საქართველოს კონსტიტუცია - 1921 წლის 21 თებერვალი

საქართველოს კონსტიტუცია მიღებულია საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს

სავსებით ბუნებრივი და გასაგებია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე მტკიცედ მდგომი ჩენი რესპუბლიკის თითოეული მოქალაქის დაინტერესება ეროვნული დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული „საქართველოს კონსტიტუციით“. მკითხველს ვთავაზობთ ამ კონსტიტუციის ტექსტს და სხვა დოკუმენტებს, რომლებიც ამოღებულია 1999 წელს გამომცემლობა „ივერთა მხარის“ მიერ დასტამბული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებულიდან (1918–1921 წლები).

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი გამოცხადებულია ტფილისში, სასახლის თეთრს დარბაზში 1918 წელს, 26 მაისს, კვირას, ნაშუადღევის 5 საათსა და 10 წუთს:

მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო. მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.

რუსეთის დიდის რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დაუტევა ამიერკავკასია.

დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვით იდვეს თავის საკუთარ საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.

ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.

ამისდა თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, აცხადებს:

1) ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

2) დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.

3) საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.

4) საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰსურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.

5) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა და სქესისა.

6) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზედ მოსახლე ყველა ერს.

7) დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელის საქართველოს მართვა– გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით, და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.

დამატება I.
აქტი საქართველოს დამოუკიდებლობისა

მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო.

მე–XVIII–ე საუკუნის მიწურულში მტერთაგან მიერ ყოველის მხრით გარსშემორტყმული და მეტად შევიწროებული საქართველო რუსეთს შეუერთდა იმ პირობით, რომ რუსეთი მას გარეშე მტერთაგან დაიცავდა.

რუსეთის დიდი რევოლუციის განვითარების დროს ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომლის შედეგიც ბრძოლის მთელი ფრონტის დარღვევა და რუსის ჯარის მიერ ამიერკავკასიის მიტოვება იყო.

საკუთარ ძალების ამარა შთენილმა საქართველომ და მასთან ერთად მთელმა ამიერკავკასიამ თვით მოჰკიდეს ხელი საკუთარ ბედის მოწყობას და საჭირო ორგანოებიც შეჰქმნეს. ხოლო გარეშე ძალთა გავლენამ კავშირი, რომელიც ამიერკავკასიის ხალხებს აერთებდა, დაარღვია და მისი პოლიტიკური მთლიანობა დაშალა.

ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა საქართველოს საკუთარ სახელმწიფოს შექმნის აუცილებელ საჭიროებას გადაჭრით უკარნახებს, რათა მტრულ ძალთა დამონებისაგან თავი გადაირჩინოს და თავისუფალ განვითარებას მძლავრი საძირკველი ჩაუყაროს.

ითვალისწინებს რა ზემოთჩამოთვლილს პირობებს, საქართველოს ეროვნული საბჭოს, ამორჩეული საქართველოს ეროვნული კრების მიერ 22 გიორგობისთვეს 1917 წ., დღეს საქვეყნოდ აცხადებს:

1 – დღეიდან ქართველი ერი სუვერენულ უფლებებით აღჭურვილი ერია და საქართველო – სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო.

2 – დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკურ წყობილების სახე დემოკრატიული რესპუბლიკა არის.

3 – საერთაშორისო კონფლიქტების დროს საქართველო ნეიტრალურია.

4 – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ესწრაფვის ყოველ ხალხთან და განსაკუთრებით მეზობელ ერებთან მეგობრული განწყობილება იქონიოს.

5 – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის მიწა–წყალზე ყოველი მოქალაქის, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სქესისა და სოციალური მდგომარეობისა, პოლიტიკურსა და მოქალაქურს უფლებებს უზრუნველჰყოფს.

6 – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მის ტერიტორიაზედ მცხოვრებს ყოველს ერს თავისუფალი განვითარების ფართო ასპარეზს მიანიჭებს.

7 – დამფუძნებელ კრების მოწვევამდე ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით შევსებული ეროვნული საბჭო და ეროვნული საბჭოს წინაშე პასუხისმგებელი დროებითი მთავრობა სრულიად საქართველოს მმართველობის სათავეში სდგანან.

დამატება II.
საქართველოს ბაგრატიდთა დიდი სამეფოს დანაწილების შემდეგ, სხვადასხვა სახელმწიფოებმა და სამთავროებმა, რომელთაგანაც საქართველო შესდგებოდა, უცვლელად დაიცვეს როგორც მთლიანობა სარწმუნოებისა და საერთო ცივილიზაცია, აგრეთვე ის საერთო პოლიტიკური მისწრაფება, რომელიც მათ ევროპისაკენ მიიზიდავდა. საქართველოს ნაწილებმა ბევრი ფიქრისა, ცდისა და ყოყმანის შემდეგ რუსეთთან დასდვეს მთელი რიგი პოლიტიკური ხელშეკრულებებისა, რომელთა შორის უპირველესი და უმთავრესი 1783 წლის ხელშეკრულება იყო და რომლის ძალითაც აღმოსავლეთი საქართველო რუსეთის იმპერიის პროტექტორატში შედიოდა. სხვა ხელშეკრულებათა მიზანიც იგივე იყო – ავტონომია საქართველოს ქვეყნებისა შინაგან საქმეებში და რუსეთის პროტექტორატი მათ საგარეო განწყობილებებში; ხოლო ეს რეჟიმი, განტკიცებული რუსეთის იმპერატორთა საჯარო დაპირებით, მეტათ ხანმოკლე იყო. რუსეთის იმპერიის ცალმხრივმა აქტებმა 1801 წლიდან 1861 წლამდე რუსეთთან საქართველოს შეერთებით საქართველოს ნაწილების ავტონომია, დამყარებული საერთაშორისო ხელშეკრულებაზედ, მოსპეს ისე, რომ პოლიტიკური ხელშეკრულებანი, დადებულნი რუსეთისა და საქართველოს ქვეყნებს შორის, ფორმალურად გაუქმებულნი არ იყვნენ.

დღეიდან საქართველოს ანექსიისა ქართველ პატრიოტთა ოცნებას თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო შეადგენდა. ამ მიმართულების მრავალრიცხოვანი გამომჟღავნება მე–XIX საუკუნეში ყოველ ეჭვს გარეშე ჰყოფს საქართველოს დამოუკიდებლობისაკენ მისწრაფებას. მე–XX საუკუნის დასაწყისშივე შესდგა პარიზში ქართველთა კომიტეტი, რომლის ორგანო „საქართველო“ განთავისუფლებულ და დამოუკიდებელ საქართველოს იდეას ემსახურებოდა. რუსეთის 1905–6 წლების კონსტიტუციის ხანამ მოქმედება რამდენადმე გააადვილა და ყველგან – სახალხო კრებებზე, ქალაქის თვითმმართველობებში, თავად– აზნაურების ორგანიზაციებში თუ სხვაგან, აგრეთვე როგორც სახელმწიფო სათათბიროს ტრიბუნიდან საქართველოს ავტონომიას მოითხოვდნენ. 1907 წელს ქართველმა ერმა ჰააგის მშვიდობიანობის კონფერენციას პეტიციით მიმართა და სთხოვდა საქართველოს კანონიერი უფლებები აღედგინა. ეჭვს გარეშეა, რომ ქართველი ერი მთლიანად განუყოფელ საქართველოს აღდგენას მოითხოვდა; თვით რუსეთის საჯარო სამართალიც, რადგან მან მიანიჭა რუსეთის იმპერატორს საქართველოს ხელმწიფის ტიტული და მისი ღერბი, მხოლოდ ერთ საქართველოს არსებობას გულისხმობდა.

