ჩარლზ დიკენსი - ოლივერ ტვისტის წინასიტყვაობა

„ავტორის ზოგიერთმა მეგობარმა შესძახა - ყური დამიგდეთ, ჯენტლმენებო, ადამიანი არამზადაა, მაგრამ ეს ბუნების ბრალია; და მაშინდელმა ახალგაზრდა კრიტიკოსებმა, კლერკებმა, შეგირდებმა და სხვებმა ამას სიმდაბლე უწოდეს და ბუზღუნი დაიწყეს“, - ჰენრი ფილდინგი

ამ თხზულების დიდი ნაწილი ჯერ ჟურნალში დაიბეჭდა. როცა დავასრულე და ახლანდელი სახით ამ სამი წლსი წინ გამოვაქვეყნე, მოველოდი, რომ მას უმაღლესი ზნეობრივი პოზიციებიდან დაესხმოდნენ თავს მართლაც რომ მაღალზნეობრივი ავტორიტეტები. შედეგმა დაადასტურა ჩემი მოლოდინის სიმართლე.

ვსარგებლობ შემთხვევიტ და მსურს რამდენიმე სიტყვით განვმარტო ჩემი მიზანი და მისწრაფება ამ წიგნის შექმნისას. ეს ჩემთვის ერთგვარი მოვალეობაცაა, მადლიერება გამოვხატო მათდამი, ვინც კეთილად იყო განწყობილი და წარმატებას მიწინასწარმეტყველებდა; და ვინც ალბათ უკმაყოფილო არ დარჩება თუ მათ შეხედულებებს თვით მე დავადასტურებ.

ძალზე უხეშად და ამაზრზენად ის მოჩანს, რომ ამ წიგნის ზოგიერთი გმირი წარმომადგენელია ლონდონის მოსახლეობის ყველაზე კრიმინალური და დეგრადირებული ფენისა; საიკსი ქურდია, ფეჯინი - ნაქურდალის შემნახველი; ბიჭები ჯიბგირები არიან, გოგონა კი კახპაა.

ვაღიარებ, ჯერაც არ შემიგნია, რომ უსაზიზღრესი ბოროტება უწმინდეს სიკეთეს ვერ გვასწავლის. ყოველთვის მწამდა, რომ უსაზიზღრეს ბოროტებას შეეძლო უწმინდესი სიკეთე ესწავლებინა, და რომ ეს იყო აღიარებული და დადგენილი ჭეშმარიტება, ჩამოყალიბებული უდიდესი ადამიანების მიერ, რაც კი მსოფლიოს უხილავს; მუდამ განხორციელებული ჭეშმარიტება საუკეთესო და უბრძენეს ადამიანთა მიერ და ყოველი მოაზროვნე გონების გამოცდილებითა და ფიქრით განმტკიცებული.

როცა ამ წიგნს ვწერდი, ვერ ვხედავდი მიზეზს, თუ რატომ არ შეიძლება ცხოვრების ნალექი - თუ მდაბალი მეტყველება ყურს არ შეურაცხყოფს - ემსახუროს ზნეობრივ მიზნებს, ბოლოს და ბოლოს ისევე მაინც, როგორც ქაფი და ნიღაბი ცხოვრებისა. არც იმას დავუეჭვებივარ, რომ სენტ ჯაილზის რაიონშიც მოიპოვება სადღაც მიკუნჭული და დასალპობად გამზადებული მასალა ჭეშმარიტების დასადგენად, ისევე, როგორც სენტ ჯეიმზის რაიონში საქვეყნოდ არის გამომზეურებული.

ამ განწყობით, როცა მოვინდომე გამომეხატა პატარა ოლივერში არსებული კეთილი საწყისი, ყოველგვარ მტრულ გარემოცვას რომ გაუძლევდა და ბოლოს გამარჯვებას იზეიმებდა, როცა ვბჭობდი, თუ როგორ წრეში იქნებოდა უკეთესი მისი გამოცდა, როცა ვეძებდი იმ ადამიანებს, ვის ხელში ჩავარდნაც მისთვის უფრო ბუნებრივი იქნებოდა, ვამჯობინე ისინი, ვინც ამ ფურცლებზე გამოვიყვანე. როცა უფრო დინჯად ჩავუფქირდი ჩემს მიზანს, მრავალი დამაჯერებელი მიზეზი გამოჩნდა იმისა, რომ არჩეულ გზას მივყოლოდი. უამრავი რამ წავიკითხე ქურდებზე - მაცდუნებელ ყმაწვილკაცებზე (მეტწილად თავაზიანებზე), უზადოდ ჩაცმულ, ჯიბესქელ, ცხენივით ჯანსაღ, თავხედ, იღბლიან, ყოჩაღ, ჩინებულად მომღერალ, მსმელ, ბანქოს მოთამაშე, ყომარბაზ, მამაცი მეგობრებით გარშემორტყმულ ბიჭებზე, მაგრამ არსად შემხვედრია (ჰოგარტის გარდა) ბედუკუღმართი სინამდვილე. ჩემთვის ნათელი შეიქნა, რომ წარმოსახვა ამგვარ დანაშაულებრივი ქმედებათა ხლართისა, როგორც სინამდვილეში არსებობს; დახატვა დამნაშავეთა მთელი სიმახინჯისა, სიდუხჭირისა, მათი ცხოვრების სიბინძურისა და სიღატაკისა; მათი ჩვენება ისე, როგორებიც არიან სინამდვილეში, მუდამ ძლივძლივობით რომ ემალებიან ცხოვრების ჭუჭყიან ბილიკებზე უზარმაზარ, მრუმე სახრჩობელებს, მათი ცხოვრების გზას რომ აბოლოვებს, და ყოველნაირად რომ ცდილობენ ამ სახრჩობელის არიდებას; ნათელი გახდა, რომ ყოველივე ამის დახატვა ნიშნავდა, შემესრულებინა საზოგადოების საჭიროებისათვის დიდად მნიშვნელოვანი საქმე. და, როგორც შემეძლო, ისე შევასრულე.

ჩემთვის ნაცნობ ყველა წიგნში, სადაც ასეთი გმირებია გამოყვანილი, ეს გმირები თითქოს მიმზიდველობითა და მომხიბვლელობით არიან შემკულნი. თვით „ღატაკთა ოპერაშიც“ კი ქურდების ცხოვრება ისეა ნაჩვენები, რომ შურს უფრო აღძრავს, ვიდრე სხვა რაიმე გრძნობას; ვთქვათ, მაკჰიტი, მთელი თავისი მბრძანებლური მიმზიდველობით, ულამაზეს გოგონას რომ უყვარს პიესის ყველაზე ნათელ გმირს, ისევე იწვევს აღფრთოვანებისა და მიბაძვის სურვილს სუსტი ნებისყოფის მაყურებელში, როგორც ნებისმიერი წითელმოსასხამიანი, ბრწყინვალე ჯენტლმენი, ვინც როგორც ვოლტერი ამბობს, მოიპოვა უფლება ათასობით ადამიანს მბრძანებლობდეს და მათ სათავეში ჩამდგარმა თვით სიკვდილს ესროლოს გამოწვევა. ჯონსონის შეკითხვა, შეიძლება თუ არა, რომ ყველა ადამიანი ქურდი გახდესო, მაკჰიტის გამართლების გამო მეჩვენება, რომ აზრს ჰკარგავს. ჩემს თავს ვეკითხები, განა შეიძლება, რომ ადამიანი ქურდი არ გახდეს-მეთქი, იმიტომ, რომ ბოლოს ხომ მაინც უნდა მოკვდეს და იმიტომაც, პიჩამი და ლოკიტი რომ არსებობენ; და რომ მახსენდება კაპიტნის ბობოქარი ცხოვრება, ზვიადი გარეგნობა, უდიდესი წარმატება და გამორჩეული უპირატესობა, ვრწმუნდები, რომ არავინ, ვისაც ქურდული ცხოვრებისაკენ აქვს მიდრეკილება, მისგან არავითარ გაფრთხილებას არ შეისმენდა, ვერც სხვა რაიმეს დაინახავდა წინ, გარდა აფერადებული, შესანიშნავი გზატკეცილისა, და პატივმოყვარეობა ერთხელაც იქნებოდა ტაიბერნის ხესთან მიიყვანდა.

