ვაჟა ფშაველას წერილები კერძო პირებისადმი


ზაქარია ჭიჭინაძისადმი
ძმაო ზაქარიავ!

...სწორედ რომ გავიმარჯვე. უნივერსიტეტში ლექციების სმენის ნება მომცეს. ვუზივარ ლექციებს და ვზეპირობ, თუ სურსათი არ შემომელია, მეტი გამარჯვება ჯერჯერობით არ მინდა. უნდა გითხრა, ცეცხლია სწორედ ამ ლექციების სწავლა: დალოცვილ პროფესორს აღარ გაუშვია, თუ სადმე დანგრეული სოფელი, ან გამჭვარტლული ქვა გდებულა, სუყველა სახელი ლექციაში მოუქცევია, მაგრამ რას იზამ, უნდა იზეპირო, მეცნიერებაა. დასკვნა, რომელიც გამოვიყვანე წუთიერი დაკვირვებიდამ აქაურ ხალხზე და ცხოვრებაზე, შემდეგია:

ხალხი ერთობ ღვთის მოყვარე ყოფილა, რის გამოც ურიცხვი საყდრებია აშენებული; აქაურმა გლეხმა რომ ღამე ფანჯარაში სანთელი დაინახოს, მოიხდის ქუდს და პირჯვარს გადისახავს. ბევრი კიდევ სხვა რამეები მაქვს სათქმელი, მაგრამ პირში წყალი მიდგა და რა ვქნა, რა ვსთქვა! მხოლოდ რაც მე დავინახე აქ, ის ფაქტები სულ სხვანაირ პროგრამას უწერენ აქაურ წინამორბედს ხალხს და არა იმას, რომელსაც ისინი მისდევენ. თუ ძმა ხარ წერილი მომწერე და მანდიური ამბები შემატყობინე, უკრიტიკოდ, გაუკილავად, ისე რომ ნათქომს კლანჭი არ გამოეკიდებოდეს. კარგი იქნებოდა, რომ გროშებსაც გამომიგზავნიდი. აქ ერთი მანეთი თუმანი ღირს; ჩემისთანა გაფხეკილი კაცისთვის კი ორამდეც მიაღწევს.

ლექციებისა უნდა შევიტანო ოცდახუთი მანეთი და ერთი თვის საზრდოღა დამრჩება. კოჭლად წავა საქმე, თუ ცხოვრების წყაროები არ გამოვძებნე.

1883წ. 20 სექტემბერი, პეტერბურგი


თედო რაზიკაშვილისადმი

ძმაო თევდორე!
გატეხით გამაგრებითა ხმალმა ბედენად არ გასჭრაო, ნათქვამია, მაშასადამე, რაც მე გითხრა და გიამბო, შენმა ძმამ, არასასიამოვნო ამბავი, როგორც ვაჟკაცმა, გულტკიცედ უნდა მოისმინო. მართალია, ისეთი არაფერი შეგვმთხვევია, რომ სხვას არ შეჰმთხვეოდეს. დედ-მამა უნდა დაიხოცოს, შვილები დარჩნენ.

შენი სიზმარი გაგვიმართლდა, მართლა მიწის ხვავი დაეცა ჩვენს სახლს. დედ-მამა დაგვეხოცა, ძმაო, მაგრამ რა უყოთ, მოთმინების მეტი აღარაფერი გვმართებს. მოთმინება და ამასთან გამოფხიზლება; მტერი ბევრი გვყავს, ბევრს გაუხარდა ჩვენი ზარალი, მაგრამ ჩვენ კიდევ იმას უნდა ვეცადნეთ, რომ მტერი გავაშავოთ და გავაწბილოთ...

აბა რაღა ვქნათ ეხლა, რა უყოთ სახლსა და ოჯახს, მეც რომ თავი დავანებო, ხომ სულ გაოხრდა და გატიალდა იქაურობა. შენი იმედი მაქვს, რომ ჭკვიანი კაცი ხარ და გესმის მომავალი.

შენი იმედი მაქვს, რომ ჭკვიანი კაცი ხარ და გესმის მომავალი. შენ ეხლავე უნდა ეცადო და რაც შეიძლება მალე თხოვნა გაუგზავნო არქიელს, მით უმეტეს რომ შენ სალდათობა ნარგები გაქვს (#61 ბილეთი) და "პრისუსტვიემ" გამომიცხადა შენზე, თუ ამ ექვსის წლის განმავლობაში იმან მასწავლებლობას თავი დაანება და ყოველწლივ მოწმობა არ წარმოგვიდგინა მასწავლებლად ყოფნაზე, პირდაპირ სალდათად წავაო.

რა ვიცით კაცის თავს რა შემთხვევაა, ძმაო. იქნება დაგითხოვონ, ხომ იცი ჩვენი საზოგადოების ამბავი. შენს თხოვნაში არქიელს აუხსნი ამ გარემოებას: და დამრჩა გასათხოვარი და ძმა ასზრდელი - თქო, ამასთან სამრევლო სკოლის გახსნასაც დაჰპირდი, რაც შეიძლო, ჩქარე ეცადე. შენ იმას ნუ იფიქრებ, ძმაო, რომ ჩემთვის მინდოდეს შენი მღვდლობა. არა, მე ის მინდა, რომ ოჯახში კაცი იყოს ვინმე, მე საითაც იქნება, გზას გავიგნებ. ჩემი ძმური რჩევა ეს არის და ახლა შენ იცი...

1890წ.

ალ. რაზიკაშვილისადმი

ძმაო სანდრო!
...სანდრო, აბა შენ იცი, როგორც ჩემს სურვილს შეასრულებ და, ამ ზაფხულში წამოხვალთ მთაში. ბაბოც წამოიყვანე, აქ არაფერი გაგიჭირდებათ, ხუთი ძროხა იწველის ჩვენი. ქათმები, - რამდენიც გინდათ. ჩარგლულა კალმახით სავსეა. ნახევარ საათში იმდენს დაიჭერ, რომ ვერც კი შესჭამთ. სახინკლეც არ მოგაკლდებათ. აბა, გელით უეჭველად, თუ გინდათ, რომ მე კიდევ ფანდური გაგატანოთ აქედან - ჩემს რძალს უყვარს. თედოსაც შეატყობინე, იქნებ ეგეც წამოვიდეს.

წამოდით, ძმაო, დედმამის საფლავის ნახვა მაინც არ მოგინდათ? როცა დააპიროთ წამოსვლა, წინასწარ მაცოდინეთ, რომ ცხენები დაგახვედროთ დუშეთში აუცილებლად, რომ არ გასწამდეთ...

1890წ.


***
ჰა, ბეჩავ, სანდროს კვნესამე!

როგორ ხართ და რას კეთილ-გუნებას? მე კარგად არა ვარ. გულის ტკივილი დამჩემდა. მოგელით თქვენცა და აღარ კი მოსდიხართ. სიტყვა სხვაა, საქმე სხვაა, - ეს რა ამბავია! შენ და გაჩეჩილაძე როგორა ხართ? დემურია ნახე და უთხარი, რომ სამი თუმანი თუმც გამომიგზავნა, ორი თუმანიც გამომიგზავნოს. ფული ჩემთვის ძალიან საჭიროა. აღლაძეც ნახე და უთხარი, რომ "კაი ყმისა" ფული გამომიგზავნოს.

ჰა, ბეჩავ, ბალღო, კაი ყმავ, წაიკითხე კარგად, დედის კვნესამე, გამზდლისა, ამ ლექსს რო წაიკითხავ, თორმეტი ყური შაიბი, თორმეტი გული ჩაიდევ, ხოლო თვალებს მომატება არ ესაჭიროება...

მომიკითხე ჩემი რძალი სიყვარულით და პატივისცემით; გელით უსათუოდ. წამოდით, რაღა ფეხს უკანა სდგამთ, თქვე კაი კაცებო, ახალი თევზი ბლომად არის, რძე და ერბო, ყველი და ხაჭო, დოვი და შრატი, თუ წამოხვალთ, მომწერეთ, დუშეთში ცხენებს გამოგიგზავნი.

