Wednesday, December 17, 2014

დავით პაპავა-გურჯი - Colombia Es Pasion!

Colombia Es Pasion! - ეს ესპანური ფრაზა „კოლუმბია - ვნებაა!“ ჩემს მაისურს აწერია, მაისურს, რომელიც გაბრიელ გარსია მარკესის დამ კოლუმბიაში მაჩუქა და რომელსაც დიდი სიამაყით ვატარებ.

წერილი ბოგოტადან

თქვენ წარმოიდგენთ, რომ ამ წინასიტყვაობის პირველ სიტყვებს, ზუსტად აქ,  ამ შორეულ და არაჩვეულებრივი ქვეყნიდან მარკესის სამშობლოდან - კოლუმბიიდან ვიწყებ. უფრო ზუსტი რომ ვიყო მარკესის ძმის, ჯიჯის ოჯახიდან. ჩემი მასპინძლები ბოგოტის ერთ-ერთ ულამაზეს და ისტორიულ უბანში ცხოვრობენ. ოთახი, რომელიც მარკესი ძმისშვილს, ესტებანს ეკუთვნის და რომელშიც ახლა მე ვცხოვრობ, მელკიადესისი ოთახს მოგაგონებთ. ძველი წიგნებით, მანუსკრიპტებით სავსე ბიბლიოთეკა, კრიშნას, ბუდას, იესოს და სხვა წმინდანების რიტუარული ფიგურები და გამოსახულებები, ინდური სანთლების ნისლში გახვეული.

- მე მივაღწიე უკვდავებას! - ეს მელკიადესის სიტყვებია… და ამ მომენტში, უკვე მერამდენედ ვხვდები, რომ ამ ულამაზესი კოლუმბიელი ხალხის რეალური ცხოვრება და მარკესისი წიგნი ერთმანეთშია გადახლართული, თითქოსდა წიგნი გასცდა თავის ფურცლებს და შეაღწია ამ ხალხის ცხოვრებაში.

აბა, რა არის ესტებანის ოთახი და მისი ცხოვრება

თუ არა - მელკიადესის - უკვდავების ძიება?

- დილიდ 5 საათია, ადრე გამეღვიძა, გუშინ ღამით ჩამოვფრინდი. ეს ჩემი მეორე ვიზიტია კოლუმბიაში. ახლა თბილისში დილაა, ოღონდ მომდევნო დღის დილა და, შეიძლება ითქვას, რომ წარსულში დავბრუნდი. სრულიად არეულ-დაკარგულად ვგრძნობ თავს, ამას ისიც ემატება, რომ ბოგოტა ზღვის დონიდან 3000 მეტრის სიმაღლეზეა, ანდებშია განლაგებული, სადაც ოცდათხუთმეტ წელს გადაცილებული კაცისათვის ჟანგბადის უკმარისობა უკვე საგრძნობია. ფსიქიკა და სხეული რეალობასა და მაგიურს შორის არის მოქცეული, აბა, სხვანაირად როგორ უნდა ყოფილიყო - ჩვენ ხომ მარკესზე ვიწყებთ საუბარს?!

გაბოს (ასე მას ბავშვობიდან ეძახდნენ) შარშან ოთხმოცი წელი შეუსრულდა. წნევის გამო უკვე დიდი ხანია ცივ ბოგოტაში ვეღარ ჩადის. მისი სახლი ბევრად უფრო ეგზოტიკურ ადგილას მდებარეობს - კარტახენაში, ქალაქში, სადაც კარიბის ზღვისპირეთი სამხრეთამერიკული ვნებით არის გაჟღენთილი, სახლების აივნები ყვავილებშია ჩაფლული,  ქალაქის ქვაფენილზე ცხენების გაცვეთილი ნარებისა და ეტლების ჭრიალის ხმა ისმის, აფრო-ამერიკელი ქალები ფეხშიშველი დასეირნობენ, თავზე შემოდგმული, მრავალნაირი უცხო ხილით დახუნძლული ხონჩებით, მოდიან და მოაფრიალებენ ფერად კაბებს, ათასნაირ ნიჟარებიან სამკაულს. კიდევ მრავალი რამ ითქმის ამ მშვენიერ ქალაქზე , სადაც ქოქოსის, პაპაიასა და ლულოს ნატურალურ წვენს ყოველ ფეხის ნაბიჯზე გთავაზობენ.  ეს ის ქალაქია, სადაც შეიძლება პატარა და ბინძურ სალსა კლუბში, ბებერი მეგობრების გარემოცვაში, მთვრალ გაბრიელ გარსია მარკესსაც წააწყდეთ, რომსაც სვამს და ახალგაზრდა, მულატ გოგოებს სალსას ეცეკვება, და თუ დაეჭვდით, რომ ჩალის ქუდში მთვრალი მოხუცი სწორედ ის, მთელ მსოფლიოში აღიარებული კლასიკოსია, ნობელისა და უამრავი პრემიების ლაურეატი, მაშინ ჰკითხეთ იქვე კლუბში მყოფ კარტახენელს - ამაყი და ბედნიერი სახით გიპასუხებს -გაბოა, გაბო?! – Si amigo, es Gabo, wellcome to Columbia!!!

