Tuesday, December 16, 2014

მარტოობის ასი წელიწადი - სპექტაკლი

ესტებანი მობილურს იღებს და ახლა თავად ურეკავს ბიძას. 

პასუხის მოლოდინში სუნთქვა შემეკრა: ესტებანმა მიმიკით მანიშნა, რომ გაბო თანახმაა...

...

- მოდი რეჟისორს დაგალაპარაკებო და ესტებანმა ყურმილი გადმომცა.

ძალიან დავიბენი, არ ვიცოდი რა მეთქვა, ყურმილის მეორე მხარიდან ხომ თვით გაბრიელ მარკესი მესაუბრებოდა. ჯერ ესტებანზე მკითხა როგორ არისო, რამე ხომ არ უჭირს და მიმალავსო? შემდეგ სპექტაკლის დადგმაზე ვისაუბრეთ. მარკესის ბოლო ფრაზა გახლდათ დაპირება:

- სადაც არ უნდა დადგათ სპექტაკლი პრემიერაზე აუცილებლად ჩამოვალო?!

რა თქმა უნდა პირველ რიგში თბილისზე ვიფიქრე - ნუთუ ეს შესაძლებელია, რომ მარკესი უდიდესი რომანის პრემიერაზე თბილისის ერთ-ერთი თეატრის პარტერში ვიხილოთ. ამაზე უფრო დიდი „ PR” საქართველოსთვის რა უნდა ყოფილიყო. სასწრაფოდ თბილისში გადავფრინდი. ყველა წამყვანი თეატრი მოვიარე, ხელმძღვანელებს შევხვდი და მოვუყევი ამის შესახებ, მაგრამ ვინ რა და ვინ რა მიზეზით, უარით გამომისტუმრეს. ფაქტი კი ფაქტად რჩება ეს უნიკალური შანსი დაიკარგა!!! მარკესისა და საქართველოს შეხვედრა-გაცნობა ვერ შედგა…


კრიტიკამ ჩვენი სპექტაკლი 2007 წლის კოლუმბიის საუკეთესო სპექტაკლად მიიჩნია, შემდეგ კი საერთაშორისო აღიარებაც მოჰყვა. სიყვარულსა და კომპლიმენტებს სამხრეთ-ამერიკელები მსახიობებისა და ჩემს მიმართ დღემდე არ იშურებენ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპლიმენტი მაინც მარკესის სიტყვები გახლდათ. პირველი რეპეტიციის ნახვის შემდეგ მითხრა: - შვილო, გეტყობა, რომ მაღალი კულტურის ქვეყნიდან ხარო.