ფრენსის ბეკონი - მეგობრობისათვის

ალბათ ძალზე გაუჭირდებოდა ამ აზრის გამომთქმელს, დიდი ოდენობით სიმართლე და სიცრუე რომ ჩაეტია ორიოდ სიტყვაში - „ვინც მარტოობას ამჯობინებს, ან გარეული მხეცია, ან ღმერთი“. იმიტომ, რომ მართალია ჭეშმარიტებაა, ბუნებრივი და იდუმალი მტრობა და ზიზღი საზოგადოებისადმი ყოველ ადამიანს ველურ მხეცთან რომ აახლოებს, მაგრამ უსაშველო სიცრუეა, თითქოს მარტოობას ღვთაებრივი ბუნების რაღაც თავისებურება ახასიათებდეს.

გარდა იმ შემთხვევისა, როცა მარტოობას წარმოშობს არა თვით მარტოობით ტკბობა, არამედ იმის წადილი და სიყვარული, რომ კაცი განცალკევდეს უფრო ამაღლებული საუბრის გულისათვის, რასაც სიყალბედ და მოჩვენებითობად თვლიდა ზოგიერთი წარმართი, ვთქვათ, ეპიმენიდე კანდიანელი, ნუმა რომაელი, ემპიდოკლე სიცილიელი და აპოლონიოს ტიანელი; და ჭეშმარიტებად და რეალობად - უძველესი განდეგილები და ეკლესიის წმინდა მამები. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა არის მარტოობა და რას გულისხმობს.

ბრბო საზოგადოება არ არის; სახეები მხოლოდ სურათთა უკუფენაა; და საუბარი მხოლოდ მოწკრიალე წინწილაა, სიყვარულის ნასახსაც რომ არ გვაგრძნობინებს. ლათინური ანდაზაც დაახლოებით ამასვე ამბობს: „დიდი ქალაქი დიდი მარტოობა“. იმიტომ, რომ დიდ ქალაქში მეგობრები გაფანტულნი არიან, ასე რომ, უმრავლეს შემთხვევაში, აქ ისეთი სიახლოვე ვერ ექნებათ, როგორც მცირე დასახლებაში ექნებოდათ. მაგრამ შეგვიძლია უფრო შორს წავიდეთ და სავსებით სამართლიანად დავამტკიცოთ, რომ სწორედ უბრალო და საცოდავი მარტოობა აღძრავს სურვილს გულითადი მეგობრების ყოლისა, ურომლისოდაც ქვეყანა უდაბნოს დაემსგავსებოდა; და თუნდაც მარტოობის ამგვარი გააზრების მიხედვით, მას, ვინც თავისი ბუნებითა და გრძნობებით სამეგობროდ არ გამოდგება, ეს თვისება - მარტოობა - მხეცებისაგან შეუძენია და არა ადამიანებისაგან.

მეგობრობის უმთავრესი ნაყოფი არის შემსუბუქება და განთავისუფლება გულის გადატვირთვისა და სიმსუქნისაგან, რასაც იწვევს და აღძრავს ყოველგვარი სახის ვნება. ვიცით, რომ ყველა სხვა სნეულებათაგან შეკავება და ხუთვა არის სხეულისათვის ყველაზე საშიში და სწორედ ასევეა გონებისთვისაც; ვმკურნალობთ მრავალძარღვათი, რათა ღვიძლი დაგვიამოს; რკინით, ელენთის ტკივილი რომ მოგვიშუშოს, გოგირდის ფერის ფილტვების სამკურნალოდ ვხმარობთ, თახვის სისხლს - ტვინისა, მაგრამ ვერაფერი უწამლებს გულს, გარდა ჭეშმარიტი მეგობრისა, ვისაც შეგიძლია გაუზიარო სევდა, სიხარული, შიში, იმედი, ეჭვი, ჰკითხო რჩევა, და ყველაფერი, რაც გულში გიდევს და გტანჯავს, გაუმხილო და აღსარება უთხრა.

საოცარია, თუ რა განუზომელ მნიშვნელობას ანიჭებენ დიდი მეფენი და მონარქები მეგობრობის ამ ნაყოფს, ჩვენ რომ ვსაუბრობთ; ისე ძლიერ აფასებენ, რომ ხშირად საკუთარ უსაფრთხოებასა და სიდიადესაც სასწორზე დებენ.

რადგან მთავრებს, ბედისწერის ძალით ამაღლებულებს და დაშორებულებს თავიანთ ქვეშევრდომთა და მსახურთაგან, არ შეეძლოთ მოეწიათ ეს ნაყოფი, გარდა იმ შემთხვევებისა (რათა მეგობრობა მათთვისაც მისაწვდომი ყოფილიყო), როცა აღაზევებდნენ ხოლმე ზოგიერთ პიროვნებას, თითქოს ისინი მისი ტოლნი და სწორნი ყოფილიყვნენ, რაც ხშირად უხერხულ გარემოებას ჰქმნიდა. თანამედროვე ენაზე ასეთ პიროვნებებს ჰქვიათ ფავორიტები ან პრივადოები დაწინაურებისა და მთავართან სიახლოვის მისანიშნებლად. მაგრამ რომაული სახელი მათ ჭეშმარიტ დანიშნულებასა და არსს მიუთითებს, როცა მათ თანამონაწილენს არქმევს და ამით კვანძსა ჰკრავს. აშკარაა, რომ ამას სჩადიან არა მხოლოდ სუსტი და მერყევი მთავრები, არამედ ყველაზე ბრძენი და დიდი პოლიტიკოსები, ვისაც კი ოდესმე გვირგვინი სდგმია; ისინი ხშირად იახლოვებდნენ თავიანთ მსახურებს, მეგობრებს ეძახდნენ და ნებას აძლევდნენ, მათთვისაც ასევე მიემართათ, ამ სიტყვით, ახლობლები რომ მიმართავენ ერთმანეთს.

ლ. სულამ, რომს რომ განაგებდა, აღაზევა პომპეუსი (შემდგომში პომპეუს დიდი რომ უწოდეს) და იქამდე აღაზევა, რომ პომპეუსმა სულაზე დიდადაც კი წარმოიდგინა თავი. რადგან, როცა პომპეუსმა მოიწადინა სულას უნებართვოდ, თავისი მეგობარი კონსულად დაენიშნა, და სულამ ოდნავი აღშფოთება გამოთქვა ამის გამო და ლაპარაკი წამოიწყო, პომპეუსმა უეცრად მის წინააღმდეგ გაილაშქრა და უბრძანა, გაჩუმდიო; რადგან ადამიანთა უმრავლესობა თაყვანსა სცემს არა ჩამავალ, არამედ ამომავალ მზეს.

იულიუს კეისრისათვის ასეთი კაცი გახლდათ დეციმუს ბრუტუსი, რადგან ანდერძში, ძმისწულის შემდეგ, მემკვიდრედ იგი დაასახელა. და ეს იყო კაცი, ვინც იმხელა ძალაუფლება მოიპოვა, რომ კეისარს სიცოცხლე მოუსწრაფა. რადგან, როცა კეისარმა სენატი დაითხოვა, რაღაც ცუდი წინათგრძნობიტ აფორიაქებულმა, უფრო კი კაპურნიას სიზმრით შეშფოთებულმა, ამ კაცმა ხელი მოჰკიდა, ნაზად წამოაყენა და უთხრა, იმედი მაქვს, არ დაითხოვ სენატს, ვიდრე თქვენი მეუღლე უკეთეს სიზმარს არ იხილავსო. და, როგორც ჩანს, ბრუტუსს იმხელა ძალაუფლებისათვის მიუღწევია, რომ ანტონიუსი წერილში, ციცერონის „ფილიპიკებში“ სიტყვა-სიტყვით რომ არის მოტანილი, მას ჯადოქარს უწოდებს, თითქოს კეისარი მოეჯადოვებინოს.

ავგუსტუსმა აღაზევა აგრიპა (მიუხედავად მდაბიო წარმოშობისა) და ისე აღაზევა, რომ როცა ავგუსტუსი მესენას ეთათბირებოდა თავისი ქალიშვილის, ჯულიას, ქორწინების თაობაზე, მესენამ თავს ნება მისცა მისთვის ეთქვა, ან აგრიპას უნდა მიათხოვო ქალიშვილი, ან სიცოცხლე მოუსწრაფო აგრიპას; მესამე გზა აღარ არსებობს, იმ სიმაღლეზე ასულა აგრიპაო.

ტიბერიუს კეისრის დროს სეიანუსი ისე განდიდდა, რომ მათ ნამდვილ მეგობრებად თვლიდნენ. მისდამი გაგზავნილ წერილში ტიბერიუსი ამბობს: ჩვენი მეგობრობის გამო არაფერს გიმალავ. და მთელი სენატი ხოტბას ასხამდა მეგობრობას, ვითარცა ღვთაებას, ამ ორს შორის არსებული გულითადი მეგობრობის პატივსაცემად.

მსგავსი ან უმჯობესი მეგობრობა ჰქონდათ სეპტიმუს სევერუსსა და პლოტიანუსს. რადგან სეპტიმუს სევერუსმა აიძულა თავისი უფროსი ვაჟი, ცოლად შეერთო პლოტიანუსის ქალიშვილი, და ხშირად უჭერდა მხარს პლოტიანუსს, სახალხოდ კიცხავდა თავის ვაჟს, სენატსაც კი გაუგზავნა წერილი, სადაც წერს: მე ეს კაცი ისე მიყვარს, რომ ვინატრებდი მას ჩემზე დიდხანს ეცოცხლაო.

ეს მთავარნი ტრაიანესა და მარკუს ავრელიუსის მსგავსნი რომ ყოფილიყვნენ, კაცი იფიქრებდა, ასეთი ქცევა უხვი ბუნებისაგან აქვთ მომადლებულიო, მაგრამ ვინაიდან ისინი ისეთი ბრძენნი იყვნენ, იმდენად ძლიერნი, ისეთი მკაცრნი და ისე უყვარდათ საკუთარი თავი, რომ უნდა ვიფიქროთ, თავიანთი ბედნიერება (თუნდაც ისე განუზომელი, სხვა მოკვდავს რომ არც კი ღირსებია) არაფრად მიაჩნდათ, თუკი ამ ბედნიერებას მეგობარი არ შეავსებდა; და თუმცა ეს ბევრს ნიშნავს, ისინი მთავრები იყვნენ, ჰყავდათ ცოლ-შვილი, შვილიშვილები; მაინც ეს ყოველივე მეგობრობის მაგივრობას ვერ უწევდათ.

არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რაც კომინმა თავისი პირველი ბატონის, ჰერცოგ შარლ გულადისაგან შეითვისა, არავის გაანდო საიდუმლოებანი, ბოლოს და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი მაინცო. აქედან გამომდინარე, კომინი მოგვიანებით იტყვის, გულდახურულობამ შეასუსტა და ცოტათი დაღუპა კიდეც ჩემი გონებაო. ცხადია, თუკი მოინდომებდა, კომინს შეეძლო იგივე აზრი გამოეტანა თავის მეორე ბატონზე, ლუი მეთერთმეტეზე, დაკვირვებიდანაც, ვისი გულდახურულობაც ძლიერ აწამებდა მას.
პითაგორას ნათქვამი ბუდნოვანია, მაგრამ მართალი: გულს დუმილს ნუ შეაჭმევინებ. მართლაც, ისინი, ვინც უკმეხად პასუხობენ, გულს არ უხსნიან მეგობარს, საკუთარი გულის კანიბალები არიან. ერთი რამ მართლაც მშვენიერია (რითაც დავასრულებ მეგობრობის პირველ ნაყოფზე საუბარს), რომ ადამიანის ურთიერთობას მეგობართან ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ეფექტი მოაქვს; ეს ურთიერთობა აორმაგებს სიხარულს და შუაზე ჰყოფს დარდს. რადგან არ არსებობს კაცი, ვინც მეგობარს სიხარულს რომ გაუზიარებს, მერე ორმაგად არ ხარობდეს, და არ არსებობს კაცი, მეგობარს დარდს რომ გაუზიარებს, მერე ნაკლებ არ დარდობდეს.

ასე რომ, რაც შეეხება ადამიანის სულზე ზემოქმედებას, მეგობრობას ახასიათებს იგივე ღირსება, რასაც ალქიმიკოსები თავიანთ ქვას მიაწერდნენ ადამიანის სხეულზე რომ გამოცდიდნენ ხოლმე. - ეს ქვა იწვევს სრულიად საპირისპირო ეფექტებს, მაგრამ ბუნების სასიკეთოდ და სასარგებლოდ. მაგრამ ალქიმიკოსები რომ არც მოვიშველიოთ, ამის თვალსაჩინო მაგალითი ბუნების უბრალო მოვლენებშიც არსებობს. ვთქვათ, სხეულთა ერთიანობა აძლიერებს და აყვავებს ყოველგვარ ბუნებრივ მოქმედებას და, მეორე მხრივ, ასუსტებს და ქარწყლავს, რომელსაც გნებავთ, ძალდატანებით გამოწვეულ შთაბეჭდილებას, და სულიც ასევეა.

მეგობრობის მეორე ნაყოფი არის გონების სიჯანსაღე და ამაღლებულობა, ისევე როგორც პირველი ნაყოფი არის სიჯანსაღე და ამაღლებულობა გრძნობისა. რადგან მეგობრობა გრძნობის მეოხებით უღრუბლო დღედ გადააქცევს ავდარსა და ქარიშხალს და გონების ძალით სინათლეს ჰფენს მტანჯველ და აბურდულ ფიქრებს. ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ადამიანი მეგობრისაგან მხოლოდ გულწრფელ რჩევას იღებდეს; სანამ ამის შესახებ ვისაუბრებდეთ, უნდა ითქვას, რომ ვისაც კი ოდესმე ფიქრებით ჰქონია გონება გადატვირთული, მისი გონება და მიხვედრილობა დაწმენდილა და გახსნილა სხვასთან მსჯელობისა და საუბრისას; იგი ფიქრებს უფრო იოლად მოიშორებს; უფრო უკეთ მოაწესრიგებს; იგი ხედავს, თუ როგორი იქნება სიტყვებადქცეული ფიქრი. და ბოლოს, იგი უფრო ჭკვიანი ხდება; და ეს ერთსაათიანი მსჯელობისას უკეთ ხერხდება, ვიდრე მთელი დღის ფიქრისას.

კარგად უთხრა თემისტოკლემ სპარსთა მეფეს: მეტყველება მოხატულ ხალიჩასა ჰგავს, გაშლილსა და საქვეყნოდ გამოფენილს; რისი წყალობითაც წარმოსახვა სახეებში წარმოჩინდება; მაშინ, როცა ფიქრებში წარმოსახვა ისე ძევს, თითქოს ფუთაშია გამოკრულიო. ეს მეორე ნაყოფი მეგობრობისა, გონების გახსნა, მხოლოდ იმ მეგობრებით არ იზღუდება, კაცს რაიმეს რომ ურჩევენ (ისინი მართლაც საუკეთესო მეგობრები არიან), არამედ უამისოდაც ადამიანი თავის თავს სწავლობს, თავისი ფიქრები დღის სინათლეზე გამოაქვს და გონება ქვასავით უმახვილდება, ქვასავით საკუთარ თავს რომ ვერ ხვრეტს. ერთი სიტყვით, უმჯობესია ადამიანმა თავისი ნაფიქრი ქანდაკებას ან სურათს უამბოს, ვიდრე ფიქრები უკვალოდ გაფანტოს.

დაუმატეთ ამას - რათა მეგობრობის მეორე ნაყოფი სრულყოფილად წარმოვისახოთ - ის ნიშანი, რომელიც უფრო აშკარაა და უბრალო დაკვირვებითაც შეინიშნება, გულწრფელი რჩევა მეგობრისა. მშვენიერად ამბობს ჰერაკლიტე ერთ-ერთ ენიგმაში, ბუნებრივი სინათლე მუდამ საუკეთესოაო; და მართლაც, სინათლე, რაც ადამიანს სხვისგან ეფინება, უფრო ბუნებრივი და წმინდაა, ვიდრე ის სინათლე, საკუთარი მიხვედრილობითა და გარჯით რომ ენიჭება, რადგან ეს სინათლე ყოველთვის გასვრილი და დამძიმებულია საკუთარი გრძნობებითა და ჩვეულებებით. ასე რომ, ისეთივე განსხვავებაა მეგობრის რჩევასა და იმ რჩევას შორის, კაცი რომ ურჩევს თავის თავს, როგორც მეგობრისა და მლიქვნელის რჩევას შორის. რადგან არ არსებობს ისეთი მლიქვნელი, როგორიც ადამიანია საკუთარი თავისადმი, და არც უანგარო მეგობრობაზე უკეთესი წამალი არსებობს მლიქვნელობის დასათრგუნად.

რჩევა ორგვარია, ერთი ჩვევებს შეეხება, მეორე კი - საქმიანობას. სულიერი სიჯანსაღის შენარცუნების საუკეთესო საშუალება მეგობრის სამართლიანი შენიშვნაა. საკუთარი თავისათვის პასუხის მოთხოვნა ძლიერმოქმედი წამალია. კარგი, ზნეობრივი წიგნების კითხვა, ცოტა არ იყოს, მოსაწყენი და უნაყოფოა. ჩვენი ნაკლის შემჩნევა სხვებში ზოგჯერ არასწორ გზაზე გვაყენებს. მაგრამ საუკეთესო წამალი (საუკეთესო გასაზიარებლადაც და სამოქმედოთაც) მეგობრის რჩევაა. საკვირველია, თუ რა დიდ შეცდომებსა და უკიდურეს სისულელეს სჩადიან მრავალნი (განსაკუთრებით მაღალი წრის ხალხი). რადგან არა ჰყავთ მეგობარი, შეცდომებზე რომ მიუთითებდა, ამის გამო კი ძლიერ აზიანებენ საკუთარ რეპუტაციას და ბედ-იღბალს, რადგან, როგორც წმინდა იაკობი ამბობს, ეს ის ხალხია, რომელმან განიცადეს პირი ქმნულებისა თვისისაი სარკითა, რამეთუ განიცადა თავი თვისი და წარვიდა მეყსეულად, დაავიწყდა, რაბამ-რაი იყო. რაც შეეხება საქმიანობას, თუ მოისურვა, კაცმა შესაძლოა ისიც იფიქროს, ორი თვალი უკეთ ვერ ხედავს, ვიდრე ერთიო; ან მოთამაშე უფრო მეტს ხედავს, ვიდრე მაყურებელიო; ან გაბრაზებული კაცი ისევე გონივრულად სჯის, როგორც დაწყნარებულიო; ან მუშკეტის სროლა ისევე მოსახერხებელია ხელით, როგორც საყრდენის მოშველიებითო; და სხვა ამგვარ ფუჭსა და უნაყოფო ფანტაზიებს მიეცეს და მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოს. და როცა ყველაფერი დასრულდება, ფანტაზია ამოეწურება, მაშინ მიხვდება, რომ საქმეს მარტო კეთილი რჩევა თუ გამოაკეთებს. და თუ ვინმე ფიქრობს, რჩევას ყურს დავუგდებ, ოღონდ ნაწილ-ნაწილო, ერთ საკითხზე ერთ კაცს მოვეთათბირები, მეორეზე - სხვასო; ეს კი კარგია (იმას სჯობია, არავის რომ არაფერი ჰკითხო), მაგრამ თან ორი საშიშროება ახლავს:

ერთი, რომ ასეთი კაცი გულწრფელ რჩევას ვერ ეღირსება, რადგან გულწრფელი რჩევა საერთოდ იშვიათია და მხოლოდ ჭეშმარიტსა და სამუდამო მეგობარს თუ ენდობი; რცევით გირჩევენ, მაგრამ საქმე ბოლოს ისე წარიმართება, ისე დაიგრიხება, როგორც მრჩეველს სურდა. და მეორე, რჩევას მოგცემენ, ოღონდ საშიშსა და სახიფათოს (თუნდაც წრფელი გულით), ნაწილობრივ განმკურნავს და ნაწილობრივ ზიანის მომტანს; ისევე, როგორც ისეთი ექიმი რომ გამოიძახო, ვინც იმ ავადმყოფობის განკურნების ხერხს კი კარგად ფლობს, რაც გჭირს, მაგრამ სენი სხეულისა არაფერი გაეგება და შესაძლოა იმწუთში გიშველოს, მაგრამ შენს ჯანმრთელობას სხვა რამ ზიანი მიაყენოს, ესე იგი, ავადმყოფობა მოსპოს და პაციენტი კი მოკლას. მაგრამ მეგობარი, ძირფესვიანად რომ იცნობს საქმის მდგომარეობას, კაცს ფრთხილ რჩევას მისცემს ყოველ კონკრეტულ ვითარებაში, რათა სხვა გაუგებრობა არ გამოიწვიოს. ამიტომაც ნუ ენდობით შემთხვევით რჩევებს; ისინი უფრო დაგაბნევენ და გზას აგირევენ, ვიდრე მოგაწესრიგებენ და გზაზე დაგაყენებენ.

მეგობრობის ამ ორ ღირსეულ ნაყოფს (გრძნობების დაწყნარებას და შეწევნის განსჯის დროს) მოსდევს კიდევ ერთი, საბოლოო, რომელიც ბროწეულივით უამრავი მარცვლით არის სავსე; ვგულისხმობ, შეწევნასა და მხარში ამოდგომას ყოველი საქმიანობისა და ვითარებისას. საუკეთესო გზა იმის საჩვენებლად, თუ რამდენად აუციელბელია მეგობრობა ცხოვრებაში, არის ჩამწკრივება და თვალის მიდევნება იმისა, რისი გაკეთებაც ადამიანს თვითონ არ შეუძლია; და მერე დაინახავ, თუ როგორ ცდებოდნენ წინაპრები, როცა ამბობდნენ, მეგობარი იგივე მე ვარო. რადგან მეგობარი შენზე ბევრად მეტია. ადამიანები ცხოვრობენ და ხშირად კვდებიან ისე, რომ ვერ ასრულებენ იმას, რაც ყველაზე ძლიერ აწუხებდათ: შვილების გზაზე დაყენება, საქმის ბოლომდე მიყვანა და სხვა ამის მსგავსი. თუ კაცს ჭემარიტი მეგობარი ჰყავს, შეუძლია მშვიდად განისვენოს, მისი საქმე მის მერეც გაგრძელდება. ისე, თითქოს კაცს ორი ცხოვრება ჰქონდეს. ადამიანს აქვს სხეული და ეს სხეული განსაზღვრულ ადგილას არის მიჯაჭვული. მაგრამ როცა მეგობარი ჰყავს, მთელი ცხოვრების საქმეები შეუძლია მეგობრის შემწეობით შეასრულოს, რადგან მეგობრის დასაქმება შეუძლია.

რამდენი შემთხვევაა, რამდენი რამ არის ისეთი, რისი თქმა თუ განხორციელება ადამიანის ძალას აღემატება? კაცი ვერ წარმოაჩენს საკუთარ ღირსებას მორიდებულობის გამო; მით უმეტეს, ქებას ვერ შეასხამს საკუთარ თავს; ხანდახან კაცს არ შეუძლია რომ ევედროს, ითხოვოს და სხვა ამის მსგავსი. მაგრამ ამ ყოველივეს შესანიშნავად ამბობს მეგობარი, ამბობს იმას, რისი თქმაც თვით კაცს გააწითლებდა. გარდა ამისა, ადამიანს, პიროვნებას, ახასიათებს მრავალი თავისებურება, რასაც ვერასდიდებით ვერ მოიცილებს. კაცი თავის ვაჟიშვილს ყოველთვის მამასავით ელაპარაკება; ცოლს-ქმარივით; მტერს-მტრულად; მაშინ, როცა შეუძლია მეგობარს ყოველთვის ისე ელაპარაკოს, როგორც საქმე მოითხოვს, და არა ისე, როგორც მოსაუბრეს შეეფერება.

მეგობრობის ღირსებათა ჩამოთვლა დაუსრულებლად შეიძლება; მე გიჩვენეთ წესი, რომ კაცი ვერ მოახერხებს სრულყოფლად შეასრულოს თავისი როლი, თუ მეგობარი არა ჰყავს; და თუ მეგობარი არა ჰყავს, მან სცენა უნდა დატოვოს.