არსებითად, გეის გონებამახვილ სატირას საზოგადოებაზე გარკვეული მიზანი ჰქონდა, რის გამოც, ცოტა არ იყოს, დაუდევრობა გამოიჩინა, სამაგიეროდ, სხვა უფრო ფართო და ამაღლებული მიზნისაკენ გაეხსნა გზა. იგივე შეიძლება ითქვას სერ ედუარდ ბალუერის მომხიბლავსა და ჩინებულ რომანზე პოლ კლიფორდის შესახებ, სადაც ასეთი რამ არც არის და არც უნდა იყოს, რა მხრივაც არ უნდა განვიხილოთ.

როგორია ამ ფურცლებზე აღწერილი ცხოვრება? ქურდის ყოველდღიური ყოფა? რით უნდა მოხიბლოს ახალგაზრდა და ცუდი მიდრეკილების მქონე კაცი, რა სატყუარაა ბრიყვებისა და ყმაწვილთათვის? აქ ვერსად ნახავთ ცხენით ნავარდს მთვარის შუქით განათებულ მინდვრებში, ვერც მხიარულებას მყუდროსა და კეთილგანწყობილ გამოქვაბულებში, არც თვალისმომჭრელი ტანსაცმელია, არც ზიზილ-პიპილები, მაქმანები, მაღალყელიანი ჩექმები, შინდისფერი მოსასხამები და მანჟეტები, არავითარი შეტაკებები და განთავისუფლება, რითაც უხსოვარი დროიდან არის ცნობილი შარა-გზა. ცივი, ნესტიანი ცარიელ-ტარიელი ქუჩები შუაღამის ლონდონისა, ბუნძური, ჭუჭყიანი ბუნაგები, სადაც ყოველ კუნჭულში ბოროტებაა შემალული; შიმშილი, სნეულება, გაცვეთილი, ჩამოძენძილი ტანსაცმელი; რისთვის არის ეს ყოველივე ნაჩვენები? განა ისინი არაფერს გვასწავლიან, და განა ისინი იმაზე მეტს არ ჩაგვჩურჩულებენ, ვიდრე ნაკლებსაყურადღებო ზნეობრივი ქადაგება?

მაგრამ არსებობს ისეთი დახვეწილი და ნაზი ბუნების ხალხი, ამგვარ საშინელებათა მზერას რომ ვერ იტანენ. არა იმიტომ, რომ ინსტინქტურად უფრთხიან დანაშაულს; არამედ იმიტომ, დამნაშავეთა ხასიათები მათთვის ასატანი რომ გახდეს, იმ ხორცივით უნდა შეუკაზმო, სუფრაზე რომ მიირთმევენ ხოლმე. მწვანე ხავერდში გამოწკეპილი ვინმე მასარონი საკმაოდ მიმზიდველი ქმნილებაა; მაგრამ ბამბაზიით შემოსილი ვინმე საიკსი კი აუტანელია. ვინმე მისის მასარონის ფერწერულ ტილოებზე ხატავენ მოკლე ქვედატანითა და სამასკარადო კაბით და აქედან ძვირფას ლითგრაფიებს ამზადებენ, ხოლო ვინმე ნენსიზე, ბამბის ქსოვილი რომ ჩაუცვამს და იაფფასიანი მოსასხამი მოუხვევია, ფიქრიც კი არ ღირს. გაოცებას არიან, თუ ბინძურწინდებიანი ადამიანი სათნო აღმოჩნდება; ხოლო ბაფთებითა და ბრჭყვიალა კაბით მორთული ბოროტება გათხოვილი ქალივით იცვლის სახელს და რომანტიკოსად იქცევა.

რადგან ამ წიგნში მიზნად მქონდა მხოლოდ შეუვალი და გაუზვიადებელი სიმართლე მეთქვა, თუნდაც ამ რომანებში ნაქები ფენის შესახებ, ზემოხსნებულ მკითხველთა გულისთვის მე ვერ მივჩქმალავ ვერც ერთ ნაჩვრეტს დოჯერის პალტოში, ვერც ერთ თმის სახვევს გოგონას აბურდულ თმაში. არაფერი მწამს იმათი დელიკატობისა, ვინც ასეთ რამეებს ვერ უყურებს, და არც არავითარი სურვილი მაქვს, ისინი ჩემს რწმენაზე მოვაქციო. მათ შეხედულებებს პატივს არ ვცემ, გინდ მართებული იყოს, გინდ მცდარი; არც მათი კეთილგანწყობა მარგია რამედ; მათ გასართობად სრულებითაც არ ვწერ. ვბედავ, ეს ყველას თამამად მივახალო, რადგან ჩვენში არ ვიცნობ არც ერთ მწერალს  - ვინც თავისი ყადრი იცის, ან შთამომავლობის იმედი აქვს - ამ დახვეწილი კლასის გემოვნების მიხედვით რომ ეწერა.

მეორე მხრივ, თუკი მაგალითებსა და პრეცენდენტებს მოვიძიებთ, მათ ინგლისური ლიტერატურის უკეთილშობილეს რიგში ვიპოვით. ფილდინგი, დეფო, გოლდსმიტი, სმოლეტი, რიჩარდსონი, მაკენზი - ყველა ამათ, და განსაკუთრებით ფილდინგმა და დეფომ, გონივრული მიზნით სცენაზე გამოიტანეს ჩვენი მიწა-წყლის უმდაბლესი ლექი და ნაგავი. ჰოგარტმა, მორალისტმა და თავისი საუკუნის მოყურადემ - ვის დიად წიგნებშიც არასოდეს გახუნდება ის დრო, როცა თვითონ და მისი გმირები ცხოვრობდნენ - იგვე მოიმოქმედა და სიმართლისათვის გოჯითაც არ გადაუხვევია; მოიმოქმედა ისეთი ძალითა და სიღრმით, ცოტას რომ ჰქონია მანამ მომადლებული და მომავალშიც ცოტას რომ ექნება. და რაოდენ ამაღლებულა ეს გოლიათი თავის თანამემამულეთა თვალში. და მაინც, თუ უკან დავბრუნდებით - იმ დღეებისკენ, როცა ამ ადამიანთა ნიჭი გაიფურჩქნა - დავინახავთ, რომ თითოეულ მათგანს იგივე საყვედურებით მისდგომიან მედროვე ჭიაღუები, წამიერად რომ ფუთფუთებენ, მოკვდებიან და დავიწყებას მიეცემიან.

სერვანტესმა დასცინა ესპანურ რაინდობას, როცა მისი უმაქნისობა და უაზრობა დაინახა. მე კი შევეცადე, ჩემს მოკრძალებულსა და რაინდობისაგან შორს მდგომ სფეროში, მეჩვენებინა სიბნელე ამ რეალურად არსებული, ყალბად მბრწყინავი გარემოსი, დამეხატა მისი მახინჯი და ამაზრზენი სინამდვილე. ჩემს გემოვნებასა და დროის ჩვეულებებს თანაბრად ვეყრდნობოდი, როცა ვცდილობდი დამეხატა ეს ყოველივე მთელი მისი დაცემული და განადგურებული მხარეებით; ყველაზე უმდაბლესი გმირისათვის წამომესროლინებინა რაც შეიძლება შეურაცხმყოფელი გამოთქმები; რათა მკითხველი ამით მიმეყვანა აუცილებელ დასკვნამდე, რომ მათი არსებობა სიბილწე და ბოროტებაა, და არ მემტკიცებინა ეს დახვეწილი სიტყვებიტა და ფაქტებით. განსაკუთრებით გოგონას ხატვისას არ გამომპარვია ეს განზრახვა ყურადღებიდან. თხრობისას თუ როგორ ჩანს ეს ან როგორ შევასრულე, ამის განსჯა მკითხველისათვის მიმინდვია.

ამ გოგონას შესახებ აზრი გამოითქვა, მისი საყვარელი დაუნდობელი მძარცველისადმი არაბუნებრივიაო. ასეთივე აზრი გამოითქვა საიკსის შესახებაც, ვფიქრობ, ცოტა არ იყოს უმართებულო - იგი მართლაც რომ გადაჭარბებულად არის დახატული, რადგან მას სრულიად არ გააჩნია ის მისატევები თვისებები, რის გამოც მისი სიყვარული არაბუნებრივი ეჩვენებათ. ამ შეხედულებაზე იმას მოგახსენებთ, რომ ვშიშობ, ქვეყნად არიან ისეთი უგრძნობელი და უგულო ადამიანები, ვინც ბოლოს უეჭველად და უცილობლად ბოროტები ხდებიან. ასეა ეს თუ არა, ერთი რამ მტკიცედ მჯერა: არიან ისეთი ადამიანები, როგორიც საიკსია - რომელნიც დროის იმავე მონაკვეთსა და იმავე პირობებში ვერ გამოიჩენენ ერთი შეხედვით ან ერთი წამიერი მოქმედებითაც უმკრთალეს ნიშანსაც კი უკეთესი ბუნებისა. მკვდარია თუ არა ყოველგვარი სათუთი გრძნობა ამგვარ მკერდში, თუ ადამიანური სიმია ჩაჟანგებული და ძნელად ასაჟღერებელი, არ ვიცი; მაგრამ ეს რომ ასეა, დარწმუნებული ვარ.

უსარგებლოა იმაზე მსჯელობა, ბუნებრივია თუ არა ამ გოგონას ხასიათი და ქცევა, შესაძლებელია თუ შეუძლებელი, სწორია თუ მრუდე. ეს ხასიათი მართალია. ვინც კი დაჰკვირვებია ცხოვრების ამ სევდიან ჩრდილებს, ყველამ იცის, რომ ეს ასეა. დავიწყე თუ არა ამაზე ფიქრი დიდი ხნით ადრე, სანამ წერას ხელს მოვკიდებდი, რაც კი ვნახე და ამოვიკითხე, ცხოვრების ორომტრიალში, რასაც კი წლების მანძილზე კვალდაკვალ მივყევი საზიზღარსა და გახრწნილ გზებზე, ყოველივეში კვლავ და კვლავ იგივე ვიხილე. საცოდავი კახპის პირველი გამოჩენიდან იქამდე, სანამ ამ გოგონას გასისიხლიანებული თავი მძარცველის მკერდზე არ ასვენია, აქ არაფერია ზედმეტი ან გადაჭარბებული. ეს არის გამოკვეთილი და ღვთაებრივი სიმართლე, რადგან სიმართლეს ღმერთი უბოძებს ასეთ გახრწნილსა და საცოდავ გულებს; ეს არის სადღაც მოკუნჭული იმედი; უკანასკნელი წვეთი წყალი გამომშრალსა და ბალახმოდებულ კალაპოტში. ეს წიგნი ეხება საუკეთესოსა და ყველაზე უარეს მხარეებს ადამიანის ბუნებისა; უფრო მეტად ამ ბუნების მახინჯ ანარეკლებს და რაღაც უმშვენიერესსაც; ეს არის წინააღმდეგობა, გადახრა, აშკარად აუტანელია, მაგრამ სიმართლეა. მოხარული ვარ, რომ ეს სიმართლე საეჭვო გახდეს, რადგან ამით მომეცა შემთხვევა, მეთქვა ეს ყოველივე.

თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა