საიმონ სებაგ მონტეფიორე - ახალგაზრდა სტალინი

1907 წლის 13 ივნისს, ოთხშაბათს, დილის 10 საათსა და 30 წუთზე, თბილისის (მაშინდელი ტფილისის) მთავარ მოედანზე, ჩექმებსა და სამხედრო შარვალში გამოწყობილი კავალერიის თავმომწონე, ულვაშებიანი კაპიტანი, რომელსაც წელს დიდი ჩერქეზული ხმალი უმშვენებდა, ცხენს დააჯირითებდა და ორ მომხიბლავ, კარგად  ჩაცმულ ქართველ გოგონას ეხუმრებოდა. გოგონები ჭრელ ქოლგებს ატრიალებდნენ და დროდადრო კაბებში დამალულ მაუზერებს ისინჯავდნენ. ქუჩის კუთხეში ახალგაზრდები შეგროვილიყვნენ. მათ ღია ფერის გლეხური პერანგები და მეზღვაურის ფართო შარვლები ეცვათ, ხოლო უბეებში რევოლვერები და თვითნაკეთი ხელყუმბარები ჰქონდათ დამალული. მოედანთან მდებარე საეჭვო რეპუტაციის მქონე დუქნის - „ტილიპუჭურის“ - დახლთან კბილებამდე შეიარაღებული ბანდიტები ისხდნენ და გამვლელებს მხიარულად ეპატიჟებოდნენ სასმელზე. ყველა ელოდა, როდის დაიწყებოდა 29 წლის იოსებ ჯუღაშვილი პირველ შეტევას, რომლის შედეგები მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობდა - დღის მოვლენები მსოფლიო გაზეთების გვერდებზე აღმოჩნდებოდა, ძირეულად შეარყევდა თბილისს და ისედაც დაქსაქსულ სოციალ-დემოკრატებს ერთმანეთზე გადამტერებულ ჯგუფებად დაყოფდა. ეს დღე გახდებოდა წყალგამყოფი სტალინის ცხოვრებაშიც: ან გაანადგურებდა, ან წარმატებას მოუტანდა მას.

იმ ნისლიან დილას ვერ იტყოდი, რომ თბილისის აღმოსავლური ფერები იმავე სამყაროს ეკუთვნოდა, რომელსაც ათასობით კილომეტრის მოშორებით გაშენებული სანქტ-პეტერბურგი - მეფის რუსეთის დედაქალაქი. თბილისის ძველისძველი და ბნელი ქუჩები მთაწმინდის კალთებზე მიიკლაკნებოდა, ვაზით დაჩრდილული აივნებით დამშვენებული ულამაზესი სახლების გასწვრივ. ეს ქალაქი ერთ დიდ სოფელს ჰგავდა, სადაც ყველა ყველას იცნობდა.

თბილისი - ეს იდუმალი ქალაქი - მთელი კავკასიის დედაქალაქი იყო; კავკასია კი - მეფის რუსეთის დაუმორჩილებელი მთიანი გუბერნია, შავ და კასპიის ზღვებს შორის გადაჭიმული, ფიცხი და ამაყი ხალხების მშფოთვარე სამშობლო. გოლოვინის პროსპექტი პარიზულ ქუჩას ჩამოჰგავდა თეთრი ნეოკლასიკური თეატრით, მავრიტანული სტილის ოპერის შენობით, მდიდრული სასტუმროებით, ქართველი თავადებისა და სომეხი ნავთობმაგნატების სასახლეებით, თუმცა სამხედრო შტაბის შენობას გასცდებოდით თუ არა, ერევნის მოედანი აზიურ სტილში გადადიოდა. ეგზოტიკურად ჩაცმული დამტარებლები და პატარა ფარდულების მეპატრონენი ცხარესანელებლიან ქართულ ლობიოსა და ცხელ ხაჭაპურს სთავაზობდნენ გამვლელებს. თულუხჩებს, ხელზე მოვაჭრეებს, ჯიბის ქურდებსა და მტვირთავებს საქონელი დაჰქონდათ ან იპარავდნენ სომხურ და სპარსულ ბაზრებში, რომელთა ვიწრო გასასვლელები აღმოსავლურ ბაზარს უფრო ჰგავდა, ვიდრე ევროპული ქალაქისას. სპარსეთისა და თურქეთის აბრეშუმითა და სანელებლებით, სოფლებიდან ჩამოტანილი ხილითა და ღვინის ტიკჭორებით დატვირთული აქლემებისა და ვირების ქარავნები ქარვასლის ჭიშკარში შედიოდნენ. ახალგაზრდა ოფიციანტები და ლაქიები სტუმრებს ემსახურებოდნენ, ბარგს ეზიდებოდნენ, აქლემებს ტვირთავდნენ და მოედანს უთვალთვალებდნენ.

თბილისი იყო - და ახლაც არის - მოსეირნეთა ქალაქი. მოსეირნენი ხშირად ჩერდებოდნენ ღვინის დასალევად ღია დუქნებში. თუკი ემოციური ქართველი ხალხი რომელიმე ევროპულ ერს ჰგვანან, ალბათ იტალიელებს. ჩოხოსანი ქართველები და კავკასიური წარმოშობის სხვა მამაკაცები ომახიანი სიმღერით ამაყად მიუყვებოდნენ ქუჩას. შავთავსაბურავიანი ქართველი ქალები და რუსი ოფიცრების ევროპულ ყაიდაზე ჩაცმული ცოლები პუშკინის ბაღში სეირნობდნენ და სპარსელებთან, სომხებთან, ჩეჩნებთან, აფხაზებთან და ევრალებთან ერთად შაქარყინულსა და შარბათს ყიდულობდნენ. ქუჩის ბიჭები გაფაციცებით აკვირდებოდნენ ხალხს, იქნებ რაიმე ავცინცლოთო. თეთრ, კოჭებამდე სტიქარებში გამოწყობილი ყმაწვილი სემინარიელები მასწავლებლებთან, ანაფორიან გრძელწვერა მღვდლებთან ერთად გამოდიოდნენ სემინარიის თეთრი, სვეტებიანი შენობიდა, სადაც ცხრა წლის წინ სტალინი ლამის მღვდლად აკურთხეს. სწორედ ეს აღმოსავლურ-დასავლური, არასლავური, არარუსული, კავკასიური კალეიდოსკოპი იყო ის სამყარო, რომელმაც სტალინი აღზარდა.

არისტოკრატად აღზრდილ ლენინსაც კი ხიბლავდა თავზეხელაღებული კამო, მოფერებით „კავკასიელ ბანდიტს“ ეძახდა. „კამო - ამბობდა 51 წლის ლენინი, - მარტლაც, საოცარი ადამიანი იყო“.

ობსერვატორია სტალინის ბოლო ოფიციალური სამსახური იყო 1917 წლის ოქტომბრამდე, ანუ იმ დრომდე, სანამ იატაკქვეშეთის საიდუმლო საქმიანობაში ჩაებმებოდა და საბჭოთა ხელისუფლებას შეუერთდებოდა.

იოსებ დავრიშევი, გორის პოლიციის უფროსის შვილი, თავის მემუარებში ამტკიცებს: „სოსოს დაბადება სალაპარაკო გახდა სამეზობლოში; ჭორაობდნენ, რომ ბავშვის ნამდვილი მამა კობა ეგნატაშვილი იყო... ან მამაჩემი დამიან დავრიშევი“. რა თქმა უნდა, ეს გააუარესებდა ბესოს (დავრიშევის დახასიათებით, „მანიაკალურად ეჭვიანი კაცუნას“ სტალინის მამის) მდგომარეობას, რომელიც უკვე ალკოჰოლიკად ქცეულიყო.

თვითონ სტალინმა თქვა ერთხელ, რომ სინამდვილეში მისი მამა იყო მღვდელი, ანუ ჩნდება მესამე კანდიდატი - მამა ჩარკვიანი. ეგნატაშვილიც, დავრიშევიც და ჩარკვიანიც დაქორწინებულები იყვნენ, მაგრამ ქართველი მამაკაცებისთვის, ისევე, როგორც იტალიელებისთვის, ჩვეულებრივი მოვლენა იყო საყვარლის ყოლა. სასიყვარულო სკანდალებში მღვდლებიც კი ეხვეოდნენ. ზემოთ ხსენებული სამივე კანდიდატი ცნობილი პიროვნება იყო, რომლებიც სიამოვნებით დაეხმარებოდნენ გასაჭირში მყოფ ახალგაზრდა ქალს.

კეკეს მემუარებში არსებობს მინიშნებები მისი „ანცობის“ შესახებ. ის იხსენებს, რომ ერთხელ, როცა ბაღში სოსოს ყვავილით მიტყუებას ცდილობდა, მხიარულად მოიშიშვლა მკერდი და ბავშვს დაანახა. სოსომაც ყურადღება აღარ მიაქცია ყვავილს და მკერდისკენ გაიწია. ამ სცენას ნასვამი რუსი დევნილი პოკა შესწრებია და სიცილი აუტეხავს. „ამიტომ მე კაბა შევიკარი“, - იხსენებს კეკე.

