ედუარდ შევარდნაძე - ფიქრი წარსულსა და მომავალზე

ორიოდე სიტყვა წინათქმის მაგივრად

ეს წიგნი უპირველესად წარსულის შეფასების სურვილმა დაბადა, იმ მოვლენათა და ადამიანთა გახსენების სურვილმა, რომლებმაც განსაზღვრეს ყოფილი საბჭოთა კავშირის, ჩემი ქვეყნისა და თანამედროვე მსოფლიოს ისტორია. ამავე დროს, იგი იწერებოდა მომავალზე ფიქრით, მისი უპირველესი ადრესატი მომავალი თაობაა, რომელსაც ამ წარსულის მძიმე ტვირთად ზიდვა, საბედნიეროდ, აღარ მოუწევს.

მინდა ჩემი ნაფიქრი გავუზიარო არა მარტო ჩემს ხალხს, არამედ ყველა ჩემს თანამედროვეს, რათა გავიხსენოთ და ერთად განვსაჯოთ ის, რაც იყო და როგორც იყო. მსურს მთლიანობაში მიმოვიხილო ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენს მეზობლებთან, უპირველესად კი რუსეთთან გვქონდა; წარმოვაჩინო ის წვლილი, რომელიც მე, როგორც ჩემი ხალხის შვილმა, შევიტანე მეოცე საუკუნის ბოლო მეოთხედის იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომლებმაც ძირეულად შეცვალეს მსოფლიო: „ახალი ზნეობრივი საგარეო პოლიტიკა“, „ცივი ომის“ დასრულება, ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა, გერმანიის გაერთიანება, საბჭოთა იმპერიის დაშლა, აღმოსავლეთ ევროპის გათავისუფლება, დამოუკდიებელი და დემოკრატიული საქართველოს მშენებლობა.

„ფიქრი წარსულსა და მომავალზე“ 2003 წლის ნოემბერში ჩემი გადადგომის შემდეგ იწერებოდა, მაგრამ მოგონებებისა თუ განსჯა-შეფასებების დიდი ნაწილი მანამდე ჩამოყალიბდა და თავისი ადგილი დაიკავა ჩემს სხვა წიგნებში, პუბლიკაციებსა თუ საჯარო გამოსვლებში. ამ წიგნს ჩემი მრავალწლიანი ცხოვრება უძღოდა წინ - უმეტესად წარმატებული, ზოგჯერ კი წარუმატებელი, გზა აღმამავალი, მაგრამ დაქანებულიც, თანმდევი მარცხით, იმედგაცრუებითა და პოლიტკური გადადგომებით.

მინდა მოგითხროთ იმ მსოფლიო პრობლემების, ქვეყნებისა და სახელმწიფო მოღვაწეების შესახებ, რომლებთანაც ბედმა დამაკავშირა.

ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, მწერლებთან ურთიერთობისას მათში ერთი რამ სახასიათი მიდრეკილება მენიშნა - წერისას ისინი არა მხოლოდ სამყაროს სურათს გარდაქმნიდნენ თავისებურად, არამედ თავის პიროვნებასაც სხვაგვარი ფერებით წარმოაჩენდნენ. როგორც ჩანს, მოგონებების წერის დროსაც იგივე რამ ხდება - საკუთარ თავს, განზრახ თუ უნებლიედ, უფრო უკეთესად წარმოაჩენ, ვიდრე სინამდვილეში იყო და არის. სწორედამგვარი მიდრეკილების დაძლევის მძაფრი სურვილითაა დაწერილი ეს წიგნი - მინდოდა ობიექტური ვყოფილიყავი დროისა და საკუთარი თავის მიმართ.

ჩემი ცხოვრება, ყოველ შემთხვევაში ის, რაც თქვენი ყურადღების ღირსად მივიჩნიე, აქ არის: შეგიძლიათ თავისუფლად განმსაჯოთ - შეუბრალებლად, უკომპრომისოდ.

თუმცა ჩემზე მკაცრად მაინც ვერავინ განმსჯის. ვიცი - მქონდა სეცდომები, ვიცი - ზოგთან არ ვიყავი მართალი, ვიცი - ბევრსაც გული ვატკინე და თუ შეძლებენ, იქნებ მომიტევონ... მეც დავივიწყე ყოველი წყენა, არავის ბოღმა არ მიმყვება და არც არავისი შემშურებია, თუნდაც იმიტომ, რომ შემეძლო დასახული მიზნებისთვის თავადვე მიმეღწია. ყოველთვის ვცდილობდი ღვთისგან ბოძებული ნიჭი და უნარი სრულად გამომევლინა და მეკეთებინა ის, რაც შემეძლო და რისთვისაც მოვედი ამქვეყნად. ვფიქრობ, ბევრი რამ კარგიც მიკეთებია - და არა მარტო საქართველოსთვის.

სიყვარულისა და სიმშვიდის განცდა მივსებს სულს და იმავეს ვუსურვებ ჩემს ხალხსა და ჩემს შთამომავლობას.

***

„ფიქრი წარსულსა და მომავალზე“ იმ დოკუმენტურ მასალას ეყრდნობა, რომელსაც თავის დროზე მეც ვაგროვებდი და ჩემი თანაშემწეებიც - თეიმურაზ სტეპანოვი და სერგეი ტარასენკო. ასევე ბევრი რამ იქნა მოძიებული საბჭოთ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საარქივო მასალებში, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა იგორ ივანოვმა გადმომცა. ამ მასალამ წიგნს მეტი სიზუსტე და დოკუმენტურობა შესძინა.

დიდი მადლობელი ვარ კობა იმედაშვილის, რომელიც ცემთვის ყველაზე ძნელ დროს გვერდში ამომიდგა. სწორედ მისი დახმარებით შევძელი სხვადასხვა ხასიათის დოკუმენტების, ჩემი ხელნაწერებისა და აუდიომასალის ერთ მთლიანობაში მოქცევა.
...
დასასრულ, მადლობა მინდა ვუთხრა ჩემი მეუღლის, ნანულისსულს, რომელიც ახლაც ჩემთან არის - ამ წიგნის ყოველ სიტყვასა და ყოველ პწკარში.

- ბატონო პრეზიდენტო, ახლა სად მიდიხართ?
- სახლში...

მუდამ ვცდიობდი, და თითქოს ვახერხებდი კიდეც, საერთო ენა გამომენახა ჩემს ხალხთან. სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვი ჩემი მმართველობის ბოლო ხანებზე, როცა მე, როგორც პოლიტიკოსმა, გაუცხოება ვიგრძენი ჩემსა და საზოგადოების ერთ ნაწილს შორის. სწორედ ამ პერიოდში გამძაფრდა და გამოაშკარავდა დაპირისპირება პოლიტიკოსთა იმ ნაწილთან, რომელმაც ჩემივე ხელშეწყობით დაიმკვიდრა ადგილი ხელისუფლებაში.

კოლექტიურ მეხსიერებას თან სდევს დავიწყების ელემენტები.

23 ნოემბერს, გვიან საღამოს, ჩემთან, კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში, მიხეილ სააკაშვილი დაზურაბ ჟვანია მოვიდნენ. რეზიდენციას დაახლოებით ათასამდე მომიტინგეც მოადგა. მიშმ და ზურამ ჩემი გადადგომის შესახებ დაიწყს საუბარი - თუმცა არც ისე მტკიცედ და კატეგორიულად. ჩემი პასუხი უბრალო იყო - „ბიჭებო, ტყუილად ნერვიულობთ, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მივიღე და მის შეცვლას არ ვაპირებ. უმჯობესია ახლა ხვალინდელ დღეზე იფიქროთ - ქვეყნის მართვა მთელი ხელოვნებაა და არ მინდა  ამ საქმეში მარცხი განიცადოთ... თუ რამეში გამოგადგებათ ჩემი კონსულტაცია - მზად ვიქნები“. რა თქმა უნდაო, მიპასუხა ორივემ. შემდეგ კი ვკითხე - „დავამთავრეთ საუბარი?“ - შევატყვე, მათთვის ეს მოულოდნელი იყო - ეტყობოდა, ფიქრობდნენ, რომ დავიწყებდი მთლი რიგი დათმობების ან კომპრომისების მოთხოვნას. სხვათა შორის, კანცელარიაში შეჭრისას ერთი კურიოზი მოხდა: მომიტინგეთა ჯგუფმა შენობიდა ხის სავარძელი გამოათრია, დაამტვრია და დაწვა. ერთ-ერთი ტელეკომპანიის წამყვანმა პირდაპირ ეთერში დაიტრაბახა კიდეც - შევარდნაძის სავარძლის ნატეხი ჩავიგდე ხელშიო. უნდა გავაწბილო - ჩემი სავარძელი, ლითონისგან და პლასტმასისგან ნაკეთი, ჩემი კაბინეტიდან არც არავის გამოუტანია. იმ დღეს მომიტინგეებმა კანცელარიის მორიგე თანამშრომლის სავარძელი დაწვეს... ეს იმათ გასაგონად, ვისთვისაც სავარძელი ხელისუფლების სიმბოლოა.

პირველი კილოგრამი ჩაის ფოთლები ხუთი წლისამ მოვკრიფე. მამაჩემი გვასწავლიდა ფუტკრის მოვლას, ამიტომ თაფლიანი ფიჭის ცქერა დღესაც სიამოვნებას მგვრის.

1937 წელს ჩემი სოფლიდან, ისევე როგორც ახლომახლო სოფლებიდან, ადამიანების გაუჩინარება დაიწყო. ქრებოდნენ ყველაზე პატივსაცემი, ყველაზე ავტორიტეტული ადამიანები. ერთ დღეს გაუჩინარდა მამაჩემიც, სოფელში ერთ-ერთი ყველაზე განათლებული და პატივსაცემი პიროვნება, რომელმაც იმ დროისთვის მამათში საშუალო სკოლა გახსნა. დედაჩემი გულჩათხრობილი გახდა, კითხვებზე არ გვპასუხობდა. ახლს გარეთ, ჩემ ირგვლივ, გაუცხოების სიცივე ვიგრძენი. სხვათა შორის, ასეთივე გაუცხოება ვიგრძენი სულ ბოლო გადადგომის შემდეგაც, 2003 წელს. სკოლაში მანამდე ლიდერად მთვლიდნენ, პიონერთა რაზმეულის თავკაცად ამირჩიეს, ბიჭები სულ ჩემ ირგვლივ ტრიალებდნენ, ახლა კი სრულ მარტოობას ვგრძნობდი, არავინ მეკარებოდა, სათამაშოდ აღარ მეძახდნენ... „ხალხის მტრის“ შვილის იარლიყი მომეწება და როცა შევიტყვე, რომ სოფლის პიონერთა ბანაკში არ წამიყვანდნენ, შევძრწუნდი. ეს დიდი დარტყმა იყო ჩემთვის.

ომმა მეც ისევე გამომაწრთო, როგორც მილიონობით ჩემი თანატოლი. ის აყალიბებდა ჩემს მრწამსს და მისახავდა მიზნებს. ფაშიზმთან ომი ბოროტებასთან ჩემი პირადი საქმე და ბრძოლა გახდა. ფაშიზმი კომუნიზმს ებრძოდა, კომუნიზმი კი ჩემი რელიგია იყო. ასე გვზრდიდნენ. ამ ბრძოლაში გამარჯვება კომუნიზმის გამარჯვება იყო, მაშასადამე, ეს ჩემი გამარჯვებაც უნდა ყოფილიყო.