II.
1917 წლის რევოლუციამ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება, ისევე როგორც მთელ რუსეთში, ძირიანად შესცვალა. შეუდრეკელი სურვილი დარღვეულ მაგრამ გარდაუსვლელი უფლების აღდგენისა მთელ საქართველოში საყოველთაო იყო. უკვე 1917 წლის მარტში სამღვდელოების და მორწმუნეთა კრებულმა რუსეთის სინოდალურ ეკლესიასთან 1811 წლიდან ძალით შეერთებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღადგინა და ივერიის ეკლესიამ რუსეთის ბატონობის დროს მოსპობილ თავისი კანონიური პრეროგატივებით სარგებლობა დაიწყო. ქართული ავტოკეფალური ეკლესია დღეს მხოლოდ ხალხის მიერ ამორჩეულ ყოველ ქართველთა კათალიკოსს – პატრიარქს ემორჩილება. ამრიგადვე რუსეთის ავტოკრატიის მიერ მოსპობილი საქართველოს პოლიტიკური უფლებანი კვლავ ცხოვრებას უბრუნდებოდნენ. 1917 წლის მარტში ამიერ–კავკასიის განსაკუთრებულ, მართებლობის უფლებით მოსილ კომიტეტის შექმნით საქართველოს ავტონომიის აღდგენისკენ უკვე ერთი პრაქტიკული ნაბიჯი იყო გადადგმული – საქართველოს ჰმართავდა არა პეტროგრადი, არამედ საკუთარი დედაქალაქი თბილისი ზემოდ ხსენებულ განსაკუთრებულ კომიტეტის სახით, რომელშიაც ხალხის ნდობით მოსილი პოლიტიკური მოღვაწენი შედიოდნენ.

III.
ამიერ–კავკასიის ხალხები ბოლშევიკების 1917 წლის გიორგობისთვის რევოლუციას არ მიუდგნენ და მათი მთავრობა, უკვე რევოლუციის პირველ ხანებშივე დეცენტრალისტური, ფაქტიურად დამოუკიდებელი შეიქმნა. როდესაც რუსეთის დამფუძნებელი კრება გარეკეს, თბილისში ამიერ–კავკასიის სეიმი დაარსდა და ამ სეიმმა 22 აპრილს 1918 წელს ამ ქვეყნის სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რაც უცხო ქვეყნებსაც ამცნო. ამასთანავე ამიერკავკასიის სხვა და სხვა ნაწილები პოლიტიკურ ერთეულების შექმნას შეუდგნენ. საქართველოს ეროვნული საბჭო შეიკრიბა (გიორგობისთვის 1917 წელს) და დააარსა ეროვნული საბჭო, რომელსაც საქართველოს ეროვნულ საქმეების ხელმძღვანელობა დაევალა. საქართველოს ეროვნული საბჭო ამიერ–კავკასიის სეიმს და მთავრობას მჭიდროდ ეკავშირებოდა. ამიერ–კავკასიის სეიმის ქართული სექცია საქართველოს ეროვნულ საბჭოს სრულუფლებიანი წევრი იყო.

IV.
ამიერ–კავკასიის დამოუკიდებლობის აქტის ფორმალური გამოცხადების დროს (22 აპრილს 1918 წლის) ნაგულისხმები იყო არსებობა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოსი, რომელიც ამიერ–კავკასიის დანარჩენ ხალხებთან კონფედერატიულ კავშირში შედიოდა. ამ კავშირის უმთავრეს დებულებებს უკვე იმუშავებდნენ. ამ დროს შექმნილმა პირობებმა საქართველოს და ამიერ–კავკასიის დანარჩენ ხალხებისათვის ცხადჰყვეს, რომ საჭირო იყო შეცვლა მიღებულ პოლიტიკურ გეზისა და ამიერ–კავკასიის შემადგენელ ელემენტებისაგან შემზადება ისეთი ორგანიზაციისა, რომელიც მომავალში ამიერ–კავკასიას და შეიძლება მთელ კავკასიასაც კონფედერაციად გარდაჰქმნიდა. ოსმალეთის ჯარმა, წინააღმდეგ თვით ბრესტ–ლიტოვსკის ხელშეკრულებისა, ბათომისა, ყარსისა და არდაღანის პროვინციები, რუსეთის სომხეთი და აზერბაიჯანი დაიპყრო. ამ მოვლენამ ამიერ– კავკასიის სეიმი იძულებულ ჰყო ამიერ–კავკასიის სეიმის დაშლა ერთხმად დაედგინა. ამ გარეგან ძალთა და ზემოდმოყვანილ პირობათა გავლენით საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს აქტი 1918 წელს 26 მაისს მოხდა.

V.
ამ მომენტში, ისევე როგორც უკვე 22 აპრილის დეკლარაციის დროს, საქართველოში და საერთოდ ამიერ–კავკასიაში აღარ არსებობდა არც ერთი ისეთი მთავრობა, დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელსაც რუსეთთან, ანუ დიდი რუსეთის ბოლშევიკურ რესპუბლიკასთან, რომლის შეიარაღებული ძალებიც ამიერ– კავკასიიდან სავსებით გაყვანილ იქმნენ, რაიმე დამოკიდებულება ჰქონოდეს.

ზემოდმოხსენებულიდან ორი უმთავრესი დასკვნა გამომდინარეობს: ერთი – უკვე კარგა ხანმა განვლო მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო ამიერ–კავკასიას სრულიად მოშორდა; ამიერ–კავკასია რუსეთის ნაწილს აღარ შეადგენდა და მასთან არაფერი აღარ იყო დაკავშირებული. მეორე – ამიერ–კავკასია res nullius–ს არაფრით არ ემსგავსებოდა, პირიქით, ამის სრულიად საწინააღმდეგო მოვლენა მოხდა: რუსეთის ყოფილმა პროვინციამ – ამიერ–კავკასიამ დამოუკიდებელი სახელმწიფო შეჰქმნა და შემდეგში ამ ქვეყნის ერთმა ნაწილმა – საქართველომ თავის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს მაგალითს რუსეთის სასომხეთი და აზერბაიჯანი მიჰყვნენ, რაც საზოგადოებრივ აზრის და ამიერ–კავკასიის პარლამენტის მიერ მიღებულ ფედერალისტურ კონცეფციას ეთანხმებოდა.

VI.
ამრიგად საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს საქართველოში რუსეთის სახელმწიფო აღარ იყო და ამიტომ ეს დეკლარაცია რუსეთის წინააღმდეგ არ მომხდარა. საქართველოში მისი დამოუკიდებლობის დეკლარაციამდე უკვე განმტკიცებული სახელმწიფო რეჟიმი არსებობდა და ეს რუსეთის სახელმწიფო არ იყო. რუსეთის დამფუძნებელ კრებისათვის შემუშავებულ საარჩევნო კანონის მიხედვით ამორჩეულმა საქართველოს ეროვნულ ცხოვრების ორგანომ – საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, გარდაიქმნა რა იგი საქართველოს წარმომადგენელთა კრებულად, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა შეჰქმნა. დამყარებული ასეთს მტკიცე საფუძველზედ საქართველოს მთავრობა ცნობილ უნდა იქმნას, როგორც ეროვნული მთავრობა, რომლის ავტორიტეტი და უფლება ყოველ ეჭვს გარეშეა, ისევე როგორც საქართველოს ეროვნული საბჭოს უნაკლო და ნამდვილი წარმომადგენლობა არის.

VII.
რეზიუმე ზემოდმოყვანილისა შემდეგია: შეერთებული რუსეთთან საქართველოს მეფეთა მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადებით საქართველო, რომელიც არასოდეს არ ყოფილა რუსეთის იარაღის ძალით დაპყრობილი, განაგრძობდა თვით რუსეთის ერთ საუკუნის ბატონობის დროსაც კი ეროვნულ ცოცხალ ორგანიზმის არსებობას და მხოლოდ ხელსაყრელ დროს ელოდა, რათა აღედგინა თავისი გარდაუსვლელი ეროვნული უფლებანი და საკუთარი პოლიტიკური და ეროვნული მისწრაფებანი განეხორციელებინა.

