ჯონ ფაულზი - კოლექციონერი

... რომ ვუახლოვდებოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს პეპლის იშვიათ ეგზემპლარს ვიჭერდი, ფრთხილად, ფრთხილად ვუახლოვდებოდი.

ხან ვფიქრობდი, ახლა ხომ მდიდარი ვარ და ცოლად რატომ არ უნდა გამომყვეს მეთქი, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს სასაცილო იყო. ადამიანები სიყვარულით ქორწინდებიან.

როცა ფული არა გვაქვს, ყოველთვის გვგონია, რომ მქონდეს ყველაფერი სხვანაირად იქნებოდაო. რაღაც აუცილებელზე მეტის ფლობის სურვილი არასოდეს მქონია, მაგრამ სასტუმროში ადვილად შეამჩნევდი, რომ მთელი პატივისცემა ჩვენ მიმართ მოჩვენებითი იყო, სინამდვილეში კი მათ ვეზიზღებოდით, რადგან ამდენი ფული გვქონდა და არ ვიცოდით, როგორ გამოგვეყენებინა. რაც უნდა ფული მეფრიალებინა, მათთვის მაინც კლერკი ვიყავი. რაც არ უნდა გვეთქვა, რაც არ უნდა გაგვეკეთებინა, ჩვენს თავს გავთქვამდით. ნათლად ჩანდა, რას ფიქრობდნენ: ჩვენ ვერ გაგვაბრიყვებთ, კარგად ვიცით, ვინც ხართ. ჯობია საიდანაც მოსულხართ, იქ წახვიდეთ.

უცებ ვიგრძენი, რომ ქალი მომინდა, ანუ იმის თქმა მინდა, გამიჩნდა სურვილი მცოდნოდა, რომ მე ქალთან ნამყოფი ვარ.

იმ უხეშ ტიპებს არ მივეკუთვნები, მუჯლუგუნებით რომ მიიკვლევენ გზას. მე ყოველთვის, როგორც იტყვიან, უფრო მაღალი მისწრაფებები მქონდა.

რასაც შემდეგ აკეთებ, ბუნდოვანს ხდის იმას, რაც ადრე გააკეთე.

ჩემი აზრით, ბევრი იმათგანი, ვინც ახლა შეიძლება თავისთვის უწყინარად ცხოვრობს, იმავეს გააკეთებდა, რაც მე გავაკეთე, ფული და თავისუფალი დრო რომ ჰქონოდა. იმის თქმა მინდა, რომ აიშვებდნენ, თვალთმაქცობას შეწყვეტდნენ და გააკეთებდნენ იმას, რასაც ახლა ჰგონიათ, რომ არ გააკეთებენ. ერთი ჩემი მასწავლებელი ხშირად იმეორებდა, ძალაუფლება რყვნისო და ფული ხომ ძალაუფლებაა.

ადამიანი იმით კი არ ავლენს საკუთარ თავს, თუ რას ამბობს, არამედ იმით, თუ როგორ ამბობს.

ყველა გაზეთი აღნიშნავდა, რომ ის ძალიან ლამაზია და ფოტოებს აქვეყნებდა. შეუხედავი რომ ყოფილიყო, ბოლო გვერდზე სულ ორიოდ სტრიქონით დაკმაყოფილდებოდნენ.

სევდიანი ყველაფერი შეიძლება იყოს. გააჩნია, როგორ შეხედავ.

თუ შენი გრძნობების გამოხატვა არ შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ ეს გრძნობები ღრმა არ არის.

ჩვენ ვერ გვექნება ყველაფერი ის, რაც გვსურს. ადამიანის წესიერება იმაში გამოიხატება, რომ ამას ეგუება.

ვერავითარ აზრს ვერ ვხედავ ფული ფლანგო იმ საქმეში, რისიც არ გწამს. ვიცი, რომ მდიდრები ვიღაცეებს ფულს ურიცხავენ, მაგრამ, ჩემი აზრით ამას იმიტომ აკეთებენ, თავიანთი სახელი დაბეჭდილი ნახონ, ან გადასახადებისგან დაიძვრინონ თავი.

ახლა ყველა ცდილობს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს. როგორც კი რაღაცაზე გაიფიქრებენ, მაშინვე უნდათ, რომ ხელში ეჭიროთ. მაგრამ მე ასეთი არა ვარ, მე სხვანაირი ვარ, ძველმოდური, მსიამოვნებს მომავალზე ფიქრი; მსიამოვნებს, როცა ყველაფერი თავის დროზე ხდება.

შეშლილები ალბათ სწორედ ასეთები არიან, ისინი ხომ ყველაფერში არ არიან შეშლილები და ნორმალური ადამიანების მსგავსად მათაც თავზარი ეცემათ, როცა რაღაც საშინელებას ჩაიდენენ.

დარწმუნებული ვარ, ღმერთს მუხლმოდრეკილები სძულს.

კოლექციონერობა არის ანტისიცოცხლე, ანტიხელოვნება, ანტიყველაფერი.

ნეტავ იცოდნენ ადამიანებმა, რის თავზე დაფრინავდნენ. ყველა ასე დავფრინავთ, ყველა ჩვენ-ჩვენი თვითმფრინავით.

ყველაფერი თავისუფალი და წესიერი სამყაროში, პატარა, ბინძურ სარდაფებშია ჩაკეტილი ტლანქი, უგულო ადამიანების მიერ.

საშინელება იყო. იცი, რომ ადამიანები ახლოს არიან და არაფერი იციან შენი გაჭირვების შესახებ.

რომ ვთქვა, მიქელანჯელოს „დავითი“ რაღაცით ტაფას ჰგავს-მეთქი, რა თქმა უნდაო, დამეთანხმება. ასეთი ხალხიც არსებობს! მე ალბათ მათთან ერთად ვიდექი მეტროში, ქუჩაში გვერდით ჩამივლია, მესმოდა მათი საუბარი და რა თქმა უნდა, ვიცოდი მათი არსებობის შესახებ, მაგრამ გულის სიღრმეში არასოდეს მჯეროდა, რომ ისინი რეალურად არსებობოდნენ. ბრმები და ყრუები ყველაფრისადმი ამქვეყნად. ეს შეუძლებელი მეგონა.

ადამიანები, რომლებსაც ბუნება აინტერესებთ, ყოველთვის კარგები არიან.

რამხელა უფსკრულია სიტყვებსა და აზრებს შორის.

კარგად ხატვის უნარი, აკადემიური და ტექნიკური გაგებით, ჩამონათვალის სულ ბოლოს მოდის.

კრიტიკოსებს უყვართ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით მსჯელობა ხატვის ტექნიკის უმაღლეს მიღწევებზე. სრული უაზრობაა, უშინაარსო ჟარგონი. ხელოვნება სასტიკია. ნახატი შენი არსების სიღრმეში გამოჭრილ ფანჯარას ჰგავს. თქვენს შემთხვევაში (ნახატებში) კი ბევრი პაწია სარკმელი ჩანს, რომლებშიც მხოლოდ ცნობილი მხატვრების ტილოებს მოჰკრავ თვალს.

უფროსები ისე უნიჭოდ გვბაძავენ, რომ შეუძლებელია მათ მიმართ პატივისცემის გრძნობა გაგიჩნდეს.

... მზად არიან ათიათასობით, ასიათასობით გადაიხადონ ვან გოგისა თუ მოდილიანის ნახატისთვის, რომელსაც აფურთხებდნენ, როცა მათი შემქმნელი ცოცხალი იყო. ხარხარებდნენ და ბილწსიტყვაობდნენ მათზე. მეზიზღებიან.

ეს „ახლებიც“ ასევე ღარიბ-ღატაკები არიან. ეს სიღატაკის ახალი ფორმაა. ღარიბებს ფული არა აქვთ, ამათ კი - სული.

ინტელექტი წაკუზეს, ფულიანმა ბრბომ, „ახლებმა“.

გამომცემლობა „დიოგენე“, 2013 წ.