კეკე ავადმყოფ სოსოს უვლიდა. მესამე დღეს ბავშვს უგონო ციებ-ცხელება დაეწყო. ამიერიდან მის სახესა და ხელებს სამუდამოდ „დაამშვენებს“ ნაყვავილარი და მისი ერთ-ერთი მეტსახელი „ოხრანკის“ მიერ შერქმეული კოდური სახელი „ჩოფურა“ გახდება.

- შენ გინდა, რომ ჩემი შვილი მღვდელი გახდეს? მოვკვდები და ის განათლებას არ მიიღებს! მე მეწაღე ვარ და ჩემი შვილიც მეწაღეიქნება! - უყვიროდა ბესო კეკეს.

ერთ დღეს სოსო და მისი მეგობრები, მათ შორის - გრიშა გლურჯიძე, ბალახზე იწვნენ და მდიდრებისა და ღარიბების არსებობის უსამართლობაზე საუბრობდნენ. სოსომ ყველა განაცვიფრა მოულოდნელი სიტყვებით: - ღმერთი უსამართლო არაა, სინამდვილეში ის არც არსებობს. ჩვენ მოგვატყუეს. ღმერთს რომ ეარსება, უფრო სამართლიან სამყაროს შექმნიდა. - სოსო, რას ამბობ? - წამოიძახა გრიშამ. - წიგნს მოგცემ და თვითონაც ნახავ, - უპასუხა სოსომ და გლუჯიძეს დარვინის წიგნი გადასცა.

ბიჭები მოჯადოებულებივით იდგნენ. „სოსო ჯუღაშვილი, მე და კიდევ ოთხი მოსწავლე ხეზე ავძვერით და იქიდან ვუყურებდით ამ საშინელ სანახაობას“, - იხსენებს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, გრიგორი რაზმაძე (პოლიციის უფროსმა დავრიშევმა თავის ვაჟს აუკრძალა იქ მისვლა). კიდევ ერთი მაყურებელი, რომელსაც მოგვიანებით სტალინი დაუმეგობრდა და ხელი შეუწყო, მაქსიმ გორკი იყო, მაშინ ჟურნალისტი, შემდგომში კი ცნობილი მწერალი. გორკი ხალხში დადიოდა და სეირის მაყურებლებს ესაუბრებოდა. გორელები თანაუგრძნობდნენ ამ მამაც კავკასიელ ყაჩაღებს - ორი მათგანი ოსი იყო, მესამე ქართველი (იმერელი). სიკვდილით დასჯა ძალის ჩვენების რუსული წარმოდგენა იყო; ახალგაზრდა დავრიშევმა სიკვდილმისჯილებს „წმინდა მოწამეები“ უწოდა. ხალხი უკვე სახიფათო ხდებოდა; რუსმა ჯარისკაცებმა ორმაგი წრე შემოარტყეს მოედანს. დოლებს შემოჰკრეს. „უნიფორმაში გამოწყობილი მმართველები ეშაფოტის ირგვლივ იცდიდნენ“, - წერდა გორკი თავის სტატიაში, - მოღუშულები და მკაცრები უცნაურად მტრულად იმზირებოდნენ“.

სერმინარიას განსაკუთრებული „წვლილი მიუძღოდა“ რუსული რევოლუციისათვის უმოწყალო რადიკალების მომზადებაში. „არც ერთი საერო სკოლიდან არ გამოსულა ამდენი ათეისტი, რამდენიც თბილისის სასულიერო სემინარიიდან. „ქვის ტომარა“ პირდაპირი მნიშვნელობით რევოლუციონერთა ინტერნატი გახდა“, - წერდა სემინარისტი, სტალინის ამხანაგი ფილიპე მახარაძე.

ერთხელ პასტერნაკს დაურეკა და მანდელშტამის შესახებ ჰკითხა: - ის გენიოსია, არა? რა თქმა უნდა, მანდელშტამის ტრაგედია მისმა თვითმკვლელობის ტოლფასმა გადაწყვეტილებამ განაპირობა - სტალინის შესახებ სკაბრეზული ლექსი დაწერა, მაგრამ ამაში პასტერნაკის უუნარობასაც მიუძღვის წვლილი - მან ვერ შეძლო სტალინის დარწმუნება იმაში, რომ ოსიპი გენიოსი იყო. მანდელშტამს სიკვდილი არ მიუსაჯეს, მაგრამ არც დაუცავთ - მას გულაგის ჯოჯოხეთისკენ მიმავალ შემზარავ გზაზე ამოხდა სული. სამაგიეროდ, სტალინმა პასტერნაკი დაიცვა: - ის ღრუბლებში დაფრინავს, თავი დაანებეთ!

სემინარიის თეთრი საფეხურებიდან ერევნის მოედანი ჩანდა ხმაურიანი სპარსული და სომხური ბაზრებით. ბედეკერში ასეა აღწერილი ეს მიდამოები: „ვიწრო ბილიკებისა და გასასვლელების ქსელში ოქრომჭედლებისა და იარაღის მკეთებელთა ღია სახელოსნოები დგას; ნამცხვრებისა და ტკბილეულის დახლები და უზარმაზარი თონეებია - საცხობები, სადაც თეთრ პურს აცხობენ... მეწაღეები ჭრელი ჩუსტებით ხელში... და დუქნები, სადაც ღვინო ცხვრის ან კამეჩის ტიკებში ინახება. გოლოვინის ბულვარი თითქმის პარიზული იყო, ქალაქის დანარჩენი ნაწილი კი ბომბეის ჩამოჰგავდა. „ქუჩები, - ამბობს ბედეკერი, - ჩვეულებრივ, დამრეცი და ისეთი ვიწროა, რომ ორი ეტლი გვერდს ვერ აუქცევს ერთმანეთს. ლამაზი აივნებით შემკული სახლები საფეხურებივით ეწყობა მთის კალთებზე. დილიდან დაღამებამდე ქუჩები სავსეა ადამიანებითა და ცხოველებით... ქართველი მოვაჭრეები თავზე შემოდგმული დიდი ხონჩებით, სპარსელები - გრძელ აღმოსავლურ ხალათებსა და ბეწვის მაღალ შავ ქუდებში, ხშირად ინით შეღებილი წვერითა და ფრჩხილებით; მუსლიმი დავრიშები და მოლები კოჭებამდე სამოსში, თავზე მწვანე და თეთრი ჩალმებით; მთიელი ტომების წარმომადგენლები - ულამაზეს ჩერქეზულებსა და ფაფახებში... ჩადრიანი მუსლიმი ქალები... და ზურგზე ტვირთაკიდებული ცხენები შეიარაღებული გამყოლებით“. ცხელი გოგირდის წყაროების (და ცნობილი აბანოების) ქალაქი პირდაპირ მთაწმინდის კალთებზეა შეფენილი და მდინარე მტკვრის ნაპირზე გაშლილი. ქალაქს თავს დაჰყურებს მრგვალგუმბათიანი ეკლესიები და მეტეხის ციხის კოშკები, რომელსაც ირემაშვილი „თბილისის ბასტილიას“ ეძახდა. მაღლა, მთაწმინდაზე, ქვით მოკირწყლული ბილიკების ბოლოს კი დგას თეთრი ეკლესია. თბილისში დაახლოებით 160 ათასი ადამიანი ცხოვრობდა: მათგან 30% - რუსები, 30% - სომხები და 26% - ქართველები, დანარჩენები ებრაელები, სპარსელები და თათრები იყვნენ. ქალაქში ექვსი სომხური გაზეთი გამოდიოდა, ხუთი - რუსული და ოთხი - ქართული. თბილისელი მუშები ძირითადად რკინიგზის დეპოსა და პატარა სახელოსნოებში მუშაობდნენ; ქალაქის მდიდარ ფენას წარმოადგენდნენ სომეხი მაგნატები, ქართველი თავადები და ის რუსი ჩინოვნიკები და გენერლები, რომლებიც მეფისნაცვლის სამეფო კარზე იკრიბებოდნენ. თბილისს ჰყავდა ბერძენი ქვისმთლელები, ებრაელი მკერავები და სპარსი მექისეები. ბედეკერის თქმით: „ერთმანეთში ირეოდნენ ადამიანები და ცხოველები, ცხვრის ბეწვის ქუდები და გადაპარსული თავები, აღმოსავლური, წვეტიანი ქუდები... ცხენები და ჯორები, აქლემები და ძაღლები... ყვირილი, ხმაური, სიცილი, გინება და სიმღერა.

„როგორ ჩანს, ჯუღაშვილი ჩაწერილია „იაფ ბიბლიოთეკაში“ და იქიდან გამოაქვს წიგნები. მე მას უკვე მივეცი გაფრთხილება ჰიუგოს „1793 წელთან“ დაკავშირებით. ასისტენტ-ინსპექტორი: ვ.მურახოვსკი.

მალე სტალინი კიდევ ერთი აკრძალული წიგნის კითხვისას დაიჭირეს სკოლის კიბეზე, რისთვისაც, რექტორის ბრძანებით, დასჯის ოთახში ჩაკეტეს და სასტიკი საყვედური გამოუცხადეს. ბიჭი აღმერთებდა ემილ ზოლას. ამ პარიზელი მწერლის რომანებიდან ყველაზე მეტად „Germinal” უყვარდა. ის კითხულობდა შილერის, მოპასანის, ბალზაკისა და თეკერეის თარგმანებს, პლატონს - ძველბერძნულად, რუსეთისა და საფრანგეთის ისტორიებს, და ამ წიგნებს დანარჩნ სემინარიელთა შორის ავრცელებდა. მას უყვარდა გოგოლი, სალტიკოვ-შჩედრინი და ჩეხოვი. მათი ნაწარმოებები ზეპირად იცოდა და ხშირად ციტატებსაც იშველიებდა. ხიბლავდა ტოლსტოი, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობდა, „თავს აბეზრებდა ტოლსტოის ქრისტიანობა“. სადაც ტოლსტოი მონანიებასა და სულის ხსნაზე მსჯელობდა, წიგნის არეებზე აწერდა: „ხა-ხა-ხა!“. ის ძალიან აფასებდა დოსტოევსკის „ეშმაკებს“ - რომანს რევოლუციური კონსპირაციისა და ღალატის შესახებ. ეს წიგნები მოწაფეებს ფარულად შეჰქონდათ სემინარიაში და ხშირად სტიქარის ქვეშ შეჩურთულს დაატარებდნენ. სტალინი მოგვიანებით ხუმრობდა, რომ მას რევოლუციური მიზნებისთვის ხშირად უწევდა წიგნის მაღაზიიდან წიგნების „ექსპროპრიაცია“, ანუ მოპარვა.

სტალინი, როგორც მასწავლებელი, სულაც არ გამოირჩეოდა მოთმინებით. მან ერთ-ერთ თანაშემწეს, ვარდოიანს, დაავალა, ტერ-პეტროსიანისთვის მარქსიზმი და რუსული ენა ესწავლებინა. „სოსო იწვა და წიგნს კითხულობდა, მე კი კამოს რუსულ გრამატიკას ვასწავლიდი, იხსენებს ვარდოიანი, - მაგრამ ბიჭს შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობები ჰქონდა და ვერაფრით გამოთქვამდა სიტყვას „кому“, ამის ნაცვლად ამბობდა „კამო“. სტალინმა მოთმინება დაკარგა და წამოხტა, მაგრამ მერე გაიცინა და უთხრა - „კამო კი არა, „კამუ“. დაიხსომე, ბიჭო! მეტსახელების გამომგონებელმა სტალინმა სიმონს „კამო“ შეარქვა და ტერ-პეტროსიანს ეს სახელი ცხოვრების ბოლომდე შერჩა.

„ყველა დაჭკვიანდა და სამსახური იშოვა, - ეუბნება სოსო ცხაკაიას, - ყველა, ჩემ გარდა. მე ვერ დავჭკვიანდი. პოლიცია ჩემზე ნადირობს!“

„1909 წელს ბაქოს ბოლშევიკებმა სტალინი შაუმიანის გაცემაში დაადანაშაულეს“, - დასძენს ურატაძე. ჟორდანიას მტკიცებით, შაუმიანმა პირადად უთხრა მას: - სტალინმა მიღალატა, სხვამ არავინ იცოდა ჩემი სახლის მისამართი.

ერთხელ სტალინს თავის თავზე სიმართლე წამოსცდა: „ჩვენ არაკანონიერებად დავრჩებით რევოლუციამდე, რადგან კანონიერად ყოფნა ნორმალურ ადამიანად გადაქცევას ნიშნავს“.

„1912 წლის აპრილში ჩვენ „პრავდას“ პირველ ნომერზე დავიწყეთ მუშაობა“, - იხსენებს სტალინი. სამ პატარა ოთახში დაფუძნებული პირველი ბოლშევიკური ყოველდღიური გამოცემა ლეგალური იყო, მაგრამ მისი არალეგალური მთავარი რედაქტორი, სტალინი, მას მალულად მართავდა. „პრავდას“ აფინანსებდა ვიქტორ ტიხომიროვი, ყაზანელი მაგნატის შვილი, რომელმაც მემკვიდრეობით  300 ათასი რუბლი მიიღო. ტიხომიროვმა ათასობით რუბლი გადასცა თავის ბავშვობის მეგობარს ვიაჩესლავ სკრიაბინს - იმავე მოლოტოვს, „პრავდას“ დამფუძნებელს.

„მე სიკვდილი მომისაჯეს, - სწერდა კამო ცინცაძეს, - მაგრამ სრულიად მშვიდად ვარ. ჩემს საფლავზე მუდამ მაღალი ბალახი უნდა იზრდებოდეს. ადამიანი სიკვდილს ვერ გაექცევა. ერთ დღეს ყველანი დავიხოცებით. მაგრამ მე კიდევ ვცდი ბედს და იქნებ ჩვენ ერთხელაც გავიცინოთ ჩვენს მტრებზე...“

აღსანიშნავია, რომ სტალინმა ლენინის ორმოცდაშვიდი სტატიის დაბეჭდვაზე უარი განაცხადა.

სტალინს საზღვირს გადაკვეთისთანავე სურდა ლენინთან შეხვედრა, მაგრამ ისე შიოდა, გადაწყვიტა ჯერ ესადილა. ის სადგურის რესტორანში შევიდა და საკმაოდ სასაცილო სიტუაციაში აღმოჩნდა. მან პოლონელ ოფიციანტს რუსულად უხმო. ოფიციანტი უამრავ მაგიდას მოემსახურა, მაგრამ სტალინისკენ არც გაუხედავს, სანამ სტალინს მოთმინება არ დაეკარგა და არ იყვირა: - ეს სამარცხვინოა! ყველას ემსახურებიან, ჩემ გარდა! „განრისხებულმა, თეფში იატაკზე დავახეთქე, ოფიციანტს ერთი რუბლი მივუგდე და გარეთ გამოვვარდი!“ - იხსენებს სტალინი. ლამის შიმშილით კვდებოდა, როცა ლენინთან მიაღწია. ერთმანეთს მიესალმნენ თუ არა, სტალინმა იყვირა: - ჯერ მაჭამე რამე. ნახევრად მკვდარი ვარ. გუშინდელს მერე არაფერი მიჭამია. - გზად რატომ არ ისადილე? იქ კარგი რესტორანია. - პოლონელებმა არაფერი მაჭამეს, - უთხრა სტალინმა. - რა სულელი ხარ, სტალინ! - გაეცინა ლენინს, არ იცი, რომ პოლონელებისთვის რუსული ენა დამპყრობლების ენაა?

სოსომ სტატია 1913 წლის მარტში გამოაქვეყნა ახალი ხელმოწერით „კ. სტალინი“. ეს სახელი 1910 წლიდან ყალიბდებოდა: თავდაპირველად ის ხელს აწერდა, როგორც „კ. სტ.“, შემდეგ „კ.საფინი“ და „კ.სოინი“. კონსპირატორულ ცხოვრებას ბევრი მეტსახელი მოჰქონდა, ხშირად - შემთხვევით არჩეულიც. სავარაუდოდ, ულიანოვმა „ლენინი“ ციმბირის მდინარე ლენას მიხედვით აირჩია, მაგრამ, ამის გარდა, 160 სახელს იყენებდა. მან შეინარჩუნა „ლენინი“, რადგან ასე მოაწერა ხელი სტატიას „რა ვაკეთოთ?“, რომელმაც მას აღიარება მოუტანა. ზუსტად ასე მოხდა სტალინის შემთხვევაშიც: სტალინს სახელი ნაციონალურ საკითხზე შექმნილმა ნაშრომმა გაუთქვა და სწორედ ამ სტატიის ხელმოწერა შერჩა სამუდამოდ. „სტალინის“ კიდევ ერთი მომხიბვლელობა მისი „ლენინთან“ ფონეტიკური მსგავსებაც იყო, თუმცა სტალინს ასევე ძალიან მოსწონდა თავისი მეგობარი ქალების სახელების გამოყენება: ამბობენ, რომ სწორედ მისმა საყვარელმა ლუდმილა სტალმა დაუდო დასაბამი ამ სახელს. მაგრამ თავად სტალინი ამას არ აღიარებდა. - ასე ჩემმა მეგობრებმა შემარქვეს, - თვითკმაყოფილებით ეუბნებოდა ის კორესპონდენტს, - მათ მიიჩნიეს, რომ ეს სახელი მიხდებოდა. მოლოტოვი ამტკიცებდა, სტალინმა თავად შეარჩია ეს სახელიო.

სახელი რუსული იყო, თუმცა ის კავკასიელად რჩებოდა და სლავურ „სტალინთან“ ქართულ „კობას“ აერთიანებდა (მეგობრები კი მაინც „სოსოს“ ეძახდნენ). ამ დროიდან მოყოლებული გახდა სტალინი ის, რასაც ისტორიკოსი რობერტ სერვისი „ბინაციონალურ პერსონას“ უწოდებს. 1917 წლის მერე მას თითქოს ოთხმაგი ეროვნება ჰქონდა: ეროვნებით - ქართველი, ერთგულებით - რუსი, იდეოლოგიით - ინტერნაციონალისტი, მოქალაქეობით - საბჭოთა. ხელმოწერა „სტალინი“ იმპერიად და რელიგიადაც კი იქცა. დიქტატორობის დროს სტალინი თავის უნიათო შვილს, ვასილის, ეჩხუბა ამ სახელის გამოყენების გამო: „არც შენ ხარ სტალინი და არც მე! სტალინი საბჭოთა ხელისუფლებაა!“

გადასახლებულთა ეტიკეტი ითვალისწინებდა დაღუპულის წიგნების განაწილებას, მაგრამ, ჩვეულებრივ, სტალინი ითვისებდა ყველა წიგნს, უარს ამბობდა მათ გაყოფაზე და გაცხარებით კითხულობდა.

სვერდლოვი ამბობდა: „აქ კურეიკაში ერთი ამხანაგია (სტალინი), ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ გადასახლებაში ადამიანი სრულიად შიშვლდება და თავის ყველა ნაკლს წარმოაჩენს. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ეს პატარ-პატარა წვრილმანები ურთიერთობაზე მაღლა დგება. აქ მცირეა იმის შესაძლებლობა, რომ კარგი თვისებები დაანახო ვინმეს“.

1914 წლის აგვისტოს ბოლოს, სწორედ იმ დღეს, როცა სტალინი ნავით ჩაუყვა მდინარეს სპანდარიანთან შესახვედრად, სარაევოში ჰაბსბურგების ტახტის მემკვიდრე, ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი მოკლეს გასროლით, რამაც რუსეთი და სხვა დიდი სახელმწიფოები მსოფლიო ომში ჩაითრია. „აგრესიული ქვეყნების ბურჟუაზიულმა ვამპირებმა მსოფლიოში სისხლიანი სასაკლაო გამართეს, - წერდა სტალინი, - მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, ნგრევა, შიმშილი და ძალადობა - ასე აპირებენ ეს გვირგვინიანი და უგვირგვინო მძარცველები უცხო მიწების დაპყრობას და მილიონების მითვისებას“.

„რუსული რევოლუცია ისევე გარდაუვალია, როგორც მზის ამოსვლა. შეძლებს ვინმე, მზის ამოსვლას შეუშალოს ხელი?“ - წერდა სტალინი 1905 წელს.

„ყველგან მიტინგები და გამოსვლები იყო, - იხსენებდა მოლოტოვი, - ეს იყო თავისუფლების პირველი გამოცდა“. მეძავები და ქურდებიც კი შეკრებებს აწყობდნენ და საბჭოებს ირჩევდნენ. ყველაფერი თავდაყირა იდგა: სხვადასხვა ფერის უნიფორმებში გამოწყობილი ჯარისკაცები უკუღმა იხურავდნენ კეპებს, ქალები სამხედრო ქუდებსა და ბრიჯებს ატარებდნენ. „ამ აგზნებულ კარნავალში, ეიფორიის იმ დღეებში ხვევნა-კოცნა და სექსუალური აქტებიც კი პირდაპირ ქუჩაში ხდებოდა“, - წერს ორლანდო ფიგესი.

„სტალინს ეხერხებოდა კულუარული ინტრიგები, - წერს ტროცკი, - მას განსაკუთრებული უნარი ჰქონდა, აეყოლიებინა პროვინციელები“.

როცა საღირაშვილმა სტალინი დაადანაშაულა „პრავდაში“ ანტიმენშევიკური ტყუილების გავრცელებაში, „მან ჩაიცინა, თითქოსდა კეთილგანწყობით“ და აუხსნა, რომ „ტყუილს ყოველთვის უკეთსი ეფექტი აქვს, ვიდრე სიმართლეს. მთავარი მიზნის მიღწევაა“. მოგვიანებით ის მოლოტოვსაც ეუბნებოდა, რომ სიმართლეს სიცრუის ბატალიონი იცავს.

ტროცკი წერდა, რომ ვერავინ უძლებდა ლენინის „ფიქრს, სურვილს, თავდაჯერებასა და სიმამაცეს“.

7 დეკემბერს ლენინმა ჩამოაყალიბა კონტრრევოლუციისა და საბოტაჟის წინააღმდეგ ბრძოლის სრულიად რუსეთის საგანგებო კომიტეტი ანუ „ჩეკა“, რომლის თავმჯდომარედ ძერჟინსკი დანიშნა. „ჩეკას“ – „ოგპუს“ (გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო), „შინსახკომის“, „სუკისა“ და დღევანდელი „ფეესბეს“ წინამორბედს - აბსოლუტური, ზესახელმწიფოებრივი ძალაუფლება ჰქონდა. - რაში გვჭირდება იუსტიციის სახალხო კომისარი? - შეედავა ლენინს ისააკ შტეინბერგი, მემარცხენე სოციალისტ-რევოლუციონერი, - ბარემ სოციალური განადგურების კომისარიატი დავარქვათ! - კარგი ნათქვამია! - უპასუხა ლენინმა, - სწორედ ასე იმოქმედებს ის!

„თანდათან სტალინი სულ უფრო თავდაჯერებულად გრძნობდა თავს, - წერს ტროცკი, - მალე შევამჩნიე, რომ ლენინი სტალინის წინ წამოწევას ცდილობდა, ხაზს უსვამდა მის სიმტკიცეს, გამძლეობას, შეუპოვრობასა და ცბიერებას, როგორც ბრძოლისთვის აუცილებელ თვისებებს“. მოლოტოვი, რომელიც ვერ იტანდა ტროცკის, ასკვნის: „შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ლენინმა გამოყო სტალინი და ტროცკი დანარჩენებისგან, როგორც გამორჩეულად ნიჭიერი ლიდერები“. მალე სუხანოვიც მიხვდა, რომ სტალინის „ხელშია რევოლუციისა და სახელმწიფოს ბედი“. როგორც ტროცკი ამბობს, „ქართველი მალე მიეჩვია ძალაუფლებას“.

„დედა, 10 ათასი წელი იცოცხლე! გკოცნი, შენი სოსო. 1 იანვარი, 1923 წ.; დედა, ვიცი, რომ იმედგაცრუებული ხარ ჩემით, მაგრამ რა ვქნა? ძალიან მოუცლელი ვარ და ხშირად ვერ გწერ. დღე და ღმე ყულფში მაქვს თავი გაყოფილი. გკოცნი. სოსო. 25 იანვარი, 1925წ.; დედა, როგორ ხარ? დიდი ხანია, არაფერი მოგიწერია. ალბათ გაბრაზებული ხარ ჩემზე. მაგრამ რა ვქნა? ისეთი მოუცლელი ვარ. გიგზავნი 150 მანეთს, მეტი არ შემიძლია. თუ კიდევ გჭირდება, მითხარი - რამდენი. შენი სოსო; მოგესალმები, დედა ძვირფასო, მივიღე ხილფაფა, ჯანჯაფილი და ჩურჩხელა. ბავშვებს ძალიან მოეწონათ და მადლობას გითვლიან. მე კარგად ვარ, ჩემზე არ იდარდო. შემიძლია ჩემს ბედს გავუძლო. არ ვიცი, გჭირდება თუ არა ფული. ყოველი შემთხვევისათვის, გიგზავნი 500 მანეთს. ასევე გიგზავნი ჩემი და ბავშვების ფოტოს... კარგად იყავი, ძვირფასო დედა, და მხნეობა შეინარჩუნე. გკოცნი. შენი შვილი სოსო 24 მარტი, 1934 წელი. P.S. ბავშვები გეხვევიან. ნადიას სიკვდილის შემდეგ ჩემი პირადი ცხოვრება ძალიან რთულია, მაგრამ ძლიერი კაცი ყოველთვის გმირულად უნდა იქცეოდეს; მიხარია, რომ ჯანმრთელად ხარ. ჩვენი ოჯახი ნამდვილად ძლიერია!“

საინტერესოა, რომ საშას ერთ-ერთი ხელქვეითი მზარეული, რომელსაც შინსახკომის ჩრდილში საოცარი კულინარიული კარიერა ჰქონდა - ჯერ რასპუტინს ემსახურებოდა, მერე კი ლენინსა და სტალინს - პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პაპა იყო.

იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის მეტსახელები და კოდური სახელები: სოსო, სოსელო, ბესო, კობა, პეტროვი, ივანოვიჩი, კობა ივანოვიჩი, ბესოშვილი, ივან ივანოვიჩ ბესარიონოვიჩი, გალიაშვილი, სიმონ ლეჟავა, კ.კატო, გაიოზ ბესოევიჩ ნიჟარაძე, ზახარ მელიქიანი, პეტრე ჩიჟიკოვი, ვასილი, ვასილევი, ვასია, ვასკა, უცნაური ოსიპი, ოსიპ-კობა, ივანოვი, ჩოფურა ოსკა, კავკასიელი, მერძევე, ჩოფურა, გეზა, კუნკულა, დავითი, მღვდელი, გიორგი ბერძენიშვილი, კ. სტეფინი, კ.სტ, კ. საფინი, კ. სოლინი, კობა სტალინი, ი.ჯუღაშვილი-სტალინი, ი.ბ. სტალინი.

მთარგმნელი - ნანა დიხამინჯია
„ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა“, 2009წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში