ელინური მითები - ოიდიპოს მეფე

ოდესღაც თებეში მეფობდა კადმის შთამომავლის ლაბდაკის შვილი ლაიოსი, რომელსაც ცოლად ჰყავდა თებელი მენეკეას ასული იოკასტა.

მეფე და დედოფალი დიდხანს ბედნიერად ცხოვრობდნენ და თავისი გონივრული მართვა-გამგეობით დიდი პატივისცემა ჰქონდათ დამსახურებული მთელ სახელმწიფოში. ყველანი დიდის ნდობით შეჰყურებდნენ მეფესა და დედოფალს და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მკვიდრთა კეთილდღეობა საიმედო მმართველთა ხელში იყო.

სახელმწიფოს მკვიდრთ მხოლოდ ის აწუხებდათ, რომ მეფეს შვილი არ ჰყავდა და ამიტომ ადვილად მოსალოდნელი იყო სამეფო ტახტი ვინმე უღირსს ჩაეგდო ხელში.

მეფე ლაიოსი და დედოფალი იოკასტა დიდ საგონებელში იყვნენ, რომ ყოვლად შემძლებელმა ღმერთებმა შვილები არ აჩუქეს.

მეფე ლაიოსი დღე და ღამე სულ იმას ნატრობდა, რომ მემკვიდრე მისცემოდა და სამეფო ტახტი საგვარეულოს შორეულ შტოზე არ გადასულიყო.

ამ საჭირბოროტო საკითხის საბოლოოდ გადასაჭრელად მეფემ მისანს მიმართა.

მეფე ლაიოსმა მისნისაგან ამნაირი პასუხი მიიღო: „ლაიოს, შვილებისაგან ლოცვა-კურთხევას ვერ დაიმსახურებ. ღმერთები შვილს გაჩუქებენ, მაგრამ იგივე შვილი მოგკლავს, ულმობელი ბედისწერა მთელ შენს შთამომავლობას დაღუპავს“.

ლაიოსმა იოკასტას უამბო მისნის საშინელი წინასწარმეტყველება. მეფე და დედოფალი მეტად შეაშფოთა ამ საბედისწერო წინასწარმეტყველებამ.

გავიდა რამდენიმე ხანი, და იოკასტას მართლაც მიეცა ვაჟი, მაგრამ მისნის წინასწარმეტყველებით შეშინებულმა ლაიოსმა ბავშვს თვალიც კი არ გადაავლო.

მეფემ, ბედისწერის ასაცილებლად, მსახურს დაავალა ყმაწვილი კითერონის მთების უღრან ტყეში გადაეგდო.

ბავშვს რომ სიკვდილისაგან თავი არ დაეღწია, ლაიოსმა მას ორივე ფეხის ტერფი საკუთარი ხელით დაუხვრიტა.

მსახურს შეეცოდა ბალღი და გადასაგდებად გადასცა მწყემსს, რომელიც კითერონის მთებზე კორინთის მეფის პოლიბოსის საქონლის ჯოგს აძოვებდა.

როცა სასახლეში დაბრუნდა, მსახურმა მეფეს მოახსენა დავალება პირნათლად შევასრულეო.

მეფე და დედოფალი მსახურის განცხადებით კმაყოფილნი დარჩნენ, გამხიარულდნენ, მისნის საბედისწერო წინასწარმეტყველება დაივიწყეს და ისევ ცხოვრების ფერხულში ჩაებნენ.

პოლიბოსის მწყემსსაც შეეცოდა ბავშვი. მთებში გადაგდების ნაცვლად მან ფეხების ჭრილობები სათუთად შეუხვია მას და ოიდიპოსი დაარქვა, რაც ფეხებდასიებულს ნიშნავს.

პირველ ხანებში მწყემსი თვითონ უვლიდა ბავშვს, შემდეგ კი იგი პოლიბოსმა იშვილა და ნამდვილ შვილსავით ზრდიდა.

როცა წამოიზარდა, ოიდიპოსი დარწმუნებული იყო, რომ იგი პოლიბოსის ნამდვილი შვილია.

ერთ ლხინში ძალზე დამთვრალმა ერთმა კორინთელმა მოქალაქემ თავმომწონე ყმაწვილს პირში მიახალა: შენ მეფე პოლიბოსის ღვიძლი შვილი არა ხარო.

ოიდიპოსი მეტად შეურაცხყო ამ მისთვის სრულიად მოულოდნელმა ამბავმა. იგი დაუყოვნებლივ დაბრუნდა სასახლეში და გადაჭრით მოსთხოვა მეფე პოლიბოსს: დაუფარავად მითხარი სიმართლეო.

მეფე ყოველგვარად შეეცადა დაემტკიცებინა, რომ ოიდიპოსი მისი ღვიძლი შვილია, რომ დამთვრალი კორინთელი მოქალაქის სიტყვები მტკნარი სიცრუეა, მაგრამ დაეჭვიანებული ყმაწვილი სავსებით მაინც ვერ დააჯერა.

ოიდიპოსს მოსვენებას არ აძლევდნენ მწარე ფიქრები და ამიტომ მან გადაწყვიტა დელფის მისანს შეჰკითხებოდა თავისი ნამდვილი ვინაობის გამოსარკვევად.

აპოლონ ღმერთის მისნის განმარტებით, ყმაწვილს მომავალში დიდი უბედურება უნდა დასტეხოდა თავს.

მისანმა ყმაწვილს ასე უწინასწარმეტყველა: „დასტოვე მამაშენი. თუ სადმე კიდევ შეხვდები მას, უთუოდ შემოგაკვდება და შემდეგ საკუთარ დედას ცოლად შეირთავ“.

ამ წინასწრმეტყველებამ მეტად შეაშფოთა ოიდიპოსი. თავზარდაცემულმა ყმაწვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა კორინთს გაშორებოდა და ბეოტიაში გადასახლებულიყო.

დიდად დაღონებული ოიდიპოსი დელფასა და დაულიეს შუა მდებარე ბილიკით გაემგზავრა ბეოტიისაკენ.

ოიდიპოსს ერთ გზაჯვარედინზე შემოხვდა ეტლით მომავალი მოხუცი.

მეეტლემ და მოხუცმა მოინდომეს ოიდიპოსი ტლანქად ჩამოეყენებინათ გზიდან. ფიცხი ყმაწვილი ცეცხლივით აენთო და კომბლის მძლავრი დაკვრით ჩამოაგდო ერთიანად თავპირგასისხლიანებული მეეტლე.

მოხუცმა ვერ მოითმინა ყმაწვილის ასეთი კადნიერება და ჯოხის დაკვრით ოიდიპოსს პირისახე დაუსისხლიანა.

თავმომწონე ყმაწვილმა მოიმარჯვა სამგზავრო კომბალი და ისე დაჰკრა მოხუცს თავში, რომ საბრალომ სული განუტევა.

ოიდიპოსი დარწმუნებული იყო, რომ მან მოკლა ვინმე თავზეხელაღებული ბეოტიელი, რადგანაც მოხუცის გარეგანი შესახედაობა სრულიადაც არ მოწმობდა წარჩინებული გვარეულობის წარმომადგენლობას.

ნამდვილად კი ოიდიპოსმა მოკლა მეფე ლაიოსი, რომელიც ქალაქ დელფში მიემგზავრებოდა თავისი ბედის გამოსარკვევად.

ამრიგად შესრულდა ღმერთების წინასწარმეტყველების პირველი ნაწილი.

ოიდიპოსმა განაგრძო გზა და სულ მოკლე ხანში მივიდა თებეში, სადაც სწორედ იმ დროს გამოჩენილიყო რაღაც საშინელი ცხოველი სფინქსი.

ხალხის ამ თავზარდამცემ ცხოველს სახე ქალისა ჰქონდა, ფრთები ფრინველისა, ტანი და კუდი კი ლომისა.

სფინქსი დაბუდებული იყო ფოკიონის მთების მაღალ მწვერვალზე და იქიდან აძლევდა თებელებს ძნელად ასახსნელ გამოცანებს.

ვინც ამ გამოცანას ვერ გამოიცნობდა, სფინქსი ნაკუწ-ნაკუწად გლეჯდა და ხარბად ყლაპავდა.

ამრიგად დაიღუპა თებეს მრავალი წარჩინებული მოქალაქე, ამრიგადვე დაიღუპა დედოფალი იოკასტას ძმის კრეონის ვაჟიშვილი.

ხალხის მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა. მთელი სამეფო შიშით ძრწოდა.

თავზარდაცემულმა თებეს წარჩინებულებმა ერთხმად დაადგინეს: ვინც სახელმწიფოს ამ უბედურებისაგან გამოიხსნის, ჯილდოდ თებეს სამეფო ტახტს მიიღებს და ქვრივი დედოფალი იოკასტაც მას მეუღლედ გაჰყვებაო.

სწორედ იმ დღეს, როცა ეს დადგენილება საჯაროდ გამოიტანეს, თებეში მივიდა ხანგრძლივი მოგზაურობით დაქანცული ოიდიპოსი.

ღმერთების საშინელი წინასწარმეტყველებით შეშინებული ოიდიპოსი სიცოცხლეს დიდად არ აფასებდა. მან სიამოვნებით მიიღო ტებელი წარჩინებულების მოწოდება და მთელი თავისი ახალგაზრდული აღტკინებით გადაწყვიტა ეხსნა სახელმწიფო იმ საშინელი უბედურებისაგან.

თავმომწონე ყმაწვილი გაბედულად ავიდა იმ კლდეზე, საცა სფინქსი ბუდობდა, და უშიშრად მოსთხოვა ამ საშინელ ცხოველს მისთვისაც მიეცა გამოცანა ასახსნელად.

სფინქსმა დაუყოვნებლივ შეუსრულა ყმაწვილს თხოვნა და ასეთი შინაარსის გამოცანა მისცა: „დამისახელე ცხოველი, რომელიც დილლით ოთხ ფეხზე დადის, შუადღისას - ორზე, საღამოს კი სამზე“.

გონებამახვილმა ყმაწვილმა ასე განუმარტა ეს გამოცანა: „ეს ცხოველი ადამიანია. პატარაობისას იგი ოთხ ფეხზე დადის, როცა დავაჟკაცდება, ორ ფეხს ხმარობს, სიბერის დროს მესამე ფეხად ჯოხს იშველიებს“.

გონებამახვილმა ოიდიპოსმა სწორედ ახსნა გამოცანა. თავზარდაცემულმა დამარცხებულმა სფინქსმა დაუყოვნებლივ დატოვა თებეს მიდამოები და სადღაც უგზოუკვლოდ გადაიკარგა. ხალხის სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, ყველანი აღტაცებით ულოცავდნენ ახალგაზრდა გმირს ბრწყინვალე გამარჯვებას. თებელებმა ოიდიპოსი მისი გონებამახვილობისა და მამაცობისათვის ერთხმად აირჩიეს თავის მეფედ და ქვრივი დედოფალი იოკასტა მიათხოვეს.

ოიდიპოსსა და იოკასტას ოთხი შვილი მიეცათ: ორი ვაჟი - ეთეოკლი და პოლინიკი, და ორიც ქალიშვილი - ანტიგონა და ისმენა.

ამრიგად, ღმერთების საშინელი წინასწარმეტყველების მეორე ნაწილიც შესრულდა.

მომხდარი ამბის მთელი საშინელება და საიდუმლოება ხალხისაგან დიდხანს იყო დაფარული. აბა ვის რა ეცოდინებოდა, როცა მეფეც და დედოფალიც ღრმად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სრულიად მართებულად, სრულიად კანონიერედ განაგებდნენ სამეფო ტახტს.

მეფე ოიდიპოსი და დედოფალი იოკასტა რამდენიმე წლის განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობდნენ და თავისი გულკეთილი მართვა-გამგეობით ხალხში დიდი სიყვარული დაიმსახურეს.

მეფე ოიდიპოსისა და დედოფალ იოკასტას ბედნიერად ცხოვრების დასასრულიც მოახლოვდა.

ღმერთებმა შავი ჭირი მოუვლინეს სახელმწიფოს. ეს საშინელი სენი მუსრს ავლებდა სახელმწიფოს მკვიდრთ. ყოველ ოჯახში განუწყვეტლივ ტირილი და კვნესა გაისმოდა. საიქიოს სამეფო მიცვალებულთა სულებით აივსო, ქალაქი ერთიანად დაცარიელდა.

შეშინებული თებელები ყველანი სასახლისაკენ მიისწრაფოდნენ და მეფეს მუხლმოდრეკილნი სთხოვდნენ დახმარებას.

სიბრალულით აღვსილი მეფე ოიდიპოსი ამ საშინელი სენის აღსაკვეთად ათას სხვადასხვა ზომას იღებდა, მაგრამ ყოველგვარი ცდა ამაო იყო.

და ბოლოს მეფემ დელფოში გაგზავნა თავისი ცოლისძმა კრეონი, რომელსაც ღმერთებისაგან უნდა მიეღო საჭირო რჩევა-დარიგება, თუ რა საშუალებით შეიძლებოდა საშინელი უბედურებისაგან ხალხის გადარჩენა.

კრეონმა მეფე ოიდიპოსს სამწუხარო ამბავი მოუტანა.

აპოლონ ღმერთის მისნის განმარტებით, სახელმწიფო მხოლოდ მაშინ განთავისუფლდებოდა ამ საშინელი სენისაგან, როცა თებელები მეფე ლაიოსის მკვლელს აღმოაჩენდნენ და ვერაგ დამნაშავეს სახელმწიფოს საზღვრებიდან გააძევებდნენ.

სულითა და გულით აღშფოთებულმა ოიდიპოსმა დაუყოვნებლივ მოიწვია სახალხო კრება და დიდი საჩუქარი აღუთქვა, ვინც მეფე ლაიოსის მკვლელობის შესახებ რაიმე სწორ ცნობას მისცემდა მეფესა და სახალხო კრებას.

ამ სახალხო კრებაზე ოიდიპოსმა მოიწვია აგრეთვე მოხუცი ბრმა ტირეზიასი, რომელსაც თავისი გულთამხილაობით ხალხში დიდი პატივისცემა ჰქონდა დამსახურებული.

მეფემ მოხუც ტირეზიას საჯაროდ სთხოვა დახმარება გაეწია მეფე ლაიოსის მკვლელის აღმოსაჩენად.

საბრალო მოხუცს გულის სიღრმიდან სასოწარკვეთილების საშინელი ძახილი აღმოხდა.

ხანგრძლივი დუმილის შემდეგ მოხუცმა გულთამხილავმა მწარედ ამოიკვნესა: „საშინელებაა, როცა ადამიანს შეუძლია დამნაშავე დაასახელოს, მაგრამ ამ შესაძლებლობას იგი მოკლებულია! მეფეო, ნება მიბოძე დუმილით შევხვდე შენს თხოვნას! ნუ მაიძულებ, მოწყალეო ხელმწიფეო, რომ ღმერთების საშინელი წინასწარმეტყველების გამოაშკარავება ჩემის პირიდან მოისმინო!“

მეფე მაინც დაჟინებით სთხოვდა მოხუც ტირეზიას თავისი საიდუმლოების გამომჟღავნებას, მაგრამ გულთამხილავი მოხუცი ურყევად დუმდა და კრინტს არ ძრავდა.

მეფე ოიდიპოსი იმდენად აღაშფოთა მოხუცი ტირეზიასის ურჩობამ, რომ ლანძღვა-გინებასაც კი მიმართა და ყველასაგან პატივცემულ გულთამხილავს კრეონისაგან მოსყიდვაც კი დასწამა, საჯაროდ „მატყუარაც“ კი უწოდა.

ოიდიპოსის მრისხანე სიტყვებმა დაარღვია მოხუცი გულთამხილავის დუმილი.

მეფის სიტყვებით დიდად შეურაცხყოფილმა მოხუცმა აღელვებულის კილოთი შეჰყვირა: „მეფეო, თუ გსურს გაიგო, ვინაა დამნაშავე მეფე ლაიოსის მკვლელობაში, გთხოვ მოთმინებით მომისმინო! შენ თვითონ ხარ ის დამნაშავე, რომელმაც ხალხს ეს დიდი უბედურება თავს მოახვიე! მეფე ლაიოსის მკვლელი თვითონ შენა ხარ, მეფეო! დიახ, შენ მოკალი მამაშენი, წარბშეუხრელად შეირთე ცოლად დედაშენი და ამრიგად შეარცხვინე მთელი შენი გვარეულობა!“

მოხუცი გულთამხილავის სიტყვები ყუმბარასავით გასკდა სახალხო კრებაზე.

ოიდიპოს მეფეს თავზარი დაეცა, საბრალომ აზრი და გონება დაკარგა. სიბრაზისაგან ცეცხლივით ანთებული მეფე, მამის მკვლელი, მოხუცს საჯაროდ ლანძღავდა უშვერი სიტყვებით, მიწასთან ასწორებდა მას.

მოხუცი გულთამხილავიც თავის მხრით უფრო და უფრო მკვეთრი სიტყვებით უსერავდა გულს გააფთრებულ ოიდიპოს მეფეს და წყლულზე წყლულს უმატებდა.

ტირეზიასმა ოიდიპოსს უწინასწარმეტყველა, - ყოვლად შემძლებელი ღმერთები სამუდამოდ დაგწყევლიან და შეგაჩვენებენ შენ და მთელ შენს შთამომავლობასაცაო.

მოხუცი გულთამხილავი იმდენად შეურაცხყოფილად თვლიდა თავისთავს, რომ კრებაზე დარჩენაც შეუძლებლად სცნო და დაუყოვნებლივ დატოვა საჯარო სხდომა.

სწორედ ამ დროს სახალხო კრებაზე გამოცხადდა მეფე ოიდიპოსის ცოლისძმა კრეონი.

ოიდიპოსი და კრეონი ერთი-მეორეს შეედავნენ, ისინი უხეში სიტყვებით ლანძღავდნენ ერთმანეთს.

მეფესა და ცოლისძმას შორის ატეხილი დავა უფრო და უფრო მწვავე ხასიათს იღებდა.

დედოფალი იოკასტა ცდილობდა ამ შეუფერებელ ადგილას გამართული დავა მოესპო, მაგრამ დედოფლის ცდა უნაყოფი იყო.

იოკასტა ჩაერია მეფისა და კრეონის შეუფერებელ სჯა-ბაასში და დაუნდობლად დაუწყო ლანძღვა-გინება კრებიდან წასულ მოხუც ტირეზიასს.

„აი, რამდენად უმეცარი და მატყუარა გამოდგა მოხუცი გულთამხილავი, - უმტკიცებდა დედოფალი ოიდიპოს მეფეს: - ჩემ პირველ მეუღლეს ღმერთებმა უწინასწარმეტყველეს, რომ მას საკუთარი შვილი მოკლავდა, მაგრამ ეს წინასწარმეტყველება არ გამართლდა, ჩვენი ერთადერთი შვილი სამი დღისა იყო, როცა მთებში დაიღუპა. ჩემი

მეუღლე მეფე ლაიოსი კი ვიღაც უცნობმა მოკლა გზაჯვარედინზე, როცა იგი დელფში ეტლით მიემგზავრებოდა!“

დედოფლის ამ განმარტებამ თავზარი დასცა ოიდიპოს მეფეს.

„მაშ ეტლით მიმავალი მეფე ლაიოსი გზაჯვარედინზე მოკლეს?“ შეშფოთებული შეეკითხა ოიდიპოსი დედოფალ იოკასტას. ამიწერე მეფე ლაიოსის გარეგნობა და ტანადობა, რამდენი წლისა იქნებოდა მეფე იმ დროს, როცა მოკლეს?“

„მეფე მაღალი იყო, - გულუბრყვილოდ უპასუხა იოკასტამ, - თეთრი თმა ამშვენებდა. ტანადობითა და პირისახის გამომეტყველებით მთლიანად შენ წაგაგავდა“.

-„მოხუცმა ტირეზიასმა მართალი თქვა!“ - სასოწარკვეთილებით წამოიძახა ოიდიპოსმა. მეფემ მხოლოდ ახლა შეიგრძნო მეფე ლაიოსის მკვლელობის მთელი საშინელება.

შიშითა და მოკრძალებით შეუდგა მეფე ოიდიპოსი საქმის ნამდვილი ვითარების გამოკვლევას.

იოკასტას მიერ აღწერილი მეფე ლაიოსის ტანადობა და პირისახის გამომეტყველება, თუმცა ჯერ კიდევ ბუნდოვანად, ნათელყოფდა, რომ მეფე ლაიოსის მკვლელი ოიდიპოს მეფე იყო.

სწორედ ამ დროს კორინთიდან მოვიდა მოამბე, რომელმაც განაცხადა: მეფე პოლიბოსი გარდაიცვალა და სამეფო ტახტი, როგორც კანონიერმა მემკვიდრემ, ოიდიპოსმა უნდა დაიჭიროსო.

ამ მოულოდნელი ამბის შეტყობამ ერთხელ კიდევ სიხარულის ფრთები შეასხა დედოფალ იოკასტას.

-„აი,     რამდენად  სიმართლეს  მოკლებულია  ღმერთების წინასწარმეტყველება!“ - სიხარულით ეუბნებოდა დედოფალი ოიდიპოს მეფეს: „ღმერთებმა ხომ გიწინასწარმეტყველეს, მამას მოკლავო, მაგრამ, როგორც ხედავ, მამაშენი მოხუცებულობის გამო თავისი დღით მოკვდა!“ მეფე ოიდიპოსზე კი კორინთიდან მოსული მოამბის სიტყვებმა სულ სხვა შთაბეჭდილება მოახდინა.

საბრალო მეფეს მოაგონდა ის შემთხვევა, როცა ერთხელ ლხინის დროს კორინთელმა მოქალაქემ აშკარად განუცხადა: შენ, ოიდიპოს, მეფე პოლიბოსის ნამდვილი შვილი არა ხარო.

ოიდიპოსი მაინც თავისთავს არ უჯერებდა და თითქო კიდევ რაღაც ეჭვიანობდა.

მაგრამ კორინთიდან მოსულმა მოამბემ ოიდიპოსის უკანასკნელი ეჭვებიც სრულებით გაფანტა.

ოიდიპოსსთან გამოგზავნილი მოამბე აღმოჩნდა სწორედ ის მწყემსი, რომელმაც მეფე ლაიოსის მსახურისაგან ჩაბარებული ბავშვი მეფე პოლიბოსს მიუყვანა აღსაზრდელად.

მოამბე მეფე ოიდიპოსსა და დედოფალ იოკასტას გულახდილად გამოუტყდა, ოიდიპოსი თუმცა პოლიბოსის მემკვიდრედაა გამოცხადებული, მაგრამ გარდაცვალებული მეფის ნამდვილი შვილი არ არისო.

ამ გულახდილმა სიტყვებმა მეფე ოიდიპოსს თვალწინ ნათლად დაუყენა მთელი თავისი უმაგალითო დანაშაულის საშინელება.

საბრალო ოიდიპოსის მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა, იგი სულიერად და ხორციელად იტანჯებოდა, სასოწარკვეთილებას ეძლეოდა.

გონებადაკარგულმა ოიდიპოსმა დატოვა სახალხო კრება და შეშლილივით გაემართა ქალაქისაკენ. საბრალო მეფე ქალაქის ქუჩებს საცოდავად აფარებდა თავს და გამვლელ-გამომვლელს შველას სთხოვდა.

მაგრამ მეფე ლაოსის მკვლელობით აღშფოთებული მოქალაქენი მეფეს ზიზღით შეჰყურებდნენ და მის შეხვედრას ერიდებოდნენ.

სწორედ იმ დროს, როცა საბრალო ოიდიპოსი ასე მწარედ იტანჯებოდა, სასახლეში ახალი საშინელება დატრიალდა: იოკასტამ ვერ აიტანა ოიდიპოსის მიერ ჩადენილი უმაგალითო დანაშაულის სიმძიმე და თავი ჩამოიხრჩო.

ოიდიპოსის მწუხარებას საზღვარი არა ჰქონდა, როცა მან, ისედაც გონებადაკარგულმა, ჭერზე თოკით ჩამოკიდებული იოკასტას გაცივებული გვამი დაინახა.

საბრალო მეფე შეშლილივით მიიჭრა ჭერზე ჩამოკიდებულ დედოფალთან, ჩამოხსნა საბედისწერო თოკი და ცრემლების ღაპა- ღუპით იატაკზე დაასვენა.

გონებადაკარგულმა ოიდიპოსმა შეშლილივით ჩამოგლიჯა იოკასტას მოსახურავს ოქროს შესაკრავი და ისე მძლავრად ჩაიკრა თვალებში, რომ თვალთაგან ამოხეთქილი სისხლის შადრევანი დარბაზის ჭერს სწვდებოდა.

„ჩემი მოელვარე თვალები, - შეშლილივით ბუტბუტებდა ოიდიპოსი, - ამიერიდან ვერ დაინახავენ ვერც ჩემს უბედურებას და ვერც ჩემ მიერ ჩადენილ დანაშაულს! წყვდიადით მოცული ჩემი თვალები ამიერიდან ვერ დაინახავენ ვერც ჩემს მტერს და ვერც ჩემს მოკეთეს! ციური მანათობელი სხივები ამიერიდან ვერ ჩასწვდებიან ჩემს გულსა და სულს!“

ციურ სინათლეს მოკლებულმა მეფემ გადაწყვიტა ხალხის წინაშე თავისი დანაშაულის მონანიება და მსახურებს უბრძანა სახალხო მოედანზე წაეყვანათ.

მსახურებმა დაუყოვნებლივ შეასრულეს საბრალო ოიდიპოსის სურვილი.

მოედანზე თავმოყრილი ხალხი გულთბილად შეხვდა მეფეს. ყველანი იბრალებდნენ საცოდავ მეფეს და თავის გულისწყრომას გულში იმარხავდნენ.

კრებაზე ოიდიპოსის ცოლისძმა კრეონიც გამოცხადდა. კრეონი დიდის სიყვარულითა და პატივისცემით მიესალმა მწუხარებისაგან გონებადაკარგულ მეფეს.

ხალხისა და კრეონის გულთბილმა შეხვედრამ დიდად იმოქმედა ოიდიპოსის სულიერ განწყობილებაზე.

ოიდიპოსმა, სანამ მისი შვილები სრულწლოვანი გახდებოდნენ, კრეონი დროებით მეფედ გამოაცხადა.

საბრალო მეფემ კრეონს სთხოვა ობლად დარჩენილ ბავშვებს მზრუნველობით მოპყრობოდა და საცოდავი დედოფალი იოკასტა ღირსეულად დაესაფლავებინა.

და ბოლოს, ყოფილმა მეფემ კრეონს მოსთხოვა მხლებლები, რომელთაც ის უნდა მიეცილებინათ კითერონის მთებამდის, სადაც უნდა გაეტარებინა, ღმერთების სურვილის თანახმად, საბრალო ოიდიპოსს სიცოცხლის უკანასკნელი დღეები.

კრეონმა საჯაროდ აღუთქვა ოიდიპოს მეფეს ყველა თხოვნის შესრულება.

ოიდიპოსი მეორე დღესვე გაუდგა თავის გზას. საბრალოს საბოლოოდ გადწყვეტილი ჰქონდა რაც შეიძლება დაჩქარებით გამოსალმებოდა სიცოცხლეს, რომელიც მისთვის ამჟამად მხოლოდ და მხოლოდ წამება იყო.