დიდი ომის განმავლობაში ბრესტ–ლიტოვსკის ზავამდის, რუსეთის ერთგულ საქართველოს აღარ შეეძლო უმოქმედოდ დარჩენილიყო იმ დროს, როდესაც რუსეთის მთავრობამ თავისი მოქმედებით მტერს საზღვრები გაუღო და ხელშეკრულებით საქართველოს პროვინციები დაუთმო. მას შემდეგ, რაც ამიერ– კავკასიიდან რუსეთის სახელმწიფო სრულიად გაჰქრა და საქართველომ დაინახა, რომ საკუთარ ძალების ამარა არის მიტოვებული, ჯერ ამიერ–კავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოს განმტკიცებაში მიიღო მონაწილეობა და შემდეგ გარემოებათა ძალით რუსეთთან (რომლის მთავრობამაც გარდა ყველა ამ მოსაზრებისა ოფიციალურ დეკრეტებით მიიღო პრინციპები – რომელთა მიხედვით ყოველ ერს აქვს სრული უფლება ამოირჩიოს ისეთი პოლიტიკური რეჟიმი, როგორიც მას სურს და თვით რუსეთსაც კი გამოეყოს თუ ამას მოისურვებს) ყოველ ხელშეკრულებათაგან სრულიად განთავისუფლებული საკუთარ სახელმწიფოს შექმნას შეუდგა.

ამრიგად ქართველ ერს, აღიდგინა რა რუსეთის ბატონობის მიერ დარღვეული უფლებანი, სურს თავისუფლად შეჰქმნას თავისი სახელმწიფო და მოაწყოს თავისი საერთაშორისო დამოკიდებულება, რათა შესძლოს როგორც მის, აგრეთვე კავკასიის საკეთილდღეოდ ხანგრძლივად და უზრუნველყოფით ისარგებლოს თავის აღდგენილი უფლებებით.

საქართველოს კონსტიტუცია, მიღებულია საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს

თავი 1.ზოგადი დებულებანი

მუხლი 1.
საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო. მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა.

მუხლი 2.
საქართველოს დედა ქალაქი არის ტფილისი.

მუხლი 3.
საქართველოს სახელმწიფოებრივი ენა არის ქართული ენა.

მუხლი 4.
საქართველოს რესპუბლიკის დროშა არის – შვინდის ფერი ალამი შავი და თეთრი ზოლითა.

მუხლი 5.
ყოველ კანონსა და სავალდებულო დადგენილებას მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, უკეთუ გამოცხადებულია სათანადო წესით.

მუხლი 6.
სახელმწიფო ტერიტორიის გაცემა, დანაწილება და გაყიდვა შეუძლებელია. სახელმწიფო ტერიტორიის გაფართოება ან სადავო საზღვრების შესწორება შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობითის წესით.

მუხლი 7.
ადმინისტრაციული დაყოფა და თვითმართველ ერთეულთა საზღვრების დაწესება და შეცვლა სწარმოებს მხოლოდ კანონმდებლობითის წესით.

მუხლი 8.
კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. არ შეიძლება გამოქვეყნებულ იქნეს კანონი, დეკრეტი, ბრძანება ან განკარგულება, რომელიც კონსტიტუციის დებულებათა და მათი დედა აზრის წინააღმდეგია. კონსტიტუციის შესრულება და მისი პრინციპების განხორციელება კანონმდებლობასა და მართვა–გამგეობაში სახელმწიფოს ყოველი ხელისუფლების მოვალეობას შეადგენს.

მუხლი 9.
კონსტიტუციის მიღებამდე გამოცემული და გამოქვეყნებული კანონი და დეკრეტი ძალაში რჩება, უკეთუ კონსტიტუციასა და მის პრინციპებს არ ეწინააღმდეგება.

მუხლი 10.
ეს კონსტიტუცია ძალაშია მუდმივ და შეუწყვეტლივ, იმ შემთხვევის გარდა, რომელიც ამავე კონსტიტუციას აქვს გათვალისწინებული.

მუხლი 11.
დამტკიცებისა და მიღების შემდეგ კონსტიტუციას აქვეყნებს დამფუძნებელი კრება თავის წევრთა ხელმოწერით.

თავი 2. - მოქალაქეობა

მუხლი 12.
საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება წარმოშობით, ქორწინებით და ნატურალიზაციით.

მუხლი 13.
საქართველოს მოქალაქეს არ შეუძლია იყოს იმავე დროს სხვა სახელმწიფოს მოქალაქედ.

მუხლი 14.
საქართველოს მოქალაქეს შეუძლია უარი განაცხადოს საქართველოს მოქალაქეობაზე მხოლოდ თავის სახელმწიფოებრივ მოვალეობის შესრულების შემდეგ.

მუხლი 15.
მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის პირობებს დაწვრილებით კანონი განსაზღვრავს.

თავი 3. - მოქალაქის უფლებანი

მუხლი 16.
მოქალაქენი კანონის წინაშე ყველანი თანასწორნი არიან.

მუხლი 17.
წოდებრივი განსხვავება არ არსებობს.

მუხლი 18.
ხარისხის მინიჭება გარდა აკადემიურისა აკრძალულია. ორდენი გაუქმებულია. საომარ მოქმედების დროს თავის გამოჩენისათვის შეიძლება მიეცეს წარჩინების ნიშანი.

მუხლი 19.
სიკვდილით დასჯა გაუქმებულია.

მუხლი 20.
არ შეიძლება დასჯილ იქნეს ვინმე სხვაფრივ, თუ არ სასამართლოს წესით; გამონაკლისია კანონით განსაზღვრული დისციპლინარული წესი.

მუხლი 21.
ყოველი მოქალაქე გასამართლებულ უნდა იქნეს საერთო წესით.

მუხლი 22.
პიროვნება ხელშეუხებელია; არ შეიძლება შეპყრობილ ან სხვაფრივ თავისუფლებას მოკლებულ და პირადად გაჩხრეკილ იქნეს ვინმე, თუ არ სასამართლოს ან საგამომძიებლო ორგანოს დასაბუთებული ბრძანების ძალით.

მუხლი 23.
ადმინისტრაციას შეუძლია თავისი უფლებით შეიპყროს ვინმე შემდეგ შემთხვევაში:
ა) როცა ბოროტმოქმედს ზედ დანაშაულის ადგილას მიასწრებს; ბ) როცა დანაშაულის ადგილას დაზარალებული, ან დამსწრე ვინმე ბოროტმომქმედს ხელს დაადებს; გ) როცა მას, ვიზედაც ეჭვია მიტანილი, რაიმე გასამტყუნებელი ნივთი აღმოაჩნდება, ან როცა მის ტანზე, ან მის ბინაზე დანაშაულის აშკარა ნიშანი და კვალი აღმოჩნდება.

მუხლი 24.
დამნაშავის დაკავება შეუძლია კერძო პირსაც; თუ დანაშაულის ადგილას მიასწრებს და ამასთანავე ადმინისტრაციის მისვლამდის მისი მიმალვა მოსალოდნელია.

მუხლი 25.
როგორც სასამართლოს ორგანოთა, ისე ადმინისტრაციის ბრძანებით შეპყრობილი, 24 საათის განმავლობაში უახლოეს სასამართლოში უნდა იქნეს წარდგენილი; თუ სასამართლო ისეა დაშორებული, რომ 24 საათში დამნაშავის წარდგენა შეუძლებელია, ეს ვადა განგრძობილ უნდა იქნეს ადგილობრივ გარემოების მიხედვით, მხოლოდ არა უმეტეს 48 საათისა.

მუხლი 26.
სასამართლო ვალდებულია წარდგენილ პირს დაუყოვნებლივ, ყოველ შემთხვევაში არა უგვიანეს 24 საათისა, დაჰკითხოს; ხოლო შემდეგ წერილობითი ბრძანება გასცეს ან მისი შეპყრობის განგრძობისა, ან დაუყოვნებლივ განთავისუფლებისათვის.

მუხლი 27.
სასამართლოს სათანადო ორგანოები ვალდებულნი არიან, უკეთუ რაიმე გზით და საშვალებით ემცნოთ, რომ ვინმე ზემოაღნიშნულ წესთა დარღვევითაა შეპყრობილი, დაუყოვნებლივ გამოიძიონ საქმე და წერილობითი ბრძანება გასცენ ან მისი განთავისუფლებისა ან შეპყრობის განგრძობისა.

მუხლი 28.
ყოველი მოქალაქის ბინა შეუვალია: მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით შეიძლება მისი გაჩხრეკა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

მუხლი 29.
კერძო მიწერ–მოწერა ხელშეუხებელია; მისი ამოხმა და გადასინჯვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით.

მუხლი 30.
ყოველი მოქალაქე მიმოსვლასა და ბინადრობის არჩევაში სრულიად თავისუფალია; ამ უფლების შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება.

მუხლი 31.
ყოველი მოქალაქე სინდისის სრული თავისუფლებით სარგებლობს. მოქალაქის დევნა და მის პოლიტიკურ თუ სამოქალაქო უფლებათა შეზღუდვა სარწმუნოების ან რწმენის გამო არ შეიძლება. ყველას შეუძლია აღიაროს ის სარწმუნოება, რომელიც სურს, ან სარწმუნოება გამოიცვალოს, ან და არც ერთ კულტს არ ეკუთვნოდეს. სარწმუნოებისა და რწმენის მომიზეზებით მოქალაქეობრივი და პოლიტიკური მოვალეობის ასრულებაზე უარის თქმა არავის შეუძლია, გარდა იმ შემთხვევის, რომელიც ცალკე კანონით იქნება განსაზღვრული. სარწმუნოებრივი ხასიათის აქტებს არავითარი გავლენა არა აქვს მოქალაქეობრივ უფლებასა და მდგომარეობაზე.

მუხლი 32.
ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს სიტყვით, ბეჭდვით ან სხვა რამ ღონისძიებით თავისი აზრები გამოსთქვას და გაავრცელოს მთავრობის წინასწარ ნებადაურთველად. ყოველი დანაშაულისათვის, რომელსაც იგი ასეთ შემთხვევაში ჩაიდენს, პასუხს აგებს მხოლოდ სასამართლოს წინაშე.

მუხლი 33.
საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთ უფლება აქვთ მთავრობის ნებადაურთველად შეიკრიბნენ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

მუხლი 34.
თუ კრებამ დანაშაულის ხასიათი მიიღო, ადმინისტრაციას შეუძლია დახუროს იგი.

მუხლი 35.
საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს უფლება აქვთ მთავრობის წინასწარ ნებადაურთველად დააარსონ საპროფესიო და სხვა ყოველგვარი კავშირი, თუ მისი მიზანი კანონით არ არის აკრძალული; კავშირის გაუქმება მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით შეიძლება.

მუხლი 36.
გონებრივი, სავაჭრო და სამეურნეო–სამრეწველო პროფესიის თავისუფალი განვითარება უზრუნველყოფილია რესპუბლიკის კანონებით.

მუხლი 37.
პირადი და კოლექტიური პეტიციის უფლება უზრუნველყოფილია.

მუხლი 38.
მუშათა გაფიცვა თავისუფალია.

მუხლი 39.
ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია როგორც პოლიტიკურ ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებით.

მუხლი 40.
ქორწინება ემყარება უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას; ქორწინების ფორმასა და წესებს კანონი განსაზღვრავს. ქორწინების გარეშე და ქორწინებაში შობილი უფლებითა და მოვალეობით თანასწორნი არიან. დედას უფლება აქვს იძიოს და დაამტკიცოს, ვინ არის მამა მის მიერ ქორწინების გარეშე შობილისა; აგრეთვე ქორწინების გარეშე შობილს უფლება აქვს იძიოს თავისი მამა.

მუხლი 41.
პოლოტიკური დევნილი, რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოხიზნული, სხვა სახელმწიფოს არ გადაეცემა.

მუხლი 42.
მოქალაქის უფლებათა დარღვევისათვის, როგორც თანამდებობის, ისე კერძო პირი მიეცემა პასუხისგებაში სისხლის სამართლის კანონების თანახმად.

მუხლი 43.
ამბოხებისა ან ომის დროს, პარლამენტს უფლება აქვს დროებით შეაჩეროს მთელს რესპუბლიკაში, ან რომელსამე მის ნაწილში იმ უფლებათა გარანტია, რომელიც აღნიშნულია შემდეგ მუხლებში: 19, 22, 25, 26, 27, 28, 29, 30, 32, 33, და 38, ომის დროს კი 21 მუხლში აღნიშნული გარანტიაც იმ პირობით, რომ სამხედრო სამართალში მიცემა შესაძლებელია მხოლოდ მომქმედი ჯარის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე. თუ პარლამენტი შეკრებილი არ არის, მთავრობას შეუძლია თავის პასუხისმგებლობით შეაჩეროს ზემოაღნიშნულ გარანტიათა მოქმედება, მხოლოდ დაუყოვნებლივ უნდა მოიწვიოს პარლამენტი და თავის დაგენილება წარუდგინოს.

მუხლი 44.
დიდი ეპიდემიის დროს მთავრობას უფლება აქვს შეაჩეროს დროებით მე–22, 25, 26 და 30 მუხლებში აღნიშნულ უფლებათა გარანტია, რამდენადაც ამას ეპიდემიასთან ბრძოლა მოითხოვს.

მუხლი 45.
კონსტიტუციაში ჩამოთვლილი გარანტია და უფლება არ უარყოფს სხვა გარანტიასა და უფლებას, რომელიც იქ არ არის მოხსენებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის მიერ აღიარებული პრინციპებისაგან.

თავი 4. - პარლამენტი

მუხლი 46.
საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო არის „საქართველოს პარლამენტი“, რომელიც შესდგება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული წესისამებრ არჩეულ დეპუტატებისაგან. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს სქესის განურჩევლად ყოველ სრულუფლებიან მოქალაქეს, რომელსაც ოცი წელი შესრულებია. პარლამენტი აირჩევა სამი წლის ვადით.

მუხლი 47.
პარლამენტის არჩევნების წესს განსაზღვრავს ცალკე კანონი.

მუხლი 48.
პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა იმ აზრისა და შეხედულებისათვის, რომელსაც გამოსთქვამს თავის მოვალეობის ასრულების დროს. პარლამენტის წევრის პიროვნება ხელშეუხებელია; არ შეიძლება შეპყრობილ ან სამართალში მიცემულ იქნეს იგი, ვიდრე პარლამენტის წევრად ითვლება, თუ თვით პარლამენტმა ამის ნება არ დართო, გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როცა დანაშაულის ჩადენაზე მიასწრებენ. ეს შემთხვევა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს; შეპყრობილი ან სამართალში მიცემული პარლამენტის წევრი განთავისუფლებულ უნდა იქნეს, თუ პარლამენტი ამას მოითხოვს.

მუხლი 49.
პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტების გამო, რომელიც მას გაანდვეს, როგორც დეპუტატს, ეს უფლება არ ეკარგება მაშინაც, როცა დეპუტატად აღარ ითვლება.

მუხლი 50.
პარლამენტის წევრებს მიეცემათ კანონით განსაზღვრული გასამრჯელო.

