სუნ ძი - ომის ხელოვნება

ბოლო ორი ათასწლეულის განმავლობაში, იმპერიული ჩინეთის სამხედრო აზროვნება, სისხლისმიერი ბრძოლებისა და ინტელექტუალური ანალიზის ეს რთული პროდუქტი, მუდმივ შევიწროებას განიცდიდა.

ხანის დინასტიის მეფობის ეპოქიდან მოყოლებული, კონფუცის თვითმარქვია მიმდევრები ხან აშკარად, ხან შეფარვით უყურადღებოდ ტოვებდნენ დიდი მოძღვრის დოქტრინას, ცალსახად ამბობდნენ უარს იარაღის გამოყენებაზე დასამხედრო საქმესთან დაკავშირებით დასმულ ნებისმიერ საკითხს გაურბოდნენ.

ჩინელები უკვე ხმამაღლა გმობდნენ ასეთ მიდგომას. თუმცა ამ ხალხის ცივილიზებული და კულტურული თვითაღქმის მიუხედავად, ერი ვერ ახერხებდა არმიის ან სარდლების გარეშე ცხოვრებას, განსაკუთრებით „ბარბაროსთა“ თავდასხმების მუდმივი საფრთხისა და მომთაბარე ტომებთან მიმდინარე კონფლიქტების ფონზე. შესაბამისად, კვლავ გრძელდებოდა ადრეული ხანის სამხედრო ტრაქტატების შესწავლა გადაფასება.

ამის გამო მოხერხდა კიდეც მათი გარკვეული რაოდენობის გადარჩენა, ხოლო სამხედრო კრიზისების გახშირებამ, როგორც მოსალოდნელი იყო,ხელი შეუწყო პროფესიონალი სამხედრო მოღვაწეების აღზრდასა და დამატებით სტრატეგიულ სწავლებათა მეთოდების ჩამოყალიბებას.

და მაინც, კონფუცის კლასიკურ მოძღვრებასა და სხვადასხვა ტრადიციულ მონოგრაფიებთან შედარებით, სამხედრო თემატიკის შინაარსის კრებულების რაოდენობა მეტისმეტად მწირი იყო და მხოლოდ რამდენიმე შრომას ითვლიდა.


სამხედრო საკითხებს დაეთმო მეომარ სამეფოებში მოღვაწე (ძვ.წ.403-221 წწ.) გავლენიანი ფილოსოფოსების, მაგალითად, მმართველი შანის, რამდენიმე ნაშრომის ცალკეული თავები. ხშირად მათი შინაარსი რადიკალურ ხასიათს ატარებდა.

ბევრი სახელოვანი მოაზროვნე, მათ შორის, სუნძი და ჰან ფეიძი, განიხილავდა სახელისუფლებო და სამხედრო მოწყობის, მოტივაციისა და წვრთნის, გამბედაობის ბუნებისა და სახელმწიფოს კეთილდღეობის ხელშემწყობი სტრატეგიის ჩამოყალიბება შექმნის ძირითად საკითხებს. ჯო ჯუანისა და სხვათა ისტორიულ შრომებში აგრეთვე აისახა იმდროინდელი გავლენიანი მთავრების ბევრი შეხედულება.

ამ შრომებმა შემოინახა ცნობები გამოჩენილი სტრატეგების შესახებ. აქვე საკმაოდაა წარმოდგენილი ველზე მოქმედების ტაქტიკის აღწერაც. 


განსაკუთრებით ცნობილი იყო რამდენიმე უძველესი მონოგრაფია სტრატეგიის საკითხებზე. სუნის პერიოდის (დაახლ. 1078 წ.) მეცნიერებმა შეაგროვეს, შეასწორეს და კრებულის სახე მისცეს ექვს უმნიშვნელოვანეს გადარჩენილ შრომას.

ამავე კრებულში შეიტანეს ტანის დინასტიის წიგნი და მიიღეს ამჟამად „შვიდი სამხედრო კლასიკური შრომის“ სახელით ცნობილი კრებული. ამგვარი კოდიფიკაციის მეშვეობით, აღნიშნულმა შვიდმა შრომამ სამეცნიერო საფუძველი მოუმზადა მთავრობას სამხედრო საქმიანობის წარმართვისთვისა და ტაქტიკური და სტრატეგიული კონცეფციების ჩამოსაყალიბებლად. 


