ინტერმეცო დერეფანში - გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია

ნაწყვეტი სტიგ ლარსონის რომანიდან - „გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია“

ამერიკის სამოქალაქო ომში დაახლოებით ექვსასი კაცად გადაცმული ქალი იბრძოდა. საკვირველია, რომ ისტორიის ეს მონაკვეთი ჰოლივუდს გამორჩა - იქნებ ეს ისტორიული მოვლენა იდეოლოგიურად მეტისმეტად რთული დასამუშავებელია?

ისტორიკოსებს ყოველთვის უჭირდათ ისეთი ქალების აღწერა, რომლებიც სქესობრივი განსხვავების საზღვრებს არღვევდნენ. ყველაზე ნათლად ეს განსხვავება სამხედრო დაპირისპირებებში ჩანს (დღესაც კი შვედეთში ქალის ცხენირემზე ნადირობა დიდი მითქმამოთქმის საბაბი შეიძლება გახდეს).

თუმცა, ანტიკური ხანიდან დღემდე მრავალმა მითმა თუ ლეგენდამ მოაღწია მებრძოლ ქალებზე, ამორძალებზე. ისტორიულ წიგნებში მათ მეომრების, მმართველებისა და წინამძღოლების სახელი დაიმკვიდრეს.

ეს ქალებიც ჩერჩილივით, სტალინივით და რუზველტივით მსოფლიო მასშტაბის გადაწყვეტილებებს იღებდნენ:

სემირამიდა ნინევიელი
სემირამიდა ნინევიელი, რომელმაც ასურეთის იმპერია შექმნა, და დედოფალი ბუდიკა, რომელმაც ოკუპანტი რომაელების წინააღმდეგ ბრიტანელები ააჯანყა, მრავალთაგან მხოლოდ ორი მაგალითია.

დედოფალი ბუდიკა
ბუდიკას ქანდაკება „ბიგ ბენის“ პირდაპირ, ვესტმინსტერის ხიდთან, თემზის ნაპირას დგას. თუ ახლომახლო მოხვდებით, მისი მონახულება არ დაგავიწყდეთ.

მეორე მხრივ, ისტორია ძალიან თავშეკავებულია იმ მდაბიო ქალების მიმართ, რომლებიც უბრალო ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძოდნენ ომში.

არადა, იშვიათია ისეთი ომი, რომელშიც ქალს არ მიუღია მონაწილეობა.

ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2012წ.