ერნესტო ჩე გევარა - 1952 წლის 6 ივლისს დედისადმი მიწერილი წერილი

კოლუმბია, ბოგოტა
1952 წლის 6 ივლისი

საყვარელო დედა! უკვე აქ ვარ. მივუახლოვდი ვენესუელას და რამდენიმე პესოთი გავღარიბდი. უპირველეს ყოვლისა, მინდა გისურვო ბედნიერი დაბადების დღე.

ვიმედოვნებ, ამ დღეს მოყვარულ ადამიანთა შორის მხიარულად გაატარებ საკუთარ ოჯახში. მოკლედ გიამბობ, რა თავგადასავლები გადამხდა მას შემდეგ, რაც იკიტოსი დავტოვეთ. ორი ღამის განმავლობაში არ გვშორდებოდა მოსკიტების ერთგული ამალა, მესამე დილას კი სან-პაბლოს კოლონიას მივადექით.

მთავარი ექიმი ძალიან კარგი პიროვნებაა. ისევე, როგორც მთელი კოლონია, ისიც მაშინვე სიმპათიით განეწყო ჩვენ მიმართ. გამონაკლისი მხოლოდ მონაზვნები იყვნენ, რომლებიც გვეკითხებოდნენ, წირვას რატომ არ ესწრებოდითო. იქ ისინი განკარგავდნენ ყველაფერს და ვინც ეკლესიაში არ დადიოდა, საკვების ულუფას უმცირებდნენ (ჩვენც ამ ულუფის გარეშე დავრჩით, მაგრამ ბიჭები გვეხმარებოდნენ და ყოველდღე მოჰქონდათ რაიმე სასუსნავი). მონაზვნებთან ცივ ომს თუ არ ჩავთვლით, ცხოვრება არაჩვეულებრივად სასიამოვნო იყო. 14-ში ნადიმი მომიწყვეს. იყო უამრავი „პისკო“ - ჯინის ნაირსახეობა, რომელიც შესანიშნავი სასმელია. კოლონიის მთავარმა ექიმმა ჩვენი სადღეგრძელო დალია.
მეც, სასმელით შთაგონებულმა, ძალზე პანამერიკული სადღეგრძელოთი ვუპასუხე, რითაც შესანიშნავი და შესანიშნავად გალეშილი დამსწრე საზოგადოებისგან მქუხარე აპლოდისმენტები დავიმსახურე. აქ ცოტა დიდხანს დავრჩით, ვიდრე ვაპირებდით, შემდეგ კი კოლუმბიაში გავემგზავრეთ. ბოლო ღამეს კოლონიიდან დიდი კანოეთი მოვიდნენ პაციენტები, ნავმისადგომზე გამოსამშვიდობებელი სერენადები გვიმღერეს და გულისამაჩუყებელი სიტყვები გვითხრეს. ალბერტომ, რომელსაც სჯერა, რომ პერონის ნამდვილი მემკვიდრეა, ისეთი შთამბეჭდავი, დემაგოგიური სიტყვა წარმოთქვა, რომ ჩვენი კეთილისმსურველები ლამის სიცილით დაიხოცნენ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა ჩვენს მოგზაურობაში.

აკორდეონისტს მარჯვენა ხელზე თითება არ ჰქონდა და დაკვრისას მაჯაზე მიმაგრებულ პატარა ჯოხებს იყენებდა. მომღერალი ბრმა იყო. თითქმის ყველა, კეთრის ნერვული ფორმით დაავადებულნი, მახინჯ ურჩხულებს ჰგავდნენ. ამას ემატებოდა ნათურებისა და ფარნების შუქი, რომელიც მდინარეში ირეკლებოდა. ნამდვილი საშინელებათა ფილმი იყო. ეს ადგილი ძალიან ლამაზია და გარშემოტყმულია ჯუნგლით, სადაც კოლონიიდან დაახლოებით ერთი მილის მანძილზე ცხოვრობენ ადგილობრივი ტომები (ისინი, რა თქმა უნდა, მოვინახულე). აქ უამრავი თევზი და გარეული ნადირია, რომლებითაც ისინი იკვებებიან. ასევეა აურაცხელი აუთვისებელი სიმდიდრე;

