ტომას ვულფი - მონოლოგი მარტოსულისა

ეს ცხოვრება, უფრო მეტად, ვიდრე ჩემმა ნაცნობებმა, მარტოობასა და ძიებაში გავატარე. ვერაფერს გეტყვით, თუ როგორ მოხდა ან მართალი რატომ არის, - ასე კია. თხუთმეტი წლიდან, მცირე ხნის გამოკლებით, თავს ეულად ვგრძნობდი, რამდენადაც ეს ჩვენს დროში მოხერხდება, იმის თქმა მინდა, რომ საათები, დღეები, თვეები და წლები, სიმარტოვეში რაც გაილია, იყო უსაზღვრო და საოცარი. ამიტომ ისე აგიწერთ, იმგვარად შემოგთავაზებტ გამოცდილებას ადამიანური მიუსაფრობისა, როგორადაც შემიცვნია.

მიზეზი, რომელმაც წერისკენ მიბიძგა, ის არ არის, თითქოს სიმარტოვეს ჩემეულ ცოდნას სხვათაგან განსხავებულად ვთვლიდე. პირიქით, ჩემი ღრმა რწმენით, მარტოობა იშვიათი და უცნაური ფენომენი კი არ არის, მე და კიდევ ორიოდე კაცს რომ გვახასიათებს, ძირითადი და გარდაუვალი მოვლენაა ადამიანის არსებობისა. თუ შევამოწმებთ შემთხვევებს, საქციელსა და ყოფას სხვადასხვა ხალხისა - არა მხოლოდ დიდი პოეტების სევდასა და ექსტაზს, აგრეთვე უზარმაზარ უბედურებას დაკნინებული სულისა, შეურაცხყოფის, მტრობის, სიძულვილის, იჭვისა და ზიზღის მრავალ მკვეთრ სიტყვაში რომ გათვალსაჩინოვდება, რომელიც ყურებში გაიზრიალებს, როდესაც ქუჩაში, ბრბო ჩაგვივლის - ვიპოვით, ვფიქრობთ, ყველა ერთ ტკივილს დაუსნეულებია და მიზეზი მათი სენისა - მარტოობაა.

მაგრამ თუ მარტოობის ჩემეული გამოცდილება სხვათაგან არ განსხვავდება, ვგონებ, სხვებისას დაძაბულობის სიმძაფრით აღემატება. ეს მაძლევს ყველაზე მეტ უფლებას. მთელი დედამიწის ზურგზე ამ ჩვენს უმთავრეს სენზე ვწერო, რადგანაც მჯერა, მეტი ვიცი მის შესახებ, ვიდრე სხვას, ჩემს კბილას ეცოდინება. რასაც განვიცდი, იმასვე ვამბობ, თუმცა ისიც ვიცი, რომ ეს შეიძლება ამპარტავნებად ან პატივმოყვარეობად ჩამითვალონ, მაგრამ ვიდრე ვინმე ამას მიკიჟინებდეს, ჯერ ჩაუკვირდეს, უცნაური თუ არ იქნება, ამპარტავნობა ეძიოს კაცში, ვისაც იმდენ ხანს უცხოვრია ეულად, რამდენიც მე. პატივმოყვარეობის განკურნების უებარი მალამოც მარტოობაა, რადგან ჩვენ, განდეგილებად დაბადებულნი, მეტად, ვიდრე სხვები, ყოველთვის თვითდაეჭვების მსხვერპლნიც ვხდებით. მარად და მარად ჩვენს სიმარტოვეში უეცრად წარმოდგებიან სირცხვილით აღვსილი გრძნობები არასრულფასოვნებისა, რათა მოგვიცვან შიშის, ურწმუნოების, სიცარიელისა და ავადმყოფობის დამთრგუნავი წყალდიდობით. შეგვირყვნან რწმენა და ჯანმრთელობა და აღზევებული მხიარულების ძირში ლექი გაშალონ, და რა პარადოქსულია, რომ, თუ ადამიანს შემოქმედებითი შრომის ზეობის შეცნობა სწადია, დიდი ხნით უნდა გაწიროს თავი მარტოობისთვის და განიცადოს ეს სიმარტოე, რათა წაერთვას ჯანმრთელობა, თვითდაჯერება, რწმენა და სიხარული, რაც აუცილებელია შემოქმედისათვის.

ჩემსავით მარტო ცხოვრება რომ შეძლოს, ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა ღმრთისა, აღვსილი იყოს წმინდა მონასტრული სასოებითა და გიბრალტარის შეუღწევლობით, თუ ეს არ გაგაჩნია, დადგება ჟამი, როცა რაიმეს, ყველაფერს, ან სულაც არაფერს, ყველაზე გაცვეთილ შემთხვევებს, ყველაზე სასხვათაშორისო სიტყვებს, შეუძლია ერთი ხელის დაკვრით შეგხსნას აბჯარი, დაგიდუნოს მაჯა, გული მოგიწუროს გამყინავი შიშით და თირკმელები მოცახცახე ნაცრისფერი უძლურებით აგივსოს. ეს ხან მხოლოდ ჩრდილია მზის ქვეშ, ხანაც თაკარა, რძიანი ნათელი აგვისტოსი, ან გაშიშვლებული, მოსრიალე სიმახინჯე და ბრუკლინის ქუჩების ჭუჭყიანი თავაზიანობა, არეული იმ რძიანი ნათელის მოგონებათა დაქანცულ მწკრივში და თვალდათვალ ჭვრეტ აუტანელ სიდუხჭირეში უსახელო სიცოცხლეებსა და უამრავ კალთამადლიანს. ხან სველი ბეტონის უნაყოფო შიშია, ან გავარვარებულ ქუჩებს მოდებული მანქანა-ხოჭოების მწველი სინათლე, ან ფერფლად ქცეული დაქანცულობა მანქანათა სადგომებისა, ან ჟღრიალა ხმაური ტრამვაებისა თუ მიწაზე მოფუთფუთე ბრბოსი, სულ რომ ფაციფუცობენ, არსად კი არ მიიჩქარიან.

და ეს შეიძლება იყოს ფრაზა, მზერა იყოს, ჟესტი იყოს, იყოს ცივი, ამპარტავნული თავის დაკვრა. რითაც მოხდენილი, დახვეწილი ფრანტი პარკ ავენიუზე წარმოგიდგება და თითქოს გეუბნება: „არარაობავ“. დამოწმებაც შეიძლება იყოს, ან თავიდან მოცილება საუკეთესო საკვირაო ჟურნალის კრიტიკოსისაგან, ან ქალის წერილი, რომ შემოგჩივის, დავიღუპე, რაღაც არის ჩემი ცხოვრება, სადღა შემრჩა რაიმეს უნარი, ყველა ჩემი მცდელობა ყალბია და უსარგებლოო, - და მაინც გადამრჩა სიმართლე, თვალთახედვა და სინამდვილე, რაც ასე ლამაზად მხოლოდ სიმარტოვეს ეკუთვნის.

ხანაც სხვაგვარად მოჩანს ყოველივე - არ ძალმიძს რაიმეს შევეხო, დავინახო, გავიგონო თუ დავიმახსოვრო. ისეთი გაურკვეველიც შეიძლება იყოს, როგორც სულში ჩამდგარი საზიზღარი ამინდი, ფრთხილად რომ აერთიანებს შიმშილს, მრისხანებასა და უძალო ვნებას, რაც ოდესმე მიხილავს ცხოვრებაში. ან იყოს სანახევროდ მივიწყებული მოგონება ცივი ზამთრის სიწითლისა კვირის ღონემიხდილ ნაშუადღევს კემბრიჯში, და გაფითრებული, მგრძნობიარე, დახვეწილი სახე ერთ ასეთ ნაშუადღევს მიკიჟინებდა სერიოზული მსჯელობისას, რომ ჩემი ყმაწვილური სარწმუნოება იყო მხოლოდ ბრმა და მთელი ჩემი ცხოვრებაც ამაოებაა, და თან სიწითლე და ილაჯწართმეული ნათელი მარტისა, ამ გაფითრებულ სახეში რომ ირეკლებოდა უკაცური უძლურებით, მინელებდა ჭაბუკური სისხლის სიშმაგეს.

ამ ნატელის, ამინდის, ცივი, ამპარტავნული სიტყვების, დახვეწილი, ცინიკური, თვითდაჯერებული ხალხის მოგონებანი სანთელივით მიქრობენ სიხარულსა და ამღერებულ დღეს, იმედებს სამუდამოდ დაკარგულად ვთვლი და ყველა ჭეშმარიტებას, რისთვისაც ოდესმე მიმიგნია და შემიცვნია - ყალბად. მარტოსული ასეთ დროს შეიგრძნობს, რომ უღალატია ყველა მის უმთავრეს გრძნობას და ნამდვილი არც რა ყოფილა დედამიწაზე, გარდა ქმნილებათა სიკვდილისა სიცოცხლეში - იმ ცივი, მოწურული გულისა და უნაყოფო საშოთა, რომელიც მარად არსებობს მარტის წითელ, ღონემიხდილ სინათლეში კვირა დღის ნაშუადღევს.

ყველა ეს საზიზღარი ეჭვი, იმედგაცრუება და მრუმე დაბნეულობა სულისა უნდა შეიცნოს მარტოსულმა, რადან შერწყმულია იმ ხატთან, რომელსაც საკუთრად ქმნის, დაყრდნობია მხოლოდ იმ ცოდნას, თვითვე რომ დაუგროვებია თვალისა და გონების ხედვით, მას მხარს არავინ უჭერს, არც აიმედებს, არც ეხმარება, ვერანაირი სარწმუნოებაც ვერაფერს გაუიოლებს, არაფრისა სწამს თავისი თავის გარდა, მაგრამ ხშირად ტოვებს ეს რწმენაც და რჩება მერყევი და დაუძლურებული. შემდეგ ეჩვენება, რომ მისი ცხოვრება არარაობად ქცეულა, გაცამტვერებულა, განქარებულა და შექმნილა მიუტევებელი, და ის დილა-ნათელი, ბრწყინვალე დილა, ახლადშობილი - კვლავ აღარასოდეს შემოიქცევა მიწაზე, როგორც პირველად.

იცის, რომ ჩაჟამებული დრო მასზე მდინარესავით მოედინება, უზარმაზარი, სიმარტოვის ბნელი კედელიც გარს შემორტყმია. ისე დასწოლია და ისე ზღუდავს, ვერასდიდებით ვერ გაიქცევა. და მეხისრების ეს საბედისწერო ნაყოფი, მის შიგანში რომ იწვევს ასობით მივიწყებულ სახეს და ათი ათასობით გამქრალ დღეს. სანამ მთელ ცხოვრებას სიზმარივით უცხოდ და არარსებულად არ მიიჩნევს, დრო მდიანრესავით გადაუვლის, ის კი შეყუჟულა პატარა ოთახში, როგორც ცოდვის ჯადოთი ტყვექმნილი არსება. და შორიდან მოესმის გუგუნი უკიდეგანო დედამიწისა და გრძნობს, რომ დავიწყებია, როგორ გაჰყოლია მისი ძალები მდინარის დენას და მისი ცხოვრებაც გაარაფრებულა, გრძნობს, რომ ღონე ეკარგება, ძლიერება ეშრიტება, სანამ ზის გაბრუებული თავის რა ვქნისა ციხეში.

მერე უეცრად, ერთ მშვენიერ დღეს, რატომ, თვითონაც რომ გაიგებს, წყლის მოქცევასავით უკანვე დაუბრუნდება სასოება და რწმენა ცხოვრებისა, აღდგება მოზეიმე და უძლეველი ძალით, ქვეყნიერების უზარმაზარი კედელი გადაიხსნება და ყველაფერი თავისი ფორმით აღდგება, ის კი, შინაგანად საოცრად მთლიანი და დამშვიდებული, კვლავ შემოქმდებით ჭიდილში ჩაეფლობა. ძველი ძალები ისევ მისია: რაც იცის - იცის, რაც არის - არის, ჰპოვა, რაც ჰპოვა, და იტყვის სიმართლეს, მას როგორც სჯერა, იტყვის, მთელმა ქვეყანამ რომ უარყოს, მილიონობით ადამიანიც რომ გადაეღობოს და უკიჟინონ, სიყალბეაო, მაინც იტყვის.
ამიტომ გამარჯვებული რწმენის ამ გრძნობით, მე რომ მაქვს, გავკადნიერდები განვაცხადო, რომ მარტოობას არავისზე ნაკლებ არ ვიცნობ და ისე დავწერე მასზე, როგორც ძმაზე. მართლაც ასეა. ისე დავხატო, ისე ერთგულად, რომ ვერც ერთი კაცი, ვინც წაიკითხავს, სიმარტოვის ჩემეულ ხატში არ შეეჭვდეს, როცა მარტოობისთვის გაიწირება.

ყველაზე ტრაგიკული, ამაღლებული და მშვენიერი გამოხატულება ადამიანური სიმარტოვისა, რაც ოდესმე წამიკითხავს, არის წიგნი იობისა; ყველაზე უდიდესი და ფილოსოფიური კი - ეკლეზიასტე; აქ მინდა გამოვყო ის, ყველაფრისაგან რომ განსხვავდებოდა, რაც ჩემს პატარა ბიჭობაში გამიგონია მარტოობაზე, როცა პირველად ვიგრძენი სიმარტივე და ვიხილე ცხოვრების ტრაგიკული დაფარული მხარე, განვცვიფრდი და უნდობლად განვეწყე, დავეჭვდი იმ ყოვლისმომცველ რეალობაში, რამაც ცხადი გახადა ეს ჩემსთვის. მაგრამ ის იდგა მარტოკლდესავით, რომ ვერ შეარყევ და ვერ უარყოფ. წლები რომ გავიდა, ამ აღმოჩენის სიმართლე ცხოვრების ღერძად მექცა.

აშკარაა: მარტოსული, რომელიც იმავდროულად ტრაგიკულიცაა, ის კაცია, სიცოცხლეს რომ ეტრფის - და რომელიც, თუ ამგვარად გამოითქმის, სიხარულითაა აღვსილი. ეს განმარტება უცნაური არ უნდა იყოს, ერთი ყოფა მეორეს განსაზღვრავს და საჭიროდ ხდის. ადამიანური ტრაგედიის არის მარტოობაში უნდა ვეძიო და არა კონფლიქტში, რაც არ უნდა საფუძვლიანი საბუთები ჰქონდეს თეატრს, და დიდი ტრაგიკოსი მწერალი (მე ვამბობ „ტრაგიკოს მწერალს“ განსხვავებით „ტრაგედიების მწერლისაგან“, რადგან თვით ისეთ ერებსაც, რომაელები და ფრანგები რომ არიან, არა ჰყავთ დიდი ტრაგიკოსი მწერალი. ვერგილიუსი და რასინი ტრაგიკოსები არ ყოფილან, ისინი დიდი მწერლები იყვნენ ტრაგედიისა), როგორც დიდი ტრაგიკოსი მწერლები - იობი, სოფოკლე, დანტე, მილტონი, სვიფტი, დოსტოევსკი - ყოველთვის მარტოსულია. ამგვარად, ტრაგიკოსი სიცოცხლის ტრფიალია და აქვს უღრმესი გრძნობა სიხარულისა. კაცობრიობის ჭეშმარიტი ბედნიერება ამ დიდ ტრაგიკოსთა შრომებში უნდა ვეძიოთ, თორემ სხვაგან ვერსად, ვერანაირ გადმოცემებში ვერ წავაწყდებით. ამის ნათელსაყოფად ერთ შემთხვევას გავიხსენებ.

ჩემს პატარა ბიჭობაში ყოველი ადგილი იობის წიგნისა გონებაში აღმიძრავდა ბნელ, ნაცრისფერ, ერთიანად სევდისმომგვრელ ასოციაციებს. ჩვენთაგან უმეტესს, ვფიქრობ, ასე ემართება. ცნობილი ფრაზები „ცუდი ნუგეშისმცემელი“, „იობის მოტმინება“, „იობის უბედურება“ ჩვენი ჩვეულებრივი საუბრის ნაწილი გახდა და იმათზე ვამბობ, ვისი გაჭირვებაც ამოურწყავი და გაუთავებელია, ვინც დიდხანს და უდრტვინველად იტანჯება და ვის უკუნშიც არასოდეს შეჭრილა სხივად ბედნიერება და სიხარული. ყველა ეს ასოციაცია გაერთიანდა და შემექმნა სურათი იობის წიგნისა, რომელიც მკაცრი, სევდიანი და მარადი იყო თავისი უბედურებით. როცა პირველად წავიკითხე, ბალღი ვიყავი და მეჩვენებოდა, რომ ეს გადმოცემა იობის უბედურებისა შემსუბუქებული იყო სევდიანი, რაღაც არასასურველი იუმორით, რაც ავტორს კი არა უფიქრია, მე თვითონ შემქონდა ჩემი მოსაზრებით, რადგან ჩემი ბალღური გრძნობა ურთიერთმიმართულებისა და სამართლიანობისა იმ მიჯნას იყო მიღწეული იობის საშინელ უბედურებათა ნიაღვრების მოქცევით, რომ ვიცინოდი პროტესტის ნიშნად. მაგრამ ყოველი მკითხველი, ინტელექტი და გამოცდილება რომ აქვს და ეს დიდებული წიგნი მოწიფულობისას წაუკითხავს, მიხვდება, რომ ასეთი წარმოდგენა მცდარია, რადგან წიგნი იობისა არა სევდიანი, ნაცრისფერი და მრუმეა, არამედ ერთიანად ნაქსოვი, ვიდრე სხვა რომელიმე თხზულება, რასაც კი ვიხსენებ, გრძნობით სავსე, კაშკაშა, დიდებულად აღსაქმელ საგანძურიდან უკვდავი პოეზიისა; ის გულით ატარებს მშვენიერ ჰანგს მარადი მწუხარებისა; აღმაფრთოვანებელ სიმღერას - მარადი სიხარულისა.

ეს სიმართლეა, აქ უცხო და უცნაური არაფერია, რადგან ტრაგიკოსმა იცის, რომ სიხარული მწუხარებას ეფუძნება, ტკივილით აღმაფრენა ისეთი უეცარია, როგორც დანის დარტყმის აუტანელი სურვილი და ველური, მკვეთრი ზეიმი ფლობისა, უმწვავესად რომ შეიჭრება ადამიანის უდიდესი გამარჯვების წუთებში დაკარგვისა და სიკვდილის გამაფრთხილებელი გრძნობით. ამგვარად ნანახი და ნაგრძნობი, საუკეთესო და ყველაზე უარესი, რაც ადამიანის გულში დატეულა, განსხვავებული ასპექტი ერთი და იმავესი და ორივე ერთად ცხოვრების ტრაგიზმს ჩაქსოვია.

ესაა გრძნობა სიკვიდილისა და მიუსაფრობის, მისი დღეების სიმოკლის ცოდნა და წუხილის უშველებელი ტვირთი, სულ რომ იზრდება და არასდროს კლებულობს. ეს ხდის სიხარულს ბრწყინვალეს, ტრაგიკულსა და ზღაპრულად მდიდრულს იობისთანა კაცისთვის. სილამაზე მოვალს და სილამაზე წარვალს, დაკარგულია წამი, როცა შევეხეთ და ვერც ხელს ჩავავლებთ და ჩვენთანაც ვერ დავიტოვებთ. აბა, ვის შეძლებია მდინარის შეჩერება. ამ დაკარგვის ტკივილიდან, ხანმოკლე ფლობის მწველი ექსტაზიდან, ერთი წამის საბედისწერო ზეიმიდან, ტრაგიკოსი ქმნის სიმღერას ბედნიერებისათვის,რასაც, ბოლოს და ბოლოს, სამარადისოდ შეინახავს. მისი სიმღერა მწუხარებითაა აღვსილი, რადგან იცის, რომ ბედნიერება წარმავალია, გარდასულა დრო, როცა მას ვფლობდით და ამიტომაცაა ასე ძვირფასი, დიდებას სწორედ ის ანიჭებს, რაც მას სრისავს და არღვევს.

იცის, რომ სიხარულს კვებავს მწუხარება, მწვავე დარდი და სიმარტოვე, და რომ ის მუდამ ჩნდება სიკვდილის გარდუვალობასთან ერთად, მრუმე სიკვდილისა, რომელიც გვიდუნებს ენას, თვალებს, გვიწყვიტავს სუნთქვას მტვრისა და არარაობის ორმაგი დავიწყებით - ამიტომ იობივით კაცი ქმნის ჰანგს მწუხარებისა, მაგრამ ეს სიხარულის ჰანგიც იქნება, უფრო უცნაური და მშვენიერი, რაც ოდესმე ვინმეს უმღერია.

ანუ შენ დაუდევ ცხენსა ძალი, ხოლო შემოსენ თუ ქედსა ზედა მისი შიშითა. ხოლო შეახსენ თუ მას ყოველნი საჭურველნი, ხოლო დიდება მკერდსა მისსა კადნიერებით. ფეხითა აღმოსთხარა და ველსა ზედა როკავს, და განვალს ველსა ზედა ძლიერებითა.შემთხვეული ისრისა ეცინის, და არა უკუნ იქცევის რკინისაგან.მათ ზედა იმღერის მშვილდი და მახვილი. და რისხვით მოსპობს ქვეყანასა, და არა აქვს სარწმუნოება ვიდრემდის დასცეს საყვირსა. ხოლო დამცემელი საყვირისა იტყვის კეთილ, ხოლო შორით იყნოსებს ბრძოლათა ხლდომითა და ხვიხვინითა.

ესაა ბედნიერება - ბედნიერება საზეიმო და სადღესასწაულო, მკაცრი, მარტოსული, სამუდამო სიხარული, რომლისთვისაც ნიშანდობლივია სიღრმე და მორჩილება ადამიანის განცვიფრებისა, მისი გრძნობა დიდებისა და შეგრძნება ღმერთისადმი შიშისა სამყაროს საიდუმლოს წინაშე, ეგზალტირებული ძახილი ამოსცდება ჩვენს ბაგეებს, როცა ვკითხულობთ სტრიქონებს იმ დიდებულ ცხენზე და სიხარული, რომელსაც განვიცდით, არის ველური და უცნაური, სიკვდილივით მარტოსული და უკუნი და უფრო გრანდიოზული, ვიდრე მომხიბლავი და საამო სიხარული, როგორც ჰერიკისა და თეოკრიტეს მსგავსთ აღუწერიათ, თუმცა ისინი დიდ პოეტებად მიიჩნეოდნენ.

როგორც წიგნი იობისა და ეკლეზიასტეს სწავლანი, თითოეული თავისებურად, არიან აღმატებული გადმოცემანი ადამიანის სიმარტოვისა, ასევე ძველი აღთქმის ყველა წიგნი, თავისი სრულყოფილებით, ამზადებს ყველაზე ბოლო, უღრმეს ლიტერატურას ადამიანური მარტოობისა, რაც სამყარომ უწყის. საოცარია, სულისა და რწმენის თუ რა ერთიანი კავშირითაა გადმოცემული მარტოობა ამ მრავალ წიგნში - თუ როგორ შეერწყმის უამრავი კაცის სიმღერა, ჰანგი, წინასწარმეტყველება, ქრონიკა, ყველა ასე სხვადასხვა, ყველა ასე თვითმყოფადი; ყველა ახალ ხატს აღმოაჩენს ადამიანის საიდუმლოსი და ყველაზე მიუსაფარი გულისა, და ყველა გაერთიანებულა, რათა შექმნას მარტოობის ხატი, რაც შეუდარებელია სიდიადითა და ბრწყინვალებით.

ამგვარად, ძველი აღთქმის მრავალ წიგნში - იობისა, ეკლეზიასტესი, სოლომონის გალობათა, ფსალმუნთა, იგავთა და ისაიასი; სიტყვებში ღმერთის დიდებისა და სიტყვებში გოდებისა, გამარჯვების სიმღერებში, წუხილის, მონობისა და იმედდაკარგულობის ჰანგებში; ამპარტავნობის, მედიდურობისა და სიამაყის თავდაჯერებულობაში, და მორჩილებისა და შიშის უდრტვინველ აღსარებაში, გაფრთხილებასა, აღთქმასა და წინასწარმეტყველებაში, სიყვარულსა, სიძულვილსა, სევდასა, დაკარგვასა და შურისგებაში, უცხო, ამღერებულ ზეიმსა და მწველ სინათლეში - მარტოსული ამაღლებულ, ვეებერთელა ქოროში გამოაღწევინებს ცხოვრების უკანასკნელ ოცნებას.

ყოვლის მომცველი, ყოვლისშემწირველი ჩანაფიქრი, ძველი აღთქმის წიგნებში რომაა, უფრო განგვაცვიფრებს, როცა ახალი აღთქმის კითხვას შევუდგებით. რადგან ძველი აღთქმა მარტოსული სიცოცხლის ქრონიკა თუა, ოთხთავი ახალი აღთქმისა, ჯადოსნური და დაუნაწევრებელი ერთიანობით, სიყვარულის ქრონიკაა. რას ამბობს იესო, ამბობს ათასჯერ და ათასჯერვე სხვადასხვაგვარად, მაგრამ ერთი რწმენით, „მე ვარ ძე ღმრთისა და თქვენ ხართ ძმანი ჩემნი“. და ეს რწმენა, ყველას ერთმანეთთან რომ გვაკავშირებს, დედამიწას ოჯახად აქცევს და ყოველ ადამიანს ძმებად და ღვთისშვილებად, - სიყვარულია.

ამიტომ მთავარი მიზანი იესოს მოღვაწეობისა არის დანგრევა მარტოსული ცხოვრებისა და სიყვარულის დამკვიდრება დედამიწაზე. ამ საქმეს შეწევნა რომ სჭირდება, ყველასთვისაა ნათელი და ყველასათვისვეა ნათლი და გასაგები იესოს სიტყვები:

ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანაი. ნეტარ იყვნენ რომელთა ჰშიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალენ. ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.

იესო აქ ხოტბას კი არ ასხამს მორჩილებას, წუხილს, სიმშვიდეს, სიმართლეს, მოწყალებასა და სიწრფელეს, როგორც ადამიანთა ნიშანდობლივ ღირსებებს, არამედ იმ ღირსებებით შემკულთ აღუთქვამს უდიდეს ჯილდოს, რაც კათაგანს ოდესმე ღირსებია.

და ეს ჯილდო რა უნდა იყოს? ესაა ჯილდო, რომელიც აღუთქვამს ადამიანებს არა მხოლოდ დედამიწას, არამედ სასუფეველს ცათასა. ადამიანებს ეუბნება, რომ არ იცხოვრონ და არ აღესრულონ სიმარტოვეში, რადგან მათ ვაებას ანუგეშებს, ლოცვებს შეისმენს, შიმშილსა და წყურვილს მოუკლავს, და სიყვარულს დაუფასებს; ამას გარდა, სიყვარული სამუდამოდ დააქცევს მარტოობის კედლებს, თუნდაც ამქვეყნიურმა ცოდვებმა და სიცრუემ მისი შელანძღვაც სცადოს. და თუ ყველაფერს მშვიდად და სიყვარულით გადაიტანენ, ფეხს შედგამენ ძმობაში სიხარულისა, ძმობაში სიყვარულისა, რაც არც ერთ კაცთაგანს მანამდე არ უხილავს დედამიწაზე.

ამგვარი გახლდათ საბოლოო მიზანი იესოს მოღვაწეობისა. მიზანი მისი ქადაგებებისა, მისი ჭეშმარიტი არსით, იყო სამუდამო დასამარება მარტოობისა სიყვარულით, ან ასეთი მნიშვნელობა ჰქონდა, ბოლოს და ბოლოს, რაც მის ცხოვრებაში ამოვიკითხე, რადგან ჩვენს დროში, როცა ამდენი მიცხოვრია ეულად და ასე კარგად შემიცვნია, არაერთხელ დავბრუნებივარ და წამიკითხავს ამბავი ამ კაცის ნათქვამისა და ცხოვრებისა, რათა მეპოვა, თუკი შევიძლებდი, მათში რაიმე აზრი ჩემთვის, გზა სიცოცხლისა, ჩემსას რომ დაემჯობინებოდა. წავიკითხე, რაც უთქვამს არა ღვთისმოსაობის ან სიწმინდის აზრით, არა ცოდვის შეგრძნებით, აღსარების წადილით, ან თუნდაც მისი აღთქმა ზეციურ ჯილდოსი ბევრს ნიშნავდა ჩემთვის, არამედ ვცდილობდი, რომ მისი შიშველი სიტყვები აღმექვა ისევე შიშვლად და მარტივად, როგორც მგონია, მას სწადდა ეთქვა, და როგორც წამიკითხავს სიტყვებში სხვათა და სხვათა - ჰომეროსისა, დონისა, უიტმენისა, და ეკლეზიასტეს ავტორისა - და თუნდაც მნიშვნელობა, ამ სიტყვებს რომ ვანიჭებ, სულელური ჩანდეს, ახირებული, ბავშვურად მარტივი ან გაცვეთილი, ჩემი ეს აზრი არ უნდა განსხვავდებოდეს სხვა ათობით მილიონი ადამიანის ნაფიქრისაგან, მე მხოლოდ ისე შევაჯამე, როგორც ვიხილე, ვიგრძენი, ვპოვე და შევეცადე დამემატებინა, ამომეცნო, მაგრამ შეცვლით არ შემეცვალა.

ახლა ვიცი, რომ გზა და მნიშვნელობა იესოს მოღვაწეობისა შორსაა და მერე რა შორს ჩემი აზრისგან, ვერასოდეს გავიხდი ჩემად; და ვფიქრობ, იგივე უნდა სჭირდეს ყველა მარტოსულს, ვინც მინახავს, ან რაიმე მსმენია - უსახელო, უხმო, უსახო ატომები ამა ქვეყნისა, როგორ იობი, და ყველა, და სვიფტი და თვით იესო, სიყვარულის მარადჟამობას რომ ქადაგებდა, იყო მარტოსული, როგორც არავინ, ვისაც ოდესმე უცხოვრია, და მაინც არ შემიძლია შემცდარად ჩავთვალო, როცა ძმობასა და სიყვარულის მარადიულობას ქადაგებდა და სიმარტოვეში აღესრულა; ვერც თავს ვიდებ დავასაბუთო, რომ მისი გზა სწორი არ იყო, რადგან მილიონმა კაცმა აღიარა ეს გზა, თუმცა კი არ გაჰყვა.

მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ მის გზას ჩემად ვერ გავიხდი, რადგან ვპოვე, მყარი, სამუდამო ყოფა ადამიანის ცხოვრებისა, არა სიყვარული, არამედ მარტოობა. თვით სიყვარული ჩვენი ცხოვრებისათვის მუდმივი არ არის, ეს იშვიატი და ძვირფასი ყვავილია, სიცოცხლის მომცემი, შიგნიდან რომ გამოარღვევს ჩვენს უკუნ სიმარტოვეს და კაცთა ძმობად, სიცოცხლის მეგობრობად და დედამიწის ოჯახად აღგვადგენს. თუმცა ხან ის ყვავილია, სიკვდილი რომ მოაქვს, ტკივილი და უკუნეთი, და მასშივეა შერყვნა სულისა და შეშლილობა.
როგორ, ან რატომ, ან რა გზით მოაღწევს ეს ყვავილი ჩვენთან, სიცოცხლით თუ სიკვდილით, ძლევითა თუ მარცხით, სიხარულით თუ შეშლილობით, ამქვეყნად ამას ვერავინ განჭვრეტს. მაგრამ ვიცი, რომ ბოლოს ჩვენ ყველას - უსახლკარო, კერადავსილთ, კერადაქცეულ მაწანწალებს სიცოცხლისა, მარტოსულთ, - მარად და მარად გველოდება მრუმე სახე ჩვენ მეგობარ სიმარტოვისა.

მაგრამ ჰქრებიან ძველი უარყოფანი და რჩებიან ძველი აღსარებანი, - და ჩვენ, მკვდრები რომ ვიყავით, აღვსდექით, ვინც დაკარგულნი ვიყავით, ვპოვეთ თავი, ვისაც გაყიდული გვქონდა ნიჭი, ძალი და ყმაწვილური სარწმუნოება და სანაცვლოდ სიკვდილი მოვიმკეთ, სანამ გული გაგვერყვნებოდა, განგვიქარდებოდა ნიჭი და იმედი გადაგვეწურებოდა, დავიბრუნეთ სისხლსავსე სიცოცხლე სიმარტოვესა და უკუნეთში, და ვიცით, საგნები იგივედ დარჩება, როგორც ყოფილა და კვლავ ვხედავთ, როგორც ერთ დროს, მანათობელი ქალაქის სახეს, შორს გაწვდილ და მოკაშკაშე წმინდა ნათლის ხვეულებში რომ ნათობს მარად და თვალს ვერ ვაცილებთ, როცა გადავდივართ ხიდზე და ძლიერი დინებანი გარს მოგვჯარვიან, უზარმაზარი გემები გვიხმობენ, და გადავდივართ ხიდზე, ყოველთვის შენთან ერთად, ერთგულო მეგობარო, ვისაც გესაუბრები და ვისაც არასოდეს გიღალატია ჩემთვის. ისმინე!

„მარტოობა მარად და დედამიწა კვლავ! უსინათლო ძმავ და გულითადო მეგობარო, უკვდავო ხატო სიბნელისა და ღამისა, ვისთან ერთადაც გამიტარებია ცხოვრების ნახევარი და ვისაც შემიძლია სიკვდილამდე ერთგულად ველოდო - რისი უნდა მეშინოდეს, სანამ ჩემთან ხარ? გმირო მეგობარო, სისხლისმიერო ძმაო ჩემი სიცოცხლისა. ბნელო სახევ, განა ერთად არ დავლახეთ მილიონობით ბილიკი, განა ერთად არ მივიკვლევდით გზას ღამის უზარმაზარ და გაცოფებულ ქუჩებში, განა ერთად, მხოლოდ ჩვენ ორმა, არ გადავსერეთ აბობოქრებული ზღვა და მოვიხილეთ უცხო ნაპირები. და კვლავ დავბრუნდით, რომ სიბნელეში გვესეირნა და მიწის სიჩუმისათვის მიგვეგდო ყური? განა მამაცნი და ძლევამოსილნი არ ვიყავით ერთად, მეგობარო? განა ამქვეყნად არ განგვიცდია გამარჯვება, დიდება და სიხარული - და განა ეს ყოველივე არ დაბრუნდება, როგორც კი შენ დამიბრუნდები? მოდი, ძმაო, ღამის მოლოდინში, მო, საიდუმლო და მდუმარი სიბნელის წიაღით, მოდი ისე, მანამდე რომ მოდიოდი, კვლავ და კვლავ მოგქონდა ჩემთან ძველი უძლეველობა, ჩაუმქრალი იმედი, სიხარული და რწმენა, რომ კვლავ შევებათ დედამიწას“.

თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა