კნუტ ჰამსუნი - რაც ვიყავი, იგივე დავრჩი

რით შემიძლია ვუპასუხო ამ თქვენს გულისხმიერებასა და უშურველ გულუხვობას?! თითქოს ტერფები მიწას მოსწყდაო, თითქოს ჰაერში დავფრინავ და თავბრუ მეხვევა. ამ წუთებში ძნელია შევინარჩუნო ჩვეული მდგომარეობა. ბოლო ხანებში ღირსების ორდენებითა და ძვირფასი საჩუქრებით გამანებივრეთ. მართალია, რაც ვიყავი, იგივე დავრჩი, მაგრამ გამაოგნა ჩემი ქვეყნის მიმართ მიგებულმა პატივმა და ეროვნული ჰიმნის ჰანგებმა, ერთი წუთის წინ ამ დარბაზში რომ გაიჟღერა.

ისიც მართალია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, რაც მიწას მოვწყდი და გონება ამებნა. ჩემს დალოცვილ ყმაწვილკაცობაშიც მრავლად ყოფილა მსგავსი წუთები. მითხარით, რომელ ახალგაზრდას არ განუცდია სულის აღმაფრენა?! ალბათ, მხოლოდ იმ კონსერვატორი ახალგაზრდებისთვის არის ეს შეგრძნება უცხო, თავიდანვე ხანდაზმულებად რომ იბადებიან, და არ ესმით სიტყვა „გატაცების“ მნიშვნელობა. რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი, როდესაც ახალგაზრდა კაცი ან ქალი თავისი ასაკისთვის შეუფერებლად დაბრძენებულა და უარს აცხადებს ამქვეყნიურ სიამეზე?! ღმერთია მოწამე, ამგვარ გატაცებას წლები ვერაფერს აკლებს. მერე რა მოხდა? ჩვენ ხომ ყოველთვის იმად ვრჩებით, რანიც ვიყავით. ხალას შეგრძნებებს კი, უეჭველია, ჩვენთვის მხოლოდ სიკეთე მოაქვს!

თუმცა, ასეთ პატივსაცემ საზოგადოებას არ შეჰფერის ჩემი ტრადიციებით ნაკარნახევი მჭევრმეტყველების მოსმენა. მით უმეტეს, რომ ჩემ შემდგომ, მეცნიერების წარმომადგენელი წარდგება თქვენ წინაშე. რამდენიმე წუთში, კვლავ დავუბრუნდები ჩემს ადგილს, მანამდე კი, კიდევ ერთხელ მინდა ვაღიარო: ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. თქვენი გულმოწყალებით მრავალ ათასეულთა შორის გამომარჩიეთ და დაფნის გვირგვინით შემამკეთ. ჩემი ქვეყნის სახელით დიდ მადლობას მოვახსენებ შვედეთის აკადემიას და სრულიად შვედეთს ამ აღიარებისათვის. ქედს ვიხრი თქვენ წინაშე და მეამაყება, რადგან წილად მხვდა პატივი, ეს საპატიო ტვირთი მეზიდა.

ერთმა ცნობილმა მომხსენებელმა ამ საღამოს აღნიშნა, რომ მე წერის საკუთარი მანერა მაქვს. მხოლოდ ამით შემიძლია თავი მოვიწონო. თუმცა, ისიც მართალია, რომ მეც ყველასაგან რაღაცას ვსწავლობ. რამეთუ, რად ღირს იმ კაცის ცხოვრება, ვინც მცირედს მაინც არ სწავლობს ამ ყოფისაგან?! მე ბევრი რამ შემძინა შვედურმა პოეზიამ, განსაკუთრებით კი ბოლო თაობის ლირიკამ. უფრო დაწვრილებით რომ გავცნობოდი ამ ლიტერატურას და მასთან დაკავშირებულ გვარებს, ალბათ, დაუსრულებლად მოვყვებოდი მათ ციტირებას და უფრო მძაფრად გავაცნობიერებდი იმ ტვირთის სიმძიმეს, ამ აღიარებამ რომ დამაკისრა. თუმცაღა, ჩემნაირი ადამიანისგან ეს მხოლოდ რიტორიკაა, ცარიელი ხმის ეფექტი, რომელსაც გასაძლიერებლად ბასის ერთი ნოტიც არ ახლავს. ამისათვის უკვე მეტისმეტად მოვხუცდი, ძალ-ღონე აღარ შემრჩა.

ამ წუთებში, ამ გაჩირაღდნებულ დარბაზში ჩემი სანუკვარი სურვილია, ეს რჩეული საზოგადოება იმ ყვავილებითა და საჩუქრებით ავავსო, პოეზიას რომ შეუძლია შემოგვთავაზოს. ანუ ის აღმაფრენა შევაგრძნობინო, რაც ახალგაზრდობას ახლავს თან და კიდევ ერთხელ განვაცდევინო აბობოქრებულ ტალღებთან თამაში. აი, ეს სურვილი მამოძრავებს ამ ჩემთვის უმნიშვნელოვანეს წუთებში და არ მინდა, ეს ბოლო შესაძლებლობა ხელიდან გავუშვა. თუმცა, ამისთვის გამბედაობა აღარ მყოფნის, რადგან ვიცი, უთუოდ შევრცხვები.

დღეს ღირსების ორდენებითა და ძვირფასი საჩუქრებით გამათამამეთ, მაგრამ ერთი რამ მაინც მაკლია, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი განძი და მას „ახალგაზრდობა“ ჰქვია. ალბათ, არც ერთი ჩვენგანი არ არის იმდენად ხანდაზმული, რომ სიყმაწვილე არ ახსოვდეს. ვისაც სიბერე შეჰპარვია, შეშვენის ერთი ნაბიჯი უკან გადადგას და ეს დარბისლურად და ღირსეულად გააკეთოს. მე არ ვიცი, რა არის მართალი და მცდარი. სასმისს ვწევ და დავლოცავ შვედეთისა და სრულიად მსოფლიო ახალგაზრდობას, დავლოცავ ყველაფერს, რაც ნორჩია ამ ცხოვრებაში.

ინგლისურიდან თარგმნა - ლელა მაისურაძემ

გამომცემლობა "ინტელექტი", ლექციები წაკითხული ნობელის პრემიის მიღებისას ლიტერატურის დარგში (1901-1960)