ვასილე ერნუ - ჩემი პირველი ჯინსი

ჩემი პირველი ჯინსი საბჭოთა კავშირის ავღანეთში შეჭრას უკავშირდება. ეს იყო 1979 წელს. სოციალისტური რევოლუცია რომ დაეცვა, საბჭოეთმა ქაბულში შეიყვანა თავისი ჯარები. 

თამაშის წესები მარტივი იყო: თუკი ავღანეთს ჩვენ გავათავისუფლებდით, დასავლეთი ოკუპანტად ჩვენ გამოგვაცხადებდა, ხოლო თუკი აშშ გაათავისუფლებდა, მათ ოკუპანტებად ჩვენ შევრაცხავდით. ღმერთმანი, სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობდით, ან - პირიქით, ენა საერთო გვქონდა, უბრალოდ, ყველა ისე იგებდა, როგორც სურდა, გააჩნია, რა ინტერესები ამოძრავებდა. 1980 წელს ჩემი ძმა ჯარში წაიყვანეს. არმიაში 18 წლისებს იწვევდნენ: „ჩვეულებრივ“ ჯარში - ორი წლით და საზღვაო ფლოტში - სამით. სამხედრო სამსახურის ადგილსამყოფელი წინასწარ უცნობი იყო, ჯარისკაცი მხოლოდ სამხედრო ნაწილში იგებდა, სად მოხვდა. თუკი ბედი გაუღიმებდა, შეიძლებოდა უნგრეთში, აღმოსავლეთ გერმანიაში ან ჩეხოსლოვაკიაში მოხვედრილიყო; თუ არადა, ციმბირის მიყრუებულ მხარეში გაანაწილებდნენ. როგორც ერთი ჩემი მეზობელი ამბობდა, მე იქ ვმსახურობდი, სადაც ძაღლებს მარხილში აბამენო. ეს სხვა სამყარო გახლდათ, თვითმფრინავით იქამდე მისვლას მთელი დღე სჭირდება. მაგრამ ყველაზე საშინლად იმ დროს ავღანეთში მოხვედრა ითვლებოდა. არდაბრუნების ალბათობა დიდი იყო. ჩემი ძმა სწორედ იქ გააგზავნეს: რამდენიმე თვეს უზბეკეთის ქალაქ თერმეზში იყო, ავღანეთის საზღვარზე, მერე - პირდაპირ ქაბულში. მოჯაჰედებთან ბრძოლა არცთუ ისე ადვილია. ფოტოები დამთრგუნველი იყო: დანახშირებული მანქანები, ალმოდებული სოფლები, გვამები, კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცები.

სამაგიეროდ, ავღანეთში, ამ ღატაკსა და ღვთისგანაც და კაცისგანაც დავიწყებულ ქვეყანაში, საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, იყიდებოდა საქონელი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ძნელად იშოვებოდა და თუ იშოვებოდა, უფრო ძვირად. მომხიბვლელი ნივთი ბევრი იყო - მზის სათვალიდან SONY-ის მარკის მაგნიტოფონებამდე, მაგრამ არც ერთი ნივთი ისეთი სასურველი და დაფასებული არ ყოფილა, როგორც ჯინსები. ჯინსები - იმდროინდელი საბჭოთა მოქალაქის ყველაზე სანატრელი საქონელი - საბჭოთა არმიის უშიშარ ჯარისკაცებს კონტრაბანდულად შემოჰქონდათ.

ასე რომ, საკმაოდ ნორჩს მქონდა ის, რაზეც მხოლოდ „კარგად მოწყობილი ადამიანების“, ანუ უცხოეთთან ან გადამყიდველებთან დაკავშირებული სამსახურების თანამშრომლების შვილებს მიუწვდებოდათ ხელი. ჩემს ძმას შვებულება არ მისცეს, რაც, წესით, საბჭოთა ჯარისკაცებს ეკუთვნოდათ. ამიტომაც მამაჩემმა ჩააკითხა თერმეზში და ჯინსები იქიდან ჩამომიტანა. ყველაზე ლამაზ ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი ისეთ მშვენიერებას, რაც ჩემმა თვალებმა იხილა მაშინ!

წარმოიდგინეთ: მე, ათი წლის ბიჭს, მეცვა ისეთი შარვალი, როგორიც არ ჰქონდათ სკოლის დირექტორის ან საქკომის პირველი მდივნის შვილებს.

მგონი, ჩემს სკოლაში პირველი ვიყავი, ვისაც ჯინსები ეცვა. ყველას შურდა ჩემი - ჩემი დის თანაკლასელებით დაწყებული და ჩემი კლასელებით დამთავრებული. ჩემმა პირველმა ჯინსებმა ნამდვილი სენსაცია მოახდინა. მოგვიანებით, მოზარდობის ასაკში, ჯინსის პერანგი მაჩუქეს. ეს უკვე ტანსაცმლით გათამამების მწვერვალი იყო. ასეთი პერანგების შოვნა ძალიან ჭირდა და, ბუნებრივია, ცეცხლის ფასიც ედო. მარცხენა ჯიბეზე გამოსახული იყო ემბლემა წარწერით Lightman. საიდან უნდა სცოდნოდათ ჩვენს დაუძინებელ მტრებს - ამერიკელ მწარმოებლებს, რომ ეს სახელი არც ერთი ქვეყნისთვის ისე ზედგამოჭრილი არ იქნებოდა, როგორც საბჭოთა კავშირისთვის? ეს ნივთები ხომ მართლაც სხივს ჰფენდა ჩვენს ყოფას.

პირველი ჯინსი, რომელიც ცხოვრებაში ვნახე, უფრო სწორად, რომელიც მახსენდება - ჩემი უფროსი ძმის ჯინსები იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემმა ძმამ გადაწყვიტა, თავისთვის ჯინსი ეყიდა. ის მაგარი ბიჭების, ანუ აზრზე მოსულების რიგებში ირიცხებოდა. მათ ყველა პატივს სცემდა; თან ყველა უპირატესობა ჰქონდა: იყო სწრაფი, გამოირჩეოდა ლიდერის თვისებებით და არ ვიცი, როგორ ახერხებდა, მაგრამ ყველაზე გავლენას ახდენდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ სპორტსმენი იყო. ერთი სიტყვით, მას ყველაფერი ჰქონდა, ჯინსების გარდა. ასეთი ბიჭების ცხოვრებას აზრი ეკარგებოდა, თუკი ჯინსებს ვერ იშოვიდნენ. ჯინსების შოვნას კი ფული და ნაცნობობა სჭირდებოდა. ჩემმა ძმამ მთელი ზაფხული იმუშავა, ფული შეაგროვა და ოდესაში წავიდა. როგორც ოსტაპ ბენდერი იტყოდა: „Контрабанда? Вся контрабанда делается на Малой Арнаутской в Одессе“ [კონტრაბანდა? მთელი კონტრაბანდა ოდესაში, მალაია არნაუტსკაიას ქუჩაზეა თავმოყრილი]. ოდესის „ბაზრობაზე“, ანუ შავ ბაზარზე, ყველაფრის შოვნა შეიძლებოდა. აქ ქვეყნის უხილავი სახე ჩანდა. მთავარი იყო, ფული გქონოდა, მაგრამ ნეტა საბჭოთა მოქალაქისთვის მხოლოდ ფული ყოფილიყო პრობლემა! ასე დაბრუნდა ჩემი ძმა ჯინსებით made in USA. არასოდეს დამავიწყდება შარვლის ფერი. გგონიათ, ისეთ ჯინსებს ახლაც კერავენ? კაპიტალისტებიც კი შეიცვალნენ. როგორი ქსოვილი იყო! იმდენად მკვრივი, რომ „თავისით იდგა“. უკან ტყავის ეტიკეტი ჰქონდა, მასზე გამოსახული უზარმაზარი ხიდით, რომელზეც დიდი, ლათინური ასოებით ეწერა Brooklyn- ალბათ ფირმის სახელი. წარმოდგენა არ მქონდა, რას ნიშნავდა და რაზე მიუთითებდა, მაგრამ Brooklyn-ს ჩემთვის მაგიური ძალა ჰქონდა. ეს იყო სხვა სამყაროდან, სხვა სინამდვილიდან მოსული სიტყვა, რომლის წარმოსახვაც კი არ შემეძლო. სიტყვებს, განსაკუთრებით კი ნივთებს, უჩვეულო, ენით აღუწერელი ხიბლი ახლდა.

ახლა დროდადრო ვყიდულობ ხოლმე ჯინსებს - ძალიან იშვიათად, და უფულობა არაფერ შუაშია. ოდესღაც ვოცნებობდი ჯინსის ქურთუკზე. წარმოსახვაში საკუთარ თავს ჯინსის ქურთუკში გამოწყობილს ვხედავდი. მასში სრულიად სხვა ადამიანად გარდავიქმნებოდი. მაგრამ ამაზე მხოლოდ ვოცნებობდი. არასდროს მიყიდია. მოგვიანებით მაჩუქეს, მაგრამ ძალიან იშვიათად ვიცვამ. რატომ? მაღაზიებში უამრავი ჯინსის დანახვაზე ცუდად ვხდები. როგორ გაუფასურდა ყველაფერი, რაც ოდესღაც ჩვენთვის წმინდათაწმინდა იყო! ჯინსებს იმიტომ ვყიდულობ იშვიათად, რომ კომუნიზმის ხანის „ბავშვობის ოცნება არ გავცვითო“. ამ კაპიტალიზმმა საბოლოოდ მოგვითავა ხელი. წაგვართვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი - დიდი წვალებით ნაშოვნი ნივთით ტკბობის სიამოვნება.

თარგმნა - გაგა ლომიძემ