სალვადორ დალი - ადამიანები რომელთაც შეცვალეს მსოფლიო

ექვსი წლისას მზარეული მინდოდა გავმხდარიყავი, შვიდისას - ნაპოლეონი, და მას მერე თამასა აღარც დამიწევია.

ერთგან სტენდალი მავანი იტალიელი ბანოვანის სიტყვებს იხსენებს, რომელიც თურმე ზაფხულის ჩახუთულ საღამოს დიდის განცხრომით მიირთმევდა ნაყინს: „მართლა საცოდაობაა, ასეთი სიამოვნება ცოდვად არ ითვლებოდეს!“ - წამოუძახია თურმე მას. ექვსი წლის ასაკში სამზარეულოში ჭამა ცოდვად მეთვლებოდა - სახლის ამ ნაწილში ფეხის შედგმაც კი ერთი იმგვარ საქციელთაგანი იყო, რასაც მშობლები გადაჭრით მიკრძალავდნენ. არადა, შემეძლო, საათობით მეტრიალა შორიახლოს - პირზე ნერწყვმომდგარს, სანამ დროს მოვიხელთებდი და იმ საოცნებო გარემოში მოვახერხებდი შეღწევას! ნახევრად უმი ხორცის ნაჭერს მოვიხელთებდი ხოლმე, ანდა მოშუშულ სოკოს, ლამის დაუღეჭავად ვყლაპავდი, მაგრამ ჩემთვის ერთსაც და მეორესაც განუმეორებელი გემო დაკრავდა - მხოლოდ შიშისა და დანაშაულის განცდის ნაზავი რომ მიანიჭებდა მსგავს სიმძაფრეს...

სხვა მხრივ შეზღუდული არაფრით ვყოფილვარ - შინ ტახტის მემკვიდრესავით დავაბიჯებდი, ოღონდ ჩემი გული მშობლებმა მაინც ვერაფრით მოიგეს, თუმც კი მზე და მთვარე ჩემზე ამოსდიოდათ - ის კი არა, გამოგიტყდებით და, ცოტათი მატუტუცებდნენ კიდეც.

კარგად მახსოვს, ერთ-ერთ დღესასწაულზე მეფის სამოსი მაჩუქეს - ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ოქროს გვირგვინი და მოსასხამი, რომელშიც თავფეხიანად შემეძლო გახვევა; კარგა ხანი უარს ვიყავი, საერთოდ სხვა რამე ჩამეცვა და დილიდან საღამომდე ასე დავიარებოდი სახლში. როცა ქალები სამზარეულოდან დამიფრენდნენ ხოლმე, დერეფანში დავდგებოდი ჯიუტად, სამეფო სკიპტრით (ანუ, იმავე ბუზსაკლავით) ხელში და ვიფიცებოდი, საკადრისად დავსჯი ამ დედაკაცებს-მეთქი...

ძმა შვიდი წლის ასაკში გარდამეცვალა ტვინის ანთებით, ჩემს დაბადებამდე სამი წლით ადრე. მშობლებისათვის ეს, ცხადია, მძიმე დარტყმა აღმოჩნდა და ცხოვრებისაკენ მხოლოდ ჩემმა ამქვეყნად მოვლინებამ მოუბრუნათ გული. როგორც ამბობენ, ის და მე წყლის ორი წვეთივით ვგავდით თურმე ერთმანეთს - ჩემი არ იყოს, იმასაც გენიალობის უტყუარი ბეჭედი ესვა სახეზე.

ახლა, მორფოლოგიაში ბოლოდროინდელი აღმოჩენების წყალობით (დიდება გოეთეს ამ სიტყვის მოგონებისთვის, რაც ალბათ ლეონარდოსათვისაც კი დიდი შურის საგანი იქნებოდა!), ცნობილია, რომ უფრო ხშირად სწორედაც ანტაგონიზმის უდიდესი სირთულის შემომთავაზებელი, ერთგვაროვანი და ანარქიული ტენდენციები იწვევს ხოლმე ფორმის ყველაზე ცხოველი იერარქიების ტრიუმფალურ ზეობას!

თუკი ცალმხრივი, ერთგვაროვანი გონების ადამიანები იმსხვერპლა წმინდა ინკვიზიციის ცეცხლმა, მრავალფორმიანი, ანარქიული გონებებიც - ზუსტადაც იმიტომ, ამგვარნი რომ გახლდნენ - თავიანთი უკიდურესად ინდივიდუალური სულიერი მორფოლოგიის გამოვლინებას სწორედ ამა ცეცხლის გამონაშუქზე ახერხებდნენ... როგორც უკვე ვთქვი, ჩემს ძმას ისეთი ნიჭი დაჰყვა, რაც საგნების ერთი მიმართულებით ხედვის საშუალებას აძლევდა და რაც სრულიად გამორიცხავდა ფორმებით თამაშს; მე კი, ჩემი მხრივ, ანარქიული, პოლიმორფული უკუღმართის ერთი აღმოვჩნდი: ჩემი ცნობიერება გასაოცარი სისწრაფითა და სიხარბით ნთქავდა საგნებს - როგორც ტკბილეულს, თავად ამ ტკბილეულს კი - როგორც ცნობიერების მატერიალიზებულ საგნებს. მე ყველაფერი მასხვაფერებდა, მაგრამ არაფერი მცვლიდა; დამყოლი გახლდით, მაგრამ - მაძიებელი, და ჩემი გონება სწორედ იმ განუმეორებელი, ქედმაღალი ესპანური ხედვის არეალში დაეძებდა საკუთარი დაუცხრომელი გენიის მტაცებლურ, იეზუიტურ, შემღვრეულ კრისტალებს! მშობლებმა იგივე სახელი დამარქვეს, რაც ჩემს ძმას - სალვადორ - და ამ სახელის მატარებელს თავად განგებამ თუ მარგუნა - არც მეტი, არც ნაკლები - თანამედროვე ხელოვნების სულიერი სიღატაკისაგან მეხსნა მხატვრობა, და ეს იმ მექანიცისტური და უგვანი „მიღწევების“ უსახურ ხანაში, რომელშიც მომიწია კიდეც ცხოვრება...

როცა შორეულ წარსულს ვავლებ ხოლმე თვალს, რაფაელის მსგავსი არსებები ჭეშმარიტ ღვთაებებად მესახებიან და დღეს ალბათ ერთადერთი ვარ, ვინც იცის - რატომ იქნება ამიერიდან შეუძლებელი რაფაელისებურ ფორმათა ბრწყინვალებასთან თუნდაც ოდნავი მიახლოება და საკუთარი შემოქმედებაც კი დიდ უბედურებად მიმაჩნია, რადგან ჩემი ნება რომ ყოფილიყო, იმ ეპოქაში ვისურვებდი ცხოვრებას, სადაც არაფერი იქნებოდა „გადასარჩენი“. ოღონდ თუ ახლა აწმყოსაც მივაპყრობთ მზერას, თუმც კი ნიჭიერებით ჩემზე ბევრად აღმატებულთა შეუფასებლობა არ მჩვევია - დიახ, ამას ათიათასჯერ გავიმეორებ - არავის ცოცხალი თავით ქვეყნად ადგილს არ გავუცვლიდი, მით უფრო - არავის თანამედროვეთაგან. ოღონდ ეგაა, მკითხველის ფხიზელი თვალი უკვე უთუოდ შეამჩნევდა, რომ თავმდაბლობა ჩემი უმთავრესი ღირსება არ არის: ერთადერთი, რასაც გპირდებით, ისაა, რომ ყოველივე აქ მონათხრობი მთლიანად ჩემივე ცდომილებათა ნაყოფია მხოლოდ.