ყოველივე ამის გამო დავიწყეთ ოცნება იმაზე, რომ გადაგვეკვეთა მატო-გროსოს ზეგანი მდინარით, პარაგვაიდან ამაზონამდე, გზად გვემკურნალა ავადმყოფებისთვის და ა.შ... ეს ოცნება წააგავს ოცნებას საკუთარ სახლზე... შესაძლებელია, ერთ მშვენიერ დღეს... მაგრამ ჩვენ ჭეშმარიტ მოგზაურებად მივიჩნევთ თავს, ამიტომ გავცურეთ მდინარის დინების მიმართულებით ჩინებული ტივით, რომელიც საგანგებოდ ჩვენთვის შეკრეს. პირველმა დღემ კარგად ჩაიარა, მაგრამ ღამით, იმის ნაცვლად, რომ ვახტზე ვმდგარიყავით, დამცავი ბადის ქვეშ დავიძინეთ და გავიღვიძეთ მეორე დილას, როდესაც ტივი ნაპირთან მეჩეჩზე შეჯდა.

საჭმელს მშიერი ზვიგენებივით დავეძგერეთ. ამ დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა. თითო საათიანი მორიგეობა გადავწყვიტეთ, რადგან შესაძლებელი იყო, ღამით დინებას ტივი ნაპირთან მიეგდო, მოტივტივე ტოტებს კი გადაებრუნებინა.

ჩემი მორიგეობის დროს ერთ-ერთი ქათამი, რომელიც საჭმელად მოვიმარაგეთ, წყალში ჩამივარდა და მდინარემ წაიღო, მე კი, თუმცა სან-პაბლოში მდინარე გადავცურე, ამჯერად დავფრთხი და ვერ გავბედე ჩახტომა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ყველგან ალიგატორები იყვნენ, ნაწილობრივ კი იმის გამო, რომ ღამით ცურვის შიში ბოლომდე ვერ დავძლიე. ჩემს ადგილას რომ ყოფილიყავი, დარწმუნებული ვარ, ამოათრევდი და და გადაარჩენდი ქათამს. იმავეს მოიმოქმედებდა ანა-მარია, რადგან თქვენ, ჩემგან განსხვავები არ გჩვევიათ სიბნელის შიში.

ანკესით დავიჭირეთ და ტივზე ძლივს ამოვათრიეთ უზარმაზარი თევზი. ტივს დილამდე ვყარაულობდით, შემდეგ ნაპირთან მივცურეთ და ნაჩუქარი ბადის ქვეშ შევძვერით, რადგან მოსკიტები ძალზე ბობოქრობდნენ. კარგად გამოძინებულ ალბერტოს (მას ქათამს თევზი ურჩევნია) გუნება გაუფუჭდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ჩვენი ორი ანკესი ღამით სადღაც გამქრალიყო. მახლობლად მდებარე სახლს მივაკითხეთ, რომ გაგვეგო, შორს იყო თუ არა ჩვენგან ლეტისია. როდესაც სახლის პატრონებმა სუფთა პორტუგალიურ ენაზე გვითხრა, რომ ლეტისია მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით შვიდი საათის სავალზე იყო და რომ ჩვენ ახლა ბრაზილიაში ვიმყოფებოდით, ალბერტო და მე ცხარედ წავკამათდით, რომ გაგვერკვია, რომელ ჩვენგანს დაეძინა ვახტის დროს, მაგრამ ვერაფერი დავადგინეთ.