როცა კომკავშირის რაიკომში დამიბარეს და ინსტრუქტორთა თანამდებობა შემომთავაზეს - ულაპარაკოდ დავთანხმდი. მშობლებმა, ვიდრე სული ედგათ, ეს ვერ მაპატიეს.

გაორების დროს ხსნა იყო აზრი: „სტალინმა არ იცის რა ხდება!“ და მაინც ვგრძნობდი, რომ ჩემში ნელ-ნელა იღვიძებდა პროტესტი უმრავლესობის ნებისადმი პიროვნების უსაზღვრო მორჩილების წინააღმდეგ, არადა ის კოლექტივიზმი, რომელსაც მე თავდაუზოგავად ვემსახურებოდი, პირდაპირი მნიშვნელობით სასწაულებს ახდენდა, როცა ფაშიზმს ამარცხებდა, ქვეყანას ნანგრევებიდან აღადგენდა, ყამირს ტეხდა, კოსმოსს ითვისებდა. და ეს მართლაც ასე იყო. მაგრამ იგივე კოლექტივიზმი იქცეოდა საშინელ დამთრგუნველ ძალად, როცა ის ადამიანს ათანაბრებდა ჭანჭიკთან, რომლის დამსხვრევა იოლი იყო. „და თუ ადამიანი მხოლოდ დეტალია მანქანისა - ვფიქრობდი საკუთარ თავთან განმარტოებისას, - მაშინ რა მოუვა თვით მანქანას, თუ განუწყვეტლივ დავუმსხვრევთ დეტალებს?“

2003 წლის 23 ნოემბერს, გადადგომის წინაც, როცა უკვე საგანგებო წესები გამოვაცხადე, ნანული კვლავ ჩემ გვერდით იდგა და მეუბნებოდა: „განა შეგიძლია შენი ხალხის სისხლი დაღვარო?“

სტალინის იდუმალებით მოცული სიკვდილის შემდეგ ბერია თავისი გავლენით პირველ კაცად გადაიქცა. ამანაც დაღუპა - მეორე ქართველს რუსეთის პირველ კაცად ვერავინ მოითმენდა და ბერია ნიკიტა ხრუშჩოვის შეთქმულებას ემსხვერპლა.

*** 

ის ამბავი, რაც ახლა უნდა მოგითხროთ, ბერიას დახვრეტიდან დიდი ხნის შემდეგ მოხდა: ჩემს უახლოეს მეგობარს, უბრყინვალეს ქართველ მწერალს, ნოდარ დუმბაძეს შავი ზღვის სანაპირო აგარაკზე დაურეკა მეზობლად მცხოვრებმა დიდმა რუსმა მწერალმა კონსტანტინ სიმონოვმა და ღვინო სთხოვა, მოსკოვიდან ორი მეგობარი ჩეკისტი მეწვია და უნდა გავუმასპინძლდეო. ნოდარს ღვინო არ აღმოაჩნდა, მაგრამ შესთავაზა - აქვე სოფელი მერხეულია, შესანიშნავი რესტორნით და სტუმრები საპურმარილოდ იქ წავიყვანოთო.

აფხაზეთის სოფელი მერხეული კარგი რესტორნის გარდა იმითაც იყო ცნობილი, რომ ლავრენტი ბერიას მშობლიური სოფელი გახლდათ და ჩეკისტების იქ მიპატიჟება ამ მხრივაც ერთგვარ „სიმბოლურ“ აზრს ატარებდა. კონსტანტინ სიმონოვს ეს წინადადება მოეწონა და ოთხივე მერხულში წავიდა.

ლაზათიანად მოულხინეს და როცა კარგად შეთვრნენ, ერთმა ჩეკისტმა დაიჩემა, მდინარეში უნდა ვიბანაოო. ვერაფრით გადაათქმევინეს, გაიხადა და წყალში გადაეშვა, მაგრამ ამოყვინთვით ვეღარ ამოყვინთა. იქვე მყოფი სოფლელები მდინარეში შეცვივდნენ, ცოცხალ-მკვდარი კაგებეს ოფიცერი ნაპიზე გამოათრიეს და რის ვაი-ვაგლახით მოიყვანეს გონზე. მან კი თვალი როგორც გაახილა, მეგობარი ჩეკისტი თითით მიიხმო და უჩურჩულა: „На дне, в речке Лаврентий Павлович! На дне, в речке Лаврентий Павлович!“

ყველა გაშტერებული შეაჩერდა ერთმანეთს, რაღაც ვერ იყო კარგად - დიდი ხნის დახვრეტილი იყო ლავრენტი პავლოვიჩი. ჩეკისტმა კი ერთი-ორჯერ კიდევ გაიმეორა ეს ფრაზა და გული წაუვიდა.

რესტორნის დირექტორმა რომ ნახა, საქმეს ცუდი პირი უჩანდა, ნოდარ დუმბაძე გვერდით გაიხმო და საიდუმლოდ გაანდო: „აქ, რესტორნის ახლოს, ბერიას ძეგლი იდგა, როცა დაიჭირეს, ავიღე და მდინარის ფსკერზე დავმალე, რა ვიცი, ხვალ რა მოხდება, დღეს კი ლანძღავთ, მაგრამ იქნებ დრო მოვიდეს, თქვათ, დიდი კაცი იყოო - ხალხის ერთგული შვილი. ჯაჭვით მყავს დაბმული, მდინარემ რომ არ წაიღოს. ამ უბედურმა წყალში რომ ჩაყვინთა, ეტყობა, ძეგლი დაინახა და ამიტომ არის ასე შეშინებული“.

ეს ამბავი შემდეგ საკავშირო მნიშვნელობის ანეკდოტად იქცა. აქ ის დროა ასახული, როცა მკვდრისაც უნდა შეგშინებოდა ადამიანს.

***

საბჭოთა კავშირის მასშტაბით, საქართველო ლიბერალიზმის ოაზისად გადაიქცა. ყოველივე ეს მნიშვნელოვანი იყო არა მარტო ქართული კულტურისა და ქართული ცხოვრებისთვის, არამედ რუსული კულტურისთვისაც - ჩვენთან, სულის მოსათქმელად, რუსეთიდან მოეშურებოდნენ იქ შერისხული პოეტები (ბორის პასტერნაკი, ევგენი ევტუშენკო, ბელა ახმადულინა, ანდრეი ვოზნესენსკი და ა.შ.), სწორედ აქ იბეჭდებოდა ყველაფერი ის, რაც იმ დროისთვის მოსკოვში დღის სინათლესაც ვერ ეღირსებოდა (თუნდაც ბორის პასტერნაკის - Писма к грузинским друзьям).

*** 

... მხოლოდ ერთ ფაქტს დავიმოწმებ, ქართული პროზის კლასიკოსის, დიდი ქართული რომანის „დათა თუთაშხიას“ ავტორის ინტერვიუდან:

„1972 წლის მაისის დასაწყისში მანქანით ნაბეჭდი და ვეებერთლა ტომეულად აკინძული „დათა თუთაშხია“ „ცისკარში“ ჯანსუღ ჩარკვიანთან, ანუ ჟურნალის მთავარ რედაქტორთან მივიტანე, მაგიდაზე დავუდე და ვუთხარი, - ჯანსუღ, ძმაო, არა მგონია, ჩვენს დროში ამის დაბეჭდვა გაბედოთ. ამის გამოქვეყნება, ვფიქრობ, თხუთმეტი-ოცი წლის შემდეგ მოხერხდება, მაგრამ გთხოვ, წაიკითხო და აზრი მითხრა. ვღელავ, ერთ კვირაში მოვალ... თოთხმეტი თუ თხუთმეტი მაისი იყო, მივედი. ვკითხე, - წაიკითხე-მეთქი? მითხრა, - ყველამ წავიკითხეთ და მეექვსე ნომრიდან ბეჭდვასაც ვიწყებთო!

ჯანსუღი დღესაც თავზეხელაღებამდე გამბედავი კაცია, იმ დროს ხომ რა იქნებოდა, მაგრამ მე მოულოდნელობისაგან ყბა ჩამომივარდა...

... გამოვიდა მეექვსე ნომერი - მეშვიდეს მთავლიტი გადაეღობა, ვიზა არ მისცა რედაქციას.წავედით მე და ცხონებული ოტია პაჭკორია თერთმეტსართულიან სახლში, მაგრამ თანამშრომელი, ვისაც „დათას“ საქმე ებარა, შვებულებაში აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, განზრახ - საქმის იქამდე გაჭიანურების მიზნით, სანამ უშიშროების სამინისტრო თავის აზრს იტყოდა.

ასე მოხდა და ამ დროს იყო, ორმა ჩემმა აწ განსვენებულმა ნეტარხსენებულმა მეგობარმა, ოთარ ქინქლაძემ და თენგიზ ბუაჩიძემ მითხრეს, - პირველ მდივანს (ე. შევარდნაძეს) დასასვენებლად აფხაზეთში მივყვებით. გაგვატანე „დათა“, წავაკითხებთ და იქნებ დავიყოლიოთ გამოქვეყნებაზეო. თავად წაკითხული ჰქონდათ. გავატანე და საქმე სხვაგვარად დატრიალდა. ბატონი ედუარდი ჩემი ძმაკაცების სიტყვას დაჰყვა, წაკითხული არ ჰქონდა, რომ მეშვიდე ნომრიდან ბეჭდვა გაგრძელდა და უკვე წაკითხვისა და დაბრუნების შემდეგ ცკ-ის ბიური მოიწვია „ჟურნალ „ცისკრის“ რედაქციის მუშაობის შესახებ“ საკითხის განსახილველად. შეფასება დადებითი იყო, მაგრამ მაინც ცკ-ის კულტურის განყოფილების გამგეს, ბატონ ნიკა ჩერქეზიშვილს დაევალა, რომანი გაემრავლებინა და აზრის გამოსათქმელად ოცდახუთი მწერლისა და კრიტიკოსისთვის დაეგზავნა. ოცდასამი დადებითი პასუხი მოვიდა. უარმყოფელი ორივე ვიცი, მაგრამ ცოცხლები აღარც ერთია და „მიცვალებულთა გამო ან კარგი, ან არაფერი“...

ასე იყო ეს. ბატონ ედუარდს მანამდე ცენზურის მიერ ტაბუდადებული თეატრალური სპექტაკლისათვის მწვანე გზა უკვე მიცემული ჰქონდა და ამას წიგნიც დაუმატა“.



*** 

ერთხელ, მოსკოვში ყოფნისას, უკრაინის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ვლადიმირ შჩერბიცკიმ გამაფრთხილა, უკრაინაში ვინმე თბილისელი ფარაჯანოვი იხდის სასჯელს და შეიძლება ის ვადამდე ადრე გაათავისუფლონო. ისიც დაამატა, რომ ფარაჯანოვი „განსაკუთრებულ“ აღრიცხვაზეა საკავშირო ორგანოებში და ცალკეული უკრაინელი მოდისიდენტო შემოქმედი მასთან გარკვეულ ურთიერთობაშია. ლაპარაკი იყო სერგო ფარაჯანოვზე, შემდგომში მსოფლიოში აღიარებულ ხელოვანზე.

ეს მისი მეორე პატიმრობა იყო. როგორც შემდეგ ამბობდა: „მე, სომეხი, საქართველოში დაბადებული ნაღდი თბილისელი, ციხესა და გადასახლებაში უკრაინული ნაციონალიზმის გამო ვიჯექი“.

არც დამიცქარებია მოვლენები და არც ხელი შემიშლია. ჩემგან განსაკუთრებული დაინტერესება უკუეფექტს გამოიწვევდა.

ჩემი მეგობრებისგან ვიცოდი, ვინ იყო ფარაჯანოვი... მე ვენდობოდი ამ ადამიანებს და მართალია, მაშინ პირადად მას არ ვიცნობდი, მიმაჩნდა, რომ იგი უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში და აქ გაეგრძელებინა შემოქმედებითი მორვაწეობა.

საქართველოს უშიშროების სამსახური კატეგორიული წინააღმდეგი იყო მისი დაბრუნებისა, ვიცოდი, რომ ისინი მოსკოვშიც ელაპარაკნენ მაღალი თანამდებობის პირებს, მაგრამ იქ უპასუხეს, რომ არსებობს სიტყვიერი შეთანხმება შჩერბიცკის და შევარნაძეს შორის ფარაჯანოვის თბილისში დაბრუნების თაობაზე. მოკლედ, მალე ფარაჯანოვი თბილისში ჩამოვიდა.

თბილისში ჩამოსვლის მერე ფარაჯანოვი მარტო უშიშროების ყურადღების ცენტრში არ იყო, იგი ქართველი საზოგადოების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. უნდა ითქვას - მისი ცხოვრების წესისა და შემოქმედების შეფასება არ იყო ყოველთვის ერთგვაროვანი, მიუხედავად იმისა, რომ ვერავინ უარყოფდა მის განსაკუთრებულ ნიჭსა და უნარს - ეფიქრა, ემოქმედა და გადაეღო მხოლოდ ისე, როგორც ეს ტოტალიტარულ აზროვნებას დაპირისპირებულ დიდ შემოქმედს შეეძლო.

ჩემთან ფარაჯანოვზე ორი წყაროდან მოდიოდა ინფორმაცია: უშიშროების სამსახურიდან და ჩემი მეგობრებისგან - კინოს, თეატრის და ლიტერატურის მოღვაწეებისგან.

შესაბამის ორგანოებს მიაჩნდათ, რომ ფარაჯანოვის გამოსწორება შეუძლებელი იყო და სწორიც იყვნენ - სერგო არ გამოსწორდებოდა და კიდევ კარგი, რომ არც გამოსწორებულა.

ჩემი თხოვნით, მას საქართველოს კინოსტუდიაში, როგორც კინორეჟისორს, სამუშაო მისცეს. ბუნებრივია, მის გარშემო ნელ-ნელა შეიკრა მისი თაყვანისმცემლებისა და მასსავით თავისუფლად მოაზროვნეთა წრე, რასაც უშიშროება „გულგრილად“ არ დაუტოვებია.

მალე უარყოფითი იმპულსები საკავშირო კინემატოგრაფიის კომიტეტიდანაც წამოვიდა. ყველაფერში იგრძნობოდა, რომ საქმე ცუდად დამთავრდებოდა. საჭირო იყო ჩარევა. მაშინ კომპარტიის საკავშირო ცენტრალურ კომიტეტში პასუხისმგებელ თანამდებობაზე ერთი შედარებით ლიბერალი კაცი, გვარად შაურო, მუშაობდა, საქართველოს კულტურაზე დიდად შეყვარებული პიროვნება. დავურეკე და ვთხოვე, ზეგავლენა მოეხდინა საკავშირო კინოკომიტეტზე, ხელი არ შეეშალათ ფარაჯანოვისთვის. ისიც ვუთხარი, რომ მის ქუჩაში ყოფნას, ისევ ჩვენივე მხედველობის არეში ყოფნა სჯობდა, მათ გვერდით, ვინც მას პატივს სცემდა და ვისთან ერთადაც აკეთებდა კარგ კინოს-მეთქი. შაურო ამას გაგებით მოეკიდა და ერთხანს სერგოსთვის ხელი მართლაც აღარ შეუშლიათ.

...

სერგო ფარაჯანოვის გარშემო სიტუაცია კვლავ დაიძაბა. 1980 წელს, მოსკოვში, პოპულარული რუსი ბარდისა და მსახიობის ვლადიმერ ვისოცკის დაკრძალვის შემდეგ, სერგო ფარაჯანოვმა პოეტის სიკვდილში ხელისუფლება დაადანაშაულა. ეს უკვე აშკარა გამოწვევა იყო. პასუხმაც არ დააყოვნა. ფარაჯანოვი პროვოკაციას წამოეგო და უკვე თბილისში, და არა მოსკოვში, დააპატიმრეს. მაშინ საქმეში ვერ ჩავერიე. იურიდიულად ყველაფერი ზუსტად იყო გათვლილი.

ცოტა ხნის შემდეგ ქართული კულტურის მოღვაწეებმა: ეთერ გუგუშვილმა, რეზო ჩხეიძემ, ნოდარ ჩხეიძემ, ნოდარ დუმბაძემ, თენგიზ აბულაძემ შუამდგომლობიტ მომმართეს - ის გენიალური შემოქმედია და საცოდაობა იქნება მისი დაკარგვაო.

ერთადერთი გზა სერგო ფარაჯანოვის ციხიდან გამოხსნისა საქართველოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ მისი შეწყალება იყო. ჩემი თხოვნით სერგო ფარაჯანოვის საკითხი შეწყალების კომისიაზე განიხილეს და რეჟისორი, გამონაკლისის სახით, ადრე გაათავისუფლეს.

ფარაჯანოვთან ახლო ურთიერთობა არ ქმონია. სულ ერთხელ ვარ მასთან სახლში ნამყოფი, თბილისის ძველ უბანში, მთაწმინდაზე, კოტე მესხის ქუჩაზე. ამ სახლს ახლა მემორიალური დაფა აქვს და, ალბათ, ადრე თუ გვიან მუზეუმიც გაიხსნება. შეიძლება ახლა ძნელი დასაჯერებელი იყოს, მაგრამ მაშინ საქართველოს უშიშროების მინისტრი ინაური წინასწარ გავაფრთხილე, რომ ფარაჯანოვთან შინ ვაპირებდი მისვლას. მერე ერთი-ორჯერ მასთან კინოსტუდიაშიც ვიყავი. ეგ იყო და ეგ.

თავს ბედნიერად ვთვლი, რომ, მართალია, შეფარვით, მაგრამ მაინც შევძელი კრიზისულ მომენტში მას დავხმარებოდი და თუნდაც კულისებიდან მომეხდინა გავლენა მისი ბედის სასიკეთოდ გადაწყვეტაზე.

სერგო ფარაჯანოვი იმ უნიკალური კულტურის წარმომადგენელი გახლდათ, რომელიც თბილისში ჩამოყალიბდა, როგორც სხვადასხვა კულტურათა შესანიშნავი ნაზავი - თბილისური კულტურის. ამასთან, მისი ხელოვნება ბევრად სცილდება ერთი ქვეყნის ფარგლებს.

სერგო ფარაჯანოვი ყველა და ყველანაირ საზღვარს არღვევდა, იგი ყველა და ყველანაირ შეზღუდვას უპირისპირდებოდა, ყველა და ყველანაირ შტამპს უარყოფდა და ამიტომაც გახდა მიუღებელი იმ სისტემისათვის, რომლისთვისაც ყველაფერი რეგლამენტირებული იყო.

მენანება ის ყოველი წუთი და წამი, სერგო ფარაჯანოვმა დიდი ხელოვანის ცხოვრებით რომ ვერ იცხოვრა. ამაში გარემოებათა გარდა, უპირველეს ყოვლისა, თვით ადამიანები იყვნენ დამნაშავე. ეს ერთდროულად იმ დროისა და მისი პირადი ტრაგედიაც გახლდათ.

***

სამწუხაროდ, ისტორიას ვერ შეცვლი, მაგრამ სურვილი განახლებისა და თავისუფალი ცხოვრებისა ნამდვილად იყო და არა მხოლოდ ხალხში.

***
ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას ბატონ ნიკო მუსხელიშვილს ასეთი შეკითხვა დაუსვეს:

- Говорят, что вы бывший князь...
- А почему „бывший“?

შეუბრუნა კითხვა ბატონმა ნიკომ:

- Разве о сетере можно сказать, что он „бывший“?

ნებისმიერ სიტუაციაში ეს კაცი თავის სიმაღლეზე რჩებოდა.

***

მიხეილ გორბაჩოვი ვახსენე. ჩვენი ორივე ვგრძნობდით და ვსაუბრობდიტ კიდეც ამაზე, რომ საბჭოთ კავშირის შექმნაში თავიდანვე იყო ჩადებული გადაულახავი წინააღმდეგობანი, მე ვიტყოდი, ცივილიზაციური ხასიათის შეუთავსებლობანი. საბჭოთა იმპერიამ მოიცვა ერთი მხრივ - ტრადიციულად განვითარებული ქრისტიანული და მაჰმადიანური ქვეყნები, მეორე მხრივ - ეკონომიკურად და სახელმწიფოებრივად განუვითარებელი ხალხები. ვფიქრობ, საბჭოთა კავშირი ამ წინააღმდეგობამაც დაანგრია.

ცენტრალიზებული ეკონომიკური სისტემა მთლიანად უგულებელყოფდა პიროვნების თავისუფალი შრომის მნიშვნელობას და სახელმწიფოს შიგნიდან ანგრევდა.

ალექსი კოსიგინმა ბერიაზე მითხრა: „მსოფლიოში საუკეთესო ხალხმა და ამ საუკეთესო ქვეყანამ ასეთი გველი როგორ შობა?!“

სეირნობის დროს კოსინგმა ყურადღება მიაქცია ერთ-ერთი ლამაზი შენობის, რომანოვების სახლის კედელზე უადგილო ადგილას მიჭედებულ დიდ ლურსმანს - რა არისო. არ ვიცი-მეთქი. თანამშრომელს დავუძახე და მან განგვიმარტა: „აქ თავის დროზე სტალინი რომ ისვენებდა, ჩაქუჩი და ლურსმანი მომატანინა, მერე ჩააჭედა და ქუდი დაჰკიდა. სეირნობისას აქ ჰკიდებდა ქუდს და უქუდოდ სეირნობდა“. ბევრი იცინა კოსიგინმა და გვითხრა: „ძალიან გთხოვთ, ხელი არ ახლოთ ამ ლურსმანს“. რომ ვიკითხე, აქამდე რატომ არ ამოაძრეთ-მეთქი, მიპასუხეს - გვეშინოდაო.

*** 

მოხდა ისე, რომ ჩემი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში დიდსა თუ პატარა კონფლიქტურ სიტუაციებში მომიხდა უშუალოდ ჩარევა და მათი მოწესრიგება.

ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებული სიცხადით მახსოვს:

ეს იყო 1977 წელს, თბილისში, „დინამოს“ საფეხბურთო სტადიონზე, რომელიც ასი ათასამდე მაყურებელს იტევს... ვნებათაღელვა მსაჯის შეცდომებმა გამოიწვია. ამას ისიც დაემატა, რომ მან თამაშის დასასრულს მოწინააღმდეგის კარში პენალტი არ დანიშნა. არ ვიცი, განზრახ გააკეთა ეს თუ უნებლიეთ, მაგრამ სტადიონის ტრიბუნები თითქოს ჩამოინგრა. ათასობით მაყურებელი მინდვრისკენ გაიჭრა, რომ არბიტრი დაესაჯა. ძლივს მოვახერხეთ მსაჯის დამალვა სტადიონის მიწისქვეშა ოთახში და მაშინ გულშემატკივრების რისხვა წესრიგის დამცველებს დაატყდა თავს. ქვებს ესროდნენ სამთავრობო ტრიბუნასაც, სადაც მე ვიდექი. ორჯერ მივმართე მაყურებელს მეგაფონით, შევპირდი, რომ ყველაფერს გავარკვევდით, მაგრამ ამაოდ. არავითარი არგუმენტი აღარ ჭრიდა. საჭირო იყო შოკისმომგვრელი მოქმედება. იძულებული გავხდი, ტრიბუნიდან პირდაპირ ხალხში გავსულიყავი (ეს უფრო გადახტომა იყო), ამას ნამდვილად არავინ ელოდა. რამდენიმე თანამშრომელი გამომყვა. ჩემთვის მოულოდნელად მაყურებელმა გზა მომცა და პირდაპირ მინდორზე გავედი. მთელი მოედანი ახალგაზრდებით იყო სავსე.

- ბიჭებო, - მივმართე მათ, - ხომ ხედავთ, თქვენთან ვარ, მსაჯებს კი ჩვენ მოვუვლით, - ეს ვთქვი და გასასვლელისაკენ გავემართე. ჩემთვის მოულოდნელად ეს უზარმაზარი მასა მე გამომყვა. გაგანია ზაფხული იყო და დიდი სიცხე იდგა, თან „გამცილებელთა“ ცხელი სუნთქვა მდევდა, სული მეხუთებოდა. ჩემი ტანსაცმელი ოფლით ისე გაიჟღინთა, რომ იტყვიან, გასაწური იყო. ნახევარი კილომეტრი ვიარე სტადიონიდან, მეტი აღარ შემეძლო, სუნთქვა მიჭირდა და გარშემომყოფთ მივმართე: „გამიგეთ, უბრალოდ ცუდად ვარ, სადაცაა წავიქცევი“ ... ეტყობა, ადამიანის ფერი აღარ მედო. ახალგაზრდებმა წრე გააკეთეს და ამოსუნთქვის საშუალება მომცეს. შემდეგ თანდათანობით დამშვიდდნენ და ნელ-ნელა დაიშალნენ კიდეც.

გადაჭარბების გარეშე უნდა ვთქვა - იმ დღეს სტადიონზე დიდი სისხლის ღვრა ავიცილეთ თავიდან, რადგან ვიცოდი, რომ „საქმეში ჩასარევად“ უკვე ემზადებოდნენ. მადლობა ღმერთს, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. ასეთი სასწაულები მხოლოდ განგების ძალით ხდება.

***

როცა ბრეჟნევს საზღვარგარეთ მივლინებაში მივყვებოდი, ჩემი ტანჯვაც მაშინ იწყებოდა. მისი თვითმფრინავით მივფრინავდით ხოლმე. დამიბარებდა თავის სალონში, ცოტას გავისაუბრებდით, შემდეგ დაცვის ბიჭებს შემოიყვანდა და უბრძანებდა - აბა, გააბოლეთო. ბიჭებიც აბოლებდნენ. დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე ისინიც გაგუდულნი იყვნენ და მეც. დიდი იყო ბრეჟნევის ლტოლვა სიგარეტისადმი, თუნდაც სხვისი გამონაბოლქვი თამბაქოს ბოლის სახით. სწყენდა, მაგრამ თავს ვეღარ ებრძოდა.

*** 

ჩერნენკოსთან არის დაკავშირებული სტალინის ქალიშვილის, სვეტლანა ალილუევას თბილისში დამკვიდრების მცდელობა.

ერთხელ პოლიტბიუროს დახურულ სხდომაზე, მისი გენერალური მდივნობის დროს, ჩერნენკომ თქვა: „სვეტლანა ჰაერშია გამოკიდებული, მოსკოვში ცხოვრება არ სურს და მინდა შევარდნაძეს ვთხოვო, თუ ალილუევა დათანხმდება, იქნებ საქართველოში შეუქმნას პირობები“...

სვეტლანა ცენტრალურ კომიტეტში დაიბარეს, შესთავაზეს თბილისში გადმოსვლა. ისიც დათანხმდა.

არ იყო იოლი დავალება. ბინას, სამსახურსა და მანქანას კიდევ მოევლებოდა; მთავარი მაინც სხვა იყო; სვეტლანა ალილუევა მეტად რთული პიროვნება გახლდათ. თუმცა სტალინის შვილს მოსკოვის შემდეგ, რა თქმა უნდა, თბილისში უნდა ეცხოვრა და მეც დავთანხმდი.

თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, ახალ სახლში, სამოთახიანი ბინა გავურემონტეთ და ავეჯით გავუწყვეთ. სვეტლანა, თავის ქალიშვილთან, ოლგასთან ერთად ჩამოვიდა. ერთი-ორჯერ შევხვდი, ვუთხარი, პირველ ხანებში გაგიჭირდებათ, მაგრამ აქ თბილი ხალხია, მამათქვენს დიდ პატივს  სცემენ და მალე მიეჩვევით-მეთქი აქაურობას.

ყველანაირად ხელს ვუწყობდით. ოლგა ქართულ სკოლაში შევიყვანეთ (მათივე თხოვნით) და ცალკე, ქართულის მასწავლებელიც მივუჩინეთ, ოჯახს მანქანა მივეცით. შემოიარეს საქართველო. ყველგან სიყვარულით ხვდებოდნენ. ოლგა მიეჩვია ბავშვებს, მეგობრებიც გაიჩინა, მაგრამ სვეტლანა ვერ შეეგუა აქაურობას, ქართველებიც და საქართველოც, ისევე როგორც მამამისი, მისთვის უცხო იყო.

წასვლამდე რამდენჯერმე შევხვდი, არ მინდოდა წასულიყო, ყველაფერს გაგიკეთებთ-მეთქი. არა, ვერ შევეგუე აქაურობას, ოლგამაც ვერ ისწავლა ქართული, უნდა წავიდეო.

თბილისიდან სვეტლანა ჯერ მოსკოვში დაბრუნდა, შემდეგ, თუ არ ვცდები, ლონდონში გადავიდა, იქიდან - ამერიკაში, მერე ისევ - ლონდონში.

*** 

ახლა რომ ვკითხულობ ამ ჩანაწერებს, ვხედავ, ეს თხრობა კომუნისტურ საქართველოში ჩემს მოღვაწეობაზე სრული არ იქნება, თუ ერთ ამბავს არ გავიხსენებ. მხედველობაში მაქვს თენგიზ აბულაძის ფილმის „მონანიების“ გადაღება. სწორედ საქართველოში გახდა შესაძლებელი კინემატოგრაფის მიერ შეფასებულიყო საბჭოთა ავტორიტარული რეჟიმი და მონანიებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგმულიყო. ამ ნაბიჯის გადადგმაში მეც ვმონაწილეობდი და მეც მოვინანიე ღვთისა და ერის წინაშე, თუნდაც იმით, რომ ასეთი ფილმის გადაღებას შევუწყვე ხელი. ამ ფილმმა მსოფლიო შემოიარა და ბევრი პრიზიც მოიპოვა.

ერთხელ მირეკავს კინორეჟისორი თენგიზ აბულაძე და მეუბნება, მოსვლა მინდაო. დრო დავუნისნე - დღის ბოლო. მისთვის ჩემი კარი ყოველთვის ღია იყო, თათბირიც რომ ყოფილიყო, გამოვიდოდი და შევხვდებოდი.

თენგიზი დანიშნულ დროს მოვიდა და მაგიდაზე ნაბეჭდი ქაღალდების დასტა დამიდო: ეს არის ჩემი ახალი ფილმის სცენარი. ძალიან მინდა, რომ წაიკითხოთ. უფრო პრაგმატულად შეხედავთ ყველაფერს, ძალიან რთული ფილმი იქნებაო. „მონანიების“ სცენარი იყო.

დავთანხმდი, თუმცა ვუთხარი: ამაღამ ვერ წავიკითხავ. ხვალ დილით მე და ჩემი მეუღლე მოსკოვში უნდა გავფრინდეთ და საღამოს, მოსკოვში გავეცნობი სცენარს-მეთქი.

მართლაც, მოსკოვში ჩემი საქმეები მოვითავე, დღის ბოლოს სახლში დავბრუნდი და კითხვას შევუდექი. ვკითხულობ, ვკითხულობ და სული მეხუთება. წარმოვიდგინე, რა იქნებოდა ეს ეკრანზე და რა შთაბეჭდილებას მოახდენდა იგი ჩვეულებრივ ადამიანზე, რა განცდებთან გვექნებოდა საქმე. ნანულიმ შემატყო, რომ შიგადაშიგ სული ყელში მებჯინებოდა და მკითხა - „ასე რამ აგაღელვა?“ სცენარი მივეცი. წაიკითხა და ისიც ჩემს დღეში ჩავარდა. როგორც ზემოთ ვთქვი, თავის თავზე ჰქონდა ბევრი რამ გადატანილი. ყველაფერი გაახსენდა და ქვითინი აუვარდა.

თბილისში რომ დავბრუნდი, ბატონი თენგიზი ერთი-ორი დღის შემდეგ შემეხმიანა. თვითონ არ დავურეკე, რადგან ჯერ კიდევ ვფიქრობდი, რა მომავალი ექნებოდა ამ ფილმს, ნახავდა თუ არა მზის სინათლეს, როცა გაკეთდებოდა? თანაც არ მინდოდა, ცუდ ხასიათზე დამეყენებინა თენგიზი, იმიტომ, რომ სიმართლე უნდა მეთქვა. თვითონ დამირეკა - არ მინდა ზედმეტად სეგაწუხოთ და როდესაც გეცლებათ, დღეს, ხვალ, ზეგ, იქნებ ერთმანეთს შევხვდეთო.

შეხვედრა მეორე დღისთვის დავუნიშნე. მანამდე კიდევ გადავათვალიერე სცენარი, ცალკეული ადგილი უკვე თითქმის ზეპირად ვიცოდი. შეხვედრისას ვუთხარი: „ორი დიდი პრობლემა იქნება. პირველი ის, რომ ამ სცენარს მოსკოვში კინოკომიტეტი არ მიიღებს, ე.ი. დაფინანსების საკითხი; და მეორე - ვთქვათ, დავარწმუნეთ და გადაიღე კიდეც - ეს ფილმი რამდენიმე წელი მზის სინათლეს მაინც ვერ ნახავს, თაროზე უნდა იდოს. ამისთვის ხარ განწირული, ამ აზრს უნდა შეეგუო, მაგრამ ეს ფილმი რომ არ გადაიღო, დამნაშავე იქნები საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე, და არა მარტო ქართველი ხალხის წინაშე“.

