ხორხე ლუის ბორხესი - მსოფლიო მზაკვრობის ისტორია

1517 წელს პადრე ბართოლომე დე ლას კასას შეებრალა ანტილის ოქროს მაღაროებში დასაქმებული ინდიელები, ჯოჯოხეთური ჯაფისაგან წელში რომ გამწყდარიყვნენ, და კარლ მეხუთეს შესთავაზა შავკანიანი მუშახელი გამოეყენებინა, რათა ანტილის ოქროს მაღაროებში ჯოჯოხეთური ჯაფისაგან სწორედ ისინი გამწყდარიყვნენ წელში.

მისისიპი მკერდსავსეა, უსაზღვრო და ბნელი ძმაა მდინარე პარანასი, ურუგვაის, ამაზონისა და ორინოკოს პარანასი. ესაა მულატისფერი მდინარე, რომლის მიერ ჩამორეცხილი ოთხას მილიონ ტონაზე მეტი შლამი კარგა ხანია, ყოველ წელს ბღალავს მექსიკის ყურეს. უძველესი დროიდან საპატიო სიბინძურის დიდი ოდენობით მოჭარბებას წარმოუქმნია დელტა, რომელზეც გიგანტური ჭაობის კვიპაროსები კონტინენტის ნაშალ ნარჩენებზე ამოზრდილა. მკვდარი თევზებითა და დამპალი მცენარეებით სავსე თიხის ლაბირინთები ბოროტი იმპერიის საზღვრებსა და სიმშვიდეს აფართოვებენ.

მათ ცხოველურ იმედებსა და აფრიკულ შიშებს სახარებისეული სიტყვები ასაზრდოებდა; შესაბამისად, რაც სწამდათ, ქრისტესეული იყო, აღელვებულები ერთხმად მღეროდნენ Go Down Moses, მისისიპი მათთვის მღვრიე იორდანეს თვალსაჩინო გამოხატულება იყო.

ბედისწერამ - სწორედ ასე ეწოდება ერთმანეთში გადახლართული ათასობით მოვლენის ურთიერთქმედებას ...

მერიმ ჩხუბისთავი დუელში გამოიწვია. ორივე ხელში იარაღი ეჭირა, როგორც ეს კარიბის რეგიონში ძველად სჩვეოდათ: მარცხენა ხელში მრისხანე და უიმედო პისტოლეტი, მარჯვენაში კი ერთგული ხმალი.

არ დაგავიწყდეს, რომ გულმოწყალება საიმპერატორო ატრიბუტია და ქვეშევრდომისთვის მისი გამოჩენა უტიფრობა იქნებოდა. იყავი სასტიკი, სამართლიანი, მორჩილი, გამარჯვებული.

ამბობენ, რომ (გულგრილ მკვლელ ბილ ჰარიგანს) სიცოცხლე ირლანდიელი ქალის დაღლილმა საშომ აჩუქა, თუმცა შავკანიანებს შორის გაიზარდა. აქოთებულ და ლაქიან ქაოსში მოიპოვა პირველობა, რომელსაც ჭორფლები და ჟღალი თმები აძლევდა. ამაყობდა, რომ თეთრკანიანი დაიბადა. გამხდარი, ველური და ფლიდი იყო. თორმეტი წლისა გაწევრიანდა „ჭაობის ანგელოზების“ (Swamp Angels) ბანდაში, რომლის წევრი ზეციური არსებები ძირითადად ბინძურ ადგილებში ძრომიალით ირთობდნენ თავს.

ხალხით გადაჭედილ ბოუერის თეატრებში (სადაც მაყურებლები წარმოდგენის დაგვიანებისას გაჰყვიროდნენ: „ეგ ჩვარი ასწიეთ!“) ყველაზე ხშირად ცხენზე ამხედრებული კოვბოებისა და სროლის სცენები იდგმებოდა, რაც ძალიან მარტივი ასახსნელი იყო, მაშინდელ ამერიკას ხომ ასე მიუწევდა გული ველური დასავლეთისაკენ. დასავლეთს მიღმა ნევადისა და კალიფორნიის ოქრო უხმობდა ხალხს.

