ანატოლ ფრანსი - ისტორიისა და ისტორიკოსების შესახებ

ნაწყვეტი ანატოლ ფრანსის რომანიდან - „პინგვინთა კუნძული“

ერთხელ, ერთ განთქმულ სიგილოგრაფთან საუბრის შემდეგ, როცა ჩვეულებრივზე მეტად დამწუხრებული გახლდით, მოულოდნელად ასეთი აზრი დამებადა: „ბოლოს და ბოლოს, ხომ არსებობენ ისტორიკოსები, სულ ხომ არ გადაშენებულა მათი ჯიში. ხუთი თუ ექვსი მათგანი ზნეობრივ მეცნიერებათა აკადემიამ შემოინახა. ისინი ტექსტებს კი არ აქვეყნებენ, ისტორიას წერენ. იქ მაინც არ მეტყვიან, ამ საქმით (ისტორიის წერით) მხოლოდ თავქარიან კაცს შეუძლია დაინტერესდესო“. ამ აზრმა კვლავ სიმამაცით ამავსო.

მეორე დღეს (ასე ამბობენ, თორემ „ხვალინდელ დღეს“ უფრო სწორი იქნებოდა) მე ერთ-ერთ მათგანს, გამჭრიახ ბერიკაცს ვეწვიე. 

- რჩევისთვის გეახელით, ბატონო ჩემო, - მივმართე მას. - იქნებ თქვენმა გამოცდილებამ მიშველოს. საუბედუროდ, ისტორიის წერა დავიწყე, მაგრამ არაფერი გამომდის.

მან მხრები აიჩეჩა და ასე მიპასუხა:

- თავს რად იწვალებთ, ბატონო ჩემო. ისტორიის დაწერას რად ცდილობთ, როცა უკვე ცნობილის გადაწერა გაცილებით იოლი საქმეა. ჩვეულებრივ ხომ ასეც ხდება! ახალი თვალთახედვა და ორიგინალური იდეა, ადამიანების ან ნივთების ახალ ასპექტში განხილვა მხოლოდ გააოცებს მკითხველს. მას კი გაოცება არ უყვარს. ისტორიაში იგი ნაცნობ სისულელეებს დაეძებს და თუ ჭკუის სწავლებას დაუწყებთ, ამით დაამცირებთ და გააღიზიანებთ კიდეც. განმანათლებლად ნუ მოევლინებით, მაშინვე დაგკივლებს, ჩემს რწმენას შეურაცხყოფო. ისტორიკოსები ერთმანეთისაგან იწერენ. ამგვარად არც თავს იღლიან და არც ეშინიათ, ყოყლოჩინებს დავემსგავსებითო. უმჯობესია, მათ მიბაძოთ და ორიგინალობას თავი დაანებოთ, მკვლევარი ისტორიკოსი, თუ ის ჭეშმარიტი მკვლევარია, უნდობლობას, ზიზღსა და საერთო სიძულვილს იწვევს. 

„ბატონო ჩემო, - დასძინა მან. - ნუთუ გგონიათ, რაიმე ახალი რომ შემეტანა ჩემს ისტორიულ წიგნებში, ასე განთქმული და დიდებით მოსილი ვიქნებოდი? ეს სიახლე რაღაა? თავხედობაა და მეტი არაფერი!“

იგი წამოდგა. ის იყო, მადლობა გადავუხადე თავაზიანობისათვის და კარისკენ გავემართე, რომ კვლავ დამიძახა:

„ერთსაც გეტყვით, თუ გსურთ თქვენი წიგნი კარგად მიიღონ, ხელიდან ნუ გაუშვებთ შესაძლებლობას; აღფრთოვანებით აქეთ ის სათნოებანი, რასაც ჩვენი საზოგადოება ეფუძნება: სიმდიდრის ერთგულება, ღვთისმოსაობა და განსაკუთრებით კი ბედისადმი მორჩილება ღარიბთათვის. ეს წესრიგის საფუძველია. განაცხადეთ, ბატონო ჩემო, რომ საკუთრების, არისტოკრატიისა და ჟანდარმერიის არსს თქვენს ისტორიაში სწორედ იმ შესაფერისი პატივით განიხილავთ, რასაც ეს ინსტიტუტები იმსახურებენ. აღნიშნეთ, რომ, თუკი მოხდება, ზებუნებრივ მოვლენასაც აღიარებთ. მხოლოდ ამ გზით შეიძლება საზოგადოებაში წარმატება მოიპოვოთ“.

მე კარგად დავუფიქრდი ამ სამართლიან შენიშვნებს და გავითვალისწინე კიდეც ისინი.