შეწუხდა.

- აბა რა გამოსავალია, რა გავაკეთო? - მკითხა.

ვუთხარი:

- კიდევ შევხვდეთ ხვალ-ზეგ, ვიცი, რა გზებიც არსებობს, მთავარია ფილმი გადავიღოთ. მერე ვნახოთ, რა როგორ იქნება...

კინოსტუდიის დირექტორის, რეზო ჩხეიძის აზრით, გამოსავალი ერთადერთი იყო - „მონანიების“ სატელევიზიო ფილმად გადაღების დაწყება. საქართველოს ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ ფოფხაძე გვერდით დაუდგა ამ საქმეს და აქტიურად ჩაერთო, მაგრამ საკითხი მაინც მოსკოვში უნდა გადაწყვეტილიყო. საკავშირო ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარე სერგეი ლაპინი დიდ პატივს მცემდა. იგი განათლებული კაცი იყო, თითქმის ყველა ჩვენს მოსაზრებას ეთანხმებოდა და ქართულ კინოსაც კარგად აფინანსებდა. თუ არ ვცდები, 600 ათასი მანეთი ვთხოვეთ გადაღების დასაწყებად. ამ კაცმა თანხა ისე გამოგვიყო, რომ სცენარი არც მოუთხოვია. ნუგზარ ფოფხაძეს უთხრა, ხომ იცით, როგორ ვენდობი შევარდნაძეს, თქვენც გენდობით და ამიტომ ყველაფერში ხელს შეგიწყობთო.

ამის შემდეგ დავუძახე თენგიზს და ვუთხარი: „ასეთი გამოსავალია - თუ შენთვის შეურაცხმყოფელი არ იქნება, დავიწყოთ როგორც ტელეფილმი და მერე შევეცდები ავუხსნა მოსკოვში ვისაც ეს ეხება, რა მნიშვნელობის ფილმი შეიძლება გამოვიდეს“. დამეთანხმა: „ვხვდები ყველაფერს და საერთოდ, ველოდი, რომ უარს მეტყოდით“. მაშინ კიდევ გავუმეორე: „თენგიზ, იმ აზრს უნდა შეეგუო, რომ დაახლოებით ოთხი წელი ეს ფილმი დღის სინათლეს ვერ ნახავს“.

დაიწყო მუშაობა. ფინანსები საქართველოს ტელერადიოკომიტეტის ბიუჯეტში იჯდა, მაგრამ კინოსტუდიის ბაზაზე იღებდნენ. სწორედ ეს იყო გონივრული გადაწყვეტილება.

როგორც უკვე ვახსენე, მოსკოვში ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ცენტრალური კომიტეტის კულტურის განყოფილების გამგესთან, შაუროსთან, ძალიან კარგი პიროვნება იყო, აბსოლუტურად მენდობოდა ყველაფერში. მას ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული საქართველოსთვის. მოსკოვში ყოფნისას შევხვდი და ვუტხარი, ისეთი უნიკალური სცენარია, რომ შეიძლება ეპოქალური ფილმი გამოვიდეს-მეთქი. ისიც ვუთხარი: „თუ გნებავ, გამოგიგზავნით სცენარს, მაგრამ რუსულად არ გვითარგმნია. მერწმუნეთ, ცოდვაა ტელეფილმად მისი გადაღება . ჯერჯერობით ჩვენ ის მოვახერხეთ, რომ ტელერადიოკომიტეტისაგან ფინანსდება და უნდა დამეხმაროთ, რომ კინოკომიტეტში სცენარის წაკითხვის გარეშე მოგვცენ ფილმის გადაღების უფლება და დაგვიფინანსონ“.

- რა არის ამისთანა ამ სცენარში? - მკითხა.

ვუპასუხე:

- როდესაც დამთავრდება, მერე დარწმუნდებით, რომ საშვილიშვილო საქმე გავაკეთეთ.

მაშინვე, ჩემი თანდასწრებით, დაურეკა კინოკომიტეტის ხელმძღვანელს და უთხრა: „ჩემთან ედუარდ შევარდნაძეა, თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება მისდამი, როგორ ვენდობი. გადაღება უკვე დაწყებულია აქვთ, ტელეფილმად აკეთებენ, მაგრამ მე არ მინდა ეს ტელეფილმი იყოს, ჯობია, კინოფილმად გადავიღოთ“.

მგონი მხოლოდ ერთხელ გამოიძახეს თენგიზი რაღაც გასაუბრებაზე. მერე, მეორე წელს, ჩვენი ფილმი ჩაჯდა კინოსტუდიის გეგმაში - ეს უკვე ძალიან სერიოზული ამბავი იყო.

დაიწყეს გადაღება. ერთხელ დამირეკა თენგიზმა და მითხრა, თუ გნებავთ, გადაღებული მასალა ნახეთო. ვუთხარი, იქნებ დაამთავრო და როცა გასინჯვა იქნება, აუცილებლად მოვალ კინოსტუდიაში და საბოლოოდ გეტყვით ჩემს აზრს-მეთქი.

ბატონმა რეზო ჩხეიძემ და ბატონმა თენგიზმა გასინჯვაზე მართლად დამპატიჟეს. დღეც დაინიშნა. მასალის გადაღების პროცესში მე არ ვერეოდი, არ იყო ჩემი საქმე, დამთავრებულის სანახავად მიწვევა კი სიამოვნებით და მღელვარებით მივიღე.

ფილმი ვნახე. სიმართლე გითხრათ, შინ რომ დავბრუნდი, აღელვებული ვიყავი. ფილმმა ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. ადამიანი უცნაურსაც და არაჩვეულებრივსაც ადვილად ეჩვევი, მაგრამ ის პირველი შთაბეჭდილება წარუშლელი იყო.

რაღაც პატარა შენიშვნები თვითონ კინემატოგრაფისტებმა მისცეს, მაგრამ სრულიად უმნიშვნელო. შევატყვე, ყველა მე მიყურებს.

- თქვენთვის მისაღებია? თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას ამ ფილმზე? - თვალებით ყველა ამას მეკითხებოდა.

არ მითქვამს, წლების განმავლობაში ვიცოდი, თენგიზი რომ ამ ფილმს იღებდა-მეთქი. ისიც საიდუმლოდ ინახავდა ამ ფაქტს.

მოკლედ, გადაღება დამთავრდა. ფილმი მზად არის ეკრანზე გასასვლელად, მე კი ამ დროს მოსკოვში გადამიყვანეს საგარეო საქმეთა მინისტრად.

ეტყობა, თბილისში ცოტა იჩქარეს. ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა. როგორც ჩანს, საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის უჩუმრად ფილმი საზოგადოებას აჩვენეს. ერთი ალიაქოთი ატყდა. რამდენიმე კაცი მოხსნეს სამსახურიდან, რამდენიმეც, მგონი, პარტიიდან გარიცხეს.

რეაქცია ფილმზე ძალზე მწვავე იყო. ზუსტად არ ვიცი, რამდენი პროცენტი იქნებოდა საქართველოში ბოლშევიკურად მოაზროვნე ადამიანებისა, იმ ხალხისა, რომლებიც იტყოდნენ, რომ ეს არის ცილისწამება და ა.შ., მაგრამ შედეგი ის იყო, რომ ფილმი თაროზე დაახლოებით ორი-სამი წელი დაიდო. მოსკოვში ჩასვლისთანავე მე ვერ მივიდოდი გორბაჩოვთან და ვერ ვეტყოდი, საქართველოში ასეთი ფილმი გვაქვს-მეთქი, მიმაჩნდა, რომ მომწიფდებოდა დრო, როცა ამ თემაზე ლაპარაკს დავიწყებდი.

„პერესტროიკა“ უკვე დაწყებულია, მინდა დემოკრატიზაციის პროცესი ცოტა უფრო გაღრმავდეს და მერე უფრო იოლი გადასაწყვეტი იქნება ეს საკითხი. უფრო იოლი სათქმელადაც, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ფილმი ერთ-ერთი არგუმენტი უნდა ყოფილიყო იმ პროცესების მხარდასაჭერად, იმხანად საბჭოთა კავშირში რომ მიმდინარეობდა.

მერე ისე მოხდა, რომ საქართველოს კომპარტიის მაშინდელი ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი მივიდა გორბაჩოვთან და უთხრა, ასეთი და ასეთი ფილმი არსებობს და უხერხულ მდგომარეობაში ვარ. ორი თუ სამი წელია თაროზე დევს, როგორც სპეციალისტები ამბობენ, კარგი ფილმიაო და მისი ეკრანზე გაშვებაში დახმარება სთხოვა. ვნახავო, უთქვამს გორბაჩოვს. მართლად, გორბაჩოვმა და მისმა მეუღლემ, რაისა მაქსიმოვნამ, ფილმი იმ ღამესვე ნახეს.

მეორე დღეს გორბაჩოვმა დამირეკა:

- რატომ არ მითხარი, ასეთი ფილმი თუ იყო საქართველოში? (სხვათა შორის, გორბაჩოვი ქართული კინოს შესანიშნავი მცოდნე იყო).

- არ გითხარით, რადგან შესაფერის დროს ველოდი, ახლა კი, მგონი, დადგა დრო, როდესაც ამ ფილმის გაშვებაზე უნდა ვიფიქროთ. მგონი, დადგა დრო, როდესაც ამ ფილმის გაშვებაზე უნდა ვიფიქროთ. მისი თაროზე დატოვების ყოველი დღე დანაშაულია. ხალხმა უნდა ნახოს იგი. ფილმს ტირაჟირება სჭირდება, კიდევ ათასი რამ არის გასაკეთებელი.

- მე და რაისა მაქსიმოვნას (აქვე უნდა შევნიშნო, რომ თავისი მეუღლის ნათქვამისა ჩემს ნათქვამზე ნაკლებად არ სჯეროდა) ფილმი განსაკუთრებით მოგვეწონა. ალბათ, უნდა გავუშვათ, მაგრამ მინდა პირადად გთხოვო, მიხვიდე ლიგაჩოვთან და მას მოელაპარაკო, - მითხრა გორბაჩოვმა.

მივედი ლიგაჩოვთან:

- ძალიან უცნაურ საკითხზე მოვედი. მე საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ და ფილმებისთვის არ მცალია, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს საქმე ჩემი მონაწილეობიტ არის დაწყებული და მიმაჩნია, რომ ხელოვნების დიდ ნიმუშზეა ლაპარაკი, ნამდვილ შედევრზე, თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას - იდეოლოგიურად ძალიან ბევრი შემოგვედავება, რომ კომუნიზმსა და სოციალიზმს არ ამშვენებს ის, რაც იქ არის ნაჩვენები.

- რა გნებავთ? - მკითხა, - გინდათ, რომ ფილმი ვნახო?

- დიახ, მინდა.

- კარგი, ამაღამმე და ჩემი მეუღლე ვნახავთ ფილმს...

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მან ყველაფერი უკვე იცოდა, თუმცაღა, ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.

ფილმმა მათზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. რა თქმა უნდა, ლიგაჩოვს ჰქონდა თავისი იდეოლოგიური შეხედულებები, მაგრამ მანაც ვერ გაუძლო. მერე გავიგე, მისი მეუღლის ოჯახიც რეპრესირებული ყოფილა - მის ცოლს 1937 წელს მამა დაუპატიმრეს და დახვრიტეს. თურმე, ფილმის ნახვისას უტირია. მეორე დღეს დამირეკა ლიგაჩოვმა და მითხრა, თუ გორბაჩოვი წინააღმდეგი არ არის, გავუშვათო.

ამავე აზრისა იყო ფილმის დიდი ქომაგი, ალექსანდრ იაკოვლევიც - „პერესტროიკის“ ერთ-ერთი ლიდერი და იდეოლოგი.

დავურეკე გორბაჩოვს. ფილმი ტირაჟირებისთვის ჩამოიტანეს მოსკოვში და დაიწყო ჩვენება.

ატყდა ერთი აურზაური პრესაში. რა თქმა უნდა, ის თაობა, ის ადამიანები, რომლებიც „პერესტროიკის“ მხარეზე ვიყავით, რომლებიც დემოკრატიზაციის გზით მივდიოდით და რომელთაც ახალი ქვეყნის აშენება გვინდოდა, ფილმს მივესალმებოდით, მაგრამ პრესაში გამოჩნდა ისეთი წერილებიც, რომლებიც არ წაიკითხებოდა - „იდეოლოგიურად საშიში ფილმი“ - ასეთი იყო მათი შეფასება.

გორბაჩოვმა მითხრა: „ამ ამბავს აუცილებლად უნდა მივადევნოთ თვალყური, ჩვენ ზომები მაინც უნდა მივიღოთ“.

მართლაც, მოვძებნეთ რამდენიმე თანამოაზრე ჟურნალისტი და მათ გამორჩეულად კარგი სტატიები მოამზადეს „მონანიებაზე“.

ამის შემდეგ უკვე მე ვიზრუნე, რომ ფილმი კანის ფესტივალზე მოხვედრილიყო. კინოკომიტეტის თავმჯდომარეს ვუთხარი, რომ თუ ფილმი კანის ფესტივალზე არ მოხვდებოდა, დანაშაული იქნებოდა. კინოკომიტეტშიც ამ აზრისა იყვნენ. სხვა უკეთესი არც ჰქონდათ - რა უნდა წაეღოთ?! ამავე დროს ამ ფილმს იდეოლოგიურადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. იგი საბჭოთა კავშირში მიმდინარე პროცესების სრულ ილუსტრირებას ახდენდა, ადასტურებდა, რომ კინო, კინოხელოვნება თავისუფალია. ასეთი ფილმი საბჭოთა კავშირში რომ გადაიღს, ეს თვითონ „პერესტროიკის“ სასარგებლოდ მუშაობდა, ჩვენი პოლიტიკის სასარგებლოდ.

პოლიტბიუროს წევრებს ფილმი წინასწარ უჩვენეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდა ერთსულოვნად, რომ „მონანიება“ კანის ფესტივალზე წარდგენილიყო.

მერე იყო ტრიუმფი - მსოფლიო მასშტაბით ფილმის საყოველთაო აღიარება და საბჭოთა შეცდომების გამო შეძრწუნება.

მე, როგორც პიროვნებას, და გნებავთ, როგორც მოქალაქეს, მართლა მჯერა, რომ ამ „მონანიების“ გარეშე ცხოვრების გაგრძელება ჩვენს საზოგადოებას, და პირადად მეც, გაგვიჭირდებოდა.

სხვათა შორის, მოგვიანებით, უკვე თავისუფალ საქართველოში, ბატონ თენგიზს სურდა ახალი ჩანაფიქრი განეხორციელებინა - გადაეღო „მონანიება - 2“. მანამდე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამგვარი ფილმის გადაღება ვინმეს აზრად მოუვიდოდა. „დამოუკიდებელი“ ქვეყნის რეალობა ხელოვანისთვის არანაკლებ შემზარავი აღმოჩნდა, ვიდრე „ტოტალიტარიზმის კოშმარი“. ფილმის გადაღება მან ვეღარ მოახერხა. ვერ მოასწრო - ამ ქვეყნიდან უდროოდ წავიდა. ღმერთმა გაანათლოს მისი სული.

***

მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვიყავი. ათეისტი. ათეისტი იყო მამაჩემიც. დედა მორწმუნე გახლდათ, ჩუმად ლოცულობდა ხოლმე.

***

მთავარი შეხვედრა, 27 სექტემბერს, ამერიკის პრეზიდენტთან, რონალდ რეიგანთან შედგა. მან ჩემს პატივსაცემად საუზმე გამართა, რომელსაც ამერიკის მხრიდან ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი (და შემდგომში პრეზიდენტი) ჯორჯ ბუში (მამა) და სახელმწიფო მდივანი ჯორჯ შულცი.

მაშინ და შემდეგაც რეიგანთან შეხვედრები ერთი სცენარით მიმდინარეობდა - თავის „შპარგალკას“ რომ ჩაიკითხავდა, მე ვპასუხობდი, მერე შულცი იტყოდა თავისას. ამის მერე ლანჩზე ჩავდიოდით, სადაც ყველანი რეიგანს, ანეკდოტების შესანიშნავ მთხრობელს, ვუსმენდით. საოცრად ბევრი ახსოვდა. დობრინინმა, ამერიკაში ჩვენმა ელჩმა, მითხრა - იქნებ თქვენც უამბოთ რამეო. რეიგანის ფონზე რაიმე ანეკდოტის მოყოლა უხერხულიც კი იყო, მაგრამ დობრინინი ჩამაცივდა - რაღაც ისეთი გეცოდინებათ, რაც მან არ იცისო.

მაშინ ის პოლიტიკური ანეკდოტი გამახსენდა, მარგარეტ ტეთჩერი ღმერთს იქით რომ შეედავა:

„ღმერთმა დაიბარა რეიგანი, გორბაჩოვი და ტეთჩერი ანგარიშის ჩასაბარებლად. რეიგანს ჰკითხა:

- როგორ არის საქმე?

- კარგად, ხუთი-ექვსი მილიონი სამუშაო ადგილი შევქმენი, - უპასუხა რეიგანმა.

მერე გორბაჩოვს ჰკითხა ღმერთმა?:

- შენთან როგორ არის საქმე?

გორბაჩოვი:

- „პერესტროიკის“ საქმე კარგად მიდის, დემოკრატია ვითარდება.

ბოლოს ტეთჩერს მიუბრუნდა:

- შენი საქმეები როგორ არის, შვილო ჩემო?

ტეთჩერი:

- კარგად, მაგრამ მთავარი ეს სულაც არ არის: ჯერ ერთი, მე შენი შვილი არა ვარ და მეორეც - შენ ჩემს ადგილზე ზიხარ“.

დიდი არაფერი, მაგრამ, ეტყობა, რეიგანმა არ იცოდა. ბევრი იცინა, ათჯერ მაინც მომაყოლა.

რეიგანთან ურთიერთობა ნამდვილად არ იყო იოლი. არ დამავიწყდება მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის სიტყვები, რომელიც მისგან მოვისმინე ვაშინგტონში რეიგანთან პირველი შეხვედრის წინ: „საქმის გაკეთება თუ გინდათ, რეიგანთან გამონახეთ საერთო ენა, იგი ნამდვილი მემარჯვენეა -  მასზე მარჯვნივ მხოლოდ ნაძირლებიღა არიან“.

***

ავღანეთი უძირო ჭა იყო, ადამიანური და ფინანსური რესურსების უძირო ჭა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პოლიტიკური, ჰუმანური და სამხედრო ასპექტით, ჩვენს ქვეყანას აღარ შეეძლო ამ ტვირთის ზიდვა.

საშინელებაა, როდესაც დარწმუნებული ხარ, რომ სიმართლე მხოლოდ შენს მხარესაა და ვინც სხვაგვარად ფიქრობს, მზად ხარ, გაანადგურო.

*** 

მახსენდება ჩემი ვიზიტი ირანში აიათოლა ჰომეინისთან, 1989 წელს. ... თოვდა. ჰომეინი შემაღლებულზე ცხოვრობდა. შესვლისას, როგორც მეჩეთში, ფეხსაცმელი უნდა გამეხადა. გავიხადეთ. წინდებით შევედით. თავისთავად ეს უკვე ქმნიდა უხერხულობას. გაცვია დიპლომატიური პროტოკოლის ყველა მოთხოვნით და უფეხსაცმლოდ ხარ, თანაც, როგორც სალოცავში, შენთვის განმარტოებულად კი არ უნდა იყო, არამედ ილაპარაკო და მოსაუბრე შენს მხარეზე გადმოიყვანო, დაარწმუნო.

თავიდანვე გამაფრთხილეს, თქვენ ერთადერთი უცხოელი ბრძანდებით, ვისაც იმამი ხვდება ირანის რევოლუციის შემდეგ. მისი დრო ძალიან შეზღუდულია და თხუთმეტ-ოც წუთში უნდა ჩაეტიოთო.

დავსხედით და ჩუმად დავიწყეთ ლოდინი. ოთახს მოვავლე თვალი - ჰომეინის ხაზგასმით ასკეტურ საცხოვრისს. ეტყობოდა, აქ უმთავრესი ცხოვრების არსის წვდომა იყო; იმამს ხელი არაფერში უნდა შეშლოდა. ყველაფერი სადა იყო - იატაკზე თეთრი, მონაცრისფრო ხალიჩა დაეფინათ. მოკლედ მხოლოდ ის იყო, რაც აუცილებელია. ოთახში ჩემთან და თარჯიმანთან ერთად მასპინძლებიც იყვნენ - ისინი მდუმარე მოწიწებით ელოდნენ იმამის შემოსვლას.

ფიქრი ისტორიისკენ გამექცა. რამდენი ქართველი მჯდარა ასე სპარსეთის შაჰის მისაღებში. მართალია, ახლა მე სხვა ქვეყანას წარმოვადგენ, მაგრამ მაინც... მოლოდინის უხერხულობის განცდა დამეუფლა; ისიც გამახსენდა, რომ ამავე დიდი ქვეყნის ქართველი ხელმძღვანელი, არცთუ დიდი ხნის წინ, თავის კოლეგებთან ერთად, თეირანში იჯდა და მსოფლიო გავლენის სფეროებს ანაწილებდა... მაშინ ირანის ბედი დიდწილად სწორედ ამ ქართველზე იყო დამოკიდებული.

თოვლი აქ ხშირად არ იცის, მაგრამ როდესაც მოდის, მაგარი ყინვებია. წინდებისამარა ვიყავით და გავითოშეთ. დაახლოებით თხუთმეტი წუთი გვალოდინა, მერე გავიგე, ასე ყოფილა მიღებული, ირანელ ხელისუფლებთან შეხვედრა 10-15 წუთით გვიან იწყებოდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ მანიშნეს - მოდისო. ჯერ შვილი გამობრძანდა. მანაც თავაზიანად გამაფრთხილა, მობრძანდებაო. ერთი ჩია მოხუცი შემოვიდა ოთახში, სიმპათიური, თეთრწვერა, იქ მიღებული წესით - შავი თავსარქმლითა და ნაცრისფერი ეროვნული ხალათით. ჩვენი სავარძლების გვერდით, ტახტის კუთხეზე ჩამოჯდა.

წარმადგინეს. ჩვენ გარშემო თითქოს არავინ ჩანდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ყოველი ჩემი ჟესტი, სიტყვა, სულ უმნიშვნელო გადახედვა თუ გადალაპარაკება განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო. ვერც ტელევიზია შევამჩნიე - არავინ ჩანდა.

ვილაიეთიმ წინასწარ გამაფრთილა, შეხვედრის სასურველად წარმართვის ერთადერთი შანსია, თუ მოუყვებიტ, რასაც გორბაჩოვი იმამს სწერს თავის წერილში, თხუთმეტი-ოცი წუთის ფარგლებშიო.

მივესალმე. ვუთხარი, თქვენი წერილის პასუხად (როგორც ვთქვი, ეს იყო ფილოსოფიური ხასიათის წერილი) გორბაჩოვმა წერილი გამოგიგზავნათ ასეთი და ასეთი შინაარსის-მეთქი. თხუთმეტი წუთი მისმინა. ხანდახან თავს დააქნევდა ხოლმე. მერე ერთხანს თითქოს ფიქრებში წავიდა და პასუხად მითხრა:

- „მე იმედგაცრუებული ვარ. გამიგია, რომ გორბაჩოვი მოაზროვნე კაცია. შემთხვევითი არ იყო, რომ მას წერილი გავუგზავნე, სადაც გააზრებულია ადამიანის როლი და ადგილი არა იმდენად მიწიერ, არამედ ზეციურ სამყაროში. მე არ მაინტერესებს, რა ხდება მიწაზე; მე, იქ, ზეცაში ვიყურები და ამაზე პასუხი ჯერ ვერ მივიღე. რაც შეეხება ურთიერთობის ნორმალიზებას, მე ამას ხელს შევუწყობ“, - ეს სიტყვები კმაყოფილებით წარმოთქვა.

ეს იყო და ეს. შემდეგ წამოდგა, დამემშვიდობა და ოთახიდან გავიდა.

ცოტა არ იყოს, ხასიათი გამიფუჭდა. გამოვედი, ჩავიცვი ფეხზე, მაგრამ რას ჩაიცვამ, გაყინულია. ჩავთვალე, რომ ვიზიტიც ვერ შედგა სასურველ დონეზე. ჩემებს ვუთხარი, დაგეგმილი შეხვედრები (რაფსანჯანისთან, ჰამენეისთან, ოფიციალური ვახშამი) იქნებ გავაუქმოთ მეთქი. ერთ რამეზე ვზრუნავდი, საგარეო საქმეთა მინისტრის თავმოყვარეობა არ მსურდა შელახულიყო.

ვილაიეთი ყველაფერს მიხვდა, მითხრა - დაგირეკავთო.

ირანს ნამდვილად არ აწყობდა საბჭოთა კავშირის განაწყენება. ჰომეინისთან ვიზიტის შემდეგ, საბჭოთა კავშირში ირანის ელჩი ხეირანი ნობარი დაუკავშირდა ჩემებს და სთხოვა, ჩემთან შეეთანხმებინათ იმამ ჰომეინისთან შეხვედრის გაშუქების ხასიათი:

- ირანის მხარეს განზრახული აქვს, პოზიტიურად შეაფასოს ეს საუბარი, რომელსაც იგი როგორც მეგობრულს, ისე აღიქვამს. ირანის მხარე აღნიშნავს საუბრის დადებით მომენტებს, ხაზი გაესმება ირანისა და საბჭოთა ხელმძღვანელობის სურვილს ურთიერთობის განვითარების შესახებ. როდესაც შევარდნაძემ იმამს მოუთხრო გორბაჩოვის წერილის შინაარსი, იმამმა მხარი დაუჭირა გაცხადებულ აზრებს. ინფორმაციაში, რომელსაც ამზადებს ირანის მხარე, იმამის ეს რეპლიკები სრულად იქნება ასახული. სამწუხაროდ, ექიმების მოთხოვნით, შეხვედრა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. იგი ისედაც უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ამას ექიმები ვარაუდობდნენ.

მე დავეთანხმე ირანის პოზიციას შეხვედრის ამგვარი გაშუქების შესახებ. და მართლაც - ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ ტელეფონში ვილაიეთის ხმა გაისმა: „იმამი საოცრად კმაყოფილია. თუ თარჯიმანი გყავთ, ტელევიზორი ჩართეთ!“

ჩავრთე და რას ვხედავ - ყველაფერი აკლებულია: „ეს არის ისტორიული შეხვედრა და ამით იწყება საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის ახალი ეტაპი! გაიმართა ერთსაათიანი საუბარი - ასეთი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა! თბილად მიესალმა, თბილად გამოეთხოვა... იმამმა დიდი შეფასება მისცა გორბაჩოვის წერილს!“ და წავიდა... ტელევიზია... რადიო... გაზეთები.. თითქოს იზოლაციაში იყვნენ და ახლა გაეხსნათ დასავლეთის კარი.

ორი დღე დავრჩი იქ.

საღამოს ვახშამზე ვილაიეთიმ კვლავ გამიმეორა - იმამი საოცრად კმაყოფილია შეხვედრით, ეს განსაკუთრებული შეხვედრა იყოო (რა თქმა უნდა, ვილაიეთი იმამის თანხმობის გარეშე ასეთ განცხადებას ვერ გააკეთებდა).

- მაგრამ მან მხოლოდ იროდე სიტყვა თქვა, ასე მგონია, ხეირიანად ვერ ვისაუბრეთ.

- თქვენ ვერ შეამჩნიეთ, მან სამჯერ დაგიქნიათ თავი. ეს იცით ჩვენთვის რას ნიშნავს?! უდიდესი პატივისცემა და ყურადღებაა, - მიპასუხა ვილაიეთიმ.

მოკლედ, ყველა ნიშანს, ყველა ჟესტს, კულტურის ყოველ კოდს შესაბამისი წაკითხვა და გაშიფვრა სჭირდება. თავისი შედეგებით ვიზიტი მართლაც ისტორიული გამოდგა. ირანში დღემდე ახსოვთ ეს ვიზიტი. უკვე მას შემდეგ, რაც მე საქართველოში დავბრუნდი, რაფსაჯანი თბილისში რომ ჩამოვიდა, მითხრა: „შენ ერთადერთი უცხოელი იყავი, რომელსაც ჰომეინი შეხვდა“.

დიდი კაცი იყო ჰომეინი. მან თავისი წერილით გაარღვია ის იზოლაცია, რომელშიც ირანი თვითონვე მოაქცია. პარადოქსია, მაგრამ სწორედ მაშინ, თუნდაც პიროვნულ ასპექტში, იქ საფუძველი ჩაეყარა საქართველო-ირანის ახალ ურთიერთობასაც - სხვაგვარ, თანაბარ ურთიერთობას. შემდეგ, წლების მერე, რაფსაჯანისთან, ხათემისთან და ირანის სხვა ლიდერებთან ჩემს, როგორც საქართველოს მეთაურის ურთიერთობას, სწორედ ჰომეინისთან ვიზიტი განსაზღვრავდა ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ზოგჯერ არ ემთხვეოდა (თუნდაც ნავთობსადენის საკითხებში), თითქოს ჰომეინის უსიტყვო თანხმობით საქართველოსა და ირანს შორის საოცრად პოზიტიური, განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა.

*** 

სხვათა შორის, სანამ ირანში ჩავიდოდი, ქალაქ ბასრაში სადამ ჰუსეინს შევხვდი - ერაყში ხომ თორმეტ ათასამდე საბჭოთა მოქალაქე მსახურობდა. სადამი ხაზგასმით ცდილობდა ჩემდამი პატივისცემა გამოეხატა. რაღა თქმა უნდა, საუბარში ერაყ-ირანის ომის უაზრობასაც შევეხე. აშკარად ვაგრძნობინე, რომ ეს მართლაც უაზრო ომი იყო და ადრე თუ გვიან ერაყისადმი საბჭოთა კავშირის დამოკიდებულებაზეც იმოქმედებდა.

ჩემმა მასპინძელმა ერთობ ჯიუტი კაცის შთაბეჭდილება დატოვა. აბა, მაშინ რას წარმოვიდგენდი, რა ჩანაფიქრი ჰქონდა სადამს ქუვეითთან დაკავშირებით.

***

ჩემ მიმართ, როგორც ქართველისადმი, სიძულვილი ზოგმა სამხედრომ და პოლიტიკოსმა ჩემს სამშობლოზე, საქართველოზე გადმოიტანა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩემზე ნადირობა ჩემს ქვეყანაზე ნადირობად იქცა.

როგორი იქნება „ახალი მსოფლიო წესრიგი“ ოცდამეერთე საუკუნეში? აი, ყველაზე მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხის გასაცემად ერთი რამ უნდა ითქვას ხაზგასმით: ოთხმოციან წლებში „ცივი ომის“, როგორც მსოფლიო წესრიგის საფუძვლის უარყოფის დროს, საბჭოთ კავშირმა უარი თქვა სამოცდაათწლიანი კომუნისტური მმართველობის შეხედულებებსა და დოგმებზე, მაგრამ შეძლებს კი დღევანდელი რუსეთი უარი თქვას იმ იმპერიულ შეხედულებებსა და დოგმებზე, რომლებიც რუსი ადამიანის შეგნებაში საუკუნეთა განმავლობაში ყალიბდებოდა მეზობელი ქვეყნების მიწებისა და მეზობელი ხალხების დაპყრობის საფუძველზე?

ბერლინის ბურგომისტრმა ბანკეტი მოაწყო, რომელზეც ჩემი მისამართით ბევრი კეთილი სიტყვა თქვა, ბოლოს კი ასე დაამთავრა: „განგებამ ისე ინება, რომ ერთმა ქართველმა, სტალინმა, გაყო გერმანია, მეორე ქართველმა, შევარდნაძემ გააერთიანა“. საპასუხოდ მადლობა ვუთხარი ამ სიტყვებისთვის, გადაჭარბებით შეაფასეთ-მეთქი ჩემი წვლილი და ხუმრობიტ დავამატე: „ისე, რომ იცოდეთ, ქართველების გარეშე დიდი პოლიტიკა არ კეთდება“.

*** 

9 აპრილის ტრაგედიამდე მე და გორბაჩოვი ორიოდე დღით კუბაში ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი და ფიდელის შეხედულებანი ერთმანეთს არ ემთხვეოდა, ჩაუშესკუსგან განსხვავებით, მაინც ვცდილობდით მასთან კარგი ურთიერთობა გვქონოდა. ფიდელი განათლებული, გონიერი კაცია, თავისი ხალხისთვის გმირი და მეზობლებშიც (სამხრეთ ამერიკა) დიდი პოპულარობით სარგებლობდა და სარგებლობს. ამაში მე კიდევ ერტხელ დავრწმუნდი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტების დროს (მექსიკა, ბრაზილია, ურუგვაი და სხვ.) ამიტომაც გაუჭირდათ ამერიკელებს ხელისუფლებისგან მისი მოცილება.

ვიზიტის ატმოსფერო მეგობრული იყო - კამათი, აზრთა ჭიდილი, მაგრამ არა შეურიგებელი. ფიდელს თითქმის ყოველ წელს ვხვდებოდი. გაერთიანებული ერების ასამბლეიდან, ნიუ-იორკიდან რომ ვბრუნდებოდი, ყოველთვის კუბაში ვჩერდებოდი. ბევრს, მაგრამ ჭკვიანურს ლაპარაკობდა.

***

ცენტრალიზებული სახელმწიფოს რღვევის თანამდევი მოვლენები ეროვნებათაშორისი კონფლიქტების ის ჯაჭვური რეაქციაა, რომელსაც სეპარატიზმი, მრავალრიცხოვანი მსხვერპლი, ლტოლვილები, კომპაქტურად დასახლებული ისტორიული ადგილებიდან მოსახლეობის განდევნა, ეთნოწმენდა და გენოციდი რომ მოჰყვება.

*** 

„Наступает диктатура... Никто не знает, какая это будет тиктатура и какой диктатор придет, какие будут порядки... Пусть моя отставка будет, если хотите, моим протестом против наступления диктатуры“

***

ისტორია არასოდეს აპატიებთ მათ, ვინც იგვიანებს.

რუსეთის პარლამენტში უკრაინისგან მოითხოვეს ყირიმის დაბრუნება, ოდესღაც ყირიმის სახანოსი - სწორედ იმ ყირიმისა, რომლის დაპყრობა რუსეთისათვის პეტრე პირველმა დაიწყო, სტალინმა გაწმინდა მკვიდრი მოსახლეობისგან, ნიკიტა ხრუშჩოვმა კი უკრაინას აჩუქა. რეალური გახდა ამ მწვავე საკითხის კაბინეტებში და რუკაზე წითელი ფანქრით გადაწყვეტის საშიშროება, „ჭრისა და კერვის პოლიტიკის“ რეციდივის გამეორებისა, ჩამოყალიბებული ისტორიული რეალობების, ადამიანის უფლებების, ერების, ეროვნული უმცირესობების სურვილთა გაუთვალისწინებლად.

რას უნდა ველოდეთ ლიდერებისაგან, რომლებიც უგულებელყოფენ კონსტიტუციას, თუნდაც ეს იყოს საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია?

***

ახლაც თვალწინ მიდგას საქართველოში დაბრუნების ის დღეები, უფრო ზუსტად - ხელახალი დაბადების, ჩემი განახლების დღეები და თვალწინ მიდგას თანამემამულეთა სახეები, მათი უპირობო მოთხოვნა: „უნდა დაგვეხმარო, ვალდებული ხარ!“. ამ ადამიანებმა, დახმარებას და დაცვას რომ მთხოვნენ, არც იცოდნენ, როგორ მჭირდებოდა თავად მე მათი მხარდაჭერა და დახმარება.

პოლიტიკურად პარალიზებული საზოგადოება, რომელიც დაყოფილია ამა თუ იმ ლიდერზე ორიენტაციის მიხედვით და დაავადებულია ყველას და ყველაფრის მიმართ პოლიტიკური უნდობლობით, დაუცველი და ადვილად დასანგრევი მყიფე საზოგადოებაა.

ერთმა ქალმა მითხრა: „ყველამ უნდა გაიგოს, რომ ომი არ ირჩევს და არ არჩევს მსხვერპლს - მის წინაშე ყველა თანასწორია, ჩვენ ისევე ვიტანჯებით, როგორც ქართველი დედები“. რამდენიმე საათის შემდეგ სოფელ თამარაშენში ქართველმა ქალებმა იგივე გამიმეორეს.

როცა ადამიანები ფრონტის ორივე მხარეს ასე დიდხანს ცხოვრობენ სიძულვილის ატმოსფეროში, რომელიც გააღვივა ახლობლების სიკვდილმა, ქონების დაკარგვამ, საინფორმაციო შეტევებმა, ექსრემიზმი, როგორც ექსტრემალურ პირობებში ცხოვრების შედეგი, მოიცავს ყველას. საკმარისია, რაიმემ გაიტკაცუნოს „იმ მხარეზე“, რომ მაშინვე გაისმის საპასუხო ქუხილი.

დიდი გულისტკივილით ვამბობ, რუსეთის გაფართოებისა და მიწათდაპყრობის მრავალსაუკუნოვანი პროცესი დღესაც, ოცდამეერთე საუკუნეშიც გრძელდება და თუ მსოფლიო, ევროპა და ამერიკა ახლაც წაუყრუებენ მის აგრესიულ ქმედებას, ქართული ტრაგედიიდან ის მსოფლიო ტრაგედიად გადაიქცევა.

***

რუსი მხედართმთავრები კავკასიაში ახორციელებდნენ „გადავუგული მიწის“ ტაქტიკას. ახალგაზრდა არტილერიის ოფიცერი გრაფი ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოი, შემდეგ არა მარტო რუსეთის, არამედ მსოფლიოს დიდი მწერალი და დიდი ჰუმანისტი, მონაწილეობდა ზოგიერთი აულის განადგურებაში და ამისთვის სარდლობის მადლობაც დაიმსახურა, თუმცა ამ ომის ასახვით მსოფლიოს შემდეგ ისეთი შედევრიც აჩუქა, როგორიცაა „ჰაჯი მურატი“.

***

1918 წლის 26 მაისს, დღის მეორე ნახევარში, მიღებულ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.

ნოე ჟორდანიამ განაცხადა:

„მოქალაქეებო! დღეს თქვენ აქ იყავით იშვიათი ისტორიული და მასთან ერთად, ტრაგიკული აქტის მოწმე. ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი, ახლა, ამ დარბაზში იქმნება სხვა სახელმწიფოს ფუნდამენტი. საქართველოს ახალი სახელმწიფო, რომელიც დღეს იქმნება, არ წავა რომელიმე ერის, ხალხის ან სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, მისი მიზანია გადაირჩინოს თავი თანამედროვე ისტორიულ ქარიშხალში“.

15 თბერვალს, კვლავ სტალინის დეპეშა ორჯონიკიძისადმი, უკვე ქართულად, რომ სხვამ, არაქართველმა არ გაიგოს: „ახლავე შეუტიე. დასტურია, აიღე ქალაქი“. (ქართველებმა იცოდნენ - საქართველოში „ქალაქს“ თბილისს ეძახდნენ). იმავე 15 თებერვალს, მოუთმენლობით სავსე მისივე მითითება: „სამ დღეში ველოდები ტფილისის აღების ამბავს“.

***

როდესაც 1993 წლის 20 თებერვალს სოხუმს სარაკეტო ბომბებით დარტყმა მიაყენეს, ჩვენი პროტესტის პასუხად რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ ეს იყო შურისგების აქტი სოხუმის მახლობლად, სოფელ ეშერაში განლაგებული #24-ე სამხედრო ლაბორატორიის საარტილერიო დაბომბვისთვის.

ეს ლაბორატორია, საიდუმლო სამხედრო ობიექტი, რომელიც მოწოდებულია დააფიქსიროს ბირთვული აფეთქებები, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გლობალური ბირთვული დაპირისპირების დროს ააშენეს, ახლა კი იგი ასრულებდა „ტროას ცხენის“ ორმაგ როლს: ფორმალურად ამართლებდა რუსეთის 901-ე სპეციალური სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის აქ ყოფნას და ამავე დროს სეპარატისტების პოზიციების ფარის როლსაც ასრულებდა, - სეპარატისტები კი აქვე, მახლობლად ახდენდნენ მძიმე ტექნიკის კონცენტრირებას და ცეცხლს უშენდნენ ქართულ პოზიციებსა და ქალაქის საცხოვრებელ კვარტალებს. ნებისმიერი სროლა მათი საცეცხლე წერტების ჩასახშობად 901-ე ბატალიონის შემთხვევითი „შეხების“ საშიშროებას შეიცავდა. მაშინ კი დაუცველი ქალაქის თავზე უმალ გამოჩნდებოდნენ რუსული მოიერიშეები...

იზრდება აგრესია, იზრდება ტყუილის მასშტაბები და მასში ჩართული ადამიანების რიცხვი.

როცა პრესას კითხულობ, უსმენ რადიო და ტელეგადაცემებს, ამჩნევ, როგორ ერთდებიან ერთ ნაკაგადად თითქოს ერთმანეთისგან შორს მყოფი პოლიტიკური მდინარეები, ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების შესახებ როგორ ერთნაირად აზროვნებენ და მსჯელობენ, ვთქვათ, ულტრამემარცხენეები და ლიბერალი მემარჯვენეები. ყველაფერი, რაც არ ეტევა იმპერიული აზროვნების სტერეოტიპებსა და მოდელებში, ანომალიად ცხადდება.

რუსეთის პოლიტიკაში საუკუნეთა განმავლობაში არაფერი შეცვლილა, ყველა და ყველაფერი შეიცვალა გარშემო, რუსეთის პოლიტიკის სტილი - დამყარებული სიტყვის გატეხაზე, ხელშეკრულების დარღვევასა და მზაკვრობაზე - იგივე რჩება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს სახეზე გაოცება ეხატათ, ასე მოულოდნელად და გასისხლიანებული რომ დავადექით თავზე. სასწრაფოდ მომბანეს ჭრილობები, იქვე მომაკითხა ჩემმა მეუღლემ. სხვებიც მოვიდნენ, ჩემი თანამებრძოლები და ხალხში პანიკა რომ არ ატეხილიყო, ასე დაკაწრულს, უმკლავო მაისურის ამარას ტელევიზია დამადგა თავს. სწორედ მაშინ იყო გულნატკენმა დანანებით და ირონიით რომ ვთქვი: „ამ უბედურებს ესეც კი არ შეუძლია“. მერე გავიგე, ჩემდა უნებურად დე გოლის მსგავსად რომ მითქვამს, რომელიც ასევე გადაურჩა ტერაქტს - „ამ ვაჟბატონებმა სროლაც კი არ იციან ხეირიანად“ (დაახლოებით ასე იყო ნათქვამი). უშუალო შემსრულებელი, ჩემდა გასაკვირად, აფხაზეთში თავდადებითა და შესანიშნავად ნაბრძოლი ერთი „მხედრიონელი“ იყო. ტერაქტში მონაწილეობისთვის იგი გაასამართლეს და ციხეში ჩასვეს, მაგრამ გარკვეული ხნის მერე შევიწყალე. 2003 წელს, ჩემი გადადგომის შემდეგ, სანახავადაც კი მოვიდა ჩემთან - ესეც ქართული ხასიათის ერთი შტრიხი.

რელიგიათა დროშებით ყოველთვის იქმნებოდა დიდი საკაცობრიობო ფასეულობანი, მაგრამ იმავე დროშებით ომებიც ჩაღდებოდა და ხალხებსაც ანადგურებდნენ. დღეს სხვა დროა და რწმენის განსხვავებულობა მრავალფეროვანი მსოფლიოს გადარჩენის საშუალებად უნდა იქცეს. რელიგიურ სიბნელეს ღმერთთან არავითარი კავშირი არ აქვს.

გამომცემლობა პალიტრა L, 2006წ.