სახლის პატრონს მივართვით თევზი და დაახლოებით ოთხკილოგრამიანი ანანასი, რომელიც კეთროვნებმა გვაჩუქეს. ღამე მის სახლში გავათენეთ. უკანა გზაზე  საკმაოდ სწრაფად მივცურავდით, მაგრამ დავიღალეთ, რადგან შვიდი საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ვუსვამდით ნიჩბებს, რასაც მიჩვეული არ ვიყავით. ლეტისიის პოლიციის უბანში გამოგვიყვეს ოთახი და საკვები. სამწუხაროდ, 50 პროცენტზე მეტი ფასდაკლებით ვერ ვიშოვეთ ავიაბილეთები და იძულებული გავხდით, გადაგვეხადა 130 და დამატებით 15 კოლუმბიური პესო ზედმეტი ბარგის წონისთვის, რაც ერთობლივად შეადგენდა 1500 არგენტინულ პესოს. იმან გადაგვარჩინა, რომ სანამ თვითმფრინავს ველოდებოდით, ფეხბურთელთა გუნდის გაწვრთნა შემოგვთავაზეს. ეს კი ორ კვირას გაგრძელდა. თავდაპირველად მათი თამაშის ხარისხის გაუმჯობესება გადავწყვიტეთ, მაგრამ იმდენად სუსტი მოთამაშეები იყვნენ, რომ ვამჯობინეთ, ჩვენ გვეთამაშა. შედეგი ბრწყინვალე აღმოჩნდა: ეს უსუსტესი გუნდი ერთ მშვენიერ დღეს ჩემპიონატის ფინალში გავიდა და მხოლოდ პენალტებით წააგო. ალბერტო ზუსტი ჩაწოდებებით თითქოს პედერნერას (არგენტინელი ფეხბურთელი) წააგავდა. ამიტომ მას პეტერნერიტა (პატარა პედერნერა) შეარქვეს, მე კი ავიღე პენალტი, რომელიც ლეტისიის ისტორიაში შევა. ზეიმი ძალიან კარგი იქნებოდა, ბოლოს კოლუმბიის ეროვნული ჰიმნი რომ არ შეესრულებინათ და იმ დროს არ დავხრილიყავი მუხლიდან სისხლის მოსაწმენდად. ამან განარისხა პოლკოვნიკი, რომელიც ყვირილით მომვარდა. მზად ვიყავი, ერთი კარგად შემეხურებინა, მაგრამ გამახსენდა ჩვენი მოგზაურობა და ენაზე ვიკბინე. თვითმფრინავი შეიკერივით გვანჯღრევდა, მაგრამ ბოლოს ბოგოტაში დაფრინდა. ფრენის დროს ალბერტო სხვა მგზავრებს უყვებოდა, რა საშინელი განცდები ჰქონდა ატლანტიკის თავზე ფრენისას, როდესაც ლეპროლოგთა კონფერენციაზე პარიზში მიფრინავდა და როგორც გამოირთო სამი ძრავა (ოთხიდან) და ასე დაასრულა: „გულწრფელად გითხრათ, ეს დუგლასები“... („დევის-დუგლასის“ ფირმის თვითმფრინავები) ისე დამაჯერებლად ჰყვებოდა, რომ თავზარი დამეცა.

ასე მეგონა, დედამიწას ორჯერ შემოვუფრინეთ. პირველმა დღემ ბოგოტაში ძალიან კარგად ჩაიარა. უნივერსიტეტში გვასადილეს, მაგრამ ვერ დაგვაბინავეს, რადგან ყველა ოთახი გადავსებული იყო გაეროს სტიპენდიანტი სტუდენტებით. რა თქმა უნდა, მათ შორის არგენტინელები არ იყვნენ. ბოლოს ღამის პირველ საათზე განგვათავსეს საავადმყოფოში - მოგვცეს სკამი, რომელზეც ღამე გავატარეთ.

ძუნწები არ ვართ, მაგრამ ჩვენი ტიპის მოგზაურები რომელიმე სასტუმროში ბურჟუაზიული კომფორტით სარგებლობაში ფულის გადახდას ნებისმიერ დისკომფორტს არჩევენ. შემდეგ ლეპროლოგიურმა სამსახურმა შეგვიფარა. მისი თანამშრომლები პირველივე დღიდან გვაკვირდებოდნენ ჩვენ მიერ ჩამოტანილი სარეკომენდაციო წერილის გამო - ეს იყო ქება-დიდებით აღსავსე ტექსტი დოქტორ პეშესგან, რომელსაც ისეთივე თანამდებობა უკავია, როგორიც - ლუსტოს (ფელიქს ლუსტო, დაიბადა 1922 წელს, ნახევარმცველი, არგენტინის რვაგზის ჩემპიონი).

ალბერტო ცხვირწინ უტრიალებდა სხვადასხვაგვარ სერტიფიკატს და სულის მოთქმა ვერ მოასწრეს, რომ მეც თავბრუ დავახვიე ჩემი ნაშრომით ალერგიის შესახებ. შედეგი? ორივეს სამუშაო შემოგვთავაზეს. დათანხმება არ მინდოდა, მაგრამ ალბერტო, გარკვეული მიზეზების გამო, მზად იყო გაეთვალისწინებინა ეს შემოთავაზება. ქუჩაში გასვლისას ამოვიღე რობერტოს (ერნესტოს ძმა) დანა, რომ რაღაც დამეხაზა ასფალტზე. ამიტომ უსიამოვნება მოგვივიდა პოლიციასთან, რომელმაც ისე დაგვაშინა, რომ სასწრაფოდ ვენესუელაში გამგზავრება გადავწყვიტეთ.

როდესაც ამ წერილს მიიღებთ, გამგზავრების სამზადისში ვიქნები. თუ წერილს მომწერთ, გამოგზავნეთ მისამართზე: კუკუტა, სანტანდერ დელ ნორტე, კოლუმბია, ან სასწრაფოდ მომწერეთ აქ, ბოგოტაში. ხვალ ვაპირებ, ვნახო მატჩი „მილიონერებსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის ყველაზე იაფფასიანი ტრიბუნიდან, რადგან ჩვენი თანამემამულეები უფრო მომჭირნეები არიან, ვიდრე - მინისტრები. აქ პიროვნების თავისუფლება უფრო მეტად იზღუდება, ვიდრე სხვაგან, პოლიციელები იარაღმომარჯვებულნი დადიან ქუჩებში და ყოველ ხუთ წუთში ამოწმებენ პასპოტებს, რომელთაც თავდაყირა ათვალიერებენ. ატმოსფერო დაძაბულია და, როგორც ჩანს რევოლუცია მზადდება. გლეხები მზად არიან ამბოხებისათვის, რომელსაც ჯარი ვერ ჩაახშობს. კონსერვატორები ერთმანეთთან კინკლაობენ და ვერ შეთანხმებულან, ხოლო 1948 წლის 9 აპრილის (რადიკალ-ლიბერალი პოლიტიკოსის, ხორხე ელიესერ გაიტანის მკვლელობის დღე) მოგონება ჯერ კიდევ მძიმე ტვირთად აწევს ყველას; მოკლედ, სულისშემხუთველი ატმოსფეროა. თუ კოლუმბიელებს სურთ ამის ატანა, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ჩვენ კი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავიძურწოთ აქედან. მგონი ალბერტო კარაკასში სამსახურის შოვნას შეძლებს.

ვიმედოვნებ მომწერთ რამდენიმე სტრიქონს და გამაგებინებთ, როგორ ხართ. ყველაფერი ბეატრისისგან ხომ არ უნდა გავიგო (მას საპასუხო წერილს არ ვუგზავნი, რადგან ერთმანეთს მხოლოდ თითო წერილს ვწერთ ყოველი ქალაქიდან. ამიტომ ვურთავ ღია ბარათს ალფრედიტო გაბელასთვის).
მოგიკითხავს შენი შვილი, რომელსაც სულის სიღრმემდე ენატრები. იმედი მაქვს, ბებრუხუნა გადაწყვეტს და გადასახლდება ვენესუელაში, იქ ცხოვრება უფრო ძვირია, მაგრამ უკეთესი შემოსავლებიცაა. ეს უნდა მოეწონოს ისეთ წუწურაქს, როგორიც ჩვენი ბებრუხანაა. სხვათა შორის, თუ აქ ცხოვრების შემდეგ ის არ გადაიყვარებს ბიძია სემს... მაგრამ თემას ნუ გადავუხვევთ. მამაჩემი თვითონ ამოიცნობს ქვეტექსტს. ჩაო.