ოიდიპოსის ასულებმა, ანტიგონემ და ისმენამ, ქალაქის საზღვრებამდის მიაცილეს საბრალო მეფე და ცრემლების ღაპაღუპით ემუდარებოდნენ საყვარელ მამას დაბრუნებულიყო და თვისი უკანასკნელი დღეები სასახლეში გაეტარებინა.

ოიდიპოსმა გადაჭრით უარყო თავისი საყვარელი ანტიგონესა და ისმენას მხურვალე ვედრება.

დადგა გამოსალმების ჟამი.

ანტიგონემ ერთბაშად გადწყვიტა მამას გაჰყოლოდა და მოგზაურობის დროს მცირედად მაინც შეემსუბუქებინა საბრალო მამის გამოუთქმული მწუხარება.

ანტიგონემ დაითანხმა ისმენა ძმებთან დარჩენილიყო და თავისი მოვლა-პატრონობით დედის მაგიერობა გაეწია ობლებისათვის.

ანტიგონე მამასთან ერთად გაემგზავრა უცხო ქვეყანაში. საბრალო ქალი მხნედ იტანდა ყველა გაჭირვებას, რაც განუყრელი თანამგზავრია უცნობ უდაბნო ადგილებში.

სათუთი, ნაზი აგებულების ანტიგონე აუტანელი სიცხეებისა და კოკისპირული წვიმების დროს საშინელი წამებით შოულობდა ლუკმაპურს, რომ საბრალო მამა შიმშილით ხელში არ შემოჰკვდომოდა.

მოგზაურობის დროს ოიდიპოსმა შეცვალა თავისი პირვანდელი განზრახვა, ნაცვლად დანიშნული ადგილისა დელფოსაკენ გაემართა, ღმერთებს რომ თავისი მომავალი ბედის შესახებ შეჰკითხებოდა.

დელფოს მისანმა ოიდიპოსს უწინასწარმეტყველა: შენ მხოლოდ მაშინ დამშვიდდები, როცა მიაღწევ ღმერთებისაგან დანიშნულ ქვეყანას, საცა ბოროტი ქალღმერთები, ევმენიდები, შეწყვეტენ შენს დევნას და სამუდამოდ ჩამოგშორდებიანო.

სანამ ამ ბედნიერ ქვეყანას მიაღწევდა საბრალო ოიდიპოსი, ელინთა უცხო ქვეყნებში კარდაკარ დადიოდა და გზადაგზა იკვებებოდა მოწყალებით, რასაც კეთილი ადამიანები მამა-შვილს დროგამოშვებით აწვდიდნენ.

ოიდიპოსი და ანტიგონე ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ მივიდნენ ქალაქ კოლონში, საცა, როგორც ადგილობრივი მკვიდრისაგან გაიგეს, ათენელები თაყვანსა სცემდნენ მუდამ შურიშმაძიებელ ერინიებს ევმენიდებისათვის შეწირულ საუცხოოდ მოწყობილ ტყეში.

როცა ოიდიპოსი და ანტიგონე კოლონში მივიდნენ, ათენაში მეფობდა მთელს საბერძნეთში სახელგანთქმული გმირი თეზევი.

როგორც კი ოიდიპოსის მოსვლა შეიტყო, თეზევი დაუყოვნებლივ კოლონში მივიდა და მეგობრულად შეეგება წამებულ მეფეს.

„საბრალო ოიდიპოს, შენი სამწუხარო თავგადასავალი დიდი ხანია გაგონილი მაქვს! ჩემ გულს ღრმად სწვდება შენი დაუსრულებელი უბედურების ამბავი! ნუ მომერიდები, გულახდილად მითხარი რა გსურს და ყველაფერს სიამოვნებით შეგისრულებ!“ - სიყვარულის კილოთი შეეკითხა თეზევი ტანჯულ ოიდიპოსს.

-„ მომეცი, მოწყალეო მეფეო, თავშესაფერი და საფლავი! - აი, ყველაფერი, რის თხოვნაც მსურს!“ მორიდებით უპასუხა ოიდიპოსმა.

თეზევმა გულწრფელად მისცა წინადადება ოიდიპოსს საცხოვრებლად აერჩია, თუ მოიუსურვებდა, ან ათენა, ან კოლონი.

ოიდიპოსმა კოლონში დარჩენა არჩია, რადგან, ღმერთების წინასწარმეტყველებით, ამ ქალაქში უნდა მოეპოვა საუკუნო განსვენება.

თეზევმა სიამოვნებით შეუსრულა ტანჯულ მეფეს უკანასკნელი სურვილი და ნება მისცა მუდმივ საცხოვრებლად კოლონში დარჩენილიყო.

ასე გულთბილად მოპყრობისთვის დიდად მადლიერმა ოიდიპოსმა ზეცას აღაპყრო ხელები და ყოვლად შემძლებელ ღმერთებს მხურვალედ შესთხოვა ათენის ძლევამოსილი სახელმწიფოსათვის თავისი ლოცვა- კურთხვა მოევლინათ.

გულთბილი მოპყრობით გამხნევებულმა ოიდიპოსმა დაბოლოს გულკეთილ თეზევს სთხოვა მიეცილებინა იგი იმ ადგილამდის, სადაც, ღმერთების სურვილის თანახმად, საბრალო მეფეს საუკუნოდ უნდა განესვენა.

კოლონის რჩეული მოქალაქეებისა, თავისი საყვარელი ქალიშვილის ანტიგონესა და ძლევამოსილი თეზევის თანხლებით გაემგზავრა ოიდიპოსი ევმენიდების ტყისაკენ.

ოიდიპოსი წინ უძღოდა მხლებლებს და ყოვლად შემძლებელი ღმერთების ჩვენებით მოგზაურებს გზას უკვლევდა.

ოიდიპოსმა და მისმა თანამხლებლებმა მიაღწიეს დანიშნულ ადგილას.

ევმენიდების სახელობაზე შეწირული ტყის შუა ადგილას მოჩანდა მიწაში ჩასასვლელი, რომლის დახურულ თავთან თავს იყრიდა ყოვლის მხრიდან მომავალი ვიწრო ბილიკები.

ხალხის გადმოცემით, ამ ჩასასვლელიდან მიდიოდა გზა საიქიოს სამეფოში. ოიდიპოსი საიქიოს ამ ჩასასვლელთან შეჩერდა. საბრალო მეფემ გაიხადა გამტვრიანებელი ტანსაცმელი, ჩამოიბანა მოგზაურობის დროს სხეულზე დადებული ჭუჭყი და ოფლი და ბრწყინვალედ გამოეწყო თეზევის მიერ ნაჩუქარ მშვენიერ ტანსაცმელში. სწორედ ამ დროს უეცრივ გაისმა საშინელი ქუხილი.

ოიდიპოსს გარკვევით შემოესმა საბედისწერო ძახილი: „ოიდიპოს, ნუ აგვიანებ!“

როგორც კი ყური მოჰკრა ამ საბედისწერო ძახილს ოიდიპოსმა, დაუყოვნებლივ მიიხმო ძლევამოსილი თეზევი და თავისი საყვარელი ანტიგონე ჩააბარა.

სასიკვდილიდ განწირულმა ოიდაპოსმა ათენის ძლევამოსილ მეფეს სთხოვა ობლად დარჩენილ ანტიგონესათვის დახმარება აღმოეჩინა და უპატრონოდ არ დაეტოვებინა.

დაბოლოს ოიდიპოსი მოკრძალებითა და საშინელი გულისტკივილით გამოეთხოვა იქ მყოფთ, სთხოვა შინ დაბრუნებულიყვნენ, მხოლოდ იმ პირობით კი, რომ გზაში არცერთს უკან არ მოეხედა.

საიქიოს ჩასასვლელ კართან, ოიდიპოსის თხოვნით, მარტოდ- მარტო თეზევი დარჩა.

ანტიგონე და კოლონის წარჩინებული მოქალაქეები წყნარად ჩამოშორდნენ საბედისწერო ადგილს და მწუხარედ გაემართნენ შინისაკენ, ხოლო ვერცერთი ვერ ბედავდა უკან მოხედვას.

მაგრამ დახეთ საკვირველებას!

საიქიოს ჩასასვლელმა ხვრეტილმა უხმოდ შთანთქა ოიდიპოსი. საბრალო მეფე სწრაფად დაეშვა ბნელ სიღრმეში და ასე გეგონებოდათ ფრთები შეესხა და ისე მიფრინავსო.

თეზევი უძრავად იდგა საიქიოს ჩასასვლელ კართან და მწუხარედ იფარებდა ხელებს თვალებზე.

ათენის ძლევამოსილმა გმირმა მცირედი ლოცვის შეწირვის შემდეგ დატოვა საბედისწერო ადგილი და ანტიგონესთან ერთად ათენაში დაბრუნდა.

ყველგან და მარადის გულკეთილი თეზევი იშვიათის მზრუნველობით მფარველობდა ობლად დარჩენილ ანტიგონეს და მამის დაკარგვით დასერილ მის გულს შეუწყვეტლივ განმკურნებელ მალამოს სცხებდა.

თეზევმა რამდენიმე ხნის შემდეგ საბრალო ანტიგონე, მისივე თხოვნით, ძმებთან გაგზავნა თებეში.

ასე სამწუხაროდ დაამთავრა თავისი მრავალტანჯული სიცოცხლე იმ ადამიანმა, რომელმაც შეცდომით თავისი საკუთარი მამა მოკლა და მშობელი დედა ცოლად შეირთო.