ვასილე ერნუ - მუდამ პიონერები

პიონერულ სიტყვას გაძლევთ, არ ვიტყუები! იმ დღეს, როცა პირველ კლასში, ოქტომბრელების რიგებში უნდა მივეღეთ, რატომღაც სკოლაში არ ვყოფილვარ. გამოგიტყდებით, ძალიან განვიცდიდი, რიტუალს რომ გამოვაკლდი - რიტუალს, რომლის შემდეგაც ლენინის შვილიშვილი ხდები. მაგრამ ავტომატურად ჩამრიცხეს ოქტომბრელთა რიგებში და ამაყად და ღირსეულად ვატარებდი წითელ ვარსკვლავს, რომელზეც ანგელოზის გამომეტყველების ხუჭუჭთმიანი და ქერა ვოლოდია ულიანოვი იყო გამოსახული. 

ლენინი - მუდამ ცოცხალია, 
ლენინი - მუდამ შენთანაა. 
მწუხარებაში, იმედში, სიხარულში, 
ყოველ ბედნიერ დღეს, 
ლენინი ჩემში და შენში. 

ოქტომბრელობისას ფრიადოსანი ვიყავი, სამაგალითო ყოფაქცევით გამოვირჩეოდი და ყოველ წელს საპატიო სიგელით მაჯილდოებდნენ.

გავიზარდე და მომდევნო ეტაპიც მოახლოვდა: პიონერი უნდა გავმხდარიყავი. ეს კი სულ სხვა საფეხური, სხვა პასუხისმგებლობა იყო. ჩვენ ხომ გმირი პიონერების უამრავი მაგალითი გვქონდა, რომელთაც სამშობლოსთვის თავი გასწირეს! ყველა ყოფილ პიონერს, სულ ცოტა, ხუთი-შვიდი გმირი პიონერის სახელი ახსოვს: ვალოდია დუბინინი, მარატ კაზეი, ვალია კოტიკი, ზინა პორტნოვა, ლიონია გოლიკოვი. ძილშიც რომ გვკითხოთ, მათ სახელებს ზეპირად გეტყვით, ჩვენ ხომ პიონერები ვიყავით. როგორი სადღესასწაულო განწყობა გვქონდა, როგორ ვღელავდით ფიცის დადებისას! როგორ ვემზადებოდით. „მე, ვასილი ერნუ, შევდივარ რა საკავშირო პიონერული ორგანიზაციის რიგებში, ჩემი ამხანაგების წინაშე საზეიმოდ ვფიცავ: რომ მეყვარება სამშობლო, ვიცხოვრებ, ვისწავლი და ვიბრძოლებ ისე, როგორც გვიანდერძა დიდმა ლენინმა და როგორც გვასწავლის კომუნისტური პარტია…“.

ოქტომბრელის ნიშანი სხვა ნიშნით შეიცვალა, რომელზეც პატარა ვალოდია ულიანოვის ნაცვლად, უკვე ზრდასრული ვლადიმირ ილიას ძე ლენინი იყო გამოსახული. „ესე იგი, პასუხისმგებლობა იზრდება“, - გავიფიქრე და იმავე წამს ყელზე ალისფერი ყელსახვევი შემომახვიეს. გაისმა ბუკისა და ბარაბნის ხმა. რაზმის საბჭოს თავმჯდომარე ქალმა ხელი შუბლთან მიიტანა და წამოიძახა:

- პიონერებო! ლენინის საქმისთვის მზად იყავით!
და ჩვენც იმავე ჟესტით, ერთხმად ვუპასუხეთ:
- მუდამ მზად ვართ!

მერე კოცონზე, ცისფერ ღამეებსა და საკუთარ მიზნებზე ავმღერდით, რომ ჩვენ, მშრომელთა შვილები, ბედნიერები ვართ და მუდამ დავიცავთ პიონერულ ღირსებას.

პირველ ხანებში პიონერის ყელსახვევებით სიარული მოგვწონდა კიდეც, სანამ დილაობით დედები გვიუთოებდნენ ხოლმე (მოგვიანებით თვითონ გვიწევდა ამაზე ზრუნვა). ყელსახვევებს მოხდენილად ვინასკვავდით. იდეალური ნასკვის გაკეთება მართლაც დიდი ხელოვნება იყო. ყველაზე საზრიანები ყელსახვევს კოვბოურად ინასკვავდნენ, რისთვისაც გვსჯიდნენ ხოლმე. მერე და მერე ყელსახვევებს ვტოვებდით ხან შინ, ხან სპორტულ დარბაზში, ხანაც ზურგჩანთაში ან ჯიბეში ვიჭმუჭნიდით. ამისთვისაც გვსჯიდნენ. პიონერები პატივისცემით უნდა მოჰკიდებოდნენ კანონებს და სანიმუშო საქციელით ყოფილიყვნენ გამორჩეულნი. ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო, როგორც ჩვენს საყვარელ წიგნებსა და ფილმებში. რამდენჯერ გადამიკითხავს არკადი გაიდარის „თემური და მისი რაზმი“ - საბჭოთა პიონერის ბიბლია! ხოლო ფილმი, აღარც კი მახსოვს, რამდენჯერ ვნახე. ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ გმირების ნაკვალევზე სიარული ძნელია.

მაგრამ პიონერობას თავისი ხიბლი მაინც ჰქონდა; ვცდილობდით, ამ გმირებისთვის მიგვებაძა: მოხუცებს ბაღის დაბარვაში ან შეშის დაპობაში ვეხმარებოდით, ვაგროვებდით მაკულატურას, ჯართს, აკაციის თესლს, გვირილებს. ნამდვილი შეჯიბრება იყო. მაკულატურისა და ჯართის ჩაბარების საქმეში ჩვენი კლასი ყველას სჯობნიდა. ალბათ იკითხავთ, რატომ? იმიტომ, რომ მამაჩემი მაღაზიების მომარაგებას ხელმძღვანელობდა და მე ჩვენი რაიონის ყველა მაღაზიის მაკულატურაზე მიმიწვდებოდა ხელი, ჩემი კლასელის მამა კი სატვირთო მანქანების სახელოსნოს უფროსი იყო. წარმოგიდგენიათ, რამდენი ქაღალდი და რკინა გვქონდა? ყოველმხრივ ვჯობნიდით კონკურენტებს. პატარა სტახანოველები ვიყავით. ერთი მხრივ, შეჯიბრებაში ვიმარჯვებდით, მეორე მხრივ კი ვხვდებოდით, რამდენად მნიშვნელოვანია ნაცნობობა. პარტია არ დაგივიწყებს.

სპორტულ შეჯიბრებებს აღარ იკითხავთ? ნამდვილი დღესასწაული იყო; ანდა სამხედრო-პატრიოტული თამაში „ზარნიცა“. მე გუნდის კაპიტანი ვიყავი და ჩემს რაზმთან ერთად საოლქო შეჯიბრებამდეც კი მივაღწიე. „კავეენი“ გახსოვთ? რამდენს ვთამაშობდით! მარშირებას რა დამავიწყებს, 23 თებერვალს - წითელი არმიის დღის შესახებ სიმღერას რომ გვამღერებდნენ! „რაზმეულო, სწორდი! რაზმეულო, სმენა! მარჯვნისაა-კენ!“ - მოსაბეზრებელია, მაგრამ მე მაინც მომწონდა.

ზაფხულის დადგომისთანავე, ორგანიზებულად მივემგზავრებოდით პიონერთა ბანაკებში, სადაც მშობლების გარეშე ვცხოვრობდით. რასაკვირველია, პიონერთა ხელმძღვანელები გვყავდა. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: პიონერთა ხელმძღვანელები ყოველთვის სტუდენტი გოგონები იყვნენ, რომლებიც პედაგოგიურ პრაქტიკას გადიოდნენ და გულს ხომ ვერ დავწყვეტდით?! ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ, ღამეც კი მესიზმრებოდნენ.

ერთი სიტყვით, პიონერთა ბანაკიც გამოვცადე, მაგრამ, სამწუხაროდ, „არტეკში“ არ ვყოფილვარ.

თარგმნა - გაგა ლომიძემ