ვასილი შუკშინი - უთითო

ყველა ლაპარაკობდა, რომ სერიოგა ბეზმენოვს ავი ცოლი ყავს. ავი, ჭირვეული და სულელი. ყველა ხედავდა და ხვდებოდა. მარტო სერიოგა ვერ ხედავდა და ვერ ხვდებოდა,        ყველაზე ბრაზობდა და უკვირდა: როგორ არ ესმით თუ რა დამოუკიდებელი, ნაკითხი ცოლი ყავს, როგორი... ეშმაკმა უწყის მათი თავი, დაიწყებენ ენის ქავილს და ვეღარ   ჩერდებიან! მათ ხომ არ იციან რა გონებამახვილი და მხიარულია, როგორი სიარული აქვს, ეს სიარული კი არა, მედიდური სვლაა! სერიოგას განსაკუთრებით ცოლის სიარული მოსწონდა: უყურებდა და სიყვარულით გული უჩერდებოდა.

– რა იყო? – ეკითხებოდა კლარა – ჰა? ენას გამოუყოფდა, გამოაჯავრებდა და წინკარში გადიოდა, თითქოს განგებ, რათა კიდევ ერთხელ ეჩვენებინა როგორ დადის,  ბედნიერებისგან გაბადრული სერიოგა კი უკან მისდევდა.

... და ასეთ ქალზე ამბობენ, რომ... არა, ნამდვილი სოფლელები არიან! ღმერთს ეხვეწებოდა სერიოგა რათა ბედის ეს ძვირფასი საჩუქარი არ დაეკარგა, ხანდახან შიშითაც კი გაიფიქრებდა ხოლმე: დამსახურებულად ეწვია ასეთი დიდი ბედნიერება, ღირსია თუ აქ რაღაც გაუგებრობაა? ხომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს უთხრან:  “ე, მეგობარო, რა უფლებით დაითრიე?!”

სერიოგამ კლარა პირველად საავადმყოფოში ნახა (იგი ახალი ჩამოსული იყო და მედდად მუშაობდა). დაინახა თუ არა, რაღაც მოუსვენრობამ შეიპყრო. ჯერ აპრეხილი ცხვირი და სათვალე შენიშნა და მაშინვე თითქოს შეწუხდა. მას ჯერ კიდევ წინ ჰქონდა ამ ქალის მთელი სიმშვენიერის აღქმის სიხარული, ახლა კი მხოლოდ სათვალეს და მოსკუპულ ცხვირს მისჩერებოდა. ექთანმა სწრაფად გაიარა დერეფანი, რიგში მდგომებს მიუგდო, ვინც შეხვევაზე ხართ, შემოდითო და კაბინეტში გაუჩინარდა. სერიოგა ისე აღელდა, რომ გული ასტკივდა. შემდეგ მომხიბლავი ექთანი მას ნაზი ხელებით ეხებოდა და ეკითხებოდა: “ხომ არ გტკივათ?” სერიოგას თავბრუ ეხვეოდა მისი სუნამოსგან, კითხვებზე მხოლოდ თავს აქნევდა, არაო და ისეთმა შიშმა შეიპყრო, რომ განძრევა არ შეეძლო.

– რა გჭირთ? – შეეკითხა კლარა.
სერიოგამ დაბნეულობისგან ისევ გააქნია თავი, არ მტკივაო. კლარამ ზედ მის ყურთან გაიცინა. სერიოგას თითქოს ცეცხლი მოედო, შიგნით რაღაც ჩაეწვა და... ატირდა! ცრემლები მის მტკივან ხელს და ექთნის თეთრ თითებს ეცემოდა. კლარა შეშინდა:
– გტკივათ?  
– წადი შენი! – ძლივს გაიღო ხმა სერიოგამ – გააგრძელე შენი საქმე. იგი სიამოვნებით დაეკონებდა კლარას ნაზ თითებს და ვერავინ ააგლეჯდა, მაგრამ შიშმა და სირცხვილმა არ გააბედინა.
– რა მოგივიდათ? ხომ არ გტკივათ? – ისევ შეეკითხაა კლარა.
– ისა... ოღონდ ნუ წარმოიდგენთ რომ... ისა... ბოლოს და ბოლოს ჩვენ ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ! – გაბრაზებით თქვა სერიოგამ.
– რაო, რაო? – ვერაფერი გაიგო კლარამ.

თვრამეტი დღის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ.

კლარა მას მოფერებით სერის ეძახდა. თურმე იგი ერთხელ უკვე იყო გათხოვილი, მაგრამ რაღაც “მოხარშული” ქმარი შეხვდა და მალევე გაშორდა. იმის გამო, რომ კლარას პირველი ქმარი “რაღაც ისეთი” არ იყო, სერიოგა გაფხორილი, ამაყი დააბიჯებდა და საკუთარ თავში უდიდეს ძალას გრძნობდა. კლარა აქებდა და ეფერებოდა.

და ამ დროს, როდესაც სერიოგამ არ იცოდა ბედნიერებისგან რა ექნა, ხალხი ამბობდა, რომ მისი ცოლი ავი და ჭირვეულიაო! სერიოგას ყველა ეზიზღებოდა, ისინი ხომ ვერ ხვდებოდნენ, რომ მისი ცოლი... ო, ადამიანებო, რა სულმდაბლები ხართ! ყველანი შურით სკდებით, ვერ აგიტანიათ, როცა ვინმეს გაუმართლებს!

– ცხოველებისგან მაინც აიღეთ მაგალითი – ეუბნებოდა სერიოგა ერთ ჭკუისკოლოფს – ისინი ხომ მშვიდად იღებენ იმ ამბავს, როცა, მაგალითად, ერთი რომელიმე ფინია ცირკში მიჰყავთ? ხომ არ ბრაზობენ? თქვენ რა გაგიჟებთ?!
– გვეცოდები...

სერიოგა ხვდებოდა, რომ მის ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა და უფრო მეტად მოსდიოდა გული.

– ყურადღებას ნუ მიაქცევ მაგ ყბედებს – ეუბნებოდა კლარა ქმარს – ჩვენ ხომ კარგად ვართ ერთად, იმათკენ კი სულ ნუ გაიხედავ.

სერიოგა მშობლებს, ახლობლებსა და მეგობრებს დაემდურა, რადგან ისინი აღტაცებულები არ იყვნენ კლარათი. იგი საერთოდ აღარ სვამდა, სარეცხი მანქანა იყიდა და შაბათობით თეთრეულს რეცხავდა აბანოსწინა ოთახში, რათა ვინმე ყიამყრალს არ დაენახა. სერიოგას დედას ვეღარ გაეგო, ცუდი იყო ეს თუ არა. ერთის მხრივ, თითქოს კაცის საქმე არ იყო რეცხვა, მეორეს მხრივ კი... ეშმაკმა უწყის, რა ჯობია!

– ხომ არ სვამს – უთხრა ერთხელ კლარამ დედამთილს – საქმითაა დაკავებული, მეტი რა გინდათ?
– რა და, შეიბრალე, ადექი და შენ თვითონ გარეცხე. მთელი კვირა წელი მოწყვეტილი აქვს მუშაობით, დასვენება სჭირდება.
– მე რა, არ ვმუშაობ?
– როგორ შეიძლება შენი სამუშაოს შედარება მის მუშაობასთან! სინჯე ერთი და ატრიალე საჭე მთელი დღე! (სერიოგა ტრაქტორისტი იყო).
– მე უკეთ ვიცი როგორ ვიცხოვრო ჩემს ქმართან – უხეშად უპასუხა კლარამ – თქვენ გინდათ რომ სვამდეს?
– რატომ უნდა მინდოდეს?
– ჰოდა, მორჩა! კარგს ვუკეთებ და მაინც უკმაყოფილოები არიან!
– მეცოდება, ის ხომ ჩემი შვილია!
– ღობის ძირას რომ ეგდოს გალეშილი არ შეგეცოდებოდათ? შეგეცოდებოდათ! ჰოდა, მორჩა, ამ თემაზე მეტს ნუღარ ვილაპარაკებთ. გასაგებია?
– ღმერთო, შენ დაგვიფარე – გაოგნდა სერიოგას დედა – დააკაბალე კაცი და ხმაც არ ამოვიღო?!
– კარგით, მაშინ ვეტყვი რომ წავიდეს და ბიჭებთან ერთად დალიოს. გაწყობთ?
– რას აიჩემე, დალევა-ლოთობა, შენამდეც არ სვამდა მაინც და მაინც!
– კარგით, ვეტყვი რომ რეცხვა აუკრძალეთ...
– მაშინვე საჩივლელად გარბიხარ...
– მაშინ, მითხარით, რას მთავაზობთ? კონკრეტულად!
– არაფერს. მაგრამ ვხედავ რომ ქმართან დიდხანს ცხოვრებას არ აპირებ. სხვანაირად რომ ფიქრობდე, გაუფრთხილდებოდი, შენ კი ექსპლოატატორივით იქცევი. ნუთუ არ შეგიძლია წყალი მაინც მოუმარაგო სარეცხისთვის!
– გიმეორებთ, მე მასზე უთქვენოდაც ვფიქრობ და მშვენივრად ვიცი, როდის უნდა შემეცოდოს. ეს თქვენ და თქვენისთანები ათამამებთ კაცებს და მერე აღარ იცით რა მოუხერხოთ.
– ღმერთო, ღმერთო, ეს რანაირი ცოლები წამოვიდნენ, გაგიჟდები ადამიანი!

სერიოგასთვის კი ერთი სიამოვნება იყო წყლის მოტანა, რეცხვა... შეირბენდა ოთახში, ცოლს პაჭუა ცხვირზე აკოცებდა, სიამოვნებით შეავლებდა თვალს მის მადის აღმძვრელ ბარძაყებს, ხან კი თეთრი ხალათის ჩაცმას სთხოვდა.

– რა საჭიროა! –  საყვარლად ჭირვეულობდა კლარა – ეს რა უცნაურობები გჭირს!
– გთხოვ – აძალებდა სერიოგა – მე ხომ პირველად თეთრ ხალათში გნახე. ჩაიცვი, შეგხედავ და გული გამიხალისდება. გთხოვ, ჩემო კლარნეტო – იგი ზოგჯერ კლარას მოფერებით ჩემო კლარნეტოს ეძახდა.

კლარა ხალათს იცვამდა და წარმოდგენაც იწყებოდა:
– სად გტკივათ? – ეკითხებოდა კლარა.
– აი, აქ – გულზე მიუთითებდა სერიოგა.
– დიდი ხანია?
– უკვე... სამოცდათხუთმეტი დღეა.
– თუ შეიძლება – კლარა ყურს სერიოგას მკერდს მიადებდა. სერიოგა მის შეღებილ თმას ყნოსავდა და აღელვებისა და სიხარულისგან თავბრუ ეხვეოდა. იგი თავისკენ იზიდავდა “ექიმს”, ჩაეხუტებოდა და ცხირზე კოცნიდა. რატომღაც ცხვირზე კოცნა უყვარდა.
– კარგი! – ეწინააღმდეგებოდა კლარა – როგორ შეიძლება, ექიმს?! – მას ეტყობა მოსწყინდა ქმრის ეს ბავშვური ახირება.

“ღმერთო, რით დავიმსახურე ასეთი ბედნიერება! – ფიქრობდა სერიოგა და სარეცხ მანქანას უბრუნდებოდა – ასე ხომ შეიძლება გულმა ვეღარ გამიძლოს ან ჭკუიდან გადავიდე.”

იგი ჭკუიდან არ გადასულა. მოხდა სრულიად სხვა რამ, გაუთვალისწინებელი.

არდადეგებზე სერიოგას ბიძაშვილი, სლავკა ჩამოვიდა. სლავკა ქალაქში სწავლობდა, ტექნიკურ უმაღლეს სასწავლებელში. ნათესაობა მისით ამაყობდა და როდესაც ის ჩამოდიოდა, ძია კოლია, სლავკას მამა, სუფრას შლიდა. ახლაც შეიკრიბნენ ახლობლები. სერიოგა და კლარაც დაპატიჟეს.  

თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. კლარას იასამნისფერი კაბა ეცვა, გულზე მედალიონი – ოქროს საათი – ეკიდა, თმა ბრინჯაოსფრად უელავდა, სათვალე ამშვენებდა. როგორ უყვარდა სერიოგას თავისი ცოლი ამ სათვალის გამო! სტუმრებს გადაავლო თვალი, შემდეგ კლარას შეხედა და გული ისევ სიხარულით აევსო: დამსწრეთაგან მხოლოდ ის გამოირჩეოდა, ამაყი, ჭკვიანი, ზრდილობიანი, არაუბრალო. სერიოგას ესიამოვნა, რომ სლავკამაც ყველასგან მხოლოდ ის გამოარჩია და მაგიდის გადასწვრივ გადაელაპარაკებოდა ხოლმე. ჯერ ისე, ზოგად თემებზე, შემდეგ კი მათ შორის ისეთი  საუბარი გაიმართა, რომ ყველა გაჩუმდა და მათ მიუგდო ყური.

