Friday, December 19, 2014

ფაშისტები ემზადებიან ძალა-უფლების დასაპყრობად

კომუნისტი, 27 ივლისი, 1932
პირწავარდნილი ფაშისტის განცხადება

ბერლინი, 25 ივლისი. რეიხსტაგის ნაციონალ-სოციალისტმა დეპუტატმა ცილ. კენსმა გოლდმინდენში მოწყობილ კრებაზე განაცხადა, რომ განზრახულია მოიერიშე რაზმების გალაშქრება ბერლინზე. მან სთქვა:

"დადგა დრო, როცა ნაციონალ-სოციალისტებმა ხელთ უნდა იგდონ ძალა-უფლება. ლაშქრობა უნდა მოეწყოს რეიხსტაგის არჩევნების შემდეგ, 31 ივლისის შემდეგ". ამავე კრებაზე რეიხსტაგის მეორე ნაციონალ-სოციალისტმა დეპუტატმა რუსტმა განაცხადა:

"31 ივლისის შემდეგ ქვეყნის მმართველი იქნება ჰიტლერი, როგორი შედეგიც არ უნდა მოჰყვეს არჩევნებს" (ადს).

ვილჰელმი ბრუნდება გერმანიაში

პარიზი, 25 ივლისი. "პტი პარიზიენ"-ი ჰააგიდან იტყობინება, რომ იმ ხმებთან დაკავშირებით, თითქოს ვილჰელმი ემზადებოდეს გერმანიაში დასაბრუნებლად, ჰოლანდიის პარლამენტის დეპუტატი ვოოზი შეეკითხა მთავრობას: იცის თუ არა მან, რომ გერმანიის მონარქიული პარტიები დაუკავშირდნენ ვილჰელმს და რომ იგი, პრუსიის ამბებთან დაკავშირებით, ემზადება გამოსამგზავრებლად. ხმები დადის, რომ არჩევნების შემდეგ ვილჰელმი გაემგზავრება იანდვორტში, სადაც მას დახვდება სამხედრო გემი (ადს).

გერმანიის პროვინციალურ მთავრობათა პრემიერ-მინისტრების კონფერენცია

ბერლინი, 25 ივლისი. ვოლფის სააგენტოს გადმოცემით, შტუტგარტში რეიხსკანცლერ ფონ-პაპენის თავმჯდომარეობით გაიმართა პროვინციალურ მთავრობათა პრემიერ-მინისტრების კონფერენცია, რომელმაც განიხილა საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხები.

კონფერენციას საიდუმლო ხასიათი ჰქონდა. კმაყოფილებით იქნა მიღებული ცნობად განცხადება, რომ საიმპერიო მთავრობას ოდნავადაც არ სურს დაარღვიოს პროვინციალურ მთავრობების უფლებები. რეიხსკანცლერმა ფონ-პაპენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის კომისრის დანიშვნა წარმოადგენს მხოლოდ დროებით ღონისძიებას, რომელიც არ გავრცელდება სხვა პროვინციებზე, რადგან იქ წესრიგი უზრუნველყოფილია.

შემდეგ ფონ-პაპენმა განაცხადა, რომ რეიხსტაგის არჩევნები შესდგება 31 ივლისს, "საიმპერიო მთავრობას, - სთქვა ფონ პაპენმა, - იმედი აქვს, რომ უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება ბერლინ-ბრანდენბურგის ტერიტორიაზე გამოცხადებულ საალყო წესების გაუქმება. იმისთვის, რომ საიმპერიო მთავრობას და პროვინციალურ მთავრობებს ერთი აზრი ექნესთ, საიმპერიო და პროვინციალური მთავრობების სრული ავტორიტეტის შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ, საჭიროა უზრუნველყოფილ იქნას მათ შორის ურთიერთ ნდობაზე დამყარებული თანამშრომლობა (ადს).