Friday, October 31, 2014

ერიკ-ემანუელ შმიტი - პილატეს სახარება

სიკვდილმისჯილის აღსარება დაპატიმრების ღამეს

ისრაელი ზეთისხილის ხეთა, ქვა-ღორღის, ვარსკვლავებისა და მწყემსების მიწაა. მიწა, სადაც ინდის ხურმას სხვენში ჩალაზე დაწყობილს აშრობენ; მიწა, სადაც მხსნელის ნაღვლიან მოლოდინში ადამიანებს გულები უკაჟდებათ; მიწა ფორთხოლების, ლიმონებისა და იმედისა. ისრაელი ბაღია ჩემი - ბაღი, სადაც დავიბადე. და სადაც სულ მალე აღვესრულები.

ოცნებამ კი სინამდვილეში, აი, სადამდე მიმიყვანა - ბაღში დაზაფრული ველოდები აღსასრულს.

და საერთოდ აქვს კი ბედს დასაბამი და დასალიერი?

ვეღარ მპოულობენ. არც ერთს არ მოსვლია აზრად, ზემოთ ამოეხედა. იმდენად მიუწვდომელი აღმოვჩნდი, ცხადია, თამაშს გამოვეთიშე.

ვფიქრობ, რომ როგორც ყველა ბავშვი, მეც თავიდან თავს ღმერთად მივიჩნევდი. შვიდი წლის ასაკამდე სამყაროს წინაღობასთან შეხება არ მქონია. დარწმუნებული ვიყავი, რომ მეფე, ოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე, უძლეველი და უკვდავი ვიყავი... თავი ღმერთი ხომ მხოლოდ იმ ბავშვებს ჰგონიათ, სახლში ერთი გვარიანად არასოდეს რომ არ მიუტყეპიათ. მსგავსი მიდრეკილება, მერწმუნეთ, მხოლოდ მათთვისაა ნიშნეული. ზრდა სიცრუეში ჩაფლობას ნიშნავდა. ზრდა სხვა არაფერი იყო, თუ არა ვარდნა. მოზრდილი ადამიანის მდგომარეობას მხოლოდ ტკივილების, ჭრილობებისა და ძალადობის, დათმობებისა და იმედგაცურებების ხარჯზე ჩავწვდი. სამყარომ ჩემთვის დაკარგა ჯადოსნური ხიბლი. და რას ნიშნავს, იყო ადამიანი? ეს არც მეტი, არც ნაკლები, ის არსებაა, რომელსაც არ ძალუძს... რომელსაც უნარი არ გააჩნია, ყველაფერი იცოდეს და მოიმოქმედოს; არსება, რომელსაც ძალა არ შესწევს, არ მოკვდეს.

თითქმის ვნანობდი, ასეთი უცაბედი სიკვდილით რომ აღესრულა. მერჩივნა, აგონიაში ჩავარდნილიყო. მაშინ შევძლებდი, ბოლო ამოსუნთქვამდე მისთვის ყურში ჩემს სიყვარულზე მეჩურჩულა.

დედი, ნუთუ არ გესმის, რომ ჩვენ დასაკარგი დრო არა გვაქვს. უნდა მოვასწროთ და ადამიანებს ვუთხრათ, რომ გვიყვარს. ყველა მათგანი ხომ გარდაიცვლება, ასე არ არის?

მეტისმეტი სიყვარულიც არ ივარგებს, ჩემო პატარა იეშუა, შენ თვითონ დაიტანჯები ამ გრძნობისგან.

ყველა ეს დანაშაული ერთ სახელს ატარებდა - კანონი. და კანონს თავისი კანონშემოქმედი ჰყავდა - ღმერთი. მე ბრალს ვდებდი ღმერთს ადამიანთა ყველა სისულელესა და უგვანო ქმედებაში. მე ველტვოდი უფრო სამართლიან და მოსიყვარულე სამყაროს. მსურდა, მთელი დედამიწა ღმერთის წინააღმდეგ ამემხედრებინა და მისი უუნარობა და მცონარობა დამემტკიცებინა. სასამართლოს ტრიბუნიდან დილიდან საღამომდე არ ვცხრებოდი, ქადაგს არ ვიზარებდი.

ღმერთისგან მოველოდი, რომ საუკეთესო ხელოსანი იქნებოდა, უფრო მზრუნველი და ყურადღებიანი; დარწმუნებული ვიყავი, თანაბრად შეიწუხებდა თავს როგორც დეტალებზე, ასევე მთლიანობაზეც. დიახ, მე ვფიქრობდი ღმერთზე, რომელცი სამართლიანობასა და სიყვარულზე იზრუნებდა. სინამდვილეში კი რა ხდებოდა? გამოდის, რომ ღმერთი დანაპირებს ვერ ასრულებდა.

ვგრძნობდი, რომ ღმერთი შესაქმნელი იყო.

შემზიზღდა კანონებიც, აზროვნების უფლებას რომ მართმევდა. რელიგია თავისი სტრუქტურით, იერარქიული მოწყობით მხოლოდ მკვდარ ენაზე მეტყველებდა, სულიერება გაწირა უაზრო სიტყვების სანაცვლოდ.

ქალები ბევრად უფრო დამაჯერებლად და გულწრფელად საუბრობენ. მათი ბაგეები პირდაპირ გულთანაა მიბმული; სიტყვები, მათ ბაგეთ რომ სწყდება, პირდაპირ გულის სიღრმიდა იღვრება.

სიყვარულის ეიფორიით შეპყრობილებს და ერთ არსებად ქცეულებს საერთოდ დაგვავიწყდა, რომ არსებობს სიღარიბე და სიდუხჭირე. მივხვდი, რამდენად ღრმად ეგოისტურია ბედნიერება. ბედნიერება გაიძულებს, გამოცალკევდე და განერიდო სამყაროს, ჩაიკეტო დახურულ კარს მიღმა, ჩამოაფარო ფარდები, დაივიწყო სხვები, გადაულახავი გალავანი შემოარტყა საკუთარ ადგილსამყოფელს. სიყვარულით შეპყრობილი სამყაროს განსხვავებულად აღიქვამ, არა ისეთად, როგორიც სინამდვილეშია. იმ საღამოს ბედნიერება აუტანელი და გაუსაძლისი მეჩვენა.

ღმერთი ყველა ჩვენგანს ჯერ სიცოცხლეს ჩუქნის, მერე კი - სიკვდილს. დანარჩნი კი მხოლოდ ადამიანებსა და გარემოებებზეა დამოკიდებული.

მივხვდი, რომ სიყვარულის გადადება დაუშვებელია.

სიკვდილი ერთ რამეს გვასწავლის მხოლოდ: ვიჩქაროთ სიყვარული.

მხოლოდ კანონის არსის და არა სიტყვის დაცვა განწმენდს სულს.

James C. Christensen - Gethsemane, 1984
მშვენიერი ცისფერი ღამე. სასიამოვნო მდუმარება. ეს მოლოდინი მფიტავს და მანგრევს. სიცარიელე მიპყრობს. ცხადია, ვამჯობინებდი საუბარს, ბრძოლას, მოქმედებას... მე უმნიშვნელო ხმაურსაც კი ვარ ჩასაფრებული. თავს ხან აქეთ მივატრიალებ, ხან იქით, ხანაც მივაყურადებ. იარაღის ჟღარუნი არა და არ ისმის. იმედი გადამეწურა. არა, განა სიკვდილი მეჩქარება?! არამც და არამც! უბრალოდ მინდა, ამ გაუსაძლის მტანჯველ მოლოდინს მოეღოს ბოლო. აგონიას სიკვდილი სჯობია.

მელიებს აქვთ სორო, ჩიტებს - ბუდე, მე კი ვერსად მიპოვია ჩემი ადგილი.

არსებობს თუ არა ადამიანი სინამდვილეში? ზრდასრულს სამოსი რომ შემოხსნა, რა შეგრჩება ხელში - ბავშვი? ნუთუ წლები მხოლოდ ბალანს, წვერს, საზრუნავს, დავიდარაბას, ცდუნებას, ჭრილობებს, დაღლილობასა და ავხორცობას სძენს ადამიანს?

რას ვიფიქრებდი, რომ ადამიანის სხეულში ამდენი პიტალო კლდე, ამდენი თავბრუდამხვევი უფსკრული და ამდენი სივრცეა.

განვაგრძობდი აზროვნებას, მაგრამ უკვე აღარ ვამბობდი „მე“- ს.

მამაკაცები იცავენ იმ საზოგადოების კარიბჭეს, სიკვდილს რომ თესავს და ზიზღს აღვივებს, ქალები კი გონების კარიბჭესთან დგანან, ქმნიან სიცოცხლეს და მოითხოვენ სიყვარულს.

გიყვარდეს მოყვარე იმ ზომამდე, რომ მისგან სისულელეც კი მიიღო. უპასუხო ძალადობას ძალადობითვე, იყო ერთგული პრინციპისა - თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ - მხოლოდ ძალადობის გამრავლებას, მეტიც, მის დაკანონებას ნიშნავს. ხოლო თუ ძალადობას სიყვარულით უპასუხებ, მის ჩაცხრობას შეძლებ. ამით მოწინააღმდეგეს აიძულებ, სარკეში ჩაიხედოს და ზიზღისა და ბოროტებისგან მოქცეული, დამახინჯებული და გონჯი სახე დაინახოს.

როცა სხვისთვის რწმენის გადაცემა გადაგიწყვეტია, არ არის გამორიცხული, ჭეშმარიტებას ცოტა სიცრუეც წააშველო.

ახალ აზრს ადამიანები თავიდან აუცილებლად ეჭვის თვალით უყურებდნენ და მცდარად მიიჩნევდნენ.

სხვა მოწაფეებისგან განსხვავებით, იეჰუდა წარმოშობით იუდეველი იყო და არა გალილეელი. სხვებზე უფრო განათლებული გახლდათ. იცოდა კითხვაც და თვლაც. მალე ის ჩვენი ხაზინდარი გახდა და ალალად ურიგებდა გზად შემხვედრ უპოვართ ყველაფერს, რაც მოწყალებიდან შემოგვრჩებოდა. ტიბერიადის ყოფილი მეთევზეებისგან მას ქალაქელისათვის ნიშნეული ქცევა და საუბრის კილო მკვეთრად გამოარჩევდა. იერუსალიმში დაბადებულს ჩვენს ჯგუფში განსხვავებული სიო შემოჰქონდა. მიყვარდა მასთან მასლაათი. იეჰუდა სულ მალე ჩემი საყვარელი მოწაფე გახდა. შემიძლია ვაღიარო, რომ იეჰუდაზე ძლიერ ცხოვრებაში არავინ მყვარებია. მხოლოდ მასთან, მხოლოდ და მხოლოდ მასთან თუ შემეძლო ღმერთთან ჩემს ურთიერთობაზე მელაპარაკა.


ცეზარმა მშვენივრად უწყოდა, ვენერას ძე რომ არ იყო, მაგრამ ყველა აიძულა, ერწმუნა ეს და კეისარიც გახდა.

ერთადერთი რევოლუცია, რომლისკენაც მე მოვუწოდებდი, მხოლოდ შინაგანი, მხოლოდ სულიერი შეიძლებოდა ყოფილიყო.

როცა მაიძულეს, შენი განახლებული ტაძრის წინ აღფრთოვანება გამომეხატა, მუხლი მომედრიკა მისი მძიმე, მოოქრული კედრის კარის წინ, ბროწეულებით, შროშანებითა და ფოთლებიტ რომ მოეჩუქურთმებინათ, დავმტკბარიყავი მუქწითელი ყვავილებითა და ყირმიზი სუმბულებით, მოქარგული ქსოვილებით, ქერუბინებს რომ აეტაცათ ხელში, გავიფიქრე, ნუთუ შეიძლება გადაჭარბებულობა სილამაზედ აღვიქვათ? მსხვერპლშეწირვის ცერემონიალიც მიქეს, სინამდვილეში კი რა ვიხილე? მყრალ კვამლში გახვეული, შედედებულ სისხლში მოცურავე გაშავებული ნაწლავ-შიგნეულობა. უმალ მივხვდი, რომ საქონლის ჯოგი და ცხვრის ფარა მდიდრებისათვის იყო განკუთვნილი, უპოვართა და გლახაკთათვის კი - მტრედები. ვნახე უკრებით გაძეძგილი ფარდულებიც და ფულის გადამცვლელებიც, სახეზე მლიქვნელური ღიმილი რომ გადაჰკვროდათ. ვერ მოვითმინე, მათრახს ვტაცე ხელი, ყვირილით ყველა დახლი ამოვაყირავე: „მოაშორეთ ეს ყველაფერი აქაურობას! მამაჩემის სახლი ქარვასლა არ გეგონოთ!“ გაცოფებულმა მათრახი იატაკს მთელი ძალით ვურტყი და ვურტყი, რამდენიმე წამში მხოლოდ საჯდომები თუ ჩანდა; დიახ, გაქცეულ ლაჩართა საჯდომები.

ძალით მითრევდნენ კამათში, სადაც მჯაბნიდნენ, იმიტომ, რომ ჩემი ერთადერთი მეგზური შინაგანი სინათლე გახლდათ.

ლაზარეს გარდაცვალებამ ჩემი მომავალი ბედ-იღბალი დამანახა. მაგრძნობინა, რომ არარაობის ძალები ყოველთვის გათელავენ მაცოცხლებელ ძალებს, რომ ბოროტება მარად იზეიმებს გამარჯვებას.

ჯეიმს ტისო - იუდას კოცნა
იეჰუდამ შეიგნო იმ მსხვერპლის მასშტაბურობა, რომელსაც მისგან მოვითხოვდი: უნდა დავესმინე. თვალი თვალში გავუყარე და მივახვედრე, რომ მხოლოდ მისთვის, საყვარელი მოწაფისთვის შემეძლო მსგავსი მსხვერპლის გაღება მეთხოვა. მხოლოდ ამ გზით თუ შევძლებდი მეც საკუთარი თავის გაწირვას. იეჰუდა მიმიხვდა სათხოვარს და თანხმობა დუმილით გამოხატა. ...კისერში იეჰუდას ცრემლები ჩამეღვარა. უხმოდ ქვითინებდა. მალე გონს მოეგო, ემოციები მოთოკა და ისევ ჩამჩურჩულა:

- მესამე დღეს შენ დაბრუნდებ, მაგრამ მე აქ უკვე აღარ ვიქნები. მე შენ გულში ვერ ჩაგიკრავ.
ამჯერად მე ვცადე მისი შეყოვნება და ვუთხარი:
- იეჰუდა, იეჰუდა! რას იზამ?
- დაგასმენ. ჯარისკაცებს ვუხმობ ზეთისხილის მთაზე. შენ დაგადებ ხელს. მერე წავალ და თავს ჩამოვიხრჩობ.
- არა, იეჰუდა, მე ეს არ მსურს!
- შენ ხომ ჯვარცმაზე ხარ ყაბულს. რა მოხდა მერე, მე თუ თავს ჩამოვიხრჩობ?!
- იეჰუდა, მომიტევებია შენთვის.
- მე ვერ მოგიტევებ.

სახარება პილატეს მიხედვით

მე მძულს იერუსალიმი. ჰაერი, რითაც აქ სუნთქავენ, ჰაერი კი არა, საწამლავია, ადამიანები ჭკუიდან რომ გადაჰყავს. ქუჩების ამ ლაბირინთში ყველაფერი გადაჭარბებული მეჩვენება. ფიქრობ, გზა აქ იმისთვის კი არ გაუყვანიათ, სწორ მიმართულებას რომ დაადგე, არამედ იმისთვის, რომ დაიბნე, დაკარგო და გაქრე.

- იეშუამ გადამარჩინა. ახლა შენ გადაარჩინე იეშუა. მეუღლე ღირსების კოდექსს მახსენებდა, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო კეისრის ნაცვლის მოვალეობებთან.

ბრბოს წარმოდგენა სჭირდებოდა, შთამბეჭდავ ფინალს ითხოვდა. ბრბოს სურდა, სიკვდილი საკუთარი თვალებით ეხილა.

გავაცნობიერე დაშვებული შეცდომა, დავინახე ის, რაც ბრბომ ჩემამდე დაინახა, მე კი ყურადღება ვერ მივაქციე - ბარაბა ლამაზი იყო, იეშუა კი მახინჯი.

არ არსებობს ხარვეზი, არ არსებობს უმნიშვნელობა, სამყარო სიტყვამრავალი ნაწარმოებია, მნიშვნელობებითაა გაძეძგილი...

მშვენივრად უწყი, რომ მე არ განვეკუთვნები იმ აგზნებულ და აღფრთოვანებულ ადამიათა რიცხვს, მარად სინამდვილის შელამაზებით რომ იქცევენ თავს. იმის ნაცვლად, რომ ფაქტებს თვალი გაუსწორონ, ზურგს აქცევენ მას, ან გონებაში ისე კაზმავენ, როგორც ლამაზმანს, სრულიად შემთხვევით, მხოლოდ ერთხელ ნაჩქარევად რომ შეავლეს თვალი. მიაწერენ ათასგვარ არსებულ თუ არარსებულ ღირსებას თუ თვისებას; გამოუთქმელ სიტყვებს, აუღიარებელ განზრახვებს; საკუთარი ბედნიერების საწინდრად რომ მიიჩნევენ მრავლისმეტყველ, გონივრულ დუმილს.

აქეთ-იქით ჩემი ხშირი მოგზაურობის წყალობით დავადგინე, რომ რომალეს გრძნობათა სიფაქიზე ქმნის, ხოლო ებრაელს მათი სიჭარბე.

ის, რაც მის გონებრივ შესაძლებლობებს აღემატებოდა, ჭაბუკმა ღვთიური ჩარევით ახსნა და თავისი ახსნა განმარტებისთვის მეტი დამაჯერებლობის შეძენა სცადა.

მხოლოდ დუმილით თუ შეეძლო ღირსეულ ებრაელს, რომაელისთვის საიდუმლო გადაეცა.

ყასბებს ჭკუა არ ყოფნიდათ, ღმერთები რომ მოეგონათ, მაგრამ რიტუალების ავტორებად ნამდვილად ისინი უნდა მივიჩნიოთ.

საკუთარ სინდისს არ კლავენ!

იერუსალიმში ქალებს არც ძალაუფლება გააჩნიათ და არც ხმის უფლება. ისინი აქ მხოლოდ თავიანთი საშოს გამო სჭირდებათ, ცხადია, თუ ეს საშო ნაყოფიერია. საშოს კი, მოგეხსენება, შეუძლებელია ფიქრი და აზროვნება მოსთხოვო, ან საკუთარი შეხედულებების ქონა, ან გრძნობების გამოხატვა. მათ ნათქვამს კაციშვილი არ უწევს ანგარიშს. მათი განცხადებები უგუნურ მონაროშად აღიქმება. გონებრივი შესაძლებლობანი კი არც მეტი, არც ნაკლები, მენსტრუალურ ციკლთანაა გაიგივებული.

სახელისუფლებო ფუნქციების შესრულებას მუდამ თან სდევს შფოთი და მღელვარება. მმართველს მართებს, წინასწარ განჭვრიტოს მოსალოდნელი კატასტროფები და თავიდან აიცილოს ისინი. ხელისუფლების სათავეში რამდენიმე წელიწადს ყოფნა სრულიად საკმარისია, მუდამ უარესის მოლოდინში რომ იყო.

ნუთუ ებრაელები, ბერძნები და რომაელები სიყვარულით გაღვივებულ სამყაროში კიდევ იარსებებენ? შემორჩებიან ძლიერნი და უძლურნი, მდიდარნი და უპოვარნი? ნუთუ კიდევ ვიხილავთ თავისუფალ ადამიანებსა და მონებს? მართალი ხარ, პილატე, ასე რომ გეშინია. სიყვარული გააცამტვერებს შენს სამყაროს. სიყვარულის სამფლობელო შენი სამეფოს ნანგრევებზე აშენდება.

- იცი, რატომ მიყვარს აბანოები? აქ სიშიშვლე ყველა ადამიანს თანასწორს ხდის. არც ტოგა გჭირდება და არც მეწამული მანტია, რათა ერთნი აღაზევო, სხვანი კი გასრისო.

ეს ერთადერთი გზაა ბრძენი რომ გახდე: მოიაზრო საკუთარი სიკვდილი, როგორც მომავალი დღესასწაული.

ადვილია საკუთარ თავზე აუგის თქმა. ეს თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა. განსაკუთრებით მაშინ, თუ დამაჯერებელ ფორმულებს მოიშველიებ. ისინი ერთგვარად გმოსავენ.

მონანიება! რაოდენ ადვილია ეს სიტყვა სათქმელად და რაოდენ ძნელია ამ თვისების გამოვლენა.

საჭიროა ერთდროულად გწამდეს და გესმოდეს კიდეც.

- იქნებ პირველი ქრისტიანი სულაც შენ ხარ, პილატე?

ფრანგულიდან თარგმნა მერაბ ფიფიამ
"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", 2011, 2013წ.