უოლტ უიტმენი - ემერსონის წიგნები

(მათი ჩრდილოვანი მხარეები)

ყოველგვარ ზომას აღემატება იმ რეგიონის უსაზღვრო სივრცე, სიღრმე და სიმაღლე, რასაც ჩვენ ბუნებას ვუწოდებთ, დაუმატეთ ამას ადამიანი, მისი სოციალური და ისტორიული მნიშვნელობა, ის ზნეობრივ-ემოციური მოვლენები, ადამიანზე რომ ზემოქმედებენ - და ამის რაოდენ მცირე ნაწილს (როგორც დღეს ვფიქრობდი) გადმოსცემს ლიტერატურა - თუნდაც მთელი, ყველა საუკუნის ლიტერატურა რომ შევაჯამოთ; უკეთეს შემთხვევაში, ნავების პატარა გუნდი დაცურავს უკიდეგანო ზღვის სანაპიროზე და ვერ გაუბედავთ, კოლუმბივით რუკის გარეშე გასცურონ ახალი სამყაროს აღმოსაჩენად, რათა საბოლოოდ გამოიკვლიონ ჩვენი პლანეტა.

ემერსონი სწორედ ასე წერს, მის წიგნებში აქა-იქ ოკეანეც მოჩანს და ამ ოკეანის ჰაერიც იგრძნობა, და სხვაზე უფრო გულწრფელად მიმართავს ჩვენს საუკუნესა და ამერიკულ სინამდვილეს. მაგრამ მე მსურს მისი კრიტიკით დავიწყო - და ამით დავამტკიცო, რომ შეუთვისებელი არ დამრჩენია მისი უღრმესი გაკვეთილები.

ემერსონის წიგნებს განვიხილავ დემოკრატიული და დასავლური თვალსაზრისით. მისი მზით განათებული სივრცეებიდან გამოვარჩევ ჩრდილოვან მხარეებს. ვიღაცას უთქვამს გმირულ ხასიათებზე: „იქ, სადაც უმაღლესი მწვერვალებია, ველები და ღრმა უფსკრულებიც აუცილებლად იქნებაო“. უმადურობას ვიჩენ (მიზეზთა გამო), მოუხსენებლად რომ უნდა დავტოვო მზიანი ველ-მინდვრები და ზეცას მიწვდენილი მწვერვალები და ხრიოკ უდაბნოსა და ბნელით მოცულ ადგილებზე შევჩერდე; ჩემი თეორიის მხიედვით, ვერც ერთი ხელოვანი და ხელოვნების ვერც ერთი პირველხარისხოვანი ქმნილება უამისოდ ვერ იქნება.

მაშ ასე, უპირველეს ყოვლისა, ემერსონის თხზულებათა გვერდები მეტისმეტად ჩინებულია, მეტისმეტად დახუნძლული (ისეთივე ჩინებული, როგორც, ვთქვათ, ჩინებული კარაქი და შაქარი. მაგრამ რა ჭამს სულ კარაქსა და შაქარს! თუნდაც ასე გემრიელს). და თუმცა ავტორი ბევრს ლაპარაკობს თავისუფლებაზე, ველურობაზე, უბრალოებასა და უშუალობაზე, სხვა არც ერთი ნაშრომი არ ყოფილა უფრო მეტად დაფუძნებული ხელოვნურ განსწავლულობასა და მოკაზმულობაზე (ამას თვითონ კულტურას უწოდებს), სამიოდე თაობის მიღმა რომ ამოზრდილა და იქიდან გადმოსცემია. ეს კეთებაა, არაცნობიერი ზრდა კი არა. ეს არის ფაიფურის ფიგურები თუ ქანდაკებები ლომისა, ირმისა ან ინდიელი მონადირისა - და, ცხადია, ბრწყინვალე ქანდაკებები - მარმარილოს ან წითელი ხის თაროებზე დასაწყობად ბიბლიოთეკასა თუ სასტუმრო ოთახში; ქანდაკებები, მაგრამ არა თვით ცხოველი, არა თვით მონადირე. და მართლაც, ვის სჭირდება ნამდვილი ცხოველი ან მონადირე? რა უნდა ჰქნას ფარდებსა, ათასგვარ უქმ საგნებსა და მაგიდის ნათურებს შორის, ქალბატონებსა და ბატონებში, ხმადაბლა რომ საუბრობენ ხელოვნებაზე, ბრაუნინგსა და ლონგფელოზე? ოდნავი ეჭვიც კი, ეს ნამდვილი ხარია ან ნამდვილი ინდიელი, ან ბუნების ჭეშმარიტი შვილიო, ამ ხალხს თავზარს დასცემდა და თავპირისმტვრევით გააქცევდა.

ემერსონი, ჩემი აზრით, არც ისე ძალიან ბრწყინავს, როგორც პოეტი, ხელოვანი ან მოძრვარი, თუმცა დიდი ღირსებანი აქვს. იგი საუკეთსო კრიტიკოსია, ლიტერატურის მაჯისცემის მცოდნე. მას წარმართავს არა ვნება, არა წარმოსახვა, არა სისუსტე, არა ფანატიზმი თუ ერთგულება რაიმე იდეისადმი, არამედ ცივი, სისხლისაგან დაშრეტილი ინტელექტი (ვიცი, რომ ემერსონს სადღაც, სიღრმეში ჩამარხული აქვს ცეცხლი, ემოციები, სიყვარული, ეგოიზმი - მაგრამ გარეგნული სახე ფარავს ამ გრზნობებს და უცხო თვალისათვის უხილავს ხდის).

ემერსონი არასოდეს აღიქვამს ერთ მხარეს, ძირითად ან მხოლოდ ერთ გამოვლინებას (როგორც ყველა პოეტი ან უკეთესნი პოეტთა შორის) - იგი ყველა მხარეს აღიქვამს. ბოლოს და ბოლოს, მისი გავლენა აიძულებს მის მოწაფეებს, რომ აღარაფერს აღარ სცენ თაყვანი - აღარ ირწმუნონ არაფრისა, გარდა საკუთარი თავისა. ეს წიგნები ავსებენ, და ჩინებულადაც ავსებენ, ერთ-ერთ ხანას ცხოვრებისა, განვითარების გარკვეულ მონაკვეთს (ისევე, როგორც ემერსონის ახალგაზრდობისდროინდელი თეოლოგიური შეხედულებანი ავსებდა მისი ცხოვრების ამ ხანას), ამ მხრივ ისინი ულაპარაკოდ ძვირფასია, მაგრა სიბერის ჟამს, თქვენი სიცოცხლის ჭირვეულ, საზეიმო ან მომაკვდავ საათებში, როცა სულს სწყურია ნუგეში თუ გამაცოცხლებელი ზემოქმედება უსაზღვრო ბუნებისა ან მისი შესატყვისი ლიტერატურისა თუ ადამიანებისა, და სული უკუაგდებს ცივ, თუნდაც ძალზე გამჭრიახ ინტელექტუალობას, ეს წიგნები ვერაფერს გიშველით.

ფილოსოფოსისათვის ემერსონი მეტისმეტად დახვეწილი, კეთილშობილური მანერების მქონეა. ემერსონმა თითქოს არ იცის, რომ მანერები ის უბრალო ნიშნებია, რითაც ქიმიკოსი ან მეტალურგი ლითონებს ცნობს. ნამდვილ მეცნიერს ყველა ლითონი მოსწონს, რადგან ყველა ერთნაირად ესაჭიროება. კნინი გონების პატრონი კი, სხვათა აზრების ამყოლი, ოქროსა და ვერცხლს ამჯობინებს. ასევე, ჭეშმარიტი ხელოვანისათვის, ის, რაც მახინჯად იწოდება, შესაძლოა, ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანი იყოს. წარმოვიდგინოთ, რომ ემერსონის წიგნები გახდეს სისხლხორცეული, ამერიკული სულისა და ხასიათსი საკვები რჩები, როგორი დასუფთავებულნი, გრამატიკულად სწორნი, მაგრამ უსისხლონი და უნუგეშონი შევიქნებოდით. არა, არა, ძვირფასო მეგობარო; თუმცა შტატებს უსათუოდ სჭირდება მეცნიერები, ქალბატონები და ბატონები, წამდაუწუმ აბაზანაში რომ იღვრიჭებიან, ხმამაღლა არასოდეს იცინიან, და ლაპარაკში შეცდომებს არ უშვებენ, მაგრამ სულაც არ სჭირდება ეს მეცნიერები, ქალბატონები და ბატონები, თუკი სხვას ყველაფერს დაკარგავს. ქვეყანას ესაჭიროება ღირსეული ფერმერები, მეზღვაურები, ხელოსნები, კლერკები, მოქალაქენი - ჭეშმარიტი საქმიანი და სოციალური ურთიერთობანი - ჭეშმარიტი მამები და დედები, თუკი ასეთი ხალხი გვეყოლება, ძლიერნი, ჯანსაღნი, კეთილშობილნი, სამშობლოს მოყვარულნი, დაე, ნუ შეათნხმებენ შემასმენელსა და ქვემდებარეს, და, თუკი სიამოვნებთ, ისე იხარხარონ, თითქოს თოფი გრიალებსო! რა თქმა უნდა, ეს არ გახლავთ ის ყველაფერი, რაც ამერიკას სჭრიდება, მაგრამ ეს არის ის, რაც სულ უფრო მეტად ესაჭიროება, და ესაჭიროება დიდი რაოდენობით. და ამერიკა ძირითადად ამ მიზანს ისახავს და მისკენ მიისწრაფვის ინტუიციით, მიუხედავად აურაცხელი შეცდომებისა და გზიდან გადახვევისა. რაღაც განსაკუთრებული (სხვათაგან განსხვავებული), უაღრესად დახვეწილი ხალხის შექმნა, თითქოს ურიგო საქმე არ უნდა იყოს მაგრამ ამერიკისათვის სიკვდილის მომტანია, რადგან იდეას ახრჩობს. რაც შეეხება განსაკუთრებულ კასტას, ამერიკა ვერასოდეს შეჰქმნის ისეთივე ბრწყინვალე კასტას (მათთან შედარებასა და დაპირისპირებაზე ფიქრით კი ზედმეტია), მოწინავე ევროპელმა ერებმა რომ შეჰქმნეს, როგორც ძველად, ასევე ჩვენს დროში. მაგრამ შექმნა, უზარმაზარი და მრავალფეროვანი მიწის სივრცეებზე, დასავლეთით და აღმოსავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით - არსებითად, პირველად ისტორიაში, - დიადი, მრავალტომიანი, ჭეშმარიტი ხალხისა, ამ სახელის ღირსნი რომ არიან, ჭეშმარიტ გმირთა წარმოშობა, ქალთა და კაცთა, ამერიკის არსებობის ძირითადი მიზანია. და თუ ეს განხორციელდება (და ამ ბოლო დროს მგონია, რომ ორმაგად განხორციელდება), ეს იქნება ნაყოფი შესაბამის დემოკრატიულ სოციოლოგიურ მეცნიერებათა, ლიტერატურისა და ხელოვნებისა - თუკი ოდესმე გვექნება - და ჩვენი დემოკრატიული პოლიტიკისა.

ხან ეჭვიც კი მეპარება, მართლა იცის თუ არა ემერსონმა, რა არის პოეზია, ამ სიტყვის უმაღლესი გაგებით, პოეზია, ვთქვათ ბიბლიისა, ჰომეროსისა ან შექსპირისა. აშკარაა, რომ ემერსონს უფრო მოსწონს უკიდურესად გაშლაშინებული სიტყვათშეთანხმება, ან რაიმე ძველებური და თავშესაქცევი, ვთქვათ, უოლერის ლექსი, - „წადი, ვარდო მშვენიერო“, ან ლავლეისის - „ლუკასტასადმი“, ძველ ფრანგ პოეტთა მიმზიდველი უცნაურობანი და ასე შემდეგ. ძალა აღაფრთოვანებს მას, როგორც ჯენტლმენს, და გულში ფიქრობს, რომ ეს უდიდესი თვისება ღმერთთა და პოეტთა, მუდამ უნდა ემორჩილებოდეს ოქტავებს, მოქნილ ხერხებს, დახვეწილ ჟღერადობასა და ზმნებს.

მახსენდება, რომ რამდენიმე წლის წინ, როგორც ყველა ახალგაზრდამ, მეც განვიცადე (მართალია დაგვიანებით და ზერელედ) ემერსონის გავლენა და თაყვანისცემით გამსჭვალული ვკითხულობდი მის წიგნებს, პრესაშიც გამოვეხმაურე და „მოძღვარი“ ვუწოდე, და ასეც ვფიქრობდი თვეების მანძილზე - და ამის მოგონება კი არ მაწუხებს, კმაყოფილებასაც კი განვიცდი. შევამჩნიე, რომ მგზნებარე გონების ყმაწვილკაცთა უმეტესობა ამგვარი სულიერი წვრთნით გამოცდილებას იძენს.

უმთავრესი ღირსება ემერსონიზმისა ის არის, რომ იგი ზრდის გოლიათს, მასვე რომ ანადგურებს. ვის სურს, რომ მხოლოდ უბრალო მიმდევარი იყოს ვინმესი? - ისმის ყოველ მის სტრიქონში. ჯერ არ ყოფილა მოძღვარი, ვინც ასეთი დამოუკიდებლობის უფლებას იძლეოდეს - არც უფრო ჭეშმარიტი ევოლუციონისტი ყოფილა.

თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა