კარლოს ფუენტესი - არტემიო კრუსის სიკვდილი

მეხსიერება საკუთარ „მეს“ ნამსხვრევებად ხლეჩს, ცხოვრება კი ისევ აერთებს მათ და ისევ აშორებს, ეძიებს და პოულობს.

შენ იცი, არ არსებობს უკიდურესობა წინააღმდეგობის გარეშე: სისასტიკე-სინაზე, სილაჩრე-გულადობა, სიცოცხლე-სიკვდილი.

ყოველ ადამიანს - ისევე, როგორც შენ - თავისი ცხოვრების რაღაც წუთებში უხდება თავისთავში გააერთიანოს სიკეთე და ბოროტება, ერთდროულად გაჰყვეს ერთი გორგლიდან გამორღვეულ სხვადასხვა ფერის ორ იდუმალ ძაფს, რომლებიც ბოლოს და ბოლოს ერთმანეთს ცილდებიან - თეთრი ძაფი ზევით მიდის, შავი ქვემოთ, - რათა ბოლოს მაინც ერთმანეთს გადაეწნან შენს ხელშივე.

შენი სიჩაუქე მუდამ გვერდით უდგას შენსავე ლაჩრობას. შენს სიძულვილს შენივე სიყვარული შობს, მთელი შენი სიცოცხლე შენს აღსასრულს განსაზღვრავს. შენ არც კარგი იქნები, არც ცუდი; არც კეთილი, არც ეგოისტი; არც კეთილშობილი, არც მოღალატე. დაე ხალხმა განსაზღვროს შენი სათნოებისა და ბიწიერების ხარისხი, მაგრამ განა თვითონ არ იცი, რომ ყოველი შენი მტკიცება უარყოფითად ტრიალდება, ხოლო უარყოფა - მტკიცებად.

ალბათ, შენს გარდა ვერავინ გაიგებს, რომ მთელი შენი ცხოვრება ნაირფერადი ძაფებით არის ნაქსოვი, - თუმცა, კაცმა რომ თქვას, ასეა სხვათა ცხოვრებაც, რომ შენ ზუსტად იმდენი შესაძლებლობა გექნება - არც მეტი, არც ნაკლები, რამდენიც საჭიროა, რომ ცხოვრება სასურველი ნიმუშისდარად გამოაქანდაკო. და თუ სწორედ ასეთი გახდები და არა სხვაგვარი, რა პარადოქსულიც არ უნდა იყოს ეს - მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არჩევანი გქონდა. შენი ყოველი არჩევანი სხვა გზებს არ გამორიცხავს, არ დამარხავს იმას, რისი უარყოფაც მოგიწევს, მაგრამ ცხოვრების კალაპოტი შევიწროვდება და შევიწროვდება, ვიდრე საბოლოოდ შენი არჩევანი შენს წილხვდომილს არ შეერწყმება. მერე სიკვდილი? რას იზამ, სიკვდილი პირველი არ იქნება. შენ ბევრ მკვდარ დღეს, ბევრ ცარიელ საათს იცოცხლებ.

არასოდეს ამოწყდება ჩვენი მოდგმა, ვინაიდან ვისწავლეთ როგორ გადავრჩეთ, ვისწავლეთ...

ბედნიერებას ყოველთვის როდი სჭირდება ღვთის კურთხევა.

დახუჭავ თვალებს და რეალური სამყარო ვერ შეძლებს მეტოქეობა გაუწიოს შენს წარმოსახვას.

თითებს გაშლი და ხელისგულზე ოფლს შეიგრძნობ, ვინ იცის, ისიც გაგახსენდეს, რომ დაბადებისას ხელისგულზე არ გქონია სიცოცხლისა თუ სიმდიდრის, სიცოცხლისა თუ სიყვარულის ხაზები. შენ დაიბადე, დაიბადები სულ სუფთა ხელისგულებით, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა ქვეყანას მოვლინებოდი, რომ მათი გული ზედაპირი გრძნეულ ნიშნებსა და ხაზებს შეევსოთ. სიკვდილის დროს ხელისგულზე შენ გექნება ღრმა, უხეში კვლები, მაგრამ მოკვდები თუ არა, რამდენიმე საათში შენი ბედისწერის ყოველგვარი კვალი გაქრება შენს ხელებზე.

ქაოსი - მას მრავლობითი რიცხვი არა აქვს.

საკმარისია ერთი წუთით მოსწყდე, რომ ომის ჭადრაკი ქაოტური, უაზრო სვლებისაგან შემდგარ, გაუგებარ, სულელურ თამაშად იქცეს.

ჩვენ ადამიანები ვართ, და არა მოწამეები.

დრო თავის სრბოლაში - სწრაფი იქნება თუ ნელი - ემორჩილება მხოლოდ ბავშვების წარმოსახვას, რომლებიც ქვიშის სასახლეებს აშენებენ, ან კიდევ მხიარულ დასაფლავებებს აწყობენ, ან ზღვაში დატყაპუნობენ, ცელქობენ, მზეზე იხრუკებიან, ზღვის ნაზ ტალღებს ჩაკრულნი ჭყიპინებენ.

რევოლუცია ბრძოლის ველზე იწყება, მაგრამ როგორც კი იგი თავის პრინციპებს უღალატებს, წასულია მისი საქმე, თუნდაც რამდენიმე ბრძოლაც მოიგოს. ...ნამდვილი, თანმიმდევრული და უკომპრომისო რევოლუცია, სამწუხაროდ, მხოლოდ გაუნათლებელი და სისხლისმოყვარე ხალხის წყურვილია. ინტელიგენტებს კი ისეთი სანახევრო რევოლუცია სურთ, რომელშიც მათ ინტერესებს არ შეეხება, ხელს არ შეუშლის მათ განცხრომით, თავის ნებაზე სიამოვნებით იცხოვრონ.

შენ ბევრ რამეს შეიცნობ, გადაიტან, შეაფასებ, გამოთვლი, წარმოიდგენ, გაითვალისწინებ, და ბოლოს მიხვდები, რომ შენს მიერ შექმნილი სინამდვილის გარდა არავითარი სხვა სინამდვილე არ არსებობს.

განა არსებობს სხვა საშუალება გწამდეს, რომ შენ უკვალოდ არ გაქრები, მარადიულად, მაშინაც, თუ ეს არ გწამს? ღმერთი, ღმერთი, ღმერთი... საკმარისია ეს სიტყვა ათასჯერ გაიმეორო, რომ ყოველგვარი მნიშვნელობა დაკარგოს და კრიალოსნად იქცეს... მარცვლების... ცარიელი... ღმერთი, ღმერთი...