ბორის აკუნინი - ლიტერატურიციდის ენციკლოპედია

„ენციკლოპედია“ ალბათ მეტისმეტად ხმამაღალი დასახელებაა იმ მცირე საძიებლისთვის, რომელიც სამას-ნახევარ მოკლე ბიოგრაფიულ ცნობას შეიცავს, მაგრამ არტურ რემბოს მიერ შექმნილი დიდებული ტერმინი „ლიტერატურიციდი“ ადეკვატურ მეზობლობას მოითხოვს. მაინც ვფიქრობ, ეს უფრო ენციკლოპედიაა - მასშტაბით თუ არა, მნიშვნელოვანი ცნობების კონცენტრირებულობით მაინც. განა არის ადამიანისთვის რაიმე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ცხოვრების დაგვირგვინება?

ძირითადი ტექსტის ეს დანართი ჟანრით მარტიროლოგს წარმოადგენს, ამიტომაც ის მინიმალურად შეიცავს ამა თუ იმ ლიტერატორის შემოქმედებითი გზის აღწერას: მთავარი აქცენტი მისი ტრაგიკული აღსასრულის მიზეზებისა და გარემოებებზე კეთდება. სუიციდური ფინალი ის სპეციფიკური პრიზმაა, რომელშიც „ლიტერატურიციდის ენციკლოპედია“ ხედავს მწერლის ბიოგრაფიას.

აქ შესულია ლიტერატურიციდის ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი შემთხვევა, რაც კი ავტორის ხედვის არეში მოხვდა. თავდაპირველად „ენციკლოპედია“ ბევრად უფრო ვრცელი იყო, მაგრამ რედაქტირების ეტაპზე მომიწია იმ პერსონაჟების გამორიცხვა, რომლებსაც ლიტერატურის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი არ დაუტოვებიათ. ასევე ამოვშალე ის ყველასთვის ცნობილი თვითმკვლელნი (ნერონი, ჰებელსი თუ იაპონური და ჩინური ისტორიის მოღვაწენი), ვისთვისაც მწერლობა დროებით ან მარგინალურ საქმიანობას წარმოადგენდა.

ენციკლოპედიური ცნობის მოცულობა სულაც არ შეესაბამება დამკვიდრებულ ენციკლოპედიურ იერარქიას. პირიქით, რომელიმე ცნობილი მწერლის ქრესტომათიული ამბავი შეიძლება მისი სიკვდილის გარემოებებზე უფრო მოკლედ იყოს გადმოცემული - თუკი ეს გარემობები ჩვენი წიგნის კონტექსტშია საინტერესო. ამიტომაც დიად ჰომეროსს (რომელიც სინამდვილეში არც არსებობდა) აქ მხოლოდ რამდენიმე სტრიქონი ეთმობა, არადიად კინო ასიხეის კი - მთელი გვერდი.

საძიებელში საკამათო ეპიზოდებსაც შეხვდებით - მაგალითად, ზოგიერთი ანტიკური ავტორის სიკვიდლის მითოლოგიზებულ ვერსიებს, ანდა ისეთ შემთხვევებს, როცა თვითმკვლელობის ფაქტი დამტკიცებული არ არის, მაგრამ ფრიად საფიქრალია. შერჩევისას, ცხადია, ავტორისეული თვითნებობის გარკვეული ელემენტიც მონაწილეობდა: ვთქვათ, ნარკოტიკის ჭარბი დოზისაგან გარდაცვლილი ა.კ. ტოლსტოი შეტანილია ნებაყოფლობითი შიმშილობით გარდაცვლილი გოგოლი კი - არა. კრიტერიუმებად ავიღე ის ირიბი ნიშნები, რომლითაც ჩვეულებრივ სუიციდს სუიციდური ქცევისგან განასხვავებენ (იხ. წიგნის I და IV განყოფილება).

მკითხველებს შორის უსათუოდ იქნებიან სტატისტიკის მოყვარულნი, ამიტომაც მოვიყვან ზოგიერთ რიცხვს,  რომელიც ლიტერატურიციდის კრებით სახელს ქმნის.