1909წ. 12 ივლისამდე.

***
ძმაო სანდრო!
შენი წერილი მივიღე. მესიამოვნა, რომ კარგად ხართ. ჩემი თუ გინდა იცოდე რამე, ვერაფერს სასიამოვნოს ვერ მოგწერ, რადგან მე ავადა ვარ. ჯერ შარშან ზაფხულში კინაღამ მოვკვდი. შენ სხვას დასცინი შიშის გამო და ცოტა არ არის ხომ თავადა ფახაწი გქონია. კაცო, ძმობა რის ძმობაა, თუ გაჭირვების დროს შაგვიძლიან და ერთმანეთს არ დავეხმარებით...

1915წ.

თედო და ალ.რაზიკაშვილებისადმი

ჩემნო ძვირფასნო ძმანო, თედო და სანდრო!
...თუ ქალაქს ჩამოვედი, მანდაც ამოგივლით. თედო, ამასა გთხოვ, იქნებ შენ ჩემზე ადრე ჩახვიდე ქალაქში და, თუ ძმა ხარ, შეიარე "ივერიის" რედაქციაში, უთხარი, ფული რაც მერგება გამომიგზავნონ. ამასთანავე პოემაა იქ ჩემი "ჩიქირბე", იმის ამბავიც შემიტყვე, რატომ არ ჰბეჭდავენ და მომწერე. ეგები როგორმე მომიხერხო და, თუ კაი ჯიშის კომბოსტოს თესლი გაქვს, გამომიგზავნო.

იყავი მშვიდობით და კარგად! მომიკითხე თავში ჩემი დედა გულქანი, აკოცე ჩემს მაგივრად ხელებზე და შუბლზე...

1896 წლის ბოლო.

პეტრე უმიკაშვილისადმი

ძვირფასო პეტრე!
თქვენი წერილი მივიღე და დიდად ვისიამოვნე. მადლობა ღმერთს, თუ ერთს ადამიანს მაინც ვახსონვარ. დიდად გმადლობ, ძვირფასო პეტრე რომ გადარდებსთ ჩემი ყოფა-მდგომარეობა, ნეტავი ისე სხვას ადარდებდეს. ვისთვის რა საჭირო და მოსაგონებელი ვარ, ხაშზე და არტალაზე ვერავის დავპატიჟებ.

მკითხავთ, როგორა ვარ, რას ვფიქრობ, რას ვწერ. უნდა გატეხილი გითხრა, ვერა ვარ კარგად ვერც ერთის მხრით, უფრო კი ზნეობრივის მხრით; ხანდახან ჩემს თავს ვგმობ, რატომ მეც, როგორც სხვებმა, არ ვიფიქრე ცხოვრებაზე, არ უგორდი ლეკვივით დიდთა ამა ქვეყნისათ, არ ულოკე ფეხები, არ ველაქუცე, მაგრამ თავს იმით ვმართლულობ, არ შემეძლო მე ასე თავის დამდაბლება და არც ეხლა შემიძლიან, თუნდა რომ პირში ბალახი ამომივიდეს.

ხოლო ჩემი სადარდო შვილებია: იმათი დაბინავება, იმათი აღზრდა, შიში უსწავლელები, ხეპრეებად არ დამრჩნენ-მეთქი.

რას ვსწერო და რად ვსწერო? განა იქ წერა და მოღვაწეობა, სადაც მწერალს ისე ეპყრობიან, როგორც კატა თაგვს ეპყრობა, როცა თაგვი მის ბრჭყალებშია? მომწყინდა თაგვად ყოფნა, მომწყინდა იმათთვის ხელებში ცქერა ერთის ბისტის გულისათვის. ზოგს ჩვენებურს ჩერჩეტს თუ ჰკითხე, კი გეტყვის, რომ "ივერიას" თითქოს დიდად გაფარფაშებულად ვყვანდი. "კვალში" წაიკითხავდი მიხა ცხაკაიას წერილს, რომელიც ნინოშვილის სიკვდილისა გამო იყო დაწერილი.

ნეტავი ეს ოხერი ჭორიკანობა და "კლიაუზნიკობა" მაინც მიყვარდეს და არ მეჯავრებოდეს, რომ ხელდახელ მოვსთხოვო "ივერიის"-ს რედაქციას ის ჟურნალები, სადაც მე ხელი მიწერია მიღებულს ფულზე, რომ პირში ბურთი ჩავჩარო იმ მეტიკვნიტა ადამიანს... დღეს, ვგონებ, ყველამ კარგად უწყით, მე არსაიდამ არაფერს ვიღებ და ჩემის მარჯვენის, მიწის და ოფლის ინაბარადა ვარ დარჩენილი. რაც მომივა, მომივა, მადლობა ღმერთს! დიაღ, მადლობა ღმერთს, რომ ფიზიკურად შრომა მაინც შემიძლიან. აქ მე ვეღარ გადამეღობება ვერავინ წინ.

ჩემის შვილების დაბინავებაზე სცდილხართ, დიდად მადლობელი ვარ. არ ვიცი, თქვენი სიკეთე როგორ გადავიხადო, მაგრამ ეს მაწუხებს, საით და როგორ ვნახო ცხვედაძე. ჩვენში გახურებული მუშაობაა ეხლა და მეორეც ჯიბესთან მწყრალად გახლავარ. გზის ფული არა მაქვს. მინდა ლიტერატურული  ფონდიდამ ვისესხო და, თუ ხელი გამიმართეს, პირდაპირ ქალაქში ჩამოვალ ცხვედაძესთან. უფულოდ კი ფეხსაც ვერსდ გადავსდგამ.

თავართქილაძესთან ლაპარაკი გქონიათ ჩემი ნაწერების გამოცემაზე; მაგ პირობებით არ შემიძლიან ნაწერების დათმობა, ჩემთვის ფულია დღეს საჭირო, ვაჟიც მომესწრო, ეხლა დრო აქვს იმასაც სწავლისა და, თუ უნდა ნამდვილად გულით, მე დავუთმობ ყველა ჩემს ნაწერებს ას თუმნდაც (1000 მ.) ჩემი ნაწერებისა ოთხი სრული ტომი შესდგება, ყველა ისინი შეკრებილი მაქვს, ბევრიც აღარ დამაკლდება. ნახევარი ამთავით მომცეს და ნახევარიც ერთის წლის შემდეგ, როცა წიგნი დაიბეჭდება. შეატყობინეთ ეს პირობა. დაგთანხმდათ, კარგია. არა და რა იქნება?!

ცხვედაძეს კიდევ წერილი მოსწერეთ, იქნება მომიხდეს ქალაქში ქალის წაყვანა, რომ შემეწიოს, რაკი ნაცნობები ჰყავს და, როგორც თქვენა მწერთ, თავგამოდებული და პატიოსანი კაცია.

ჩემი დრამა არ მოგწონებია. არა მწყინს, ხოლო ამას კი გეტყვი, რომ არც დასაწუნია, რადგან არა ჰგავს მაინც იმ დრამებს, ერთს შაბლონზე რომლებიც იწერება ამ ბოლო დროს.

წერილი მომწერეთ კიდევ, ჩემთვისაც დიდად სასიამოვნოა თქვენთან გამოლაპარაკება, ჩემო ძვირფასო პეტრე!

უთარიღო (1894-1898წწ.)

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისადმი

ქალბატონო ანასტასია!
14 მარტს მოწერილი თქვენი ბარათი დღეს, ორს აპრილს მივიღე და პასუხსაც ეხლავე გწერთ. სამდურავსა მითვლით, არ ვიცი, რად და რისთვის? "სხვას კაი მასალას აძლევთ და ჩვენ კი უხეიროსაო. ახლად დაბრუნებულმა რედაქციის წევრმა აკაკიმ დაიწუნა თქვენი მასალაო" და სხვ. და სხვ.

მე თვითონ დიდად პატივსა ვსცემ აკაკის ნიჭს და მოღვაწეობას, მაგრამ ისე კი არა, არც აკაკის, არც სხვას, რომ საკუთარის თავის პატივისცემაზე ხელი ავიღო, ან საკუთარს მსჯელობაზე, საკუთარს შეხედულებაზე ამა თუ იმ საგანზე. თქვენ კი ნურას უკაცრავად, ბატონო ჩემო, ამ სიმართლის თქმისათვის, სულ სხვაგვარად მოგსვლიათ საქმე. რაც მე მასალა წარმოგიდგინეთ, თქვენ ხომ მიიღეთ ის მასალა და კიდევაც უნდა დაგებეჭდათ, თუ საკუთარს თავს და საკუთარს აზრს რაიმე ფასსა სდებთ. ერთიც ვნახოთ, ხვალვე აკაკიმ ამ "რედაქციის წევრობას" თავი დაანებოს, მერე მე და თქვენ რაღა გვეშველება? ხომ უნდა ვირბინოთ კარი-კარ და სხვა დამფასებლები ვეძიოთ ამ ლიტერატურული მასალისა. მაშ რედაქტორობა რადღა გაუჩენია ღმერთსა?..

ეს კი არა, იცით საქმე რაშია? ერთი კარგი ქართული ანდაზა მაგონდება. აი ეს ანდაზა: "იმ მთამ დამაზრო ფეხები, რომელსაც არ მოველოდიო". მე მეწადა კარგი განწყობილება მქონოდა თქვენს რედაქციასთან, მეშრომა ისე, როგორც ვშრომობდი "ივერია"-ში და, ვხედავ, რომ თქვენთვის უცხო ვყოფილვარ, დიაღ, უცხო და გამოუსადეგარი. თქვენ გიფიქრიათ, ვაჟა-ფშაველამ "ივერიას" თავი დაანება და ეხლა ჩვენს ხელთ არის, როგორც გვინდა ისე ვატამაშებთო, უკაცრავად! მე სათამაშო ბურთი არ გახლავართ... თუ ჩემი პატივისცემა გაქვსთ ცოტაოდენი მაინც, ეგ მასალა, სუსტიც რომ იყოს, უნდა დამიბეჭდოთ, რადაო? - რომ მკითხოთ, პასუხს არ მოგცემთ. მხოლოდ თქვენ თვითონ იფიქრეთ, რადაც უნდა დაიბეჭდოს, თუნდაც "სუსტი იყოს". ნუთუ იმდენი აღარაფერი გამიკეთებია ქართულს მწერლობაში, რომ მსაჯულად ჩემი ნაწერებისა და მოპასუხედ მკითხველების წინაშე მე თვითონ ვიყო?..

ამიტომ, ბატონო ჩემო, მე ეხლა ჩემს გულისპასუხს გწერთ: მანამ მაგ "სუსტ მასალას" არ დამიბეჭდავთ, მე თქვენ ვეღარაფერს მასალას ვერ მოგაწვდით. ფული რაც მიმიღია, იმას ისევ მოგართმევტ. ხოლო გთხოვთ, ვინიცობაა-და, არ დაბეჭდოთ, თუ ჩემი ცოტაოდენი პატივისცემა მაინც გაქვსთ, მაგ "უვარგის მასალას" ნუ დამიკარგავთ მაინც.