– კარგი, კარგი – თქვა სლავკამ და იგრძნო რომ ყველა მას უსმენდა – ჩვენ ტექნოკრატები ვართ, “მშრალი” ხალხი, როგორც ჩვენზე ამბობენ. მხოლოდ ერთი რამ მინდა დავაზუსტო: კონკრეტულები ვართ და არა “მშრალები”, რადგან ჩვენთვის მთავარია მისი უდიდებულესობა ფაქტი.
– დიახ, მაგრამ ფაქტების მიღმა ხშირად არანაკლებ კონკრეტული ცოცხალი ადამიანები დგანან – შეეწინააღმდეგა კლარა და მანაც იგრძნო, რომ ყველა მათ უსმენდა.
– ამაზე არავინ დავობს! – თავშეკავებით, ღიმილით გამოეპასუხა ტექნოკრატი სლავკა – მაგრამ თუ ყოველთვის იმაზე ვიფიქრებთ, რომ ფაქტების უკან ცოცხალი ადამიანები დგანან, მეცნიერება და ტექნიკა ერთ ადგილზე დაიწყებს ტკეპნას. ასე წინ ვერ წავალთ!
– ესე იგი, მედიცინა თქვენს მიერ დატოვებული გვამების მოვლით უნდა იყოს დაკავებული? – ძალიან მაგარი ნათქვამი გამოუვიდა. მაგიდა გაისუსა.
– თუ სიმართლე გნებავთ, დიახ! მხოლოდ ასე შეძლებს კაცობრიობა დაეუფლოს ბუნების ყველა სიმდიდრეს.
– მაგრამ ეს ხომ შარლატანობაა – საერთო სიჩუმეში, ხმადაბლა თქვა კლარამ.

სლავკას ყალბად გაეცინა, თვითონვე მიხვდა და განერვიულდა.

– რატომ შარლატანობა? რამდენადაც ვიცი, შარლატანობა მედიცინისთვისაა დამახასიათებელი. მხოლოდ მედიცინისთვის!
– თქვენ თვითნებური აბორტები გაქვთ მხედველობაში?
– არამარტო...
– ექიმბაშობა? მაშ იცოდეთ და დაიმახსოვრეთ ერთხელ და სამუდამოდ – გაბრაზებით თქვა კლარამ – რომ ყველა, ვინც ხელს მოკიდებს უბრალო გაციების მკურნალობასაც კი სათანადო ნებართვის გარეშე, პოტენციური ბოროტმოქმედია!

განსაკუთრებით მკაფიოდ გამოყო მან სიტყვა “ბოროტმოქმედი”. და ეს იმ დედაკაცების თანდასწრებით, რომლებიც დაუფარავად ამზადებდნენ ყველანაირ ბალახეულობას, ნაყენებს, ნახარშებს. გაბედა და მათთან თქვა. ყველა კლარას მისჩერებოდა. სერიოგა მიხვდა, რომ ამიერიდან მისი ცოლის რიდი და პატივისცემა ექნებოდათ. იგი აღფრთოვანებული იყო, თავის სათვალიან ქალღმერთზე ლოცულობდა, უნდოდა ეყვირა: “რა, გადაყლაპეთ?! რაღას წკმუტუნებდით?!” მაგრამ სერიოგას არ უყვირია... ისევ ატირდა. შეუჩნევლად მოიწმინდა ცრემლები, პაპიროსს მოუკიდა და გააბოლა.    სლავკა კიდევ რაღაცას ამბობდა, მაგრამ აღარავინ უსმენდა. მან წააგო. ყველამ კლარასკენ მიიწია, ვინ ჭიქით, ვინ შეკითხვით... სერიოგას ერთი ნათესავი, ძია ეგორი მის ყურთან დაიხარა და ჰკითხა:

– რა ჰქვია?
– ნიკანოროვნა. კლავდია ნიკანოროვნა.
– კლავდია ნიკანოროვნა! – ხმამაღლა დაუძახა ეგორმა.
– დიახ, გისმენთ...
– აი, თქვენ, ჩვენი ნათესავის ცოლი ხართ და ქორწილი კი არ გადაგიხდიათ. ეს ჩვენებური წესი არ არის, არასწორია...

კლარა შეკითხვებზე პასუხს არც ფიქრობდა. აშკარა იყო რომ  მისი სტიქია ყურადღების ცენტრში ყოფნაა, როცა ყველა გაოცებით და სიყვარულით უყურებს, ზოგიერთს შურს, ზოგი შენატრის, მისგან კი სუნამოს, მომხიბვლელობის და კულტურის ტალღები მოდის. ძია ეგორის შეკითხვაზე კლარამ გაიღიმა, ტექნოკრატ სლავკას წამიერად გახედა და უპასუხა:

– ქორწილი ხარისხის ნიშანი არაა – კლარამ ხელი ასწია და ოქროს ბეჭედი დაანახა სტუმრებს – ეს მხოლოდ სიმბოლოა და არა გარანტია. ოჯახის სიმტკიცე დაცლილი ბოთლების რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული.

კლარა შეუდარებელი იყო, სერიოგასაც კი არ ენახა ასეთი! სიხარულისგან ზედმეტი  დალია, ტიროდა, იცინოდა, სიმღერა და ყველას გადაკოცნა მოუნდა. შემდეგ გარეთ გავიდა, პირსაბანს თავი შეუშვირა, გაგრილდა და იქვე, ფიცრულ კედელთან ჩამოჯდა. გააბოლა.

უკვე ბნელდებოდა. სერიოგა იჯდა და ფიქრობდა, უფრო სწორად, კი არ ფიქრობდა, სულიერად და ფიზიკურად ისვენებდა. “აი, ასე, ვცხოვრობ. კარგად ვცხოვრობ.”

უცებ შორიახლოს ორი აჩქარებული ხმა მოესმა. ცოლის ხმა იცნო და გულმა რეჩხი უყო. გაქვავდა. ჰო, ეს კლარას ხმა იყო, მეორე კი სლავკასი. წყვილი სწორედ იმ ფიცრულთან მივიდა. გაჩერდნენ. ისე გამოვიდა, რომ ფიცრულის ერთ მხარეს სერიოგა იჯდა ზურგით მიყრდნობილი, ხოლო მეორე მხრიდან ისინი იდგნენ, ისე ახლოს, რომ მათ გულის ცემასაც კი გაიგონებდა კაცი, არათუ ლაპარაკს ან ჩურჩულს. აი ამ სიახლოვემ გააოგნა სერიოგა, ისე გააოგნა, რომ განძრევა არ შეეძლო.

– ჩემო ტკბილო, ჩემო კარგო – ალერსით, ჩუმად ამბობდა კლარა – ნუ ჩქარობ, მოდი ერთი – და... კოცნა, ასე ნაცნობი კოცნა – ჩემო საყვარელო, ჩემო ტკბილო – და ისევ კოცნა!
   ისინი რაღაცას შვრებოდნენ და ფიცრულს აწვებოდნენ. სლავკა ეჩურჩულებოდა კლარას, ის კი ჩუმად იცინოდა და ეუბნებოდა:

– ჩემო ტკბილო, ჩემო კარგო... სად, სად მიძვრები? ოჰ, შე ეშმაკო! მოდი ცხვირზე მაკოცე...

“აი თურმე როგორ ხდება ეს – სიმწრით, ზიზღით და ტკივილით დაასკვნა სერიოგამ – აი, როგორ!”. და ყველაფერი, რასაც აზრი და თავისი სახელი ჰქონდა, არარაობად იქცა, დარჩა მარტო ბნელი და შავი ორმო. “ახლა უკვე ყველაფერი სულერთია” – გაიფიქრა სერიოგამ და ამ ორმოში ჩააბიჯა.

– კლარნეტო, ეს მე ვარ, სერი – თითქოს წაიმღერაო სერიოგამ – ახლა მე თქვენ მოგკლააავთ...

შემდეგ ყველაფერი ისე მოხდა, თითქოს სიზმარიაო: სერიოგა სადღაც გარბოდა, ვიღაცას მისდევდა, ხალხი ყვიროდა, მას კი არც თავი ახსოვდა და ვერც სხეულის სიმძიმეს გრძნობდა. როგორ აღმოჩნდა მის ხელში ნაჯახი, აღარც ეს ახსოვდა. კარგად მხოლოდ ის დაამახსოვრდა, თუ როგორ ხტებოდა კლარა მარგილებს შორის გადებულ ღობეებზე, როგორ დაეშალა ვარცხნილობა და თმა აეწეწა, როგორ გადაევლო კიდევ ერთ მარგილს, თითქოს გადაფრინდაო. სწორედ ეს ჩარჩა ღრმად მეხსიერებაში სერიოგას და როცა შემდეგ იხსენებდა ხოლმე ყოფილ ცოლს, ეს სურათი უდგებოდა თვალწინ. სასაცილოც იყო და მტკივნეულიც...

იმ საღამოს კი ყველაფერი მიწყნარდა, სტუმრები დაიშალნენ, ყველა წავიდ-წამოვიდა, მარტო სერიოგა დარჩა ნაჯახით ხელში... მან ახლაღა გააცნობიერა მომხდარი და აუტანელი ტკივილი დაეუფლა, ისეთი ძლიერი, რომ სუნთქვა შეეკრა. “რა არის ეს, რა ხდება ამ ქვეყანაზე?!” – გაიფიქრა სერიოგამ, ლატანზე მარცხენა ხელი დადო და ნაჯახი მძლავრად დაჰკრა. საჩვენებელი და შუა თითი მტევანს მოსწყდა. სერიოგამ ნაჯახი მიაგდო და საავადმყოფოში წავიდა. იმ დღიდან მას უთითოს ეძახდნენ.
 
კლარა იმ ღამესვე გაქრა, შემდეგ სადღაც გაუგზავნეს შრომის წიგნაკი და პასპორტი. სლავკაც წავიდა და არდადეგებზე აღარ ჩამოდიოდა. სერიოგა კი ისევ ტრაქტორისტია და ადრინდელზე უკეთ მუშაობს, კლარაზე არავისთან არ ლაპარაკობს. მხოლოდ ერთხელ წაეჩხუბა ბიჭებს.

– ხომ გეუბნებოდით, ავი ქალია-თქო...
– რატომ ავი?! – უცებ იფეთქა სერიოგამ – რა შუაშია ავი?
– აბა როგორია? კეთილი?
– რა შუაშია, კეთილია თუ ავი? სიავეშია საქმე?
– აბა, რაში?
– არაფერში! არ ვიცი... მაგრამ არც სიავეშია. რაღაც სხვა სიტყვებიც ხომ არსებობს... აიჩემეთ ავი, ავი...
– სერიოგა, შენ ხომ ის გიყვარდა... ახლა რომ ჩამოვიდეს, აპატიებდი?

სერიოგამ წაუყრუა, არაფერი უპასუხა. მაშინ ბიჭებმა თვითონ დაიწყეს მსჯელობა.

– სულელი კი არ არის, ჩამოვიდეს.
– რატომ? შეიძლება იფიქროს, ხომ ვუყვარდიო...
– უყვარდა, უყვარდა... სერიოგას უყვარდა, მას კი არა. ის უკვე ხელიდან წასული ქალია, ერთზე არ გაჩერდება. თუ ადამიანი ახალგაზრდობიდანვე გაფუჭდა, საქმე წასულია. გინდა კაცი იყოს, გინდა ქალი.

– ბევრის უფლება მისცეს და იმიტომ – გულმოსულმა თქვა კოსტია ბიბიკოვმა – როგორც ამბობენ, ახლა კარგი ცხოვრება ქალს და ძროხას აქვთ, ცხენს და კაცს კი ცუდი. მართალიცაა. აი, მაგალითად, იგნახა ჟურავლიოვის ცოლი, გამოთვრა და მთელს სოფელში შეარცხვინა კაცი, მერე კი მაინც მას დასდეს ბრალი, ცოლს ზედმეტის დალევის უფლებას რატომ აძლევდიო!

სერიოგა ჩუმად იჯდა, საუბარში აღარ მონაწილეობდა, სადღაც შორს იყურებოდა და ფიქრობდა: რას იზამ, ეტყობა ესეც უნდა გამოეცადა ცხოვრებაში. მაგრამ თუ კიდევ ერთხელ დაატყდებოდა თავს ასეთი ქარიშხალი, იგი უკან არ დაიხევდა, გაშლილი ხელებით, გულღიად შეხვდებოდა. და, მაინც, რაც არ უნდა მტკივნეული გასახსენებელი იყოს, ეს მაინც დღესასწაული იყო. რა თქმა უნდა, სადაც დღესასწაულია იქ პახმელიაც არის, ეს ასეა... მაგრამ დღესასწაული ხომ იყო? იყო! ჰოდა, ძალიან კარგი. მორჩა.