ჩვენ კიდევ შევისუნთქავთ კარტახენას ჰაერს და მის ვნებებზე გიამბობთ, პირველ ვნებათაღელვაზე - მარკესთან  შეხვედრაზე და „მარტოობის ასი წელიწადის“ თეატრალურ პრემიერაზე.

ჩემი მარკესისეულად ახდენილი ოცნება

ჩემი და მარკესის ისტორია ჯერ კიდევ ოციოდე წლის წინ, პირველ სიყვარულთან ერთად, დაიწყო , როცა თბილისის კონსერვატორიის ეზოში საათობით ვიდექი ჰაერში გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა, ფანჯრებიდან ვიოლინოს და ფორტეპიანოს ხმა გამოდიოდა, მაგრამ მე იმ „ერთ“ ვიოლინოს ვუსმენდი. მუსიკა დღითი დღე უფრო მელოდიური ხდებოდა, ჩემი სიყვარული კი - უფრო ღრმა; დროდადრო ფანჯარაში მისი ოქროსფერი კულულები ირხეოდა, მუსიკა წყდებოდა და თხელი სილუეტი კიბეებზე ჩამოირბენდა, ეზოში პაწაწინა სკამზე მოკალათდებოდა. ადგილიდან არ ვიძროდი, სილუეტს ვუცქერდი. ერთხელაც მომიახლოვდა, წიგნი გამომიწოდა და მითხრა „დათო, თუ გინდა კარგად გამიცნო, აი, ეს წიგნი უნდა წაიკითხო“. დამუნჯებულს ხელში წიგნი მომაჩეჩა და კონსერვატორიის შენობისკენ გაიქცა. მეც გავრბივარ, ოღონდ ბებიჩემის ეზოსკენ, რომლის ბაღშიც  ფერადი ყვავილებია, ხომ გახსოვთ გაზაფხულიაო?  ბაღის შუაგულში ორი დიდი ხე დგას, რომელთა შორისაც ძველისძველი ჰამაკია გაბმული, ამ ჰამაკში ვჯდები და უბიდან წიგნს ვიღებ: მარკესის „მარტოობის ასი წელიწადი“.  გადაშლისთანავე ვიგძენი, რომ წიგნს მისი კულულების ნაზი სურნელი ასდიოდა და გული საოცრად ამიჩქარდა.  კითხვას შევუდექი. იმ წუთიდან ბებიაჩემის ეზომ და მე დროის შეგრძნება დავკარგეთ. ახლაც არ ვიცი, რით ვიყავი ასე მოხიბლული, მარკესის რომანით, გაზაფხულთ, თუ კულულების სურნელით, წიგნს რომ ახლდა თან.  მესამე დღეს, როცა გახარებული კონსერვატორიის ეზოში დავბრუნდი, ის ფანჯარა საიდანაც ვიოლინოს ხმა გამოდიოდა დაკეტილი დამხვდა. იგი უცხოეთში წასულა და ჩვენ ერთმანეთს აღარასოდეს შევხვედრივართ. გულში ჩაღვრილი სიყვარული მოსვენებას არ მაძლევდა. ამ სიყვარულის ხოცშესხმაზე ვოცნებობდი და ზუსტად მაშინ ჩავიფიქრე, რომ ამ რომანს სპექტაკლად დავდგამდი და აუხდენელ სიყვარულს აუცილებლად გავაცოცხლებდი.

ამ ამბის შემდეგ 18 წელი გავიდა. ჩემს ცხოვრებაში, უამრავი რამ მოხდა. საცხოვრებლად ლონდონში გავემგზავრე, ცოლად იქაური გოგო მოვიყვანე და ბრიტანეთის ერთ-ერთ თეატრს ჩავუდექი სათავეში. ლონდონში ხალხი მთელი მსოფლიოდან ჩამოდის, ამიტომ ჩემი დასის რამდენიმე მსახიობი უცხოელი იყო. ერთ-ერთი მათგანი, სახელად ესტებანი - კოლუმბიელი. მან ჩვენ თეატრში რვა თვე დაჰყო და ჩემ მიერ დადგმულ ორ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა.

ისე ხდებოდა, რომ რეპეტიციების დროს მისი მობილური რეკავდა. ესტებანის რეაქციაზე ვხვდებოდით, რომ  მნიშვნელოვანი ზარი იყო, იქ მყოფთ გვიხსნიდა... ბიძა მირეკავს კოლუმბიიდან, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ მპატრონობს, ახლა კი სამშობლოში დაბრუნებას მთხოვსო.

ერთხელაც ვკითხე:

- ვინ არის ეს ბიძაშენი?

- გაბრიელ გარსია მარკესი.

- ვინ??? ბიჭო, რვა თვე ჩემთან მუშაობ და ამას მიმალავდი?

ასე აღმოჩნდა კოლუმბიელი ბიძა ცოცხალი გაბრიელ გარსია მარკესი, კოლუმბიელი მსახიობი კი - მარკესის ძმის, ჯიჯოს შვილი - ესტებანი.

სიყვარული, რომელიც გულის პაწაწინა კუნჭულში მოგონებად მიყუჟულიყო ამოძრავდა, ახმაურდა, მთელი სხეული მოიცვა.

ესტებანს მოვუყევი ჩემი პირველი სიყვარულის ისტორია და ვთხოვე, ოცნების ახდენაში დამხმარებოდა.

ესტებანი გულისყურით მისმენდა, ბოლოს თავი გააქნია : „ვერა, დათო, სპექტაკლის დადგმას ვერ შევძლებთ, ბიძაჩემს ორმოცი წლის განმავლობაში უფლება არავისთვის მიუცია ეს რომანი კინოში ან ფილმში გაეცოცხლებინათ“.

არადა, რა ახლოს ვარ ოცნების ახდენასთან.

- იქნებ ძალიან ვთხოვოთ, იქნებ მაინც დაგვთანხმდეს, იქნებ...

ესტებანი მობილურს იღებს და ახლა თავად ურეკავს ბიძას.

პასუხის მოლოდინში სუნთქვა შემეკრა: ესტებანმა მიმიკით მანიშნა, რომ გაბო თანახმაა...

- კარგი ესტებან, მოგცემთ დადგმის უფლებას, ოღონდ იმ პირობით, რომ ამის შემდეგ აუცილებლად შინ დაბრუნდები.

- მოდი რეჟისორს დაგალაპარაკებო და ესტებანმა ყურმილი გადმომცა.

ძალიან დავიბენი, არ ვიცოდი რა მეთქვა, ყურმილის მეორე მხარიდან ხომ თვით გაბრიელ მარკესი მესაუბრებოდა. ჯერ ესტებანზე მკითხა როგორ არისო, რამე ხომ არ უჭირს და მიმალავსო? შემდეგ სპექტაკლის დადგმაზე ვისაუბრეთ. მარკესის ბოლო ფრაზა გახლდათ დაპირება:

- სადაც არ უნდა დადგათ სპექტაკლი პრემიერაზე აუცილებლად ჩამოვალო?!

რა თქმა უნდა პირველ რიგში თბილისზე ვიფიქრე - ნუთუ ეს შესაძლებელია, რომ მარკესი უდიდესი რომანის პრემიერაზე თბილისის ერთ-ერთი თეატრის პარტერში ვიხილოთ. ამაზე უფრო დიდი „ PR” საქართველოსთვის რა უნდა ყოფილიყო. სასწრაფოდ თბილისში გადავფრინდი. ყველა წამყვანი თეატრი მოვიარე, ხელმძღვანელებს შევხვდი და მოვუყევი ამის შესახებ, მაგრამ ვინ რა და ვინ რა მიზეზით, უარით გამომისტუმრეს. ფაქტი კი ფაქტად რჩება ეს უნიკალური შანსი დაიკარგა!!! მარკესისა და საქართველოს შეხვედრა-გაცნობა ვერ შედგა…

კოლუმბია, კარტახენა, მარკესთან შეხვედრა

2007 წელი კოლუმბიაში მარკესის წლად გამოცხადდა. მწერლის 80 წლის იუბილე და რომანის 40 წლისთავი მარტში სრულდებოდა. ესტებანთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ სპექტაკლის პრემიერა კარტახენაში (ქალაქში სადაც მარკესი ცხოვრობს) გამართული საიუბილეო ღონისძიებებისთვის დაგვემთხვია.

კარტახენა მართლაც სამოთხეა! თურმე არსებობს სამოთხე დედამიწაზე! კარიბის ზღვისპირეთში განლაგებული ზღაპრული ქალაქი, ძველი ესპანური არქიტექტურით, დასახლებული ულამაზესი და ბედნიერი ხალხით - ინდიელების, აფრიკელების და ესპანური არისტოკრატიული სისხლის ნაზავით. იქ სულ ცხელა, სულ მზეა, გიტარები, ყვავილები, ფაეტონები ...

მთელი შემოქმედებითი ჯგუფი მარკესის ზღვისპირა აგურის სახლში დავსახლდით. ჩვენი ყოველდღიური რეალობა მარკესების ოჯახის გარემოცვაში მიედინებოდა. ეს ის ოჯახია, რომლის წევრებიც „მარტოობის ასი წელიწადის“ პროტოტიპები არიან. დაბერებული რებეკა და ამარანტა, გამელოტებული ხოსე არკადიო, უსასრულო რაოდენობის ბიძაშვილ-მამიდაშვილი კი - თითქოს გაცოცხლებული, შუბლზე ჯვარდასმული, ძმები აურელიანოები. სპექტაკლის დადგმის პროცესში მთელი ოჯახი ძალიან აქტიურად ჩაერთო. ზოგს ოჯახური ძველი, გაყვითლებული ფოტოები მოჰქონდა, ზოგსაც რელიკვია, რომლებიც შემდეგ სპექტაკლში რეკვიზიტებად გამოვიყენეთ, ზოგს პრესასთან ურთიერთობა ევალებოდა, ზოგს - აფიშებისა და ბანერების დაბეჭდვა.  ამ ყოველივემ უცნაური შეგრძნება გამიჩინა, თითქოსდა მეც რომანის ერთ-ერთ გმირად ვიქეცი - ოღონდ ვერ გავიგე, რომელ გმირად... ხან პიეტრო კრესპი მეგონა ჩემი თავი, რადგან ყველა ეშხიანი ქალი მიყვარდა, ხან კი - მელკიადესი, კოლუმბიელებისთვის მეც შორეული და უცნობი ქვეყნიდან ვიყავი და უცნაურ ენაზე რაღაც-რაღაცეებს ვუხსნიდი.

გაბოს დამალობანას თამაში უყვარს

სამხრეთ ამერიკაში ჩასვლამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ვინც არ უნდა იყოს ადამიანი, ასეთი პოპულარალობით სარგებლობდეს, როგორც მარკესი კოლუმბიაში. ის იქაურობის უმთავრესი დიდებისა და წარმატების სიმბოლოდ არის ქცეული. ქუჩაში ისე ვერ გაივლი, რომ უზარმაზარ ბანერზე გაბოს გაღიმებული სახე არ იხილო. გადაშლი ჟურნალ-გაზეთს და ისინი აჭრელებული არინ სტატიებითა და სურათებით მარკესის აწმყოსა და დღევანდელობაზე. ჩართავ ტელევიზორს და არა აქვს მნიშვნელობა, რაზეა გადაცემა -ხელოვნებაზე, ფეხბურთზე, პოლიტიკაზე თუ ამინდზე. ერთი-ორი სიტყვით მაინც უნდა მოიხსენიონ ისტორიაში უდიდესი კოლუმბიელი. ალბათ, საზოგადოების ასეთმა მეტისმეტმა ყურადღებამ დაღალა მოხუცი მწერალი, 15 წლის წინ უარი ათქმევინა ნებისმიერ ინტერვიუზე  (ამ პრინციპს დღემდე იცავს) და სახლს გარშემო სამი მეტრის სიმაღლის გალავანი ააშენებინა.

აეროპორტში ზღვა ხალხია, ხუთიოდე წუთში მარკესი უნდა ჩამოფრინდეს მექსიკიდან. ქალაქში თითქმის ყველა სახლი და ქუჩა დაცარიელებულია, ჩვენი სახლის გარდა, რადგან გაბომ დაგვირეკა და შეგვატყობინა აეროპორტში არ გახვიდეთ, არ ვიქნებიო... დღე დასრულდა, იმედგაცრუებული ხალხი დაიშალა, ჩვენ კი სახლში გვიანობამდე ველოდებოდით. ღამის ორ საათამდე თვალი არ მომიხუჭავს იმის შიშით, რომ მარკესი ჩამოვიდოდა, მე კი მეძინებოდა ბოლს მაინც ჩამთვლიმა. მაგრამ ცოტა ხანში ჩოჩქოლის ხმამ გამაღვიძა. ჩამოვიდა! გაბო ჩამოვიდა! საწოლიდან წამოვხტი, მოსამსახურის მიერ საგულდაგულოდ დაუთოებული პერანგი დაუდევრად მოვიცვი და დიდ კიბეზე ჩავირბინე... მშვიდი, ოდნავ დაღლილი სახით, მარკესი სამზარეულოში გრძელ მაგიდასთან იჯდა, გამაცნეს... გვერდით მომისვა ჩაიზე დამეწვიეო.

საქართველოზე გაბომ მხოლოდ ის იცის, რომ ერთ-ერთი საბჭოური რესპუბლიკა იყო: სტალინის, ბერიას და ორჯონიკიძის საშობლო. ხომ იცით, მარკესი დღემდე სულით კომუნისტია. ახალგაზრდობაში სანამ მსოფლიო გაიცნობდა, ყველასთვის უცნობი ჟურნალისტი, რამდენჯერმე სწვევია მოსკოვის ფესტივალს, სადაც ქართველი მწერლები გაუცნია. ერთ-ერთს რომელსაც განსაკუთრებული იუმორი ახასიათებდა, დავუძმაკაცდიო. რა თქმა უნდა, ძალიან დამაინტერესა და ვკითხე თანამემამულის სახელი, მაგრამ ვერაფრით ვერ გაიხსენა. ვინც კი ვიცოდი ყველა ასაკოვანი ქართველი მწერალი ჩამოვუთვალე, მაგრამ ამაოდ და საიდუმლო საიდუმლოდ დარჩა.

ხშირად მეკითხებიან - როგორია მარკესი ცხოვრებაში? რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო პიროვნებაა, მაგრამ, რას ნიშნავს ასეთი მშრალი ფრაზა? ის დღემდე სულიერად კომუნისტია და ეს თემა მისთვის, ალბათ, ყველაზე აქტუალურია საუბრების დროს, სულ იმას იმეორებს:

- ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ისაა, რომ ამქვეყნად ისე მივდივარ, დედამიწაზე კომუნიზმის გამარჯვებას ვერ მოვესწარიო...

მაგრამ მე სულ სხვა მხარე მაინტერესებს გაბოს ხასიათში, რომელიც საკმაოდ უნიკალურია და  არც კი ვიცი რა ვუწოდო; ის „დაბერებული ბავშვია“,  „ასაკში შესული პატარა“...

ალბათ გაბოს ამ თვისების გამო გვიყვარს ასე გამორჩეულად მისი პროზაული სამყარო. თუ ხელოვანს სამყაროს ბავშვური თვალით აღქმა  არ დაკარგა, ეს უდიდეს და განსაკუთრებულ ნიჭზე მიუთითებს. ასეთი სულ სამი ადამიანი შემხვედრია ცხოვრებაში, სამივე გენიოსი. ჩემი პედაგოგი მიხეილ თუმანიშვილი, რეზო გაბრიაძე (ვისთანაც ბედნიერება მქონდა ერთობლივად გვემუშავა პიესა „შერეკილების“ დადგმის დროს) და გაბრიელ გარსია მარკესი. ასეთი ადამიანებისგან განუწყევტლივ სწავლობ სამყაროს აღქმას.

გაბო ამ თვისების მხოლოდ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ავლენს, ანუ იმ გარემში, სადაც თავს დაცულად გრძნობს. ერთ-ერთი ასეთი ადგილი მისი ოთახია. ამ ოთახში შესული ნამდვილ ზღაპარში მოვხვდი, ზღაპარი, რომელზეც ყველა ბავშვი ოცნებობს. იქ უამრავი, მთელი მსოფლიოდან ჩამოტანილი უცნაური ნივთია, ზოგის ფუნქცია-დანიშნულების გამოცნობა არც ისე ადვილია ალბათ, ასეთები ჩამოჰქონდა მელკიადესს მაკონდოში. პირველად ჩემი ყურადღება დიდმა, სამფეხა ჭოგრიტმა მიიქცია. ის ძალიან ძველი, სამუზეო ექსპონატივით მოვლილი. გაბო ამბობდა, რომ ვარსკვლავების ცქერა უყვარს, მეც შემომთავაზა.

- საღამოს დაველოდოთ და ერთად ვუყუროთ ღამის ცას. იქვე გაღიმებული ამატებს - თორემ ახლა, შუადღისას, ჭოგრიტში სანაპიროზე მოსეირნე ახალგაზრდა გოგოების მეტ საინტერესოს რას ნახავს კაცი. ისიც მითხრა, რომ კი შეუძლია იყიდოს თანამედროვე იაპონური ან გერმანული ათასჯერ უფრო ძლიერლინზებიანი ახალი ჭოგრიტი, მაგრამ თავისას ვერც ერთი ვერ შეედრება.

- ის ლინზები, შეიძლება უფრო, შორს უჩვენებს მაგრამ მათ ხომ შავ-თეთრი გამოსახულება აქვთ. ჩემში კი ფერად-ფერად, ზღაპრულ სურათებს ვხედავ, რომლებიც იმ გერმანელებსა და იაპონელებს არც კი დაესიზმრებათ. და მერე... ეგ ხომ მამაჩემის ნაჩუქარია, ვიღაც ებრაელი მოგზაურისგან იყიდა. მამაც მეოცნებე და გიჟი იყო, ამიტომ, ზოგჯერ, როცა ჭოგრიტში ვიხედები, ცაზე მამაჩმის აუსრულებელ ოცნებებსა და სიზმრებს ვხედავ...

იქვე, ოთახის კუთხეში ორ ძველებურ ტყავის სავარძელს შორის უზარმაზარი გრამოფონი დგას. სავარძელში ჩამჯდარს კარიბის ზღვის სანაპიროს ხედი გადაგეშლება თვალწინ. ქარისგან მოშრიალე პალმები, სანაპიროზე, თავის ძველ, ხის ნავებთან მოფუსფუსე გარუჯული მეთევზეები. გაბოს უყვარს ამ სავარძელში ჯდომა, დაატრიალებს გრამოფონის სახელურს, ჩართავს ძველ არგენტინულ ტანგოს ფირფიტას, მოწრუპავს საყვარელ რომს და მისი მზერა იკარგება ზღვის ჰორიზონტებში... რაზე ფიქრობს ამ დროს, ახალ წიგნზე, აუსრულებელ ოცნებებზე, ცხოვრებიდან წასულ მეგობრებზე..? რამდენჯერმე მეც მქონია პატივი გაბოს გვერდით ვმჯდარიყავი ამ რიტუალურ სავარძლებში. ძირითადად ეს საღამოობით, ჩვენი რეპეტიციების შემდეგ ხდებოდა და საუბრები სხვადასხვა თემას ეხებოდა. ალბათ, ამას თქმაც არ უნდა, რომ გაბო არაჩვეულებრივი მოსაუბრეა, საოცარი იუმორის პატრონი. მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, მოყოლაზე უფრო მოსმენა უყვარს. დაუსრულებლად გისვამს კითხვებს, თითქოსდა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალები აინტერესებს, მაგალითად, ზემოთ მოხსენიებული მეთევზეების პირადი ცხოვრება დეტალებში მომიყვა: ვინ რამდენი წლის იყო, ვინ ვისი შვილი და მერამდენე ცოლისგან, ისიც კი იცოდა, რომ ყველაზე მოხუცებულ მეთევზეს მხედველობის პრობლემა აქვს და სათვალის ხმარებაზე კატეგორიულ უარს ამბობსო. ისიც იცის, წლის რა პერიოდში არის საუკეთესო ნადავლი და როდის რა თევზი მოდის.