1894წ. 2 აპრილი;

მარიამ დემურიასადმი

ძვირფასო დაო მარიამ!
ერთ მოთხრობას გიგზავნით, თუ მოგეწონებათ, რა თქმა უნდა, დაჰბეჭდავტ. ამაზე ლაპარაკი მედია. სალაპარაკო და სათხვარი ჩემი თქვენთან სულ სხვაა: მე სოფლად ცხოვრება აღარ შემიძლიან, უნდა ამიერიდან ქალაქში ვიცხოვრო. ფიზიკურმა შრომამ გამტეხა წელში, თანაც ვბერდები, ერთი დღე რომ ვიმუშაო, ერთი კვირა უნდა ვიწვე. ეხლაც ავადა ვარ, უსათუოდ ექიმი და წამლობაა ჩემთვის საჭირ. უნდა, თუ შევძელე ამ მოკლე ხანში ჩამოვიდე ტფილისში და თავის თავს მოუარო. ჩემმა სოფლად ცხოვრებამ ბევრი არცრა სოფელს არგო და მე ხომ დამაუძლურა ყოველ მხრივ: ნივთიერად, გონებრივ-ფიზიკურად და თითქმის ზნეობრივადაც კი.

ამიტომ გადავწყვიტე ვიშოვნო რამ ისეთი სამუშაო (დიდს ჯამაგირს არ დავეძებ), რომ იოლად გამოვიდე და ზაფხულობითაც ერთი-ორი თვე თავისუფალი დრო მქონდეს... ვინაც სიყრმიდან აქაურ პირობებში აზრდილა, შეჩვეულია აქაურ საქმეს, ჯერ ისინი ვეღარ სძლებენ აქ, მიეშურებიან ბარად, შირაქში თუ სხვაგან და მე რის პატრონს, როგორ შემიძლია აქ ცხოვრება? გარდა ამისა, შვილებიც უსწავლელები მრჩება. მეყოფა ამდენი ძაღლუმადური ცხოვრება. საზოგადოებას თუ რადმე ეფასება ჩემი თავი, უნდა მიპატრონოს. ამ საქმის შესახებ მე პეტრე სურგულაძესთან მქონდა ლაპარაკი, სხვასთან არავისთან მქონია. იმან სათავადაზნაურო გიმნაზიის ეკონომის თანამდებობა დამისახელა, მეც არ უთხარი უარი, თუ კი როგორმე მოხერხდება-მეთქი. გთხვოთ თქვენ თავადაც, ვისთანაც ჯერ არს, მოილაპარაკოთ, სურგულაძესაც მოაგონეთ ჩემთან საუბარი ამის შესახებ, რომ ისიც ეცადოს და როგორმე მოახერხოთ. ადგილი, ვგონებ, მომავალი წლის 1 იანვრიდან გაიხსენება. თქვენ, როგორც ლმობიერი ადამიანი, სადმე კუთხეში არ მიაგდებთ ამ ჩემს წერილს და არ დაივიწყებთ ჩემს თხოვნას. მე რომ ქალაქში ვცხოვრობდე, უეჭველია, ჩემი ლიტერატურული შრომა ერთი ათად იმატებს და არც თქვენ დაგჭირდებათ ჩემთვის მუდარისა და ხვეწნის წერილების წერა - ლექსი ან მოთხრობა გამოგვიგზავნეთო. დარწმუნდით, ასე იქნება. პეტრე სურგულაძისთვისაც მინდოდა წერილი მომეწერა, მაგრამ ამჟამად ვერ მოვახერხე. თითქმის წერილი საჭირო არაა, რადგან თქვენ თუ მოინდომეთ, ყველაფერს მოახერხებტ.
სხვას მე წერილს არავის არა ვწერ, რადგან მაგრე რიგად დაახლოვებით არა ვარ არავისთან და, თან ისიც ვიცი, ჩემთვის თავს არავინ გაიცხელებს.

1909წ.

ივანე ავალიშვილისადმი

დიდად პატივცემულო ვანო!
შენი წერილი მივიღე ჩემი ნაწერების გამოცემის თაობაზე. საქმის ვითარება ასეთია: "გველის მჭამელი" და იმასთან ერთი სხვა პოემა, სახელდობრ, "სისხლის ძიება", მერკვილაძეს მივეცი გამოსაცემად. ეს მესამე წელია, არა ჰბეჭდას, თუმცა პირობა მომცა, მოკლე ხანში დავბეჭდავო და საქმეს აჭიანურებს. არ ვიცი თუ რა აზრი აქვს. იქნებ ჰგონია, არ ვიცოდეთ, ძალიან კარგად ვიცი. მხოლოდ არ მინდა ვაწყენინო ჯერჯერობით. ან კი როდემდის უნდა ვუთმინო. ჩემს ჩამოსვლამდე არაფერი იქნება და მასინ მე ვიცი: ავიღებ თავის ფულს მივაგდებ თავში და ამით გავუთავებ საქმეს. თუ ამაზედაც არ გახდება თანახმა, მაშინ უფასოდ გამოვწირავ მას "გველის მჭამელს" და თქვენ გადმოგცემთ. მაშ რა უყო? როდემდის ველოდინო? მაგან თავის სიცოცხლეში რომ არ გამოსცეს, გამოუცემლად ხომ არ დავსტოვებ ამ ნაწარმოებს?! მას შემდეგ რაც მერკვილაძეს ნება დავრთე "გველის მჭამელის" ცალკე წიგნად დაბეჭდვისა, იმდენმა ხანმა გაიარა, რომ მეორედ და მესამედ უნდა დაბეჭდილიყო. მერკვილაძე დაჰბეჭდავდა თუ სხვა ვინმე, ჩემთვის სულ ერთი იყო, რადგან სასყიდელს ავიღებდი, დღეს კი ერთი-ორად ვზარალობ ბ-ნ სოსიკოს ოინების წყალობით. რადგან თქვენ გაგიზრახავთ "გველის მჭამელის" და სხვ. გამოცემა, არ შეიძლება ეს საიდუმლოება არ გაცოდინოთ.

1915წ. 10 იანვარი.

მიხეილ ლობჟანიძისადმი

ძმაო მიშო!
...აკაკის დაკრძალვა დიდებული იყოვო - მწერ. დარწმუნებული ვარ, ფიცი არაა საჭირო. ჩვენის მოღვაწეების დამარხვაში ქართველები დიდს ნიჭსა და უნარს ვიჩენთ, ხოლო სიცოცხლის დროს იმათ დაფასების უნარისა რა მოგახსენო; ჩემთვის, მაგალითად, დასაკრძალავი ალაგი ოცი წელია მას შემდეგ, რაც აიჩინა, დანიშნა და შემოფარგლა, ხოლო ამ ოცი წლის განმავლობაში სად, როგორ ვცხოვრობ, არავინ არ იცის. ასეა, რა გაეწყობა, ყველაფერს დრო და გამოცდილება უშველის და გაასწორებს მრუდად  ნაჩორგნს საქმეს... ხანდახან რო წერილი მომაწოდო და მანდაური ამბავი შემატყობინო, ურიგოს არ იზამ.

მშვიდობით და გამარჯვებით იმყოფებოდე.

1915წ. 15 მარტი.

ოჯახისადმი

ჩემო ჯალაფნო!
ამას წინად წერილი გამოგიგზავნეთ და არ ვიცი მოგივიდათ თუ არა. მე დიდი ავადობა და მწუხარება გამოვიარე, ხოლო დღესდღეობით კარგადა ვარ, მაგრამ ექიმები წამოსვლის ნებას არ მაძლევენ. ამ წერილს ნიკოს ვატან და ყველაფერს დაწვრილებით გიამბობსთ...

მე ამ ცხრა-ათ დღეზე გავჩნდები მანდა. თქვენ იცით, მანდაურობას როგორც შაინახავთ და გაუფრთხილდებით. თამარო, სათიბეებს უფრთხილდით, თვალი უნდა დაავლოთ ჩქარა-ჩქარა, თორო ხომ იცით ეხლანდელი ხალხის ამბავი.

წისქვილი მაშინებდა, იქნება წყალმა წაიღო და ნიკომ მითხრა ბეკურმა გაამაგრაო. აბა შანაყარი და მოურავი მაგისთანა უნდა! რო მოვალ, ერთი დიდი მენდალი უნდა მოუტანო წადი-მოდისა.

მარადის თქვენი ერთგული ვაჟა.

1915წ. 11 თიბათვე.