ედგარ ალან პო - პოეტებსა და პოეზიაზე

(წერილი ბ-ს)

ამბობენ, ლექსის ღრმა კრიტიკული ანალიზი იმასაც შეუძლია, ვინც პოეტი არ არისო. მე და შენ პოეზიას სხვაგვარად ვუყურებთ და ვფიქრობთ, ეს აზრი მცდარია - რაც ნაკლებ პოეტურია კრიტიკოსი, მით უფრო ზედაპირულია ანალიზი და პირიქით.

ამის გამო, და ამიტომაც, რომ ქვეყანაზე შენისთანები ცოტანი არიან, მე ისევე მრცხვენია საზოგადოების კეთილგანწყობისა, როგორც შენი შეხედულებებით ვამაყობ. შენგან განსხვავებით, ვინმე შემეკამათებოდა, შექსპირი ყველას მოსწონს, და მაინც იგი პოეტთა შორის უდიდესიაო. თუ საზოგადოება მართლებულად სჯის, რატომ უნდა შეგრცხვეს მისი კეთილგანწყობისა? ამიტომ აუცილებელია, რომ სწორად განვმარტოთ „განსჯისა“ და „შეხედულების“ რაობა. შეხედულება ჭეშმარიტად მთელ ქვეყნიერებას ეკუთვნის, მაგრამ ეს ისევეა მათი, როგორც კაცმა სადღაც ნაყიდ წიგნზე შეიძლება თქვას, - ჩემიაო; ეს წიგნი მას არ დაუწერია, მაგრამ მაინც მისია. მაგალითად, ბრიყვს შექსპირი დიდი პოეტი ჰგონია - არადა არც კი გადაუშლია. მაგრამ ჰყავს მეზობელი, რომელიც მთელი თავით მაღლა დგას მასზე და რომლის თავიც (ასე ვთქვათ, მისი ყველაზე ამაღლებული ნააზრევი) ბრიყვისგან ისე შორსაა, რომ ბრიყვი ვერც დაინახავს და ვერც წარმოიდგენს, მაგრამ ვისი ფეხებიც, (აქ მის ყოველდღიურ ფუსფუსს ვგულისხმობ) იმდენად ახლოა, რომ შესაძლებელია მათი დათვალიერება, და რისი მეშვეობითაც ვლინდება მეზობლის უპირატესობა, რასაც მათ გარდა ვერავინ ვერასდროს იგრძნობს - ეს მეზობელი ირწმუნება, შექსპირი დიდი პოეტიაო; ბრიყვი უჯერებს და ამიერიდან ეს მისი შეხედულებაა. მეზობელსაც ეს შეხედულება მასზე მაღლა მდგომისაგან გადმოეცა და ასე რომ მივყვეთ, მივადგებით იმ რამდენიმე მადლცხებულ პიროვნებას, რომელთაც მუხლი მოუყრიატ მწვერვალის გარშემო და პირისპირ შეჰყურებენ მწვერვალზე გადმომდგარ სულის მეუფეს.

მოგეხსენება, თუ რა წინააღმდეგობა ეღობება გზაზე ამერიკელ მწერალს. მის წიგნს კითხულობენ, - თუ ხელში აღება ინებეს, - მსოფლიოს ერთიანი და დადგენილი აზროვნების სიმაღლიდან. ვამბობ, დადგენილი-მეთქი, რადგან ეს სიტყვა ლიტერატურას ისევე ეხება, როგორც კანონს ან სახელმწიფო მმართველობას - დადგენილი სახელი საკუთრებასავით ან ტახტის ფლობასავითაა. და მაინც, ამისდა მიუხედავად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წიგნებს, მათი ავტორებივით, მოგზაურობა აუკეთესებს - ზღვა თუ გადალახეს, ჩვენს თვალში დიდ ღირსებას იძენენ. ჩვენი სიძველეთა შემგროვებლები დროზე მეტად მანძილს აფასებენ; ჩვენი მატრაბაზები ჯერ ყდასა და სატიტულო ფურცელს ჩხრიკავენ და თუ სადმე რომელიმე საიდუმლოებით მოცული პიროვნების მიერ მიწერილ „ლონდონს“, „პარიზს“ ან „გენუას“ ამოიკითხავენ, მაშინ თუ იკადრებენ წიგნის გადაშლას.

მე ახლა კრიტიკის ყველაზე უხეში შეცდომა აღვნიშნე. ვფიქრობ, ის, რომ არცერთ პოეტს თავისი ნაწარმოების სწორად შეფასება არ შეუძლია, სხვა საკითხია. წეღან შევნიშნე, პოეტური ტალანტი ლექსის ღრმა კრიტიკული ანალიზის შესატყვისია-მეთქი. ამიტომაც, უნიჭო პოეტისგან, ჩემი აზრით, ცრუ კრიტიკოსი დადგება, და, პატივმოყვარეობით გაჟღენთილი, მსჯელობას ყოველთვის სატრაბახოდ შეაბრუნებს; მაგრამ პოეტი, ჭეშმარიტი პოეტი, ვფიქრობ, შეუძლებელია შეცდეს მართებულ შეფასებაში. პატივმოყვარეობა თუ არა, სუბიექტურ მსჯელობას ვერსად გავექცევით; ერთი სიტყვით, მეტი გვყავს ცრუ კრიტიკოსი, ვისთვისაც საზომი საკუთარი შემოქმედებაა, ვიდრე ნამდვილი, მხოლოდ იმიტომ, რომ უნიჭო პოეტები ნიჭიერებზე მეტი გვყავს. რა თქმა უნდა, ჩემს მოსაზრებას ბევრი არ გაიზიარებს. მილტონი ამის საწინააღმდეგო დიდებული მაგალითია, მაგრამ მისი შეხედულება, - „დაბრუნებული სამოთხე“ რომ მოსწონს - სწორად არ მიაჩნიათ. რა მარტივი შემთხვევები აქეზებენ ხშირად ადამიანებს ის ამტკიცონ, რაც თვითონვე არ სჯერათ! ალბათ რომელიღაც სასხვათაშორისოდ ნათქვამმა სიტყვამ მიაღწია შთამომავლობამდე. მაგრამ სინამდვილეში „დაბრუნებული სამოთხე“ ნაკლებია, დაბლა დგას „დაკარგულ სამოთხესთან“ შედარებით, და ასე მხოლოდ იმიტომ თვლიან, რომ ადამიანებს, როგორც არ უნდა იმართლონ თავი, - ეპოსი არ იტაცებთ და მილტონის ორივე პოემას რომ კითხულობენ ერთიმეორის მიყოლებით, პირველი ისე ღლით, რომ მეორეს გულს ვეღარ უდებენ.

გავბედავ და ვიტყვი - თუკი ასეა, მილტონს „კომუსი“ ორივეს ერჩივნა.

რადგან პოეზიაზე ვსაუბრობ, ზედმეტი არ იქნებოდა, რომ ფრთხილად შევხებოდი მის ერთადერთ სექტას ჩვენს დროში - სექტას, რომელიც, ძალზე უჭკუოდ, ტბის სკოლად მონათლეს. ამ რამდენიმე წლის წინ, შესაძლოა იძულებითაც, - რაიმე შემთხვევის წყალობით, როგორც ახლა, - მათი მოძღვრების უარყოფა მეცადა; დღეს კი ამგვარად მოქცევა ზედმეტად მეჩვენება. ჭკვიანმა კაცმა ქედი უნდა მოიდრიკოს კოლრიჯისა და საუთის სიბრძნის წინაშე, მაგრამ ჭკვიანებმა დასცინეს მათ პროზაულ თეორიებს პოეზიაზე.

არისტოტელემ განსაკუთრებული თავდაჯერებით გამოაცხადა პოეზია ლიტერატურის ყველაზე უფრო ფილოსოფიურ მოვლენად - მაგრამ უორდსუორთმა პოეზიას ყველაზე უფრო მეტაფიზიკური უწოდა. იგი ალბათ ფიქრობს, რომ პოზიის მიზანი არის ან უნდა იყოს სწავლება; მაგრამ მიზანი ჩვენი არსებობისა ბედნიერებაა; თუ ასეა, მიზანი ჩვენი არსებობის ყველა შემადგენელი ნაწილისა - ყველაფრისა, რაც კი ჩვენს არსებობას უკავშირდება - ბედნიერება უნდა იყოს; ბედნიერებას კი სხვაგვარად სიამოვნება ჰქვია, - ამიტომ სწავლების მიზანი სიამოვნება უნდა იყოს, ეს მოსაზრება კი ზემოხსენებული შეხედულების სრულიად საწინააღმდეგოა.

განვაგრძოთ: სიამოვნების მოტრფიალე უფრო სჭირდებათ მეგობრებს, ვიდრე დამმოძღვრავი, რადგან ბედნიერება ყველასთვის სასურველია, სიამოვნება კი ის მიზანია, რომლის მისაღწევადაც ვეჭვობ, სწავლება რაიმეში წაგვადგეს.

მაშინ ვეღარ ვიგებ თუ რატომ აკოხტავებენ ჩვენი მეტაფიზიკოსი პოეტები თავიანთ ლექსებს, თუკი მართლა სჯერათ სწავლების მარადიულობა. ამ შემთხვევაში გულწრფელი პატივისცემა მათი ღვთისმოსაობისადმი ნებას არ მაძლევს მათი მსჯელობისადმი ზიზღი გამოვხატო, ზიზღი, რომელიც ძნელი დასაფარავია, რადგან მათი თხზულებანი ნათლად გასაგებია მხოლოდ მცირეოდენთათვის, ხოლო ხსნა ბევრს სჭირდება. ეს მე მახსენებს „მელმოთის“ სატანას, რომელიც დაუცხრომლად შრომობს სამი მომცრო ტომის მანძილზე, რათა რამდენიმე სული წაწყმიდოს, მაშინ, როცა ერთი უბრალო ეშმაკი ათასს ან ორი ათასს დაღუპავდა.

იმ დახვეწილობის საწინააღმდეგოდ, რაც პოეზიას სწავლებად აქცევს - და არა ვნებად - მეტაფიზიკოსი განსჯას მიმართავს, ხოლო პოეტი უარყოფას. თუმცა უორდსოურთი და კილჯირი ასაკოვანი ხალხია, პირველი ბავშვობაშივე იყო ჭვრეტაში დანთქმული, ხოლო მეორე - ინტელექტისა და განსწავლის გოლიათი. მორიდება, რომლითაც მათ ავტორიტეტთან შეკამათებას ვბედავ, ყოვლისმომცველი იქნებოდა, გულის სიღრმეში რომ არ მეგრძნო, რომ განსწავლას ცოტა რამ აქვს საერთო წარმოსახვასთან, ინტელექტს - ვნებასთან და ასაკს - პოეზიასთან: უსარგებლო ნივთები ჩალასავით ტივტივებენ ზედაპირზე, ხოლო ვისაც მარგალიტი სურს სიღრმეში უნდა ჩაყვინთოს - ამ სტრიქონებმა დიდად გვაზარალეს, ჭეშმარიტების ძიებისას ადამიანები ხშირად ცდებიან, რადგან მას ძირს ეძებენ და არა მწვერვალზე, სიბრძნეს თვალჩაუწვდენელ უფსკრულში დაეძებენ, და არა ახლომახლო, სადაცაა სიბრძნე სინამდვილეში. ძველი ხალხები ყოველთვის მართებულად როდი იქცეოდნენ, ქალღმერთს ჭაში რომ მალავდნენ. იხილეთ ნათელი, რაც ბეკონმა მოჰფინა ფილოსოფიას, იხილეთ საფუძვლები ჩვენი ღვთაებრივი რწმენისა - ეს ზნეობრივი საყრდენი, რომლის მეოხებითაც ბალღურ უმანკოებას კაცური სიბრძნის გადაწონა შეუძლია.

ჩვენ ვხვდებით შეცდომებს კოლრიჯის „ლიტერატურულ ბიოგრაფიაში“, ესაა მისი ლიტერატურული ცხოვრებისა და შეხედულებათა ცდომილებანი, მაგრამ არსებითად ტრაქტატი მოიცავს ყველაფერს საგანთა შესახებ. კოლრიჯის შეცდომების მიზეზი მისი განსჯის სიღრმეა; ვთქვათ, ვასკვლავი რომ ავიღოთ - ვინც პირდაპირ და ძალუმად შეჰყურებს, მართალია ვარსკვლავად აღიქვამს, მაგრამ მის სიკაშკაშეს ვერ ხედავს, მაშინ, როცა თუ ვინმე მას ნაკლები ცნობისმოყვარეობით დააკვირდება, მიხვდება, რისთვის ესაჭიროებათ ადამიანებს ვარსკვლავი, რითაც შეიცნობენ მის ბრწყინვალებასა და სილამაზეს.

რაც შეეხება უორდსუორთს, მისი არაფერი მწამს. მჯერა, რომ სიყმაწვილეში პოეტური განცდები ექნებოდა, რადგან მის პოეზიაში უკიდურესი დახვეწილობა გაიელვებს ხოლმე - (დახვეწილობა კი პოეტის საბრძანებელია, მისი ელდორადო), - მაგრამ მათ ისეთი იერი ადევთ, უკეთესი დღეები უნდა ახსოვდეთ; ამგვარი გაელვებანი ძალზე იშვიათად თუ შეიმჩნევა მის დღევანდელ პოეტურ ცეცხლში - ხომ მხოლოდ თავგანწირული ყვავილი ამოჰყოფს თავს ყინულის ნაბზარებში.

უორდსუორთი გასაკიცხია იმიტომ, რომ თავისი სიყმაწვილე განსჯით მოქანცა, რათა პოეტი გამხდარიყო. განსჯის უნარის გაძლიერებით მან გააფერმკრთალა ის სინათლე, რომელსაც მისი პოეზია უნდა გაესხივოსნებინა. ამის გამო მისი მსჯელობა ზედმეტად სწორია. ამას ახლა ვინ გაიგებს, მაგრამ ძველი გუთები გამიგებდნენ, რადგან ისინი სახელმწიფო საკითხებს ორჯერ განიხილავდნენ, ერთხელ მთვრალები, და მეორედ ფხიზლები - ფხიზლები, რათა ფორმალობა დაეცვათ, ხოლო მთვრალები, რათა გაბედულება არ მოჰკლებოდათ. გაჭიანურებული მსჯელობანი, რომლითაც უორდსუორთი ცდილობს დაგვარწმუნოს თავისი პოეზიის მომხიბვლელობაში, ძალზე ცოტას ამბობენ მის სასარგებლოდ. ისინი სავსეა ამგვარი მტკიცებებით - (მისი ერთ-ერთი ტომი რომ გადავშალოთ ნებისმიერ გვერდზე) „გენიოსობის ერთადერთი ნიშანი ისაა, რომ შეასრულო საქმე, ჯერ რომ არავის მოუკიდია ხელი, და შეასრულო ღირსეულად“, ჭეშმარიტად! ამას მოსდევს: უღირს საქმეს გენიოსი ზურგს შეაქცევს და არც სხვის გაკეთებულს გაიმეორებსო; თუმცა ჯიბის ქურდობა უღირსი საქციელია, მაინც ამ ხელობას უხსოვარი დროიდან მისდევენ, და ბარინგტონი, ჯიბის ქურდი, გენიალობის თვალსაზრისით, იუკადრისებდა უილიამ უორდსუორთთან, პოეტთან, შედარებას.

და კიდევ - ლექსთა ერთი ციკლის ღირსების დასადგენად ძალზე მცირე მნიშვნელობა ენიჭება იმის გარკვევას, თუ ვინაა ავტორი: ოსიანი თუ მაკფერსონი, და მაინც მათი უვარგისობის დასამტკიცებლად მ-რ უორდსუორთმა უამრავი გვერდი დახარჯა. განა ასეთი უსაზღვროა? განა დიდებულ გონებას ასეთი უაზრობა უნდა მოაფიქრდეს? უარესი: რათა ამ ლექსების სასარგებლოდ თქმული ყველა საბუთი გააცამტვეროს, იგი საზეიმოდ ამოგლეჯს ნაწყვეტებს, რომელთა გაქიაქებითაც უნდა მკითხველს თავი მოაწონოს. ესაა დასაწყისი პოემისა „ტემორა“. „ულინის ცისფერი ტალღები სინათლეში ირწევიან; დღის ნათელი მოჰფენია ზურმუხტოვან მთაგორებს; ხეები ნიავს თავს უხრიან“. და ეს სტრიქონები, - ეს ბრწყინვალე და მაინც სადა სახეები, სადაც ყველაფერი სიცინცხალითა და უკვდავებით სუნთქავს - უილიამ უორდსუორთს, „პიტერ ბელის“ ავტორს, სასაცილოდ არ ჰყოფნის, ერთი თვითონ უორდსუორთის ლექსები ვნახოთ, ვთქვათ, ეს: „და ახლა პონის თავთან არის, და ახლა პონის კუდთან არის, ახლა აქეთ, მერე - იქით, ლამის სიხარულმა დაახრჩოს, ორიოდე სევდიანი კურცხალი ჩამოუგორდა ბეტის, იგი ეფერება პონის, ეფერება და ეფერება, ბედნიერი ბეტი ფოი, ჯონი, ექიმი აღარ დაგჭირდება“ („იდიოტი ბიჭიდან“); ანდა ეს: „ნამი ცვიოდა, ვარსკვლავები კრთებოდნენ, ხმა შემომესმა: შესვი მშვენიერო არსებავ. ღობის მიღმა გადავიხედე და ვიხილე თოვლივით თეთრი კრავი ქალწულის გვერდით, სხვა ცხვარი ახლო-მახლო არ ჩანდა და კრავი სულ მარტო იყო; წვრილი ბაწრით მიებათ ქვაზე“.

რა თქმა უნდა, ეჭვიც არ გვეპარება, რომ ეს ყოველივე სიმართლეა, გვსურს, რომ დავიჯეროთ. გულით გვსურს, რომ დავიჯეროთ. გულით გვსურს, მისტერ უორდსუორთ. ნეტა ხომ არ ცდილობთ, ცხვარი მოგვაწონოთ? მერე როგორ მიყვარს ცხვარი...

თუმცა ხანდახან, ძვირფასო ბ, უორდსუორთიც კი გონივრულად სჯის. ნათქვამია, ერთი დრო მოვა, თვით სტამბოლსაც დაუდგება აღსასრულიო, თვით ყველაზე უიღბლო დაბნეულობაც კი შეიძლება რაღაც დასკვნამდე მივიდეს. აი, ერთი ნაწყვეტი მისი წინასიტყვაობიდან.

„ისინი, ვინც თანემდროვე მწერალთა მეტყველებას შეეგუვნენ, თუ ამ წიგნს დაიჟინებენ და ბოლომდე წაიკითხავენ (შეუძლებელი კია!) ცოტა არ იყოს, აიმრიზებიან, (ჰა! ჰა! ჰა!); ისინი პოეზიას დაუწყებენ ძებნად (ჰა! ჰა! ჰა!) და შეეცდებიან გამოარკვიონ, რატომ მომივიდა აზრად, რომ თავს ნება მივეცი ამ კრებულისათვის ეს სათაური დამერქმია“. (ჰა! ჰა! ჰა!)...

მაგრამ მ-რ უორდსუორთს, გული ნუ დასწყდება, მან  ურემი უკვდავყო, ფუტკარმა სოფოკლემ კი მტკივანი ფეხი და ტრაგედია ინდაურთა ქოროს შემოყვანით გააკეთილშობილა.

კოლრიჯის ხსენებაზე კი არ შემიძლია თაყვანისცემით არ განვიმსჭვალო. აი, უზენაესი ინტელექტი! აი, ტიტანური ძალა! ის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ სექტების უმრავლესობა მართალნი არიან იმით, რასაც წინ წამოსწევენ და არა იმით, რასაც უარყოფენ. მაგრამ კოლრიჯმა თავისი შეხედულებანი იმ ზღუდით შემორკალა, რომლითაც სხვებს გამოეყო. რა გულდასაწყვეტია იმის გაფიქრებაც კი, რომ ასეთი გონება მეტაფიზიკაში უნდა დამარხულიყო და ნიქტანტების მსგავსად თავის სურნელი მხოლოდ ღამით ეკმია. მისი პოეზიის კითხვისას მაცახცახებს ვულკანზე მდგარივით, რომელმაც იცის, ამ სიბნელის წიაღში რა სინათლეა და როგორი ცეცხლი გიზგიზებს.

რა არის პოეზია? პოეზია! ეს პროტეოსის მსგავსი იდეა, ისე მრავალსახელიანია, როგორც ცხრასახელა კორსირა.

„ამიხსენი, რა არის პოეზია“, - მოვთხოვე ერთ ფილოლოგს ამას წინათ, „მაგაზე იოლი რა არისო“ - მითხრა და თავისი ბიბლიოთეკიდან დოქტორ ჯონსონის წიგნი მომიტანა. პოეზიის განმარტებამ განმაცვიფრა. ო, უკვდავო აჩრდილო შექსპირისა! წარმომიდგენია შენი გამწყრალი მზერა, ეს უწმაწური მკრეხელობა რომ გენახა. იფიქრე პოეზიაზე ძვირფასო ბ., იფიქრე პოეზიაზე და იფიქრე დოქტორ სემუელ ჯონსონზე! იფიქრე იმაზე, რაც ღვთაებრივი და ზღაპრულია და იმაზეც, რაც საზიზღარია და მოუქნელი; იფიქრე უზარმაზარ მოცულობაზე, სპილოზე, ვთქვათ, და შემდეგ „ქარიშხალზე“, „შუა ზაფხულის ღამის სიზმარზე“, „პროსპეროზე“, „ობერონზე“, ტიტანიაზე“!

ლექსი, ჩემი აზრით, სრულიად განსხვავდება მეცნიერული ნაშრომისგან, რადგან მისთვის ნიშანდობლივია, - მისი უშუალო საგნის გამო, - სიამოვნება და არა სიმართლე; ხოლო რომანისაგან იმით განსხვავდება, რომ ეს სიამოვნება განუსაზღვრელია, ნაცვლად განსაზღვრულისა, რადგან ლექსი იმდენადაა ლექსი, რამდენადაც თავის საგანს გამოხატავს; რომანი წარმოგვიდგენს ნათელ სახეებს განსაზღული, პოეზია კი - განუსაზღვრელი გრძნობებით, რომლისთვისაც მთავარი მუსიკალობაა, რადგან ტკბილი ბგერა ჩვენთვის ყველაზე მიუწვდომელია. სიამის აღმძვრელ იდეასთან გაერთიანებული მუსიკა - პოეზიაა; იდეაგამოცლილი მუსიკა უბრალოდ მუსიკაა; იდეა მუსიკის გარეშე არის პროზე თავისი დიდი განსაზღვრულობით.

სხვა რიღათი შეურაცხყოფდი მას, ვისაც სულში მუსიკა არა ჰქონია.

რათა შევაჯამოთ ეს ჩემი გაუთავებელი ლაქლაქი, ვაცხადებ, - ეჭვი არ მეპარება, ძვირფასო ბ., შენ ამას ხვდები, - რომ მეტაფიზიკოსი პოეტები, როგორც პოეტები, უსაზღვროდ მძულან. ის, რომ მათ მიმდევრები ჰყავთ, არაფერს ამტკიცებს „ინდიელ პრინცს სასახლეში მეტი მიმდევარი ჰყავს, ვიდრე ქურდს - სახრჩობელაზე“.

ინგლისურიდან თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა