გაბრიელ გარსია მარკესი - ლათინური ამერიკის მარტოობა

1982 წელს სტოკჰოლმში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მინიჭებასთან დაკავშირებით წაკითხული ლექცია

ფლორენციელმა ზღვაოსანმა - ანტონიო პიგაფეტამ, რომელიც მაგელანს მსოფლიოს გარშემო პირველი მოგზაურობისას ახლდა, ჩვენებური, სამხრეთ ამერიკის პირქუში ქრონიკა ასახა, რომელიც შეთხზულ თავგადასავალს უფრო ჰგავდა.

გვიამბო, თუ როგორ იხილა ღორი ზურგზე ჭიპლარით, უფეხო ფრინველნი მამრის ზურგზე ბარტყებს რომ ჩეკდნენ და ის უენო, პელიკანის მსგავსნიც, ნისკარტი ჩამჩას რომ მიუგავდათ. ის გადაშენებული ცხოველიც აღწერა, ცხენივით რომ ჭიხვინებდა და ჯორის თავი და ყურები, აქლემის სხეული და ირმის ფეხები ჰქონდა. არც იმ პირველი ადგილობრივი მკვიდრის აღწერა დავიწყებია, პატაგონიაში რომ შემოხვდათ და, სარკეში საკუთარი გამოსახულების დანახვით შეშინებულმა გიგანტმა, გონება დაკარგა.

ეს პატარა, მაგრამ მომაჯადოებელი წიგნი, რომელშიც უკვე ბუნდოვნად აისახა დღევანდელი რომანის სათავეები, არც მეტი, არც ნაკლები, ჩვენი რეალობის გასაოცარი დადასტურებაა. ინდიელმა ქრონიკოსებმა კიდევ უთვალავი რამ გვიანდერძეს: ელდორადო, ასე ნანატრი და აუხდენელი ოცნების ქვეყანა, დიდი ხნის მანძილზე კარტოგრაფების ფანტაზიისამებრ მრავალრიცხოვან რუქებზე ფორმასა და ადგილს რომ იცვლიდა; მარადიული ახალგაზრდობის წყაროს ძიებაში მითიური ალვარ ნუნიეს კაბესა დე ვაკა, ჩრდილოეთ მექსიკას რვა წლის მანძილზე რომ იკვლევდა. ეს უგუნური ექსპედიცია იყო, რომლის წევრებმაც ერთმანეთი შეჭამეს და ექვსასიდან მხოლოდ ხუთიღა გადარჩა; ერთ-ერთ ყველაზე ამოუცნობ საიდუმლოდ იმ თერთმეტი ათასი ჯორის ისტორია რჩება, კუსკოდან რომ დაიძრა და თითოეულის ტვირთი ას ფუნტ ოქროს შეადგენდა. მიზნად ატაუალპას გამოსასყიდის გადახდა დაესახათ, თუმცა დანიშნულების ადგილამდე არასდროს მიუღწევიათ; მოგვიანებით, კოლონიის პერიოდში, კარტახენაში მიწაყრილებზე გაზრდილ ქათმებს ჰყიდდნენ, რომელთა ჩიჩახვშიც ოქროს კენჭებს პოულობდნენ. ჩვენი დამფუძნებლების ოქროს ციებ-ცხელებამ დღემდე მოსვენება დაგვიკარგა. როგორც იქნა, გასულ საუკუნეში გერმანულმა მისიამ, რომელმაც პანამის არხის ოკეანეთშორისი რკინიგზის კონსტრუქციის შესწავლა იტვირთა, დაასკვნა, რომ პროექტი განხორციელებადი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რელსებს არა რკინის (რომლის ნაკლებობაც იგრძნობოდა იმხანად რეგიონში), არამედ ოქროსგან დაამზადებდნენ.

ესპანური ბატონობის დამოუკიდებლობამ შეშლილობის საფრთხე მაინც ვერ აგვარიდა: გენერალი ანტონიო ლოპეს დე სანტანა, რომელიც სამჯერ მოგვევლინა მექსიკის დიქტატორად, დიდი ზარ-ზეიმით დაკრძალავს ომში (“Guerra de los pastels”) დაკარგულ მარჯვენა ფეხს; გენერალი გაბრიელ გარსია მორენა, აბსოლუტური მონარქის სტატუსით, ეკვადორს თექვსმეტ წელს მართავდა. საზეიმო ფორმასა და აბჯარში გამოწყობილ მის ცხედარს საპრეზიდენტო სკამზე დაწვავენ; სალვადორის დესპოტმა გენერალმა-მაქსიმილიანო ერნანდეს მარტინესმა კი 30 ათასი გლეხი ბარბაროსულად ამოჟლიტა, შემდგომ ქანქარა გამოიგონა, რათა გამოეკვლია მოწამლული იყო თუ არა საკვები, და ქუნთრუშის ეპიდემიასთან საბრძოლველად გარე განათება წითელი ქაღალდით შეამკო; გენერალ ფრანცისკო მორანის პატივსაცემად ტეგუსიგალპას მთავარ მოედანზე აღმართული ძეგლი სინამდვილეში მარშალ ნეის ქანდაკებაა, რომელიც პარიზში, გამოუსადეგარი სკულპტურების საწყობში იქნა შეძენილი.

თერთმეტი წლის წინ ჩვენი დროის ერთ-ერთმა გამოჩენილმა პოეტმა - პაბლო ნერუდამ ამ გარემოებას ახსნა საკუთარი სიტყვებით მოუძებნა: მას შემდეგ, რაც ევროპამ თავისი კეთილგონიერებით და ზოგჯერ უგუნურადაც კი ლათინური ამერიკის შესახებ ფანტასტიკური ცნობები უფრო მეტი იმპულსით გააღვივა, ამ ისტორიული ქალებითა და ჰალუცინაციური მამაკაცებით დასახლებულმა უზარმაზარმა სამშობლომ ასახვა ლეგენდაში ჰპოვა. ერთი წუთითაც კი არ გვქონდა მოსვენება. ალმოდებულ სასახლეში გამაგრებული, პრომეთესეული პრეზიდენტი მხოლოდ მთლიანი ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში იღუპება, ხოლო ორმა საეჭვო და გაუხსნელმა ავია კატასტროფამ მეორე, უფრო კეთილშობილი პრეზიდენტისა და იმ დემოკრატი სამხედროს სიცოცხლე შეიწირა, რომელმაც ხალხის ღირსება აღადგინა. ხუთი ომისა და ჩვიდმეტი სახელმწიფოებრივი გადატრიალების შედეგად ლუციფერისეული დიქტატორი გამოჩნდა, რომელიც ღვთის სახელით, ჩვენი დროის ლათინური ამერიკის ეთნოციდს დაასრულებს. ამასობაში, ოცი მილიონი ლათინოამერიკელი ბავშვი ორი წლის ასაკსაც ვერ აღწევს და იღუპება. დაღუპულთა ეს რიცხვი 1970 წლიდან ევროპაში დაბადებულთა რაოდენობას აღემატებოდა. თითქმის 120 ათასი ადამიანი რეპრესიის საბაბითაა გაუჩინარებული. ეს იგივეა, რაც თითქოს უცნობი იყოს, სად გაქრნენ ქალაქ უფსალას მცხოვრებნი. დაპატიმრებულ ორსულ ქალთა უმრავლესობამ ბავშვები არგენტინის ციხეებში გააჩინა, რომლებიც მოგვიანებით ფარულად გააშვილეს, ან სამხედრო ხელისუფლების მიერ ობოლთა თავშესაფარში იქნენ მიბარებულნი. ამ გარემოების აღკვეთას კონტინენტის 200 ათასი ქალი და მამაკაცი და ცენტრალური ამერიკის სამი პატარა და თავნება ქვეყნის - ნიკარაგუას, სალვადორისა და გვატემალას 100 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა. მსგავსი რამ ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ მომხდარიყო, ოთხ წელიწადში ძალადობრივი სიკვდილით დაღუპულთა პროპორციული ციფრი 600 მილიონს მიაღწევდა.

ჩილედან, რომელიც სტუმართმოყვარეობის ტრადიციითაა განთქმული, მილიონი ადამიანი გაიქცა, რაც მოსახლეობის 12%-ს შეადგენდა. ურუგვაიმ, კონტინენტის ყველაზე ცივილიზებულმა, 2,5 მილიონიანმა ქვეყანამ, გადასახლების დროს ყოველი ხუთი მოქალაქიდან ერთი დაკარგა. 1979 წლიდან, სალვადორის სამოქალაქო ომის დროს, ყოველი ოცი წუთის განმავლობაში თითო ემიგრანტს ითვლიდნენ. ეს ის ქვეყანაა, რომელსაც ნორვეგიაზე გაცილებით მრავალრიცხოვანი მოსახლეობის ყოლა შეეძლო ლათინური ამერიკის იძულებით გადასახლებულებისა და ემიგრანტებისაგან.

გავბედავ ვიფიქრო, რომ ეს შემზარავი რეალობაა და არა მხოლოდ მისი ლიტერატურული გამოხატვა, რამაც წელს შვედეთის აკადემიის ყურადღება მიიპყრო. რეალობა, რომელიც ფურცლებიდან კი არ მეტყველებს, არამედ ჩვენს გვერდით ცხოვრობს და ყოველდღიურად ჩვენს ურიცხვ გარდაცვლილთა ბატონ-პატრონია. რეალობა, უძღებ ქმნილებათა უბედურებითა და მშვენიერებით სავსე წყაროს რომ ასაზრდოებს, რომლის მკაფიოდ გამოკვეთილი სიმბოლოც ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით ეს ნაღვლიანი, მოხეტიალე კოლუმბიელია. პოეტებსა და მათხოვრებს, მუსიკოსებსა და წინასწარმეტყველებს, მეომრებსა და თაღლითებს, ამ უსამართლო რეალობის ქმნილებებს, ფანტაზიისათვის ნაკლებად მიუმართავთ, რადგან ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა საარსებო საშუალებების პირობითობა იყო, რაც სარწმუნოს ხდიდა ჩვენს ცხოვრებას, სწორედ ეს არის, მეგობრებო, ჩვენი მარტოსულობის კვანძი.

ამდენად, თუ ეს სიძნელენი თავად ჩვენვე გვასუსტებს, რაც გარდაუვალია, რთული აღარაა მიხვდე, რომ მსოფლიოს ამ კუთხის საკუთარი კულტურით აღტაცებული ნიჭიერი ადამიანები რატომ დარჩნენ თვითგამოხატვის უნარის გარეშე. გასაგებია, რომ დაჟინებით ცდილობენ საკუთარი საზომით გაგვზომონ მიუხედავად იმისა, რომ მიყენებულ ზარალს ყველა არაერთგვარად განიცდის, საკუთარი თავის ძიება კი ჩვენთვის ისეთივე რთული და სისხლიანი იყო, როგორც მათთვის. უცხო თვალით აღქმულმა ჩვენმა რეალობამ უფრო გაგვაუცხოვა, უფრო შეგვბოჭა, უფრო განგვამარტოვა. შესაძლოა, პატივცემული ევროპა ამ ყველაფერს უფრო გაგებით მოჰკიდებოდა, ჩვენი თავი საკუთარ წარსულში რომ დაენახა; თუ გაიხსენებდა, რომ ლონდონს სამასი წელი დასჭირდა პირველი კედელი რომ აღემართა და კიდევ ამდენივე, ეპისკოპოსი რომ ჰყოლოდა; რომი ოცი საუკუნის მანძილზე უმეცრად იბრძოდა, სანამ ეტრუსკმა მეფემ ისტორიაში არ შეიყვანა; ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში დღევანდელი მშვიდობისმოყვარე შვეიცარიელები, რომლებიც უზარმაზარი ყველითა და შეუპოვარი საათებით გვატკბობენ, როგორც მოხალისე ჯარისკაცები, ევროპას სისხლით შეღებავენ; თუმცა რენესანსის მიწურულს, 12 ათასი ლანდსკნეხტი საიმპერატორო ჯარების ხარჯით, გაძარცვავს და დაარბევს რომს, 8 ათას მოსახლეს კი გაჟლეტს.

არ მივილტვი ხორცი შევასხა ტონიო კროგერის ილუზიებს, უბიწო ჩრდილოეთისა და ვნებიანი სამხრეთის გაერთიანების ნატვრას, რამაც 53 წლის წინ ამ ადგილას ჩემს ნაცვლად მდგარი თომას მანი აღაფრთოვანა. მაგრამ მჯერა, რომ ნათელი სულის ევროპელები, ისინი, ვინც აქაც უფრო ჰუმანური და სამართლიანი სამშობლოსათვის იბრძვიან, შეძლებენ უკეთ დაგვეხმარონ, თუკი საფუძვლიანად მოახერხებენ ჩვენს აღქმას. მხოლოდ ჩვენს ოცნებებთან სოლიდარობა ამ მარტოობის გრძნობას ვერ გააქარვებს, თუ ხალხი კანონიერ მხარდაჭერას არ იგრძნობს. ის ხალხი, ილუზიით რომ ცხოვრობს და საკუთარი თავი მსოფლიოში დამკვიდრებულად მიაჩნია.
ლათინურ ამერიკას არ სურს და არც საბაბი გააჩნია ქიმერული, ახირებული წინასწარმეტყველების საგანი იყოს, ხოლო მისი დამოუკიდებლობის განზრახვა დასავლეთის მისწრაფებად იქცეს. მიუხედავად იმისა, რომ ნაოსნობის მიღწევების წყალობით ასე შემოკლდა მანძილი ლათინურ ამერიკასა და ევროპას შორის, ჩვენი კულტურული დისტანცია უფრო გაიზარდა. რატომ ხდება, რომ ის ჭეშმარიტება, რომლის წყალობითაც ჩვენ ლიტერატურაში დამკვიდრების საშუალება გვეძლევა, თავადვე უარგვყოფს, რაკი უნდობლობით უყურებს ჩვენს ასეთ დაუცხრომელ მცდელობას საზოგადოებრივი ცვლილების საკითხში? რატომ ფიქრობენ, რომ საზოგადოებრივი მართლმსაჯულება, რომელიც ავანგარდ ევროპელთა ნაწილის მცდელობით ინერგება, არ შეიძლება თავისი განსხვავებული პირობებითა და მეთოდებით ლათინო-ამერიკელთა ობიექტივიც იყოს? არა: ჩვენი ისტორიის უზომო ძალადობა და ტკივილი აურაცხელი საუკუნეობრივი უსამართლობისა და სიმწარის შედეგია და არა ჩვენი სახლიდან სამი ათას ლიგაზე ჩაფიქრებული შეთქმულება. უამრავმა ევროპელმა მოაზროვნემ და მმართველმა, მსგავსად იმ ბებია-ბაბუების ინფანტილურობისა, საკუთარი ახალგაზრდობის თავქარიანობას რომ დაივიწყებენ, ირწმუნა, თითქოს ჩვენი ცხოვრება მხოლოდ სამყაროს ორი დიდი ბატონის ნება-სურვილზე ყოფილიყო დამოკიდებული. ამაშია, მეგობრებო, ჩვენი მარტოობის სიდიდე.

მიუხედავად ამისა, ჩაგვრას, ძარცვასა და უმწეობას სიცოცხლით ვპასუხობთ. ვერც წყალდიდობებმა, ვერც ჭირმა, ვერც შიმშილმა, ვერც კატაკლიზმებმა და ვერც საუკუნეების მანძილზე მიმდინარე ომებმა ვერ შეძლეს სიკვდილზე სიცოცხლის შეუპოვარი უპირატესობა შეეზღუდათ. უპირატესობა, რომელიც ჩქარობს და იზრდება: ყოველწლიურად 74 მილიონით მეტი ახალშობილია, ვიდრე გარდაცვლილი. ახალშობილთა რაოდენობა ნიუ-იორკის ყოველწლიურად შვიდჯერ გაზრდილ მოსახლეობას უდრის. მათი უმრავლესობა სწორედ იმ ქვეყნებში იბადება, სადაც საარსებო საშუალებები ნაკლებადაა, მათ შორისაა, რა თქმა უნდა, ლათინური ამერიკის ქვეყნებიც. სანაცვლოდ, აყვავებულ ქვეყნებში დაღუპულთა უზარმაზარი ნაკადი დაგროვდა, რაც უდრის არა მხოლოდ იმ ადამიანთა ასჯერ განადგურებას, ვისაც დღემდე უცხოვრია, არამედ საერთო ჯამს იმ ადამიანებისა, ვისაც კი ამ უიღბლო პლანეტაზე ფეხი დაუდგამს.

ერთ დღეს ჩემმა მასწავლებელმა - უილიამ ფოლკნერმა ამ ადგილიდან წარმოსთქვა: „უარს ვაცხადებ კაცობრიობის დასასრული დავუშვა.“ უღირსი ვიქნებოდი, ეს ადგილი დამეკავებინა, გაცნობიერებული რომ არ მქონოდა კაცობრიობის წარმოშობის დროიდან გაჩენილი ის კოლოსალური კატასტროფა, რომელსაც 32 წლის წინ თომას მანი უარყოფდა და რომელიც დღესდღეობით სხვა არაფერია, თუ არა მარტივი მეცნიერული შესაძლებლობა. ამ რეალობის წინაშე, კაცობრიობის მანძილზე უტოპიად რომ ითვლებოდა და ფარდა ავხადეთ, ჩვენ, შემოქმედნი თავს მოვალედ ვთვლით, ვირწმუნოთ, ჯერ კიდევ გვიანი არაა საპირისპირო უტოპიის შექმნა წამოვიწყოთ. იმ უტოპიის, სადაც ვერავინ ვერავის ნაცვლად ვერაფერს გადაწყვეტს, სიკვდილსაც კი, სადაც სიყვარული ჭეშმარიტი იქნება, შესაძლებელი იქნება ბედნიერება და სადაც ასი წლის მარტოობისთვის განწირულ მოდგმას საბოლოოდ და სამუდამოდ ამქვეყნად მოსვლის მეორე შესაძლებლობა მიეცემა.

თარგმანი დაბეჭდილია მსოფლიო ლიტერატურის მთარგმნელობით ჟურნალ “საუნჯის” 2006 წლის #5-6.