ნორმან როკველის ნახატი სოთბის აუქციონზე რეკორდულ ფასად - 46 მილიონ დოლარად გაიყიდა

Saying Grace
ნორმან როკველის ნახატი - „Saying Grace“ ნიუ-იორკის აუქციონზე 46 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. სოთბის აუქციონის წარმომადგენელთა განცხადებით, ეს ყველაზე დიდი თანხაა, რაც კი აუქციონზე ამერიკელი ავტორის ტილოში გადაუხდიათ. 

ნახატი 15-20 მილიონად იყო შეფასებული. მყიდველის ვინაობა არ სახელდება, აუქციონზე დაფიქსირებული 46 მილიონი კი პრემიელურ თანხასაც მოიცავს.

2006 წელს, სოთბის აუქციონზე როკველის ნამუშევარი - „Breaking Home Ties“ 15 მილიონზე მეტად  გაიყიდა. 2013 წლის 4 დეკემბერს გამართულ აუქციონზე როკველის სხვა ნამუშევრებიც გასხვისდა:  „The Gossips“ - თითქმის 8.5 მილიონად, „Walking to Church“ კი 3.2 მილიონ დოლარზე მეტად.
Breaking Home Ties
თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, სამივე ნამუშევარი ნორმან როკველის მუზეუმში, სტოკბრიჯში, მასაჩუსეტსში ინახებოდა. მუზეუმი მხატვრის მშობლიურ ქალაქში მდებარეობს და მისი ნამუშევრების ყველაზე დიდ კოლექციას მოიცავს. 

„The Saturday Evening Post“ - მა „Saying Grace“-თვის როკველს 3.500 დოლარი გადაუხადა. 1951 წელს ნამუშევარი მადლიერების დღისადმი მიძღვნილი ნომრის გარეკანზე გამოჩნდა, 1955 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად კი მკითხველის ფავორიტ გარეკანად დასახელდა.

ილუსტრაციის ინსპირატორი გახდა მკითხველი, რომელმაც რესტორანში მლოცველი მენონიტების ოჯახი შენიშნა. ამ ნახატზე მუშაობისას მხატვრისთვის მისი ვაჟი - ჯერვისიც პოზირებდა.

ილუსტრატორმა, რომელმაც პირველი გარეკანი 1916 წელს შექმნა, „The Saturday Evening Post“-ში 47 წელი გაატარა და გამოცემის 321 გარეკანი შექმნა. ნორმან როკველი 1978 წელს გარდაიცვალა.  
„The Gossips“, 1948 წლის 6 მარტის ნომრის გარეკანის ილუსტრაციაზე მხატვრის მეზობლები არიან გამოსახული. პოსტერზე როკველის ცოლი მერი და თავად როკველიც არიან ასახულნი - თითს იქნევენ და ტელეფონზე საუბრობენ.

„Walking to Church“ „The Saturday Evening Post“-ის გარეკანზე 1953 წლის 4 აპრილს გამოჩნდა. ილუსტრაცია როკველმა იან ვერმეერის ნახატის საფუძველზე შექმნა.
Walking to Church
აღნიშნული სამი ტილო, როკველის ოთხ სხვა ნამუშევართან ერთად კენეტ სტუარტის ოჯახმა გაყიდა. როკველი და სტუარტი, რომელიც ჟურნალში მხატვრის არტ-დირექტორი იყო, ერთად 18 წლის მანძილზე მუშაობდნენ.

როკველის მუზეუმის დირექტორმა ლორი ნორტონ მოფატმა იმედი გამოთქვა, რომ მხატვრის სამი ნამუშევარი საბოლოოდ მუზეუმში დაბრუნდება. „ჩვენ მათზე ბავშვებივით ვზრუნავთ. იმედი გვაქვს, რომ ერთ დღეს ისინი მუზეუმში დაბრუნდება. გვწამს, რომ მათი ადგილი სწორედ აქაა“.

წყარო  - theguardian