ამ მონაყოლის შემდეგ მივხვდი, რომ მეთევზეებს პირადად იცნობს. ერთხელაც, საღამოს, ვახშმის შემდეგ, ესტებანთან ერთად, სამნი ზღვის პირას ვსეირნობდით. მეთევზეებს რომ მივუახლოვდით, გაბო შორიდანვე იცნეს. იმ მოხუცებულ მეთევზეს კი, როგორც ძველ მეგობარს, ისე მიესალმა და ერთმანეთს გადაეხვივნენ. ჯერ ოჯახის წევრები მოიკითხეს, მერე კი, როგორც მოხუცებს სჩვევიათ, ჯანმრთელობის პრობლემებზე შესჩივლეს ერთმანეთს. მეთევზემ ისიც გაუზიარა, რომ მისი ნავი არაფრად აღარ ვარგოდა, წყალი შესდის და სარემონტოაო... დროით გაცვეთილი ნავი გაბომ დიდი ინტერესით დაათვალიერა და ერთი-ორი რჩევაც მისცა. ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა“ გამახსენდა, კვლავ ის გრძნობა დამეუფლა, რომ მისი წიგნი და გმირები გაცოცხლდნენ, ხოლო მე ერთ-ერთი პერსონაჟი ვარ.

მარკესის კიდევ რამდენიმე თვისებაზე მინდა მოგითხროთ. როგორი პატრიოტია თავისი ქვეყნისა და კულტურის. ამის ნათელ მაგალითს მოგიყვანთ; 1982 წელს გაბოს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. დაჯილდოების ცერემონია ძალზე კონსერვატიულია. ყველა ნომინანტმა თუ დაჯილდოებაზე დამსწრემ პროტოკოლის მკაცრი წესები უნდა დაიცვას - შავი ფრაკი, საღამოს კაბა, წუთებამდე გათვლილი ყველა გამომსვლელის დრო და ა.შ. მაგრამ მარკესი რა მარკესი იქნებოდა, რომ ეს მოსაწყენი და კონსერვატიული პროტოკოლი არ დაერღვია. ფრაკის ნაცვლად გაბო თეთრ ნაციონალურ კოსტიუმსა და სანდლებში გამოეწყო. ეს არ იკმარა და სტოკჰოლმში უახლოესი მეგობარი, მომღერალი ქალი ტოტო თავის მუსიკოსებთან და მოცეკვავეებთან ერთად ჩაიყვანა.

როდესაც შვედეთის პრინცმა გამოაცხადა მარკესი ნობელის პრემიის ლაურეატად და ჯილდოს გადასცემდა, მოულოდნელად ფერად-ფერად კოსტიუმებში გამოწყობილი ოცამდე ტემპერამენტიანი კოლუმბიელი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სიმღერით შეიჭრა სასახლის დარბაზში და ცეკვა-ცეკვით დაეშვა პომპეზურ, სამეფო კიბეზე. გაბო ამ ფაქტს სიამაყით იხსენებს და ამის დასტურად დაუვიწყარი საღამოს უნიკალური ფოტოები მაჩვენა.

საერთოდ გაბოს მთელი ცხოვრება ასეთი საინტერესო და უცნაური ისტორიებით არის აღსავსე და თუ მას პირადად იცნობ, ხვდები, რომ „მარტოობის ასი წელიწადის“ გმირები და რომანის მოვლენები ასახავენ არა მარტო მისი ოჯახის წევრებს, არამედ თვით ავტორს და მის განვლილ გზას, რადგან მის ცხოვრებაში იოლად და ჩვეულებრივად არაფერი ხდება.

17 წლის ასაკში მამამ სახლიდან გამოაგდო, რადგან სურდა გაბო ადვოკატი გამოსულიყო, მან კი იუარა და მწერლობა არჩია. კომუნისტური იდეით გატაცებული მარკესი მსოფლიო რევოლუციაზე ოცნებობდა და კოლუმბიელ პარტიზანებთან თანამშრომლობდა. ამის გამო მთავრობამ მასზე ძებნა გამოაცხადა. რომ დაეჭირათ, სიკვდილით დასჯა არ ასცდებოდა. ამან აიძულა სამშობლო დაეტოვებინა და მრავალწლიან ემიგრაციაში გადახვეწილიყო.

მიუხედავად იმისა, რომ გაბოს ცხოვრებაში მართლა უამრავი საოცარი მოვლენა დატრიალდა, მე მაინც ულამაზესად ქორწინების ისტორია მიმაჩნია. როდესაც გაბო ვენესუელაში გაიქცა, მერსედესი, მისი მშვენიერი შეყვარებული, კოლუმბიაში დარჩა. მაშინ გაბო არალეგალურად და სიცოცხლის რისკის ფასად, კვეთს საზღვარს, ჩადის მშობლიურ ქალაქში, სადაც მას საცოლე ელოდება, ღამით ეკლესიაში ფარულად იწერენ ჯვარს, დილით კი, როდესაც ჯერ კიდევ ყველას სძინავს, ორივე გაურკვეველი მიმართულებით უჩინარდება. ზუსტად ასევე რისკიანად იქცევიან ხოლმე მარკესის გმირები და გასაგებია, ვისგანაც იღებენ მაგალითს.

არც პროფესიაში მოსვლია იოლად წარმატება. 40 წლამდე, როდესაც თავისი ნაწარმოებების დიდი ნაწილი უკვე დაწერილი ჰქონდა, არც ერთი გამომცემლობა არ თანხმდებოდა მათ დაბეჭდვაზე და მხოლოდ ჟურნალისტიკით ირჩენდა თავს. ბოლო-ბოლო მოძებნა ის უნიკალური ლიტერატურული ენა, რომელსაც დღეს „მაგიურ რეალიზმად“ მოვიხსენიებთ. გაბო იხსენებს:

- ერთხელ სადღაც მივდიოდი და უცებ აზრმა გამიელვა, საჭესთან მჯდომი ერთ წამში მივხვდი, როგორი ლიტერატურული ენით და ფორმით დამეწერა შემდეგი ნაწარმოები. მანქანა სასწრაფოდ მოვატრიალე, შინ მივქანდი და საწერ მაგიდას მივუჯექი. პირველი ათი ფურცელი რომ დავწერე, ერთ-ერთ გამომცემელს მივუტანე, იმას, რომელმაც ბევრჯერ უარით გამომიშვა. მაგრამ ამჯერად აღტაცებას ვერ მალავდა, თითქოსდა იგრძნო, რომ გენიალური ნაწარმოებისა და ახალი ლიტერატურული სტილის დაბადების თანამოწმე იყო. იქვე პირობა მომცა, რომ ამ რომანს აუცილებლად დამიბეჭდავდა. ეს იყო „მარტოობის ასი წელიწადის“ დასაწყისი. ხოლო სტილი, რომლითაც ასე მოიხიბლა გამომცემელი და მოგვიანებით მთელი მსოფლიო, არც მეტი, არც ნაკლები, ჩემი სასწაულმორწმუნე ინდიელი ბებიის თხრობის სტილი იყო, რეალური და იმქვეყნიური სამყაროები ერთმანეთს სწორედ ბებიაჩემის მიერ მოყოლილ ძველ ლეგენდებში ერწყმოდა.

რწმენით ანთებული გაბო თავის უდიდეს რომანზე მუშაობას შეუდგა. აქ არ შემიძლია არ აღვნიშნო მეუღლის - მერსედესის უდიდესი როლი ამ წარმატებაში. მიუხედავად მრავალი წლის წარუმატებლობისა, უფულობისა, თუ პოლიტიკური დევნისა, ის ყოველთვის ერთგულ მეგობრად ედგა გვერდში. ისიც ფაქტია, რომ გაბო „მარტოობის ას წელიწადზე“ დაახლოებით ორი წელი მუშაობდა და ოთახში თვეობით იკეტებოდა. მწერალმა არც კი იცოდა, საიდან შოულობდა მეუღლე საჭმლის ფულს, ანდა, როგორ ყიდულობდა მისთვის ხუთ კოლოფ სიგარეტს დღეში. მერსედესი ხან დამლაგებლად, ხან კი მრეცხავად მუშაობდა და ამით მეუღლეს ყველა პირობა შეუქმნა, რომ მხოლოდ რომანზე ეფიქრა და ოჯახის საქმეები არ შეხებოდა. და რომ არა მისი თანადგომა, ვინ იცის, მიაღწევდა თუ არა მარკესი წარმატებას, მსოფლიო კი - ამ არაჩვეულებრივ საგანძურს.

ამჟამად ბედნიერი ოჯახი ზღვის სანაპიროზე, დიდ და ლამაზ სახლში ცხოვრობს, სადაც ყველას თავისი კუთხე და ოთახი აქვს. ოჯახის წევრებიც, პირდაპირი მნიშვნელობით, თითის წვერებზე დადიან, რადგან გაბოს არ უყვარს ხმაური, უყვარს რომი და, რა თქმა უნდა, ძველი არგენტინული ტანგო.

„მარტოობის ასი წელიწადი“ - პრემიერა

„მარტოობის ასი წელიწადი“ ყველასთვის ახლობელი და გამორჩეული რომანია, მაგრამ ჩემთვის ის მაინც ცხოვრების ნაწილი გახდა.

კარტახენა ბოლო სამზადისს გადის, რათა საიუბილეოდ ჩამოსული საპატიო უცხოელი სტუმრები მიიღოს. სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, კანცლერები, სამეფო ოჯახები... ჩვენი „მარტოობის ასი წელიწადის“ პრემიერა საიუბილეო პროგრამის ერთ-ერთ უმთავრეს მოვლენად უნდა იქცეს. სპექტაკლში კოლუმბიის საუკეთესო მსახიობები მყავს დაკავებული. ჩემს, როგორც რეჟისორის, პასუხისმგებლობას ერთიორად ის ფაქტიც ზრდის, რომ ეს იქნება ისტორიაში „მარტოობის ასი წელიწადის“ პირველი ადაპტაცია. მანამდე ფელინი, კუსტურიცა, რამდენჯერმე ჰოლივუდიც ცდილობდნენ საამისოდ საავტორო უფლებების მოპოვებას. მაგრამ გაბო ყველას უარს ეუბნებოდა, „რაც გინდათ, ოღონდაც არა ეს რომანი“. ეს თემა, წლების მანძილზე კოლუმბიაში ბჭობის საგნად იქცა;

- შეიძლებოდა თუ არა თეატრში ან კინოში მარკესის უნიკალური და პოეტური ენის გადმოცემა.

მაგრამ, მგონი, ჩვენ ეს მოვახერხეთ. უპირველესად იმიტომ, რომ მუშაობა გაბოსა და მისი ოჯახის გარემოცვაში მოგვიწია. კრიტიკამ ჩვენი სპექტაკლი 2007 წლის კოლუმბიის საუკეთესო სპექტაკლად მიიჩნია, შემდეგ კი საერთაშორისო აღიარებაც მოჰყვა. სიყვარულსა და კომპლიმენტებს სამხრეთ-ამერიკელები მსახიობებისა და ჩემს მიმართ დღემდე არ იშურებენ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპლიმენტი მაინც მარკესის სიტყვები გახლდათ. პირველი რეპეტიციის ნახვის შემდეგ მითხრა:

- შვილო, გეტყობა, რომ მაღალი კულტურის ქვეყნიდან ხარო.

პრემიერაზე კი მთელი გარსია და მარკესების ოჯახი შეიკრიბა, სულ ასზე მეტი კაცი. თითქოსდა გაცოცხლდნენ რომანის სხვადასხვა თაობის გმირები. დარბაზიდან უყურებდნენ მსახიობებს და საკუთარ თავს ცნობდნენ, მათთან ერთად იცინოდნენ, ტიროდნენ, მღეროდნენ... ეს ნამდვილი დღესასწაული იყო. დღსასწაული - თეატრის, ხელოვნების, კოლუმბიური კულტურის და, პირველ რიგში, გაბოს დღესასწაული, უსაზღვრო ბედნიერება მისი უერთგულესი და უსაყვარლესი მეუღლის. და, რა თქმა უნდა, ესტებანისაც, რომელმაც სპექტაკლში პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია (მისი დიდი ბაბუის პროტოტიპის) როლი ითამაშა.

შემდეგ ჟურნალისტები მეკითხებოდნენ: მე უცხოელმა, აბსოლუტურად სხვა კულტურის წარმომადგენელმა, როგორ მოვახერხე მარკესის უნიკალური, პოეტური ენის სცენაზე გადმოტანა. ჩემი პასუხი ასეთი იყო:

- ქართველი კაცისთვის ეს მარტივია, რადგან ქართველები და კოლუმბიელები ერთმანეთს ძალიან ვგავართ. ამიტომ ჩვენთვის მარკესის გაგება, ამოხსნა იოლია. მისი გმირებივით არარეალურ, ილუზორულ და ოცნებების სამყაროში ვცხოვრობთ, ვართ პოეტურები და ემოციურები.

დღეს კარტახენაში ჩვეულებრივი ცხოვრება მიედინება. საღამოობით გიტარების ხმა და სიმღერები ისმის. დღისით მზით გათანგულ პატარა ქუჩებზე ფაეტონები მიქანაობენ მშვიდად.

„მარტოობის ასი წელიწადი“ სრულყოფილად იტევს მთელი ჩვენი სამყაროს სილამაზესა და ადამიანურ განცდებს. და მაინც, ნებისმიერი, ვინც მას წაიკითხავს, თავისებურ სულს შთაბერავს მარკესისეულ ისტორიებს. მხოლოდ შედევრების თვისებაა, რამდენჯერაც უნდა წაიკითხო, შთაბეჭდილება არ ცვდება და სიახლეებიც არ აყოვნებს. და კიდევ: ნებისმიერ ენაზე ამოკითხული მისი პირველი სიტყვები: „გავა მრავალი წელი და პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია კედელთან, სიკვდილის მოლოდინში, მოიგონებს იმ შორეულ საღამოს, როცა...“ ნებისმიერ ჩვენგანში, მიუხედავად ეროვნებისა, ცოდნისა, ცხოვრებისეული გამოცდილებისა, მიუხედავად ყველაფრისა, ერთნაირ განცდას ტოვებს. უცნაურს, ნოსტალგიურს, სევდას და კიდევ სხვასაც, რომლის სახელსაც ახლა ვერ ვიგონებ, ანდა, რომელსაც სახელი ჯერ არა აქვს, მაგრამ იგი ჰგავს გრძნობას, რომელიც გვეუფლება მაშინ, როცა საღამოს ნაპირიდან შეცურავ, მიწას სწყდები და ძალიან მშვიდსა და ხანგრძლივ ცურვას იწყებ უსასრულო ჰორიზონტისაკენ...

იმავე ოთახში ძველი ჭოგრიტის გარდა კიდევ პატეფონია, მოხუცებული გაბო მასძე ძველებურ ლათინურ მუსიკას უკრავს და ცასაც ამ მუსიკის ფონზე აცქერდება. თუმცა ვიცი, რომ ცას კი არა, მამის ზღაპრებისა და ბავშვობიდან გამოყოლილი ოცნებების მოლოდინშია.

გამომცემლობა „ინტელექტი“, 2008წ.