას, რისი მიღწევაც მე შევძელი, ბავშვიც კი შეძლებს, და ამას სრული დარწმუნებით ვამბობ. ჭეშმარიტების ძიება იმდენადვეა მარტივი, რამდენადაც თვით ჭეშმარიტებაა რთული. ამპარტავან კაცს ეს შეიძლება, სრულიად მიუწვდომელი ეჩვენოს, ხოლო უმანკო ბავშვს - ადვილად მისაწვდომი. ჭეშმარიტების აღმსარებელი მტვერზე მდაბალი უნდა იყოს. სამყარო ფეხქვეშ თელავს მტვერს, მაგრამ ჭეშმარიტების მაძიებელმა თავი იმდენად უნდა დაიმდაბლოს, რომ მტვერს შეეძლოს მისი ფეხქვეშ გათელვა. მხოლოდ მაშინ, და არამც და არამც მანამდე, ის შეავლებს თვალს ჭეშმარიტების გაელვებას. დიალოგი ვასიშტასა და ვიშვამიტრას შორის მთელი სიცხადით გვიჩვენებს ამას. ქრისტიანობაც და ისლამიც ამასვე ამტკიცებენ.

თუ მკითხველი ჩემს ნაწერში რაიმე ისეთს აღმოაჩენს, რასაც პატივმოყვარის ხელი ეტყობა, მაშინ ის უსათუოდ მიიჩნევს, რომ ჩემს სწრაფვაში რაღაც ვერაა რიგზე და ჭეშმარიტების ჩემს მიერ დანახული გაელვებანი მხოლოდ ზმანებაა და სხვა არაფერი. თანახმა ვარ, თუნდ ასობით ჩემნაირი დაიღუპოს, ოღონდაც ჭეშმარიტებამ გაიმარჯვოს. იოტის ოდენადაც კი არ უნდა დაიხიო უკან ჭეშმარიტებისაგან ჩემნაირი შეცდომილი ძეხორციელის შეფასებისას.

ღმერთს ვევედრები, მთელ წიგნში გაბნეული ჩემი რჩევები არავინ მიიჩნიოს უტყუარად. ჩემს მიერ აღწერილი ექსპერიმენტები მხოლოდ ისე უნდა განიხილებოდეს, როგორც ერთგვარი მაგალითები. ყველა, ვინც ჩემს ექსპერიმენტებს გაეცნობა, თვითონაც შეძლებს თავისი ცდები ჩაატაროს, საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარის მიხედვით. მჯერა, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში წაადგება ჩემი მონათხრობი მკითხველს.მე არ ვაპირებ მივჩქმალო თუ შევალამაზო ჩემი რომელიმე უგვანი საქციელი, რომლის მოყოლაც აუცილებელი მგონია. იმედი მაქვს, მკითხველს ბოლომდე გავაცნობ ყველა ჩემს მანკიერებასა და შეცდომას. ჩემი მიზანი ის კი არ არის, რომ თავი მოგაწონოთ, არამედ ის, რომ აღვწერო ჩემი ძიება სატიაგრაჰას ხელოვნებაში. საკუთარი თავის შეფასებისას ვეცდები, ჭეშმარიტებასავით შეუვალი ვიყო და ამასვე მოვითხოვ სხვებისაგანაც.

გამუდმებით ვიტანჯები იმის გამო, რომ ასე შორს ვარ მისგან, ვინც, დანამდვილებით ვიცი, ჩემს ყოველ ამოსუნთქვას განაგებს და ვისი პირმშოც მე ვარ. მე ვუწყი, რომ ჩემში ჩაბუდებული ავი ვნებები არ მაძლევს მასთან მიახლოების საშუალებას და მაინც ვერაფრით ვახერხებ მათგან თავის დახსნას.

დროა, დავასრულო, ჩემი ცხოვრების აღწერას კი მხოლოდ მომდევნო თავიდან შევუდგები.

მოჰანდას კარამჩანდ განდი 
აშრამი, საბარმატი, აჰმადაბადი 
1925 წლის 26 ნოემბერი


1 მოქშალი - ინდურ რელიგიაში მოქშა ან მუქტი სიტყვა-სიტყვით სამსარასგან, ანუ გარდაცვალებისა და ხელახალი დაბადებისაგან, ანუ რეინკარნაციისგან და ამქვეყნიური არსებობისთვის დამახასიათებელი ტანჯვა-ვაებისგან განთავისუფლებას ნიშნავს. ამ ცნებასთან ყველაზე ახლოს ქართული სიტყვა „ცხონება“ დგას.