ჰაინრიხ ბიოლი - მოცინარი

როცა პროფესიას მეკითხებიან, ვიბნევი ხოლმე: ვწითლდები და ხმა მიკანკალებს; სხვა მხრივ თავდაჯერებულ კაცად მიცნობენ. მშურს იმ ადამიანების, ვისაც შეუძლია თქვას: კალატოზი ვარ, პარიკმახერი... ასევე ბუღალტრებისა და მწერლების, შესაშურია მათი აღიარების უბრალოება, რადგან ყველა ეს პროფესია ერთი სიტყვით აიხსნება და ვრცელ ახსნა-განმარტებებს არ მოითხოვს. 

მე კი იძულებული ვარ, ამგვარ კითხვებზე ასე ვუპასუხო: მოცინარი ვარ. ხოლო ასეთი აღიარება მოითხოვს შემდგომ კითხვას: ,,ამით ცხოვრობთ?" ჭეშმარიტების შესაბამისად თუ გნებავთ, უნდა მეპასუხა: ,,დიახ"; და მე მართლაც ჩემი სიცილით ვცხოვრობ და კარგადაც, რადგან ჩემი სიცილი არის – კომერციულად რომ ვთქვათ – მოთხოვნადი. კარგი, ნასწავლი მოცინარი ვარ: სხვა არავინ იცინის ისე, როგორც მე, სხვა არავინ ფლობს ხელოვნების ჩემეულ ნიუანსებს. მომაბეზრებელი ახსნა-განმარტებების თავიდან ასაცილებლად, კარგა ხანს თავს მსახიობად ვასაღებდი, მაგრამ ჩემი მიმიკური და სამეტყველო უნარები იმდენად მწირია, რომ ეს განსაზღვრება რეალობისაგან მეტად შეუსაბამოდ გამოიყურება: მე მიყვარს ჭეშმარიტება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მოცინარი ვარ. არც კლოუნი ვარ და არც კომიკოსი, ადამიანებს კი არ ვამხიარულებ, არამედ მხიარულებას წარმოვადგენ: რომის იმპერატორივით ვიცინი, ან ვინმე მგრძნობიარე აბიტურიენტივით, მე-17 საუკუნის სიცილი ისევე მემარჯვება, როგორც მე-19 საუკუნისა. და თუ საჭიროა, ყველა საუკუნის სიცილი შემიძლია; საზოგადოების ყველა კლასის, ყველა ასაკობრივი ჯგუფისა. ეს მე უბრალოდ ისევე ვისწავლე, როგორც სხვები მაგალითად, ფეხსაცმელზე ძირების მიკვრას სწავლობენ. ჩემს მკერდში ამერიკის სიცილი სუფევს, აფრიკის სიცილი, თეთრი, წითელი, ყვითელი სიცილი – და შესაბამისი ჰონორარის საფასურად – ავაჟღერებ ხოლმე იმგვარად, როგორც რეჟისურაშია აღწერილი.

ამ მხრივ შეუცვლელიც კი გავხდი: ფირფიტებზე ვიცინი, ვიცინი ფირზეც და ხმის რეჟისორები დელიკატურად მექცევიან. ვიცინი მძიმედ, მოზომილად, ისტერიულად – ვიცინი, როგორც ტრამვაის ვატმანი ან როგორც მოსწავლე, სასურსათო პროდუქტების სფეროს შეგირდი; სიცილი დილით, სიცილი საღამოს, ღამის სიცილი და გარიჟრაჟის სიცილი, მოკლედ: სადაც ყოველთვის და როგორც ყოველთვის უნდა იცინოდნენ, და ეს ყოველივე ხელმეწიფება.

ალბათ დამიჯერებთ, რომ ასეთი ხელობა დამქანცველია, მითუმეტეს, რომ ეს ჩემი სპეციალობაა. ვფლობ აგრეთვე გადამდებ სიცილს, ასე გავხდი შეუცვლელი მესამე და მეოთხე რანგის კომიკოსებისათვის, რომლებიც სამართლიანად კანკალებენ თავიანთი ოხუნჯობების გამო, მე კი თითქმის ყოველ საღამოს ვარიეტეში ვზივარ, როგორც გარკვეული სახის კლაკერი (Claquer), სუსტ მხარეებზე გადამდებად საცინრად. ეს უდიდესი სამუშაოა: ჩემი გულწრფელი, ველური სიცილი არც დროზე ადრე, არც დაგვიანებული უნდა იყოს, ის ზუსტ მომენტში უნდა მოხდეს – შემდეგ, პროგრამის შესაბამისად, ხმამაღალი სიცილი უნდა ავტეხო, მსმენელთა მთელი ჯარი ჩემთან ერთად ფრუტუნებს და ეს სიმძაფრე უნდა შევინარჩუნო.

შემდეგ კი დაქანცული გარდერობისკენ მივიპარები, პალტოს ვიცვამ, ბედნიერი იმით, რომ ბოლოს და ბოლოს დასვენების საღამოა. სახლში უმეტესად შემდეგი შინაარსის დეპეშები მხვდება: ,,სასწრაფოდ გვჭირდება თქვენი სიცილი. მიღება სამშაბათს,"... და რამდენიმე საათის შემდეგ გადაჭედილი მატარებლის ვაგონში ვეკვეხები და საკუთარ ბედზე მოვთქვამ.

ყველა მიხვდება, რომ სამუშაოს შემდეგ ან შვებულებისას სიცილისათვის მაინცდამაინც არ უნდა ვიყო განწყობილი: მწველავს უხარია, რომ ძროხას ივიწყებს, ხოლო კალატოზი –სამშენებლო ბეტონს; დურგალს კი, როგორც წესი, სახლში ყოველთვის მოშლილი კარი ან უჯრები აქვს, რომლებიც ძლივს იღება. კონდიტერს მჟავე კიტრი უყვარს, ყასაბს – მარციპანი და ხაბაზს კი პურს ძეხვი ურჩევნია; ტორეადორებს მტრედების გარემოცვაში ყოფნა მოსწონთ, მოკრივეები ფითრდებიან, როცა მათ შვილებს ცხვირიდან სისხლი მოსდით: მე ეს ყველაფერი კარგად მესმის, რადგან თავად სამუშაო დღის ბოლოს არასოდეს ვიცინი. მე ყველაზე უფრო მკვდარი ადამიანი ვარ და ხალხი პესიმისტად მთვლის – და ალბათ სამართლიანადაც.

ჩვენი ქორწინების პირველ წლებში ცოლი ხშირად მეუბნებოდა: ,,გაიცინე, რა!" მაგრამ თანდათან მისთვის ცხადი გახდა, რომ ამ სურვილის შესრულება არ შემეძლო. მიხარია, რომ ჩემ დაძაბულ სახის კუნთებს და განწყობას ღრმა სერიოზულობით განვმუხტავ ხოლმე. დიახ, სხვისი სიცილიც მაღიზიანებს, რადგან ძალზედ მახსენებს ჩემს პროფესიას. ასე და ამგვარად, ჩვენ ჩუმი, მშვიდი ცოლ-ქმრობა გვაქვს, რადგან ჩემი ცოლიც გადაეჩვია სიცილს: ზოგჯერ ღიმილს ვამჩნევ ხოლმე და მაშინ მეც ვიღიმები. ერთმანეთს ჩუმად ველაპარაკებით, რადგან მძულს ვარიეტეს ხმაური, ხმაური მისაღებ ოთახებში რომაა გამეფებული. ვინც არ მიცნობს, საკუთარ თავში ჩაკეტილ კაცად მთვლის. იქნებ ვარ კიდეც, რადგან პირს ძალიან ხშირად მხოლოდ სიცილისთვის ვაღებ.

უძრავი მიმიკით მივაბიჯებ ცხოვრებაში, დროდადრო თავს მხოლოდ ნაზი ღიმილის უფლებას ვაძლევ და ხშირად იმაზე ვფიქრობ, მართლაც გავიცინე თუ არა, მე მგონი, არა. ჩემი და-ძმა ამბობს, რომ ყოველთვის ყველაფერში პირველი ვიყავი.

ასე და ამგვარად, მრავალნაირად ვიცინი, მაგრამ საკუთარ სიცილს როდი ვიცნობ.

„ლიტერატურული გაზეთი“ N18. 22 იანვარი-4 თებერვალი, 2010წ. 
თარგმნა - რუსუდან ბეჟაშვილმა