გრემ ჰანტერი - როგორ იქმნებოდა უდიდესი გუნდი მსოფლიოში

ამ წინასიტყვაობას 2012 წლის ზაფხულში ვწერ. ესპანეთის ნაკრებმა, რომლის ძირითად მამოძრავებელ ძალას „ბარსელონას“ ფეხბურთელები წარმოადგენდნენ, ევროპის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებით თავის ისტორიაში კიდევ ერთი სახელოვანი ფურცელი ჩაწერა; „კამპ ნოუზე“ პასუხისმგებლობის ტვირთისგან გათავისუფლებულმა პეპ გვარდიოლამ ზაფხული ოჯახთან ერთად პესკარაში გაატარა, ხოლო ტიტო ვილანოვას ჯერ კიდევ არ ჩაუტარებია პირველი ოფიციალური მატჩი „ბარსას“ მწვრთნელის რანგში.

2011-2012 წლების სეზონის მოვლენები იმდენად დრამატული და საინტერესო იყო, რომ წარმოუდგენელია, რაიმე სიახლე არ შევმატო ამ წიგნს, არ დავემშვიდობო მწვრთნელს, რომელიც ამ ეპოქის არქიტექტორად მოგვევლინა და ასევე, არ შევეცადო, განვლილი 12 თვის გავკეთილების გაანალიზებას. ამ წიგნს, იმთავითვე არჩეული, თხრობის უშუალო და შინაურული სტილის გამო დღემდე უკვე იმდენი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რომ გადავწყვიტე, არ დამერღვია მისი წყობა და არ შემეცვალა დროის განსაზღვრებები მხოლოდ იმის ასახვისთვის, რომ გვარდიოლა კლუბიდან წავიდა და ახლა მას ვილანოვა თავკაცობს.

ამ გამოცემის მიზანია, წინა ოთხი წლის მოვლენებს დავურთოთ ეპილოგი, რომელიც, თუნდაც მოცემული მომენტისთვის, უფრო სრულყოფილად წარმოაჩენს წიგნის - „როგორ იქმნებოდა უდიდესი გუნდი მსოფლიოში“ თავდაპირველ ჩანაფიქრს. ჩემი ვარაუდით, ისინი, ვინც ამ განახლებულ გამოცემას წაიკითხავენ, დიდი ინტერესით მიადევნებენ თვალს ვილანოვას საქმიანობას, მაგრამ ასევე ხარბად დაეწაფებიან მთელ წიგნს - „როგორ იქმნებოდა უდიდესი გუნდი მსოფლიოში“, რათა გაეცნონ იმ ოთხი საოცარი სეზონის პერიპეტიებს, რომელიც კლუბს 2008-დან 2012 წლამდე გადახდა თავს.

ამ წიგნისთვის მასალების მოძიებისა და მისი დაწერისას აღმოვაჩინე, რომ ეს გაცილებით რთული საქმე ყოფილა, ვიდრე თავდაპირველად მეგონა, მაგრამ არსებობდა რამდენიმე გარემოება, რომელიც სტიმულს მაძლევდა დასახული მიზნის მისაღწევად.

პირველი და მთავარი: გულწრფელად მწამს, რომ ეპოქა, რომელიც „ბარსელონამ“ თავისი თამაშითა და განუმეორებელი ფეხბურთელებით შექმნა, თუ არა სრულიად უნიკალური, სულ ცოტა - შეუდარებელი და უპრეცედენტოა იმ მოვლენებს შორის, რომლის მომსწრეც ცხოვრების მანძილზე ვყოფილვარ.

მქონდა ბედნიერება, ევროპის სხვადასხვა სტადიონზე ისეთი მატჩები გამეშუქებინა, როდესაც, რონალდინიო და ეტო’ო საკუთარი ფორმის პიკზე იმყოფებოდნენ, ხოლო ინიესტას, ჩავისა და მესის ჯადოსნური კომბინაციებით „ბარსა“ მინდორზე ისეთ საოცრებებს სჩადიოდა, რომ ამის მხილველ მაყურებელს ყბა ჩამოვარდნაზე ჰქონდა.

შესაძლოა, ამ წიგნისთვის უნდა დამერქმია „...ყველა დროის უდიდესი“, მაგრამ გამიჩნდა კითხვა: კონკრეტულად რა კრიტერიუმებს შეიძლება დავეყრდნოთ ასეთი განსაზღვრებისას? საფეხბურთო სამყაროს ზოგიერთი გამოჩენილი პიროვნება ასეც ფიქრობს და მათ შეხედულებასთან ჩემი აზრი რა მოსატანია, მაგრამ ჩემი ამოცანაა, ავსახო და ავხსნა, თუ როგორ მოახერხა ამ გუნდმა, ბრწყინვალე სპეციალისტ პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით, ასულიყო მსოფლიოში უდიდესი საფეხბურთო გუნდის დონემდე 2008 წელს და ეს სტატუსი წინამდებარე წიგნის გამოცემამდე - 2012 წლამდე შეენარჩუნებინა.

ყველა დროის საუკეთესოდ ვინმეს გამოცხადება ყოველთვის დავა-კამათს იწვევს და ადრე დამკვიდრებულ მყარ წარმოდგენებს ეჯახება. პირადად მე მგონია, რომ საქმე გვაქვს ისეთ მოვლენასთან, რომელიც ყველა დროის ყველაზე სრულყოფილ ფეხბურთთანაა მიახლოებული, ხოლო ის, თუ რამდენად ადასტურებს ჩვენ მიერნანახი და ამ წიგნში გადმოცემული ამბები ამ გუნდის უნიკალურობას, საბოლოოდ, თითოეული ადამიანის, მათ შორის - თქვენი განსასჯელია.

არავინ (მათ შორის, გვარდიოლას მიერ დამარცხებული გუნდები) დავობს, რომ „ბარსა“ გამუდმებით გვჩუქნის ისეთ ფეხბურთს, რომელიც ადამიანში ამაღლებულ განწყობილებასა და აღტაცებას იწვევს. თუნდაც ეს გარემოება საკმარისი იყო, რომ ეჭვი არ შემპარვოდა ამ წიგნის დაწერის მიზანშეწონილობაში.

ვიმედოვნებ, უფრო მეტიც - მწამს, რომ ბევრი ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც „სკაის“ ეკრანზე ამ 15 წლის მანძილზე უჩვენებიათ, თანდათან გავლენას მოახდენს მთელი მსოფლიოს ნიჭიერ მოთამაშეებზე და საკუთარ კვალს დააჩნევს მათ სპორტულ განვითარებას. ბურთთან პირველი შეხება, ტექნიკური ილეთების ათვისება, გამუდმებული ბრძოლა ბურთისთვის, მოხდენილი პასებისთვის საჭირო უწყვეტი მოძრაობა, ერთი შეხებით თამაში - სწორედ ამ საფეხბურთო კომპონენტებით უნდა შეიარაღდნენ ის ბიჭები და გოგონები, რომლებსაც ჯერ ფეხბურთის თამაში, მომავალში კი სხვების გაწვრთნა მოუწევთ, რათა ყველაფერი ეს იქცეს ნორმად მათთვის, ვისაც სურთ, მაღალი დონის ფეხბურთი ითმაშონ (მიუხედავად იმისა, რომ ხშირად, ხისტ ასპარეზობაში მონაწილეობაც მოუწევთ) და უნიჭო, „მჩეხავი“ ფეხბურთელები „თამაშგარე მდგომარეობაში“ დატოვონ.

მეორე, რასაც მინდა ხაზი გავუსვა: მუდამ მაოცებს ის, თუ როგორ ეთაყვანებიან ამ გუნდს და მის მონაგარს არა მხოლოდ ისინი, ვინც კატალონიაში დაიბადნენ და უკვე ამის გამო აღმერთებენ ს/კ „ბარსელონას“, არამედ უამრავი ადამიანი მთელ მსოფლიოში.

მას შემდეგ, რაც 1960-იანი წლების დამლევს პიტოდრიში მამაჩემთან ერთად ფეხბურთის ყურება დავიწყე, სპორტის ამ სახეობის მრავალნაირი ვარიანტი მინახავს, მაგრამ მთელ მსოფლიოში ბევრი (ან იქნებ, ვერავინ) ვერ დაიკვეხნის ისეტი მღელვარებისა და აღტაცების გამოწვევას, როგორიც „ბარსას“ თამაშს მოჰყოლია.

გრემ ჰანტერი, ბარსელონა, 2012 წლის ივლისი

გამომცემლობა "პალიტრა L"