ვიღაც ამჩნევს, რომ ბილის რევოლვერზე არაფერია დატანილი და მას ვილიაგრანის სიკვდილის აღსანიშნად წარწერის გაკეთებას სთავაზობს. ბილი ვიღაცის ჯაყვას სამსახსოვროდ იტოვებს, მაგრამ ამბობს: „არ ღირს მექსიკელის აღნიშვნა“. როგორც ჩანს, ამბავი ამით არ მთავრდება, ბილი იმ ღამეს გვამთან ახლოს შლის საბანს და ცისკრამდე ყველას თვალწინ სძინავს.

მომდევნო შვიდი სარისკო წლის განმავლობაში თამამად სარგებლობდა იმ ფუფუნებით, გამბედაობა რომ ჰქვია.

კაცი მკვდარი იყო. ისეთი უბადრუკი შესახედაობა ჰქონდა, როგორიც მკვდრებს აქვთ.

რაც უნდა სასტიკები და დაუნდობლები იყვნენ, ისლამი ყოველთვის თვინიერად ეპყრობა ღვთის რჩეულებს, მთავარია მათ ორთოდოქსული რწმენისაგან არ გადაუხვიონ.

მთავარი ძალა ზიზღია. ორი მთავარი დისციპლინა (აქ წინასწარმეტყველი მათ შორის არჩევანის თავისუფლებას იძლეოდა), რომელმაც შეიძლება ზიზღამდე მიგვიყვანოს, არის თავშეკავება, იგივე მოკრძალება და ხორცის წვრთნა ან გონიერება.

ლა-ვილიას ბიჭები ყველაფერში ვბაძავდით, იმდენად, რომ მასსავით ვიფურთხებოდით.

დაღლილი გამომეტყველება ჰქონდა, ისეთი, მკვდრებს რომ აქვთ. არადა იმ დროს ყველაზე მამაცი კაცი იყო ბატერიიდან სამხრეთამდე. როგორც კი მივხვდი, რომ მკვდარი და უტყვი იყო, სიძულვილის გრძნობა გაქრა.

ანგელოზებმა მიამბეს, რომ მაშინ, როცა მელანჩტონი გარდაიცვალა, იმ სამყაროში მას ისეთივე ილუზორული სახლი მიუჩინეს, როგორიც აქ, დედამიწაზე ჰქონდა (თითქმის ყველა მარადისობაში გარდასულს იგივე ემართება და სწორედ ამიტომ ვერ ხვდებიან, რომ მოკვდნენ).

რადგან მუსლიმთა აზროვნებაში მუჰამედისა და რელიგიის თემა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, უფალმა ბრძანა, ზეცაში ყოველთვის ყოფილიყო სულიწმინდა, რომელიც სხვებს უხელმძღვანელებდა და მუჰამედის როლს ითამაშებდა. ეს დელეგატი ყოველთვის სხვადასხვა იყო.

მეცნიერებაში სიზუსტის შესახებ

... იმ სამეფოში კარტოგრაფიის ხელოვნება ისე დაიხვეწა, რომ მხოლოდ ერთი პროვინციის რუკა მთელ ქალაქს იკავებდა, სამეფოსი კი მთელ პროვინციას. დროთა განმავლობაში უზარმაზარი რუკები მოძველდა და კარტოგრაფთა საბჭომ შექმნა სამეფოს რუკა, რომელიც იმპერიის ზომისა იყო და ზუსტად ემთხვეოდა მას. მომდევნო თაობებმა, რომლებიც ნაკლებად იყვნენ კარტოგრაფიის შესწავლით გატაცებულნი, დაასკვნეს, რომ ეს უშველებელი რუკა აღარაფრად ვარგოდა და ის არცთუ უღმერთოდ, მზის მცხუნვარებასა და ზამთრის სუსხს მისცეს. დასავლეთის უდაბნოში დღესაც ნახავთ რუკის ნარჩენებს, რომელზედაც სახლობენ ცხოველები და უპოვარნი. მთელ ქვეყანაში კი აღარ დარჩა აღაც ერთი რელიკვია გეოგრაფიულ დისციპლინებში...

ესპანურიდან თარგმნა - ნინო ფიფიამ
გამომცემლობა „ინტელექტი“, 2014წ.