მუხლი 51.
პარლამენტის წევრობისა, მოხელეობისა და პროფესიის შეუთავსებლობის საკითხს განსაზღვრავს კანონი.

მუხლი 52.
ხელმწიფება ეკუთვნის მთელს ერს, პარლამენტი ამ კონსტიტუციის ფარგლებში ახორციელებს ერის ხელმწიფებას.

მუხლი 53.
პარლამენტი გამოსცემს კანონსა, დეკრეტსა და დადგენილებას; მათი გამოქვეყნების წესი ცალკე კანონით იქნება განსაზღვრული.

მუხლი 54.
პარლამენტის უფლებაა: ა) კანონმდებლობა; ბ) უმაღლესი გამგებლობა რესპუბლიკის ჯარისა და საზოგადოდ ყოველი შეიარაღებული ძალისა; გ) ომის გამოცხადება; დ) დამტკიცება საზავო, სავაჭრო და ამგვარ ხელშეკრულობისა უცხო სახელმწიფოებთან; ე) ამნისტია; ვ) ბიუჯეტის დამტკიცება; ზ) საშინაო და საგარეო სესხის აღება; ც) თანამდებობის პირთა არჩევა, კონსტიტუციით ან კანონით მისდა მიკუთვნებული, და თ) საერთო კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლებისა.

მუხლი 55.
პარლამენტის სხდომა საჯაროა; მაგრამ პარლამენტს შეუძლია განსაკუთრებული დადგენილებით თავის სხდომა, ან ნაწილი სხდომისა ფარულად გამოაცხადოს.

მუხლი 56.
პარლამენტი თვითონ გაარჩევს თავის წევრთა არჩევნების კანონიერებას და გადასწყვეტს ყოველსავე დავას ამ საგანზე.

მუხლი 57.
პარლამენტი ყოველ საკითხს სწყვეტს ხმის მარტივი უმრავლესობით, თუ რეგლამენტით ან კანონით სხვა წესი არ არის მიღებული.

მუხლი 58.
პარლამენტის გახსნა მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ დეპუტატთა საერთო რიცხვის ნახევარზე მეტი გამოცხადდა.

მუხლი 59.
პარლამენტის წევრთ უფლება აქვთ მთავრობის მიმართ შეკითხვის შეტანისა და კითხვის მიცემისა. წესი შეკითხვის შეტანისა და კითხვის მიცემისა განისაზღვრება კანონით ან რეგლამენტით.

მუხლი 60.
პარლამენტი თვითონ განსაზღვრავს რეგლამენტს და თავის მოქმედების წესს.

მუხლი 61.
პარლამენტი იკრიბება ყოველწლივ ნოემბრის პირველ კვირა დღეს. ახალი პარლამენტის არჩევნები ინიშნება შემოდგომაზე, ერთსა და იმავე დროს მთელს რესპუბლიკაში, იმ ვარაუდით, რომ ახლად არჩეული დეპუტატები დაესწრნენ პარლამენტის გახსნას.

მუხლი 62.
პარლამენტის მუშაობის დროებით შეწყვეტა შეიძლება მოხდეს მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით. როცა პარლამენტის მუშაობა შეწყვეტილია, მისი მოწვევის უფლება განსაკუთრებულ შემთხვევისათვის აქვს მთავრობას, ან პარლამენტის პრეზიდიუმს. პარლამენტის შეკრება სავალდებულოა, თუ ამას დეპუტატთა ერთი მეოთხედი მოითხოვს.

მუხლი 63.
ინიციატივის უფლება ეკუთვნის: ა) პარლამენტის ყოველ წევრს, და ბ) 5. 000 ამომრჩეველს.

მუხლი 64.
თუ ოცდაათი ათასმა ამომრჩეველმა წერილობით მოითხოვა, პარლამენტი ვალდებულია ახლად მიღებული კანონი სარეფერენდუმოთ ხახლს წარუდგინოს. რეფერენდუმის წესს განსაზღვრავს კანონი.

მუხლი 65.
პარლამენტი ყოველწლივ ირჩევს პრეზიდიუმს.

თავი 5. - აღმასრულებელი ხელისუფლება

მუხლი 66.
უმაღლესი მართველობის აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის რესპუბლიკის მთავრობას.

მუხლი 67.
მთავრობას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს პარლამენტი ერთი წლის ვადით. ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედი ზედ მხოლოდ ორჯერ.

მუხლი 68.
მთავრობის დანარჩენ წევრებს – მინისტრებს იწვევს მთავრობის თავმჯდომარე რესპუბლიკის იმ მოქალაქეთაგან, რომელთაც პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ.

მუხლი 69.
მთავრობის წევრს არ შეუძლია იმავე დროს რაიმე სხვა თანამდებობა ეჭიროს, ან რომელსამე პროფესიას მისდევდეს; შეუძლია იყოს მხოლოდ პარლამენტის წევრი და ადგილობრივი თვითმმართველობის ხმოსანი.

მუხლი 70.
მთავრობის თავმჯდომარეს ენიჭება რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობა; იგი ნიშნავს ელჩებს სხვა სახელმწიფოებში და უცხოეთის ელჩები წარმოიგზავნებიან მასთან. განსაკუთრებულ გარემოებაში, უკეთუ მთავრობის დადგენილების გამოტანა დაბრკოლებულია თავმჯდომარეს შეუძლია გამოიწვიოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალა, რაც დაუყოვნებლივ უნდა მოხსენდეს პარლამენტს. თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებასა და განკარგულებას კანონის აღსრულებისათვის, მაგრამ უფლება არა აქვს კანონის მოქმედება შეაჩეროს, ან მისი შესრულება დააბრკოლოს. მთავრობის თავმჯდომარეს უფლება აქვს თავის განკარგულებით დანიშნოს რევიზია მართველობის ამა თუ იმ დარგისა, ადგილის ან მოვლენისა კანონში აღნიშნულ წესისამებრ. თავმჯდომარეს არა აქვს არავითარი განსაკუთრებული უფლება იმის გარდა, რაც ამ კონსტიტუციით არის მისდა მიკუთვნებული.

მუხლი 71.
მთავრობის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელიც ასრულებს მის მოვალეობას მთავრობაში.

მუხლი 72.
მთავრობის საერთო უფლება და მოვალეობაა: ა) რესპუბლიკის საქმეთა უმაღლესი მართვა–გამგეობა, თანახმად კანონისა; ბ) თვალ–ყურის დევნა და აღსრულება კონსტიტუციისა და კანონებისა; გ) წარდგენა პარლამენტის წინაშე თავის კანონპროექტისა, აგრეთვე დასკვნისა იმ კანონპროექტის შესახებ, რომელიც პარლამენტისა ან ხალხის ინიციატივით არის შემოსული; დ) დაცვა რესპუბლიკის საგარეო ინტერესებისა; ე) უზრუნველყოფა რესპუბლიკისა გარეშე განსაცდელისაგან და დაცვა მისი დამოუკიდებლობისა; ვ) ზრუნვა შინაური წესიერებისა და უშიშროების დაცვისათვის: მოულოდნელ შემთხვევაში, თუ საჭიროებამ მოითხოვა მთავრობას უფლება აქვს თავის დადგენილებით გამოიყვანოს შეიარაღებული ძალა ვადით არა უმეტეს 21 დღისა. უკეთუ მეტის ვადით დასჭირდა, პარლამენტიდან უნდა მიიღოს ნებართვა; ზ) განაგოს ფინანსები, სჭრას ფული თანახმად კანონისა, და ყოველ წლივ წარუდგინოს პარლამენტს შემოსავალ–გასავლის სავარაუდო აღრიცხვა ბიუჯეტი; ც) ანგარიში აძლიოს პარლამენტს თავის მოქმედებისა და წელიწადში ერთხელ მაინც წარუდგინოს მოხსენება საქართველოს შინაგან და საგარეო მდგომარეობის შესახებ; წარუდგინოს აგრეთვე განსაკუთრებული მოხსენება. უკეთუ პარლამენტმა მოითხოვა, და თ) შეასრულოს ყოველივე, რაც კანონს ან პარლამენტს მისთვის დაუვალებია.

მუხლი 73.
რესპუბლიკის დანარჩენ საქმეთა მართვა–გამგეობა განაწილებულია მთავრობის წევრთა შორის. თვითოეული მათგანი დამოუკიდებლად და პარლამენტის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობით განაგებს მისთვის მინდობილ უწყებას და უნდა გადადგეს, როცა პარლამენტის პირდაპირი დადგენილებით დაჰკარგავს მის ნდობას. მინისტრს უფლება აქვს პარლამენტში ხმის მიცემისა მხოლოდ მაშინ, როცა დეპუტატად ირიცხება. მთავრობის თავმჯდომარე პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე საერთო პოლიტიკისათვის, ვალდებულია დაემორჩილოს პარლამენტის დადგენილებას და აასრულოს იგი და ამის მიხედვით, თუ საჭიროა გამოსცვალოს ცალკე მინისტრი ან გარდაქმნას მთელი კაბინეტი.

მუხლი 74.
მთავრობის ყოველ წევრს უფლება აქვს პარლამენტისა და მისი კომისიის სხდომას დაესწროს. თუ მინისტრმა მოითხოვა, პარლამენტი და მისი კომისია ვალდებულია მოუსმინოს, თავის მხრით პარლამენტისა და კომისიის მოთხოვნით მინისტრიც ვალდებულია სხდომაზე გამოცხადდეს და ახსნა–განმარტება მისცეს.

მუხლი 75.
კონსტიტუციის დარღვევისათვის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები პასუხისმგებელი არიან სასამართლოს წინაშე. მათი პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ პარლამენტს. მათი გასამართლება საერთო წესით სწარმოებს.

თავი 6. - სასამართლო

მუხლი 76.
საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე არსებობს ერთი უმაღლესი სასამართლო – სენატი, რომელსაც ირჩევს პარლამენტი. სენატი მოვალეა: ა) თვალყური ადევნოს კანონის დაცვას, და ბ) განაგოს სასამართლო ნაწილი, როგორც საკასაციო სასამართლომ.

მუხლი 77.
სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა საწამოებლად არსებობს მუდმივი სასამართლოები. სასამართლოს ორგანიზაცია, იურისდიქცია და კომპეტენცია განისაზღვრება კანონით.

მუხლი 78.
სასამართლო დამოუკიდებელია და მხოლოდ კანონს ემორჩილება. მართლმსაჯულება სწარმოებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით.

მუხლი 79.
სასამართლოს არც ერთი განაჩენი არ შეიძლება გაუქმებულ, შეცვლილ, ან შეჩერებულ იქნეს კანონმდებელი, აღმასრულებელი ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მუხლი 80.
სასამართლოს სხდომა საჯაროა; მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ამას მოითხოვს ზნეობისა და საზოგადო მშვიდობიანობის დაცვის ინტერესი, სხდომა შეიძლება კარდახურულ იქნეს თვით სასამართლოს დადგენილებით.

მუხლი 81.
მძიმე სისხლის სამართლისა, და აგრეთვე, პოლიტიკურის და ბეჭდვითი დანაშაულისათვის არსებობს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.

მუხლი 82.
მოსამართლე აირჩევა ვადით. არჩევის წესი და პირობა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მსაჯული, კანონით განისაზღვრება.

მუხლი 83.
არ შეიძლება სასამართლოს წევრის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანა მისი სურვილის წინააღმდეგ, გარეშე სასამართლოს დადგენილებისა. თანამდებობიდან მისი დროებით გადაყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა სასამართლოში ან გამოძიებაში არის მიცემული. სრულიად დათხოვნა კი შეიძლება სასამართლოს განაჩენის ძალით.

თავი 7. - სახელმწიფო ფინანსები

მუხლი 84.
არცერთი სახელმწიფო გადასახადი არ შეიძლება დაწესებულ ან აკრეფილ იქნეს, თუ წინასწარ პარლამენტის მიერ არ იქნა დადასტურებული. შენიშვნა: ადგილობრივი თვითმმართველობის გადასახადთა დაწესების უფლებას ცალკე კანონი განსაზღვრავს.

მუხლი 85.
სახელმწიფო გადასახადისაგან ვერავინ განთავისუფლდება, თუ არ კანონის ძალით.

მუხლი 86.
თუ არ კანონის ძალით არავითარი პენსია, ჯილდო და საზოგადოთ ხარჯი არ შეიძლება გაღებულ იქნეს სახელმწიფო ხაზინიდან.

მუხლი 87.
პარლამენტის ნებადაურთველად არ შეიძლება აღებულ იქნეს სახელმწიფო სესხი და ან რაიმე ფინანსური ვალდებულება.

მუხლი 88.
სახელმწიფოს ყოველი შემოსავალ–გასავალი ბიუჯეტში უნდა იქნეს აღნიშნული. ბიუჯეტი ყოველწლივ უნდა წარედგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

მუხლი 89.
თუ ბიუჯეტის დამტკიცება პარლამენტმა ვერ მოასწრო საანგარიშო წლის დამდეგამდე, მთავრობას უფლება ეძლევა სახელმწიფო ხარჯები ახალი ბიუჯეტის დამტკიცებამდე წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით დაჰფაროს პარლამენტის ნებართვით.

მუხლი 90.
ხარჯის გადატანა ბიუჯეტის ერთი პარაგრაფიდან მეორეში არ შეიძლება პარლამენტის ნებადაურთველად.

თავი 8. - სახელმწიფო კონტროლი

მუხლი 91.
სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება: ა) სახელმწიფო ბიუჯეტის სისწორით ასრულება; ბ) სახელმწიფოს ყოველნაირი შემოსავალი და გასავალი; გ) მთავრობის და სხვა და სხვა უწყების ხარჯთაღრიცხვა და ანგარიში, და დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსები კანონის თანახმად.

მუხლი 92.
სახელმწიფო კონტროლიორს ირჩევს პარლამენტი. იგი არ ითვლება მინისტრთა კაბინეტის წევრად, მაგრამ აღჭურვილია მინისტრის უფლებით და პასუხის მგებელია მხოლოდ პარლამენტის წინაშე. იგი ყოველწლიურად ანგარიშს უდგენს პარლამენტს.

მუხლი 93.
კონტროლის ორგანიზაცია და მოქმედების წესი განსაზღვრულია კანონით.

თავი 9. - სახელმწიფო თავდაცვა

მუხლი 94.
ყოველი მოქალაქე რესპუბლიკისა ვალდებულია პირადად მოიხადოს სამხედრო ბეგარა კანონის თანახმად.

მუხლი 95.
სამხედრო ძალთა დანიშნულება არის დაცვა რესპუბლიკისა და მისი ტერიტორიისა.

მუხლი 96.
სამხედრო ბეგარის ვადა და სამხედრო ძალთა ყოველი მოწყობის წესი განისაზღვრება კანონით.

მუხლი 97.
სამხედრო ბეგარის მოსახდელად გასაწვევ ახალგაზრდათა რაოდენობას ყოველწლივ პარლამენტი ამტკიცებს.

თავი 10. - ადგილობრივი თვითმმართველობა

მუხლი 98.
ადგილობრივი თვითმმათველობა არის ამავე დროს ორგანო ადგილობრივი მართველობისა და განაგებს ადგილობრივ გამგეობის კულტურულ განმანათლებელ და სამეურნეო საქმეებს თავის ტერიტორიის ფარგლებში.

მუხლი 99.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაცია, უფლება–მოვალეობა და მართვა–გამგეობის წესი განისაზღვრება კანონით.

მუხლი 100.
ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს გამოსცეს სავალდებულო დადგენილება თანახმად კანონისა.

მუხლი 101.
ადგილობრივი თვითმმართველობა ირჩევა საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი, ფარული და პროპორციული საარჩევნო წესით.

მუხლი 102.
ადგილობრივ თვითმმართველობის დადგენილება და განკარგულება შეიძლება გაუქმებულ იქნეს მხოლოდ სასამართლოს წესით.

მუხლი 103.
მთავრობის ცენტრალურ ორგანოებს უფლება აქვთ შეარჩიონ ადგილობრივი თვითმმართველობის დადგენილება და განკარგულება, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ხოლო ვალდებულნი არიან საქმე დაუყოვნებლივ სასამართლოს გადასცენ. წესი და პირობა შეჩერებისა განისაზღვრება კანონით.

მუხლი 104.
ადგილობრივი თვითმმართველობა მართვა–გამგეობის საქმეში ემორჩილება მთვარობის ცენტრალურ ორგანოებს.

მუხლი 105.
იმ საგნებს, რომლის შესახებაც ადგილობრივი თვითმმართველობის დადგენილება დამტკიცებულ უნდა იქნეს ცენტრალურ ხელისუფლების მიერ, განსაზღვრავს კანონი.

მუხლი 106.
ადგილობრივ თვითმმართველობას ენიჭება საბიუჯეტო უფლება, ცალკე კანონით განსაზღვრული.

თავი 11. - ავტონომიური მმართველობა

მუხლი 107.
საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს – აფხაზეთს სოხუმის ოლქი, სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას ზაქათალის ოლქი, ენიჭებათ ადგილობრივ ავტონომიური მმართველობა.

მუხლი 108.
წინა მუხლში მოხსენებულ ავტონომიურ მმართველობათა დებულებანი შემუშავებელ იქნება ცალკე კანონით.

თავი 12. - სწავლა–განათლება და სკოლა

მუხლი 109.
ხელოვნება, მეცნიერება და მათი სწავლება თავისუფალია: სახელმწიფოს მოვალეობაა მფარველობა გაუწიოს და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას.

მუხლი 110.
პირველდაწყებითი სწავლა საყოველთაო, უსასყიდლო და სავალდებულოა. საზოგადო სკოლების სისტემა ერთს ორგანულ მთლიანობას წარმოადგენს, სადაც პირველდაწყებითი სკოლა საფუძველია საშუალო და უმაღლესი სკოლისა. სწავლა–განათლება ყველა საფეხურის სკოლებში საეროა.

მუხლი 111.
სახელმწიფო მიზნად ისახავს: პირველდაწყებით სკოლაში უღარიბეს ბავშვებს საზრდო, ჩასაცმელ–დასახური და სასწავლო ნივთები უფასოდ მიეცეს. ამ მიზნით განსახორციელებლად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობანი თავის შემოსავლის ერთ ნაწილს გადასდებენ ყოველ წლიურად.

მუხლი 112.
კერძო თაოსნობით დაარსებული სკოლა ემორჩილება საერთო სასკოლო კანონს.

თავი 13. - სოციალ–ეკონომიკური უფლებანი

მუხლი 113.
რესპუბლიკა ზრუნავს თავის მოქალაქეთა ღირსეული არსებობისათვის.

მუხლი 114.
საკუთრების იძულებითი ჩამორთმევა ან კერძო ინიციატივის შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ სახელმწიფოებრივი და კულტურული საჭიროებისათვის ცალკე კანონში განსაზღვრული წესით. ჩამორთმეულ ქონებაში მიეცემა სათანადო საფასური თუ კანონში სხვა გვარად არ არის განსაზღვრული.

მუხლი 115.
რესპუბლიკას აქვს საკუთარი სააღებ–მიმცემო და სამრეწველო მეურნეობა, რომლის გაფართოება და ერთი მთლიანი საზოგადოებრივი მეურნეობის შექმნა მისი მთავარი მიზანია. რესპუბლიკა ხელს უწყობს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოთა ასეთსავე მეურნეობის გაფართოვებას და გაძლიერებას. რესპუბლიკას შეუძლია კანონმდებლობის გზით გაასაზოგადოოს ის სავაჭრო– სამრეწველო და სასოფლო–სამეურნეო დარგი და წარმოება, რომელიც ამისთვის გამოსადეგია.

მუხლი 116.
წვრილი მწარმოებლის – სოფლის მეურნის, ხალოსანის, შინამრეწველის – შრომის ნაყოფის დაცვა კერძო პირთა ექსპლოატაციისაგან სახელმწიფოს განსაკუთრებული საზრუნავი საგანია. რესპუბლიკის განსაკუთრებული საზრუნავია აგრეთვე სოფლის მეურნეობის აყვავება; მიწის დამუშავება და გამოყენება შეადგენს მიწის მფლობელის მოვალეობას საზოგადოების წინაშე.

მუხლი 117.
შრომა საფუძველია რესპუბლიკის არსებობისა და მისი უზრუნველყოფა რესპუბლიკის განსაკუთრებული მოვალეობაა.

მუხლი 118.
რესპუბლიკის კანონმდებლობით ადგილობრივ თვითმმართველობას ევალება დაარსოს შრომის ბირჟა, საშვამავლო კანტორა და სხვა ამგვარი დაწესებულება, რომელიც აღნუსხავს უმუშევართ და შუამავლობას გაუწევს სამუშაოს შოვნაში. ასეთ დაწესებულების ხელმძღვანელ ორგანოში მუშათა კავშირის წარმომადგენელთა რიცხვი ნახევარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

მუხლი 119.
უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეს მიეცემა დახმარება სამუშაოს აღმოჩენით. ან დაზღვევის სახით.

მუხლი 120.
მოხუცებულობით, დაავადებით თუ სხვა მიზეზით შრომის უნარს მოკლებული მოქალაქე, რომლისთვისაც ზრუნვა კანონით ან ჩვეულებით დავალებული არა აქვს მემკვიდრეს, მზრუნველს, მწარმოებელს ან სხვა კერძოსა თუ საზოგადოებრივ დაწესებულებას, და რომელსაც არსებობის სახსარი არ მოეპოვება, მიიღებს დახმარებას სახელმწიფო ხაზინიდან დაზღვევით ან სხვა სახით. ასევე დაეხმარება ხაზინა, უკეთუ მემკვიდრეს ან მზრუნველს შრომის უნარდაკარგულის რჩენა არ შეუძლია.

მუხლი 121.
დაქირავებული მუშა, რომელიც მოხუცებულობით, დაშავებით ან სხვა მიზეზით დაჰკარგავს სავსებით ან ნაწილობრივ შრომის უნარს, მიიღებს დახმარებას დაზღვევის სახით თავის ხელფასის კვალობაზე. დასაზღვევი თანხა უნდა შესდგეს დამქირავებელზე შეწერილ საგანგებო გადასახადისაგან.

მუხლი 122.
გარდა საგანგებო ან ამ მიზნით შეწერილი გადასახადისა ზემოაღნიშნულ მოვალეობათა ასასრულებლად რესპუბლიკის შემოსავლიდან უნდა გადაიდოს ყოველ წლიურად განსაზღვრული ნაწილი.

მუხლი 123.
ნორმალური სამუშაო დრო დაქირავებულთათვის არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს; ამასთანავე კვირაში ერთხელ მუშა უნდა ისვენებდეს განუწყვეტლივ 42 საათს. გამონაკლისს სამუშაო დროის შესახებ განსაზღვრავს კანონი. სასოფლო მეურნეობისა და სხვა სასეზონო წარმოებაში სამუშაო დროის შეფარდება განსაკუთრებულ პირობებთან განისაზღვრება კანონით.

მუხლი 124.
წარმოებაში 16 წლამდის ყმაწვილის შრომა აკრძალულია: 16–18 წლის მოზარდთათვის სამუშაო დრო განისაზღვრება 6 საათით დღეში; მოზარდთა და საზოგადოთ ქალთათვის ღამით მუშაობა აკრძალულია.

მუხლი 125.
რესპუბლიკის საზრუნავი საგანია განსაზღვროს მინიმუმი ხელფასი და შრომის ნორმალი პირობანი წარმოებაში. არსდება შრომის ინსპექცია და სანიტარული ზედამხედველობა, რომელიც დამოკიდებული უნდა იყოს დამქირავებელთაგან.

მუხლი 126.
განსაკუთრებული კანონი დაიცავს ქალთა შრომას წარმოებაში. აკრძალულია ქალის მუშაობა დედობისათვის მავნე წარმოებაში: მუშა ქალი მშობიარობის დროს არა ნაკლებ ორი თვისა თავისუფალია მუშაობისაგან ჯამაგირის მოუსპობლად. დამქირავებელს ევალება ძუძუმწოვარ ბავშვთა მოსავლელად შესაფერ გარემოებაში ამყოფოს მუშა ქალები.

მუხლი 127.
შრომის დამცველ კანონების დარღვევისათვის დამნაშავენი პასუხს აგებენ სისხლის სამართლის წესით.

მუხლი 128.
რესპუბლიკას და ადგილობრივ მმართველობას ევალება დედობის და ბავშვების დაცვისათვის მზრუნველობა.

თავი 14. - ეროვნულ უმცირესობათა უფლებანი

მუხლი 129.
არ შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს რესპუბლიკის რომელიმე ეროვნული უმცირესობის თავისუფალი საციალ–ეკონომიკური და კულტურული განვითარება, განსაკუთრებით მისი დედა–ენით სწავლა–აღზრდა და ეროვნულ–კულტურულ საქმეთა შინაური მართვა–გამგეობა. ყველას აქვს უფლება სწეროს, ჰბეჭდოს და ილაპარაკოს დედა ენაზე.

მუხლი 130.
ეროვნულ უმცირესობისაგან შემდგარი ადგილობრივ თვითმმართველობის ერთეულების (თემი, ერობა, ქალაქი) უფლება აქვთ შეერთდნენ და დააარსონ ეროვნული კავშირი თავის კულტურულ–განმანათლებელი საქმეების უკეთ მოსაწყობად და გასაძღოლად კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში. ეროვნულ უმცირესობას, რომელსაც ასეთი თვითმართველობის ორგანოები არ მოეპოვება, შეუძლია ამის გარეშეც შეადგინოს ეროვნული კავშირი ამ მუხლში აღნიშნული უფლებითა და კომპეტენციით. ეროვნულ უმცირესობათა კულტურულ–განმანათლებელ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო და თვითმართველობათა ბიუჯეტიდან გადაიდება ფინანსიური საშვალებები პროპორციულად მცხოვრებთა რაოდენობისა.

მუხლი 131.
არ შეიძლება შეიზღუდოს ვისიმე პოლიტიკური და მოქალაქეობრივი უფლება ეროვნულ კავშირში მონაწილეობისას.

მუხლი 132.
ყოველ ეროვნულ კავშირს შეუძლია აღძრას და დაიცვას სასამართლოს წინაშე ის საქმე, რომელიც ეხება კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებულ ეროვნულ უმცირესობის უფლების დარღვევას.

მუხლი 133.
საქართველოს რესპუბლიკის ყოველ მოქალაქეს თანასწორი უფლება აქვს მიიღოს სახელმწიფო, სამოქალაქო, სამხედრო და საქალაქო თუ საერობო სამსახური.

მუხლი 134.
ეროვნულად ნარევი ადგილობრივი მმართველობა ვალდებულია სწავლა– განათლებისათვის გადადებული თანხით დააარსოს საკმაო რიცხვი სკოლების და კულტურულ–განმანათლებელ დაწესებულებისა მოქალაქეთა ეროვნულ შედგენილობის პროპორციის მიხედვით.

მუხლი 135.
ეროვნულ უმცირესობის სკოლაში სწავლება სწარმოებს ბავშვის სალაპარაკო ენაზე.

მუხლი 136.
ადგილობრივ მმართველობის ფარგლებში, სადაც ერთი რომელიმე ეროვნული უმცირეოსბა აღემატება ყველა მოქალაქეთა 20 %–ს, ამ ეროვნულ უმცირესობის მოთხოვნით მსჯელობა და საქმის წარმოება, სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებაში შემოღებულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენასთან ერთად მის დედაენაზედაც.

მუხლი 137.
არა ქართველ დეპუტატს, რომელმაც სახელმწიფო ენა საკმაოდ არ იცის, შეუძლია პარლამენტში სიტყვა წარმოსთქვას დედა–ენით, რომლის სწორ თარგმანს წინასწარ წარუდგენს პარლამენტის პრეზიდიუმს. დაწვრილებით წესს განსაზღვრავს კანონი.

თავი15. - სახელმწიფო მოხელენი

მუხლი 138.
საქართველოს მოქალაქე შეიძლება მიღებულ იქნეს ყოველ თანამდებობაზე, თუ კანონის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს.

მუხლი 139.
მოხელე ან თანამდებობის პირი შეიძლება გადაყენებულ ან დისციპლინარულ წესით დასჯილ იქნეს იმ დაწესებულების ან უფროსის განკარგულებით, ვისგანაც იყო მიღებული, ხოლო სამსახურიდან სრულიად დათხოვნის წესს განსაზღვრავს კანონი.

მუხლი 140.
თვითეულ მოხელეს აქვს უფლება პენსიის მიღებისა. მოხელისა და მისი ოჯახის წევრთა მიერ პენსიის მიღების პირობას განსაზღვრავს კანონი.

მუხლი 141.
თვითეული მოხელე პასუხისმგებელია სასამართლოს წინაშე საერთო წესისამებრ. მოქალაქეს უფლება აქვს პასუხისგებაში მისცეს ყოველი მოხელე საზოგადო წესით მისი დანაშაულისათვის. მოქალაქეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოხელის უკანონო მოქმედებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება სახელმწიფოს. ანაზღაურების წესი და პირობა განისაზღვრება კანონით.

თავი16. - სახელმწიფო და ეკლესია

მუხლი 142.
სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებულნი და დამოკიდებულნი არიან.

მუხლი 143.
არც ერთ სარწმუნოებას არა აქვს უპირატესობა.

მუხლი 144.
ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია.

თავი17. - კონსტიტუციის გადასინჯვა

მუხლი 145.
კონსტიტუციის საზოგადო ან ნაწილობრივი გადასინჯვის ინიციატივის უფლება აქვს: ა) პარლამენტის წევრთა ნახევრის არა ნაკლებსა და ბ) 50. 000 ამომრჩეველსა.

მუხლი 146.
წინადადება კონსტიტუციის საზოგადო ან ნაწილობრივი გადასინჯვისა პარლამენტის დღიურ წესრიგში დაისმის განსახილველად არა უადრეს ექვსი თვისა შეტანის დღიდან.

მუხლი 147.
კონსტიტუციის საზოგადო ან ნაწილობრივი გადასინჯვის პროექტი მიღებულ უნდა იქნეს პარლამენტის ყველა წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით. იგი ძალაში შედის მხოლოდ ხალხის უმრავლესობის მიერ დადასტურების შემდეგ.

მუხლი 148.
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მართვა–გამგეობას ფორმის გაუქმება არ შეიძლება გახდეს კონსტიტუციის გადასინჯვის წინადადების საგნად.

მუხლი 149.
პირველ პარლამენტის შეკრებამდე მის მაგივრობას გასწევს დამფუძნებელი კრება.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში