მილან კუნდერა - მოპარული დასავლეთი ანუ ცენტრალური ევროპის ტრაგედია

1956 წლის ნოემბერში, ახალი ამბების უნგრეთის სააგენტოს დირექტორმა, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე საარტილერიო ცეცხლი მის ოფისს მიწასთან გაასწორებდა, მთელ მსოფლიოს გაუგზავნა სასოწარკვეთილი შეტყობინება - დეპეშა, რომელიც ბუდაპეშტში რუსების შეჭრას იუწყებოდა. ტექსტი მთავრდებოდა სიტყვებით: “ჩვენ დავიხოცებით უნგრეთისა და ევროპისთვის”.

რას ნიშნავდა ეს ფრაზა? იგი უცილობლად ნიშნავდა, რომ რუსული ტანკები ემუქრებოდნენ უნგრეთსა და თვით ევროპას.

მაგრამ რას გულისხმობდა ეს მუქარა? რუსული ტანკები ევროპის საზღვრის გავლით ევროპაში შეჭრას აპირებდნენ? არა. ახალი ამბების უნგრეთის სააგენტოს დირექტორი გულისხმობდა, რომ უნგრეთზე თავდასხმით რუსები ევროპასაც უტევდნენ. იგი მზად იყო სასიკვდილოდ, ოღონდ უნგრეთი დარჩენილიყო უნგრეთად და ევროპის ნაწილად.

ამ ფრაზის აზრი დღეს თითქოს გავიგეთ, მაგრამ იგი მაინც დაგვაფიქრებს. სინამდვილეში საფრანგეთშიც, ამერიკაშიც მიაჩნიათ, რომ შეჭრისას სასწორზე დაიდო პოლიტიკური რეჟიმის არსებობა და არა უნგრეთის ან ევროპის არსებობა.

ამერიკასა და საფრანგეთში არავის ეგონა, რომ ეს უნგრეთს, როგორც ქვეყანას ემუქრება და საერთოდ ვერავინ გაიგო, რატომ მიმართა ევროპას უნგრელმა, რომელიც სიკვდილს თვალს უსწორებდა. როცა სოლჟენიცინი კომუნისტური ჩაგვრის წინააღმდეგ გამოვიდა, განა ევროპას მოუწოდა, როგორც ფუნდამენტური ფასეულობის მატარებელს? არა. “სიკვდილი საკუთარი ქვეყნისა და ევროპისთვის” - მოსკოვსა და ლენინგრადში ასეთი რამ არავის მოუვა აზრად; მაგრამ ბუდაპეშტსა თუ ვარშავაში სწორედ ასე იფიქრებენ.

* * *

რას ნიშნავს ევროპა უნგრელისთვის, ჩეხისთვის, პოლონელისთვის? ათასწლეულების განმავლობაში ეს ქვეყნები იყო ნაწილი ევროპისა, რომლის საძირკველი გახდა რომაული ქრისტიანობა. მასზეა მიჯაჭვული ამ ხალხების ისტორია. მათთვის სიტყვა “ევროპა” გეოგრაფია კი არ არის, არამედ სულიერების სფეროა და სიტყვა “დასავლეთის” სინონიმია. იმ მომენტში, როცა უნგრეთი აღარ არის ევროპის ნაწილი, იგი აღარც დასავლეთის ნაწილია, მაშასადამე საკუთარ ისტორიას და ბედისწერას, საკუთარ არსს ჰკარგავს.

“გეოგრაფიული ევროპა” (რომელიც ატლანტიკიდან ურალამდეა გადაჭიმული) ყოველთვის ორ ნაწილად იყოფოდა, თითოეული მათგანი დამოუკიდებლად ვითარდებოდა: ერთი განუყოფლად უკავშირდებოდა ანტიკურ რომსა და კათოლიკურ ეკლესიას, მეორე - ბიზანტიასა და მართლმადიდებელ ეკლესიას ეყრდნობოდა. 1945 წლის შემდეგ ამ ორ ევროპას შორის საზღვარმა რამდენიმე ასეული კილომეტრით გადაიწია დასავლეთით, და ერთ მშვენიერ დილას რამდენიმე ერმა, ყოველთვის დასავლეთად რომ მიიჩნევდნენ თავს, აღმოაჩინეს, რომ ახლა აღმოსავლეთში იყვნენ.

ამის შედეგად, ომის მერე ვითარება სხვადასხვაგავარად ჩამოყალიბდა ევროპის სამ ნაწილში: დასავლეთში, აღმოსავლეთში და - ყველაზე მძაფრად - იმ ნაწილში, რომელიც გეოგრაფიულად ცენტრშია და რომლის კულტურაც დასავლეთის კუთვნილებაა, პოლიტიკური რეჟიმი კი - აღმოსავლეთისა.

წინააღმდეგობრიობა ევროპისა, რომელსაც ცენტრალურს ვუწოდებ, გვეხმარება, გავიგოთ, რატომ იყო აქ თავმოყრილი ბოლო ოცდათხუთმეტი წლის ყველაზე დრამატული ევროპული მოვლენები: 1956 წელს უნგრეთის დიდი აჯანყება და ამას მოყოლილი სისხლისღვრა; პრაღის გაზაფხული და ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია 1968 წელს; აჯანყებები პოლონეთში 1956, 1968, 1970 წელს და სულ ცოტა ხნის წინ. თავისი დრამატიზმითა და ისტორიული გავლენით “გეოგრაფიული” (დასავლეთი თუ აღმოსავლეთი) ევროპის ვერც ერთი მოვლენა ვერ შეედრება ცენტრალური ევროპის აჯანყებებს. თითოეულ მათგანს თითქმის უკლებლივ უჭერდა მხარს მთელი მოსახლეობა, და ვერც ერთი რეჟიმი სამ საათსაც კი ვერ გაძლებდა რუსების დაუხმარებლად.

დროა, შევიგნოთ: ის, რაც პრაღასა და ვარშავაში ხდება, საფუძველშივე არ არის აღმოსავლეთ ევროპის, საბჭოთა ბლოკის ან კომუნიზმის დრამა; ესაა დასავლეთის დრამა - დასავლეთს ემუქრებიან, ავიწროვებენ, ტვინს ულაყებენ, ის კი ჯიუტად იცავს თავის არსს.

ერის ან ცივილიზაციის თვითშეგნება თავმოყრილია იმაში, რასაც “კულტურას” ვუძახით. და თუ ამ თვითშეგნებას გაქრობა ემუქრება, კულტურული ცხოვრების ინტენსივობა შესაბამისად იზრდება, მას სულ უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, სანამ კულტურა ცხოვრებისეულად აუცილებელ ფასეულობად არ იქცევა.

აი, რატომაა, რომ ყოველი ცენტრალურევროპული აჯანყების დროს კულტურული ტრადიცია და თანამედროვეთა შემოქმედება უზარმაზარ და გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს - გაცილებით მეტს, ვიდრე სხვა მასობრივი აჯანყებებისას ევროპაში.

სწორედ უნგრელმა მწერლებმა (თავიანთ ჯგუფს რომანტიკოსი პოეტის შანდორ პეტეფის სახელი რომ დაარქვეს), დაიწყეს რეჟიმის მძაფრი კრიტიკა და მოამზადეს 1956 წლის აფეთქება. 1968 წლის წინაპერიოდში სწორედ თეატრის, კინოს, ლიტერატურისა და ფილოსოფიის გავლენამ მოიტანა პრაღის გაზაფხული. სწორედ დიდი პოლონელი პოეტის ადამ მიცკევიჩის პიესის აკრძალვამ გამოიწვია პოლონელი სტუდენტების ცნობილი აჯანყება 1968 წელს. კულტურისა და ცხოვრების, შემოქმედებისა და სახალხო მოძრაობის ამ ბედნიერმა კავშირმა მიანიჭა ცენტრალურევროპის აჯანყებებს განუმეორებელი მომაჯადოებლობა, რომელიც მუდამ ხიბლავდა იმათ, ვინც იმ დროს მოესწრო.

* * *

შეიძლება, მითხრან, ვაღიარებთ, რომ ცენტრალურევროპული ქვეყნები ნამდვილად იცავდნენ საკუთარ იდენტურობას, რომელსაც საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ მარტო ეგენი არ იყვნენ ამ დღეშიო, რუსეთიც იმავე მდგომარეობაშია. მასაც შეუძლია თვითმყოფადობის დაკარგვაო. არ ვდაობ, ერებს რუსეთი კი არა, კომუნიზმი ართმევს არსს, სახეს და რუს ხალხს თავის პირველ მსხვერპლად აქცევს. რუსული ენა საბჭოთა იმპერიის სხვა ერების ენებს იმიტომ კი არ ახრჩობს, რომ რუსებს სხვების “რუსიფიკაცია” უნდათ, არამედ იმიტომ, რომ საბჭოთა ბიუროკრატიას - ღრმად არანაციონალურს, ანტინაციონალურს, ნაციონალურის მიღმა დარჩენილს - ქვეყნის უნიფიკაციისთვის იარაღი სჭირდება.

მესმის ეს ლოგიკა. მესმის რუსების შიშიც, რომ მათ საყვარელი სამშობლო შეიძლება, ვინმეს საზიზღარ კომუნიზმში აერიოს. მაგრამ აუცილებელია, გაუგო პოლონელებსაც, ვისი სამშობლოც, თუ არ ჩავთვლით მოკლე პერიოდს ორ მსოფლიო ომს შორის, ორი საუკუნის განმავლობაში ჰყავდა დამონებული რუსეთს, და ჯიუტად და დაუნდობლად განიცდიდა “რუსიფიკაციას” - ზეწოლას გარუსების მიზნით. ცენტრალურ ევროპაში, დასავლეთის აღმოსავლეთ მიჯნაზე მარტო პოლონელები კი არა, ყველა განსაკუთრებით მგრძნობიარეა რუსული ძლიერებიდან მომავალი მუქარისადმი. ფრანტიშეკ პალაცკიმ, გამოჩენილმა ისტორიკოსმა და XIX საუკუნის ჩეხეთის პოლიტიკური წრის ტიპიურმა წარმომადგენელმა, 1848 წელს ფრანკფურტის რევოლუციურ პარლამენტს მისწერა წერილი, რომელიც ფართოდ გახმაურდა. პალაცკი ჰაბსბურგთა იმპერიის ხანგრძლივ არსებობას ამართლებდა, ვინაიდან ეს იყო ერთადერთი ფარი რუსეთისგან “დერჟავისგან, რომელმაც ჩვენს ეპოქაში უკვე მიაღწია საზარელ ძლიერებას, კიდევ უფრო იკრებს ძალას და დაუძლეველი ხდება ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოსთვის.”

პალაცკი გვაფრთხილებდა: რუსეთს უნდა, რომ გახდეს “მსოფლიო მონარქია”, იგი მსოფლიოს ბატონობას ესწრაფვის. “რუსული მსოფლიო მონარქია, - წერდა პალაცკი, - გიგანტურ, წარმოუდგენელ კატასტროფად, განუზომელ, უსაზღვრო უბედურებად იქცევა.” ცენტრალური ევროპა, პალაცკის აზრით, უნდა იქცეს თანასწორუფლებიანი ხალხების ოჯახად. თითოეული მათგანი პატივს სცემს დანარჩენებს, ძლიერი სახელმწიფო მფარველობს და შეუძლია, თავისი ინდივიდუალობის განვითარება. ეს ოცნება ბოლომდე არასოდეს განხორციელებულა და კვლავინდებურად მძლავრია და მიმზიდველი. ცენტრალური ევროპა ყოველთვის ცდილობდა, თავის მცირე ტერიტორიაზე დაეტია კულტურათა ისეთივე მრავალგვარობა, როგორიც თავმოყრილია მთელ ევროპაში; ქცეულიყო ზეევროპულ ევროპად, მის შემცირებულ ასლად, რომელიც დაეფუძნებოდა ერთადერთ წესს - მაქსიმალური მრავალფეროვნება მინიმალურ სივრცეზე.

როგორ არ შეძრწუნდებოდა რუსეთის შემხედვარე, რომელიც ემყარება სრულიად საპირისპირო პრინციპს - მინიმალური მრავალფეროვნება მაქსიმალურ სივრცეზე?

მრავალფეროვნების მოყვარული ცენტრალური ევროპისთვის რა შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო უცხო, ვიდრე რუსეთი: მონოლითური, ცენტრალიზებული, ქვეყანა, რომელიც მიზნად ისახავს იმპერიაში შემავალი ყველა ერის (უკრაინელების, ბელორუსების, სომხების, ლატვიელების და სხვების) გადაქცევას ერთ რუს ხალხად (ან როგორც საყოველთაოდ მიღებული ენობრივი მისტიფიკაციების ეპოქაში იტყვიან “ერთიან საბჭოთა ხალხად”).

და მაინც: კომუნიზმი რუსეთის ისტორიის უარყოფაა თუ მისი განხორციელება? უეჭველად, მისი უარყოფაცაა (მაგალითად, რუსული რელიგიურობის უარყოფა) და განხორციელებაც (ცენტრალიზმისკენ მსწრაფველი ტენდენციებისა და იმპერიული სურვილების განხორციელება).

რუსეთში უპირატესად პირველ ასპექტს ამჩნევენ - ტრადიციის წყვეტას. დამონებულ ქვეყნებში მიიჩნევენ, რომ უფრო მნიშვნელოვანია მეორე - კომუნიზმის მემკვიდრეობითობა.

* * *

მეტისმეტი კატეგორიულობა ხომ არ გამოვიჩინე რუსეთისა და დასავლური ცივილიზაციის დაპირისპირებისას? განა ევროპა, თუნდაც აღმოსავლეთად და დასავლეთად გაყოფილი ევროპა ძველებურად ერთი მთლიანობა, ანტიკური საბერძნეთისა და იუდაისტურ-ქრისტიანული ფილოსოფიის მემკვიდრე არ არის? რასაკვირველია. მეტსაც გეტყვით, მთელი მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში, ევროპით მოხიბლული რუსეთი მისკენ მიიწევდა. ევროპისთვისაც მიმზიდველი იყო რუსეთი. რილკე ამტკიცებდა, რუსეთი ჩემი სულიერი სამშობლოაო, ყველამ განიცადა გავლენა რუსული რომანებისა, რომლებიც საერთოევროპული კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.

ყველაფერი ასეა. ორი ევროპის მაშინდელი დაახლოება მშვენიერი, დაუვიწყარი მოგონებაა. მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ კომუნიზმმა რუსეთში ძველი, ანტიდასავლური ფობიები გააღვიძა და უხეშად მიმართა ევროპის წინააღმდეგ. მაგრამ ჩემი განსჯის საგანი არ არის რუსეთი, სპეციალური ცოდნა არ გამაჩნია და მეშინია, მის უკიდეგანო პრობლემებში არ ჩავიკარგო. მხოლოდ ის მინდა, რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა: რუსეთი უბრალოდ ერთ-ერთი ევროპული დერჟავა კი არ არის, არამედ დასავლეთის აღმოსავლეთ მიჯნაზე მდგარი განსაკუთრებული ცივილიზაციაა, სხვა ცივილიზაცია.



ჩესლავ მილოში წიგნში “მშობლიური ევროპა” წერს: XVI და XVII საუკუნეებში პოლონელები რუსებს ეომებოდნენ “გაწელილი საზღვრის გასწვრივ. თავად რუსები მაინცდამაინც არავის აინტერესებდა… ამ ომისას პოლონელებს მხოლოდ სიცარიელე დახვდათ, და ესაა მიზეზი, რომ პოლონელების წარმოდგენით, რუსეთი “სადღაც იქითაა” - სამყაროს მიღმა.”

კაზიმირ ბრანდისი “ვარშავულ დღიურში” ერთი პოლონელი მწერლის ანა ახმატოვასთან შეხვედრის ამბავს ჰყვება. პოლონელმა დაიჩივლა, ყველა ჩემი ნაწარმოები აკრძალულიაო.
- ციხეში იჯექით? - შეაწყვეტინა ახმატოვამ.
- არა.
- მწერალთა კავშირიდან მაინც გაგრიცხავდნენ.
- არა.
ახმატოვას გულწრფელად გაუკვირდა:
- აბა, რაღა გაწუწუნებთ?

ბრანდისი შენიშნავს: “ჭეშმარიტად რუსული ნუგეშია. ვეღარაფერი შეზარავთ მას მერე, რაც რუსეთს დაემართა. მაგრამ ეს საჩვენო ლოგიკა არ არის. ჩვენ რუსეთის ბედს აღვიქვამთ, როგორც რაღაც უცხოს, ჩვენ რომ არ გვეხება, ამაზე ჩვენ არ ვაგებთ პასუხს. გვთრგუნავს, მაგრამ ჩვენ სხვა ხვედრი გვაქვს. იგივე შემიძლია ვთქვა რუსულ ლიტერატურაზეც. მაშინებს. ახლაც კი თავზარს მცემს გოგოლის ზოგიერთი ნაწარმოები და ყველაფერი, რაც სალტიკოვ-შჩედრინს დაუწერია. მირჩევნია, მაგათ სამყაროზე არაფერი ვიცოდე, არც კი ვიცოდე მისი არსებობა.” ბრანდისის მსჯელობა, რასაკვირველია, გოგოლის მნიშვნელობას კი არ უარყოფს, არამედ საქვეყნოდ აცხადებს მისი პროზის ფურცლებიდან აღმართულ საშინელებას. ეს სამყარო - თუ საკმაოდ შორიდან შეჰყურებთ - გვიზიდავს და გვხიბლავს, მაგრამ როგორც კი შიგნით აღმოვჩნდებით, მაშინვე ვხვდებით, რამდენად უცხოა ის ჩვენთვის. არ ვიცი, ეს სამყარო ჩვენსაზე უარესია თუ არა, მაგრამ სხვანაირი ნამდვილად არის: რუსეთში კატასტროფების სხვა (უფრო დიდი) მასშტაბია, სივრცის სხვა სახეა (ისეთი უზარმაზარი, რომ შიგ მთელი ერები იკარგება), დროის სხვა შეგრძნება (ნელი და მოთმინებით აღსავსე), სიცილის, ცხოვრების, სიკვდილის სხვა მანერა.

აი, რატომ იციან ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა: ის, რაც 1945 წლის შემდეგ დაემართათ, უბრალოდ პოლიტიკური კატასტროფა კი არ არის, ესაა შეტევა მათ ცივილიზაციაზე. მათი წინააღმდეგობის სიღრმისეული აზრია ბრძოლა საკუთარი არსის შესანარჩუნებლად, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლეთისთვის თავისი კუთვნილებისთვის.

* * *

არავითარი ილუზია არ დარჩენილა რუსეთის სატელიტ ქვეყნებში პოლიტიკური რეჟიმების თაობაზე. მაგრამ გვავიწყდება მათი ტრაგედია: ისინი გაჰქრნენ დასავლეთის პოლიტიკური რუკიდან. რატომ დარჩა შეუმჩნეველი მათი გაქრობა? ჩვენი აზრით, მიზეზი თვით ცენტრალურ ევროპაშია. პოლონელებს, ჩეხებს, სლოვაკებს, უნგრელებს ბობოქარი და ქაოტური ისტორია ჰქონდათ. სახელმწიფოებრიობის ტრადიცია მათთან უფრო სუსტი და მერყევი იყო, ვიდრე დიდ ევროპულ ქვეყნებში. რუსეთსა და გერმანიას შორის ჩაჭყლეტილი ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა მთელი ენერგია გადარჩენისთვის ბრძოლასა და მშობლიური ენის შენარჩუნებას მოახმარეს. ისინი სრულად არასოდეს ჩართულან ევროპის თვითშეგნებაში და დასავლეთის ნაკლებად ცნობილ და მერყევ ნაწილად რჩებოდნენ, თან საკუთარი უცნაური, ძნელად გასაგები ენების ფარდის მიღმა.

ავსტრიულ იმპერიას უნიკალური შესაძლებლობა ჰქონდა, ცენტრალური ევროპისგან ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო ჩამოეყალიბებინა. მაგრამ სამწუხაროდ, მაღალშუბლიანმა გერმანულმა ნაციონალიზმმა ავსტრიელებს არ დაანება მათი ცენტრალურევროპული მისიის შესრულება.

მათ ვერ შესძლეს თანასწორ ერთა ფედერაციის შექმნა და ეს მარცხი მთელი ევროპისთვის უბედურებად იქცა. თავიანთი მდგომარეობით უკმაყოფილო ცენტრალური ევროპის ხალხებმა 1918 წელს იმპერია შიგნიდან ააფეთქეს, არ ესმოდათ, რომ იმპერია ცუდი იყო, მაგრამ ჩასანაცვლებელი არაფერი ჰქონდათ. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ცენტრალური ევროპა დაიშალა პატარ-პატარა, სუსტ სახელმწიფოებად, რომელთა უღონობამ შესაძლებელი გახადა ჯერ ჰიტლერის მიერ მათი დაპყრობა, შემდეგ სტალინის ტრიუმფი. ალბათ ამ ამბების ხსოვნა აიძულებს ევროპელებს, რომ ცენტრალური ევროპას უყურონ, როგორც კატასტროფების წყაროს.

თუმცა, გულახდილად გითხრათ, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ცენტრალური ევროპის შეცდომა “სლავური სამყაროს იდეოლოგიითაა გამოწვეული.” საგანგებოდ ვიყენებ სიტყვას “იდეოლოგია”, რადგან ყოველივე ეს XIX სუკუნეში ჩაფიქრებული პოლიტიკური მისტიფიკაციის ნაწილია.

ჩეხებს (თავიანთი ელიტის გაფრთხილებების მიუხედავად) მოსწონდათ “სლავური იდეოლოგიის” ბავშვურად ფრიალი, ეგონათ, რომ ეს დაიცავდათ გერმანული აგრესიისგან. რუსებმა კი სიამოვნებით გამოიყენეს იგი საკუთარი იმპერიული გეგმების გასამართლებლად. “რუსები ყველაფერს რუსულს სლავურს არქმევენ, რათა მერე ყველაფერ სლავურს რუსული დაარქვან”, - ასე აფრთხილებდა 1844 წელს დიდი ჩეხი მწერალი კარელ გავლიჩეკი თანამემამულეებს რუსეთით ბრიყვული აღტაცების ხიფათის თაობაზე. მაგრამ ამ სიტყვებს ყურადღება არ მიაქციეს, რადგან ჩეხებს ათასწლეულების განმავლობაში პირდაპირი შეხება რუსებთან არასოდეს ჰქონიათ. საერთო ენობრივი საფუძვლის მიუხედავად, ჩეხები და რუსები არასდროს ყოფილან ერთი სამყაროს, ერთი ისტორიის, ერთი კულტურის ნაწილი. პოლონელებისა და რუსების ურთიერთობა კი ყოველთვის შეიძლებოდა განსაზღვრულიყო, როგორც “სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა”.

წარმოშობით პოლონელ ჯოზეფ კონრადს აღიზიანებდა იარლიყი “სლავური სული”, რომელსაც მას და მის წიგნებს აწებებდნენ. დაახლოებით სამოცი წლის წინ წერდა: “იმისთვის, რასაც ლიტერატურულ სამყაროში “სლავურ სულს”უწოდებენ, არაფერია უფრო უცხო, ვიდრე პოლონური ხასიათი, თავისი რაინდული ერთგულებით ზნეობრივი შეზღუდვებისადმი და პიროვნების უფლებების გამძაფრებული პატივისცემით”. (როგორ კარგად მესმის! მეც არაფერი ვიცი უფრო უაზრო, ვიგრე ბუნდოვანი სიღრმეების ეს კულტი, ჭრაჭუნა და ცარიელი მსჯელობები “სლავურ სულზე”, რომელსაც პერიოდულად მომაწერენ!)

და მაინც, ისტორიოგრაფიაში დამკვიდრდა “სლავური სამყაროს” იდეა. და 1945 წლის შემდეგ ევროპის გაყოფა, რომელმაც ვითომდა სლავური სამყარო გააერთიანა (საწყალი უნგრელებისა და რუმინელების ჩათვლით, ვისი ენებიც, რასაკვირველია, სლავური არ არის - მაგრამ წვრილმანები რა სალაპარაკოა) თითქმის ბუნებრივ გადაწყვეტილებად აღიქვეს.

* * *

გამოდის, თვითონ ცენტრალური ევროპის ბრალი ყოფილა, რომ დასავლეთმა ვერც კი შენიშნა მისი გაუჩინარება? არც ეგრეა საქმე. XX საუკუნის დასაწყისში ცენტრალურ ევროპას, პოლიტიკური სისუსტის მიუხედავად, დიდი, შესაძლოა, უდიდესი კულტურა ჰქონდა.

უყოყმანოდ აღიარებენ ვენის - ფროიდისა და მალერის ქალაქის მნიშვნელობას, მაგრამ მნიშვნელობისა და ორიგინალობის ეს გამოვლენა ხომ მხოლოდ სხვა ქალაქებისა და ქვეყნების შემოქმედებითი მონაწილეობის ფონზე იყო შესაძლებელი. ატონალური სისტემა შონბერგის სკოლამ შექმნა, მაგრამ ტონალურ პრინციპზე დაფუძნებული მუსიკის უკიდურესი შესაძლებლობები XX საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა მუსიკოსმა, უნგრელმა ბელა ბარტოკმა აღმოაჩინა. პრაღელი კაფკასა და ჰაშეკის რომანებმა შექმნა შეუდარებელი კონტრაპუნქტი ვენელი მუზილისა და ბროხის რომანებთან. არაგერმანულენოვან ქვეყნებში 1918 წლის შემდეგ შემოქმედებითმა აქტივობამ მოიმატა კიდეც: ქვეყნიერებამ გაიგო პრაღის ლინგვისტური წრისა და სტრუქტურალიზმის მიღწევების ამბავი. პოლონეთში კი დიადმა სამეულმა - ვიტოლდ გომბროვიჩმა, ბრუნო შულცმა და სტანისლავ ვიტკევიჩმა - წინ გაუსწრო 50-იანი წლების ევროპულ მოდერნიზმს, განსაკუთრებით, ეგრეთ წოდებულ აბსურდის თეატრს. ჩნდება კითხვა: ეს საყოველთაო კულტურული აღმასვლა უბრალო დამთხვევა იყო? თუ მიზეზი ძველი ტრადიციაა, საერთო წარსული? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცენტრალური ევროპა მართლა კულტურული მთლიანობაა საკუთარი ისტორიით? და თუ ეს მთლიანობა არსებობს, სადაა მისი საზღვრები?

არ ღირს მათი ზუსტად გავლება სცადო. ცენტრალური ევროპა არ არის სახელმწიფო: ეს განსაკუთრებული კულტურაა ან ბედისწერა. მისი საზღვრები მხოლოდ წარმოსახვაში არსებობს და ისტორიული ვითარების მიხედვით უახლოვდება ერთმანეთს.

მაგალითად, XVI საუკუნის დასასრულს, პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში შეიკრიბნენ ინტელექტუალები (მასწავლებლებიც და სტუდენტებიც): ჩეხები, ავსტრიელები, ბავარიელები, საქსონიელები, პოლონელები, ლიტველები, უნგრელები და რუმინელები - ნიმუში მრავალნაციონალური საზოგადოებისა, სადაც ყოველი ერი შეინარჩუნებდა მშობლიურ ენას. სინამდვილეში სწორედ კარლის უნივერსიტეტის (რომლის რექტორიც ერთ დროს რელიგიური რეფორმატორი იან გუსი იყო) გავლენამ შეუწყო ხელი ბიბლიის პირველი თარგმანების გამოჩენას რუმინულ და უნგრულ ენაზე.

მერე იყო გუსისტური ომები, მათიაშ კორვინის ეპოქის უნგრული რენესანსი, რომელმაც მთელ ევროპაზე იქონია გავლენა, ჰაბსბურგის იმპერიის ჩამოყალიბება სამი დამოუკიდებელი სახელმწიფოს - ბოჰემიის, უნგრეთისა და ავსტრიის გაერთიანების შედეგად, ომები თურქებთან, XVII საუკუნის კონტრრეფორმაცია. ამ ეპოქაში ცენტრალური ევროპის კულტურული თავისებურება გამოვლინდა ბაროკოს აყვავებით, რომელმაც უზარმაზარი სივრცე მოიცვა ზალცბურგიდან ვილნიუსამდე.

ევროპის რუკაზე აღინიშნა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსი: ბაროკოს ცენტრალური ევროპა (ირაციონალური საწყისის უპირატესობით, ფერწერის, ქანდაკებისა და განსაკუთრებით, მუსიკის პრიმატით) და კლასიცისტური საფრანგეთი (რაციონალური უპირატესობით, სადაც პირველ ადგილზე ლიტერატურა და ფილოსოფია იდგა). ბევრს სწორედ ბაროკოს პერიოდი მიაჩნია საფუძვლად საკვირველი აღმასვლისა ცენტრალურევროპულ მუსიკაში, რომელიც განვითარდა ჰაიდნიდან შონბერგამდე, ლისტიდან ბარტოკამდე და იქცა კონცენტრირებულ გამოსახვად გზისა, რომელიც გაიარა მთელი კონტინენტის მუსიკამ.

XIX საუკუნეში ბრძოლამ ეროვნული სახელმწიფოების შესაქმნელად (პოლონელების, უნგრელების, ჩეხების, სლოვაკების, ხორვატების, სლოვენიელების, რუმინელების, ებრაელების ბრძოლამ) ხალხები ერთმანეთთან დააპირისპირა. და მაინც, ყველამ - დაცალკევებულებმა, ეგოისტურებმა, იზოლირებულებმა - გაიარა ეგზისტენციური გამოცდა, გაიარა არჩევანი არსებობასა და გაქრობას შორის, სხვაგვარად რომ ვთქვათ, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და უფრო მრავალრიცხოვან ეთნოსში ჩაკარგვას შორის. იმპერიის მმართველ ერს, ავსტრიელებსაც კი შეექმნათ საფრთხე, რომ უფრო მსხვილ გერმანიას ჩაეყლაპა.

ებრაელებზე აღარაფერს ვამბობ. იმავე ცენტრალურ ევროპაში აღმოცენებული სიონიზმი მათი არჩევანი იყო - არჩევანი, რომელიც უარყოფდა ასიმილაციას. XX საუკუნე გახდა მოწმე ავსტრიული იმპერიის ნგრევისა, რუსული ოკუპაციისა და ცენტრალურევროპული აჯანყებების გაწელილი პერიოდისა, რაც მსხვილი ფსონი იყო თამაშში გაურკვეველი შედეგით.

ამგვარად, ცენტრალური ევროპა ვერ შემოისაზღვრება და განისაზღვრება პოლიტიკური კორდონებით (ისინი ხელოვნურია, შექმნილია შემოჭრებით, დაპყრობებით, მიტაცებებით), მაგრამ საერთო ხვედრი ისევ და ისევ უყრის თავს ხალხებს წარმოსახვით და უძრავ საზღვრებში, საერთო მოგონებებით, უბედურებებით, ჩხუბით და ტრადიციებით დასახლებულ მხარეში.

ზიგმუნდ ფროიდის მშობლები პოლონეთიდან იყვნენ, თვითონ ზიგმუნდმა კი ბავშვობა მორავიაში გაატარა, ახლა ეს ჩეხოსლოვაკიაა. იქვე გაიზარდნენ ედმუნდ ჰუსერლი და გუსტავ მალერი. პოლონური ფესვები ჰქონდა ვენელ რომანისტს იუზეფ როტს. გამოჩენილი ჩეხი პოეტი იულიუს ზეიერი პრაღაში დაიბადა, ოჯახში, სადაც გერმანულად ლაპარაკობდნენ, და თავისი ლექსებისთვის ჩეხური ენა შეგნებულად აარჩია. ჰერმან კაფკას მშობლიური ენა კი ჩეხური იყო, მაგრამ მისი ვაჟი, ფრანცი, გერმანულად წერდა. 1956 წლის უნგრული აჯანყების მთავარი ფიგურა, ტიბორ დერი იყო ოჯახიდან, სადაც გერმანულად და უნგრულად ლაპარაკობდნენ, ჩემი მეგობარი, მშვენიერი რომანების ავტორი დანილა კურში კი გაიზარდა ოჯახში, სადაც უნგრულად და სერბიულად ლაპარაკობდნენ. საკვირველი წნულებია თითოეული ქვეყნის გამორჩეულ წარმომადგენელთა ხვედრში. და ყველანი - ვინც ახლახან ვახსენე, - ებრაელები იყვნენ. მსოფლიოს არც ერთი სხვა ნაწილი ასე არ განიცდიდა ებრაული სულის გავლენას. ყველგან უცხოები და ყველგან ჩვენიანები, ნაციონალურ განხეთქილებებზე მაღლა მდგომი ებრაელები, იქცნენ XX საუკუნის ცენტრალური ევროპის მთავარ ფაქტორად - ინტელექტურ დუღაბად, მისი სულის შედედებად, მისი სულიერი ერთობის შემოქმედად. ამიტომაა ჩემთვის ესოდენ ძვირფასი ებრაული მემკვიდრეობა, და ისეთი ვნებითა და ნოსტალგიით ვებღაუჭები, თითქოს ჩემი საკუთარი იყოს.

სხვა მიზეზიცაა, ებრაელები ასე რომ მეძვირფასება - მათ ხვედრში აირეკლა და კონცენტრირება განიცადა ცენტრალური ევროპის ხვედრმა, იგი სიმბოლოდ იქცა. რა არის ცენტრალური ევროპა? ოლქი ბუნდოვანი საზღვრებით რუსეთსა და გერმანიას შორის, რომელიც დასახლებულია პატარა ერებით. ხაზს ვუსვამ: პატარა ერებით. სინამდვილეში რა არიან ებრაელები, თუ არა პატარა ერი პარ ეხცელლენცე? ერთადერთი პატარა ერი, რომელმაც გაუძლო იმპერიებს და ისტორიის გამაჩანაგებელ სვლას.

მაგრამ რა არის პატარა ერი? მე ასე განვსაზღვრავდი - ეს ისეთი ერია, რომლის არსებობაც ყოველ წელს შეიძლება სათუო გახდეს, შეიძლება, განადგურდეს და ეს თვითონაც იცის. ფრანგებს, რუსებს, ინგლისელებს არ სჭირდებათ გამუდმებული წუხილი თავისი ერის არსებობაზე. თავიანთ ჰიმნებში მხოლოდ სიდიადესა და მარადიულობაზე მღერიან. პოლონური ჰიმნი კი პირიქით, იწყება სიტყვებით: “პოლონეთი ჯერ არ დაღუპულა…”

ცენტრალური ევროპა მცირე ერების ოჯახია და განსაკუთრებულად უყურებს სამყაროს. ეს თვალსაზრისი ისტორიისადმი განსაკუთრებულ უნდობლობაზეა დამყარებული. ისტორია, ჰეგელისა და მარქსის ღვთაება, ხორცშესხმაა მამოძრავებელი ძალებისა, რომლებიც ჩვენს ბედს განსაზღვრავენ, დამპყრობელთა ისტორიაა.

ცენტრალურევროპული ერები არ არიან დამპყრობლები. ისინი განუყრელნი არიან ევროპული ისტორიისგან, შეუძლებელია მათი წარმოდგენა ევროპის მიღმა, მაგრამ თან ევროპის შეცდომა არიან, მისი მსხვერპლნი და აუტსაიდერები.

ისტორიისადმი ეს გამომაფხიზლებელ დამოკიდებულებაა მათი კულტურის, სიბრძნის, “ირონიული სულისკვეთების” წყარო, სულისკვეთებისა, რომელიც დასცინის სიდიადეს და დიდებას. “გახსოვდეთ, რომ მხოლოდ თავად ისტორიისთვის წინააღმდეგობის გაწევა გვაძლევს უნარს, შევეეწინააღმდეგოთ დღევანდელ ისტორიას.”

ვიტოლდ გომბროვიჩის ამ სიტყვებს მე ცენტრალური ევროპის შესასვლელთან გამოვკიდებდი. სწორედ ეს მხარე “პატარა ერებისა”, ჯერ რომ არ დაღუპულან, წარმოაჩენს მთელი ევროპის დაუცველობას. თანამედროვე სამყაროში, სადაც რამდენიმე დიდი ქვეყანა გამუდმებით ზრდის თავის ძლევამოსილებას, ყველა ევროპული ერი შეიძლება, მცირე აღმოჩნდეს და ცენტრალურევროპელთა ბედი გაიზიაროს. ამ მხრივ ცენტრალური ევროპის ხვედრი წინ უსწრებს მთელი ევროპის ხვედრს, და მისი კულტურა განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. საკმარისია, წავიკითხოთ დიდი ცენტრალურევროპული რომანები: ჰერმან ბროხის “მთვარეულებში” ისტორია იდეალების გამუდმებული დაცემის პროცესია; რობერტ მუზილი “უთვისებო კაცში” ხატავს ეიფორიულ მდგომარეობაში მყოფ საზოგადოებას, რომელსაც არ ესმის, რომ მისი აღსასრული მოახლოებულია; იაროსლავ ჰაშეკის “გულადი ჯარისკაცი შვეიკის” მიხედვით თავისუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზაა თავი იდიოტად გაასაღო; კაფკა წინასწარმეტყველებს მეხსიერებადაკარგულ სამყაროს, რომელიც იქნება ისტორიის დასასრულის შემდეგ. XX საუკუნის ცენტრალურ ევროპაში შექმნილი ხელოვნების ყველა ნაწარმოები არის ჯიუტი მსჯელობა ევროპული ცივილიზაციის სიკვდილზე.

* * *

დღეს, როცა რუსეთმა დაიმორჩილა მთელი ცენტრალური ევროპა (პატარა ავსტრიის გარდა, რომელმაც შემთხვევით შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, მაგრამ ამოიგლიჯა ცენტრალურევროპული გარემოდან), ამ უკანასკნელმა თავისი ყველაზე დამახასიათებელი თვისებებიც დაკარგა და თავისი მნიშვნელობაც. უეჭველია, კულტურის ცენტრალურევროპული კერის გაქრობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა მთელი დასავლური ცივილიზაციისთვის. ამიტომ ვიმეორებ ჩემს კითხვას: როგორ შეიძლებოდა ეს შეუმჩნეველი დარჩენილიყო?

პასუხი მარტივია: ევროპამ ვერ შენიშნა ეს გაუჩინარება, რადგან აღარ აღიქვამს თავის ერთიანობას კულტურულ ერთიანობად. მართლაც, რას ეყრდნობოდა ევროპის ერთიანობა? შუა საუკუნეებში - საერთო რელიგიას. ახალ დროებაში, როცა შუასაუკუნეების ღმერთი Deus Absconditius-ად გადაიქცა, რელიგიამ ადგილი დაუთმო კულტურას, რომელიც გახდა მატარებელი იმ უმაღლესი ფასეულობებისა, რომელთა დახმარებით ევროპულმა ცივილიზაციამ შეიცნო და განსაზღვრა საკუთარი ევროპულობა. ეტყობა, ჩვენს საუკუნეში მოხდა კიდევ ერთი ცვლილება, ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ის, რამაც გამოჰყო ახალი დროება შუა საუკუნეებისგან. როგორც ოდესღაც უფალმა დაუთმო ადგილი კულტურას, სწორედ ისე დაუთმო თავისი ადგილი კულტურამაც…

მაგრამ რას და ვის? რა სახის უმაღლეს ფასეულობებს შეეძლო ევროპის გაერთიანება? მიღწევებს ტექნიკის სფეროში? მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს? (დიდ პოეტს დიდი ჟურნალისტი ჩაანაცვლებს?) თუ პოლიტიკას? მერედა, როგორ პოლიტიკას? მემარჯვენე თუ მემარცხენე? არსებობს კი საყოველთაოდ აღიარებული იდეალი, რომელიც ამაღლდება მემარჯვენეთა და მემარცხენეთა მარტივ და დაუძლეველ მანიქეველობაზე? იქცევა თუ არა იდეალად შემწყნარებლობა, სხვა ხალხის მრწამსისა და აზრების პატივისცემა? და ხომ არ აღმოჩნდება, რომ ეს შემწყნარებლობა უშინაარსოა და უსარგებლო, თუკი მის უკან არ იდგება შემოქმედებითი აქტივობა და ღრმა იდეები? იქნებ, კულტურის უარყოფა უნდა შევაფასოთ განთავისუფლებად ერთგვარი უღლისგან, რომელიც ჩვენც ნეტარებით უნდა ჩამოვიხსნათ? ან იქნებ, ეუს აბსცონდიტიუს კიდევ დაბრუნდება, თავს იჩენს და სიცარიელეს ამოავსებს? არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. მე მგონი, მხოლოდ ის ვიცი, რომ კულტურამ თავი დაგვიკრა.

* * *

ფრანც ვერფელმა ცხოვრების პირველი მესამედი პრაღაში გაატარა, მეორე - ვენაში, მესამე - ემიგრაციაში, ჯერ საფრანგეთში, შემდეგ ამერიკაში. ცენტრალურევროპელის ტიპიური ბიოგრაფიაა. 1937 წელს, ცოლთან, სახელგანთქმულ ალმასთან, მალერის ქვრივთან ერთად ჩამოვიდა პარიზში. ერთა ლიგასთან არსებულმა ინტელექტური თანამშრომლობის საზოგადოებამ მიიწვია კონფერენციაზე “ლიტერატურის მომავალი”. თავის სიტყვაში ვერფელმა გაილაშქრა არამარტო ჰიტლერის, არამედ საერთოდ ტოტალიტარიზმის საფრთხის წინააღმდეგ, იდეოლოგიისა და პრესის არასერიოზულობის წინააღმდეგ. მისი აზრით, მსოფლიო კულტურის განადგურების ზღურბლზე აღმოჩნდა და ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა პოეტთა და მოაზროვნეთა მსიფლიო აკადემიის (Weltakademie der Dichter und Denker) შექმნით. ამ აკადემიის წევრთა კანდიდატებს არავითარ შემთხვევაში არ წამოაყენებდა სახელმწიფო. შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმი იქნებოდა თითოეული პრეტენდენტის ნაწარმოებები. აკადემიაში უნდა შესულიყო ოცდაოთხიდან ორმოც მწერლამდე მთელი მსოფლიოდან. პოლიტიკისგან და პროპაგანდისგან თავისუფალი აკადემიის ამოცანა იქნებოდა “წინ აღდგომოდა მსოფლიოს პოლიტიზებასა და გაბარბაროსებას”.

ეს წინადადება არამარტო უარჰყვეს, არამედ მოურიდებლად დასცინეს. რასაკვირველია, გულუბრყვილო შეთავაზება იყო. უსაშველოდ გულუბრყვილო. სულით ხორცამდე პოლიტიზებულ სამყაროში, სადაც მწერლები და მოაზროვნეები საბოლოოდ “გაბანტულები”, პოლიტიკურად ანგაჟირებულები ჰყავდათ, შეუძლებელი იქნებოდა დამოუკიდებელი აკადემიის შექმნა. ის, უთუოდ კეთილშობილ გულთა სასაცილო კავშირად იქცეოდა. თუმცა ეს გულუბრყვილო წინადადება გულზე მხვდება - იგი მეტყველებს მძაფრ მოთხოვნილებაზე - ისევ და ისევ ვეძიოთ ზნეობრივი ორიენტირები ამ უაზრო სამყაროში. იგი ნიშანია მტანჯველი სურვილისა ყური მოვკრათ კულტურის ძლივს გასაგონ ხმას, ichter und Denker-ის ხმას.

ეს ისტორია ჩემს ცნობიერებაში გადაჯაჭვულია ერთ მოგონებასთან: მახსენდება დილა, როცა პოლიციამ ჩემი მეგობრის, ცნობილი ჩეხი ფილოსოფოსის ბინა გაჩხრიკა და მისი ათასგვერდიანი ნაშრომის ხელნაწერი წაიღო. ცოტა ხნის შემდეგ ჩამოვედით გრადჩანიდან, სადაც ჩემი მეგობარი მაშინ ცხოვრობდა, გადავიარეთ მანესის ხიდი და პრაღის ქუჩებს დავუყევით. ცდილობდა, ყველაფერი გაეხუმრებინა: როგორ აპირებს პოლიცია ჩემი ტექსტის გაშიფვრას, ეგ მხოლოდ შეთქმულებს შეუძლიათო. მაგრამ იუმორი ტკივილს ვერ ახშობდა: ხელნაწერი, რომელიც ათი წლის განმავლობაში იქმნებოდა, სამუდამოდ დაკარგული იყო - ერთადერთი ეგზემპლარი ჰქონდა.

გვინდოდა, საზღვარგარეთ გაგვეგზავნა ღია წერილი და ამ კონფისკაციის გამო სკანდალი აგვეტეხა. სავსებით ნათელი იყო, რომ წერილი სახელმწიფო მოღვაწისთვის ან ორგანიზაციისთვის კი არა, იმისთვის უნდა გაგვეგზავნა, ვინც პოლიტიკაზე მაღლა დგას, ურყევი ზნეობრივი ფასეულობების მატარებლისთვის, ადამიანისთვის, ვისაც მთელი ევროპა იცნობს. ერთი სიტყვით, კულტურის მოღვაწისთვის. მაგრამ ვინ არის ეს ადამიანი? უეცრად მივხვდით, რომ ასეთი ადამიანი არ არსებობს. რასაკვირველია, იყვნენ დიდი ფერმწერები, დრამატურგები და მუსიკოსები, მაგრამ საზოგადოება მათ აღარ მიაკუთვნებდა იმ ზნეობრივი ავტორიტეტების საპატიო როლს, ვინც მთელი ევროპის სულს განასახიერებდნენ. კულტურის სამეფო, სადაც უმაღლესი ფასეულობები მართავენ, აღარ არსებობდა. მივდიოდით ძველი ქალაქის მოედნისკენ, სადაც ვცხოვრობდი, და თავზარდამცემ სიცარიელეს ვგრძნობდი, სიცარიელეს ევროპული სივრცისა, სადაც თანდათანობით გაჰქრა კულტურა.

ცენტრალური ევროპის ქვეყნები უკანასკნელად დასავლეთის შემადგენლობაში შედიოდნენ 1918-1938 წლებში. შესაბამისად, მათი წარმოდგენა დასავლეთზე - ესაა წარმოდგენა დასავლეთზე, რომელიც აღარ არსებობს, დასავლეთზე, რომელსაც ჯერ არ გამომშვიდობებია კულტურა.

ამის გათვალისწინებით, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო არსებითი გარემოება: ცენტრალურ ევროპაში აჯანყებები გაზეთებით, რადიოთი ან ტელევიზიით, ანუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით არ იყო ნასაზრდოები. ამ აჯანყებებს ამზადებდა, აყალიბებდა, ამოძრავებდა რომანები, პოეზია, თეატრი, კინო, ისტორიოგრაფია, ლიტერატურული კრიტიკა, პოპულარული კომედიები, კაბარე, ფილოსოფიური დისკუსიები, ანუ კულტურა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რომლებიც განუყოფელია ფრანგისთვის ან ამერიკელისთვის იმისგან, რასაც დღეს დასავლეთს უძახიან, არავითარი კავშირი არ ჰქონიათ ამ აჯანყებებთან (პრესას და ტელევიზიას სახელმწიფო სრულად აკონტროლებდა).

აი, რატომ იყო, რომ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის შემდეგ რუსეთმა ყველაფერი იღონა ჩეხური კულტურის გასანადგურებლად. ამას რომ აკეთებდა, სამი მიზანი ჰქონდა: ჯერ ერთი - ოპოზიციის საფუძვლის განადგურება; მეორე - ერის ერთიანობის შერყევა და რუსული ცივილიზაციის მიერ ჩეხების ჩაყლაპვის გაიოლება; მესამე - ძალადობრივად დასრულება ახალი დროებისა, ეპოქისა, როცა კულტურა ჯერ კიდევ ხორცს ასხამდა უმაღლეს ღირებულებებს. ეს მესამე ყველაზე მნიშვნელოვნად მეჩვენება. არსებითად, ტოტალიტარული რუსული ცივილიზაცია არის რადიკალური უარყოფა თანამედროვე დასავლეთისა, რომელიც ოთხი საუკუნის წინ შეიქმნა ახალი დროის განთიადზე - ეპოქისა, რომლის პრიორიტეტები იყო მოაზროვნე პიროვნება, ყველაფერი რომ აეჭვებს, და ამ პიროვნების უნიკალურობის ამსახველი ხელოვნების ნაწარმოებები. რუსულმა შემოტევამ ჩეხოსლოვაკია “პოსტკულტურულ” ხანაში გადაიყვანა, გააშიშვლა და დაუცველი დატოვა რუსული არმიისა და ყოვლისმომცველი სახელმწიფო ტელევიზიის წინაშე.

რუსების შემოჭრის სამმაგად ტრაგიკული შედეგით შეძრწუნებული საფრანგეთში ჩამოვედი და ვცადე, ჩემი ფრანგი მეგობრებისთვის მომეთხრო იმ რბევის ამბავი, რაც ჩეხურ კულტურას დაატყდა თავს. “წარმოგიდგენიათ?! ყველა ლიტერატურული და მხატვრული გამოცემა დახურეს! ასეთი რამ ჩეხეთის ისტორიაში არ მომხდარა, ჰიტლერის ოკუპაციის დროსაც კი!”

მეგობრები მისმენდნენ, მოთმინებით მისმენდნენ, მაგრამ თან უხერხულად იშმუშნებოდნენ, რის მიზეზსაც მოგვიანებით მივხვდი. ჩეხოსლოვაკიაში პერიოდული გამოცემების დახურვის ამბავი მთელმა ერმა იცოდა და მთელი ერი გულისტკივილით აცნობიერებდა ამ ამბის მძიმე შედეგებს. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს უეცრად საფრანგეთისა და ინგლისის მთელი კრიტიკული პერიოდიკა რომ დახურულიყო, ამას ვერავინ (მათ შორის, ვერც მათი გამომცემლები) ვერ შეამჩნევდა.

პარიზში, განათლებულ საზოგადოებაშიც კი, საღამოს შეხვედრებზე არავინ საუბრობს ლიტერატურულ კრიტიკაზე, იქ ტელევიზორში ნანახზე ლაპარაკობენ. კულტურას უკვე ზურგს აქცევდნენ. მისი გაქრობა, პრაღაში რომ კატასტროფად, ტრაგედიად ითვლებოდა და ადამიანებს თავზარს სცემდა, პარიზში აღიქმებოდა, როგორც რაღაც ბანალურ და უმნიშვნელო, ოდნავ შესამჩნევი, და მოვლენად არც მიიჩნევდნენ.

* * *

ავსტრო-უნგრეთის იმპერიის დამხობის შემდეგ ცენტრალურ ევროპას თავისი ციხე-სიმაგრის კედლები ჩამოენგრა. განა სული არ დაჰკარგა ოსვენციმის შემდეგ, რომელმაც მისი რუკიდან აღგავა ებრაელი ხალხი? 1945 წელს ევროპისგან მოგლეჯილი არსებობს კი საერთოდ? რასაკვირველია, და მისი შემოქმედებითი აქტივობა და აჯანყებები მეტყველებს, რომ “ჯერ არ დაღუპულა”. მაგრამ თუკი არსებობა ნიშნავს სიცოცხლეს მათთვის, ვინც გვიყვარს, მაშინ ცენტრალური ევროპა აღარ არის. უსაყვარლესი ევროპისთვის ცენტრალური ევროპა - უბრალოდ საბჭოთა იმპერიის ნაწილია და მეტი არაფერი, მეტი არაფერი.

კაცმა რომ თქვას, რა გასაკვირია? თავისი პოლიტიკური სისტემის გამოისობით, ცენტრალური ევროპა აღმოსავლეთია; თავისი კულტურის გამოისობით - დასავლეთი. მაგრამ დღევანდელი ევროპა ხომ ჰკარგავს თავის კულტურულ იდენტურობას, ამიტომ ცენტრალურ ევროპას მხოლოდ პოლიტიკურ რეჟიმად აღიქვამს; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცენტრალური ევროპის სახით იგი მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპას ხედავს.

ეს ნიშნავს, რომ ცენტრალური ევროპა უნდა ებრძოლოს არა მხოლოდ თავის დესპოტ მეზობელს, არამედ კიდევ დროის სასტიკ, ოსტატურ ჩაგვრას დროისა, რომელმაც უკვე გემბანს იქით მოიტოვა კულტურის ეპოქა. აი, რატომაა რაღაც კონსერვატული, თითქმის არქაული ცენტრალურევროპულ აჯანყებებში: ისინი თავგანწირვით ცდილობენ წარსულის აღდგენას, წარსულისა, სადაც არის კულტურა; ახალი დროების წარსულისა. მხოლოდ იმ ეპოქაში, იმ სამყაროში, რომელსაც შემოუნახავს კულტურული განზომილება, მოახერხებს ცენტრალური ევროპა, შეინარჩუნოს თავისი იდენტურობა, აღიქვან იმად, რაც არის.

ასე რომ, ცენტრალური ევროპის ჭეშმარიტი ტრაგედია რუსეთი კი არა, ევროპაა: ის ევროპა, რომელიც იმდენად დიდ ფასეულობად წარმოუდგებათ, რომ უნგრეთის ახალი ამბების სააგენტოს დირექტორი მზად იყო, მისთვის თავი გაეწირა. და გასწირა კიდეც. რკინის ფარდის მეორე მხარეს მყოფი, ვერც იფიქრებდა, რომ დრო შეიცვალა და თვით ევროპაშიც კი ევროპას ფასეულობად აღარ აღიქვამენ. არც კი ეჭვობდა, რომ მისი ველ-მინდვრებიანი ქვეყნიდან გაგზავნილი შეტყობინება ძველმოდური მოეჩვენებათ და ვერ გაუგებენ.

„ლიტერატურული გაზეთი“ N15; 27 ნოემბერი-10დეკემბერი. 
თარგმნა - ნინო ქაჯაიამ