ბარბაროსთა უწყვეტი შემოსევებისა და სამხედრო საფრთხის მიუხედავად, რომლებიც თან სდევდა ქვეყანას მთელი ისტორიის მანძილზე, იმპერიული ჩინეთი სულაც არ იყო განწყობილი აგრესიაზე სამხედრო აგრესიით პასუხის გასაცემად. აქ გამონაკლისად ჩაითვლება მხოლოდ ხანის ყოფილი დინასტიის ლიდერების ან ახალგაზრდა, დინამიკური მმართველების (მაგ., თანდა თაიცინის) როგორც წესი, რომელიმე დინასტიის ჩამოყალიბების ადრეულ წლებში იმთავითვე დასაღუპად განწირული ექსპანსიონისტური პოლიტიკა.

ჩვეულებრივ, ქვეყნის მმართველები და მინისტრები ისეთ პოლიტიკას ირჩევდნენ, რომელიც ერის კულტურული მიმზიდველობის მითს ეფუძნებოდა. ამის მიხედვით, მეზობლებზე აშკარად აღმატებულ ჩინურ ცივილიზაციას, ღირსების ძალით აღზევებულსა და ბრწყინვალე მატერიალური მიღწევებით წელგამაგრებულს, უბრალოდ ვერ გაუძლებდა განუვითარებელ ხალხთა მტრული მისწრაფებები.

ჩინეთში თვლიდნენ, რომ ცხოვრების ცივილიზებული წესის თანმხლები კომფორტი, შეთავსებული მუსიკასა და ქალებთან, ყურადღებას გაუფანტავდა და ნებისყოფას მოუდუნებდა საომრად ყველაზე მეტად განწყობილ ხალხსაც კი. გარდა ამისა, თუ არ მოხერხდებოდა მათი ნებაყოფლობით ან ქრთამების საშუალებით დათრგუნვა და მუდმივად დამორჩილება, ურჩთა წინააღმდეგ შეიძლებოდა სხვა, უფრო მორჩილი და ჩინეთის ცხოვრების წესს მორგებული მომთაბარე ტომების გამოყენება. ეს კარგად შეესაბამებოდა „ბარბაროსის წინააღმდეგ ბარბაროსის გამოყენების“ საუკუნეებით გამოცდილ ტრადიციას.


კონფუცის სწავლების თანახმად, რომელიც ყოფილი ხანის ეპოქაში ჩინეთის ტრადიციულ ფილოსოფიად იქცა და უკვე სახელმწიფოებრივ იდეოლოგიას ასახავდა, მმართველმა მხოლოდ საკუთარი ღირსების გრძნობა უნდა გაიღვივოს, თავისი ქმედება გარემოებებთან ჰარმონიულად წარმართოს და კეთილშობილური პოლიტიკის წყალობით მოიპოვოს საერთო საქვეყნო მხარდაჭერა, რითაც მიაღწევს სამეფოს სტაბილურობას.

ბუნებრივია, არსებობდა განსხვავებული აზრიც. კონფუცის მოძღვარების მიმდევარი მენციუსიც (ძვ.წ. 371-289 წწ.) კი იცავდა იმ შეხედულებას, რომ დროდადრო, ბოროტი მმართველების ასალაგმავად და ხალხისათვის ტანჯვის შესამსუბუქებლად, აუცილებელია სადამსჯელო სამხედრო ექსპედიციების მოწყობა. მიუხედავად ამისა, სუი იანდის (მეფობდა 605-617 წწ.) მსგავსი მმართველების გარდა, რომელმაც ჩინეთის იურისდიქციის გაფართოების მცდელობით ერი გაღატაკებამდე მიიყვანა, სხვა მმართველები სამხედრო გზას დიდი ყოყმანით მიმართავდნენ, ხოლო სახელმწიფო მოხელეთა უმეტესობას უღირსად მიაჩნდა ყველაფერი, რაც სამხედრო სამსახურთან იყო გაიგივებული. 


***
ომში ფასი აქვს სწრაფ გამარჯვებას, და არა ჯანჯალ ლაშქრიანობას.

ასჯერ ბრძოლაში ასჯერვე გამარჯვება კიდევ არ ნიშნავს უმაღლეს ოსტატობას ოსტატობათა შორის, უმაღლესი ოსტატობა ოსტატობათა შორის ნიშნავს: მტრის ჯარის დამორჩილებას ბრძოლის გარეშე.

ომი, მუდამ ფლიდობის გზაა, ამიტომ, თუ რამე გძალუძს, მოაჩვენე, რომ არ გძალუძს; თუ რამეს აპირებ, დააჯერე, რომ არ აპირებ; თუ უახლოვდები, აფიქრებინე, რომ შორდები; და თუ შორდები, დაარწმუნე, რომ უახლოვდები. თუ მტერი რამეს დახარბებია - გაიტყუე იმავ სარგებლით; თუ არეულობას მოუცავს - მყის დაასწარ და იხელთე; თუ ძალით სავსეა - ჯერ მოუფრთხილდი; თუ ჯარით მძლავრობს - ჯერ მოერიდე; თუ რისხვას მოუცავს - დააშოშმინე; თუ რიდიანობს - გაადიდგულე; თუ დასვენებულია - მოქანცე; თუ თანხმობა აქვს - გათიშე. დაჰკარ იქ, სადაც არ გელის; დაიძარ მაშინ, როცა არ ელის. აი, ჭეშმარიტი ოსტატობა სარდლისა, რომელიც გამარჯვების საწინდარია, თუმცა წინდაწინ ვერვინ აირჩევს რომელიმე ხერხს.

დროულად უნდა შენიშნო შენს დასაზვერად მოგზავნილი მტრის ყველა ჯაშუში, მაშინვე უნდა მოისყიდო და დაიყოლიო უხვი სარგებლით, ხოლო როგორც კი გადაიბირებ, შეგიძლია თავისუფლად გაუშვა უკან. ამგვარად შესძლებ გაიჩინო და გამოიყენო მოქცეული ჯაშუში.

მებრძოლნი, მომწყვეულნი საბედისწერო ჩიხში - აღარაფერს უფრთხიან; მეომარნი, მოხვედრილნი გამოუვალ ადგილებში - კიდევ უფრო მტკიცდებიან; ღრმად შეჭრილნი მტრის მიწაზე - ერთ მუშტად იკვრიან; შველის არსაით მომლოდინენი - მედგრად იბრძვიან.

ომის ყველაზე კარგი ხერხია - მტრის საომარი გეგმების ჩაშლა, მომდევნოა - სხვებთან მისი კავშირის მოშლა, შემდეგია - ბრძოლით მისი ჯარის მოსპობა, ბოლო და ყველაზე უარესია - მტრის ქალაქების ალყით აღება.

მტერთან ჯერ იყავ გაუბედავი, ისე ვით მორცხვი ქალწული; ხოლო როგორც კი გაგეხსნება შეტევისათვის, მოსწყდი გასხლეტილ კურდღლის სისწრაფით, ისე რომ თავდაცვაც კი ვერ მოასწროს.

ჯარის დაკვრა მტრის ლაშქარზე უნდა ჰგავდეს სალესის დაცემას კვერცხთა გორაზე. აი, სახე ძლიერით სუსტში ზუსტად დარტყმისა.

ჯარის ბრძოლის გზა ჰგავს წყლის დინებას: წყალი, დინებისთვის, გვერდს უვლის მაღლობს და ეშვება დაბლობში, ჯარი გამარჯვებისთვის, გვერდს უქცევს ძლიერ ადგილს და ურტყავს სუსტში. წყლის დინების გზას საზღვრავს მიწა, ჯარის გამარჯვების გზას - მტრის ვითარება.

ის, ვისაც ხელეწიფება სარდლობა როგორც მცირე, ისე დიდი ძალებისა - შესძლებს გამარჯვებას; ის,ვისაც ესმის თუ როდის შეიძლება ბრძოლა და როდის არა - შესძლებს გამარჯვებას.

ომში მარტო ლაშქრის სიმრავლე დიდს არას გარგებს, ცარიელი ძალის იმედით ნურასდროს ჯიქურ ნუ მიხვალ მტერზე.

მოხეთქილ ნიაღვარს ლოდებიც მიაქვს, აი, ძალოვნება სწრაფი შეტევისა; ორბის კამარას ბეღურაც ეწირება, აი, სიზუსტე გათვლილი დარტყმისა.

როგორც წყალს არ აქვს მუდმივი ფორმა, ასევე არც ომია მუდმივი მდგომარეობა.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში