ანდრეა პირლო - ვაზროვნებ, მაშასადამე ვთამაშობ

იტალიურიდან თარგმნა ნანა ზარდიაშვილმა
გამომცემლობა „არტანუჯი“, 2014

17
ალესანდროს ჩემი გაგება შეუძლია. მხოლოდ დელ პიეროს სახეზე შემინიშნავს ეს განწყობა იძულებითი გახურების დროს. აი, „იუვენტუსში“ გატარებული მისი ბოლო სეზონი კი ნამდვილი სპორტული აგონია იყო. ეს იყო წარმოუდგენლად დიდი სიყვარულის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. დელ პიეროს სიყვარული დღითიდღე ცალმხრივი ხდებოდა.

აღარ თამაშობდა და ეს ტანჯავდა. შინაგანად იწვოდა და ეს გარეგნულადაც ეტყობოდა. სახეზე ტანჯვა ეწერა. ცდილობდა ამ ყველაფრის შენიღბვას, მაგრამ ვერ ახერხებდა. ეს იმიტომ რომ – ან ნამდვილი კაცი ხარ, ან მსახიობი, შუალედური მდგომარეობა არ არსებობს. დელ პიერო კი საშინელი მსახიობი და სამაგალითო ადამიანია. თავი ისე ეჭირა, თითქოს ავსტრალია, სადაც გადასვლას აპირებდა, ტურინიდან თვალის ერთ დახამხამებაში ყოფილიყო.

სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ეს აგიჟებდა. მისთვის ბურთის წართმევა სიკვდილს ნიშნავდა. მთელი სეზონის განმავლობაში ერთხელაც არ უვახშმია, ვარჯიშის შემდეგ თეთრ და შავ ზოლებიან პიჟამას იცვამდა და მაშინვე წვებოდა, თუმცა ზურგზე უკვე აღარ ეწერა ნომერი ათი, ეს უფრო პატიმრის უნიფორმას ჰგავდა. ჯერ გაუსამართლებელი, მაგრამ უკვე გადასახლებული პატიმრის ფორმას. სასჯელის ვადა? უვადო.

არასოდეს წუწუნებდა. ყველაფერს ღირსეულად იტანდა. კვირის განმავლობაში, გასახდელში, ჩვენთან ერთად თითქმის არ შემოდიოდა. ინდივიდუალური ფიზიკური მომზადების მწვრთნელი ჰყავდა და ცალკე ვარჯიშობდა. ვარჯიში სჭირდებოდა, რადგან განსაკუთრებული მანქანა განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს.

ყველაზე ადრე მოდიოდა. იცვლიდა და ვინოვოს სპორტული ცენტრის პატარა სავარჯიშო დარბაზში შეიყუჟებოდა ხოლმე. გუნდს მხოლოდ მოედანზე უერთდებოდა. მაშინ, როცა ბურთებს გვაძლევდნენ და ტაქტიკაზე გვავარჯიშებდნენ. საჭირო დროს ჩვენ გვერდით იყო და ამას ვგრძნობდით. გული გვტკიოდა, რომ ჩემპიონი ასე მიდიოდა თამაშიდან. სწორედ მაშინ, როცა გუნდი ძველ სიმაღლეს უბრუნდებოდა. გუნდი. მისი გუნდი. ვიცოდით, რომ ასე დამთავრდებოდა, მაგრამ მაინც გული გვწყდებოდა. საქმე გუნდის სავიზიტო ბარათს, მის მედროშეს ეხებოდა. დელ პიერო ისტორია იყო, უპირველესად ქარიზმის და არა ასაკის გამო.

დღემდე არ ვიცი ზუსტად რა მოხდა დელ პიეროსა და პრეზიდენტ ანიელის შორის, რა გარე მექანიზმები ამუშავდა, რამ გააფუჭა მათი ურთიერთობა. ვერასოდეს ვხვდებოდი და ვერც შეკითხვა გავბედე როდისმე. ორივეს უდიდეს პატივს ვცემ და ვიცი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მიზეზი აუცილებლად იქნებოდა. სხვაგვარად წარმოუდგენელია. ეს მათი პირადი საქმეა. თუმცა მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კონტრაქტის ახალი პირობების გამო დაიწყო, იმ კონტრაქტის, რომელიც ბოლოს მხოლოდ თეორიულად არსებობდა. სამწუხაროა, რადგან დელ პიეროს „იუვესათვის“ კიდევ ბევრი სარგებლის მოტანა შეეძლო. მისი მსგავსი ადამიანი გუნდში ყოველთვის მნიშვნელოვანია. ეს არის პიროვნება და პროფესიონალი, რომლის ჩემ გვერდით ყოფნასაც ოცდაოთხი საათის განმავლობაში ვისურვებდი. დიდია როგორც პიროვნება და როგორც ფეხბურთელი.

ალესანდრო მსოფლიო მნიშვნელობის მოთამაშეა და ეს შემთხვევით არ მომხდარა. „იუვენტუსში“ ყოფნის ბოლო დღეებში იშვიათად ვხედავდით, მაგრამ მისი იშვიათი გამოჩენაც კი ჩვენთვის უდიდესი მოვლენა იყო. მისი შინაგანი ძალა და კეთილშობილება გვამუნჯებდა. რამდენიმე გამოხედვა საკმარისი იყო, რომ მისი გამოჩენა გაკვეთილად ქცეულიყო. ორმოცს მიღწეული კაცი ბავშვს ჰგავდა თამაშის დროს და ამ ბავშვმა ერთხელ იტირა. ყველას თვალწინ. თავშეუკავებლად. ეს „იუვენტუსში“ ჩატარებული ბოლოსწინა თამაში იყო. იუვენტუს სტადიუმზე „ატალანტას“ ვმასპინძლობდით. იმ მომენტამდე ახერხებდა საკუთარი განცდების მოთოკვასა და თავის შეკავებას. გალიაში ჰყავდა გამომწყვდეული თავისი ეგო, მოედანზე ყოფნის, „იუვენტუსელად“ ყოფნის სურვილი. გასახდელში კი ეს ვეღარ მოახერხა. ცრემლად დაიღვარა. ტიროდა დელ პიერო და ვტიროდით ჩვენ. ვტიროდით მასთან ერთად, მისთვის. ასე დავემშვიდობეთ. მალე სიდნეიში გადადიოდა. საგანგებოდ აირჩია სამყაროს მეორე ბოლო, რადგან „იუვენტუსთან“ გეოგრაფიული სიახლოვეც კი არ შეეძლო. ვერ ითამაშებდა იტალიაში, ევროპაში. „იუვენტუსი“ მაგნიტივით იზიდავდა, ეს ფიზიკურ მიზიდულობაზე უფრო ძლიერი გრძნობა იყო.

ჩემზე, ნაკრებთან განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ამბობენ, რომ ყველას ფეხბურთელი ვარ, რადგან ხდება ხოლმე, რომ მეტოქე გუნდებიც კი ტაშით მაჯილდოებენ. დელ პიერო ამაზე შორს მიდიოდა. ყოველთვის იდგა სხვა გუნდების ტიფოზების მიერ აგებულ დიდების კვარცხლბეკზე. ერთი მარტივი მიზეზის გამო: არასოდეს ცრუობდა. ფერს არასოდეს იცვლიდა. ყველა აღიარებდა მის ძალას და უნარს დარჩენილიყო უბრალო ფეხბურთელად მაშინ, როცა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძლიერ მოთამაშეთა სიაში შედიოდა.

ესაა ნამდვილი სასწაული, ბედნიერება, რომელიც სცდება ყოველგვარი ქომაგობის ან ისტორიული პერიოდის საზღვრებს. თუნდაც იმ დროს, როცა „იუვენტუსმა“ ისევ მოგება დაიწყო და შესაბამისად, ამან ბევრის გაღიზიანება გამოიწვია. გულდასაწყვეტია, როცა ძალზე ხშირად სპორტული მეტოქეობა ნამდვილ სიძულვილში გადაიზრდება ხოლმე, ეს კი არაცივილიზებულ ფორმებს იძენს. საზღვარგარეთ, გუნდების მოედანზე მისვლა ნამდვილი ზეიმია. ავტობუსებით მივდივართ, გავივლით ქომაგებს შორის, ვუყურებთ მოზეიმე ბავშვებს და ჩვენც გვიხარია მათთან ერთად. არასოდეს ვიმალებით დაბურულ შუშებს მიღმა. იტალიაში კი ყოველი გასვლითი თამაში ნამდვილ ბრძოლად გადაიქცევა ხოლმე. ეს ნამდვილი კოშმარია. ეს საშინელი გზაა სასტუმროსა და მოედანს შორის. მომბეზრდა დაცვა და ესკორტი. მომბეზრდა ამ ესკორტის წინ და უკან მიმავალი პოლიციის მანქანები. სირენების გამაყრუებელი ხმა. წესით პოლიცია და კარაბინერები რამე უფრო სერიოზულს უნდა აკეთებდნენ, ვიდრე ეს ჩვენი დაცვაა. დაცვას მაფიასთან მებრძოლი მოსამართლე იმსახურებს, ფეხბურთის გუნდს წესით ეს არ უნდა სჭირდებოდეს. იდეალურ სამყაროში ალბათ ასეცაა, მაგრამ არა სერია A-ში. ეს ძალიან ჩამორჩენილი სამყაროა. და ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, რომ რაც უფრო მეტად ვეშვებით ფსკერისკენ, სივრცე უფრო მეტად ვიწროვდება. ცრემლსადენი გაზი, ბეისბოლის ჯოხები, ქვა, თეფშები.... რა არ გამოუყენებიათ ჩვენს წინააღმდეგ, რა არ უსვრიათ მთელი ამ დროის განმავლობაში.

„იუვენტუსში“ მეორე სეზონს ვატარებდი. ნეაპოლში ვიყავით. მაშინ მართლა ძალიან შემეშინდა. მსგავსი ჯოჯოხეთი არსად მინახავს. რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა იმ სასტუმროს წინ, სადაც დავბინავდით. ავტობუსში ასვლის წამიდან დაგვიწყებს გინება (ნორმალური ამბავია), კვერცხების სროლა (ესეც შეიძლება მოხდეს) შემდეგ კი მდგომარეობა ბევრად უფრო სერიოზული გახდა. რაც უფრო ვუახლოვდებოდით სან პაოლოს მოედანს, სროლების რაოდენობა და სიმძიმე ბევრად იზრდებოდა. ერთ დიდ სამიზნედ ვიქეცით. ზოგი ჩვენგანი, ავტობუსის სავარძლებს შორის დაწვა კიდეც იმ მომენტში, როცა ავტობუსის ფანჯარას აგური მოხვდა. სწორედ იმ ადგილას, სადაც ასამოა იჯდა. საბედნიეროდ შუშის ნამსხვრევები აქეთ-იქით გაიფანტა, ეს რომ არა, ნამდვილი ტრაგედია დატრიალდებოდა. წარმოუდგენელი სიჩუმე იდგა. ვაცნობიერებდით, რომ უფასოდ არ ვმოგზაურობდით და ამ რისკის საფასური, ადრე თუ გვიან, შეიძლება საკუთარი სიცოცხლით გადაგვეხადა. ეს ფიქრი ძილს დღესაც მიფრთხობს.

ვინ მომცემს იმის გარანტიას, რომ ერთ დღეს, აგურის ნაცვლად იარაღს არ დაგვიმიზნებენ? ვინ მოახერხებს გზის გასწვრივ ჩამწკრივებული ათასობით ადამიანის გაკონტროლებას? ვინ დაგვიცავს იმ ხალხისგან, ვისაც ჩვენი ცემა აქვს გადაწყვეტილი? ვინ იტყვის, რომ ამდენ ხალხში ერთი სხვებზე მეტად გაბოროტებული ადამიანი არ აღმოჩნდება? ტურინიდან გასვლისას, ჩვენთან ერთად პირადი დაცვა და პოლიცია მოდის, ეს ყოველთვის საკმარისი იქნება? ეს ის საშინელი კითხვებია, რომლის უარყოფა არ შემიძლია. მატყუარა ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მსგავს ფიქრებს არასოდეს შევუშინებივარ. ისე, კარგია ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი სამყარო საკმაოდ საშიშია. მნიშვნელობა არა აქვს ეს ჩრდილოეთი იქნება, ცენტრი, თუ სამხრეთი. ძალიან ცდება ის, ვისაც ჰქონია, რომ გეოგრაფიას რაიმე მნიშვნელობა აქვს ამ საკითხში.

თამაშის დროს კი „იუვენტუსი“ ყოველთვის სძულთ. ქურდებს გვეძახიან, ეს წარსულიდან მოდის. მაგრამ ახლო წარსულში სერია B-ც იყო, უმძიმესი პერიოდი, ეს კი თითქოს აღარავის ახსოვს. მსგავსი მეხსიერება ძალიან კომფორტულია. ეს იტალიური ქომაგის ათი მცნებაა. პირველი მცნება, რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგის შეურაცხყოფაა. მერე კი, თუ დრო დაგრჩა, საკუთარი გუნდის ქომაგობაც შეიძლება.

გარდა იმ ქალაქებისა, სადაც ახსოვთ, რომ ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ვარ, არსებობს ქალაქები, სადაც ხან ნეხვი ვარ, ხან ბოზიშვილი, ხან რა და ხან რა. დიდი არჩევანი მაქვს. ყურადღება, უფსკრულის პირი უკვე ძალიან ახლოსაა, რისკი სულ უფრო მაღალია. სულ ცოტა და ვერც მივხვდებით ისე გადავიჩეხებით.

იტალიის თითქმის ყველა მოედანი ბევრისთვის ის ადგილია, სადაც ყველაფრის გაკეთება და ნებისმიერი რამის თქმა შეიძლება. შეგიძლია ნებისმიერი სიბინძურე იყვირო, რაც თავში მოგივა. თუ შუა ქუჩაში კაცს გააჩერებ და „ნაბიჭვაროს“ დაუძახებ, როგორც მინიმუმ გიჩივლებს, ეს იმ დროს, როცა ტრიბუნებიდან ათასობით ადამიანი გაყენებს უარეს შეურაცხყოფას და ყველა ჩუმადაა.

ეს სპორტული კულტურის ნაკლებობაზე მიუთითებს, ამაზე კი მუშაობა შეიძლება. ჩვენ ჩვენი მხრიდანაც უნდა გავაკეთოთ რაღაც, მაგრამ ფაქტი ერთია – კანონი არ არსებობს. გარდა ამისა, ვფიქრობ, მოედნებიც კლუბების საკუთრებას უნდა წარმოადგენდეს. იუვენტუს სტადიუმი ნამდვილი სამოთხეა (კლასიფიკაციაში ყოველწლიურად ათი ქულა მაინც ემატება, იქ არსებული პოზიტიური ატმოსფეროს გამო), ადგილები დანომრილია კონკრეტული ტიფოზების სახელზე, რიგებს შორის დადის მომსახურე პერსონალი, ყველგან ვიდეო კამერებია და თუ ვინმეს რამე შეეშლება, მას მალევე პასუხს მოსთხოვენ ამ შეცდომისთვის.

იდეალური იქნებოდა კარგად აღზრდილები ვყოფილიყავით და ვიდეო კამერები საჭირო არ იყოს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში კარგია, როცა ადამიანი შიშის გამო მაინც არ აშავებს რამეს. თუნდაც დასაწყისისთვის, ეს მეთოდი გამოდგება. პოლიტიკოსი რომ ვიყო – ღვთის წყალობით ეს არასოდეს მოხდება – ვიბრძოლებდი მოედნების დასაცავად, ისევე როგორც ინგლისშია, მეც პატარა, გალიების მსგავს კონსტრუქციებს დავდგამდი მოედნებზე. ავიყვანდი უზრდელ, აგრესიულ ქომაგს და ცემის და მაშინვე გაშვების ნაცვლად (რასაც შედეგი არასოდეს მოუტანია) იმ გალიაში ჩავსვამდი.

შემდეგ კი ფანჯრებს ბოლომდე გამოვაღებდი. ამ სამყაროს სუფთა ჰაერი აკლია.

საგამომცემლო პროექტი ფეხბურთელების ბიოგრაფიები |  გამომცემლობა “არტანუჯი”