სუიციდური თვალსაზრისით ყველაზე სახიფათო მაინც პოეტის ხელობაა, - „ენციკლოპედიის“ პერსონაჟთა თითქმის ორი მესამედი სწორედ ლირიკოსია. ექვსი თვითმკვლელი ლიტერატორიდან მხოლოდ ერთი იყო ფილოსოფოსი, ხოლო ყველაზე სვეკეთილ დარგად დრამატურგია უნდა ჩავთვალოთ: ჩვენი სპეციფიკური მწერალთა კავშირის „თეატრალური სექცია“ მარტიროლოგის მხოლოდ ერთ მეცხრეს შეადგენს.

თვითმკვლელ ლიტერატორთა შორის 38 ქალია, რაც ნუსხის ერთ მეათედზე ოდნავ მეტია.

ეროვნული ნიშნით მწერალთა დახარისხება მთლად მართებულად არ მიმაჩნია, ამიტომაც ისინი მოქალაქეობრივის ნაცვლად ენობრივი ნიშნით დავაჯგუფე. გამოვიდა ისე, რომ მსოფლიოს ოთხმა მაკროლიტერატურამ - ინგლისურენოვანმა (60 სახელი), გერმანულენოვანმა (54 სახელი), ფრანგულენოვანმა (50 სახელი) და რუსულენოვანმა (41 სახელი) – „ენციკლოპედიის“ ნახევარზე მეტი დაიკავა.

მწერლური სუიციდის ყველაზე უფრო გავრცელებული მოტივაციების ანალიზის მცდელობა გარდაუვალად პირობითია და არაკორექტული, მაგრამ „ენციკლოპედიაში“ მოცემული ცნობებიდან მაინც შეიძლება დავასკვნათ, რომ იმ მიზეზთა შორის, რომლებიც მწერალს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს, უფრო ხშირია: პოლიტიკა (62 შემთხვევა), ფსიქიკური დაავადებები და დეპრესიისაკენ მიდრეკილება (52) და მძიმე ავადმყოფობა (48).

თუკი ლიტერატორთა შორის თვითმკვლელობის ყველაზე უფრო გავრცელებულ საშუალებებზე ვილაპარაკებთ, მივიღებთ შემდეგნაირ სურათს: პირველ ადგილზეა თავის მოწამვლის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის ნარკოტიკისა და დასაძინებელი წამლის დოზის გადაჭარბება (86 შემთხვევა): მეორეზე - ცეცხლსასროლი იარაღი (69); მესამეზე - წყალში თავის დახრჩობა (37). ამას მოსდევს თავის ჩამოხრჩობა (32), სიმაღლიდან გადახტომა (27), მჭრელი და ბასრი საგნების გამოყენება (25), საკვებზე უარის თქმა (20), გაზით მოწმვლა (19), მატარებლის თუ ავტომობილის ბორბლებქვეშ დაღუპვა (7).

დასასრულს - რამდენიმე აუცილებელი ახსნა-განმარტება.

იაპონური და უნგრული გვარ-სახელები მძიმის გარეშეა მოცემული, რადგანაც ამ ენებისათვის თანმიმდევრობის გადანაცვლება (ჯერ გვარი, მერე სახელი) სტანდარტს წარმოადგენს.

თუკი მწერალი ლიტერატურის ისტორიაში ფსევდონიმით შევიდა, ის „ენციკლოპედიაშიც“ ფსევდონიმით უნდა ეძებოთ, ნამდვილი სახელი კი ფრჩხილებში, ანდა წერილსი ტექსტშია მოცემული.

მადლობელი ვიქნები იმ მკითხველებისა, ვინც „ენციკლოპედიაში“ გაპარულ რაიმე უზუსტობასა თუ შეცდომაზე მიმითითებს. ამ მითითებებს წიგნის მომდევნო გამოცემაში აუცილებლად გავითვალისწინებ.

აკოსტა, ურიელ (გაბრიელ და კოსტა) (1595?-1647?) – ნიდერლანდელი პუბლიცისტი და მოაზროვნე. დაიბადა პორტუგალიაში, მარანთა ოჯახში. ინკვიზიციას გაექცა და ნიდერლანდებს შეაფარა თავი, სადაც იუდაიზმი მიიღო, მაგრამ თალმუდისტურმა მოძღვრებამ მალევე გაუცრუა იმედი. რამდენიმე ანტიკლერიკალური თხზულება გამოაქვეყნა და ებრაულ სათემოსთან კავშირი გაწყვიტა. ოსტრაკიზმის წნეხის ქვეშ ნებაყოფლობით გაიარა მონანიების დამამცირებელი პროცედურა: საჯარო გაწკეპვლა და შემდგომ სინაგოგის კართან ძირს გართხმა, როდესაც სამლოცველო სახლიდან გამოსულებს მის სხეულზე უნდა გადაებიჯათ. ა.-მ დამცირება ვერ აიტანა და ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა თავი.

აკუტაგავა რიუნოსკე (1892-1927) – იაპონური ლიტერატურის კლასიკოსი. ა.-ს სიყრმიდანვე იტაცებდა სიცოცხლის ნებაყოფლობით დასრულების იდეა. ახალგაზრდობაში ცდაც კი ჩაატარა: ყელზე თოკი მოიჭირა და წამზომს ადევნებდა თვალს, რადგან აინტერესებდა, რამდენ ხანს გრძელდება სიკვდილის პროცესი. ერთი წუთისა და ოცი წამის შემდეგ, როცა გონებამ უკვე დაბინდვა დაიწყო, მწერალმა პროცესი შეწყვიტა: სიკვდილის ეს ხერხი არ მოეწონა. მწერლური აღიარება ძალზე ადრე მოიპოვა, ცხოვრების გარეგნული პირობები კი ყოველმხრივ შესანიშნავი ჰქონდა: მყარი ოჯახი, ლიტერატურული წარმატება, მკითხველთა სიყვარული. მაგრამ თვით ა.-ს საკუთარი ცხოვრება ჯოჯოხეთად წარმოედგინა. ჯოჯოხეთი მან თავისი შემოქმედების ერთ-ერთ მაგისტრალურ თემად აქცია. მთელი ცხოვრების მანძილზე ორი რამ აშინებდა: შეშლილობა (მწერალს სულით ავადმყოფი დედა ჰყავდა) და შემოქმედებითი უნაყოფობა. ბოლო წლებში შიში აკვიატებულ იდეად ექცა, თუმცა ა. გონების სიცხადეს ინარჩუნებდა და ნაყოფიერადაც მუშაობდა. ნერვულმა დაძაბულობამ გამოიწვია ჯანმრთელობის რღვევა, უძილობა, მზარდი გადაღლილობა. ა.-მ ვერონალის სასიკვდილო დოზა მიიღო.

გარი, რომენ (1914-1980) – რუსული წარმოშობის ფრანგი მწერალი. ნამდვილი სახელი – რომან კასევი. საკუთარი თავის შესახებ ამბობდა: “ჩემში ერთი წვეთი ფრანგული სისხლიც კი არ არის, მაგრამ ჩემს ძარღვებში საფრანგეთი მოედინება”. “გარი” გამომდინარეობს რუსული სიტყვიდან “гори” (რუსული რომანსიდან “Гори, гори, моя звезда”). დაიბადა ვილნოში. პატარაობაში ჯერ პოლონეთში მოხვდა, შემდეგ საფრანგეთში. ომის გმირი, “თავისუფალი საფანგეთის” მფრინავი. შემდგომში დიპლომატიურ სფეროში მსახურობდა. ამ ნაგვიანები რომანტიკოსის მომხიბვლელ-ირონიული სტილი, რომელსაც ცინიზმის ოდნავი ელფერი დაჰკრავს, მრავალი ქვეყნის მკითხველთა, განსაკუთრებით, ქალთა გულები დაიპყრო. გ. მთელ ისტორიაში ერთადერთია, ვინც ორჯერ დაიმსახურა გონკურის პრემია (მეორედ – ემილ აჟარის ფსევდონიმით, რომლითაც თავისი უკანასკნელი რომანები დაწერა). ელეგანტური, ლამაზი ცხოვრება განვლო და მისმა თვითმკვლელობამ (საკუთარ ოთახში რევოლვერით მოიკლა თავი) მთელი საზოგადოება არნახულად შეძრა. მისი მიზეზების შესახებ ერთგვაროვანი აზრი არ არსებობს. ყველაზე გავრცელებული აზრის თამახმად, გ.-ს, ენერგიულ, არტისტულ და ერთგვარი ნარცისიზმისკენ მიდრეკილ ადამიანს, არ სურდა სიბერესა და ჭკნობას მოსწრებოდა.

ჰრაბალი, ბოჰუმირ (1914-1997) – ჩეხი მწერალი. უამრავი პროფესია გამოიცვალა: იყო ლუდის მხარშავი, ლითონის მდნობელი, დაზღვევის აგენტი, რკინიგზელი, თეატრალური სტატისტი. დაამთავრა კარლის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მსახურობდა ნოტარიალურ კანტორაში. ნაწარმოებების გამოქვეყნება გვიან დაიწყო. პოპულარობა პირველად მოუტანა მოთხრობების კრებულმა “მარგალიტი ფსკერზე” (1963). იყო “პრაღის გაზაფხულის” წინამორბედი თაობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალი. ჰ.-ს მიენიჭა გოტვალდის პრემია. იყო იმ ჰაშეკისეული ტრადიციის მიმდევარი, რომელსაც ზოგჯერ “ლუდის ნოველისტიკას” უწოდებენ. 1968 წლის შემდეგ განიცდიდა დევნას, ჩეხოსლოვაკიაში მის ნაწარმოებებს მწირად ბეჭდავდნენ, თუმცა ჰ. არ იღებდა აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკურ მოვლენებში. მწერალთა კავშირში ის მხოლოდ 1988 წელს აღადგინეს. “ხავერდოვანი რევოლუციის” შემდგომ ჰ. კვლავ გახდა ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი ჩეხი მწერალი, არა მხოლოდ საკუთარ სამშობლოში, არამედ უცხოეთშიც. დაიღუპა იმის შედეგად, რომ საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა: ოფიციალური ვერსიით, მტრედებს აპურებდა და წონასწორობა ვეღარ შეიკავა, მაგრამ თითქმის უეჭველია, რომ ჰ.-ს სიკვდილი თვითმკვლელობაა, რომლის მიზეზიც მძიმე ავადმყოფობა და მხცოვანი ასაკი გახდა.

ესენინი, სერგი ალექსანდრეს ძე (1895-1925) – ხანმოკლე, უთავბოლო ცხოვრება განვლო: ბევრს სვამდა, დებოშიორობდა, მეგობრობდა ნაძირლებთან და პარტიულ ხელმძღვანელებთან, იღებდა ნარკოტიკებს, თუმცა, ამ უარყოფითი გარემოებების მიუხედავად, ძალზე მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა. თვითმკვლელობას წინ უძღოდა ლოთობისა და სულიერი ავადმყოფობის ხანგრძლივი პერიოდი. ა. მარიენჰოფის მოწმობით, რამდენჯერმე სცადა კიდეც თავის მოკვლა: მატარებლის ლიანდაგზე წვებოდა, მინის ნამსხვრევით ისერავდა ვენებს, სამზარეულოს დანითაც სცადა თავის მოკვლა. ლენინგრადში საბედისწერო გამგზავრებამდე ერთი თვის განმავლობაში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა, მაგრამ გამოწერისთანავე (სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე) კვლავ დაიწყო სმა. 27-28 დეკემბრის ღამით სასტუმრო “ინტერნაციონალში” (ყოფილ “ანგლეტერში”) ჯერ ვენები გადაისერა, შემდეგ კი ფანჯარაზე ჩამოიხრჩო თავი. 90-იან წლებში გაჩნდა ვერსია იმის თაობაზე, რომ ე.-ს თვითმკვლელობა ჩეკისტების მიერ იყო ინსცენირებული, მაგრამ ეს ნაკლებ დამაჯერებლად გვესახება. ე.-ს სიკვდილს მის თაყვანისმცემელ ქალებს შორის მთელი რიგი თვითმკვლელობები მოჰყვა.

