ილიადა - ქება ოცდამეოთხე - ჰექტორის გამოსყიდვა

კრება დაშალეს. სპა კარვებს და გემებს მოედო. 
ყველა ჩქარობდა დანაყრებას ნოყიერ ვახშმით, 
საამო ძილით. აქილევსი კვლავ ქვითინედა, 
კვლავ იგონებდა ტკბილ მეგობარს და მის თვალს რული 
არ მიეკარა. 

ტრიალებდა საწოლზე დიდხანს,
პატროკლეს სიმხნეს იხსენებდა, სულს ამაღლებულს. 
რამდენი ბრძოლა და რა ჯაფა გადახდენიათ, 
როს მტერს ეკვეთნენ, როს იგემეს ზღვის მძვინვარება! 
აგონდებოდა ეს და ღვრიდა მხურვალე ცრემლებს. 
ხან მხართეძოზე, ხან პირაღმა, ხან პირქვე იწვა, 
სახით ეკვროდა სველს სასთუმალს. 
ბოლოს წამოდგა 
და სევდიანი გაჰყვა ნაპირს.

იქ განთიადსაც 
შეხვდა, ძოწისფრად ხმელეთის და ზღვის გამნათებელს. 
მყისვე შეკაზმა და შეაბა ფეხმარდი ცხენნი
და სათრეველად ეტლს მიაბა გვამი ჰექტორის. 
შემოუარა სამჯერ საფლავს მენეტიდისა, 
ბოლოს დაწყნარდა თავის კარავში, გვამი დააგდო 
პირქვე განრთხმული. 

მაგრამ მკვდარსაც აპოლონ ღმერთი 
ვნებას თავიდან აცილებდა, მკვდარსაც სწყალობდა. 
მის სხეულს ოქროს აიგიდით ფარავდა სულ მთლად, 
რომ ნაგვემ-ნათრევს კვალი რამე არ დასტყობოდა. 

რა ნახეს, გმირის მრისხანებით ღვთაებრივ ჰექტორს 
საქმე რომ სჭირდა სათაკილო, სათნო ღმერთები 
ჰერმესს ურჩევდნენ, მოეპარა გმირის ცხედარი. 
ყველას მიაჩნდა ეს სიკეთედ, გარდა ჰერასი, 
პოსეიდონის, თვალმცეცხლია ქალღმერთ პალასის. 
მათ ილიონი ძველებურად სძულდათ, თვით ხალხიც
და პრიამოსიც - ალექსანდრეს ცოდვათა გამო:
მან ქალღმერთები შეურაცხყო, ქოხში მისულნი 
და ის არჩია, ვინც არგუნა ავხორცი ვნება. 

დღის მაცნე ეოს მეთორმეტედ ამოდიოდა, 
როცა უკვდავებს აპოლონმა მიმართა ასე:
”ჰოი, ღმერთებო, უმადურნო! განა ჰექტორი 
თქვენ არ გიძღვნიდათ ზორვად ვერძთა, ხართა შიგნეულს?
თქვენ კი არ გინდათ, თუნდაც გვამი იხსნათ გმირისა 
და არ აღირსებთ ნახვას დედას, ძეს და მეუღლეს, 
მამა პრიამოსს, მოქალაქეთ, რომელნიც ვაჟკაცს
ცეცხლზე დაწვავდნენ და უზღავდნენ ღირსეულ პატივს! 
თქვენ მოწყალებით ხვდებით მხოლოდ მძარცველ აქილევსს, 
ვინც გონებიდან სამართალი, ხოლო გულიდან 
ამოიკვეთა სიბრალული, ბრდღვინავს ვით ლომი, 
თავხედი ლომი, დღენიადაგ ძალით რომ უნდა 
ნახირს დააცხრეს, საქონელი მიისაკუთროს. 

ასე დაკარგა მან სირცხვილი და სათნოება, 
კაცთათვის ეგზომ შესარიგიც და ეგზომ ურგები. 
ზოგი მოკვდავი კარგავს უფრო გულით საყვარელს, 
პირმშოს მოწიფულს, ანდა ძმას ერთწიაღისეულს, 
გლოვობს დანაკარგს და ბოლოს დარდს დაიცხრობს მაინც:
ამტანი სული მოირება მისცეს კაცისშვილს. 
მან კი წარსტაცა ჯერ სიცოცხლე ღვთაებრივ ჰექტორს, 
ახლა კი ეტლზე აბამს, ძვირფას მოძმის საფლავთან 
ტალახში ათრევს! უკადრისი საქმე ინება!
იგი ჩვენს რისხვას იმსახურებს, მიწას, მუნჯ მიწას 
არცხვენს და ბილწავს კაცი იგი გულბორგნეული!”     
                                                              
მრისხანედ უთხრა თეთრხელება ქალღმერთმა ჰერამ. 
”აღსრულდებოდა შენი სიტყვა, შორსმოისარი 
რომ აქილევსს და ჰექტორს ერთი წილი რგებოდათ. 
გმირ ჰექტორს, მოკვდავს, უწოვია ძუძუ ქალისა, 
ხოლო აქილევს იმ ქალღმერთის ძეა, სათუთად 
მე რომ ავღზარდე და სანუკვარ ცოლად ვარგუნე 
პელევსს,  სვენტარ ღვთაებათა საყვარელ ვაჟკაცს.
ყველა იყავით იმ ქორწილში და შენც ილხენდი 
ფორმინგით, ურცხვთა ქომაგო და მუდამ ვერაგო!”

მის საპასუხოდ ზევსმა ბრძანა ღრუბელთმარეკმა:
”ჰერავ, მეუღლევ, ნუ მრისხანებ ახლა ღმერთებზე.
მოკვდავთ თანაბარ ხვედრს ვერ მივცემთ! მაგრამ ჰექტორიც 
გვიყვარს, ვინც კია ილიონში, ყველაზე მეტად, 
მეც მიყვარს! იგი არ გვაკლებდა საამო ზორვას. 
უხვი ზვარაკით სავსე მქონდა საკურთხეველი - 
სურნელოვანით. ჩვენ შეგვფერსი ზორვა ასეთი. 
მაგრამ ნუ ვფიქრობთ მოტაცებას, ძნელი საქმეა, 
რომ ვერ გაიგოს აქილევსმა მოპარვა ცხედრის:
დედა პელიდთან დადის ხოლმე დღითა და ღამით. 
უკეთესია თეტისს ჩემთან მოუხმოს ვინმემ. 
ბრძნულ სიტყვით ვეტყვი: აქილევსმა უნდა აიღოს 
გამოსასყიდი პრიამესგან, დაუთმოს გვამი”.

ამის თქმა იყო და გაფრინდა ფრთიანი ირის. 
ღვინისფერ ზღვაში კლდოვან იმბროსს და სამოსს შუა 
უმალ ჩაეშვა და აკვნესდა მის ქვეშ მორევი, 
ზღვის ჯურღმულებში ჩაიკარგა, ვით მძიმე ბრპენი. 
მოზვრის რქას ბრპეს რომ მიაბამენ, ჩაიძირება 
წყალში ვერაგი და ხარბ თევზებს სიკვდილს უქადის. 
იქ, ღრმა მღვიმეში, მან იხილა დედა თეტისი, 
ზღვის ქალღმერთების შუა იჯდა, შვილს დასტიროდა, 
მის ხვედრს:

აქილევსს ბორცვებიან ტროის მხარეში
ელოდა, მამულს მოცილებულს, ბედი საზარი. 
დედის წინაშე დადგა, უთხრა მაცნე ირისმა: 
”ზევსი მოგიხმობს, შეუცდომელ აზრთა მფლობელი”. 

პასუხად უთხრა მას თეტისმა ვერცხლისფეხებამ:
”დიადი ღმერთი რას მიბრძანებს?
მრცხვენია კიდეც 
გამოვეცხადო უკვდავ ღმერთებს დარდით ტანჯული! 
მაგრამ მზადა ვარ, ის ამაოდ არ მეტყვის სიტყვას!”

ასე ბრძანა და საგლოველი ძაძა ჩაიცვა, 
ყველა სამოსზე უფრო თალხი წამოსასხამი. 
წინ მიუძღოდა მას ირისი ქარისფეხება 
და გაიშალნენ ზღვის ტალღები ქალღმერთთა ირგვლივ. 
ხმელეთს მიადგნენ და აიჭრნენ ზეცისკენ უმალ. 
იხილეს ზევსი, მის წინაშე ჩამომსხდარიყვნენ 
ნეტარნი ღმერთნი, შეკრებილნი ბჭობად ოლიმპოს. 
ათენამ ზევსთან მიუჩინა თეტისს ადგილი. 
ჰერამ მიართვა ოქროს თასი და ანუგეშა. 
დალია დედამ, დაუბრუნა უკან დედოფალს. 
სიტყვა დაიწყო მოკვდავთა და უკვდავთა მამამ:

”შენ ოლიმპოზე მოხვედ თეტის, გულდარდიანი. 
 ვიცი, რომ გეწვის უნუგეშო სევდით გულღვიძლი, 
მაგრამ გაუწყებს, თუ რად გიხმობ ოლიმპოს თხემზე. 
უკვდავთა შორის ცხრა დღეს იყო დიდი ცილობა, 
გმირმა ჰექტორმა და პელიდმა გაჰყვეს ნეტარნი:
ბევრი ჰერმესს თხოვს, მოიტაცოს ცხედარი გმირის.
მე კი აქილევსს მსურს დიდება კვლავ მივანიჭო, 
გულში მაქვს შენი სიყვარული და მოკრძალება. 
აქაველთ ბანაკს მიუბრუნდი, ამცნე, ქალღმერთო:
შემოსწყრომიან ღმერთნი პელიდს, ხოლო მათ შორის 
მე უფრო ვწუხვარ, მრისხანებას რომ აჰყოლია, 
საზღაოს არ იღებს და გემებთან იტოვებს ჰექტორს. 
თუ ჩემი რიდი აქვს, გაიღოს ჰექტორის გვამი. 
მე კი ვაგზავნი ქალღმერთ ირისს, რომ პრიამოსი 
ძის დასახსნელად აქაველთა გემებს ეწვიოს, 
გულის საამო საჩუქრები მიართვას პელიდს”.

ასე თქვა, ნებას დაჰყვა თეტის ვერცხლისფეხება, 
ოლიმპოს მთიდან მეყსეულად ძირს გადმოიჭრა, 
მალე მიადგა შვილის ბანაკს. ნახა კარავში. 
მოყმე მკვნესარი. მეგობრები იქვე იხილა, 
გულმოდგინებით ამზადებდნენ დილის საუზმეს. 
ვერძი დაეკლათ, ძირს დაედოთ ხშირმატყლიანი. 
მწუხარე შვილის გვერდით დაჯდა დედა-ღმერთქალი. 
ეფერებოდა, სახელდებით ეტყოდა ასე:
”გულს რატომ იკლავ, შვილო ჩემო, გლოვით და დარდით, 
აღარც კი გახსოვს პურისჭამა და სარეცელი. 
სანეტაროა ქალთა ტრფობით სიამტკბილობა. 
დიდი დღე როდი გიწერია, შენს წინაშეა 
თვითონ სიკვდილი, ბედისწერა აუცდენელი. 
ახლა მისმინე, მოციქული გახლავარ ზევსის. 
მან თქვა, ღმერთები გიწყრებიან, ხოლო მათ შორის 
ყველაზე მეტად მე ვჯავრობო: რისვას არ იშლის, 
ძვენს არ იღებსო და გემებთან იტოვებს ჰექტორს. 
გაეცი გვამი და მიიღე გამოსასყიდი!”

პასუხად უთხრა აქილევსმა, გმირმა ფეხმარდმა:
”მოვიდეს, ვინცა ძღვენს მთავაზობს, მიიღოს გვამი, 
თუკი გადაჭრით ასე ბრძანებს ოლიმპიელი”.
როს მირმიდონელთ ხომალდებთან შვილიდა დედა 
ერთმანეთს ასე მიმართავდნენ ფრთიანი სიტყვით, 
ზევსმა წარგზავნა ილიონში მარდი ირისი:
”გაფრინდი, ირის, უკან დაგრჩეს ოლიმპოს თხემი 
და ილიონში მოახსენე სულდიდ პრიამოსს, 
მივიდეს შვილის დასახსნელად აქაველთ გემთან, 
საზღოც აახლოს, რომ მოალბოს პელიდის გული. 
მაგრამ მივიდეს მარტო, მეფეს არავინ ახლდეს. 
მხოლოდ მოხუცი მაცნე წაჰყვეს, რათა ჯორები 
სწრაფი საზიდრით მიაგელვოს აქაველებთან 
და კვლავ ტროაში დააბრუნოს გმირის ცხედარი. 
სიკვდილზე ფიქრი, შიში გულში არ გაიკაროს, 
მეგზურს ვუშოვნი ისეთს - თვითონ ბრწყინვალე ჰერმესს. 
იგი გაჰყვება, სანამ მოხუცს პელიდს წარუდგენს. 
და როს მიიყვანს აქილევსის კარავთან, მტრულად 
ხელს არ აღმართავს მასზე გმირი, არც სხვას მიუშვებს:
ბრიყვი როდია, უპირსწყალო, ცოდვას ჩვეული, 
იგი ყოველთვის მავედრებელს მოწყალედ ხვდება”. 

ამის თქმა იყო და გაიჭრა მარდი ირისი, 
პრიამეს სახლში გოდება და ქვითინი დახვდა. 
მამის ეზოში, ზღურბლთან ისხდნენ მოხუცის ძენი, 
სამოსი ცრემლით სველი ჰქონდათ, მათ შუა იწვა 
სულ მთლად ქლაინით დაფარული მეფე პრიამოს. 
თავზე, კისერზე ეცხო ბედკრულ მოხუცს ტალახი, 
მიწად მხოხავმა თავი თვისი თვით წაიბილწა. 
რძალ-წულნი სახლში შეყუჟულნი ტიროდნენ უხმოდ, 
მოიგონებდნენ სამეფოის გულმაგარ მცველებს, 
არგიველთ ხელით ვის უდღეოდ აღმოხდა სული. 

ნელა მივიდა ზევსის მაცნე მოხუც მეფესთან, 
ჩუმად მიმართა, თუმც მის სახსრებს თრთოლვა მოჰგვარა:
”ო, დარდიანო, ჩემი ნუ გაქვს შიში, მე შენთან 
როდი მოვსულვარ მაუწყებლად საზარ ამბისა. 
კეთილმოსურნე მოციქული გახლავარ ზევსის:
მას, თუმც შორს არის, გული სტკივა შენზე, მოხუცო, 
გიბრძანებს, გვამი ჰექტორისა გამოისყიდო, 
ძღვენიც აახლე, რომ მოალბო პელიდის გული, 
მაგრამ ტროელი არვინ გახლდეს, მარტო შენ გასწი. 
მხოლოდ მოხუცი მაცნე წაგყვეს, რათა ჯორები 
სწრაფი საზიდრით მიაგელვოს აქაველებთან 
და კვლავ ტროაში დააბრუნოს გმირის ცხედარი. 
სიკვდილზე ფიქრი, შიში გულში არ გაიკარო, 
მეგზურს გიშოვნის ისეთს, თვითონ ბრწყინვალე ჰერმესს. 
იგი გაგყვება, სანამ მიხვალთ მძლე აქილევსთან. 
და როს შეგიყვანს აქილევსის ფართო კარავში, 
ხელს არ აღმართავს შენზე გმირი, არც სხვას მოუშვებს:
ბრიყვი როდია, უპირისწყლო, ცოდვას ჩვეული, 
იგი ყოველთვი მავედრებელს მოწყალედ ხვდება”.

თქვა და გაფრინდა კვლავ ირის ქარიშხლის მსგავსი. 
ვაჟებს უბრძანა ილიონის მხცოვანმა მეფემ 
ჯორკიდებული გამოეწყოთ და კიდობანი. 
მაღალჭერიან და კედროვან სავანეს თვისას 
ეწვია, სადაც განძეული ეგულებოდა. 
მეუღლეც იხმო და ჰეკაბეს მიმართა ასე:
”ბედშავო! ახლო ოლიმპიელთ მაცნემ მაუწყა - 
აქაველთ გემებს მივადგე და დავიხსნა შვილი, 
გულმოსალბობად პელიდს უნდა ძღვენი მივართვა. 
მითხარ, მეუღლევ საყვარელო, შენ რაღას ფიქრობ?
გულიც და გონიც მეუბნება, უნდა წავიდე 
დაუყოვნებლივ აქაველთა განთქმულ ბანაკში”.

ასე ამბობდა, აქვითინდა ცოლი და უთხრა:
”ვაგლახ! დაკარგე, ვგონებ გონი, რომლითაც უწინ 
ბრწყინავდა უცხო ტომთა შორის და სამეფოშიც!
გინდა მარტოკა აქაველთა გემებს ეწვიო, 
პირისპირ დადგა კაცთან, ვინცა ბევრნიც, ძლიერნიც 
შვილნი მოგისრნა? კაცო, რკინის გული გქონია! 
საკმარისია თვალი მოგკრას იმ სისხლისმსმელმა, 
უნდა მებრძოლმა და ულმობლად გაგისწორდება!
როდი დაგინდობს! სჯობს შორიდან ვიტიროთ პირმშო!. . .
ასეთი ბედი, ჩანს, მოირამ არგუნა ბედკრულს, 
ჩვენს შვილს. უბედურ დღეზე ქვეყნად გამიჩენია, 
რათა მოაკლდეს მშობელთ, იქცეს ძაღლთა ნადავლად 
უნდა კაცის წინ. რომ შემეძლოს, მკერდში ვწვდებოდი, 
გულს ამოვჭამდი, მივუზღავდი სამაგიეროს:
მან მოკლა ჩემი ძე, ჰექტორი ავკარგიანი, 
სამშობლოსათვის, ტროელთათვის თავდადებული, 
შიში და ლტოლვა ბრძოლის ველზე რომ არ ჩვეოდა”.

ჰეკაბეს უთხრა პრიამოსმა ღმერთის სადარმა:
”ჩემს სურვილს წინ ნუ აღუდგები, საკუთარ სახლში 
ნუ გამიხდები ყვავ-ყორანი ავის მორბედი. 
ვერ დამიტანხმებ, მიწისშვილს რომ ერჩია ჩემთვის - 
ქურუმს ან მისანს ილიონელს, ჩვენ მივიჩნევდით 
ამას სიცრუედ, უარვყოფდით, ცხადია, ზიზღით. 
ქალღმერთს მე თვითონ მოვუსმინე, ვხედავდი უკვდავს. 
მივალ და უქმად არ ჩაივლის ბრძანება ღვთისა. 
როდი ვინაღვლებ აქაველთა წინაშე სიკვდილს, 
თუ ეს მხვდა ბედად! დე, მიმიღოს სულთამხუთავმა, 
შვილს რომ დავკოცნი და ქვითინით გულს მოვიოხებ!”
ასე თქვა. ლამაზ კიდობანის თავი ასწია, 
და ამოიღო მოსასხამი მეფემ თორმეტი, 
ხამი ქლაინი იმდენივე, იმდენი ხალი, 
თეთრი კვართები, ქიტონები სიფრიფანები. 
ათი ტალანტი გადაწონა ოქროს სასწორით. 
ორი სამფეხა მოელვარე და ოთხი სინი, 
სხვაც ბევრი განძი, ოდესღაც რომ ელჩობისათვის 
თრაკიელთაგან მიუღია - საზღო უზღვავი - 
არ დაენანა, სული ისე ეწვოდა ჟინით - 
გამოესყიდა ძე ძვირფასი. ვინც კი მოადგა, 
კრულვით გააგდო და აიკლო ლანძღვა-გინებით:
”შორს დაწყევლილო, ბილწო მოდგმავ! განა ამ სახლში 
ისე ცოტაა ჭირი, რომ თქვენ ჭირს ზედ გვიმატებთ?
თუ გიხარიათ, რომ მოხუცი დასაჯა ზევსმა 
და ძე მოუკლა? მალე იგრძნობთ, რა დაგკლებიათ, 
რა საგანძური! რაც აღარ გყავს გმირი, მით უფრო 
გაუადვილეთ არგიველებს თქვენი დათრგუნვა! 
მე კი ვიდრემდის ტროას ვნახავ გაპარტახებულს, 
ჰადესის ჯურღმულს მიმაბარეთ, ეჰა, ღმერთებო!”
ასე ამბობდა და დევნიდა კვერთხით. შმაგ მოხუცს 
ვერ გადაურჩნენ. ისევ შვილებს დაატყდა რისხვად - 
ჰელენოსს, პარისს და ღვთაებრივ მოყმეს აგათონს, 
პამონოსს, შემდეგ ანტიფონოსს, ზვიად პოლიტეს, 
მამაც დიოსს და დეიფობსს თუ ჰიპოთოოს. 
ყვირილით, მკაცრად უბრძანებდა ვაჟებს მოხუცი:

”აბა ჰე, ყოვლად უმსგავსონო! ვფიცავ, მერჩია, 
ჰექტორის ნაცვლად მომკვდომოდით ყველანი ერთად! 
ვაი-უბედურს! ბევრი მყავდა დიად ტროაში 
შვილი მამაცი, მათგან ერთიც არ დარჩენილა! 
მესტორი არ მყავს, ტროილოსი ცხენთა მტერფავი, 
არ მყავხარ, ჰეტორ - კაცთა შორის მაღალო ღმერთო! 
მართლაც, კაცის შვილს არა ჰგავდა, ძეს ჰგავდა ღმრთისა!
მხნენი მომისპო არესმა და დამრჩნენ ეს ურცხვნი, 
ცრუპენტელები, უმაქნისი მეფერხისენი, 
თხა პარიები, ტარიგები ქურდბაცაცები! 
კიდევ დიდხანს გსურთ, ეტლი კაზმოთ და იზოზინოთ, 
ჩქარა თუ ჩადებთ სკივრში ზინათს, რომ შევძლო წასვლა?”
ასე ამბობდა. აშინებდათ მამის მუქარა, 
გამოაგორეს საზიდარი სწრაფად მსრბოლელი, 
კოხტა, ახალი. მიამაგრეს ზედ მძიმე სკივრი. 
სამსჭვალს ჩამოხსნეს საყევარი წიფელი ხისა, 
ზემოდან სალტით ხერხიანად შეკრულ-შეწნული. 
სიგრძე აპეურს ცხრა წყრთა ჰქონდა. უღელს მოარგეს, 
შემდეგ დაადგეს საყევარი მოლიპულ ხელნას, 
გარდიგარდმო და ბოლოებში შეკრეს კავები. 
შემოახვიეს ტყავი სამფად უღლის ზედაპირს, 
მაგრამ შეკრეს და ნასკვის ბოლოც შიგ ჩააყოლეს. 
შემდეგ დაუდეს საზიდარზე, რაც კი სახლიდან 
გამოეტანათ - ჰექტორისთვის საზღო უზღვავი. 
ჯორებს დაადეს ზედ უღელი მუხლებმოუღლელთ, 
მისიელებმა რომ არგუნეს ჯილდოდ პრიამოსს. 
ეტლთან ცხენები მიიყვანეს, რომელთაც მეფე 
თვითონ უვლიდა ხოლმე ლაღად ნაგებ თავლებში. 
ქონგურებიან სასახლის წინ ეტლში შეაბეს
ბრძნული ფიქრებით აღგზნებულმა მეფემ და მაცნემ. 
ამ დროს მოვიდა ნაღვლიანი დედა ჰეკაბე, 
თან მოიყოლა ღვინო, სიმხნის მომნიჭებელი, 
თასი ოქროსი, რომ წასვლის წინ მეფეს ზედაშე 
ესხურებინა. წინ დაუდგა ცხენებს და ბრძანა:


”ღვინო ასხურე და ილოცე, რომ ყოვლისშემძლემ 
შინ დაგაბრუნოს, კადნიერი გული რაკიღა 
ჩემს უნებურად გემებისკენ მიგიწევს აგრე. 
ილოცე ზევსის მიმართ, მეფევ, შავღრუბლიანის, 
რომელიც ტროას ზედ დასცქერის იდას თხემიდან, 
სთხოვე - ფრინველი, სწრაფფრთიანი მაცნე, კრონიდის 
უსაყვარლესი ჩიტი, ყველა ფრთოსანზე მძლავრი, 
მარჯვენა მხრიდან მოგვივლინოს, რომ თვით იხილო 
და რწმენით სავსე მიეახლო დანაელთ გემებს. 
თუ თავის მაცნეს არ მოგივლენს ელვისმტყორცნელი, 
შეგეხვეწები, დაგარწმუნებ, არგიველთ გემებს 
აღარ ეწვიო, რაზომ მტკიცედ არ ესწრაფოდე!”
მყისვე მიუგო პრიამოსმა, ღვთაების მსგავსმა:
”მე არ უარვყოფ, დედაკაცო, შენს აზრს ჭკვიანურს. 
მმართებს აღვაპყრო ლოცვად ხელნი მეუფისადმი!”
თქვა და უბრძანა თვის მოახლეს მოხუცმა მეფემ, 
უმალვე წყალი მოერთმია. ქალმა მაშინვე 
როფი დაუდგა, მიაწოდა თუნგი მბრძანებელს. 
მეფემ გადისხა ხელზე წყალი მიწოდებული, 
ასხურა ღვინო და ეზოში შეუდგა ლოცვას, 
ზეცად მიაპყრნა თვალნი თვისნი და შეღაღადა:

”ზევსო მამაო, სახიერო, ყოვლად ძლიერო! 
ო, მიმიყვანე სასურველ და ბედკრულ პელიდთან! 
მძლავრი ფრინველი, სწრაფფრთიანი მაცნე, უმხნესი 
ფრთოსანთა შორის, შენ რომ გიყვარს ყველაზე მეტად, 
მარჯვენა მხრიდან მომივლინე, მსურს თვით ვიხილო 
და რწმენით სავსე მივეახლო დანაელთ გემებს!”

ასე ევედრა და უსმინა ბრძენმა კრონიდმა. 
სწრაფად ფრინველი შთამოგზავნა უერთგულესი, 
რომელსაც კაცნი უწოდებენ შავფრთიან არწივს. 
როგორც გაშლილა ფართოდ სხვენი ჭერმაღალ სახლის, 
მდიდარ მოყმეს რომ საკლიტურით აქვს დაკეტილი, 
ისე განივრად გაიშალა ფრთები, არწივმა 
როცა მხარმარჯვნით ჩაიქროლა ცად მოლივლივემ, 
რა დაინახეს, სასოებით აევსოთ გული. 

ფიცხლად ავიდა ეტლზე მეფე და გააჩენა, 
წინაბჭეს გასცდნენ თქარა-თქურით მარდი ცხენები. 
ადრე გაიჭრნენ წინ ჯორები, ოთხთვლიან ურემს 
მაიგორებდნენ, მათ მართავდა იდაიოსი - 
ჭკვიანი მაცნე, უკან მიჰყვა მეფე მოხუცი. 
პრიამოსს ყველა ახლობელი მიაცილებდა, 
ისე ტიროდნენ, სასიკვდილოდ მიდისო თითქოს. 
მალე გავიდნენ ქალაქიდან ტრიალ მინდორზე
და ნაღვლიანი ილიონში დაბრუნდა ყველა - 
ნათესავები და შვილები. 

ზევსმა შენიშნა
ველზე მოხუცი, სიბრალულით აღევსო გული. 
ჰერმესს, საყვარელ ძეს, კრონიდმა მიმართა ასე:
”ყველაზე მეტად ღმერთთა შორის შენ გეამება 
კაცთა შველა და მეგობრობა, სწყალობ სანუკვართ. 
გასწი, პრიამეს აქაველთა სწრაფმსრბოლ გემებთან 
ისე მიჰყევი, ვერვინ იცნოს და ვერც ვინ ნახოს
აქაველთ შორის, სანამ მოხუცს მიჰგვრი აქილევსს”. 

ასე ბრძანა და ნებას დაჰყვა ღმერთი ჰერმესი:
ფეხზე აიწნა მშვენიერი ოქროს პედილა 
ამბროსიული, წყლის ჭავლზეც რომ ფეხს არ უსველებს 
და მიწის პირზეც მიაქროლებს ქარიშხალივით. 
კვერთხი აიღო, რომელიც კაცს ღვთაების ნებით 
ძილს მოჰგვრის ხოლმე, ან თუ სძინავს, აუხელს თვალებს. 
მალე გაიჭრა მოელვარე ღმერთი ჰერმესი, 
ტროელთ ქალაქთან, ჰელესპონტის ზვირთებთან გაჩნდა. 
მინდორს დაადგა, კეთილშობილს ემსგავსა ჭაბუკს, 
პირველი ღინღლი რომ უფარავს მშვენიერ სახეს. 

მგზავრები მალე გასცდნენ ამ დროს ილოსის საფლავს, 
დასარწყულებლად შეაჩერეს მდინარის პირას 
მათ ჯორ-ცხენები. უკვე ღამის მწუხრი დაეშვა, 
როს შეამჩნია გამჭრიახმა იდაიოსმა 
მაცნე ჰერმესი და მიმართა მეფე პრიამოსს:
”ო, დარდანიდო, ფრთხილად განსჯას მოითხოვს საქმე. 
მე კაცსა ვხედავ, მეჩვენება, მოკვლა სურს ჩვენი! 
უნდა გავიქცეთ, ჩვენ გავასწრებთ კიდეც ცხენებით, 
ანდა ფეხებში ჩავუვარდეთ, რომ შეგვიწყალოს!”

თქვა და აემღვრა მოხუცს გული. შეძრწუნდა მეფე. 
მოხრილს, მოკაკულს შიშით თმები ყალყზე დაუდგა. 
ჰერმეს მივიდა გახევებულ, შემკრთალ მოხუცთან, 
ხელი მოჰკიდა ალერსით და ჰკითხა პრიამოსს:
”შორს მიხვალ, მამი? ახლოს სადმე გაგიწევია 
ამბროსიული ღამის დრო-ჟამს, როს მოკვდავთ სძინავთ?
ნუთუ არ უფრთხი მტრობის ჟინით აღვსილ აქაველთ?
აქვე დგანან მძვინვარენი, დაუნდობელნი. 
ღამის წყვდიადში ვინმემ თვალი რომ მოგკრას ახლა, 
ამდენი განძის მფლობელს, სიმხნე განა შეგრჩება?
ყრმა არც შენა ხარ და მეგზურიც გახლავს ბებერი. 
მაშ პირველსავე შემხვედრს როგორ გადაურჩები?
მე შენ აბუჩად როდი გიგდებ, იცოდე, მზად ვარ 
დაგიცავ, მამას მომაგონებ, ტკბილო მოხუცო!”

მხნედ უპასუხა პრიამოსმა ღმერთის სადარმა:
”სულ მართალს ამბობ, რასაც ამბობ, შვილო ძვირფასო. 
მაგრამ მე მიცავს თვით ღვთაების მფარველი ხელი, 
რომელმაც გზაში შემახვედრა შენნაირ მეგზურს, 
იშვიათ ჭკუით მადლმოსილო, ნეტავ შენს მშობელს!”
ისევ მიმართა მას ჰერმესმა სათნომყოფელმა:
”მართლაც გონივრულს, ღირსეულო მოხუცო, ბრძანებ. 
მაგრამ ერთს გკითხავს და გამანდე ჭეშმარიტება:
სადმე მეზობელ ტომთან ამდენ ძვირფას საუნჯეს 
ხომ არ აგზავნი, როგორმე რომ შეინარჩუნო?
ეტყობა, შიშით შეძრულხართ და ტოვებთ ილიონს!
ასეთი მცველი დაგეღუპათ, შენი ჰექტორი!
აქაველ გმირებს ბრძოლაში ტოლს რომ არ უდებდა!”

ღმერთის სადარმა პრიამოსმა შესძახა მაშინ:
”ვინ ხარ, ჭაბუკო ზნეკეთილო, ვისი მოდგმის ხარ, 
ასე სათნოდ რომ მომაგონე დაკარგვა შვილის?”

კვლავ უპასუხა მას ჰერმესმა ქველისმოქმედმა:
”შენ მცდი, ღვთაებრივ ჰექტორზე რომ მკითხავ, მოხუცო. 
ხშირად დიდების მოსახვეჭად ბრძოლის ქარცეცხლში 
მინახავს იგი, არგიველებს გემების ირგვლივ 
დამანგრეველი სპილენძით რომ ანადგურებდა. 
მამაცს შორიდან შევცქეროდით განცვიფრებულნი, 
ატრიდის ბოღმით აქილევსმა არ მიგვაკარა. 
მხნე აქილევსის მსახური ვარ, მოვყევი მის გემს. 
მე, მირმიდონელს, მამად მივის პოლიექტორი, 
დიდად მდიდარი და მოხუცი, როგორიც შენ ხარ. 
შინ ექვსი ძე ჰყავს, მეშვიდე კი შენს წინაშეა. 
ძმებს შორის წილად მე მხვდა წასვლა პელიდთან ლაშქრად. 
ახლახან გავცდი გემებს, მხარე რომ დამეზვერა. 
ხვალ იერიშზე გამოდიან აქაველები, 
დრტვინავენ, დიდხანს ასე უქმად ბანაკში ყოფნით, 
საბრძოლო გზნებას ბელადები ვეღარ აცხრობენ”.
ჰერმესს მიუგო პრიამოსმა ღმერთის სადარმა:
”თუ ჭეშმარიტად აქილევსის შენ ხარ მსახური, 
ნუ დამიმალავ, თქვი სიმართლე, გემუდარები:
ჩემი ძე ისევ გემებთან ჰყავს, თუ დაჩეხილი 
მიუგდო ძაღლებს მისი გვამი მძლე აქილევსმა?”

მოხცს მიუგო კვლავ ჰერმესმა ქველისმოქმედმა:
”არა, არც ძაღლნი შეხებიან, არც ყვავ-ყორანნი. 
იგი კარვის ქვეშ, აქილევსის ხომალდებთან წევს 
კვლავ უვნებელი, როგორც იყო. დღე მეთორმეტე 
დაიწყო, მაგრამ არა ლპება, არა ღრღნის ჭია, 
ომში დაცემულ მოყმეს ხარბად არომ მუსრავს ხოლმე. 
თუმცა მარადღე ძვირფას მოძმის საძვალის ირგვლივ 
ათრევს პელიდი, ეოსი რომ ამობრწყინდება, 
ხვდება უვნებლად. 

გაოცდები, ნახავ შენ თვითონ:
წევს ისე ცოცხლად, ვით ყვავილი ცვარნაპკრუევი, 
კვალი არ აზის სისხლის და მტვრის, ყველა იარა 
ამოვსებია - 
ბევრჯერ მოწყლა მრისხანე რვალმა. 
ასე მოწყალედ ექცევიან შენს განთქმულ ვაჟკაცს, 
უკვე მოკლულსაც, უყვართ ნეტარ ღმერთებს ჰექტორი”. 
თქვა და აღივსო მეფე ლხენით, მყისვე შესძახა:
”კარგია, როცა, შვილო ჩემო, მსხვერპლს სწირავ ღმერთებს!
ახლა რომ მყავდეს ძე ცოცხალი! მას ხომ ტროაში 
მუდამ ახსოვდა ოლიმპოზე მცხოვრებნი ღმერთნი, 
ამიტომ ღმერთებს არც მოკლული დავიწყებიათ! 
ო, სათნო მეყავ და მიიღე თასი ოქროსი, 
დამიცავ, გამყევ ბანაკისკენ ღმერთის შეწევნით, 
სანამ მივაღწევთ კარავს გმირი აქილევსისა!”

ისევ მიუგო სხივოსანმა ჰერმესმა მეფეს:
”გინდა აცდუნო სიყმაწვილე ჩემი, მოხუცო?
რასაც მთავაზობ, არ მივიღებ უაქილევსოდ. 
მეკრძალვის გმირის, მეშინია, ჯილდო მოვტაცო, 
ვაჰ, თუ ამისთვის თავს დამატყდეს უბედურება. 
მაგრამ მზადა ვარ მიგაცილო თვით არგოსამდე, 
მიხარის შენი მეგზურობა ხმელზეც და ზღვაზეც. 
ჩემთან როცხა ხარ, კაცისშვილი ხელსაც ვერ გახლებს”.

თქვა და იმწამსვე ეტლს შეახტა ერიუნიოს. 
მყისვე მათრახი და სადავე ჩაიგდო ხელში. 
ცხენ-ჯორს შთაბერა უჩვეულო ჟინი და ძალა. 
როცა მიიჭრნენ სანგართან და გემთა ზღუდესთან, 
ცოტა ხნის წინათ სადაც ვახშამს აწყობდნენ მცვენლი, 
ძილში ჩაძირა გუშაგები სათნო ჰერმესმა. 
ურდული გახსნა, ბჭე გააღო და პრიამოსი 
შიგ შეიყვანა, საზიდარიც შემოაგორა. 
მალე მიადგნენ დიად კარავს გმირი პელიდის. 

მეფეს აუგეს მირმიდონელთ ფართო კარავი 
ნაძვის მორებით, გადახურეს ზემოდან ისლით, 
რომელიც უხვად მოუთიბავთ ნამიან ველზე. 
კარვის გარშემო ვრცელი ეზო ჰქონდა მბრძანებელს, 
ირგვლივ მესერით შემოღობეს. მტკცე ჭიშკარი 
ნაძვის ურდულით იხშობოდა. სამ აქაველსაც 
ერთობ უჭირდა გადაწევა საკლიტურისა. 
ხოლო პელიდი მარტო ხსნიდა ურდულს იოლად. 
სათნო ჰერმესმა ბჭე გააღო მეფის წინაშე, 
შეატანინა საჩუქრები აქილევსისთვის. 
შემდეგ ეტლიდან ჩამოხტა და მოხუცს მიმართა:
”ახლა ღმერთი დგას შენს წინას, ღმერთი ჰერმესი. 
გზის მაჩვენებლად მომავლინა თვით მამა ზევსმა. 
კვლავ ოლიმპოსკენ მივიჩქარი. აგრე სახალხოდ
ვერ ვეჩვენები გმირ აქილევსს: როგორ იქნება, 
ღმერთმა აშკარად პატივი სცეს მოკვდავ მეომარს?
შენ კი ეახლე და რომ შეხვალ, მუხლთ მოეხვიე, 
მამის სახელით, ლამაზთმიან დედის სახელით, 
შვილის სახელით ემუდარე, ვინძლო მოალბო?!

ასე უთხრა და ოლიმპოსკენ გაიჭრა ღმერთი. 
ეტლიდან მყისვე ძირს ჩამოხტა მეფე პრიამოს. 
იდაიოსი მან დატოვა ჯორ-ცხენთა მცველად, 
ხოლო თვით უმალ სავანისკენ მიისწრაფოდა, 
სად ეგულვოდა აქილევსი, ზევსის ნაზარდი. 
იქ ნახა კიდეც. მეგობრები შორს ისხდნენ მისგან, 
მაგრამ მამაცი ავტომედონტ და ალკიმოსი 
იქავე ჰყავდა. ცოტა ხნის წინ უნებებია 
მოყმეს ვახშამი და ჯერ კიდევ წინ ედგა ტაბლა. 

კარავში შედის შეუმჩნევლად. პრიამე პელიდს 
ფერხთ უვარდება, მუხლთ ეხვევა, უკოცნის ხელებს, 
მის ნაშიერთა, მრავალ შვილთა მკვლელ საზარ ხელებს. 
ოდეს მამაცი სამშობლოში ცოდვას ჩაიდენს - 
კლავს ვისმე, ილტვის, უცხო ტომთან მიეშურება, 
მძლავრს ეკედელება, განცვიფრებით მას შეხვდებიან. 
ასე გაოცდა აქილევსიც, როს ღვთაებრივი 
პრიამოს ნახა. განცვიფრებით ერთიმეორეს 
შესცქერის ყველა. პრიამოს კი ღაღადებს ასე:
”უკვდავთ სადარო აქილევსო, მოიგონებდე 
მამას, ჩემსავით სიბერის ზღუბლს მიწევნილს, მხცოვანს!
ვინ იცის, ახლა გარს ეხვევა ეგების მტერი, 
არვის არ ძალუძს იხსნას იგი განსაცდელისგან. 
მაგრამ შენ როცა ეგულები, ხარობს ის შენით 
და ცისმარე დღე იმედი აქვს შვილთან შეხვედრის, 
როცა ტროიდან დაბრუნდები სამშობლო მხარს. 
მე კი - უბედურს დამიზრდია აბჯარასხმულნი
ძენი ტროაში, მათგან ერთიც არ შემრჩენია! 
ორმოცდაათი შვილი მყავდა აქაველების 
შემოსევამდე. 

ათცხრამეტი - ერთი დედისგან, 
დანარჩენები სხვა ძვირფასმა შობეს ცოლებმა. 
ბევრ მათგანს, ბედკრულს, გადუმსხვრია არესმა მუხლი. 
ერთიღა დამრჩა, ის იცავდა ქალაქს და მცხოვრებთ, 
შენ ისიც მოკალ - სამშობლოსთვის მებრძოლი გმირი, 
ჩემი ჰექტორი! 
აქაველთა გემებს ვეწვიე:
მსურს დიდძალ განძით დავიბრუნო მისი სხეული. 
ო, ღმერთებს ეცი პატივი და გებრალებოდე. 
გახსოვდეს მამა, მე ხომ უფრო შესაბრალი ვარ:
მოვესწარ, ქვეყნად არავის რომ არ მოსწრებია - 
ჩემი შვილების მკვლელს ვუკოცნი საზარელ ხელებს. . .”
ასე უთხრა და გულსაკლავად ფიქრი აღუძრა, 
მან ხელი ჰკიდა მოხუცის მკლავს, გვერდზე გასწია. 
ორივ მიეცა მოგონებას, პრიამოს ცხარედ 
შვილს დასტიროდა აქილევსის ფეხქვეშ განრთხმული, 
აქილევსი კი ხან მამას, ხან ძმობილს - პატროკლეს, 
გულამოსკვნილი მოთქმა მათი ისმოდა ირგვლივ. 
გული იჯერა აქილევსმა ცრემლების ფრქვევით, 
და რა გაულღვა დამდაღველი სევდა-ნაღველი, 
მყისვე წამოდგა და მოხუცი წამოაეყენა
თეთრი თმა-წვერის სისპექტაკით გულმოლბობილმა. 
ასე დაიწყო და მიმართა ფრთიანი სიტყვით:
”ბედშავო კაცო! რამდენ ვარამს გაუძლო გულმა, 
როგორ გაბედე აქაველთა გემებთან მოსვლა, 
მასთან, ვინც მრავალ შენს ნაშიერს მოუღო ბოლო?
მოხუცო, მკერდში თურმე რკინის გული გქონია! 
მაგრამ დამშვიდდი, აქ ჩამოჯექ, მეფევ სვიანო! 
ხამს მწუხარება გულში ჩავკლათ და გავიყუჩოთ. 
რას გვარგებს ცრემლი და ქვითინი გულისმომკვლელი?
ღმერთებმა, ყოვლის შემძლეებმა, ბედშავ მოკვდავებს 
დარდი დაგვითმეს: უდარდელი მხოლოდ ღმერთია! 
კრონიდის ზღურბლთან ძღვენით სავსე ორი ყუთი დევს, 
ერთი ბდნიერთ მიეცემა, მეორე - ბედკრულთ. 
ვისაც შეურევს ორგვარ ჯილდოს ზევსი დიადი, 
შეხვდება დარდიც და დროდადრო შვებასაც ჰპოვებს. 
ვისაც ბედკრულთა წილს არგუნებს, განწირულია, 
გულისმომკვლელი გასაჭირი არა შორდება, 
ღმერთნი ხელს კრავენ, მიწისშვილნი შეიძულებენ. 
ღვთის საჩუქარი პელევსმაც ხომ უხვად მიიღო 
სიყმაწვილის ჟამს, ადამიანს ყველას სჭარბობდა 
სიმხნით, სიუხვით - მესვეურნი მირმინდონელთა. 
მოკვდავს მეუღლედ უკვდავებმა ქალღმერთი მისცეს. 
მაგრამ მასაც კი ღმერთმა ავი ხვედრი არგუნა - 
შინ აღარა ჰყავს ნაშიერი, ძე და მემკვიდრე. 

ერთი ვაჟი ჰყავს და ისიც დღემოსწრებული. . .
დღემდე მოხუცს მე შვებას ვერ ვგვრი: შორს სამშობლოდან, 
ტროაში, ვებრძვი შენიანებს და შენ, მოხუცო! 
მე გამიგია, შენც ოდესღაც იყავ მორჭმული, 
რამდენ ტომს იტევს მაკარიის ლესბოსის მხარე, 
ნაყოფიერი ფრიგია და თვით ჰელესპონტი, - 
შენზე ამბობენ - სიმხნით ყველას დასჯაბნიდაო. 
მაგრამ ღმერთებმა შენც გაწვნიეს უბედურბა, 
ტროის გარშემო საზარ ბრძოლას ბოლო არ უჩანს. 
გული იჯერე, უსაზღვრო დარდს ნუ მიეცემი: 
შვილს რას მოუტან მგლოვიარე. შენი ცრემებით 
მკვდარს ვერ აღადგენ, მარტოოდენ ჭირს გაიმრავლებ!”

მას კვლავ მიუგო ღვთაებრივმა მეფე პრიამემ:
”რა დამაყენებს, ღვთის რჩეულო, სანამ ჰექტორი 
დაუკრძალავი მისვენია! მომეცი ნება 
ერთხელ შევხვდო უბედურმა! მიიღე საზღო:
აქ მოგიტანე, დატკბი, გმირო, კეთილი გქონდეს 
გზა მშობლიური მხარისაკენ! ხომ მიწყალობებ 
ბებერს სიცოცხლეს და მზის ციაგს მანათობელსა!. . .”

მოხუცს მრისხანედ უპასუხა გმირმა ფეხმარდმა:
”ნუ განმარისხებ, თვითონ ვიცი, დიდიხანია 
მმართებს ჰექტორის დაბრუნება.
ზევსის სურვილი
მაცნობა დედამ, ზღვის მოხუცი მეფის ასულმა. 
ვერ დამიმალავ მე, პრიამოს, ღვთაების ნებამ 
შენც აქაველთა ხომალდებთან რომ მოგიყვანა. 
ვერ გაბედავდა კაცი, თუნდაც სიყრმით გზნებული, 
ბანაკში მოსვლას, ფხიზელ მცველებს ვერ გასცდებოდა 
და კარიბჭეზე ვერც იოლად გასწევდა ურდულს. 
იყუჩე ახლა და გულის წყლულს ნუ გამიახლებ! 
ნუთუ შენ ფიქრობ, მავედრებელს ხელსა გკრავ, მოხუცს, 
და თვითნებურად კრონიონის ნებას გადავალ?”
ასე თქვა. 

შეკრთა პრიამოსი და გაუყუჩდა, 
ლომივით სწრაფად წამოიჭრა გმირი აქილევს, 
კარებს მივარდა, თანვე მიჰყვა ორი მეაბჯრე - 
ავტომედონტ და ალკიმოსი, მოძმეთა შორის 
პატროკლეს შემდეგ მათ ყველაზე მეტად სწყალობდა. 
მოსართავები მოხსნეს ცხენებს, შემოიყვანეს 
კარავში მეხმლე მოხუცისა. დასვეს ვაჟკაცი. 
მეფურ საზიდრით მოტანილი განძი დააწყვეს - 
ჰექტორის თავის საზღაური უძვირფასესი. 
მხოლოდ დატოვეს მოსასხამი ორი, ქიტონიც, 
რომ შემოსილი გაეგზავნათ ტროას ცხედარი. 
გმირმა უბრძანა მონა-ქალებს გვამის განბანა, 
ნელსაცხებლებით დამშვენება, ისე რომ მამას 
არ დაენახა: ვაი თუ მას განარისხებდა 
შვილის იერი! ეგებ მაშინ ღვთის უნებურად 
აქილევსს ხელიც აღემართა ბედშავ მოხუცზე. 
განბანეს გვამი და განპოხეს მშვენიერ საცხით 
მონა-ქალებმა, მოსასხამი გადააფარეს, 
და აქილევსმა სარეცელზე თვით დაასვენა, 
მეგობრებმა კი მოათავსეს ელვარე ეტლზე. 
მაშინ პელიდმა სულთქმნა, გლოვით შესძახა მოძმეს:
”ძმაო პატროკლევ, ნუ დამძრახავ, პირქუშ ჰადესში 
თუ ხმა მოგწვდება, ღვთაებრივი ჰექტორის გვამი 
რომ დავუბრუნე მამას! დიდი საზღო გაიღო 
და შენ ზვარაკად შემოგწირავ წილს იმ განძიდან!”
ასე თქვა. 

კარავს დაუბრუნდა კვლავ აქილევსი.
დაეშვა ლამაზ სავარძელში, რომელსაც წეღან 
მოსცილდა უცბად წამომდგარი. მიმართა მოხუცს:
”ძე დაგიბრუნდა, ვით გენება, წევს სარეცელზე 
უცხოდ მორთული, სისხამ დილით გარეთ რომ გახვალ, 
იხილავ თვითონ. მაგრამ ახლა გვმართებს ვახშამიც. 
თვით ნიობემაც უბედურმა ვერ დაივიწყა 
საზრდო, თუმც ერთად თორმეტივე შვილი დაკარგა:
ექვსი ასული საყვარელი, ექვსიც ჭაბუკი. 
ბიჭები დასცა აპოლონმა ბასრი ისრებით, 
ხოლო გოგონებს არტემისმა მოუღო ბოლო. 
ლეტოს შეჰკადრა გაჯიბრება თურმე ნიობემ:
ის ორისა და მე კი მრავალთ მშობელი ვარო! 
სწორედ იმ ორმა დაუხოცა მკვეხარას ყველა. 
ცხრა დღე ეყარნენ. . . და არ იყო ამ ქვეყნად კაცი, 
რომ დაეკრძალა: ქვად აქცია თავხედნი ზევსმა. 
მხოლოდ, მეათე დღეს დამარხეს ღმერთებმა მკვდრები. 
გლოვით მაშვრალმა დედამაც კი ინება საზრდო. 
ახლა ის არის სიპულოსის უდაბურ მთებში, 
სადაც, ამბობენ, ნიმფებს უყვართ მღვიმე, როს ცეკვით 
აქელოიოს ნაკადებთნა გულს იჯერებენ. 
იქ სატანჯველი სწვავს ნიობეს, ღვთისგან ქვად ქცეულს. 
ჩვენც, ღვთაებრივო მეფევ, გვმართებს მივიღოთ საზრდო, 
ძის დატირებას მოესწრები, როს მიასვენებ 
ტროაში, უხვად დაიღვრება ცხარე ცრემლები”.
თქვა და წამოდგა. 

თვითონ დაკლა თეთრმატყლიანი
ცხვარი და ოთხში ამოიღეს, როგორც წესია, 
წვრილ-წვრილად დაჭრეს მეგობრებმა, შამფურს ააგეს, 
ღადარში წვავდნენ. გადმოიღეს შემდეგ მწვადები. 
ავტომედონტმა პური დასდო ტაბლაზე ხონჩით, 
გაუნაწილა აქილევსმა მეინახეებს. 
ხელი მაშინვე გაუწვდინეს მორთმეულ საზრდოს 
და როს იჯერეს გული თვისი სმითა და ჭამით, 
დიდხანს უმზერდა პრიამოსი გაოცებული 
პელიდს, ლამის თვით ღმერთიაო, ეჩვენებოდა. 
ასევე იყო აქილევსიც გაკვირვებული 
მოხუცის სათნო სახითა და საამო სიტყვით. 
ერთ-ურთის ცქერა მათ სიტკბოს და სიამეს ჰგვრიდა. 
ბოლოს მიმართა პრიამოსმა ფეხმარდ აქილევსს:
”ზევსის რჩეულო, უკვე დროა და ნება მომეც 
ცხოველმყოფელი ძილით დავტკბე შენს სავანეში. 
მე ჯერ ხომ თვალი ერთი წამით არ მომიხუჭავს, 
მას აქეთ, ჩემი ბედკრული ძე რაც გამომძალე! 
იმ დღიდან გლოვას და ულეველ დარდს მივეც თავი, 
ხშირად ღობესთან სადმე შმორში მივეგდებოდი. . .
ახლა გეახელ მხოლოდ საზრდოს, შუშხუნა ღვინოს 
და ერთი ლუკმაც არ ჩამსვლია პირში აქამდე”.
ასე თქვა. 

გმირმა უთხრა მოძმეთ, მონა-ქალებსაც,
რომ აივანზე სარეცელი გაეწყოთ ორი. 
ქვეშ ძოწეული, ზედ ხალიჩა, შალის საბანი 
გადაეფინათ, რომ მოხუცებს არ შეცივნოდათ. 
ანთებულ კვარით გამოვიდნენ მონა-ქალები 
და აივანზე გაამზადეს ორი საწოლი. 
პრიამოსს უთხრა აქილევსმა მაშინ ხუმრობით:
”ჩემთან იძინე, საყვარელო სტუმარო ჩემო, 
მაგრამ არ მოგკრან თვალი სადმე აქაველებმა, - 
აქვე კარავში გროვდებიან ხოლმე მბჭობელნი. 
პირქუშ ღამეში რომელიმემ რომ დაგინახოს, 
ლაშქრის მესვეურს აგამემნონს შეატყობინებს 
და შვილის დახსნა, დარდანიდო, დაგიყოვნდება. 
კიდევ ერთს გეტყვი და გულწრფელად მითხრა, მოხუცო:
რამდენ დღსაც მთხოვ გმირ ჰექტორის დასაკრძალავად, 
იმდენ დღეს ბრძოლად არც მე გავალ, არც ჩემი რაზი!”

პრიამემ უთხრა, ღვთაებრივმა, ფეხმარდ აქილევსს:
”თუ ნებას მომცემ, ღირსეულად დავკრძალო შვილი, 
ამით, აქილევს, მოწყალებას დიდს მომანიჭებ. 
ხომ იცი, ალყა რომ გვარტყია კოშკში შეყუჟულთ, 
შორი მთებიდან ხე-ტყე მოგვაქვს, ხოლო ტროელნი 
შიშით ძრწიან. . . 

ცხრა დღე მსურდა შვილი მეტირა, 
სამგლობიარო ზეიმის და ქელეხის შემდეგ 
მეთერთმეტე დღეს სამახსოვრო საფლავს დამეფლა. . .
თორმეტ დღის შემდეგ კი შევბმოდი მტერს უცილობლად”.
მოხუცს მიუგო აქილევსმა კეთილშობილმა:
”რაც გსურს, ყოველი აღსრულდება, მოხუცო ქველო:
ბრძოლად იმდენხანს არ გამოვალ, რაც გითხოვია!”
თქვა და მოხუცის მარჯვენა ხელს გმირმა ალერსით 
ხელი შეახო, დაამშვიდა გული მშობლისა. . .
ასე დასცილდა. აივანზე დაწვნენ მოხუცნი -
მეფე და მაცნე და ძილის წინ ფიქრს მისცეს თავი. 
ხოლო პელიდმა დაიძინა მტკიცე კარავში, 
გვერდს ბრისეისი ეწვა ღვაწებაალებული. 

უკვდავ ღმერთებსაც და აბჯროსან, ცხენოსან მოყმეთ
კეთილი ძილით მშვიდად მთელი ღამე ეძინათ. 
ოღონდაც ჰერმესს ტკბილი ძილი ვერ მოერია. 
ამას ფიქრობდა, თუ კარვიდან მეფე პრიამოს 
ვით გაეყვანა, რომ ბჭის მცველებს არ შეენიშნათ. 
თავთით დაუდგა და პრიამოსს მიმართა ასე:
”საშიშროება არც კი გაკრთობს და უდარდელად 
მტრებთან ისვენებ, პელიდისგან შეწყალებული. 
მრავალი გაეც საზღაო მოკლულ ძის დასახსნელად, 
მაგრამ შენ, ცოცხალს, სამმაგ ფასით გამოგიხსნიან 
შენი შვილები, ვინც კი დაგრჩა, თუკი ატრიდმა, 
აგამემონმა შეგამჩნია, ან სხვა აქაველთ”
ასე თქვა. 

შეკრთა პრიამოსი, მაცნესაც უხმო. 
ჰერმესმა ცხენნი შეუკაზმა მათ მეყსეულად, 
ისე გარეკა ბანაკიდან, რომ ვერვინ ნახა. 
მაგრამ როგორც კი მიაღწიეს ფონს მოხუცებმა
ქსანთოსის, ზევსის გაჩენილ წყალუხვ მდინარის, 
ქველისმოქმედი ჰერმეს სწრაფად გაჩნდა ოლიმპოს. 

ოქროს სამოსით მოეფინა ეოსი მიწას. 
ილიონისკენ პრიამოსი დაოთხილ ცხენებს 
მიაქროლებდა მოქვითინე, მიჰყავდა შვილი. 
ვერვინ იცნო ტროლეთა და ტროელ ქალთაგან
აფროდიტეს სწორ კასანდრაზე უადრეს იგი. 
კოშკზე ავიდა პერგამოსის, ეტლში იხილა 
სახე მამისა და ხმამჭექარ ტროელი მაცნის. 
შემდეგ ცხედარიც სარეცელზე შენიშნა ძმისა, 
ქალაქს მოჰფინა გულსაკლავი გლოვა-გოდება:
”ტროლენო ქალნო, ტროელებო, მოდით, შეხედეთ 
ჰექტორს, ადრე რომ შეფრფინვიდით ბრძოლიდან მოსულს, 
ჩვენი ქალაქის, ჩვენი ხალხის სიხარულს დიადს!’

ასე გოდებდა. ილიონში კაცი ან ქალი 
არ დარჩა, რომ არ შეემუსრა დარდს ენით უთქმელს. 
ყველა მოაწყდა შესახვედრად მაღალ კარიბჭეს. 
ყველაზე უწინ ახალგაზრდა ცოლი და დედა 
თმა-ღაწვის ხოკვით ზედ დაემხნენ გიჟივით ცხედარს. 
მკერდზე მიიკრეს მისი თავი. ტიროდნენ სხვებიც. 
ალბათ, მთელი დღე, ელვარე მზის ჩასვენებამდე, 
კარიბჭის გარეთ იგლოვებდა ხალხი გმირ ჰექტორს, 
რომ მოხუც მეფეს ეტლიდანვე არ შეეძახა:
”გზა, მეგობრებო! შეიტანონ ტროას ცხეარი, 
გული იჯერეთ, როცა სახლში მიასვენებენ!”
ასე თქვა. 

ხალხმაც გაიწია და გზა დაუთმო. 
შინ მიიტანეს, სარეცელზე დადეს სხეული. 
მოზარენი და მოტირალნი ცხედართან ახლოს 
იდგნენ, ჰგოდებდნენ გულში ჩამწვდომ ჰანგით საგლოველს, 
ხოლო დიაცნი მოსძახოდნენ გულამოხვინჩევით. 
ჯერ ანდრომაქემ, ახალგაზრდამ ცოლმა დაიწყო 
მოთქმა, 
თან გულში იხუტებდა ჰექტორს კაცთამჟლეტს:
”ადრე წამიხვედ, ჩემო ქმარო, ადრე დამაგდე 
ქვრივად, ადრე ძეც დამიობლე, ჯერაც უენო, 
ვისაც სიცოცხლე მივანიჭეთ ჩვენ, ბედშავებმა! 
ვერ მოესწრება სიჭაბუკეს! მანამდე ტროა 
გაცამტვერდება: აღარ ჰყავხარ შემწე ფხიზელი, 
ქალაქის მცველი და ქომაგი ქალთა და ჩვილთა!
მალე ტყვედქმნილებს წაათრევენ ღრმა ხომალდებით, 
მეც უცილობლად, შენც აგრეთვე, შვილო ბედკრულო! 
ქანცმილეული სამარცხვინო შრომით და ჯაფით 
ემსახურები მკაცრ მბძანებელს, ან აქაველი 
ხელს გტაცებს ხელში და კოშკიდან ძირს დაგანარცხებს, 
შურისმგებელი დაკარგული ძმის, მამის, ძის გამო, 
ჰექტორის მიერ ძლეულისა: მრავალ აქაველს 
ბოლო მოუღო, სისხლიანი მიწა არგუნა. 
მრისხანე იყო მამაშენი შერკინებისას. 
თავით ბოლომდე მთელი ტროა დასტირის რჩეულს. 
ენით უთქმელი დარდი ერგოთ უბედურ მშობლებს, 
ვაი, ამ საზარ სარეცლიდან ხელი საყვარელს 
არ მომეც, სიტყვა სანატრელი არ გამატანე, 
დღითა და ღამით რომ მახსოვდა სახეცრემლიანს!”

ასე ჰგოდებდა. და მოთქვამდნენ ტროელნი ქალნი, 
ამ დროს ჰეკაბემ იწყო მოთქმა საწყალობელი:
”ჰექტორ! ყველაზე საყვარელო ჩემს შვილთა შორის! 
შენ ყოვლისშემძლე ღმერთებს მუდამ უყვარდით წინათ, 
ახლაც ზეცაში დასტირიან შენს სიკვდილს ღმერთნი! 
მე სხვა შვილები აქილევსმა, ფეხმარდმა გმირმა, 
როგორც მონები, გამიყიდა ვრცელ ზღვათა იქით - 
სამოსში, იმბროსს, ან ღრუბლიან, უდაბურ ლემნოსს. 
ხოლო შენ გძლია, ამოგართვა სული სპილენძით. 
და თუმცა ბევრი კი გათრია შენგან ძლეული 
პატროკლეს ირგვლივ, ამით მკვდარი ვერ გააცოცხლა! 
ვით ნამით ნაზად დანამული, შინ განისვენებ, 
თითქოს მოკვდავი, აპოლონ ღმერთს ვერცხლისმშვილდოსანს, 
მსუბუქი ისრით დაუჭირა ანაზდეულად”. 
ასე ჰგოდებდა, ისმა გვრინი საყოველთაო. 
შემდეგ ელენემ იწყო მოთქმა საწყალობელი:
”ჰექტრო, ყველაზე საყვარელო მოყვარეთ შორის, 
მაზლად მერგები, რადგან ქმრად მყავს ალექსანდროსი, 
რომელმაც ტროას მომიყვანა. რად ვარ ცოცხალი!
მეოცე წელი მიილია დროის წრებრუნვის, 
რაიც აქ მოველ და სამშობლო დავტოვე ჩემი, 
მაგრამ ერთხელაც არ მასმინე სიტყვა აუგი, 
მაშინაც, თუკი შინაური მეტყოდა საწყენს - 
ამაყი მაზლი, გინდა მული, ან დედამთილი. 
მამამთილი კი როგორც მამა, მუდამ მწყალობდა. 
შენ გონს მოგყავდა, ვინც მერჩოდა, ყველას სიკეთეს 
შენი კეთილი, სათნო სულით ჩააგონებდი. 
აი რად ვტირი შენზეც, ჩემზეც - მე უბედური! 
არავინ არ მყავს ვრცელ ტროაში ნუგეშის მთქმელი 
და მეგობარი, ერთნაირად ყველასა ვძულვარ!”
ასე ჰგოდებდა და მოთქვამდა ურიცხვი ხალხი. 
ბოლოს მოხუცმა პრიამოსმა მიმართა ტროელთ:
”ახლა, ტროელნო, მოიტანეთ შეშა! ნუ ფიქრობთ, 
რომ არგიველნი ჩაგისაფრდნენ. თვით აქილევსმა 
მომცა პირობა, როს გამიშვა; არ შეგაწუხებს 
მანამდის, სანამ მეთორმეტე დღე შესრულდება”. 

ასე ბრძანა და ტროელებმა ჯორ-სახედრბი 
შეაბეს ურმებს, მოიყარეს ქალაქთან თავი. 
ცხრა დღე მოჰქონდათ მათ ტროაში შეშა უზომო, 
მეათე დღეს კი, როს გამოჩნდა ელვარე ეოს, 
გლოვა-გოდებით მიიტანეს ჰექტორის გვამი, 
კოცონზე დადეს და შეუნთეს ცეცხლი გიზგიზა. 
ადგა ეოსი ცად ვარდისფერთითებიანი 
და გმირ ჰქტორის ნაკვერჩხლებთნა მოგროვდა ხალხი
აურაცხელი, ყველამ თავი რომ მოიყარა, 
ჩააქრეს მაშინ ნაღვერდალი, ღვინო ასხურეს, 
სადაც კი ცეცხლი გიზგიზებდა. შემდეგ ღადარში 
ძმებმა მოკრიფეს თეთრი ძვლები და მეგობრებმა. 
მწარედ მოთქვამდნენ, უხვად ღაწვზე სდიოდათ ცრემლი. 
ძვირფასი ნეშთი ნელა ჩადეს ოქროს ლარნაკში, 
თხელი პეპლოსი დააფარეს ძოწით მოსილი, 
ღრმა სამარეში ჩაასვენეს, ხოლო ზემოდან 
დიდი ლოდები დააფარეს, მჭიდროდ დატკეპნეს, 
შემდეგ ყორღანი აღუმართეს, დუდგნენ მცველნი, 
რომ არ დასხმოდა სპა აბჯროსან აქაველების. 
საფლავს მიწა რომ დააყარეს, ყველა წავიდა. 
დიდი ქელეხი გაიმართა დიდ სასახლეში 
ზევსის საყვარელ მეფის - მოხუც პრიამოსისა. 
ასე დაკრძალეს იმ დღეს ჰექტორ, გმირი მხედარი.