ვულფი, ვირჯინია (1882-1941) – XX საუკუნის პირველი ნახევრის უდიდესი ინგლისელი მწერალი ქალი. მისი სახლი ლონდონში, სადაც ე. წ. “ბლუმსბერის ჯგუფის” ლიტერატორები, ფილოსოფოსები და მხატვრები იკრიბებოდნენ, 10-20-იანი წლების ბრიტანული ცხოვრების ერთ-ერთი ინტელექტუალური ცენტრი გახლდათ. ვ.-ს რომანები თითქმის ყველა არსებულ ენაზეა თარგმნილი. ფაქიზი ნერვების გამო ვ.-ს ცხოვრება ნერვული კრიზისებისა და დეპრესიების წყებად იქცა (თვით მწერალი საკუთარ ავადმყოფობას “სიგიჟეს” უწოდებდა): სულიერი სიჯანსაღის პერიოდს შეტევა მოსდევდა, ნელი გამოჯანმრთელების შემდეგ ახალი გამწვავება ხდებოდა. უკანასკნელ დეპრესიას გამოჯანმრთელება აღარ მოჰყოლია. ამის მიზეზს გარეშე მოვლენები წარმოადგენდა: მთელი მსოფლიო შეიშალა. ესპანეთში დაიღუპა მისი საყვარელი დისშვილი ჯულიან ბელი. ინგლისი მარტოდმარტო უმკლავდებოდა ფაშიზმის შემოტევას. მწერლის მეუღლე ლეონარდ ვულფი ებრაელი იყო, ნაცისტების გამარჯვების შემთხვევაში მას დაღუპვა ელოდა. ვულფების სახლს ყუმბარა მოხვდა, ცეცხლმა მათი ბიბლიოთეკა გაანადგურა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს სამყარო იმსხვრევა, ცივილიზაცია იღუპება. გარდა ამისა, ვ. მორიგი ნერვული კრიზისის ზღვარზე იდგა და გონების საბოლოო დაბინდვას უფრთხოდა. მწერალმა კაბის ჯიბეებში ქვები ჩაილაგა და მდინარეში გადახტა.

კავაბატა იასუნარი (1899-1972) – იაპონელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი. დაიბადა ოსაკაში. ადრეულ ასაკში ერთურთის მიყოლებით დაკარგა ყველა ახლო ნათესავი. ამ ტრავმამ მის შემოქმედებას განსაკუთრებული მელანქოლიის დაღი დაასვა. დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტი. ნეოსენსუალიზმის მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი. აღიარება მოუტანა მოთხრობამ “იძუელი მოცეკვავე ქალი” (1926). თავისი არსით მეტად იაპონელი პროზაკოსია, ძალზე შორს დგას დასავლური ნოველისტური ტრადიციისაგან, ამიტომაც მისი ნაწარმოებები მსოფლიოში შედარებით გვიან გახდა ცნობილი და მაინცდამაინც პოპულარული არასოდეს ყოფილა იაპონიის საზღვრებს გარეთ. მწერალი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქვეყნის ლიტერატურულ ცხოვრებაში, ერთხანს პენ-კლუბის თავმჯდომარეც იყო, მაგრამ პოლიტიკისგან მუდამ შორს იდგა, რითაც თავისი თანამედროვეების უმრავლესობისაგან განსხვავდებოდა. ნობელის პრემიის მინიჭების შემდეგ (1968) პრესის მიერ ატეხილი ალიაქოთი გულჩათხრობილ და ჩუმ მწერალს არ სიამოვნებდა. სიცოცხლის ბოლოს კ. ძალზე ცოტას წერდა, უძილობა სტანჯავდა, ხშირად ვარდებოდა დეპრესიაში. კ. შეძრა მეგობრისა და მოწაფის, ი. მიშიმას თვითმკვლელობამ. კ.-მ თავი გაზით მოიწამლა პატარა ბინაში, რომელსაც სამუშაო კაბინეტად იყენებდა. იაპონური ტრადიციის საწინააღმდეგოდ, მას არანაირი გამოსათხოვარი წერილი არ დაუტოვებია.

მიშიმა იუკიო (1925-1970) – იაპონელი მწერალი, დრამატურგი. ნამდვილი სახელი – კიმიტაკე ჰირაოკა. XX საუკუნის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი იაპონელი ლიტერატორი – არა მხოლოდ შემოქმედების, არამედ მის მიერ ჩადენილი რიტუალური თვითმკვლელობის გამო. 50-60-იან წლებში იმყოფებოდა იაპონიის კულტურული ცხოვრების შუაგულში და საკუთარ ძალებს ხელოვნების სხვადასხვა სფეროში სინჯავდა. ცხოვრების უკანასკნელ წლებში განსაკუთებული პოპულარობა მოიპოვა მისმა პოლიტიკურმა საქმიანობამ: მან საკუთარი ხარჯით შექმნა სტუდენტთა ულტრამემარჯვენე მილიტარიზებული ორგანიზაცია. მებრძოლთა ჯგუფის სათავეში დედაქალაქის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე ამბოხის მოწყობა სცადა. როცა ჯარისკაცებმა ექსტრემისტებს მხარი არ დაუჭირეს, მ.-მ და მისმა ერთმა ამხანაგმა ჰარაკირი განახორციელეს. მწერლის მოკვეთილი თავის ფოტოსურათი მსოფლიოს მრავალ გაზეთში დაიბეჭდა. მისი თვითმკვლელობის მხედრული ანტურაჟის მიუხედავად, ყველანაირი საფუძველი გვაქვს, ვამტკიცოთ, რომ ეს პოლიტიკური კი არა, მხატვრული აქტი იყო, რადგან ამ ნარცისი მწერლის რთულ სადო-მაზოხისტურ ესთეტიკაში ჰარაკირი საგანგებო როლს თამაშობდა.

პლათი, სილვია (1932-1963) – ამერიკელი პოეტი და მწერალი ქალი. მას თვლიდნენ ვუნდერკინდ გოგონად, პირველი ლექსები 8 წლის ასაკში დაწერა. იყო კოლეჯის პრეზიდენტი. ჟურნალმა “მადმუაზელ” დაბეჭდა ფოტორეპორტაჟი მასზე, როგორც სანიმუშო სტუდენტსა და ამერიკული ლიტერატურის იმედზე. მიიღო ფულბრაიტის სტიპენდია კემბრიჯში სასწავლებლად. იქ ცოლად გაჰყვა ცნობილ მწერალს ტედ ჰიუზს. მოგვიანებით ასწავლიდა უნივერსიტეტში, შემდეგ ცხოვრობდა ინგლისში. თვითმკვლელობის პირველი მცდელობა და მისი წინამორბედი ნერვული კრიზისი აღწერა ცნობილ რომანში “კოლბა” (გამოქვეყნდა 1971 წელს). ათი წლის შემდეგ მეორე მცდელობა განახორციელა – სცადა, მანქანით დამტვრეულიყო, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩა. მესამე მცდელობა საბედისწერო გამოდგა. გარიჟრაჟზე ბავშვებს საუზმე მოუმზადა, კარი და ფანჯრები კარგად დახურა და თავი გაზქურაში შეჰყო. შესაძლოა, პ. იმედოვნებდა, რომ გადაარჩენდნენ, ყოველ შემთხვევაში, ბარათი დატოვა, რომელშიც ითხოვდა, მისი ექიმისათვის დაერეკათ.

ტომპსონი, ჰანტერ სტოკტონ (1937-2005) – ამერიკელი მწერალი. დაიბადა და გაიზარდა ლუისვილში. მამა ადრე მოუკვდა, დედა ალკოჰოლიკი ჰყავდა. ტ. რთული მოზარდი იყო. მას მერე, რაც ძარცვისათვის დააკავეს, “გამოსწორების” მიზნით ჯარში ჩაეწერა. საჰაერო დანაყოფში ორწლიანი სამსახურის შემდეგ მუშაობდა დაცვაში, შემდეგ ჟურნალისტად. ბევრს მოგზაურობდა. ამერიკელ “სამოციანელთა” ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, ტომ ვულფთან ერთად დაუდო სათავე ე. წ. “აქტიურ ჟურნალიზმს”. თავისი პირველი წიგნის “ჯოჯოხეთის ანგელოზები” (1966) დასაწერად ტ.-მა მთელი წელიწადი ბაიკერებს შორის გაატარა (როდესაც მწერალმა მათ ჰონორარი არ უწილადა, სასტიკად გალახეს). მეორე რომანმა “შიში და ზიზღი ლას-ვეგასში” (1971) ავტორს მსოფლიო აღიარება მოუპოვა. მის მომდევნო წიგნებსაც წარმატება ხვდა წილად. ექსცენტრიულ ცხოვრებას ეწეოდა, ხშირად ებმებოდა სკანდალებში. ბევრს სვამდა, იღებდა ნარკოტიკებს. ცხოვრობდა კოლორადოში, კარგად გამაგრებულ სახლში, სადაც დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდა, სარდაფში კი კასრით დენთი ჰქონდა. ტყვია იხალა, მანამდე შემდეგნაირი ბარათი დატოვა: “აღარც თამაში, აღარს ყუმბარები, აღარც გასეირნება, აღარც გართობა, აღარც ცურვა. 67. ეს 17 წლით იმაზე მეტია, რაც მსურდა და რაც საჭიროა. მოსაწყენია. გამუდმებით ვშფოთავ. ეს არავისთვის აღარაა სახალისო. 67. სიხარბე გძლევს. იყავი ბერიკაცი. დანებდი. არ გეტკინება”. გარდაცვლილის უკანასკნელი ნების თანახმად, მისი ნეშტი ზარბაზნის გასროლით მიდამოში მიმოაფრქვიეს. ამ ცერემონიას თან ახლდა ფერადი ფეიერვერკი.

ფროიდი ზიგმუნდ (1856-1939) – ავსტრიელი მეცნიერი და ექიმი, ფსიქოანალიზის თეორიისა და პრაქტიკის ფუძემდებელი. ნიშანდობლივია, რომ ადამიანის ფსიქიკის, კულტურისა და საზოგადოების დიად ინტერპრეტატორს მოწაფეებისათვის თვითმკვლელობის მექანიზმის ანალიზის თეორია არ დაუტოვებია. ამასთან, თვითმკვლელობის თემას ფრიად დიდი ადგილი ეკავა ფ.-ს ცხოვრებაში, განსაკუთრებით უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში, როცა ის კიბოთი იყო დაავადებული. ჯერ კიდევ 1923 წელს მან სთხოვა თავის ექიმ დოიჩს, “ამ ქვეყნიდან ღირსეულად წასვლაში” დახმარებოდა. ეს დახმარება მომაკვდავ ფ.-ს მისმა მეგობარმა, ექიმმა მაქს შურმა გაუწია. 1939 წლის 1 აგვისტოს ფ.-მა ოფიციალურად შეწყვიტა პრაქტიკა. როცა მდგომარეობა დაუმძიმდა, ხოლო ტკივილები გაუსაძლისი გახდა, მან თავის ექიმს მიცემული დაპირება შეახსენა. შურმა ავადმყოფს მორფის ინექცია გაუკეთა და ის ძილში გარდაიცვალა.

ცვაიგი, შტეფან (1881-1942) – ავსტრიელი მწერალი. დაიბადა შეძლებულ ებრაულ ოჯახში. სწავლობდა ბერლინისა და ვენის უნივერსიტეტებში. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისათვის უკვე ცნობილი მწერალი იყო. ვიდრე ევროპა ომობდა, ც. შვეიცარიაში ცხოვრობდა და პაციფისტურ შეხედულებებს იზიარებდა. ავსტრია 1934 წელს დატოვა. ცხოვრობდა ინგლისში, აშშ-ში, ბრაზილიაში. 1940 წელს ბრიტანული მოქალაქეობა მიიღო. ემიგრანტ მწერალთა უმრავლესობისაგან განსხვავებით საკმაოდ შეძლებული იყო, რადგან გამოჩენილ ადამიანთა მის მიერ ბელეტრიზებული ბიოგრაფიები ძალზე კარგად იყიდებოდა. ც.-ს უკანასკნელი ცოლი მისი ყოფილი მდივანი ლოტე ალტმანი იყო. როდესაც მოეჩვენათ, რომ მსოფლიო ინგრევა – იაპონია თავს დაესხა პერლ-ჰარბორს, ინგლისელებმა სინგაპური დატოვეს, ევროპა ნაცისტებმა ჩაიგდეს ხელში – ც.-მ და მისმა ცოლმა თავის მოკვლა გადაწყვიტეს. შესაძლოა, მწერალი ლოტემ დაიყოლია, რომელსაც, ახალგაზრდობის მიუხედავად, მელანქოლიისკენ ჰქონდა მიდრეკილება. სიკვდილის წინ ცოლ-ქმარმა დაწერა 13 წერილი, ერთ-ერთში ბრაზილიის მთავრობას მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადეს. “მივესალმები ჩემს ყველა მეგობარს! – წერდა ც., – დაე, ისინი ხანგრძლივი ღამის შემდეგ აისს მოესწრონ! მე კი მეტისმეტად სულსწრაფი ვარ და მათზე ადრე მივდივარ”. სტეფანმა და ლოტემ დასაძინებელი წამლის სასიკვდილო დოზა მიიღეს.

ცვეტაევა, მარინა ივანეს ასული (1892-1941) – რუსი პოეტი ქალი, ვისი ბედისწერაც იმ ტრაგედიის სიმბოლოდ იქცა, XX საუკუნის რუსულ ლიტერატურას რომ დაატყდა თავს. ც.-ს ბიოგრაფია განუყრელადაა დაკავშირებული ორ მსოფლიო ომს შორის მოქცეული ევროპის უბედობებთან, რომლებმაც აიძულა, ჯერ ემიგრაციაში გამგზავრებულიყო (1922), შემდეგ კი სტალინის რუსეთში დაბრუნებულიყო (1939). პირველად 17 წლის ასაკში სცადა თავის ჩამოხრჩობა. თვითმკვლელობაზე ფიქრი რუსეთში დაბრუნების შემდეგ გაუჩნდა, როდესაც ქმარი და ქალიშვილი დაუპატიმრეს. ც. ფაქტობრივად იზოლაციაში, ყოველგვარი საარსებო სახსრების გარეშე აღმოჩნდა. სიკვდილამდე ერთი წლით ადრე დღიურში ასეთი ჩანაწერი გააკეთა: “ერთი წელია, ვცდილობ, სიკვდილი მოვირგო. ყველაფერი მახინჯი და შემზარავია. გადაყლაპვა ზიზღს აღმიძრავს, გადახტომა – მტრობას, წყლის ძირძველ სიუცხოვეს”. სიცოცხლის უკანასკნელი წელიწადის განმავლობაში პროგრესირებადი დეპრესიის მდგომარეობაში იმყოფებოდა, რასაც გარეშე მოვლენებიც უწყობდა ხელს: ომის დაწყება, ყრუ პროვინციაში ევაკუაცია. ც. სამსახურს ვერ შოულობდა. ზოგიერთი წყაროს თანახმად, ითხოვდა, მიეღოთ ჭურჭლის მრეცხავად მწერალთა სასადილოში. საპნისა და მახორკის ფასად მზად იყო, თათრულიდან თარგმანები შეესრულებინა. პოეტი მანამ იმაგრებდა თავს, ვიდრე სწამდა, რომ 15 წლის ვაჟიშვილს, მურს (გ. ეფრონს) სჭირდებოდა. როდესაც მოეჩვენა, რომ შვილს დახმარების ნაცვლად მხოლოდ ხელს უშლის, მისმა ცხოვრებამ უკანასკნელი საზრისი დაკარგა. ც.-მ თავი ჩამოიხრჩო ლურსმანზე იმ სახლის წინკარში, სადაც ოთახს ქირაობდა. ერთ-ერთ გამოსათხოვარ წერილში დაწერა: “...მინდა, რომ მურმა იცოცხლოს და ისწავლოს. ჩემთან ერთად კი დაიღუპება”. დედის დაკრძალვის შემდეგ შვილმა განაცხადა: “მარინა ივანოვნა ლოგიკურად მოიქცა”.

ჰემინგუეი, ერნესტ (1899-1961) – ამერიკელი მწერალი. ექიმის შვილი (მამამაც თავი მოიკლა). პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, რეპორტიორი, 20-იანი წლების შუა ხანებში პოპულარობა მოიპოვა. მისი ნაწარმოებები ავტორის სიცოცხლეშივე მსოფლიოს ყველა ენაზე ითარგმნა. ნობელის პრემიის ლაურეატი (1954). უცხო თვალით დანახული ჰ.-ს ცხოვრება ერთიან “მოძრავ დღესასწაულს” წააგავს: სამხედრო თავგადასავალი, რომანტიკული ისტორიები, სპორტი, კორიდა, საფარი, მსოფლიო აღიარება და მისთანები. მაგრამ სამოცი წლის ასაკისათვის მისმა ცხოვრებამ სადღესასწაულო იერი დაკარგა: ჯანმრთელობამაც უღალატა და ლიტერატურაშიც ვერ იყო უწინდებურად წარმატებული. ჰ.-ს დეპრესია და პარანოიდული შიში აწუხებდა და ელექტროშოკური მკურნალობის კურსიც კი გაიარა. თავი მოიკლა სანადირო თოფით.

ჰომეროსი – “ილიადასა” და “ოდისეას” ლეგენდარული ავტორი (ძვ. წ. XII და VII საუკუნეების შუალედი). ალკეოს მესენელის სამარის ქვაზე ამოტვიფრული ეპიგრამის თანახმად, თავი ჩამოიხრჩო მას მერე, რაც ვერ გამოიცნო მეთევზეების გამოცანა, თუ რას ეძებენ ისინი საკუთარ ტანზე (მეთევზეებმა უთხრეს: “რასაც ვპოულობთ, ვყრით, რასაც ვერა – თან მიგვაქვს”. იგულისხმება ტილები).

ბორის აკუნინი - „მწერალი და თვითმკვლელობა“
რუსულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